როგორ შევინარჩუნოთ მკვრივი კანი

გააზიარე:

კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობას ძლიერი შემაერთებელი ქსოვილი უზრუნველყოფს. კანის ამ სტრუქტურული ფენის ფუნქცია დროთა განმავლობაში სუსტდება და ეს პროცესი არა მხოლოდ გენეტიკაზე, არამედ ცხოვრების სტილზეც არის დამოკიდებული.

სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია კანის სიმკვრივეზე ზრუნვა ბუნებრივი გზით – ცხოვრების ჯანსაღი წესისა და მარტივი ჩვევების დანერგვით.

რატომ კარგავს სიმტკიცეს კანის შემაერთებელი ქსოვილი

კანის შემაერთებელი ქსოვილის მოდუნება ბუნებრივი პროცესია, რომელიც ასაკის მატებით არის განპირობებული, თუმცა მასზე გავლენას ახდენს ცხოვრების წესი და გარემო ფაქტორებიც. ამ პროცესს თან სდევს როგორც ვიზუალური, ისე სტრუქტურული ცვლილებები, რაც კანის საერთო იერსახესა და ფუნქციაზე აისახება: კანი კარგავს ტონუსსა და სიმკვრივეს, ეშვება, თხელდება და შრება, ჩნდება ნაოჭები და ცელულიტი.

შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებას აჩქარებს:

  • ასაკი;
  • მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც აზიანებს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოებს;
  • მოწევა – თამბაქო აფერხებს კოლაგენის წარმოებას და აზიანებს არსებულ ბოჭკოებს;
  • არასწორი კვება – იმ ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, რომლებიც კოლაგენისა და ელასტინის სინთეზისთვის არის საჭირო;
  • დეჰიდრატაცია – წყლის ნაკლებობა აქვეითებს კანის ელასტიკურობას;
  • წონის სწრაფი ცვალებადობა – წონის მკვეთრი კლება და მატება ასევე აზიანებს ბოჭკოებს;
  • გენეტიკა.

კარგი ის არის, რომ ამ პროცესის შენელება ჩვენს ხელთაა. ძლიერი და ელასტიკური შემაერთებელი ქსოვილის შენარჩუნება შესაძლებელია ცხოვრების წესის შეცვლით, სწორი კვებით, თავის სათანადო მოვლითა და მავნე ჩვევებზე უარის თქმით.

საკვები, რომელიც აძლიერებს კანის შემაერთებელ ქსოვილს

სწორად შედგენილი რაციონი, რომელიც მდიდარია ყველა საჭირო საკვები ნივთიერებით, აძლიერებს შემაერთებელ ქსოვილს, ზრდის კანის სიმტკიცესა და ელასტიკურობას, აუმჯობესებს საერთო სტრუქტურას. კანის სიმკვრივე და ელასტიკურობა უდიდესწილად დამოკიდებულია კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაზე, მათი სტრუქტურის შენარჩუნებასა და დაცვაზე, ამაში კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვება, ამიტომ მენიუში აუცილებლად უნდა იყოს:

  • ხილი და ბოსტნეული;
  • მთლიანი მარცვლეული და მისი პროდუქტები;
  • მცენარეული ზეთი;
  • თხილეული;
  • წყალი ან უშაქრო მცენარეული ჩაი.

კანის სიმტკიცეზე პასუხისმგებელი ბოჭკოებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებია:

C ვიტამინი

C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის ბოჭკოების წარმოქმნას, აუცილებელია ახალი უჯრედების ფორმირებისთვის, აქვს ანტიოქსიდაციური მოქმედება და დაზიანებისგან იცავს უჯრედებს.

გარდა ციტრუსებისა, C ვიტამინით მდიდარია მოცვი, შავი მოცხარი, მარწყვი, კივი. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ბოსტნეული, მაგალითად, წითელი ბულგარული წიწაკა, ისპანახი, ბრიუსელის კომბოსტო, ხუჭუჭა კომბოსტო, ხშირად ციტრუსებზე მეტ C ვიტამინს შეიცავს.

ვიტამინი B3

ნიაცინი ცილების მეტაბოლიზმში მონაწილეობს. მისი მთავარი წყარო ხორცი, ღვიძლი და თევზია. გვხვდება ასევე მთლიან მარცვლეულში, თხილეულში, კარტოფილში, სოკოში, ბანანსა და ყავაში.

ლიზინი

ეს ამინმჟავა აუცილებელია კოლაგენისა და ელასტინის სინთეზისთვის. მას შეიცავს ხორცი, თევზი, კვერცხი, მთლიანი მარცვლეული, კინოა, წიწიბურა, ნიგოზი, ნუში, ჩიას თესლი, პარკოსნები, სოია და მისი პროდუქტები – ტოფუ, სოიის რძე.

მინერალები

თუთია – მონაწილეობს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზში;

სპილენძი – ასტიმულირებს ელასტინისა და კოლაგენის წარმოქმნას;

სელენი – ანტიოქსიდანტია და დაზიანებისგან იცავს კანის უჯრედებს.

ამ ნივთიერებათა წყაროა თხილეული, თესლეული, პარკოსნები, შვრია, კაკაო, ზღვის პროდუქტები.

ზოგადი რჩევები

ჰიდრატაცია: საკმარისი რაოდენობის წყლის სმა გადამწყვეტია კანის ელასტიკურობის შენარჩუნებისა და უჯრედების ნორმალური ფუნქციობისთვის.

დაბალანსებული რაციონი: კონკრეტულ საკვებ ნივთიერებებზე ფოკუსირების ნაცვლად მიზნად დაისახეთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა, რომელიც უხვად შეიცავს ხილს, ბოსტნეულს, მთლიან მარცვლეულს, ჯანსაღ ცხიმებსა და ცილებს.

ერიდეთ: გადამუშავებულ საკვებს, ჭარბ ხორცსა და ცხოველურ ცხიმს, შაქარს, თეთრ ფქვილსა და მის ნაწარმს, ჭარბ ალკოჰოლსა და სიგარეტს.

რეგულარული ვარჯიში

რეგულარული ვარჯიში მრავალ სხვა სარგებელთან ერთად დადებით გავლენას ახდენს შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურის სიჯანსაღეზე:

* აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გაძლიერებული სისხლის ნაკადი კი ნიშნავს, რომ უჯრედებამდე უფრო წრაფად აღწევს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, რაც გადამწყვეტია კოლაგენისა და ელასტინის სინთეზისთვის.

* ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის წარმოებას – რეგულარული ფიზიკური აქტიურობა, განსაკუთრებით ძალისმიერი ვარჯიშები, ფიბრობლასტებს (კანის უჯრედებს) მეტი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებისკენ უბიძგებს. ეს არის სხეულის ადაპტაციური პასუხი ფიზიკურ დატვირთვაზე.

* ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას – სისხლისა და ლიმფის გაძლიერებული მიმოქცევა ეხმარება სხეულს მეტაბოლური ნარჩენებისა და ტოქსინების გამოდევნაში, რაც ამცირებს უჯრედების დაზიანებას და ხელს უშლის კოლაგენის დაშლას.

* ხელს უწყობს ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებას, რაც დადებითად აისახება კანის რეგენერაციულ უნარსა და ქსოვილების სიმტკიცეზე.

* ზრდის კუნთების ტონუსს – როცა კუნთები ტონუსშია და ზომაშიც იმატებს, კანი იჭიმება და მისი იერსახე უმჯობესდება.

შემაერთებელი ქსოვილის გასაძლიერებლად განსაკუთრებით ეფექტურია:

* ძალისმიერი ვარჯიში – ის აძლიერებს კუნთებს და ასტიმულირებს მათ ზრდას, რაც, თავის მხრივ, განამტკიცებს შემაერთებელ ქსოვილს.

მაგალითები:

  • ვარჯიში საკუთარი სხეულის წონით – აზიდვები, ჩაჯდომები, ფიცარი (პლანკ), ვერტიკალური აზიდვები (პულლ-უპს);
  • ვარჯიში სიმძიმეებით – შტანგით, ჰანტელებით, ტრენაჟორებით.

* კარდიოვარჯიში – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადის მიწოდებას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას, აძლიერებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას.

მაგალითები: სირბილი, ცურვა, სწრაფი სიარული, ველოსიპედით სიარული, ცეკვა, აერობიკა.

* გაჭიმვისა და მოქნილობის ვარჯიშები – ხელს უწყობს ბოჭკოების ელასტიკურობის შენარჩუნებას, ზრდის მოძრაობის დიაპაზონს, ამცირებს სტრესს.

მაგალითები: იოგა, პილატესი, გაჭიმვები.

იდეალურია სამივე ტიპის ვარჯიშების კომბინაცია. მაგალითად, კვირაში 2-3 დღე – ძალისმიერი ვარჯიში, 3-4 დღე – კარდიო და რეგულარული გაჭიმვა. რეგულარულობა ამ პროცესში გადამწყვეტია.

თავის მოვლა

კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს:

კონტრასტული შხაპი

ცივი წყალი იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას, თბილი კი გაფართოებას. ეს ეფექტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის უჯრედებისთვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას, ასტიმულირებს ლიმფურ დრენაჟს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სხეულიდან ტოქსინების გამოდევნას და შეშუპების შემცირებას.

* დაიწყეთ თბილი შხაპით. წყლის ნაკადით მსუბუქად დაიმასაჟეთ სხეული წრიული მოძრაობებით ტერფებიდან ზემოთ. კანი შეიძლება ოდნავ გაწითლდეს.

* თანდათან შეამცირეთ წყლის ტემპერატურა. ცივი შხაპიც დაიწყეთ ფეხებიდან და ნელ-ნელა აუყევით ზემოთ. ეს სხეულს ტემპერატურის ცვლილებასთან მიჩვევას გაუადვილებს.

* ციკლი 3-5-ჯერ გაიმეორეთ. ყოველ ჯერზე დაიწყეთ ცხელი წყლით და დაასრულეთ ცივით.

რეგულარული მასაჟი

მასაჟი აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს უჯრედებში ნუტრიენტების უკეთ შეღწევას და ტოქსინების გამოდევნას. ის ასევე ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კოლაგენის სინთეზზე.

მასაჟის გაკეთება შეიძლება როგორც შხაპის მიღებისას, ისე დამატენიანებელი კრემის წასმის შემდეგ. რეკომენდებულია ლუფას ხელთათმანის, ნატურალური ბეწვის ჯაგრისის ან სპეციალური მასაჟორის გამოყენება, თუმცა ხელით მასაჟიც შეიძლება. აირჩიეთ მეთოდი, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტულია.

კანის დატენიანება

კარგად დატენიანებული კანი უფრო ელასტიკური, მკვრივი და ჯანსაღია. რეგულარულად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, გლიცერინი, კერამიდები – ეს ნივთიერებების ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და კანის ბარიერული ფუნქციის გაძლიერებას. კანს კარგად ატენიანებს ბუნებრივი ზეთებიც, მაგალითად, ჟოჟობასი, ნუშისა და ქოქოსისა.

დამატენიანებელი წაისვით ყოველდღე, შხაპის მიღების შემდეგ, ოდნავ ნოტიო კანზე, რომ კანმა ტენი უფრო მეტხანს შეინარჩუნოს.

მზისგან დაცვა

ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ის ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს და აჩქარებენ კანის დაბერებას.

კანის დასაცავად ყოველდღე ისვით მზისგან დამცავი კრემი (30-ის ტოლი ან მეტი მზისგან დამცავი ფაქტორით) და არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ასევე სასურველია მზიან ამინდში დამცავი ტანსაცმლისა და ქუდის ტარება.

საკმარისი ძილი

ძილის დროს ორგანიზმში აღდგენითი პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის – კოლაგენისა და სხვა ცილების რეგენერაცია. ძილის ქრონიკული ნაკლებობა ზრდის სტრესის ჰორმონის (კორტიზოლის) დონეს, რაც უარყოფითად მოქმედებს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოებზე.

ეცადეთ, დღე-ღამეში 7-9 საათი იძინოთ, რათა ორგანიზმი სრულფასოვნად აღდგეს.

სტაბილური წონის შენარჩუნება

ერიდეთ წონის მკვეთრ ცვალებადობას. მკაცრმა დიეტებმა და ე.წ. იო-იოს ეფექტმა (როცა წონა სწრაფად იკლებს და ისევ იმატებს) შესაძლოა მნიშვნელოვნად დაასუსტოს კანის სტრუქტურა და დააჩქაროს მისი მოდუნება.

სტრესის მართვა

ქრონიკული სტრესი მაღლა სწევს კორტიზოლის დონეს, რაც, ერთი მხრივ, აფერხებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს არსებული ბოჭკოების დაშლას.

სტრესის შესამცირებლად შეარჩიეთ დამამშვიდებელი აქტივობა: იოგა, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, ჰობი ან უბრალოდ მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: