ჯანსაღი თვითშეფასება – როგორ ვიპოვოთ ბედნიერებისკენ მიმავალი გზა

გააზიარე:

ჯანსაღი თვითშეფასება ის მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ცხოვრებას გვიადვილებს, სწორი მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში გვეხმარება, თავს ბედნიერად გვაგრძნობინებს, ხოლო საკუთარ თავზე არაადეკვატური წარმოდგენა ხელს გვიშლის პიროვნულ განვითარებაში, საქმიანობაში, წარმატებაში და, რაც მთავარია, ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

პიროვნული განვითარების ტრენერი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ტრანსფორმაციული ქოუჩი, არაფორმალური განათლების ექსპერტი ქეთი ჟვანია-ტაისონი დიდი ხანია თვითშეფასების საკითხით დაინტერესდა, მიღებული ცოდნა საკუთარ თავზე გამოსცადა და დღეს სხვებს ეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში. ქალბატონი ქეთი თავის გამოცდილებას და მოსაზრებებს ჩვენი ჟურნალის მკითხველს უზიარებს.

– თვითშეფასების შესწავლა აკადემიური ინტერესის გამო არ დამიწყია, ამ კუთხით თავადაც მქონდა პრობლემები, ამიტომ ახალგაზრდობიდანვე დავინტერესდი კომპლექსებით, რომლებიც შემდეგ თვითშეფასებად გადაითარგმნა.

თვითშეფასება არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარი ღირებულების შესახებ. უბრალო ენით, ეს ნიშნავს, რამდენად მოგვწონს და პატივს ვცემთ საკუთარ თავს, რამდენად ღირებულად მიგვაჩნია ის. როდესაც ბავშვებსა და თინეიჯერებთან დავიწყე მუშაობა, აღმოვაჩინე, რომ დაბალი თვითშეფასება მხოლოდ ჩემი პრობლემა არ იყო – ბევრ ახალგაზრდას არ მოსწონდა საკუთარი თავი. საკუთარი თავის არმოწონება აისახება ადამიანის გრძნობებზე, ფიქრებსა და ქცევაზე. ადამიანი სათანადოდ აღარ ზრუნავს საკუთარ თავზე, აღარ იყენებს ცხოვრებისგან მიცემულ შესაძლებლობებს, არ აქვს ისეთი სისხლსავსე ცხოვრება, როგორიც შეიძლებოდა ჰქონოდა. ჯანსაღი თვითშეფასება ყველაფერს ცვლის. როგორც ჰენრი ფორდი ამბობდა, არ აქვს მნიშვნელობა, მიგაჩნიათ, რომ შეგიძლიათ თუ მიგაჩნიათ, რომ არ შეგიძლიათ – ორივე შემთხვევაში მართალი ხართ.

ხშირად ვამბობთ, რომ ადამიანის მიზანია, განვითარდეს, იყოს ბედნიერი და სამყაროში სიკეთე შემოიტანოს, მაგრამ ის, ვინც თავად არ არის ბედნიერი, ვერ გამოასხივებს ბედნიერებას – ლიმონს ხელი რომ მოუჭირო, ვაშლის წვენს ხომ ვერ გამოწურავ? კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების. ამ კუთხით ჩვენს საზოგადოებაში დიდი შეუსაბამობაა: ადამიანს ვასწავლით, რომ იფიქროს სხვებზე, ბედნიერება მიანიჭოს მათ, მაგრამ ბედნიერება გარეთ რომ გამოვიტანოთ, ამისთვის აუცილებელია, თავად ვიყოთ ბედნიერი, ანუ უწინარესად საკუთარ თავზე ვკონცენტრირდეთ, ამას კი ჩვენში ეგოიზმად ნათლავენ. გამოდის, რომ ჩვენი მისწრაფება არ შეესაბამება იმას, რასაც საზოგადოება ჩვენგან ელის, ეს კი პიროვნებაში შინაგან კონფლიქტს იწვევს.

არსებობს ერთი სავარჯიშო: ადამიანს ვთავაზობთ, ორი წუთი გაუჩერებლად ილაპარაკოს თავის ძლიერ მხარეებზე – რა მოსწონს, რით ამაყობს. ამ სავარჯიშოს შესრულება ბევრს უჭირს, საკუთარ ღირსებებზე ლაპარაკი ტრაბახად მიაჩნიათ, მათ ხომ ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ, რომ ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს.

ჩვენს საზოგადოებაში ხშირად უჭირთ ბალანსის დაცვა – ადამიანი ან ამპარტავანი და ტრაბახაა, ან საერთოდ არ ლაპარაკობს საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვაოთ სიამაყე და ამპარტავნება. ჯანსაღი თვითშეფასება ჩემთვის განუყოფლად უკავშირდება სიამაყეს. სიამაყეს იმის გამო, რომ რაც მომეცა, იქიდან გამოვძერწე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ, მე  თვითონ გადავწყვიტე, რა დამეტოვებინა და რა – არა.

მაღალი, დაბალი, ჯანსაღი

– რას ვგულისხმობთ, როცა დაბალ ან მაღალ თვითშეფასებაზე ვსაუბრობთ? რა შეიძლება იმალებოდეს მაღალი თვითშეფასების უკან?

– თვითშეფასებას ხშირად აღწერენ სიტყვებით: ჯანსაღი, ადეკვატური, არაადეკვატური, დაბალი, მაღალი. ჩემი დაკვირვებით, მაღალი თვითშეფასება არ არსებობს. თვითშეფასება ან  დაბალია, ან ჯანსაღი. ის, რაც საზოგადოებაში მაღალ თვითშეფასებად მიიჩნევა, სინამდვილეში ამპარტავნებით შენიღბული დაბალი თვითშეფასებაა. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანთა ნაწილი თუ თვითგვემას ეწევა, ნაწილს სწორედ დაბალი თვითშეფასება უბიძგებს ძალადობისკენ, გაკილვისკენ, დაცინვისკენ, რადგან მიაჩნია, რომ სხვის ნაკლოვანებათა ფონზე თავად უკეთესი გამოჩნდება. ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ადამიანი არავის დასცინის, არავის ჩაგრავს, არ ძალადობს. თვითდამკვიდრებისთვის მას სხვისი დამცირება არ სჭირდება. ის არავის ედარება, იცის, რომ უნიკალურია.

– კიდევ რა თვისებებით გამოირჩევა ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ადამიანი?

– ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ადამიანი:

• ცხოვრობს იმ პრინციპით, რომ ყველა თანასწორია – არც უკეთესია ვინმე და არც უარესი;

• არ იჭედება წარსულ, ნეგატიურ გამოცდილებაში;

• არ აძლევს საშუალებას თავის შინაგან კრიტიკოსს, ნეგატიურად წარმოაჩინოს რეალობა;

• ზრუნავს საკუთარ თავზე და მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს;

• როცა რამე არ უნდა, თამამად ამბობს "არას";

• იცის თავისი სუსტი მხარეები და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი;

• განვითარებული აქვს სტრესმედეგობა და ემოციური გონიერება.

ამის საპირისპიროდ, დაბალი თვითშეფასების ნიშნებია:

• ზედმეტი თვითკრიტიკულობა;

• საკუთარი ღირსებების დაკნინება ან უგულებელყოფა;

• პერფექციონიზმი;

• გარშემო მყოფებთან საკუთარი თავის შედარება მათ სასარგებლოდ;

• საკუთარი თავის უარყოფითად მოხსენიება, ნეგატიური იარლიყების მიწებება (“რა სულელი ვარ” და ა.შ.);

• საკუთარი საჭიროებების გამოხატვის უუნარობა;

• მხოლოდ საკუთარ სისუსტეებზე კონცენტრირება;

• ნეგატიური ემოციების სიჭარბე, ცხოვრების მუქ ფერებში ხედვა;

• შეცდომის შიში;

• სხვების საჭიროებათა ყოველთვის საკუთარზე წინ დაყენება.

თვითშეფასებასთან დაკავშირებით ადამიანს, როგორც წესი, ორგვარი პოზიცია აქვს: ან მსხვერპლია, ან შემოქმედი. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი მსხვერპლის პოზიციაშია, მიაჩნია, რომ რაც კი მის ცხოვრებაში ცუდი ხდება, სხვების ბრალია. ჯანსაღი თვითშეფასების მქონე პიროვნება კი შემოქმედის პოზიციაშია, ის სხვებს არ ადანაშაულებს და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხსიმგებლობას თავად იღებს.

ქცევაში არეკლილი

– დაბალი თვითშეფასება ადამიანს გარეგნულადაც ეტყობა – დადის მხრებში მოხრილი, მეტისმეტად ხშირად იხდის ბოდიშებს... შესაძლოა, ხელი არ ახლოს იმ საქმეს, რასაც სხვა აკეთებს – ვაითუ ისე არ გამოუვიდეს, როგორც სხვას, “მაშინ ხომ გამოჩნდება, რომ ის ჩემზე უკეთესია, მე კი – უარესი”.

როცა ადამიანი თავს შედარებით პოზიციაში აყენებს და თავს არიდებს დაბრკოლებებთან შეჭიდებას, ის ხელიდან უშვებს ზრდის შესაძლებლობას. შინაგან კრიტიკოსს უამრავ ენერგიას ვახარჯავთ და კარგი საქმეების საკეთებლად აღარ გვრჩება.

ერთხანს საჯარო გამოსვლებზე უარს ვამბობდი. ვფიქრობდი, სად შემიძლია, ცნობილ სპიკერებს შევედარო-მეთქი. მერე საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ ეს დაბალი თვითშეფასების ბრალი იყო. გავიაზრე, რომ ყველას აქვს თავისი უნიკალური მხარე და მეც უნიკალური ვარ.

ამასწინათ საქართველოში კვლევა ჩატარდა. გამოკითხული 14-29 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 7%-მა გამოთქვა საკუთარი ბიზნესის დაწყების სურვილი. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეცდომის შიშია.

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები სუპერკრიტიკულები არიან, ყველაფერს მუქ ფერებში ხედავენ, არ ოცნებობენ. ასეთი საზოგადოება ქვეყნის განვითარებისთვისაც საშიშია. ასეთი ადამიანები მთელი მონდომებით  გიხსნიან, რატომ არის შეუძლებელი ამა თუ იმ იდეის განხორციელება, რატომ არ გამოვა, და საზოგადოებას ჭაობისკენ ექაჩებიან. როდესაც დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ხედავს, რომ სხვას ჯანსაღი თვითშეფასება აქვს, ან თავადაც მის მხარეს უნდა გადავიდეს, გათავისუფლდეს, ან შეებრძოლოს მას. გახსოვთ ალბათ „ნატვრის ხის“ ფინალი, როგორ ესვრიან ტალახს შინაგან თავისუფლებას და სილამაზეს.

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს უჭირთ კრიტიკის მიღება. კრიტიკა რომ მიიღო, ფეხზე მყარად უნდა იდგე. მხოლოდ ჯანსაღი თვითშეფასების ადამიანს შეუძლია, თვალი გაუსწოროს თავის სისუსტეებს, რომლებზეც სამუშაო აქვს.

რა თქმა უნდა, ადამიანი ხარისხზე უნდა იყოს ორიენტირებული, მაგრამ პერფექციონიზმი არ არის შემოქმედი ადამიანის წვა, ეს არის მსხვერპლის შიში, არ გამოჩნდეს, რომ რაღაც არ იცის. ამ შიშის გამო ადამიანმა შეიძლება არადეკვატური დრო და ენერგია დაახარჯოს რამეს, დაიზიანოს ჯანრთელობა, დააზიანოს ურთიერთობები.

– სად გადის ზღვარი სამუშაოს კარგად შესრულებასა და პერფექციონიზმს შორის?

– ჩემთვის ეს ზღვარი იქ გადის, სადაც ადამიანი შედეგზე მტკივნეულად არ არის დამოკიდებული და სიამოვნებას პროცესით იღებს – აკეთებს მაქსიმუმს, მაგრამ თუ ზუსტად ისეთი შედეგი ვერ მიიღო, როგორიც წარმოედგინა, ამას ტრაგედიად არ აქცევს.

ვინაიდან დაბალი თვითშფასების მქონე ადამიანებს დაბალი სტრესმედეგობა აქვთ, ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილები დეპრესიისა და შფოთვისკენ, უჭირთ მარცხის შემდეგ საქმისა თუ ურთიერთობების თავიდან დაწყება. საზოგადოდ, უჭირთ დაცემის შემდეგ წამოდგომა. ვერც პარტნიორთან, ვერც სამსახურში ჯანსაღ ურთიერთობებს ვერ ამყარებენ. ასეთ ადამიანს გამუდმებით ეშინია, პარტნიორმა არ მიატოვოს, ყველა წვრილმანს კონფლიქტის საფუძვლად აქცევს.

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები საკუთარ თავზეც კი არ ზრუნავენ. იმდენად, რომ შესაძლოა, საქმე თვითაზიანებამდეც კი მივიდეს.

ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავს, აღიქვამს მას სამყაროს საჩუქრად, ზრუნავს მასზე, ვარჯიშობს, ჯანსაღად იკვებება. სხვათა შორის, ეს პრობლემა ხშირად აქვთ ახალგაზრდა დედებს, რომლებიც საკუთარი თავისთვის დროს ვეღარ პოულობენ და შედეგად აღარც ენერგია აქვთ, აღარც ხალისი. ხშირად საკუთარი გარეგნობა არ მოსწონთ მოზარდებს, განსაკუთრებით – გოგოებს, რაც დაბალი თვითშეფასების ერთ-ერთი მიზეზია. ეს იმის ბრალიცაა, რომ საზოგადოება გარკვეულ სტანდარტებს ქმნის და გვკარნახობს.

როცა ადამიანს უჭირს კომპლიმენტების მიღება, ეს დაბალ თვითშეფასებაზე მიუთითებს, ამიტომ ადეკვატური თვითშეფასების მისაღწევი ერთ-ერთი სავრჯიშოა კომპლიმენტების გაცემისა და მიღების სწავლა.

ჯანსაღი თაობისთვის

– რა გავლენას ახდენს გარემო თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე?

– საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენა, ბუნებრივია, გარე სამყაროსთან განმეორებადი შეხება-გამოცდილების მეშვეობით ყალიბდება. ბავშვი პატარაობიდანვე უყურებს უფროსების მაგალითს და მათ ქცევას გადმოიღებს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ხდება ჯერ ოჯახში და შემდეგ – სკოლაში.

ფორმალური განათლება აგებულია ვერტიკალზე, რომელიც გულისხმობს მოზარდის შეფასებას და გარკვეულ ეტალონთან შედარებას. სკოლაში ბავშვებს გამუდმებით აყენებენ შედარების პოზიციაში, არ ითვალისწინებენ, რომ ვიზუალი მხედველობით იღებს ინფორმაციას, კინესთეტიკი – შეგრძნებებით, აუდიალი – სმენით და ერთი და იმავე არხით მიწოდებულ ინფორმაციას ყველა ერთნაირად ვერ ითვისებს.

ბავშვი რასაც აკეთებს, იმითაა უნიკალური. შედარება დაბალ თვითშეფასებას და ზედმეტ თვითკრიტიკულობას წარმოშობს. ზედმეტი თვითკრიტიკულობისგან დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმაც და მასწავლებლებმაც შეაფასონ არა ბავშვი, არამედ მისი ქცევა: “რა კარგად გაგიკეთებია, ყოჩაღ!” და არა “რა ჭკვიანი ხარ” ან “რა სულელი ხარ”. არ შეიძლება, ბავშვს იარლიყი მივაწებოთ.

ბავშვს საკუთარი თავის შეცნობაში უნდა დავეხმაროთ. ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ისტორიის სწავლება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, ბავშვს შეეძლოს იმის ამოცნობა, რას გრძნობს, როგორ აღიქვამს საკუთარ თავს და რა უნარები აქვს. ჯანსაღი თვითშეფასების განვითარების გარეშე ვერანაირი აკადემიური განათლება ჯანსაღი თაობის აღზრდაში ვერ დაგვეხმარება.

თვითშეფასების ასამაღლებლად

– რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს ჯანსაღი თვითშეფასების მისაღწევად?

– ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ თუ ჩვენი მკითხველი ჩათვლის, რომ თვითშეფასებაზე უნდა იმუშაოს, უპირველეს ყოვლისა, ვურჩევდი ერთი მარტივი სავარჯიშოს შესრულებას: რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა დროს გამონახავს, მივიდეს სარკესთან, თვალებში შეხედოს საკუთარ თავს და უთხრას: "მიყვარხარ!" ეს ძალიან ემოციური სავარჯიშოა, ბევრი ამ დროს ტირის.

გარდა ამისა, მის ადგილას დავიწყებდი იმაზე ფიქრს, როგორია ჩემი არჩევანი, რა მინდა ვიყო: მსხვერპლი თუ შემოქმედი. როცა ადამიანს მიაჩნია, რომ მის გარშემო ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, რათა მან თავი კარგად იგრძნოს, გამოდის, რომ მრავალ გარეგან ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენი გადაწყვეტილება, ყველაფერი კარგად იყოს, იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვინდა, მაგრამ შეიცვლება დამოკიდებულება და მიდგომა, რაც ჩვენს ცხოვრებაზე აუცილებლად აისახება.

მოვძებნიდი ინფორმაციას, წავიკითხავდი ნაშრომებს თვითშეფასების შესახებ, თუმცა მხოლოდ გაცნობიერებით დაბალი თვითშეფასება არ შეიცვლება. ჯანსაღი თვითშეფასება, უპირველესად, უნარ-ჩვევაა, რომლის გამოსამუშავებლადაც სავარჯიშოებს შევასრულებდი, ტრენინგებს დავესწრებოდი.

დავიწყებდი რაიმე ფორმით საკუთარ თავზე ზრუნვას. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ბუნების წიაღში გასეირნება და ხესთან ჩახუტება, ზოგისთვის – მუსიკის მოსმენა. ვოცნებობ რამეზე, მაგალითად, გორგოლაჭებით სრიალის სწავლაზე? – წავიდოდი და ვისწავლიდი (სხვათა შორის, ვსწავლობ კიდეც).

ყოველ საღამოს ჩამოვწერდი სამ რამეს, რისთვისაც საკუთარი თავის მადლიერი ვარ.

ვიმუშავებდი სხეულის გონიერებაზე. ამისთვის არსებობს, მაგალითად, ასეთი სავარჯიშო: მიიდეთ ხელი მკერდზე, თვალები დახუჭეთ და დაფიქრდით, რამდენი წელია, ერთგულად გემსახურებათ თქვენი გული. დაიწყეთ თვითშეფასების ამაღლება საკუთარი თავისადმი, საკუთარი სხეულისადმი მადლიერებით.

გარშემო ისეთ ადამიანებს შემოვიკრებდი, ვისაც ჯანსაღი თვითშეფასება და უფრო მაღალი ენერგეტიკა აქვს, ვიდრე მე. ისინი ისეთ ენერგიას ასხივებენ, რომელთან ერთადაც ჩემს თვითშეფასებაზე მუშაობა გამიადვილდება.

აუცილებლად ვიზრუნებდი საკუთარ ჯანმრთელობაზე. მასზეა დამოკიდებული ემოციური გონიერებაც, ანუ ჩვენი ემოციების ხარისხი დაკავშირებულია იმასთან, რა მდგომარეობაშია ჩვენი სხეული და როგორი ფიქრები გვაქვს.

ვისწავლიდი, როგორ შევამჩნიო, რომ საკუთარ თავზე უარყოფით კონტექსტში ვლაპარაკობ ან ვფიქრობ და შევწყვიტო; როგორც კი რამე ცუდის თქმას ან ფიქრს წამოვიწყებ, მაშინვე გავჩერდე.

ავიმაღლებდი თავდაჯერებას, რასაც თვითშეფასების ამაღლებაც მოჰყვება. პარადოქსულია, მაგრამ შეიძლება, ადამიანს დაბალი თვითშეფასება ჰქონდეს და იმავდროულად, სჯეროდეს, რომ ესა თუ ის საქმე კარგად გამოსდის. თავდაჯერების ამაღლება შეგვიძლია ასეთ საქმეზე საუბრით, ჩვენი ძალისხმევის შედეგების დაფასებით, გაზიარებით. მერე და მერე შეგვიძლია, სხვა საქმეც წამოვიწყოთ, რომელშიც კომპეტენციას ნელ-ნელა ავიმაღლებთ. რაც უფრო მეტ ისეთ რამეს შევქმნით, რისთვისაც საკუთარ თავს შევაქებთ, მით უკეთესი ჩვენი თვითშეფასებისთვის.

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ბოლოს აუცილებლად მივალთ მთავარ კითხვამდე: უნდა თუ არა ასეთი ცვლილება ადამიანს? შეგიძლია, ცხენი წყალთან მიიყვანო, მაგრამ ძალით წყალს ვერ დაალევინებ. რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ საჯაროდ ამ თემაზე, მით უფრო მეტი დაინახავს, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. მთავარია, დავანახოთ მათ, რომ არსებობს ასეთი გამოწვევა, რათა რამის შეცვლის სურვილი გაუჩნდეთ და გზების ძებნა დაიწყონ.

საუბარს კი ჩემი საყვარელი სპიკერის ტონი რობინსის სიტყვებით დავასრულებ: “საკუთარ თავზე თქვენი წარმოდგენა  განსაზღვრავს იმას, რამდენად შეძლებთ თქვენი უსაზღვრო პოტენციალის გამოყენებას”. ასე რომ, წარმატებას გისურვებთ!

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: