ფსიქოლოგიური ტრავმა - რატომ ვითარდება, როგორ ამოვიცნოთ
გააზიარე:
ფსიქოლოგიური ტრავმა იმაზე ბევრად უფრო გავრცელებული და ღრმა მოვლენაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის მოქმედებს ჩვენს ფიქრებზე, ქცევებზე, ურთიერთობებზე და, ჯამში, ცხოვრების ხარისხზე. წინასწარ ვერავინ იტყვის, რომელი მოვლენა შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისთვის მატრავმირებელი, ხოლო ტრავმის შემდეგ ბევრი ვერც კი აცნობიერებს, რომ მის შედეგებს ჯერ კიდევ იმკის.
რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა? როგორ ამოვიცნოთ ის? როგორ შეიძლება მისი გადამუშავება? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრ "სტიმულის" დამფუძნებელი, ექიმი ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრა.
– როგორც ფიზიკური ჭრილობა ტოვებს ნაწიბურს, ისევე ტოვებს მტკივნეული გამოცდილებაც ფსიქიკაში ნეგატიურ კვალს, მაგრამ ვინაიდან ფსიქიკა პიროვნების უხილავი ნაწილია, ამ კვალს უმეტესად ვერ ვამჩნევთ ან სათანადოდ ვერ ვაფასებთ მის სიღრმეს.
ადამიანებს სჩვევიათ ტრავმის გაუფასურება, მასზე ხუმრობით ან ირონიით ლაპარაკი, რაც კიდევ უფრო ართულებს ტრავმის გააზრებასა და გადალახვას.
ფსიქოლოგიური ტრავმა ისეთსავე დიდ ზიანს გვაყენებს, როგორსაც, მაგალითად, ძვლის მოტეხილობა და სერიოზულ დამოკიდებულობას, მკურნალობას მოითხოვს. სხვაგვარად მან შესაძლოა გამოიწვიოს ცხოვრების ხარისხის მკვეთრი დაქვეითება, სოციალური ფუნქციის დაკარგვა, იზოლაციაც კი. გადაუმუშავებელი ტრავმის მქონე ადამიანი უბრალოდ ბიოლოგიური არსებაა — არსებობს, მაგრამ არ ცხოვრობს.
როგორ ყალიბდება
– ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია მატრავმირებელი სიტუაცია, თუმცა ყველა მათგანს ფსიქოლოგიურ ტრავმამდე არ მივყავართ, ჩვენი შინაგანი რესურსები და ახლობლების მხარდაჭერა ხშირად საკმარისია იმისთვის, რომ სტრესული გამოცდილება გადავლახოთ. ძალადობით, უბედური შემთხვევით, სიცოცხლისთვის საშიში მოვლენით განპირობებულ ძლიერ სტრესს კი შეუძლია, მწვავე სტრესული აშლილობა გამოიწვიოს. ტრავმის მიზეზად შეიძლება იქცეს არა მხოლოდ სიკვდილის, არამედ კეთილდღეობის (მაგალითად, მნიშვნელოვანი სოციალური როლის) მოულოდნელი დაკარგვის საფრთხეც, რაც იწვევს შიშს: “როგორ ვიცხოვრო ამიერიდან?“.
მწვავე სტრესული აშლილობის პირველ ეტაპზე ადამიანს სჭირდება დრო, სივრცე და გარემო, სადაც საკუთარი რესურსების მობილიზებას შეძლებს და სტრესულ სიტუაციას დამოუკიდებლად გაართმევს თავს. თუ ეს მოხერხდა, ტრავმული გამოცდილება საფუძვლად დაედება პიროვნულ ზრდას, გაძლიერებას.
ტრავმა ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანს არ გააჩნია რესურსი, რომ სუბიექტურად ან ობიექტურად საშიშ გარემოებას გაუმკლავდეს.
საშიშროებას – რესურსი = ტრავმას
როდესაც საშიშროება უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანის შინაგანი ან გარეგანი რესურსი, ტრავმული შედეგი თითქმის გარდაუვალია. როცა რესურსი საკმარისია, ადამიანს შეუძლია, გადაამუშაოს სტრესი ისე, რომ ეს უკანასკნელი ტრავმად არ იქცეს. როდესაც საშიშროება და პიროვნების შესაძლებლობები დაახლოებით თანაბარია, შედეგი დამოკიდებულია ინდივიდის პიროვნულ სტრუქტურასა და აზროვნების სტილზე – წარმატებით გადალახულ გამოწვევად აღიქვამს ამ მოვლენას თუ ცხოვრებისგან უსამართლოდ დაკისრებულ ტვირთად.
როცა რესურსების სიმცირის ან გარემოებათა სიმძიმის გამო სტრესის დაძლევა ვერ ხერხდება, მდგომარეობა ქრონიკულ სახეს იღებს და ვითარდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ამ დროს ადამიანი ცხოვრობს შინაგანი მღელვარებით და გამუდმებით ეჯახება ტრიგერებს — სიტუაციებს, რომლებიც მას ტრავმის მომენტში განცდილი უმწეობის, შიშის ან ტკივილის განცდაში აბრუნებს. ადამიანი გამუდმებით ენერგიაგამოცლილია, უძლური. მას აღარ შეუძლია ძველებურად ცხოვრება და იძულებული ხდება, ქვეცნობიერად აამუშაოს საადაპტაციო მექანიზმები.
– რა გავლენას ახდენს პიროვნებაზე ბავშვობაში მიღებული ტრავმა?
– ფსიქოლოგიური ტრავმების დიდი ნაწილი ადრეული ბავშვობიდან იღებს სათავეს. ბავშვს არ გააჩნია საკმარისი ფიზიკური და ემოციური რესურსი მათთან გასამკლავებლად, ამიტომ ფსიქიკა დროებით "ივიწყებს" მომხდარს, ქვეცნობიერში გადააქვს. ტრიგერთან შეხვედრისას ასეთი ტრავმა ხელახლა გვახსენებს თავს. მაგალითად, ზრდასრულ ქალებთან ვაგინიზმის შემთხვევები ხშირად უკავშირდება ადრეულ ასაკში გადატანილ და ცნობიერად დავიწყებულ სექსუალურ ძალადობას.
ბავშვობაში მიღებულ ტრავმაზე შესაძლოა "დაშენდეს" ახალი სტრესული გამოცდილება, მოხდეს რეტრავმატიზაცია, სადაც სიტუაციები თითქოს განსხვავებულია, მაგრამ საერთოა ის ბირთვული ტრავმა, რომელმაც ადამიანს თავდაპირველად აგრძნობინა უძლურება და უთანასწორო ბრძოლაში დანებება აიძულა. ასეთი ტრავმა შესაძლოა გააქტიურდეს ზრდასრულ ასაკში, როდესაც ადამიანი ვერ უმკლავდება სტრესს და მას მსხვერპლის პოზიციაში ჩადგომა აიძულოს. მსხვერპლის პოზიციაში მყოფ ადამიანს არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, გამუდმებით აქვს განცდა: "მე უძლური ვარ", – და სტრესულ ვითარებაში ან ტრიგერთან შეჯახების დროს ადვილად უბრუნდება წარსულ მდგომარეობას.
დაბადების ტრავმა
– ფსიქოთერაპიაში არსებობს გავრცელებული მოსაზრება: რისი გადალახვაც უწევს ახალშობილს დაბადებისას, იმავე ფიზიოლოგიურ დატვირთვას ზრდასრული ადამიანი ორ წუთზე მეტხანს ვერ გაუძლებდა – ან ინფარქტით მოკდებოდა, ან ინსულტით, ან პოლიტრავმით. მართალია, ახალშობილის ორგანიზმი ადაპტირებულია ამ პროცესთან, მაგრამ დაბადება მისთვისაც საკმაოდ მტკივნეული და სტრესული მოვლენაა, ხოლო მას, ვინც დაიბადა, უკვე გადალახული აქვს ცხოვრების პირველი, უძლიერესი წინააღმდეგობა. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანში უკვე არის სირთულეთა დაძლევისა და გადარჩენის გამოცდილება. ფსიქოთერაპიაში ეს გამოცდილება შეიძლება იქცეს რესურსად, რომელიც ადამიანს დაანახებს, რომ დაბადებისთანავე ჰქონდა უდიდეს ცვლილებებთან გამკლავების ძალა და ახლაც აქვს შინაგანი რესურსი სხვა კრიზისების გადასალახავად.
– რა განსხვავებაა ამ კუთხით ფიზიოლოგიურად და საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს შორის?
– ბუნებრივად დაბადებული ბავშვი, ფსიქოთერაპიული თვალსაზრისით, მთლიანად გადის ბრძოლის გზას, რაც მას დაბრკოლებათა გადალახვისა და მიზნის მიღწევის გამოცდილებას სძენს. საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს აკლიათ ეს გამოცდილება. მათი პირველადი ქვეცნობიერი აღქმა სამყაროსთან დაკავშირებით შესაძლოა უფრო პასიური იყოს, შესაძლოა, ასეთ ბავშვებს ეჩვენებოდეთ, რომ მათ ძალისხმევაზე არაფერია დამოკიდებული, მაგრამ თუ ეს გამოცდილება სწორად იქნა გააზრებული და დამუშავებული, შესაძლოა, კარგ რესურსად იქცეს.
ტრავმის ნიშნები
– როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ ადამიანს ტრავმა აქვს გადატანილი?
– უპირველეს ყოვლისა, ვაღიაროთ, რომ ტრავმა ყველას გვაქვს — უბრალოდ, ვსწავლობთ მათთან ერთად ცხოვრებას. ფსიქოლოგიური ტრავმა მიიჩნევა გადაუმუშავებლად და მოითხოვს თერაპიას, როცა მისი შედეგები ხელს გვიშლის ჯანსაღ, სრულფასოვან ცხოვრებაში.
გადაუმუშავებელმა ტრავმამ შესაძლოა დააზიანოს:
* ფიზიკური ჯანმრთელობა – წესისამებრ, ტრავმის შედეგია ფსიქოსომატური დაავადებები.
* ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა – ტრავმის დროს ადამიანი ვერ გრძნობს საკუთარ ძალას, ვერ ხედავს რთული სიტუაციიდან გამოსავალს, ეუფლება შფოთვა, პანიკა, ვერ რეაგირებს გამოწვევებზე, რომელთა გადალახვა, ჩვეულებრივ, შესაძლებელია;
* ემოციური ჯანმრთელობა – ახალი ან მისთვის ამოუცნობი მოვლენის პირისპირ ადამიანს არ აქვს იმედი, რომ პრობლემა მოგვარდება, არ სჯერა, რომ ვინმე დაეხმარება.
* სოციალური ჯანმრთელობა. ჩვეულებრივ, როგორ გრძნობს თავს საზოგადოებაში ადამიანი? – მას ესმის სხვების, ხოლო სხვებს ესმით მისი. ტრავმა შესაძლოა გამოვლინდეს იზოლაციით ან, პირიქით, გადაჭარბებული სოციალიზაციის მცდელობით, ურთიერთობის დამანგრეველი სტილით, ურთიერთობის მუდმივი შიშით ან კონტროლის მოთხოვნილებით.
* ურთიერთობა მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან – ტრავმის შემდეგ ადამიანი მოწყვლადი ხდება, ნებისმიერ სიტყვას, ნებისმიერ ფრაზას, ნებისმიერ დაუგეგმავ სიტუაციას შეუძლია მისი დაზიანება. ზოგჯერ კი ტრავმირებული პიროვნება თვითონვე ხდება დამაზიანებელი სხვებისთვის. მისი ქცევა რადიკალურად იცვლება. არასრულწლოვანთა მშობლებს აფრთხილებენ, ყურადღება მიაქციონ ქცევის ცვლილებებს, რადგან ხშირად სწორედ შეცვლილი ქცევაა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის პირველი და ყველაზე თვალსაჩინო სიგნალი.
* სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობები – ტრავმა შესაძლოა გამოვლინდეს ვაგინიზმით, ფრიგიდულობით, სექსუალური დისფუნქციით, სიახლოვის შიშით, ერთგულების უუნარობით, პარტნიორისგან დისტანცირებით.
* ფინანსური კეთილდღეობა – შესაძლოა, ტრავმის შედეგი იყოს ქვეცნობიერად უარყოფითი დამოკიდებულება ფინანსების მიმართ. მაგალითად, ადამიანმა შესაძლოა ოჯახური მეხსიერებიდან მიიღოს შეტყობინება, რომ ფინანსური წარმატება საფრთხეს ნიშნავს, რადგან მისი შეძლებული ახლობელი სიმდიდრეს შეეწირა ან მისი ოჯახის წინა თაობა მატერიალური შეძლების მოტივით რეპრესიებში მოჰყვა.
* თვითრეალიზაცია – ტრავმული გამოცდილება ხელს უშლის პიროვნულ ზრდას. ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანი პროფესიის არჩევისას ხელმძღვანელობს არა საკუთარი, არამედ სხვისი სურვილებით, ფარავს თავის ნიჭს, უარს ამბობს სიამოვნებაზე იმ მოტივით, რომ "არ ეკუთვნის".
სხეული, გონება და ემოციები
– რა დონეზეც არ უნდა განვითარდეს ტრავმის სიმპტომები, ისინი აუცილებლად მოახდენენ გავლენას მთლიანობაზე, რადგან ადამიანი ერთიანი სისტემაა.
სხეულებრივ დონეზე მოსალოდნელია ყელში ბურთის, გულზე სიმძიმის შეგრძნება, თავბრუხვევა, ფეხებში სისუსტე, გულის წასვლა, კუჭის ტკივილები და სხვა;
ემოციურ დონეზე – შიში, შფოთვა, პანიკა, დაბნეულობა, უიმედობა, მკვეთრად დაბალი თვითშეფასება, იმედგაცრუება, დეპრესიისადმი მიდრეკილება, მუდმივი დაძაბულობა და სხვა;
გონებრივ დონეზე – თვითშეზღუდვები, ნეგატიური, ამკრძალავი ფიქრები, დამამცირებელი შინაგანი დიალოგი და სხვა.
ხატოვნად თუ ვიტყვით, ტრავმა ნიჟარაში მოხვედრილი ქვიშის მარცვალია. ის ფხაჭნის, ტკივილს აყენებს მოლუსკს, რომელიც, თავის მხრივ, იწყებს მის გარშემო სადაფის გარსის შენებას და საბოლოოდ მარცვლის ნაცვლად ვიღებთ მარგალიტს.
ხშირად ადამიანი უკვე დიდი "მარგალიტით" მოდის თერაპიაზე. თავდაპირველ ტრავმას გარს აკრავს სხვა ტრავმები. თერაპია კი არქეოლოგიურ სამუშაოს ჰგავს: ვიწყებთ ზედაპირული სიმპტომების გამოკვლევით და თანდათან ჩავდივართ ღრმა შრეებამდე – პირველ, ბირთვულ ტრავმამდე. თერაპიის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოხერხდება ამ ძირითადი ტრავმის ამოცნობა და გადამუშავება.
ტრავმის სიმძიმე
– როგორ ფასდება ტრავმის სიმძიმე?
– სიმპტომების ინტენსივობის შეფასება, წესისამებრ, სუბიექტურია, თუმცა ძალზე გამოსადეგი ინსტრუმენტია საწყის ეტაპზე. შეგვიძლია, კლიენტს ვთხოვოთ, შეაფასოს კონკრეტული სიმპტომები: შფოთვა, შიში, დაძაბულობა, დანაშაულის გრძნობა, გულმკერდში სიმძიმის შეგრძნება, ყელში ბურთი და სხვა, – ერთიდან ათამდე ქულით. თუ რომელიმე სიმპტომს 6-დან 10-მდე ქულა მიენიჭა, დიდი ალბათობით, ის გადაუმუშავებელ ტრავმულ გამოცდილებასთან იქნება დაკავშირებული და ეს უკვე მიუთითებს თერაპიის დაწყების საჭიროებაზე.
დიაგნოსტიკა შესაძლებელია სხვა მეთოდებითაც: არტთერაპიით, მეტაფორული ასოციაციური ბარათებით, გაცნობიერების ტექნიკებით, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიით და სხვა.
გაცნობიერება
– აქვს თუ არა ადამიანს რესურსი, რომ თავად გადაამუშავოს ტრავმა?
– ზოგ შემთხვევაში — კი. მაგალითად, თუ ტრავმის დროს ბავშვის გვერდით აღმოჩნდა ზრდასრული ადამიანი, რომელიც შეუქმნის მას უსაფრთხოების განცდას და საჭირო რესურსს. მოზარდებსა და ზრდასრულებს აქვთ შანსი, დამოუკიდებლად გადალახონ ტრავმა.
ფაქტის გაცნობიერება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ მიხვედრა, რომ რაღაც ტრავმული მოხდა, არ ნიშნავს მის გადალახვას. მაგალითად, ადამიანი შეიძლება მიხვდეს, რომ ფეხი მოიტეხა, მაგრამ თუ არ მოხდა კიდურის იმობილიზაცია და არ გავიდა საჭირო დრო, პაციენტი ვერ განიკურნება. ფსიქოლოგიური ტრავმაც ასე მუშაობს. მაგალითად, საყვარელი ადამიანის გარდაცვალების დროს აუცილებელია გლოვის კლასიკური ეტაპების გავლა. მათ შორისაა დეპრესიაც — ფაზა, რომელიც ხშირად ნეგატიურად აღიქმება, თუმცა სინამდვილეში სწორედ ამ პერიოდში იკრებს ადამიანი ძალას, რომ გაუშვას გარდაცვლილი და დაიწყოს ცხოვრება მის გარეშე. ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანი ამ ეტაპებს ბოლომდე ვერ გადის და რომელიმე საფეხურზე იჭედება. ის ამბობს, რომ კარგადაა და ისე ცხოვრობს, როგორც უნდა, ყოველდღე დადის საფლავზე, ზრუნავს მიცვალებულზე. სინამდვილეში ეს ადამიანი საკუთარი ცხოვრებით საერთოდ არ ცხოვრობს.
ტრავმის გაცნობიერება და იმის აღიარება, რომ დამოუკიდებლად მისი გადალახვა ვერ შეძელი, პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯია განკურნებისკენ.
ტრავმა და დრამატიზაცია
– ადამიანს ხშირად აზიანებს არა თავად ტრავმული ფაქტი, არამედ დრამატული სცენარი, რომელიც მას მოჰყვება — განცდა, რომ ისევ იმ სიტუაციაშია, ისევ უძლურია, ისევ მსხვერპლია. ამიტომ თერაპიის მიზანია:
1. დრამატულობის დონის შემცირება, რომ ფაქტს აღარ ჰქონდეს დამანგრეველი ძალა;
2. ტრავმულ სიტუაციაში ხელახლა შესვლა, მაგრამ უკვე უსაფრთხო გარემოში, თერაპევტის თანხლებით.
თერაპევტის როლი
– თერაპევტი არ არის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ან "გადაარჩენს" კლიენტს. ის თანმხლები პირია – ტრავმულ მომენტში დაბრუნებულ ადამიანს ზღურბლთან აჩერებს, უწვდის ხელს და ეუბნება: "მეც აქ ვარ. თუ გჭირდება, შეგიძლია, მომკიდო ხელი. ამ გზას ერთად გავივლით". კლიენტი თვითონვე აკეთებს საქმეს. თერაპევტი მას მხოლოდ ინსტრუმენტებს სთავაზობს იმისთვის, რომ კლიენტმა გამოიმუშაოს ახალი აღქმა, შექმნას ახალი კავშირი საკუთარ ისტორიასთან. ფაქტი რჩება ფაქტად, მაგრამ მას აღარ ახლავს უძლურების, მსხვერპლად ყოფნის განცდა. ამის შემდეგ ადამიანი აცნობიერებს:
* "ტრავმა მივიღე, მაგრამ გადავრჩი – ცოცხალი ვარ";
* "ახლანდელი გამოცდილებით იმავე სიტუაციაში ალბათ სხვაგვარად მოვიქცეოდი";
* "დღეს ჩემი პოზიცია უფრო აქტიურია, ვიდრე მაშინ იყო".
ამ განცდით ადამიანი კიდევ ერთხელ გაივლის იმავე ტრავმულ გზას და საბოლოოდ ბრუნდება ყოველდღიურობაში ახალი არჩევანით — აღარ იყოს მსხვერპლი; პირიქით, იყოს აქტიური, პასუხისმგებლობის მქონე და რესურსებზე ორიენტირებული.
თერაპევტის ამოცანაა, მიაგნოს თითოეული კლიენტისთვის ტრავმის გადასამუშავების ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულ გზას. ზოგჯერ პროცესი დროსა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ შინაგანი მზაობისა და ძლიერი რესურსების მქონე ადამიანთან სასურველ შედეგს შესაძლოა სულ რამდენიმე სესიითაც მივაღწიოთ.
EMDR
– ტრავმის გადამუშავების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ეფექტური მეთოდია EMDR (Eye Movement Desensitization and Reprocessing) თერაპია, რომლითაც იხსნება მძიმე მოგონების ემოციური დატვირთვა (და არა თვითონ მოგონება). შესაძლოა, ადამიანს დეტალურად არც კი ახსოვდეს კონკრეტული ფაქტი, მაგრამ სხეულის მეხსიერებაში რჩება იმ მომენტში განცდილი შინაგანი მდგომარეობა. EMDR სწორედ ამ განცდის დამუშავებას ისახავს მიზნად. მთავარია, ადამიანს შეეძლოს თავის შეგრძნებებზე დაკვირვება და თერაპევტისთვის იმის ახსნა, რას გრძნობს მოცემულ მომენტში. მეთოდი არ მოითხოვს ტრავმულ გამოცდილებაზე საუბარს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის.
– როგორ მუშაობს EMDR?
– ადამიანის ტვინი ინფორმაციას ინახავს შეგრძნებების, ვიზუალური გამოსახულებების, ხმების, ფრაზებისა და სხვა სენსორული "ფაილების" სახით, რომელთა ერთობლიობა ქმნის ტრავმულ მოგონებას. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ფიქრის დროს თვალები თავისით მოძრაობს, რაც ხშირად კონკრეტულ მოგონებას უკავშირდება. EMDR-ის დროს ადამიანი აღიდგენს ტრავმულ მომენტს და პარალელურად თვალებით მიჰყვება თერაპევტის ხელის მოძრაობას. ეს მის ტვინს ეხმარება, გაანეიტრალოს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებული ემოციური დაძაბულობა.
მეთოდი აქტიურად გამოიყენება საზღვარგარეთ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ჯარისკაცებთან. მისი შედეგიანობა არაერთხელ არის დადასტურებული კვლევებით და ხშირადაც ფინანსდება დაზღვევის მიერ როგორც ეფექტიანი და სტანდარტიზებული თერაპიული მიდგომა.
მარი აშუღაშვილი











