მოგონებები ეგნატეზე

გააზიარე:

 ბატონი გურამი ნელა გვიახლოვდება, ინტერესით გვათვალიერებს და სასაუბროდ ღიმილით გვეპატიჟება მისაღებში. ერთი შეხედვით შეატყობ, ჟურნალისტებთან ურთიერთობა მოსწონს. ვსაუბრობთ მის უსაყვარლეს მასწავლებელზე, დიდ ქირურგზე – ეგნატე ფიფიაზე. მოსაყოლი იმდენია, რომ ას ოცი წუთი ას ოცი წამივით გარბის. ბატონ გურამს კოლეგები ეძახიან, მაგრამ ექიმი არ ჩქარობს, ათას ამბავს იხსენებს და შიგადაშიგ თვითონაც გვეკითხება რაღაცებს – აინტერესებს, თავად რა ვიცით ეგნატეს შესახებ, პასუხის მიღების შემდეგ სიამოვნებით ეღიმება და თავდაჯერებით ამბობს, ექიმობა ყველაზე კარგი პროფესიააო.

ეგნატე ფიფიას ბავშვობიდან იცნობდა გურამ ტატიშვილი. მის ვაჟთან, ვახტანგთან ერთად დადიოდა საბავშვო ბაღშიც, სკოლაშიც. სტუდენტობის წლებიც ერთად მოილიეს. ცხოვრებითაც ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ – პეროვსკაიაზე. “დღესაც თვალწინ მიდგას ბატონი ეგნატე ოჯახურ გარემოში, თავის ულამაზეს მეუღლესთან, ვალია ჯუღელთან ერთად”, – იხსენებს ბატონი გურამი.

ორი წლის წინ გურამ ტატიშვილმა ეგნატე ფიფიას დაბადების 110-ე წლისთავის აღსანიშნავად  წიგნი გამოსცა, რომელშიც დიდი ქირურგის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დაწვრილებით მოგვითხრობს. ეგნატე ფიფია სამეგრელოში, დაბა ჯვარიდან რამდენიმე კილომეტრით მოშორებულ სოფელ ჩქვალერში დაიბადა. “მიყვარს ჩემი ლაკადა, მის ბეჭებზე გადაფენილი ჯვარი და ერთ მყუდრო კუთხეში შეყუჟული ჩემი პატარა ჩქვალერი”, – წაიკითხავთ ეგნატე ფიფიას მოგონებებში. მას განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ჰქონდა მოხუც ბაბუა ივანესთან. ამბობდა, დილაადრიან ამომიყენებდა გვერდით, მათოხნინებდა, თან “მამაო ჩვენოს” მათქმევინებდა და ამაყობდა, ჩვენმა მღვდელმა გაბრიელმაც არ იცის ლოცვები ასე კარგად, როგორც ჩემმა ეგნატემო. ივანე 105 წლისა გარდაიცვალა. მისმა შვილიშვილმა ბაბუის ძველი ოდის ნაფუძარზე ორსართულიანი სახლი ააშენა, სადაც დღეს აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახლ-მუზეუმია.

შრომასა და გარჯაში გატარებულმა ბავშვობამ მის მომავალ ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა. წალენჯიხის ორკლასიანი სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ პატარა ეგნატე ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში შეიყვანეს, რომელიც ასევე ოქროს მედალზე დაამთავრა. არც თბილისის ახალდაარსებულ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარება გასჭირვებია და 1920 წელს სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

ნიჭიერმა ახალგაზრდამ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიიპყრო ცნობილი ანატომისა და ქირურგის, ნიკოლოზ კახიანის ყურადღება და მისი დახმარებით ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში იგი ნიკოლოზ კახიძის ხელმძღვანელონით ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის საფუძვლებს დაეუფლა. მისივე ხელმძღვანელობით გააკეთა პირველი ოპერაცია – თეთრი ხაზის თიაქრისა. ბატონი ეგნატე დიდად აფასებდა მასწავლებლის ღვაწლს ქირურგად მის ჩამოყალიბებაში და ყოველთვის დიდი მადლიერებით მოიხსენიებდა ხოლმე. მისი გარდაცვალების შემდეგ ეგნატემ მუშაობა იმ დროის საუკეთესო ქირურგთან, გრიგოლ მუხაძესთან დაიწყო და მის საყვარელ მოწაფედაც იქცა. სწორედ  გრიგოლ მუხაძემ შეურჩია სადისერტაციო თემა: ღვიძლის ამებური აბსცესი და მისი მკურნალობა, – რომელიც 1936 წელს წარმატებით დაიცვა კიდეც. ამას სადოქტორო მოჰყვა, რომელზე სამუშაოდაც ეგნატე პროფესორ მუხაძის ხელშეწყობით მოსკოვში, სკლიფასოვსკის სახელობის ინსტიტუტში გაგზავნეს. რა თქმა უნდა, არც მოსკოვში დარჩენილა შეუმჩნეველი მისი ნიჭი და აკადემიკოსმა სპერანსკიმ მის ლაბორატორიაში მიმდინარე ყველა ქირურგიული ექსპერიმენტის ხელმძღვანელობა დაავალა. ერთი წლის შემდეგ, 1937 წლის მაისში, მან ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიიღო.

ეგნატემ მოღვაწეობა თბილისში გააგრძელა. 1940 წელს პროფესორი გახდა. 1941 წლიდან მოყოლებული, ის ჯერ პედიატრიული, მერე კი სამკურნალო ფაკულტეტების ქირურგიის კათედრას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ხალხმა და განსაკუთრებით სამედიცინო საზოგადოებამ ის გაიცნო არა მხოლოდ როგორც კარგი ქირურგი და კლინიცისტი, არამედ როგორც შესანიშნავი ლექტორი და პედაგოგიც.

ეგნატე ფიფია ზოგს მეტისმეტად მეტისმეტად მკაცრ  პიროვნებად მიაჩნდა, ზოგს კი ლმობიერად. გურამ ტატიშვილი ამბობს, რომ ეგნატეს ორივე თვისება ჭარბად ჰქონდა. “მაგალითად, ბატონი ეგნატე ცნობილი იყო თავისი გადაჭარბებული მომთხოვნელობით კლინიკის ყველა დონისა და ყველა ასაკის თანამშრომლების მიმართ. კარგად მახსოვს, მისი დილის შემოვლისას როგორ დარბოდნენ კათედრის პროფესორები, დოცენტები თუ რიგითი ექიმები პალატებში, რომ იქ შესულ ეგნატეს ყველაფერი წესრიგში დახვედროდა. თუმცა, იმავდროულად, ის იყო ძალიან ლმობიერი და ყურადღებიანი. მისი დინჯი, ნელი ნაბიჯების ხმას დერეფანშივე ვცნობდით”.

ეგნატე ფიფიას ლექციებს არავინ აცდენდა, პირიქით, სტუდენტებთან ერთად მათ ხშირად ექიმებიც ესწრებოდნენ. სტუდენტებთან ურთიერთობა ენერგიას და მხნეობას მმატებსო, ამბობდა ბატონი ეგნატე. ერთი შეხედვით იგი მართლაც მკაცრი და შეუვალი ჩანდა, თუმცა სინამდვილეში უაღრესად ყურადღებიანი იყო. მაგონდება ერთი ამბავი: დედაჩემის გარდაცვალების დროს ჩვენი ყველა წამყვანი ქირურგი კალინინგრადში იმყოფებოდა. იქიდან დაბრუნებულმა ბატონმა ეგნატემ მომისამძიმრა და მითხრა: მე დედათქვენს დიდ პატივს ვცემდი და როდესაც მის საფლავზე წახვალ, მეც გამაგებინეო. ყოველთვის ვგრძნობდი მის ყურადღებას, გვერდით დგომას და დახმარებას”.

კათედრის გამგედ ეგნატე ფიფიას არჩევა მეორე მსოფლიო ომის წლებს დაემთხვა. იგი, უშრეტი ენერგიის წყალობით, წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს კათედრაზე საქმიანობას, ლექციების კითხვას და ჰოსპიტალში მუშაობას. ჩვეულებად იქცა მისი საღამოს შემოვლები, შუაღამისას რიგგარეშე გამოძახებები და დაჭრილთა უმძიმესი კონტინგენტი. თუმცა მისი დახმარებით ქირურგები წარმატებით ართმევდნენ თავს ომის დროინდელ სირთულეებს. “მისი ქირურგიული საქმიანობა ორმოცდათხუთმეტ წელიწადს გაგრძელდა. აქედან ორმოცი წელი ის სამედიცინო ინსტიტუტის ორ დიდ ქირურგიულ კათედრას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში მან ბევრი ქირურგი, პროფესორი, დოცენტი, აისტენტი და პრაქტიკოსი ექიმი გაზარდა”, – მოგვითხრობს ბატონი გურამი. პირადად ბატონი ეგნატეს მიერ ნაოპერაციებ 8000-ზე მეტ ავადმყოფს დაუბრუნდა ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხალისი. მარტო წყლულოვანი დაავადების გამო ნაოპერაციები 5000-მდე ავადმყოფიდან 99,5%-ზე მეტი გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ  0,5%, მსოფლიო სტანდარტითაც კი, სიკვდილიანობის ძალიან მცირე მაჩვენებელი იყო, ბატონი ეგნატე ამასაც მტკივნეულად განიცდიდა. მან ქალბატონ როდამ ქუმსიაშვილთან ერთად გარდაცვლილ ავადმყოფთა ისტორიების საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ უმრავლესობის გარდაცვალების მიზეზი ემბოლია იყო, რაც მან მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას შეადარა. მოხსენების ბოლოს მან თქვა: “თოთხმეტი წლის მანძილზე გარდაცვლილ ავადმყოფთა ისტორიების შესწავლის დროს გამოირკვა, რომ არც ერთი მათგანი, მიუხედავად განვლილი წლებისა, ჩვენ არ დაგვვიწყებია, მაშინ როდესაც ათასობით განკურნებული პაციენტი ჩვენს მეხსიერებას არ შემორჩენია”.

ქირურგიული მოღვაწეობის ორმოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ბატონმა ეგნატემ მრავალი დაავადების მკურნალობის ახალი და ორიგინალური მეთოდი შეიმუშავა და დანერგა. მან უმაღლეს დონეზე აიყვანა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და სიმსივნის დროს კუჭის რეზექციის ტექნიკა, საქართველოში პირველმა გააკეთა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის (გასკდომის) დროს რადიკალური ოპერაცია – კუჭის რეზექცია, პაციენტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ეროსი მანჯგალაძე გახლდათ.

თქვენ დღის რომელ მონაკვეთში ისვენებთ – შუადღისას, ნასამხრევს თუ გვიან საღამოს? დასვენება ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა. ეგნატე ფიფიას უცნაური ჩვეულება ის გახლდათ, რომ იგი თითქმის არ ისვენებდა, შვებულებას კი ძალიან იშვიათად იღებდა. რა დამასვენებსო, უთქვამს კიდეც ერთხელ პროფესორ როდამ ქუმსიაშვილისთვის. თუმცა, მიუხედავად მუდმივი მოუცლელობისა, მაინც ახერხებდა მსახიობების, მხატვრების, მწერლების გარემოცვაში ყოფნას, რადგან ძალიან უყვარდა ლიტერატურა და ხელოვნება.

ბატონი გურამი იხსენებს: “1976 წელს ურეკში ტრანსპლანტოლოგიის საკითხებში სიმპოზიუმს ვმართავდი. ბატონი ეგნატე ამ პრობლემაზე არ მუშაობდა, მაგრამ მიპატიჟებაზე უარი არ მითხრა და თავისი გამოჩენით სამეცნიერო ფორუმს საოცარი ხიბლი შესძინა. სიმპოზიუმის ბოლოს აკადემიკოსებმა უქტამ არიპოვმა და ვალერი შუმაკოვმა მითხრეს, მხოლოდ ბატონ ეგნატე ფიფიასთან გატარებული დღეების გამო ღირდა ჩამოსვლაო, ბატონმა ეგნატემ კი მადლობა გადამიხადა, მთელი კვირით რომ მოვწყვიტე კლინიკას და დავასვენე”.

ეგნატე ფიფიას წარმატებულ მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას მშვიდი და ბედნიერი ოჯახური ატმოსფეროც უწყობდა ხელს. ყველაზე მეტად ის ახარებდა, რომ მისი ერთადერთი შვილი, ვახტანგი, მედიცინას გაჰყვა და დიდ წარმატებასაც მაიღწია გულმკერდისა და გულის ქირურგიაში.

სამოცდაათიანი წლების ბოლოს ბატონ ეგნატეს ჯანმრთელობამ უღალატა. მიუხედავად ამისა, აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ მაინც ხშირად აკეთებდა რთულ ოპერაციებს და ბევრს მოგზაურობდა.

“საინტერესო რამ მოხდა ბატონი ეგნატეს საიუბილეო ბანკეტზე, ფუნიკულიორის დიდ დარბაზში, – იხსენებს გურამ ტატიშვილი, – თამადამ, პროფესორმა დავით მამამთავრიშვილმა, სუფრაზე გამოაცხადა: ვინც ეგნატეს ნაოპერაციები ბრძანდებით, გთხოვთ, ფეხზე წამოდგეთო. კურიოზული მდგომარეობა შეიქმნა – დამსწრეთა ნახევარზე მეტი ფეხზე წამოდგა”.

სახელგანთქმულ ექიმზე საუბარი დასასრულს უახლოვდება, ბატონი გურამი დინჯად მიგვაცილებს კარისკენ. კიდევ ბევრი რამ დამრჩა სათქმელიო, ჩივის და პირობას გვადებინებს, რომ კვლავ შევხვდებით მის მეგობარსა და მასწავლებელზე სასაუბროდ.

                                                                                                                                                               ნინია მაჭარაშვილი

                                                                                                                                                                თამარ არქანია

გააზიარე: