ტონირებული მზისგან დამცავი – მინიმალური მაკიაჟი, მაქსიმალური დაცვა

გააზიარე:

ყველამ ვიცით, რომ ულტრაიისფერი სხივები მთელი წლის განმავლობაში ეცემა დედამიწას. ამიტომაც გვაფრთხილებენ კანის ჯანმრთელობის სპეციალისტები, მზისგან დამცავი კრემის გარეშე შინიდან არ გავიდეთ.

მწარმოებლებმა მაკიაჟის მოყვარულებზეც იზრუნეს და მზისგან დამცავს ტონირების ფუნქცია შეუთავსეს. ტონირებული დამცავი აჯანსაღებს და ათანაბრებს კანის ფერს და, იმავდროულად, UVA და UVB სხივებისგანაც გვიცავს.

რას მივაქციოთ ყურადღება ამ პროდუქტის შეძენისას და როგორ ვიპოვოთ ჩვენი კანისთვის შესაფერისი საცხი?

რა არის

შეფერილი მზისგან დამცავი UV ფილტრთან ერთად პიგმენტსაც შეიცავს და ერთდროულად ორ ფუნქციას ასრულებს – კანის ტონირებას და მზისგან დაცვას. თუ მინიმალისტური მაკიაჟი გიყვართ, შეგიძლიათ, მაკიაჟისთვის საჭირო კოსმეტიკა მთლიანად ტონირებული მზისგან დამცავით ჩაანაცვლოთ.

რატომ არის დაცვა მნიშვნელოვანი

მზისგან დამცავი ამცირებს ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული ზიანის – კანის ნაადრევი დაბერების, პიგმენტური ლაქების, დამწვრობის, კანის კიბოს – რისკს. ოღონდ ის უნდა იცავდეს როგორც A, ისე B ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან.

UVA გრძელტალღოვანი სხივებია, ხოლო UVB – მოკლეტალღოვანი. A სხივები შედარებით სუსტია, თუმცა ღრმად აღწევს კანში, შეუძლია, გამოიწვიოს ღრმა დამწვრობა, დააზიანოს შემაერთებული ქსოვილის სტრუქტურა და ხელი შეუწყოს კანის ნაადრევ დაბერებას. UVB უფრო ძლიერი და ნაკლებშეღწევადია, თუმცა მათაც შეუძლიათ, კანის დამწვრობა გამოიწვიონ. კანის კიბოს განვითარებაზე კი ორივე ტიპის სხივებია პასუხისმგებელი.

ქიმიური თუ მინერალური?

მზისგან დამცავ საშუალებას აქვს ან ქიმიური, ან მინერალური ფილტრი. რა განსხვავებაა მათ შორის?

ქიმიური ფილტრის შემცველი საცხი სწრაფად შეიწოვება და დაახლოებით 30 წუთის შემდეგ იწყებს მოქმედებას. ის შთანთქავს მზის სხივებს, სითბოდ გარდაქმნის მათ და ორგანიზმიდან გამოდევნის. მისი უპირატესობა ის არის, რომ აქვს მსუბუქი ტექსტურა, შესაფერისია მაკიაჟის ქვეშ წასასმელად და არ ტოვებს კანზე თეთრ ფენას, ნაკლი კი ის, რომ ზოგჯერ შესაძლოა კანი გააღიზიანოს, განსაკუთრებით – მგრძნობიარე. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტი ეკოლოგიურად მავნეა წყალქვეშა გარემოსთვის.

ქიმიური ფილტრი, როგორც წესი, შედგება ისეთი კომპონენტებისგან, როგორიცაა oxybenzon, avobenzone, octinoxate, Mexoryl, octocrylen. ეტიკეტზე ამ ნივთიერებათა სახელები ამოიკითხეთ, ესე იგი ფილტრი ქიმიურია.

მინერალური/ფიზიკური ფილტრი შეიცავს ბუნებრივ მინერალებს – ტიტანის დიოქსიდს და თუთიის ოქსიდს, რომლებიც კანის ზედაპირზე ქმნის ფიზიკურ ბარიერს და ირეკლავს მზის სხივებს. ასეთი საცხი არ შეიწოვება – ის ზემოდან აპკივით ეკვრის კანს და ზოგჯერ თეთრ ფენას ტოვებს. რაც უფრო ძლიერია მზისგან დამცავი ფაქტორი, მით უფრო დიდია კანზე თეთრი ფენის დატოვების შანსი.

უპირატესობა: არ იწვევს კანის გაღიზიანებას, იდეალურია მგრძნობიარე, ალერგიული და ბავშვის კანისთვის, ახორციელებს ფართო სპექტრის დაცვას და მეყსეულად იწყებს მოქმედებას.

ნაკლი: აქვს სქელი ტექსტურა და ძნელად ნაწილდება კანზე, ზოგჯერ ტოვებს თეთრ ფენას.

არსებობს კომბინირებული ფილტრებიც. მათი ფორმულა ეფექტურობის ასამაღლებლად შეიცავს როგორც მინერალურ, ისე ქიმიურ კომპონენტებს.

როგორ შევარჩიოთ კანის ტიპის მიხედვით

* მშრალი კანისთვის რეკომენდებულია დამატენიანებელი ინგრედიენტებით (ჰიალურონის მჟავათი, გლიცერინით) გამდიდრებული კრემი.

* ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის – არაკომედოგენური (რომელიც არ ახშობს ფორებს) ტექსტურის მქონე კრემი მქრქალი ეფექტით. ასეთი კრემები ხშირად შეიცავს თიხას ან ნიაცინამიდს.

* კომბინირებული კანისთვის იდეალურია მსუბუქი, ჟელეს ან ემულსიის ტექსტურის მქონე კრემი.

* მგრძნობიარე კანისთვის უკეთესია მინერალური (ფიზიკური) ფილტრის მქონე დამცავი.

მთავარია, კრემს ჰქონდეს საკმარისად ძლიერი UVA და UVB დაცვა, იდეალურ შემთხვევაში – SPF 50.

ტონირებულ მზისგან დამცავებს ძირითადად სამი ხარისხის დაფარვა აქვთ: მსუბუქი, საშუალო და ძლიერი, თუმცა ზოგიერთი ბრენდი უფრო ფართო არჩევანსაც გვთავაზობს. ფორმულა ისეა შემუშავებული, რომ ტონირების ფუნქცია დამცავ ეფექტს არ ამცირებს.

ჩვეულებრივი მზისგან დამცავი კრემის ტონალურთან შერევა კი ადეკვატურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

როგორ წავისვათ

მზისგან დამცავი, შეფერილიც და უფეროც, კანის მოვლის რუტინის ბოლო ნაბიჯია, თუმცა მათი გამოყენებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

* ფერი მეტისმეტად ინტენსიური და არაბუნებრივი რომ არ გამოჩნდეს, შეფერილ მზისგან დამცავს ძალიან თხლად ისვამენ, რაც შეცდომაა. ეფექტური დაცვისთვის მნიშვნელოვანია სწორი დოზირება. სახის თითოეულ ნაწილზე: შუბლზე, ლოყებზე, ნიკაპზე – დაიდეთ ბარდის მარცვლისოდენა ულუფა და გაინაწილეთ. თუ ამაზე ნაკლებს წაისვამთ, უმჯობესია, მის ქვეშ ცოტაოდენი უფერო დამცავი ან მზისგან დამცავი ფაქტორის შემცველი დღის კრემი გადაისვათ. როდესაც საქმე SPF-ს ეხება, წესი ასეთია: რაც მეტი, მით უკეთესი. სახეზე უმჯობესია 30 ან 50 მზისგან დამცავი ფაქტორი გამოიყენოთ. ეს კანის ნაადრევი დაბერებისა და ნაოჭების წარმოქმნის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი გზაა.

* ტონირებული მზისგან დამცავს მსუბუქი ტექსტურა აქვს და შეგიძლიათ, პირდაპირ თითებით გადაისვათ სახეზე, მაგრამ ძლიერად პიგმენტირებულ საცხს კაბუკის ფუნჯით ან ნამიანი ღრუბლით უფრო ადვილად და თანაბრად გაინაწილებთ.

* თუ მთელი დღის მზეზე გატარებას აპირებთ, ტონირებული დამცავის ფენა სამ საათში ერთხელ მაინც უნდა განიახლოთ – ისევე როგორც უფერო დამცავისა.

* თუ კანს არასწორად მოუვლით, მზისგან დამცავმა კრემმა შესაძლოა დაახშოს ფორები და ხელი შეუწყოს ფერიმჭამელებისა და მუწუკების გაჩენას, ამიტომ ძილის წინ, სასურველია, ჯერ მიცელოვანი წყლით მოიშოროთ, მერე კი თბილი წყლითა და დასაბანი საშუალებით კარგად ჩამოიბანოთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: