გულის უკმარისობა
გააზიარე:
ანატომიის სახელმძღვანელოს ფურცლებზე გამოსახული გული სრულიადაც არ ჰგავს იმ გულს, სიყვარულის ნიშნად რომ ხატავენ მიჯნურები. ის კი არა, ადამიანის ამ მგრძნობიარე, ნაზად მფეთქავი ორგანოს ნამდვილი ფორმაც კი შეიძლება სხვადასხვანაირად დავახასიათოთ. აი, გულის ფუნქციაზე არავინ დავობს. ყველამ იცის, რომ ეს მუჭისოდენა ტუმბო დაუღალავად მუშაობს და შეკუმშვა-გაფართოებისას მის პარკუჭებში ჩაღვრილ სისხლს უკან, ორგანიზმში გადაისვრის. და ასე გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ისეც ხდება, რომ გულის კუნთი (სწორედ კუნთოვანი ქსოვილისგან არის ნაშენი გულის კედლები) ჯეროვნად ვეღარ ტუმბავს სისხლს. ეს, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ გული მუშაობას წყვეტს; ამგვარი ცვლილება გულის უკმარისობი
სმაჩვენებელია.
გულის კუნთის შეკუმშვა-გაფართოების უნარის შესუსტებას უმთავრესად იწვევს კორონარული არტერიების პათოლოგია, მაღალი არტერიული წნევა და ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მათ შორის – დიაბეტი.
რას გვანიშნებს გული
გულის უკმარისობა ორი სახისაა: ქრონიკული, როდესაც დაავადების ნიშნები თანდათანობით იჩენს თავს და მწვავე, როდესაც უკმარისობა ერთბაშად ყალიბდება. გულის ქრონიკული უკმარისობის ნიშნებია:
. ქოშინი ანუ დისპნოე, რომელიც ფიზიკური დატვირთვის დროს იჩენს თავს, ხოლო თუ უკმარისობა ძლიერია, მოსვენების დროსაც ვითარდება;
. მოთენთილობა და სისუსტე, იოლად დაღლა – თუ ადრე ვარჯიში სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანს, ახლა მხოლოდ დისკომფორტს იწვევს;
. ქვედა კიდურების შეშუპება, უპირატესად – ტერფისა და მუხლისა. სითხე მუცლის ღრუშიც შეიძლება დაგროვდეს, თუმცა ასეთი რამ მხოლოდ მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე უკმარისობის დროს ხდება;
. სწრაფი, არარეგულარული გულისცემა;
. ხველა, რომელსაც არც ამოსახველებლები შველის და არც ხველის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტები. ნახველი შესაძლოა სისხლნარევი იყოს;
. წონის უეცარი მატება – ამ დროს ის ჭარბი კვების ან მცირე ფიზიკური აქტიურობის ბრალი კი არა, სისხლის ცირკულაციის გამო ქსოვილებში სითხის დაგროვების (ჩადგომის) ბრალია;
. მადის დაქვეითება (ხშირად – შეშუპების გამო წონის მატების ფონზე), გულისრევის შეგრძნება;
. კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, დაბნეულობა.
გულის მწვავე უკმარისობის დროსაც იგივე ნიშნები იჩენს თავს, თუმცა ამჯერად ისინი უფრო სწრაფად ვითარდება და უფრო მძაფრად მიმდინარეობს, მაგალითად, ქსოვილებში სითხის სწრაფი დაგროვება, რაც მთელი სხეულის შეშუპებას იწვევს, მაჯის მოსმენისას – პულსის მკვეთრი აჩქარება ან არარეგულარული რიტმი, უეცარი ძლიერი ხველა, რომელიც სისხლნარევი ქაფიანი ნახველის ამოხველებით სრულდება.
ვიკვლევთ მიზეზებს
გულის უკმარისობის ჩამოყალიბების ყველაზე გავრცელებული მიზეზი კორონარული არტერიების – გულის მკვებავი სისხლძარღვების – დაზიანებაა, უფრო სწორად, მათ სანათურში ცხიმოვანი ფოლაქების ჩალაგება, რის შედეგადაც სანათური ვიწროვდება და სათანადო ოდენობის სისხლს ვეღარ ატარებს. ამ პათოლოგიურ ცვლილებას ათეროსკლეროზი ეწოდება და იგი ცხიმოვანი ცვლის მოშლის შედეგს წარმოადგენს.დავიწროებული არტერიები გულის კუნთს სისხლით სათანადოდ ვერ კვებავს, ვერ აწვდის საჭირო მოცულობის ჟანგბადს, რის შედეგადაც კუნთოვანი ქსოვილის (მიოკარდიუმის) შესაძლებლობები მცირდება, კუნთი დუნდება და ტუმბოს ფუნქციას ჯეროვნად ვეღარ ასრულებს. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც მიოკარდიუმის ფუნქციის მოშლას განაპირობებს, მაღალი არტერიული წნევაა. გული სწორედ წნევის მეოხებით გადაისვრის ქსოვილებში სისხლის ნაკადს. როდესაც წნევა მაღალია, გული დაძაბულ რეჟიმში მუშაობს, რაც მისი კუნთოვანი ქსოვილის შესქელებას და მოდუნებას იწვევს. ისეც ხდება, რომ მიოკარდიუმი შესქელება-გამკვრივების ნაცვლად მეტისმეტად თხელდება. აი, გულის ზომა კი ორივე – ქსოვილის როგორც გასქელების, ისე გათხელების – შემთხვევაში იზრდება, რაც ზედაპირული გამოკვლევისას (მოსმენისას) იოლი შესამჩნევია. გულის სარქვლის ნაკლოვანება ასევე ხშირად იწვევს მიოკარდიუმის ფუნქციურ სისუსტეს. გულის სარქვლები სისხლის ნაკადს მიმართულებას აძლევს. როდესაც სარქველი დაზიანებულია (ინფექციის შედეგად ან თანდაყოლილი დეფექტის გამო), გულის კუნთს დამატებითი სამუშაოს შესრულება უხდება, რათა სისხლის დინება სწორად წარიმართოს. შედეგად მიოკარდიუმი იღლება და თანდათან სუსტდება, მაგრამ თუ სარქვლოვანი დეფექტი დროულად აღმოაჩინეს და უმკურნალეს, გულის უკმარისობის თავიდან აცილება შესაძლებელია. კარდიომიოპათია გულის კუნთის დაზიანებაა, რომელსაც უამრავი მიზეზი აქვს: ინფექცია, ალკოჰოლიზმი, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების, მაგალითად, კოკაინის მოხმარება, ქიმიოთერაპია, წითელი მგლურა, თირეოიდული დაავადება... კარდიომიოპათია კი, თავის მხრივ, ხშირად გვევლინება გულის უკმარისობის მიზეზად. გულის, უმთავრესად – მისი მარცხენა ნაწილის, უკმარისობის კიდევ ერთი მიზეზია მიოკარდიტი – გულის კუნთის ანთებითი დაზიანება. მიოკარდიტს უპირატესად ვირუსი იწვევს. უკმარისობას გულის თანდაყოლილი მანკიც ხშირად იწვევს. როდესაც გულის რომელიმე ნაწილის სარქველი ან საკნის კედლები განუვითარებელია, მეორე ნაწილს ორმაგი სამუშაოს შესრულება უწევს. სწორედ ამ მიზეზით ვითარდება უკმარისობა. ზოგიერთი ქრონიკული დაავადება ასევე ხშირად იწვევს მიოკარდიუმის ფუნქციური უკმარისობის ჩამოყალიბებას. უმეტესად დამნაშავეა დიაბეტი, რომელსაც სისხლძარღვების (მათ შორის – გულის მკვებავი არტერიების) დაზიანება ახასიათებს. გულის უკმარისობის მიზეზად არცთუ იშვიათად გვევლინება მძიმე ანემია, ჰიპერ- და ჰიპოთირეოიდიზმი, ფილტვის ემფიზემა, წითელი მგლურა, ამილოიდოზი, ჰემოქრომატოზი. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ გულის კუნთის უკმარისობის ჩამოყალიბებაში გარკვეულწილად ალერგიაც შეიძლება მონაწილეობდეს. ხშირად მედიკამენტებსაც ადანაშაულებენ. უკმარისობაში ჩართულია გულის ორივე მხარე – მარცხენაც და მარჯვენაც, თუმცა პათოლოგიური ცვლილებები, როგორ წესი, მარცხენა ნაწილიდან, უპირატესად – მარცხენა პარკუჭიდან იწყება. ამგვარი სტარტი იმით აიხსნება, რომ სწორედ ეს პარკუჭი ასრულებს ძირითადი ტუმბოს როლს. მოდი, მოკლედ დავახასიათოთ გულის უკმარისობის სხვადასხვა ტიპი. უკმარისობის ტიპი დამახასიათებელი ნიშნები გულის მარცხენამხრივი უკმარისობა უკმარისობის ყველაზე ხშირი ფორმაა.
• სისხლი უკუიღვრება ფილტვებში, რაც სუნთქვის უკმარისობასა და ქოშინს განაპირობებს.
• გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა
• ხშირად მარცხენამხრივ უკმარისობასთან ერთად ვითარდება.
• სისხლი უკანვე გადაიტყორცნება მუცლის ღრუსა და ქვედა კიდურებში, რაც მათ შეშუპებას იწვევს.
• სისტოლური უკმარისობა
• ამ შემთხვევაში მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის პრობლემა იჩენს თავს, რაც სისხლის გადასროლას აფერხებს. დიასტოლური უკმარისობა
• ამ შემთხვევაში მარცხენა პარკუჭი ჯეროვნად ვერ დუნდება, რაც საკნის სისხლით არასრულ გადავსებას იწვევს.
როგორ დასტურდება
გულის უკმარისობის ნიშნების გამოვლენას ექიმი ჩივილების მოსმენითა და გარეგნული სიმპტომების (შეშუპების, კისერზე შებერილი ვენების...) შეფასებით იწყებს. გარდა ამისა, სპეციალისტი ხშირად დამატებით გამოკვლევებსაც ნიშნავს, მაგალითად:
. სისხლის ანალიზს, რომელიც ორგანოს დაზიანებისა და უკმარისობის ძირითადი მიზეზის გამოვლენაში დაეხმარება. მაგალითად, სისხლის გაშიფვრით შეიძლება ამოვიცნოთ გულის უკმარისობის ჩამოყალიბებაში დამნაშავე თირეოიდული ჯირკვლისა და პანკრეასის დაზიანება; სისხლში ტვინის ნატრიურეტული პეპტიდის (ბრაინ ნატრიურეტიც პეპტიდ – BNP) შემოწმებით შეგვიძლია განვსაზღვროთ გულში არსებული სისხლის წნევა, რაც უკმარისობის არსებობა-არარსებობის ინდიკატორია.
. გულმკერდის რენტგენოგრამა, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს, შეაფასოს გულის ზომა (უკმარისობის დროს, როგორც წესი, გულის საზღვრები გადიდებულია) და სითხით გადავსებული ფილტვების მდგომარეობა;
. ელექტროკარდიოგრამა გულის რიტმის შეფასების საშუალებას იძლევა; გულის არარიტმული მუშაობა შესაძლოა მიოკარდიუმის ფუნქციური უკმარისობის მაუწყებელი იყოს;
. ექოკარდიოგრამა გულის უკმარისობის გამოსავლენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევის მეთოდია. მისი მეშვეობით ექიმი არკვევს, რამდენად კარგად ივსება გულის საკნები სისხლით და რამდენად ძლიერად მუშაობს ტუმბო. ექოკარდიოგრამას ასევე შეუძლია გამოავლინოს სარქვლების პრობლემა და გულის უკმარისობის ზოგიერთი სხვა მიზეზი;
. სტრესტესტი ფიზიკური დატვირთვის დროს გულისა და სისხლძარღვების მუშაობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ადამიანი, რომელიც ეკგ-მოწყობილობაზეა შეერთებული, ექიმის თხოვნით ადგილზე დადის, მოძრავ ბილიკზე ვარჯიშობს ან სტაციონარულიველოსიპედის პედლებს ატრიალებს. გულის მუშაობის სტიმულირებისთვის კარდიოლოგი ზოგჯერ სპეციფიკური მედიკამენტის მიღებასაც ურჩევს პაციენტს.
. კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). ორივე შემთხვევაში სპეციალური მოწყობილობის საშუალებით გულის დეტალურ გამოსახულებას იღებენ. მრტ-ის ჩასატარებლად ადამიანს გრძელ, კაფსულის მსგავს მოწყობილობაში ათავსებენ და გულის სხვადასხვა შრის გამოსახულების მისაღებად ნელი, ბიძგისებური მოძრაობით ატარებენ მასში.
. ანგიოგრაფია. ეს საკმაოდ რთულად ჩასატარებელი გამოკვლევაა: სპეციალისტს კათეტერი ხელის სისხლძარღვის გავლით გულის უმსხვილეს სისხლძარღვამდე – აორტამდე მიჰყავს, გულის მკვებავ (კორონარულ) არტერიებში შეღებილ მასას უშვებს და მათ გამტარობას იკვლევს.
რით ვუშველოთ
გულის უკმარისობის მკურნალობა მთელი სიცოცხლე გრძელდება, თუმცა მართებული და დროული ჩარევის შემთხვევაში სიმპტომები ქრება და ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მკურნალობის დროს უმნიშვნელოვანესია მიზეზთან ბრძოლა. მაგალითად, თუ გულის უკმარისობა სარქვლის ნაკლოვანებით არის გამოწვეული, მისი აღმოფხვრით (სავარაუდოდ, ოპერაციული ჩარევით) უკმარისობის ნიშნები უკან დაიხევს. გულის უკმარისობის მკურნალობა მედიკამენტების გარეშე წარმოუდგენელია, თანაც მათი ხანგრძლივი მიღებაა საჭირო. ხშირად ავადმყოფს რამდენიმე პრეპარატის სმაც კი უხდება. არის შემთხვევები, როდესაც გული ოპერაციულ ჩარევას ითხოვს. ზოგჯერ საჭირო ხდება კორონარული შუნტირების, სარქვლის აღმდგენი ოპერაციის ჩატარება, დეფიბრილატორის იმპლანტის ან ტუმბოს ჩადგმა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში – გულის ტრანსპლანტაცია.