შალვა თოიძე - ქირურგიული ჰეპატოლოგიის სათავეებთან

გააზიარე:

ქართული მედიცინის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პედაგოგსა და ორგანიზატორს, მედიკოსს, არაერთი თაობის აღმზრდელსა და მოამაგეს, საქართველოში ქირურგიული ჰეპატოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, პროფესორ შალვა თოიძეს.

1991 წელს ლონდონში, ჟურნალ “HPB Surgery-ში", გამოქვეყნდა ქირურგიული ჰეპატოლოგიის მსოფლიოში აღიარებული მეტრის, ედუარდ გალპერინის, სტატია “ღვიძლის ქირურგია საბჭოთა კავშირში”, რომელშიც ავტორი შალვა თოიძისა და მისი ერთ-ერთი სახელოვანი მოწაფის, პროფესორ მერაბ იზრაელაშვილის, კვლევის შედეგებს ამ დარგის მიღწევების მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევდა.

შალვა თოიძე 1910 წლის 10 ივნისს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში, რკინიგზელის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, მერე კი ბათუმის სასწავლებელში გადავიდა. მამის, სამსონ თოიძის, ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ორი ვაჟის, შალვასა და დავითის, აღზრდა დედას, ვარვარას დააწვა მხრებზე. იმ წლებში შეიმეცნა შალვა თოიძემ შრომის და ოჯახის ჭეშმარიტი ღირებულება.

სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ შალვა თოიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1931 წელს უკვე დამოუკიდებელ სამედიცინო ინსტიტუტში დაამთავრა და იმავე წელს დაინიშნა ტოპოგრაფიული ანატომიის დოცენტურის ასისტენტად. დოცენტურას სათავეში ედგა გამოჩენილი მეცნიერი, დიდი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ნათიშვილი. შალვა დიდი ენთუზიაზმით შეუდგა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას. ის მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა სტუდენტებთან მუშაობას და შეფასებისას მეტად მომთხოვნი იყო, რადგან მიაჩნდა, რომ მომავალ ექიმს ზედმიწევნით უნდა სცოდნოდა მედიცინის ქვაკუთხედი, ადამიანის სხეულის აგებულება. მალე ტოპოგრაფიული ანატომიის დოცენტურა კათედრად გადაკეთდა და მას სათავეში ცნობილი ქირურგი, პროფესორი დავით იოსელიანი ჩაუდგა. მისი ინიციატივით, ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდა პედაგოგი კვალიფიკაციის ასამაღლებლად მაშინდელი ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე მიავლინეს.

ორი წლის შემდეგ შალვა თოიძემ დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ნეკნ-შუასაძგიდის სინუსის უკანა ნაწილის ცვალებადობის უკიდურესი ვარიანტები”. სამეცნიერო საბჭომ დისერტაციას უმაღლესი შეფასება მისცა. ქართული მეცნიერული ქირურგიის ფუძემდებელმა, აკადემიკოსმა გრიგოლ მუხაძემ, აღნიშნა ნაშრომის უდიდესი კლინიკური მნიშვნელობა თირკმელსა და მუცლის ღრუს ორგანოებთან ოპერაციული მიდგომისას ნეკნ-შუასაძგიდის სინუსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

მეორე მსოფლიო ომის წლებში შალვა თოიძე 121-ე სამედიცინო-სანიტარული ბატალიონის წამყვანი ქირურგი იყო. მას სხვადასხვა სირთულის უამრავი ოპერაცია აქვს ჩატარებული. ამასთანავე, ის კოლეგების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ზრუნავდა. ქვეყნის წინაშე მისი დამსახურება აღინიშნა საბჭოთა კავშირის მთავარსარდლის სამი პირადი მადლობით (აღმოსავლეთი პრუსიის გათავისუფლებისთვის), ორდენებითა და მედლებით.

1946 წელსმუშაობა დაიწყო თბილისის ექიმთა დახელოვნებისინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე. სამი წლის შემდეგ დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: “ღვიძლის უკანა ზედაპირთან ოპერაციული მიდგომის ანატომიური დასაბუთება“. 1951 წელს კათედრის გამგედ აირჩიეს. იმავე წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

პროფესორ ნიკოლოზდემეტრაძის გარდაცვალების შემდეგ შალვა თოიძე სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრას. მან ფართოდ გაუღო კარი უმცროს კოლეგებს და ჩამოაყალიბა ძლიერი სკოლა.მოწოდებითპედაგოგს, სასწავლო-მეთოდურიმუშაობა სანიმუშოდ ჰქონდა ორგანიზებული. გვერდით ედგა უახლოესი მეგობარი,გამოჩენილი მეცნიერი – პროფესორი შამშე ქევანიშვილი. კათედრაზე სტუდენტები გვამებზე მუშაობდნენ, ოპერაციებს ცხოველებზე ატარებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამოციან წლებში ბატონი შალვა სტუდენტთა ტესტური გამოკითხვის მეთოდს იყენებდა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ანატომიური ჭრილების შეფასებასაც მოიცავდა, რაც იმ დროისთვის მეტად ორიგინალური და პროგრესული მიდგომა გახლდათ.

შალვა თოიძემ დიდი წვლილი შეიტანა კათედრის განახლებული მუზეუმის შექმნაში. ძველი მუზეუმიდან კათედრაზე შემორჩენილი იყო სახელგანთქმული პროფესორის ნიკოლოზ კახიანის (კათედრის პირველი გამგის) ხელით დამზადებული მხოლოდ მშრალი პრეპარატების ნაწილი, სველი პრეპარატები კი არ შენახულა. ბატონი შალვას ხელმძღვანელობით დამზადდა უნიკალური სველი და კოროზიული პრეპარატები, რომლებიც დღემდე ინახება ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის მუზეუმში და მთელი უნივერსიტეტის სიამაყეს წარმოადგენს (ამ პრეპარატების შექმნაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით პროფ. შამშე ქევანიშვილს და ასისტენტ გენო ბერძენიშვილს).

ბატონი შალვას მეცნიერული მემკვიდრეობის ძირითადი თემა ღვიძლის ქირურგიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია იყო. მრავალი წლის კვლევის შედეგები აისახა წარმატებით მისი ხელმძღვანელობით დაცულ 20-ზე მეტ საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციაში, მისი რედაქტორობით გამოცემულ მონოგრაფიებსა და ნაშრომთა კრებულებში. მან და მისმა მოწაფეებმა, დიდ მორფოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით, შეიმუშავეს და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგეს ღვიძლის რეზექციის ორიგინალური მეთოდი, რამაც ხელი შეუწყო დარგის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (რუსეთში, ისრაელში).

სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად, შალვა თოიძე აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. მრავალი წლის განმავლობაში გახლდათსამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. იმდროინდელი სტუდენტური ცხოვრების სპეციფიკა დეკანატთან ხშირ კონტაქტს მოითხოვდა. ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად სტუდენტები სიხარულით მიიჩქაროდნენ ბატონ შალვასთან.

ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისთვის შალვა თოიძეს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა, სამამულო ქირურგიის წინაშე დამსახურებისათვის კი გრიგოლ მუხაძის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.მისი ავტორობით რამდენჯერმე გამოიცა ორიგინალური სახელმძღვანელოები ტოპოგრაფიულ ანატომიასა და ოპერაციულ ქირურგიაში. ბატონი შალვას მეცნიერული მემკვიდრეობის ძირითადი თემა ღვიძლის ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია იყო. ამ მიმართულებით პირველი სერიოზული განაცხადი სწორედ მისი სადოქტორო დისერტაცია აღმოჩნდა. მრავალი წლის კვლევის შედეგები აისახა წარმატებით დაცულ საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებში, ნაშრომთა კრებულებსა და სტატიებში.

შალვა თოიძე იყო ანატომთა საკავშირო საზოგადოების გამგეობის წევრი. აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი ასე იგონებს საყვარელ პედაგოგსა და კოლეგას: "ერთ-ერთი ყრილობის დროს, ქალაქ გორკიში, მასპინძლებმა მდინარე ვოლგაზე ექსკურსია მოგვიწყვეს. გემს უამრავი მტრედი დაეხვია და ეკიპაჟის წევრების მიერ გადაყრილ პურის ნატეხებს ჰაერში იჭერდა. ერთ-ერთ მგზავრს არაყი ესხა ჭიქაში და მასში დასველებული პურის გადაგდება გადაწყვიტა. ფრინველებმა, როგორც კი სასმლით გაჟღენთილი საკვები დაიჭირეს, მაშინვე გადმოაგდეს პირიდან. ბატონმა შალვამ ღიმილით აღნიშნა, მტრედები ადამიანებზე უფრო ჭკვიანები ყოფილანო".

1986 წლის აგვისტოში შალვა თოიძე კათედრის პროფესორ-კონსულტანტად დაინიშნა. იგი უწინდებური შემართებით აგრძელებდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას, აქტიურად კითხულობდა ლექციებს და ხელმძღვანელობდა დისერტანტებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ათეულობით სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია, გამოქვეყნებულია რამდენიმე მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი.

"სამშობლოს სიყვარული ოჯახის სიყვარულით იწყება" – ასეთი გახლდათ შალვა თოიძის კრედო. დიდ პედაგოგსა და მეცნიერს შესანიშნავი ოჯახი ჰყავდა. მეუღლე, მარგო გეგეჭკორი, პატივსაცემი ექიმი, ნევროლოგი იყო. ქალიშვილი, ნინო, წარმატებული ექიმი და მეცნიერი, ახალგაზრდა გარდაიცვალა. ვაჟი, ბატონი ოთარი, ცნობილი ნევროლოგია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკად. პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის სამეცნიერო ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი ექიმი, ეროვნული ანტიეპილეფსიური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი.

შალვა თოიძის ოჯახში მუდამ სითბო და სიყვარული სუფევდა. ამიტომაც უყვარდა ყველას მათთან სტუმრობა. ბატონ შალვას სიამოვნებდა ოჯახისა და მეგობრებისწრეში მოლხენა.იყო არაჩვეულებრივი თამადა, ტკბილმოუბარი, ქართული ყოფითი კულტურის მოამაგე და ადათ-წესების დამცველი. მშობლიურ ტრადიციებს რუდუნებით უფრთხილდებოდა და უშურველად ასწავლიდა ახალგაზრდებს.

– კლასიკურ ქანდაკებასავით იყო, - იხსენებს მისი მოსწავლე, პროფესორი დიმიტრი კორძაია, - რა კუთხითაც უნდა შეგეხედათ, მოგეწონებოდათ: არცთუ მაღალი, მაგრამ სწორად ნაგები, არიული თავის ქალათი და ლამაზი ნაკვთებით.

მშვიდი, წყნარი, დამაჯერებელი საუბარი იცოდა. ურთიერთობისას თითქოს ადამიანის სულში იხედებოდა. გაჭირვებულს გვერდით ედგა, გასაკიცხს ხმის აუმაღლებლად კიცხავდა და სწორ გეზს აძლევდა.

საზოგადოებაში დარგის უპირველესი ექსპერტის ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი. მეგობრებს უყვარდათ და პატივს სცემდნენ. მის პოპულარობას შესანიშნავი იუმორიც უწყობდა ხელს, ოღონდ სახალხოდ ხმამაღლა არასდროს იხუმრებდა, უახლოესი ადამიანების გასაგონად ხმადაბლა, თითქოს ჩვეულებრივი კილოთი იტყოდა სათქმელს, მაგრამ ისე დროულად და მოსწრებულად, რომ არასოდეს დაგავიწყდებოდა.

ერთი შეხედვით სიტყვაძვირი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა სინამდვილეში სიტყვის ფასი იცოდა. “ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი – ოქრო რჩეული’’, – მოიხმობდა ხოლმე სოლომონის სიტყვებს. არ ყოფილა შემთხვევა, კათედრის სხდომაზე თუ პირადი საუბრის დროს ვინმესთვის სიტყვა გაეწყვეტინებინა. ფანქრით ხელში გულისყურით უსმენდა და პატარა ფურცელზე (ქაღალდის მომჭირნედ ხმარება უყვარდა) საკვანძო ფრაზებს ლაკონიური სიმბოლოებით ინიშნავდა.

საუცხოო მეგობარი იყო. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორებთან, თეიმურაზ ნათაძესთან და ავთანდილ გელაშვილთან, კარლო დემეტრაშვილთან, ვლადიმერ ჯიქიასთან, სამამულო ომის თანამებრძოლ ტიტე მენაბდესთან. უქმე დღეებში ტოპოგრაფიული ანატომიისა და პათოფიზიოლოგიის კათედრის თანამშრომლები ერთად დადიოდნენ ქალაქგარეთ – ბეთანიაში, ყინწვისში, ზედაზენზე, მცხეთის მიდამოებში... სუფრასთან საინტერესო საუბარი იმართებოდა ისტორიული და ლიტერატურული წიაღსვლებით.

წელიწადში ერთხელ მთელი კათედრა მიჰყავდა გარდაცვლილი კოლეგების საფლავებზე. თუ გზად რომელიმე ცნობილი ადამიანის მოუვლელ სამარეს წააწყდებოდა, უყურადღებოდ არ დატოვებდა.

ზედმიწევნით იცნობდა ქართულ პოეზიას. "მერანი" საუკეთესო ლექსად მიაჩნდა. ნაშრომებს ისე გულდასმით და სკრუპულოზურად ამოწმებდა, რომ მის მოსწავლეებს ხშირად სამ-ოთხჯერ უწევდათ ტექსტის გადაწერა. შეწუხებულ ახალგაზრდებს მუდამ ერთსა და იმავეს უმეორებდა: ერთადერთი, რასაც შესწორება არ სჭირდება, "ვეფხისტყაოსანიაო".

1978 წლის 14 აპრილი მისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი იყო– ქართულმა სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. გახარებულმა ბატონმა შალვამ ამ გამარჯვების აღსანიშნავად შინ მიიწვია მეგობრები, ჩვეული სითბოთი უმასპინძლა და საჩუქრებიც უსახსოვრა.

- სახლში ჰაერივით იყო, სრულიად შეუმჩნეველი მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, – მოგვითხრობს ბატონი ოთარ თოიძე, – კალმით, ფურცლითა და წიგნით ხელში ხან ერთ კუთხეში იჯდა, ხან მეორეში. მუშაობისას მთელ მაგიდაზე გაშლილ ნივთებს მუშაობის დასრულების შემდეგ კომპიუტერივით კომპაქტურად და კოხტად ინახავდა. მისი სამუშაო სტილის მსგავსად, ჩვენი ბინაც კომპაქტური იყო. რამე განსაკუთრებულზე არასდროს ჰქონია პრეტენზია, მისთვის მთავარი იყო, ჰქონოდა წიგნი და მუშაობის საშუალება. ცოცხალი მაგალითი იყო და ამ მაგალითით ასწავლიდა გარშემო მყოფებს მედიცინას და ცხოვრებას. რაც მთავარია, ასწავლიდა, როგორ ესწავლათ. კარგად იცოდა ასტრონომია, ფიზიკა და ქიმია. თავად ისწავლა გერმანული, მისი გარდაცვალების შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ფრანგულ ენასაც ეუფლებოდა.

1990 წლის აგვისტოში 80 წლის შალვა თოიძე მოულოდნელი ინფარქტით გარდაიცვალა. მისი ცხოვრების წესის პატრონი, კენჭივით ჯანმრთელი უნდა ყოფილიყოო, სინანულით გვითხრა ბატონმა ოთარმა - დიდი ექიმი და პედაგოგი ქალიშვილის უკურნებელი სენით გამოწვეულმა მუდმივმა სტრესმა იმსხვერპლა. დატოვა ავტორიტეტული სკოლა, სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი დარგი, მისი ხსოვნის პატივისმცემელი მოწაფეები და მოსიყვარულე ახლობლები.

მარი მარღანია

გააზიარე: