სკოლის სასადილოები

გააზიარე:

ჩიფსების თაობა
საბჭოთა საქართველოს ნამდვილად არ მივტირით, მით უმეტეს, სკოლის სასადილოების გამო. დიდ დასვენებაზე იქით კი სიამოვნებით მივიჩქაროდით, მაგრამ დიდი არჩევანი ნამდვილად არ იყო — სოსისი, კატლეტი, ხილფაფიანი ფუნთუშები, სამკუთხედი, ენა… მოგვიანებით ასეთი სასადილოების
უმეტესობაც დაიხურა და გაყინულ საკლასო ოთახებში ნავთქურას მიფიცხებული მოზარდები წიგნების ნაცვლად ცხელ კერძებზე ფიქრობდნენ. თქვენს მონა-მორჩილსაც იმ პერიოდში მოუწია სკოლის დამთავრება. კდიევ კარგი, ჩვენს ქუჩაზე თონე მაინც იყო. დროდადრო რომელიმე ჩვენგანი გაიპარებოდა და კაპიკ-კაპიკ მოგროვებული ხურდით პურს იყიდიდა. ოთახის ზღურბლიდან გამარჯვებულის იერით ნასროლ ლავაშს ჰაერშივე ვინაწილებდით...
განათლების ახალი რეფორმის წყალობით კი გაჩნდა შანსი, ბავშვებს შიმშილის პრობლემაც მოვუგვაროთ და იდეალურ შემთხვევაში ჯანსაღ კვებასაც შევაჩვიოთ. ახალი საგანმანათლებლო განაწესის მიხედვით, საჯარო სკოლებში სასადილოების გახსნა სავალდებულოა. განათლების სამინისტროს პიარსამსახურის ხელმძღვანელის ნინო კოტრჟებსკაიას განმარტებით, სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის ყველა პირობა დააკმაყოფილა კომპანია “გოგლი-მოგლმა”, რომელიც რამდენიმე სკოლაში უკვე შევიდა და სასადილოებიც მოაწყო, მაგრამ სკოლების უმრავლესობას სასადილო ჯერ კიდევ არ აქვს და ბავშვები დილის 9-იდან ნაშუადღევის სამამდე მშივრები რომ არ იყვნენ, ხან შინიდან წამოღებული ხაჭაპურებით, ხანაც ქუჩაში შეძენილი ჰამბურგერებით იკვებებიან, ასეთი საკვების მავნეობა კი დიდი ხანია ცნობილია.
იმ იმედით, რომ ახალი რეფორმა, რომელიც საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარეობს და არა მხოლოდ სასწავლო პროგრამის სრულყოფას, არამედ ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდასაც ისახავს მიზნად, ამ მისიას პირნათლად შეასრულებდა, რამდენიმე სკოლას ვესტუმრეთ, რომლებმაც, სასკოლო განაწესის შესაბამისად, სასადილოს გახსნაზე იზრუნეს.
სკოლის სასადილოებში ასეთი მენიუ დაგვხვდა:
— ჰამბურგერი;
— ჰოთდოგი;
— ფენოვანი ხაჭაპური;
— ლობიანი;
— ფუნთუშები შოკოლადის შიგთავსით;
— ჩიფსები (“Lays”, “Онега”...);
— შოკოლადი (“ბაუნტი”, “სნიკერსი”, “ლუნა”, “m&m”);
— კანფეტები (“ჟელიბონი”, “ჩუპა-ჩუპსი”...);
— საღეჭი რეზინი;
— გაზიანი ტკბილი სასმელი (კოკა-კოლა, პეპსი, ლიმონათი);
— ნატურალური წვენი (სანდორა, “Моя семья”...). 
ასე რომ, თუ თქვენი შვილი საჯარო სკოლაში დადის, სავარაუდოდ, მშიერი არ დარჩება, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ ჯანმრთელობას შეინარჩუნებს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ წახემსება საშუალოდ 3-5 ლარი დაუჯდება...
სასადილოს პერსონალი, სკოლის დირექტორები, მშობლები — უკლებლივ ყველა გვეთანხმება, რომ ჯანმრთელობისთვის მავნებელი პროდუქტი სკოლაში არ უნდა გაიყიდოს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ჯობს, ბავშვებმა ჩიფსები ჭამონ, ვიდრე მშივრები იყნენ, რადგან დასვენებაზე ცხელი კერძით და თუნდაც სალათით დანაყრება დროის სიმცირის გამო შეუძლებელია. დავუშვათ, რეფორმის ავტორებმა ეს არ გაითვალისწინეს, მაგრამ ალტერნატივა ხომ არსებობს?! მაგალითად, რატომ არ უნდა იყიდებოდეს სკოლაში ხილი, რძის ნაწარმი, მოხარშული კვერცხი, ჩაი, კომპოტი? ეს ყველაფერი ხომ რამდენიმე წუთშიც შეიძლება შეჭამოს ბავშვმა და, რაც მთავარია, ჩიფსებისა და ჰამბურგერებისგან განსხვავებით, ჯანსაღი საკვებია?!
ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სწრაფი კვების პროდუქტები განსაკუთრებით პოპულარულია და ამის გამო სიმსუქნე ერთ-ერთ დაუძლეველ პრობლემად ქცეულა, არამცთუ სკოლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი ჰოთდოგების, ჰამბურგერების, ტკბილი გაზიანი სასმელების გაყიდვა აკრძალულია, საქართველოში კი სასადილოებს ფაქტობრივად იმისთვის ხსნიან, რომ იქ ჩიფსები, კოკა-კოლა და ცომეული გაყიდონ.
43-ე საჯარო სკოლაში სასადილო სწორედ კომპანია “გოგლი-მოგლის” მფლობელობაშია. როგორც სკოლის დირექტორმა ბესარიონ სიხარულიძემ აღნიშნა, მათთან სასადილო უმაღლეს დონეზეა მოწყობილი: “ისეთი მაღალი დონის სასადილო გავხსენით, რომ თბილისში მისი მსგავსი შესაძლოა მხოლოდ ორ ან სამ სკოლაში ნახოთ. გეთანხმებით, რომ კვების საკითხი სკოლისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს და თუ გვინდა, ჯანსაღი მომავალი თაობა აღვზარდოთ, სკოლებში მაღალი სტანდარტის სასადილოები უნდა გავხსნათ. მენიუს დირექტორი ვერ შეადგენს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სკოლაში შემოსული კომპანია, რომელიც კვების საკითხს აგვარებს, ტენდერში გახლავთ გამარჯვებული და ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. იმისათვის, რომ ბავშვის ხელში ფული არ მოხვდეს, შემოვიღეთ პლასტიკური ბარათები, რომლებზეც საჭირო რაოდენობის თანხას მშობლები რიცხავენ. ბარათის საშუალებით მოზარდი საკვებს ყიდულობს. შედეგად დაცული ვართ მოზარდებს შორის ძალადობისგან, რაც ძირითადად თანხის გამოძალვასთან არის დაკავშირებული”.
როგორც “გოგლი-მოგლის” პერსონალმა გვითხრა, სკოლაში ყოველდღიურად ახალი პროდუქტი შემოდის. ჯანსაღი საკვები (წვნიანი, ცხელი კერძები) აქაც მხოლოდ იმიტომ არ იყიდება, რომ ბავშვები დასვენებაზე შეჭმას ვერ ასწრებენ.
ნუთუ ერთი შეკვრა ჩიფსის შეჭმას უფრო ნაკლები ხანი სჭირდება, ვიდრე ერთი საწვნე სუპის, ერთი კატლეტის ან ორასი გრამი ხაჭოსას?!

შპს “მედეა” 50-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების კვებაზე ზრუნავს.
როგორც სასადილოს პერსონალმა აგვიხსნა, საღეჭი რეზინი აქ მხოლოდ იმიტომ იყიდება, რომ კომპანიამ ისინი მანამდე შეიძინა, ვიდრე სასადილოებში  საღეჭი რეზინის გაყიდვა აიკრძალებოდა. რამდენიმე დღეში მარაგი ამოიწურება და კომპანია ამ პროდუქტს აღარ შემოიტანს (?!). აქვე გვითხრეს, რომ მენიუში ჩიფსები ბავშვების მოთხოვნით შეიტანეს:
ლამზირა ღვალაძე 50 საჯარო სკოლის სასადილოს პერსონალი:
— თავად ბავშვები ითხოვენ “ჩიფსებს”, “ტრი კოროჩკის” და თუ არ არის, საერთოდ არაფერს ყიდულობენ.
— ბავშვები მშობლებსაც გამუდმებით სთხოვენ ისეთ საკვებს, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნეა, მაგრამ მშობლების უმეტესობა ასეთ პროდუქტს არ ყიდულობს. თქვენ ბავშვებს საშუალებას აძლევთ, მშობლის დაუკითხავად შეიძინონ არაჯანსაღი საკვები.
— საღეჭი რეზინისგან განსხვავებით, ჩიფსები არავის აუკრძალავს. თუ ბავშვს ჩიფსის ყიდვა არ უნდა, იყიდოს გამომცხვარი პროდუქტი — ყოველდღიურად ახალ-ახალი შემოგვაქვს.
— ტკბილ, გაზიან სასმელზეც დიდი მოთხოვნაა?
— რა თქმა უნდა. ყველა ბავშვს უყვარს პეპსი, კოკა-კოლა და ლიმონათი. ვის აუკრძალავ მათ დალევას?!
— სასდილოს მესვეურებმა არ იციან, რომ ტკბილი გაზიანი სასმლის ყოველდღიური მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა?
— თუ ბავშვს ასეთი სასმელის შეძენა არ უნდა, ნატურალური წვენიც გვაქვს.
(როგორც ქალბატონმა ლამზირამ გვითხრა, “პეპსის” “მედეასთან” ხელშეკრულება აქვს დადებული და, შესაბამისად, სკოლებში თავისი პროდუქცია რეგულარულად შეაქვს)
— ბავშვებს უჭირთ იმის გაცნობიერება, რა არის მათთვის სასარგებლო და რა — არა. ამიტომაც სჭირდებათ მათ უფროსების მზრუნველობა, მაგრამ როგორ ზრუნავენ სკოლებში მათ ჯანმრთელობაზე, სასადილოების მენიუდანაც კარგად ჩანს.
— აკრძალული გვაქვს კრემიანი ნამცხვრები და არც შემოგვაქვს, რადგან მალფუჭებადი საკვებია და შესაძლოა, მოწამვლა გამოიწვიოს. სხვა პროდუქტებზე არ გვაქვს აკრძალვა.
— თქვენ, როგორც დედა, როგორ საკვებს ამჯობინებდით შვილისთვის?
— როცა ჩემი შვილი მოდის, ვცდილობ, გამომცხვარი პროდუქტი მივცე — პიცა, სოსისი, ხაჭაპური, ჰოთდოგი. უმჯობესია, ეს ჭამოს, ვიდრე მშიერი იყოს.

50-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა ალიბეგაშვილმა, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სკოლაში ტენდერი არ გამართულა:
— გამოვაცხადეთ კონკურსი, რომლის პირობები განათლების სამინისტროს საიტზე დევს. კომპანია, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლეთა კვებაზე იზრუნებს, ოფიციალურად უნდა იყოს რეგისტრირებული, უნდა ჰქონდეს სკოლასთან ურთიერთობის გამოცდილება, იცავდეს ყველანაირ ჰიგიენური ნორმას. მინდა გითხრათ, რომ კონკურსზე განაცხადი არც ერთ სხვა კომპანიას არ შემოუტანია და საკონკურსო პირობები არ შექმნილა.
ჩვენ იჯარით გავცემთ სასადილოს ფართს, სხვა აღარაფერში ვერევით. თუნდაც ბავშვს ჩიფსები სკოლაში არ ვაჭამოთ, გარეთ გავა და იქ იყიდის, ამიტომ ბავშვმა თავად უნდა იცოდეს, რომ ეს ცუდია. თქვენ ხომ ვერ აკრძალავთ მაღაზიაში ჩიფსის გაყიდვას? ყოველგვარი აკრძალვა უკურეაქციას იწვევს. ჩემი შვილის სკოლაშიც იყიდება ჩიფსები, მაგრამ ის არ ყიდულობს.
ცხელი კერძის გაკეთება ჩვენი სასადილოს პირობებში შეუძლებელია. ამასთანავე, ხუთწუთიანი დასვენების პირობებში ცხელი კერძის ჭამას ბავშვი ვერ მოასწრებს. მე რომ ეს მოთხოვნები დავაყენო, ჩათვალეთ, რომ აღარაფერი იქნება. ჩვენ ხომ რეალისტურად უნდა ვიმსჯელოთ?!
გვინდა, ჩვენი სათქმელი კიდევ ერთხელ გამოვკვეთოთ: რომ არა განათლების სამინისტროს მართლაც ბრწყინვალე ინიციატივა, ამ თემაზე საუბარს აზრი არ ექნებოდა. მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, ბავშვი ჩიფსსა და შოკოლადს სკოლის სასადილოში შეიძენს თუ ახლომდებარე მაღაზიაში? მაგრამ დღეს, როცა საშუალება მოგვეცა, ოჯახური ბიუჯეტიდან ბავშვების სადილისთვის გამოყოფილი თანხა ნამდვილად სადილს მოხმარდეს, სამწუხაროა, რომ სკოლები ხელს არ გვიწყობენ, მოზარდი თაობა თავიდანვე ჯანსაღ საკვებს შევაჩვიოთ. ჩვენი აზრით, ჯობს, ხუთწუთიან დასვენებაზე ბავშვმა კოკა-კოლის ნაცვლად კაკაო დალიოს, ჩიფსების ნაცვლად მიირთვას ხაჭო, ვაშლი, ბანანი... მთავარი მონდომებაა, თორემ თუნდაც რძის პროდუქტებისა და ხილისგან უგემრიელესი პროდუქტების მომზადებას ერთი ბლენდერიც ეყოფა. სკოლა ცხოვრების წესის მასწავლებელიც უნდა გახდეს და ამაში ჯანსაღი კვებითი ჩვევებიც იგულისხმება.
მშობლებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციას ვთხოვთ, ამ საკითხზე თავიანთი მოსაზრებები მოგვაწოდონ. გაცილებით მეტი სიამოვნებით დავბეჭდავთ საკითხის ჯანმრთელობის სასარგებლოდ გადაჭრის გამოცდილებას.
სულ სხვა თემაა გახანგრძლივებული ჯგუფები, სადაც მოსწავლეებს დღის ბოლომდე უწევთ ყოფნა — მათთვის სკოლის სასადილო გაცილებით მეტ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. ამ საკითხს უახლოეს ხანებში ცალკე შევისწავლით და ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.

თამარ ობგაიძე
 “ავერსის კლინიკა”
პედიატრიული სამსახურის უფროსი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეგრეთ წოდებული სწრაფი კვება, რომელიც ფრიად მოხერხებულია, არ არის ჯანსაღი. ამერიკის პედიატრთა აკადემიის მონაცემებით, აშშ-ში სასკოლო ასაკის ბავშვთა 16-33%-ს სიმსუქნე აქვს. ეს არის დაავადება, რომლის დიაგნოზი ძალზე ადვილი დასასმელია, მკურნალობა კი თანამედროვე მედიცინის ურთულეს პრობლემად რჩება.
სიმსუქნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კალორიების ჭარბი მიღებაა. სიმსუქნის შედეგებია დეპრესია, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნაადრევი სიკვდილი...
სამწუხაროდ, ჭარბი წონის პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია, მათ შორის — სასკოლო ასაკშიც. ასე რომ, უმჯობესი იქნება, სასადილოებში ფართო ასორტიმენტით იყოს წარმოდგენილი ჯანსაღი საკვები: რძის ნაწარმი, ხილი, ბოსტნეული. სხვა საკითხია, გააკეთებენ თუ არა ბავშვები არჩევანს ჯანსაღი საკვების სასარგებლოდ — ჰამბურგერი, შოკოლადი, გაზიანი სასმელები ხომ მათი საყვარელი სასუსნავია.
სწრაფი კვების დანერგვა თანამედროვე ცხოვრების წესმა განაპირობა. ის განსაკუთრებით მოხერხებულია მათთვის, ვისაც სადილისთვის რაც შეიძლება ნაკლები დროისა და თანხის დახარჯვა სურს. თუმცა დასავლეთის იმ ქვეყნებში, საიდანაც კვების ეს წესი ჩვენთან შემოვიდა, იციან ჯანმრთელი კვების მნიშვნელობა, ამიტომ სოციალურად დაცული ფენა ყოველნაირად ცდილობს, მიიღოს ჯანმრთელი საკვები და სწრაფი კვების ობიექტებს გვერდს უვლის.
ასე რომ, პატარები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ ჯანსაღ საკვებს. ეს საუკეთესო გამოსავალია.

გააზიარე: