სპირიდონ ვაწაძე – სამხედრო ექიმის საზოგადოებრივი ღვაწლი

გააზიარე:

სპირიდონ ვაწაძის მამა სასულიერო პირი იყო და სურდა, შვილიც მის გზას გაჰყოლოდა, მაგრამ სპირიდონმა ღვთისმსახურებას სნეულთა კურნება არჩია. ნიკოლოზ II-ის ძმის, გიორგი რომანოვის, მკურნალმა ექიმმა პირველმა შეისწავლა ბორჯომის მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები, ავლაბარში, არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე, გახსნა საქართველოში პირველი ინფექციური საავადმყოფო, შექმნა ტუბერკულოზთან მებრძოლი პირველი მრავალპროფილური კომისია და თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პირველი სამსახური დააარსა.

ადრეული წლები

სპირიდონ ვაწაძე 1857 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა ღვარდიაში – რაჭის სოფელში, სადაც დღესაც დგას ვაწაძეების ორსართულიანი საგვარეულო სახლი. სპირიდონის დიდი ბაბუა, ლაზარე, იმავე სოფლის მაცხოვრის სახელობის ტაძრის პირველი მოძღვარი ყოფილა. მისმა ვაჟმა ეგნატემ და შვილიშვილმა იოსებმაც სასულიერო კარიერა აირჩიეს. 1850 წელს იოსებ ვაწაძე სვანეთში განაწესეს მოძღვრად, სადაც ის ქვრივ– ობოლთა შემწე და მფარველი გახდა. მის სახელს უკავშირდება სამი ათასი სვანის გაქრისტიანება, ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობა. დიდი წვლილი მიუძღვის სვანეთის განძის შენახვასა და გადარჩენაშიც.

მამა იოსების ოჯახი ღვარდიაში ცხოვრობდა. მოძღვარი შვილებს ღვთის შიშსა და მოყვასის სიყვარულთან ერთად შრომისა და ცოდნის ფასსაც ასწავლიდა. ერთ დღეს, სვანეთიდან დაბრუნებულს, სპირიდონის ამბავი უკითხავს (შვილი ქუთაისის გიმნაზიაში ეგულებოდა). უთქვამთ, სასწავლებელი მიატოვა და კვაცხუთში საჯირითოდ წავიდაო. იოსები მაშინვე წასულა კვაცხუთში, სპირიდონი სახლამდე სირბილით წამოუყვანია და პირობა ჩამოურთმევია, რომ სწავლას არაფერზე გაცვლიდა.

1881 წელს სპირიდონ ვაწაძემ პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნებულმა, თბილისში, ნიჟეგოროდის პოლკის ჰოსპიტალში, ექიმ ორდინატორად დაიწყო მუშაობა და რამდენიმე წელიწადში ჰოსპიტლის მთავარი ექიმი გახდა.

ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა აქტიური სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა გააჩაღა. კლინიკაში მუშაობის პარალელურად, ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიას სწავლობდა და სამხედრო საფერშლო სკოლაში ლექციებს კითხულობდა. იმხანად საქართველოში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის არსენალი საკმაოდ მწირი იყო. ახალგაზრდა ექიმს სახელმწიფოებრივ ვალდებულებად პრევენციული ღონისძიებების გატარება მიაჩნდა. სწორედ სპირიდონ ვაწაძის ძალისხმევით დაინერგა ინფექციური ავადმყოფებისთვის სპეციალური კარანტინის მოწყობა. მანვე მოიპოვა სამხედრო ჰოსპიტალში სამოქალაქო პირების მკურნალობის ნებართვა.

1889-1891 წლები სპირიდონმა კვლავ პეტერბურგში, სამხედრო სამედიცინო აკადემიაში გაატარა. იქვე დაასრულა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ჯანმრთელი და ავადმყოფი კუჭის ფუნქციასა და შარდის მჟავიანობაზე ტუტე-მარილიანი მინერალური წყლების (ესენდუკი N17-ისა და ბორჯომის წყლის) გავლენას ეხებოდა. ვაწაძის ოპონენტს, დიდ რუს ფიზიოლოგ ივან პავლოვს, დისერტაცია დადებითად შეუფასებია და პრაქტიკული მედიცინისთვის ნაშრომის მნიშვნელობაზე ვრცლად უსაუბრია.

ჯანდაცვის ორგანიზატორი

1864 წლის 5 აპრილს, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ორბელიანისა და მისი თანამოაზრეების – ექიმების ზაქარია ზუბალაშვილის, სარდიონ ალექსი-მესხიშვილის, ივან სობოლშჩიკოვის, იან პრიბილისა და იან მინკევიჩის – ძალისხმევით, თბილისში კავკასიის სამედიცინო საზოგადოება დაარსდა. მისი საქმიანობის მთავარი მიზანი ექიმთა სამეცნიერო დახელოვნებისა და მედიცინის განვითარების ხელშეწყობა და მოსახლეობაში სამედიცინო ცოდნის ფართო გავრცელება იყო. საზოგადოების დამფუძნებლებმა სპირიდონ ვაწაძე პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს და ექიმთა პროფესიული საქმიანობისთვის თვალ-ყურის დევნება მიანდეს. სპირიდონი გულისყურით ეცნობოდა სამკურნალო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს და დაწესებულებათა ხელმძღვანელობას მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს აძლევდა. კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ინიციატივით, პერიოდულად იმართებოდა ექიმთა ყრილობებიც, რომლებზეც ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებებსა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ. ამ ყრილობებზე რამდენიმე მოხსენება სპირიდონ ვაწაძესაც წაუკითხავს, მათ შორის – მუცლის ტიფის ეპიდემიასთან ბრძოლისა და სოფლად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორგანიზების შესახებ.

1901 წელს, კავკასიის ექიმთა მეორე ყრილობაზე, ტუბერკულოზისა და მასთან ბრძოლის საკითხები პირველად იქნა მეცნიერულად გაშუქებული. დაიგეგმა კავკასიის მთავარ ქალაქებში ტუბერკულოზთან ბრძოლის ცენტრალური კომიტეტების შექმნა, რომლებიც ლექციებისა და პრესის საშუალებით უხელმძღვანელებდა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროპაგანდას. ამავე ყრილობაზე დაისვა ტუბერკულოზთან ბრძოლის კავკასიის საზოგადოების შექმნის საკითხი.

1905 წლის 4 აპრილს გაიმართა დამფუძნებელი კრება, რომელზეც კავკასიის ტუბერკულოზთან ბრძოლის საზოგადოების გამგეობა აირჩიეს. გამგეობის წევრი გახდა სპირიდონ ვაწაძეც. საზოგადოებამ იტვირთა სანატორიუმისა და ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიის ორგანიზება. მისივე ინიციატივით, 1911 წლის 20 აპრილს საქართველოში პირველად ჩატარდა ევროპასა და რუსეთში უკვე ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქცია – თეთრი ყვავილის დღე. ტუბერკულოზთან ბრძოლისთვის საჭირო თანხების მოზიდვასთან ერთად ამ დღეს აქტიურად მიმდინარეობდა საგანმანათლებო პროპაგანდაც: დარიგდა ოთხ ენაზე დაბეჭდილი ოცი ათასი ბროშურა, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სკოლებში გაიმართა ლექციები თვალსაჩინო მასალის დემონსტრირებით, პრესაში გაშუქდა ტუბერკულოზთან ბრძოლის საკითხები. თეთრი ყვავილის დღე 1917 წლამდე ყოველწლიურად აღინიშნებოდა. შემდეგ ის შეცვალა ტუბერკულოზის სამდღიურმა, რომელიც ტარდებოდა 1928 წლამდე, სანამ ტუბერკულოზთან ბრძოლის საქმე მთლიანად სახელმწიფოს ხელში არ გადავიდა.

დიდი თავადის პირადი ექიმი

1895 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ სპირიდონ ვაწაძე ტუბერკულოზით დაავადებული ძმის, გიორგი რომანოვის, მკურნალ ექიმად მიიწვია. დიდი თავადი თავს ყველაზე უკეთესად საქართველოში გრძნობდა, ამიტომ რომანოვებმა მისთვის აბასთუმანში საუცხოო რეზიდენცია მოაწყვეს.

1882 წელს გერმანელმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა, ტუბერკულოზის ბაქტერია აღმოაჩინა, თუმცა დაავადების განკურნებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი. ერთადერთი, რაც იმ დროს შეეძლოთ, დაავადებულთა იზოლირებით ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტა იყო. ასე დაიწყო დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით სარეაბილიტაციო სანატორიუმების გახსნა. ამასთან, ექიმები აქტიურად ეძებდნენ ისეთ მიკროკლიმატს, რომელიც მკურნალობას ხელს შეუწყობდა (მიუხედავად იმისა, რომ ჰავის სამკურნალო ეფექტი მეცნიერულად არასოდეს დადასტურებულა). სწორედ ამან მოუტანა პოპულარობა ფიჭვნარით გარშემორტყმულ აბასთუმანს. გიორგი რომანოვი იქ გარდაცვალებამდე, 1899 წლამდე ცხოვრობდა.

