გენო გეგეშიძე – სახალხო მკურნალი და მამულიშვილი

გააზიარე:

 სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა, როდესაც გენო გეგეშიძის შესახებ შეიტყო. “მაშინ ბატონი გენო უკვე დიდი, ცნობილი ექიმი იყო. მის შესახებ ხშირად გვიამბობდნენ ლექტორები, მაგალითად მოჰყავდათ მისი პიროვნება, ცოდნა, ნიჭიერება, ის ნამდვილ ცოცხალ ლეგენდად მიგვაჩნდა”, – გვიამბობს გენო გეგეშიძის უმცროსი კოლეგა, დღეს უკვე თავადაც ცნობილი ექიმი, გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია.

 

– სამედიცინო ინსტიტუტი რომ დავამთავრე, გენო გეგეშიძის წიგნი “ზოგიერთი იშვიათი დაავადება და სინდრომი” შევიძინე და გულდასმით წავიკითხე. საოცარია, ამ წიგნიდან მიღებული ცოდნა საექიმო პრაქტიკის პირველსავე წლებში გამომადგა – წიგნში აღწერილ რამდენიმე იშვიათ დაავადებას მეც გადავაწყდი. აღვწერე ისინი და რაიონულ გაზეთში გამოვაქვეყნე რეცენზია “ზოგიერთი იშვიათი დაავადება და სინდრომი. ავტორი – გენო გეგეშიძე”. გაზეთი ბატონ გენოსაც გავუგზავნე სამტრედიაში. მან დიდი მადლობა გადამიხადა და მომწერა, რომ ჩემი პირადად გაცნობა სურდა. ცხადია, ძალიან გამიხარდა, მაშინვე სამტრედიისკენ გავეშურე და ვესტუმრე. მახსოვს, უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. მან დიდხანს არ გამომიშვა. თბილად ვისაუბრეთ. მე მადლობა გადავუხადე არაჩვეულებრივი წიგნისთვის, რომელიც ასე გამომადგა. მას შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ შევხვდით. ბოლოს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დამირეკა...

 

გენო ლუარსაბის ძე გეგეშიძე 1932 წლის 21 ივლისს დაიბადა სამტრედიაში. 1951 წელს მან ოქროს მედლით დაამთავრა სამტრედიის პირველი საშუალო სკოლა. ძალიან აინტერესებდა ფილოსოფია, ამიტომ სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი სემესტრი დაჰყო – მიაჩნდა, რომ რასაც ლექციებზე ისმენდა, მისთვის ყველაფერი უკვე ნაცნობი იყო. ამას მამის ავადმყოფობაც დაერთო და გენო იძულებული გახდა, სამტრედიაში დაბრუნებულიყო. ერთხანს ფიზიკური შრომით ირჩენდა თავს – ფოთის მაცივრის ლაბორატორიაში მუშაობდა. მალევე გადაწყვიტა ექიმობა და მიაშურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს, რომელიც 1958 წელს აბსოლუტურ ფრიადოსნად – პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა, მანამდე კი სტალინის სახელობის სტიპენდიასაც იღებდა. ძალზე აქტიური სტუდენტი ყოფილა, სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კედლის გაზეთის რედაქტორი. ერთნაირი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც პედაგოგებს, ისე ამხანაგებს შორის.

ინსტიტუტის დასრულების შემდეგ გენო გეგეშიძე სამუშაოდ ხონის მაღალმთიან სოფელ გორდში გაანაწილეს, ხოლო რამდენიმე თვეში, სამტრედიის მთავარი ექიმის განკარგულებით, უბნის ექიმად განაწესეს პოლიკლინიკაში. 1965 წელს იმედისმომცემმა ახალგაზრდამ საქმიანობა რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში განაგრძო. 1970-1981 წლებში სამტრედიის რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა თერაპიული განყოფილების გამგედ, 1981-1995 წლებში კი სამტრედიის ბალნეოლოგიურ კურორტ “სამტრედიაში” კარდიოლოგად. ამასთან ერთად, იყო კურორტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. 1993 წელს გენო გეგეშიძე დაინიშნა სამტრედის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების გამგედ, სადაც გარდაცვალებამდე, 2011 წლის ივნისამდე, მუშაობდა.

1961 წელს გენო გეგეშიძემ კვალიფიკაცია აიმაღლა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, 1973-1974 წლებში კი მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტსა და მიასნიკოვის სახელობის სამეცნიერო კარდიოლოგიის საკავშირო ინსტიტუტში, რომელიც ძალზე პრესტიჟული სამეცნიერო დაწესებულება გახლდათ. საკვალიფიკაციო კომისიისგან მან დამსახურებული ფრიადი და საუკეთესო კარდიოლოგის წოდება მიიღო. მოსკოვში, კარდიოლოგიის ინსტიტუტის ჰიპერტონიის განყოფილებაში დარჩენა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა – იცოდა, სამტრედიის გარეშე ვერ გაძლებდა. იმხანად მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ ცნობილი ექიმები, აკადემიკოსები ი. კასირსკი, ა. ვორობიოვი, გ. შულცევი. როცა გენომ მათ იშვიათი დაავადებების შესახებ თავისი წიგნი აჩვენა, გაოცება ვერ დამალეს და თურმე იქაური ექიმების გასაგონად ამბობდნენ – აი, ჩამოვიდა ექიმი საქართველოს ერთი პატარა ქალაქიდან და ჩვენ მისგან ვსწავლობთო. გენო გეგეშიძე მართლაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსკოვის სამედიცინო წრეებში. მიუხედავად ამისა, წუთითაც არ უფიქრია მშობლიური ქალაქის დატოვება.

ვინ მოთვლის გენო გეგეშიძის წოდებებსა და ჯილდოებს! 1977 წელს საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროსგან უმაღლესი კატეგორიის ექიმის წოდება მიიღო, რაც იმ დროში პერიფერიაზე მოღვაწე ექიმის უდიდეს მიღწევად და აღიარებად მიიჩნეოდა, 1984 წელს კი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით, საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება მიენიჭა. სიცოცხლის ბოლომდე იყო ჟურნალ “საბჭოთა მედიცინის” სარედაქციო საბჭოს წევრი, ასევე აქვეყნებდა პუბლიკაციებს გაზეთებში: “თბილისი”, “ახალგაზრდა კომუნისტი”, “ლიტერატურული საქართველო”, “სოფლის ცხოვრება”, “წერილები ესკულაპის ფოსტიდან”, “სამედიცინო მოამბე” და სხვა.

წიგნი “ზოგიერთი იშვიათი დაავადება და სინდრომი” მისი უდიდესი დანატოვარია. მასვე ეკუთვნის მონოგრაფიები: “რევმატიზმი და მისი პროფილატიკა”, “ექიმბაშობის მავნებლობა”, “გული და რისკფაქტორები”.

არ შემიძლია, ბატონი გენოს წიგნთან დაკავშირებით ერთი ისტორია არ გავიხსენო. 2010 წელს ქალბატონ სანდრა რულოვსის მხარდაჭერით თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ევროპის, ამერიკისა და კანადის წამყვანი ექიმები მონაწილეობდნენ. კონფერენციის თემა იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკა და მათი მკურნალობის გზები გახლდათ. ამ კონფერენციაზე მეც გამოვედი მოხსენებით და მოვყევი, როგორ აღწერა ყველა ეს იშვიათი დაავადება და სინდრომი სამტრედიაში მოღვაწე ექიმმა ორმოცი წლის წინ. კონფერენციის მონაწილეებმა გაოცება ვერ დამალეს. გენო გეგეშიძის წიგნმა დიდი ოვაციები დაიმსახურა. სამწუხაროდ, ბატონი გენო მაშინ ავად იყო და კონფერენციას ვერ დაესწრო. მომდევნო წლისთვის იგეგმებოდა მისი მონაწილეობა და წიგნის თარგმნა, მაგრამ, საუბედუროდ, კონფერენციამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა.

ბატონი გენო ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი პიროვნება გახლდათ, დახვეწილი ინტელიგენტი, დიდი იუმორის პატრონი. მას ისეთივე ადგილი უკავია ქართული მედიცინის ისტორიაში, როგორიც ზაზა ფანასკერტელს, ქუთაისში მოღვაწე დიდ სახალხო ექიმს სამსონ თოფურიას, ივანე გომართელს, სევერიან ჭოღოშვილს, პროკოფი ჩხიკვიშვილს, ალ. კანდელაკს და ნიკო ჯანდიერს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი სახელოვანი პრაქტიკოსი ექიმი თერაპევტი საქართველოს არ ჰყოლია. იგი ნახევარი საუკუნე მკურნალობდა სამტრედიის მოსახლეობას, თავისი რაიონის დიდი იმედი იყო. სამტრედიაში მის შესახებ მხოლოდ ქებას თუ გაიგონებდით. “განსაკუთრებული”, “გამორჩეული”, “უსაზღვროდ ნიჭიერი”, “ყველაფრის მცოდნე”, “უვერცხლო დიდმკურნალი”, “ნამდვილი პროფესიონალი”, “უდიდესი პატრიოტი” – ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ მადლიერი სამტრედიელები. გენოს წყალობით ურთულესი შემთხვევებიც კი არ რჩებოდა ამოუცნობი. არა მარტო სამტრედიიდან, არამედ ქუთაისიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან და ზოგჯერ თბილისიდანაც კი ჩაჰყავდათ პაციენტები მასთან. თუ ვინმეს ფეხი აუცდებოდა და სამკურნალოდ დასავლეთ საქართველოდან თბილისში ჩავიდოდა, თბილისელი ექიმები და პროფესორები გაოცებას ვერ მალავდნენ – დაბრუნდით სამტრედიაში და გენო გეგეშიძესთან მიბრძანდით, მასზე უკეთ ვერავინ გიმკურნალებთო.

როგორც ყველა ნიჭიერი ადამიანი, ისიც თავისებური იყო. წესად ჰქონდა – არ ეწეოდა კერძო პრაქტიკას. ეს მისი უბრალო ახირება არ ყოფილა – მიაჩნდა, ექიმმა თუ კერძო პრაქტიკას მიჰყო ხელი და სიხარბით იმაზე მეტი პაციენტი მიიღო, ვიდრე ფიზიკურად აუვა, გადაიღლება და შეცდომას დაუშვებსო. აქაც კი პაციენტების ინტერესებზე ფიქრობდა...

უკვე გითხარით – დიდი აღიარებისა და უამრავი, სხვებისთვის საოცნებო წინადადების მიუხედავად, არასოდეს უფიქრია მშობლიური მხარის მიტოვება და სამუშაოდ თბილისში ან მოსკოვში წასვლა. მთელი ცოდნა და ენერგია სამტრედიას და მასთან ერთად მთელ საქართველოს შეალია. მიაჩნდა, რომ დეცენტრალიზაცია არათუ არ ავნებდა, არამედ პირიქით, ხელსაც შეუწყობდა მედიცინის განვითარებას. მისი მიდგომა რომ პროგრესული იყო, დრომ დაადასტურა – დღეს ამერიკასა და ევროპაში დიდი და ცნობილი სამედიცინო ცენტრები და კლინიკები სწორედ პერიფერიებზე, მცირე ქალაქებშია განთავსებული.

ექიმობა მისი მოღვაწეობის მთავარი სფერო გახლდათ, მაგრამ არა ერთადერთი. გასული საუკუნის მეორე ნახევარში მედიცინასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ მომხდარა არც ერთი ფაქტი, გენო გეგეშიძე უშუალო მონაწილე და ინიციატორი რომ არ ყოფილიყო. მუდამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. პუბლიცისტური ნიჭის წყალობით მკაფიოდ გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების მიმართ. მისი მოსაზრებები, წესისამებრ, დამაფიქრებელი და პატივსაცემი იყო.

ეროვნული მოძრაობის აქტიურობის პერიოდში, 80-იანი წლების ბოლოს, მოგეხსენებათ, მოსახლეობა უკმაყოფილების ტალღამ მოიცვა, რაიონებში ხალხი აზვირთდა და საპროტესტო აქციებში ჩაერთო. გენო გეგეშიძე ცდილობდა, თავისი ავტორიტეტი ხალხის საკეთილდღეოდ გამოეყენებინა. იგი შეუერთდა რუსთაველის საზოგადოებას და საკუთარ გამოსვლებში მუდამ ცდილობდა, ახალგაზრდების მაქსიმალისტური და რადიკალური განწყობა გაეწონასწორებინა. მას უსმენდნენ, მის რჩევებს ითვალისწინებდნენ.

1992 წლის 6 იანვარს, როდესაც კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა და ხელისუფლება სამხედრო საბჭომ ჩაიგდო ხელში, გენო გეგეშიძე ტელევიზიით გამოვიდა, ქვეყანაში შექმნილი ვითარება დაახასიათა და ბოლოს თქვა: “ყველა, ვინც პუჩს და პუჩისტებს უჭერს მხარს, მხარს უჭერს ქვეყნის დაქცევას და, შესაბამისად, ქვეყნის მოღალატეა, ხოლო ვინც წინააღმდეგობას უწევს მათ და კანონიერ ხელისუფლებას იცავს, პატრიოტია და ქვეყნის დამცველი. შესაძლოა, ვინმემ მკითხოს, რატომ ვსვამ საკითხს ასე ცალსახად და მკვეთრად. მე მათ ვპასუხობ: აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”.

სწორედ გენო გეგეშიძის ავტორიტეტმა გადაარჩინა სამტრედიის რაიონი დარბევებს. 1993 წელს ეროვნულმა ძალებმა საპროტესტო მიტინგი დაგეგმეს, “მხედრიონმა” კი მობილიზაცია დაიწყო და მიტინგის დაშლით იმუქრებოდა. სამტრედიაში ეროვნული ძალების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. იქვე იყო გენო გეგეშიძეც, რომელმაც თქვა, სადაც ჩემი ხალხია, მეც იქ დავდგებიო; წინა ხაზზე მე დამაყენეთ – მე ჩემი ცხოვრება უკვე გავლიე, ახალგაზრდებს კი ყველაფერი წინ აქვთო. ამ სიტყვების გამგონე, მთელი რაიონი მიესალმა და აჰყვა. “მხედრიონმა”, ცხადია, მიტინგის დარბევა ვერ გაბედა. მადლიერმა სამტრედიელმა ხალხმა გენო გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიანიჭა.

 

ბატონი ხუტა ამბობს, რომ უსასრულოდ შეუძლია გენო გეგეშიძეზე საუბარი. სამწუხაროდ, ჟურნალის ფურცლები უძლურია, სრულყოფილად წარმოაჩინოს მისი დიდი პიროვნების ყოველი მხარე... დარწმუნებული ვარ, ბევრმა იცოდა ამ სახელოვანი ქართველი ექიმის შესახებ, ხოლო ვინც ახლა გაიცნო, მათთვის მაგალითის მიმცემი იქნება დიდი თერაპევტის მიერ განვლილი გზა.

 

 თამარ არქანია

 

 

 

გააზიარე: