გიგი პიანომენი: თითოეულ ნოტს ვეფერები
გააზიარე:
პიანისტი და კომპოზიტორი გიგი ჭიპაშვილი ტელეაუდიტორიამ მაშინ გაიცნო, როდესაც ის გადაცემა “ფეისკონტროლის” თანაწამყვანის ამპლუაში წარუდგა მაყურებელს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი ახალგაზრდა მუსიკოსი, უკვე პიანომენის სახელით, პანდემიის დროს აღმოაჩინა და შეიყვარა, როდესაც სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა ქართული მუსიკის მისეული ინტერპრეტაციები.
ხელოვანის რთულ გზაზე, საკუთარ შემოქმედებასა და ბავშვობის კუმირთან – სტივი უანდერთან შეხვედრაზე გიგი თავად გვიამბობს.
პირველი ნაბიჯები
ბავშვობაში მუსიკაზე მეტად ფეხბურთი უყვარდა, მაგრამ ოჯახის წევრებმა, როგორც ჩანს, შეამჩნიეს მისი ნიჭი და ასე, თავისდა მოულოდნელად, აღმოჩნდა ნიჭიერთა ათწლედში:
– მახსოვს, თანაგუნდელების მშობლები დედასთან მოდიოდნენ და სთხოვდნენ, სტადიონზე გამოუშვით, ამ ბავშვს მუსიკაზე რა უნდაო. თავადაც პროტესტის გრძნობა მქონდა, მაგრამ ერთ დღეს წვიმაში ვთამაშობდით. ბავშვები გაგიჟებულები დარბოდნენ ტალახში. ვიფიქრე, უამინდობაში ფეხების მტვრევას შინ ჯდომა და მოცარტის დაკვრა არ სჯობია-მეთქი?
ზარმაცი ვიყავი, ნოტების გარჩევა მეზარებოდა, მაგრამ დღემდე მახსოვს ის სიხარული და სიამაყე, სცენაზე პირველი ნაწარმოების შესრულებისას რომ დამეუფლა. ეს იყო ლისტის "ჯუჯების ფერხული". ზოგჯერ მავიწყდება ნაწარმოები, რომელიც რამდენიმე წელია არ დამიკრავს, მაგრამ ექვსი წლის ასაკში შესრულებული საკონცერტო ეტიუდი არაფრით წაიშალა მეხსიერებიდან.
ჯადოსნური წრე
– მუსიკოსი მუდმივად ვითარდება. ახლა იმ ასაკში ვარ, როდესაც ეს დაუსრულებელი პროცესი ყველაზე მძაფრად უნდა შევიგრძნო. ინსტრუმენტთან ვჯდები, დაკვრას ვიწყებ და ვგრძნობ, რომ ის, რაც ათი წლის წინ სრულყოფილი მეჩვენებოდა, უამრავ ახალ ფერს იძენს, ყოველი ბგერა ახალ აღმოჩენად იქცევა.
კლავიშებს ცოცხალი ადამიანებივით ვექცევი, თითოეულ ნოტს ვეფერები და ჩემს განცდებს მათში ვაცოცხლებ.
ინსტრუმენტი გრძნობს განწყობას, იმავე მუხტს მიბრუნებს და აუდიტორიამდე მიაქვს. იკვრება საოცარი ენერგეტიკული წრე და ამ პროცესს დასასრული არ აქვს.
აუდიტორია
– ყოველ ჩვენგანს თავისი გია ყანჩელი, თავისი გოგი ცაბაძე და რევაზ ლაღიძე ჰყავს, ყველა თავისი განწყობის მიხედვით გრძნობს მათ მუსიკას. არ ვცვლი არც ნოტებს, არც ჰარმონიას, არც სიღრმეს; უბრალოდ, ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ თითოეული ნაწარმოების მიმართ. ვფიქრობ, ამას აფასებს ჩემი მსმენელი.
რეპერტუარს გამუდმებით ვაახლებ. პუბლიკა ყოველთვის სხვადასხვა მოდის, მაგრამ განახლებული პროგრამა თავად მჭირდება. მოდერნისტული კლასიკისა და კინომუსიკის ნაზავი დიდ ინტერესს იწვევს.
შოუბიზნესი
– შოუბიზნესი როგორც ასეთი საქართველოში არ არსებობს. ის ბილეთების გაყიდვასა და საკონცერტო ტურნეებზე უნდა იყოს ორიენტირებული, ჩვენს პატარა სოციუმში კი ასეთი მასშტაბური სამუშაოებისთვის არტაგენტებისა და პროდიუსერების ძალისხმევა არ კმარა. ისინი საერთაშორისო აუდიტორიას ვერ გააცნობენ არტისტს. საბედნიეროდ, სოციალურმა ქსელმა და სხვა ინტერნეტპლატფორმებმა ფართო ასპარეზი გადაგვიშალა ხელოვანებს, თუმცა იღბალი აქაც დიდ როლს თამაშობს – ვინმემ უნდა შეგამჩნიოს, აღმოგაჩინოს... ბევრმა სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ქართველი კომპოზიტორების ჩემეული ვერსიებიც და ჩემი მუსიკაც, თუმცა მრავალმხრივ საკონცერტო მოღვაწეობას ის ვერ უზრუნველყოფს.
საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად კიდევ ერთი გზა საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობაა. გამარჯვებულებს თავად უკავშირდებიან ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდიები და პრომოკომპანიები და მათ შემოქმედებას აპიარებენ. წლების წინ ამ კონკურსებზე მოხვედრა ძალიან რთული იყო, დღეს კი მათში მონაწილეობისთვის ყველა გზა ხსნილია.
საკვანძო მომენტები
– მუსიკაში ჩემი გზა რამდენიმე მომენტმა განსაზღვრა. პირველი ბავშვობაში ინსტრუმენტთან დაკავშირება იყო. შემდეგ დიდი გავლენა მოახდინეს პედაგოგებმა, დაბოლოს, გადამწყვეტი როლი შეასრულა ცოდნამ, რომელიც სხვადასხვა ჟანრის მუსიკასთან შეხებით, უამრავი სხვა არტისტის გაცნობით, ბევრი კონცერტით ნელ-ნელა დაილექა ჩემს გონებაში. სწორედ ამ ცოდნის საფუძველზე აღმოვაჩინე ის მუსიკა, რომელიც მხოლოდ ჩემია.
ბოსტონის კონსერვატორიაში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა გავიარე. ბერკლის კოლეჯშიც მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილება დავაგროვე, ყველა ჟანრში მოვსინჯე ძალა.
პანდემიის პერიოდში მთელმა ამ ცოდნამ და გამოცდილებამ ერთბაშად ამოხეთქა და დაგროვილი სათქმელი ქართული სიმღერების მეშვეობით გადმოვეცი. მომინდა, სახლებში ჩაკეტილ ადამიანებს ჩემი მუსიკით მოვფერებოდი. არ ველოდი, რომ ჩემს ინიციატივას ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, მსმენელი ასე თბილად მიმიღებდა.
კონცერტის წინ
– რაც უნდა კარგად ვიცოდე პროგრამა და რაც უნდა ბევრჯერ მქონდეს შესრულებული ესა თუ ის პიესა, მოუმზადებლად არცერთ კონცერტზე არ გავალ. მით უმეტეს, როცა სოლოს ვასრულებ და მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მიწევს.
არიან პიანისტები, რომლებიც კონცერტის წინ ოთახში იკეტებიან და ხმას არავის სცემენ. მე მივდივარ დარბაზში, სადაც კონცერტი უნდა შედგეს, ვუკრავ და მერე კონცერტამდე ამ თემაზე აღარ ვფიქრობ. ვცურავ, ვსეირნობ, ადამიანებს ვხვდები... სცენაზე გასვლის წინ მაინც მომიწევს იმ წნეხის გავლა, რომელსაც არტისტები აუცილებლად გადიან კულისებში და ორი დღით ადრე ამაზე ნერვიულობა არ ღირს.
ნივთები და მოგონებები
– ბავშვობაში სათამაშო როიალი მქონდა, რომელიც ძალიან მიყვარდა და ვუფრთხილდებოდი. სამწუხაროდ, დაზიანდა, ვერ შევინარჩუნე. კიდევ ერთი ძვირფასი ნივთი გახლავთ სტიკერი, რომელიც ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჩემს კუმირს, სტივი უანდერს, ნამდვილად შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებიც მაქვს, ეს სტიკერი გამორჩეულად მეამაყება. მასზე წერია თარიღი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება: 2008 წლის 22 ივნისი.
ბევრ დიდ მუსიკოსს შევხვედრივარ, მაგრამ სტივი უანდერი მიმაჩნია ყველაზე გულწრფელ არტისტად, რომელსაც მსმენელი განსაკუთრებით უყვარს. მუსიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, მისი სიმღერების ტექსტებიც კი სიყვარულით და მომავლის იმედით არის სავსე.
ავტოპორტრეტი
– ადამიანებს არა სოციალური სტატუსის, არამედ მათი უბრალოების, გულწრფელობის, ნამდვილობის მიხედვით ვაფასებ. თვალებში რომ ჩავხედავ, უნდა ვიგრძნო, რომ მის სიტყვას ფასი აქვს. სიყალბეს ვერ ვეგუები. ეს ჩემი ხასიათის მთავარი შტრიხია.
მსმენელისადმი
– დიდი მადლობა იმ განსაკუთრებული სითბოსთვის, რომელსაც აუდიტორიისგან მუდმივად ვგრძნობ.
თამარ ციბალაშვილი











