ჭკუის სასწავლი გაკვეთილები
გააზიარე:
დიდაქტიკამ ანუ გაზრდა-აღზრდის ხელოვნებამ დღემდე ორად ორ ქმედით მეთოდს მიაგნო: დასჯასა და წახალისებას. პირველისთვის, როგორც იტყვიან, ხელები გვექავება – რასაც არ უნდა მოითხოვდეს თანამედროვე ეპოქა, ჩვენი შვილები მიტყეპას საკმაოდ ხშირად იმსახურებენ. მათი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობას ეს-ესაა იწყებენ, ასე რომ, ადვოკატის გამოძახება ჩვენს თვალისჩინებს ჯერ არ უსწავლიათ, აი, მშობლების წყობილებიდან გამოყვანა კი მშვენივრად ეხერხებათ. ქართული კლასიკა ერთმნიშვნელოვნად ცემისკენ იხრება: ჰაგიოგრაფია მორჩილების სასწავლად წკეპლას თითქმის ყველა მონასტერში ახსენებს; "სიბრძნე სიცრუისაში" უფლისწულს სრულიად უმიზეზოდ როზგავენ; დავით გურამიშვილიც წკეპლის ცემით გამოწვეული წყლულების უწამლოდ მოშუშებას გვპირდება.
თანამედროვე ეპოქა ვახსენეთ – არც აქ არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება. ერთ-ერთ რუსულ მართლმადიდებლურ საიტზე ეკლესიის მოძღვარი და ამავე დროს ბავშვთა ნევროლოგი მშობლებს დაწვრილებით უხსნის, როგორ უნდა მიტყიპონ დამნაშავე ონავარი: გადაიწვინეთ მუხლებზე და ყოველგვარი
ახსნა-განმარტების გარეშე რბილ ადგილას სწრაფად და ძლიერად სამჯერ წამოარტყითო. არ არის განმარტებული, რატომ მაინცდამაინც სამჯერ. სამაგიეროდ ახსნილია, რომ თუ სილაქი მწარე და მტკივნეული არ იქნა, ბავშვს მაზოხისტად აქცევს. ეგზეკუციის შემდეგ აღნავლებული ბავშვი თავის ნებაზე უნდა მივუშვათ, მიზეზის ახსნა და კარგი ყოფაქცევის თემაზე ლექციის წაკითხვა კი რამდენიმე საათით გადავდოთ.
მეორე რუსულ საიტზე კი ფსიქოლოგები სასჯელის ორ ტიპს გამოყოფენ: პირველი – როცა გვინდა, ბავშვს რამის გაკეთება ავუკრძალოთ და მეორე – როცა, პირიქით, გვინდა, რამის კეთებას მივაჩვიოთ. პირველ შემთხვევაში ფიზიკურ სასჯელს საიტის ავტორები გამართლებულად მიიჩნევენ, მეორეში კი დაუშვებლად. მათი თქმით, სადენებს ახლოს რომ არ უნდა მიეკაროს, ამას ბავშვს ყველაზე უკეთ მწარე სილაქი დაამახსოვრებინებს. სამაგიეროდ, შეუძლებელია ამგვარად ვასწავლოთ კარგი ნიშნების მიღება, თავაზიანობა, გულკეთილობა. ამ შემთხვევაში ბავშვს მაგალითის ჩვენება სჭირდება და არა მკაცრი ზედამხედველობა.
სიტყვა ეძლევათ ექიმებს
ცემა-ტყეპის საკითხი არც ექიმებს დარჩენიათ უყურადღებოდ. ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ ბევრი იფიქრა იმაზე, ღირდა თუ არა ბავშვის მიტყეპა და გადაწყვიტა, მშობლებს თავის შეკავება ურჩიოს – მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ბავშვობაში მიტყეპილია, ახლა ზუსტად ვიცით, რომ ამ წამალს რამდენიმე გვერდითი ეფექტი აქვსო:
- თავდაპირველად თითქოს კარგად “მუშაობს”, ერთი-ორი მიტყეპის შემდეგ კი ბავშვები ეჩვევიან და აღარ გიჯერებენო;
- ერთი და იგივე უსაქციელობა ერთნაირ სასჯელს უნდა იმსახურებდეს, მშობლების უმრავლესობას კი შვილები გასატყეპად არ ემეტება, ამიტომაც, სავარაუდოდ, თავს ხშირად შეიკავებენო;
- ცემა ონავარს პასუხისმგებლობას კი არ გაუღვივებს, აგრესიასა და ბრაზს დაუგროვებსო;
- მშობელს შეიძლება სიმშვიდის შენარჩუნება უნდოდეს, მაგრამ ვერ მოახერხოს, მერე კი ინანოსო;
- შესაძლოა, მცემელმა ძალა ვერ მოზომოს და ბავშვი დაასახიჩროს კიდეცო.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში მიტყეპილი ბევრი მოზრდილი მოყვარული და გაწონასწორებული ადამიანია, გამოკვლევებმა თურმე დაადასტურა, რომ ასეთ ადამიანებს, მათთან შედარებით, ვინც მშობლებს არასოდეს უცემიათ, უფრო ხშირად ეუფლებათ დეპრესია, ერევათ ალკოჰოლიზმი, უფრო ხშირად სცემენ მეუღლეებსა და შვილებს, სჩადიან დანაშაულს ან ძალადობას.
რაც მთავარია, ცემის დროს ბავშვს ვაჩვენებთ, რომ თუ გაბრაზდი ან უპირატესობის მოპოვება გინდა, შეიძლება, საყვარელ ადამიანსაც კი მიაყენო ტკივილი. ნაკლებმოსალოდნელია, ბავშვი მიხვდეს, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ის შემთხვევები, როცა მშობელი სცემს მას და როცა თვითონ სცემს უმცროს და-ძმას ან სხვა ბავშვს, როცა ეს უკანასკნელნი მას არ უჯერებენ.
აბა, რა ვიღონოთ?
მოგეხსენებათ, როცა კაცს შეჩვეულს უკრძალავ, რაიმე ალტერნატივა უნდა შესთავაზო. ამ პრინციპით ზემოხსენებულმა აკადემიამ დასასჯელი და ჭკუის სასწავლი სტრატეგიებისა და დისციპლინის სწავლების ეფექტური ხერხების ვრცელი ნუსხა შეიმუშავა. მათი რეკომენდაციით, თუ ბავშვი არ გიჯერებთ, სცადეთ:
- ბუნებრივი შედეგები. არის შემთხვევები, როცა სჯობს, ვაცადოთ ბავშვს იმის დანახვა, რა მოხდება, თუ კარგად არ მოიქცევა (თუ ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეს არ შეუქმნის პატარას). მაგალითად, თუ ბავშვი ნამცხვრებს დაბლა დაყრის, ცოტა ხანში საჭმელად აღარ დარჩება; თუ სათამაშოებს დაამტვრევს, სათამაშოდ აღარ დარჩება... გვერწმუნეთ, ადრე თუ გვიან (უფრო კი ადრე, ვიდრე გვიან) პატარა ონავარი მიხვდება, რომ თუ ნუგბარით პირის ჩატკბარუნება უნდა, სჯობს, სასუსნავი ძირს არ დაფანტოს და სათამაშოებსაც უფრო ფრთხილად მოექცეს. ყველაზე უკეთ ბავშვი თავისით ნასწავლს იმახსოვრებს.
- ლოგიკური შედეგები. ზოგჯერ კი ასეთი მიზეზშედეგობრივი ჯაჭვის შექმნა თქვენ თვითონ მოგიწევთ. უთხარით პატარა ცელქს, რომ თუ სათამაშოებს არ დაალაგებს, მთელი დღით დაუმალავთ. ოღონდ როცა რამეს იტყვით, უნდა გააკეთოთ კიდეც, თანაც მაშინვე. სიმტკიცე ნამდვილად დაგჭირდებათ, ყვირილი კი ზედმეტია. დანაპირების შესრულება მშვიდადაც შეიძლება.
- პრივილეგიების ჩამორთმევა. ბავშვს ვაფრთხილებთ, რომ თუ არ დაგვიჯერებს, ვერ მიიღებს იმას, რაც უყვარს. ამ ტექნიკის გამოყენებას კი რამდენიმე წესის შესრულება სჭირდება:
* არასოდეს წაართვათ ის, რაც ბავშვისთვის აუცილებელია, მაგალითად საუზმე ან ვახშამი;
* შეარჩიეთ ისეთი რამ, რაც უყვარს და მის უსაქციელობასთან არის დაკავშირებული;
* 6-7 წლამდე სასჯელი დანაშაულს უშუალოდ უნდა მოჰყვებოდეს. თუ ოთხი წლის ბავშვს დილის ცელქობისთვის საღამოს ძილისპირულის ყურებას აუკრძალავთ, დიდია ალბათობა, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს ვერ დაუკავშიროს.
კუთხეში დგომა ამერიკულად
ამ ტექნიკას კონკრეტული წესის დარღვევის შემთხვევაში იყენებენ. ყველაზე მეტად 2-იდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე ჭრის, თუმცა არც უფრო მოზრდილებისთვის არის აკრძალული.
1. წინასწარ ჩამოაყალიბეთ წესები: დაუსახელეთ ბავშვს ორი-სამი უსაქციელობა და უთხარით, რომ მათ ჩადენას ტაიმაუტი (ანუ თამაშიდან გაძევება) მოჰყვება. მზად იყავით იმისთვის, რომ შესაძლოა, გამეორება ბევრჯერ მოგიწიოთ.
2. შეარჩიეთ ადგილი. აუცილებლად მოსაწყენი და გასართობებს მოკლებული უნდა იყოს. გაითვალისწინეთ: სააბაზანო ბავშვისთვის არცთუ ისე უსაფრთხოა, საწოლ ოთახში კი, სავარაუდოდ, გასართობს ადვილად იპოვის. სარდაფში, სხვენში და ასე შემდეგ გამოკეტვა, იმედია, აზრადაც არ მოგივათ. გახსოვდეთ: მიზანი ბავშვის შეშინება კი არ არის, არამედ ის, რომ ცოტა ხნით დავაწყნაროთ და დაფიქრების საშუალება მივცეთ. თანაც არ არის აუცილებელი, ცალკე ოთახი გამოვყოთ – "სასჯელის მოსახდელად" სკამი ანდა მამაპაპური კუთხეც გამოდგება.
3. დაიწყეთ. თუ მაინცდამაინც იქაურობას არ ანგრევს და ცელქობას აგრესიად არ აქცევს, ტაიმაუტამდე ერთხელ გააფრთხილეთ (სპორტული ტერმინოლოგიით, ყვითელი ბარათი აჩვენეთ), გამეორების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ გაგზავნეთ საამისოდ გამოყოფილ ადგილას. თუ წასვლა არ სურს, აიყვანეთ ხელში და ისე მიიყვანეთ. თუ გაჩერება არ უნდა, უკან დაუდექით და ფრთხილად, მაგრამ მყარად გააკავეთ, მერე კი ისე, რომ თვალი თვალში არ გაუყაროთ, უთხარით: იმიტომ არ გიშვებ, რომ თამაში დროებით აკრძალული გაქვს-თქო. უთხარით ეს ისეთი ტონით, რომ ბავშვი მიხვდეს: გადაწყვეტილება საბოლოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ხვეწნა-მუდარას, შეკითხვებს, ბოდიშებს, ისტერიკებს. ერთი-ორი ტაიმაუტის შემდეგ ონავარი მიხვდება, რომ სჯობს წყნარად იჯდეს, ვიდრე ზურგიდან იჭერდნენ.
4. ჩაურთეთ წამმზომი. ჩვეულებრივ, რამდენი წლისაც არის ბავშვი, იმდენწუთიან სიწყნარეს უსჯიან, თუმცა ზოგჯერ 15 წამიც საკმარისია. თუ მოუსვენრობას დაიწყებს, ტაიმერი გათიშეთ, დაიცადეთ, სანამ დაწყნარდება და ტაიმერი თავიდან ჩართეთ. ბავშვი მიხვდება, რომ რაც უფრო მშვიდად იჯდება, მით უფრო მალე დაუბრუნდება თამაშს.
5. დროულად დაამთავრეთ. როცა დაწესებული დრო გავა, დაეხმარეთ პატარას, თამაშს დაუბრუნდეს. ნურც ლექციის კითხვას დაუწყებთ და ნურც ბოდიშებს ახდევინებთ. მისი საქციელის გარჩევაც სხვა დროისთვის გადადეთ. პატარა დამნაშავემ “სასჯელი პატიოსნად მოიხადა”, ამიტომ უბრალოდ შეახსენეთ, რომ ძალიან გიყვართ.
როცა არაფერი გამოგვდის
ექსპერტები გვაფრთხილებენ (თუმცა არა მგონია, ეს რომელიმე დედისთვის საიდუმლო იყოს): არის დღეები, როცა ბავშვს კარგად მოქცევას ვერაფრით აიძულებთ. მარტივი წესები, იმედგაცრუებისგან რომ უნდა გვიხსნან და ბავშვთან უსარგებლო დაკადაკაც თავიდან აგვაცილონ, ქართველი დედებისთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს:
- გაარკვიეთ, რა შეუძლია ბავშვს და რა – არა. ბავშვები სხვადასხვა ტემპით ვითარდებიან, ძლიერი და სუსტი მხარეებიც სხვადასხვა აქვთ. ზოგჯერ ბავშვი იმიტომ არ გიჯერებთ, რომ არ შეუძლია თქვენი თხოვნის შესრულება ან უბრალოდ ვერ ხვდება, რა გააკეთოს.
- სანამ რამეს იტყოდეთ, დაფიქრდით. როცა რაიმე წესს შემოიღებთ ან რამეს დაჰპირდებით, სიტყვა აუცილებლად უნდა შეასრულოთ. ამიტომ წინასწარ გაიაზრეთ, შეძლებთ თუ არა ამას. დაფიქრდით, მართლა აუცილებელია თუ არა ამის თქმა.
- ნუ დანებდებით. თუ თქვენმა პატარა ქალბატონმა ან ვაჟბატონმა შოკოლადის მისაღებად ისტერიკა მოაწყო, თქვენ კი თხოვნა შეუსრულეთ – ოღონდაც გაჩერდესო, დარწმუნებული იყავით, სასურველის მიღების ამ ხერხს ხშირად გამოიყენებს. დაყოლით ცუდ საქციელს ნუ წაახალისებთ.
- კვირაში მხოლოდ ერთი პარასკევი საკმარისია. იზრუნეთ იმაზე, რომ წესები დღიდან დღემდე უცვლელი რჩებოდეს. ხშირი ცვლილებები ბავშვებს აბნევს. შესაძლოა, წესი მარტო იმიტომ დაარღვიონ, რომ მისი სიმტკიცე მოსინჯონ.
- ნუ უგულებელყოფთ ბავშვის გრძნობებს. უთხარით: ვიცი, გული გწყდება, შენი მეგობარი სახლში რომ მიდის, მაგრამ სათამაშოების ალაგება მაინც აუცილებელია.
- ისწავლეთ შეცდომებზე, მათ შორის საკუთარზეც. თუ სიტუაციას თავდაპირველად თავს ვერ გაართმევთ, არ ინერვიულოთ. დაფიქრდით იმაზე, რა შეიძლებოდა გაგეკეთებინათ სხვანაირად და მომდევნო ჯერზე სცადეთ, ასე მოიქცეთ. თუ გრძნობთ, რომ გაბრაზებულ გულზე შეცდომა დაუშვით, დაიცადეთ, სანამ დამშვიდდებოდეთ, მერე შვილს ბოდიში მოუხადეთ და აუხსენით, სხვა დროს სიტუაციას თავს როგორ გართმევთ, ხოლო დანაპირები აუცილებლად შეასრულეთ. ეს პატარას შეცდომებთან გამკლავების სწორ გზას ასწავლის.