შევარჩიოთ ფენი
გააზიარე:
ფენი ყოველდღიური რუტინის ნაწილია, ამიტომ მისი სწორად შერჩევა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თმის საჭიროებებს მორგებული შამპუნისა ან კონდიციონერისა.
სტატიიდან შეიტყობთ, რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის ფენებს შორის და რომელი მახასიათებლებია გადამწყვეტი ხელსაწყოს არჩევისას.
რა მნიშვნელობა აქვს ხარისხს
თმის დაზოგვა – საშრობი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით: იონური სისტემით, ინფრაწითელი სხივებით, კერამიკული ან ტურმალინის კომპონენტებით, – ნაზად აშრობს და ზოგავს თმას. ამ ტექნოლოგიების წყალობით თმის ღერები ინარჩუნებს ბუნებრივ ტენიანობას, სიგლუვესა და ბზინვარებას. ტემპერატურისა და სიჩქარის სხვადასხვა რეჟიმი ხელს უწყობს სითბოს თანაბარ განაწილებას, ამცირებს თმის გადახურებისა და დაზიანების რისკს. შედეგად თმა არ კარგავს ბუნებრივ სილამაზეს, აქვს ჯანსაღი და მოვლილი შესახედაობა.
ეფექტურობა და სისწრაფე – დილის რუტინაში დრო ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია, რაც ფენის მწარმოებლებმაც იციან, ამიტომ მაღალი ხარისხის ფენი სწრაფად აშრობს თმას, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით კი შრობა უფრო ეფექტურად და კომფორტულად მიმდინარეობს.
დავარცხნის ეფექტი – ხარისხიანი თმის საშრობით შეგიძლიათ, შინ მიიღოთ სალონის შედეგი. ჰაერის მძლავრი ნაკადი და მისი სწორი კონტროლი, ასევე – მოწინავე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს სტაილინგის სიმარტივეს, თმის დამატებით მოცულობას და ბუნებრივ ბზინვარებას.
ხანგრძლივი შედეგი – თმა უფრო მეტხანს ინარჩუნებს ფორმასა და მოცულობას.
გამძლეობა – მაღალი ხარისხის თმის საშრობი, წესისამებრ, მზადდება პრემიუმკატეგორიის მასალისგან და, შესაბამისად, დიდხანს ძლებს.
მინუსები
* მაღალი კლასის ზოგიერთ მოდელს მძიმე კონსტრუქცია აქვს და მოუხერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის;
* ძვირია.
ტიპები
თმის პროფესიონალი სტილისტი ბრძანდებით თუ უბრალოდ ცდილობთ, სახლში სხვადასხვა ვარცხნილობა მოიხდინოთ, სწორი ფენის არჩევა მნიშვნელოვანია. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რა და რა ტიპის ფენებს შორის გააკეთოთ არჩევანი.
1. კლასიკური – ჩვეულებრივი, ტრადიციული ფენი ძირითადად ცხელი ჰაერის გამოშვებით მუშაობს. ჰაერს აცხელებს სპირალი, რომელიც ფენის კორპუსშია ჩამონტაჟებული. მაღალი ტემპერატურა დროთა განმავლობაში იწვევს თმის დაზიანებას: თმა შრება, იმტვრევა, სტატიკურად იმუხტება და იბურდება. უმაღლეს ტემპერატურაზე შესაძლოა დაიწვას, გაუხეშდეს და ბოლოები გაეყოს.
2. იონური – ეს ტექნოლოგია შრობის პროცესში იყენებს უარყოფითად დამუხტულ იონებს, რომლებიც წყლის მოლეკულებს უფრო მცირე ნაწილაკებად შლის. შედეგად:
* თმა უფრო მალე შრება, რადგან უფრო სწრაფად იშლება და ორთქლდება წყლის წვეთები.
* უარყოფითი იონები ანეიტრალებენ დადებით მუხტებს, ამიტომ თმა ნაკლებად იმუხტება, სრიალა და მორჩილი რჩება.
* გლუვი თმა აღარ იბურდება და ადვილად გემორჩილებათ;
* თმის ღერები ინარჩუნებს ტენს;
* თმა დაზღვეულია გადახურებისგან, რადგან დაბალ ტემპერატურაზეც კი სწრაფად შრება.
* თმა ინარჩუნებს ბუნებრივ ბზინვარებას – უარყოფითი იონების წყალობით ღერის გარეთა ფენა (კუტიკულა) იხურება, რაც თმას ჯანსაღ და მბზინავ შესახედაობას ანიჭებს.
იონური ტექნოლოგიის მქონე ფენი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ზრუნავს თმის ჯანმრთელობაზე, აქვს ხვეული, სქელი ან უხეში თმა.
იონური თმის საშრობი დიდხანს რომ გემსახუროთ, რეგულარულად უნდა წმინდოთ ფილტრები. გაჭედილმა ფილტრმა, გარდა იმისა, რომ ამცირებს შრობის ეფექტს, შესაძლოა მწყობრიდან გამოიყვანოს ხელსაწყო.
3. კერამიკული – კერამიკას უმთავრესად გამათბობელ ელემენტში ან შიდა ნაწილების საფარად იყენებენ. ეს მასალა დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და უზრუნველყოფს მის თანაბარ განაწილებას, რაც თმის უფრო ნაზ და უსაფრთხო შრობას განაპირობებს. შესაფერისია ყველა ტიპის თმისთვის, როგორც შინ, ისე პროფესიული გამოყენებისთვის. კერამიკულ ფენში შესაძლოა ინტეგრირებული იყოს იონური სისტემაც.
4. ინფრაწითელი – ინფრაწითელი სხივების (Iღ) წყალობით სითბო ღრმად აღწევს თმის ღერში და უფრო სწრაფად და ეფექტურად აშრობს თმას, ვიდრე კლასიკური ფენი ცხელი ჰაერით. ის არ აცლის თმას ბუნებრივ ტენს და არ აზიანებს მის სტრუქტურას.
კიდევ რა სახის მოდელებია ბაზარზე?
* სამგზავრო – კომპაქტური და მსუბუქია, ამიტომ იდეალურია მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს.
* პროფესიონალური – შექმნილია საგანგებოდ სალონებისთვის და პროფესიონალური კუთხით ხანგრძლივი გამოყენებისთვის. უზრუნველყოფს თმის სწრაფ და ეფექტურ შრობას. ის საგრძნობლად განსხვავდება ჩვეულებრივი საშრობებისგან სიმძლავრით, ხარისხიანი ნაწილებითა და ტექნოლოგიებით.
* საშრობი ჯაგრისი – ის აერთიანებს ჩვეულებრივი ფენისა და სტაილინგის ჯაგრისის ფუნქციებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თმა გაიშროს და იმავდროულად გაიფუოს, დაიხვიოს ან გაისწოროს.
- მრგვალი ჯაგრისი – იდეალურია მოცულობისა და მსუბუქი ტალღების შესაქმნელად.
- ბრტყელი ჯაგრისი – უმთავრესად გამოიყენება თმის გასასაწორებლად.
- მბრუნავი ჯაგრისი – ჯაგრისი ბრუნავს შრობის პროცესში, რაც ამარტივებს სტაილინგს და ქმნის უფრო ბუნებრივ ეფექტს.
მნიშვნელოვანი კრიტერიუმები
ფენის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბრენდი ან ფასი, არამედ ტექნიკური მახასიათებლებიც:
სიმძლავრე – პირველი ნაბიჯი თმის ტიპის განსაზღვრაა: თხელია თუ სქელი, ხვეულია თუ სწორი. სხვადასხვა ტიპის თმა შრობის სხვადასხვა ტექნიკას მოითხოვს. მაგალითად, თუ სქელი ან ხვეული თმა გაქვთ, სწრაფად გასაშრობად მძლავრი ფენი დაგჭირდებათ – დაახლოებით 1800-2000 ვატი სიმძლავრისა. თხელი და სწორი თმისთვის შედარებით სუსტიც გამოგადგებათ.
პროფესიონალური ფენი ხშირად 2400 ვატზე დიდი სიმძლავრითაც კი მუშაობს.
ტემპერატურისა და სიჩქარის რეჟიმი – მაღალი ხარისხის საშრობს ტემპერატურისა და სიჩქარის რეგულირებადი პარამეტრები უნდა ჰქონდეს, რათა უკეთ მოერგოს თქვენი თმის ტიპს. მაგალითად, სქელი თმა შეგიძლიათ უფრო მაღალ ტემპერატურაზე გაიშროთ, ვიდრე თხელი. დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ არჩეულ საშრობს ტემპერატურისა და სიჩქარის სულ მცირე, ორი ან სამი რეჟიმი აქვს.
მაღალი ხარისხის მასალა – კერამიკული და ტურმალინის კომპონენტები ხელს უწყობს სითბოს თანაბარ განაწილებას და ამცირებს თმის დაზიანების რისკს.
ცივი ჰაერი – ეს ფუნქცია იდეალურია ვარცხნილობის დასაფიქსირებლად და თმისთვის მეტი ბზინვარების მისანიჭებლად.
კაბელის სიგრძე – გრძელი კაბელი ზოგჯერ ძალიან პრაქტიკულია, განსაკუთრებით – სალონებში.
აქსესუარები – თმის საშრობს ხშირად მოჰყვება დანამატები: დიფუზორი, ჰაერის გამანაწილებელი და სავარცხლის ტიპის თავაკები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შრობის პროცესსა და საბოლოო შედეგზე. თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს და ხელს უწყობს სხვადასხვა სტილის შექმნას.
- დიფუზორი – უზრუნველყოფს ბუნებრივი ტალღებისა და კულულების გამოკვეთას და მოცულობას მატებს თმას. იდეალურია მათთვის, ვინც ბუნებრივ ვარცხნილობას ამჯობინებს.
- ჰაერის გამანაწილებელი თავაკი – ეს დანამატი ჰაერის ნაკადს კონკრეტული უბნისკენ მიმართავს, რაც ხელს უწყობს თმის უფრო სწრაფად და ეფექტურად გასწორებას. ასევე იდეალურია თმის ძირებთან მოცულობის შესაქმნელად. არსებობს სხვადასხვა ზომისა და ფორმის საქშენები, რომლებიც თმის სხვადასხვა საჭიროებას ესადაგება.
წონა და დიზაინი – თმის შრობისას თუ ვარცხნილობის გაკეთებისას შესაძლოა საკმაოდ დიდხანს მოგიწიოთ ფენის ხელში ჭერა. პროცესი უფრო სასიამოვნო და ნაკლებად დამღლელი რომ იყოს, უმჯობესია, აირჩიოთ მსუბუქი და ერგონომიული დიზაინისა და კომფორტული სახელურის მქონე მოდელი.
ხმაურის დონე – პრემიუმ– და პროფესიონალური კატეგორიის ზოგიერთი ბრენდი ხმაურის დონეს დეციბელებში მიუთითებს. სტანდარტული ფენების ხმაურის დონე საშუალოდ 70-90 დეციბელია, თუმცა არსებობს ჩუმი მოდელებიც, რომელთა ხმაური შესაძლოა 60 დეციბელს არ აღემატებოდეს.
თუ ფენს ონლაინ მაღაზიაში ყიდულობთ, კარგი იქნება, წინასწარ გაეცნოთ კონკრეტულ მოდელზე მომხმარებლების კომენტარებისა და შეფასებებს.
სასარგებლო რჩევები
ფენის არჩევასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი სწორი გამოყენების წესებიც:
* დაიცავით ოპტიმალური დისტანცია – ფენი თმიდან 15-20 სმ–ის მოშორებით დაიჭირეთ, რომ თმა არ გადახურდეს და არ გამოშრეს.
* გამოიყენეთ სითბოსგან დამცავი სპრეი, განსაკუთრებით მაშინ, თუ თმას რეგულარულად იშრობთ ფენით. ის დაიცავს ღერებს მაღალი ტემპერატურისგან, შეამცირებს დაწვისა და გამოშრობის რისკს და გააადვილებს ბზინვარების შენარჩუნებას. სპრეი ისხურეთ ოდნავ ნამიან თმაზე შრობის დაწყებამდე.
* აირჩიეთ დამზოგველი ტემპერატურა. მოერიდეთ ფენის ხანგრძლივ გამოყენებას უმაღლეს ტემპერატურაზე, მით უმეტეს ყოველდღე. დაბალი და საშუალო ტემპერატურის რეჟიმში ხელსაწყო ნაკლებად დააზიანებს თმას და ბუნებრივ ტენს შეუნარჩუნებს.
* ლოკალური გადახურების თავიდან ასაცილებლად დიდხანს ნუ გააჩერებთ ჰაერის ნაკადს ერთ ადგილზე, განუწყვეტლივ ცვალეთ მიმართულება და თანაბრად გაანაწილეთ ნაკადი მთელ თავზე.
* გაიშრეთ სწორად. თმის ბოლოები, ჩვეულებრივ, ყველაზე მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ და ადვილად ზიანდება. მათი დაზიანებისგან თავი რომ დაიზღვიოთ, დაიწყეთ შრობა ძირებიდან და ნელ-ნელა გაუყევით ბოლოებისკენ.
ჯილდა გაჩეჩილაძე