ნიკოლოზ II-მ ქართველი ექიმი ერთგული სამსახურისთვის წმინდა სტანისლავისა და წმინდა ანას ორდენებით დააჯილდოვა.

საზოგადოების სამსახურში

როცა თბილისში მასობრივად გავრცელდა ქუნთრუშა, პარტახტიანი ტიფი და მუცლის ტიფი, სპირიდონ ვაწაძემ ავლაბარში, ახლანდელი ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს (ყოფილი არამიანცის) ტერიტორიაზე, ბარაკის ტიპის ოცსაწოლიანი საავადმყოფო გახსნა. იმავე პერიოდში ის თბილისის საბჭოში აირჩიეს ხმის უფლებით და სპირიდონმა დიდი ხნის ოცნება აისრულა: 1908 წელს მისი ინიციატივით დაისვა სასწრაფო დახმარების სამსახურის შექმნის საკითხი, ხოლო 1911 წლის ივლისში თბილისში სასწრაფო დახმარების პირველი ეტლი გამოჩნდა.

სპირიდონის მეუღლე მარია ხრისტიჩი მამით სერბი, დედით ქართველი (სურგუნაშვილი) იყო. მისი დიდი პაპა ერეკლე მეორის დროს ქალაქის თავი ყოფილა. მეუღლის საგვარეულო ქონებიდან ერთ-ერთი შენობა სპირიდონ ვაწაძემ უსასყიდლოდ გადასცა სოფელ გლდანის სკოლას. სკოლის მეთვალყურედ თავად სპირიდონი დაუნიშნავთ.

გლდანშივე სპირიდონ ვაწაძეს გაუშენებია შესანიშნავი ბაღები, რომლებიც მისი ქალიშვილის, თამარის, სახელს ატარებდა.

სპირიდონსა და მარიას ექვსი შვილი ჰყავდათ. უფროსი, ალექსანდრე, რევოლუციის შემდეგ იტალიაში წავიდა, წლების შემდეგ კი, მოარული ხმების თანახმად, ამერიკაში გადასახლდა და იქვე გარდაიცვალა. მეორე ვაჟი, იოსები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგე იყო. პირველი ტრამვაი თბილისში მას შემოუყვანია. მასვე მოუწყვია პირველი ელექტრო– და წყალგაყვანილობა. მისი ინიციატივით დაწყებულა რიონჰესის მშენებლობაც. სპირიდონის კიდევ ერთი ვაჟი, ერასტი, ახალგაზრდა გარდაიცვალა. ქალიშვილი ნინა ცნობილი პიანისტი იყო. გიორგი ვაწაძე კი მამის გზას გაჰყვა და ცნობილი ფიზიოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პირველი რექტორი გახდა. მისი ნათლია გახლდათ ილია ჭავჭავაძე, რომელიც ივანე მაჩაბელთან, ალექსანდრე ყაზბეგსა და კოხტა აფხაზთან ერთად ხშირად სტუმრობდა ვაწაძეების ოჯახს. მისი თხოვნით, სპირიდონს სიტყვახმარებაში დაუმკვიდრებია მრავალი სამედიცინო ტერმინის ქართული შესატყვისი. სპირიდონისავე დამსახურებით ითარგმნა და შეიქმნა ქართულ ენაზე მრავალფეროვანი სამედიცინო ლიტერატურა.

1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და სპირიდონ ვაწაძე, როგორც პოლკოვნიკის ჩინის მქონე გამოცდილი ექიმი, მოძრავი ჰოსპიტლის ორგანიზატორ-მეთვალყურედ გაგზავნეს ფრონტზე.

ბრძოლის ველიდან მშვიდობით დაბრუნებულს, რევოლუციის შემდეგ ყველაფერი ჩამოართვეს, მათ შორის – გლდანის აგარაკი და თბილისში 45-ოთახიანი სახლიც ლენინგრადის ქუჩის 9 ნომერში.

სპირიდონ ვაწაძე 1923 წლის 4 მარტს, 65 წლის ასაკში, თბილისში გარდაიცვალა. მარადისობას ეზიარა ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება ქართულ მედიცინას მოახმარა, მტკიცე საძირკველი ჩაუყარა საქართველოში მედიცინის არაერთი დარგის განვითარებას და ქვეყანას თავისი საქმის გამგრძელებელი – გიორგი ვაწაძე აღუზარდა.

მარი მარღანია

გააზიარე: