როგორ ჩავაცვათ ბავშვს გაზაფხულზე - მშობლების გავრცელებული შეცდომები

გააზიარე:

გაზაფხული წელიწადის ყველაზე ჭირვეული დროა: ერთ დღეს მზე ჩახჩახებს, მეორე დღეს კი ქარი ქრის და წვიმს. ამ პერიოდში მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს, როდესაც საქმე ბავშვების ჩაცმას ეხება: ზოგი მეტისმეტად ბევრს აცმევს, ზოგი კი მეტისმეტად ადრე გამოიზაფხულებს ხოლმე.

როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი? როგორ დავიცვათ ბავშვი სიცივისგან ისე, რომ გადახურება არ გამოვიწვიოთ? ამ სტატიაში განვიხილავთ ძირითად წესებს, რომლებიც გაზაფხულზე ბავშვისთვის ტანსაცმლის შერჩევისას უნდა დავიცვათ.

ამინდის თავისებურებები: რატომ გვიჭირს ტანსაცმლის სწორად შერჩევა?

გაზაფხულზე ამინდი ცვალებადია – დილით შესაძლოა  საკმაოდ გრილოდეს, შუადღისას დათბეს, საღამოს კი კვლავ აგრილდეს, ამიტომ მშობლები ხშირად ვერ ხვდებიან, რა ჩააცვან პატარას შინიდან გასვლისას.

ჩვილ ასაკში

ჩვილები, ზრდასრულებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლად ვერ არეგულირებენ სხეულის ტემპერატურას, ამიტომ მათთვის ტანსაცმლის შერჩევისას მეტი სიფრთხილე გვმართებს.

საუკეთესო გამოსავალია ფენებად ჩაცმა:

* პირველი ფენა – ბამბის ბოდი ან მაისური, ბამბის კოლგოტი`შარვალი;

* მეორე ფენა – ბამბის ჯემპერი და`ან კომბინეზონი;

* მესამე ფენა (თუ გარეთ გასვლას აპირებთ) – თხელი ქურთუკი, ქუდი და წინდები.

გავრცელებული შეცდომები:

* ზედმეტად ჩაფუთვნა – ხშირად მშობლები ჩვილს მეტისმეტად თბილად აცმევენ, რის გამოც ბავშვს გადახურება ემუქრება.

* ზედმეტად თხლად ჩაცმა – ზოგ მშობელს მიაჩნია, რომ რაკი მზე ანათებს, ბავშვს ზედმეტი ფენა აღარ სჭირდება; არ ითვალისწინებენ, რომ გაზაფხულზე ამინდი შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს.

1-დან 3 წლამდე

ამ ასაკში ბავშვები უკვე აქტიურად მოძრაობენ, ამიტომ მათი ჩაცმის ტაქტიკა ჩვილისგან რამდენადმე განსხვავებულია.

ფენებად ჩაცმის პრინციპი აქაც მუშაობს:

* პირველი ფენა – ბამბის მაისური და შარვალი;

* მეორე ფენა – ჰუდი ან თბილი ჟაკეტი;

* მესამე ფენა – თხელი ქურთუკი, ქუდი (თუ ქარია), კომფორტული ფეხსაცმელი.

გავრცელებული შეცდომები:

* მეტისმეტად ბევრი ფენა – ამ ასაკის ბავშვი ბევრს მოძრაობს და თუ ზედმეტს ჩააცმევთ, შესაძლოა, გაოფლიანდეს და გაცივდეს.

* საჭიროა თუ არა ქუდი? – თბილ, უქარო ამინდში ბავშვს ქუდი არ სჭირდება, მაგრამ გაზაფხულზე, განსაკუთრებით – საღამო ხანს, სასურველია, შინიდან გასვლისას ყოველი შემთხვევისთვის თხელი ქუდიც წაიყოლოთ.

სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში

ამ ასაკში ბავშვებს უკვე შეუძლიათ გვითხრან, როდის სცივათ და როდის სცხელათ, მაგრამ შინიდან გასვლისას მშობლის მეთვალყურეობა მაინც საჭიროა.

რა უნდა ეცვას ამ ასაკის ბავშვს?

* ბამბის მაისური ან ჰუდი;

* თხელი ჟაკეტი ან ქურთუკი ;

* ქარისგან დამცავი ქურთუკი (თუ თბილა, ნუ ჩააცმევთ, მაგრამ თან წაიყოლეთ);

* კომფორტული წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.

გავრცელებული შეცდომები:

* სეზონისთვის შეუსაბამო ტანსაცმელი – ზოგიერთი მშობელი გაზაფხულზეც აცმევს ბავშვს ზამთრის ქურთუკს, რაც ზედმეტია და გადახურების საშიშროებას ქმნის.

* წყალგაუმტარი ქურთუკის უქონლობა – გაზაფხულზე ხშირად უცაბედად იწყება წვიმა, ამიტომ როცა ბავშვი გარეთ გაგვყავს, აუცილებლად უნდა გვქონდეს თან თხელი წყალგაუმტარი ქურთუკი.

ფეხსაცმლის შერჩევა

ამინდის მიხედვით შერჩეული ფეხსაცმელი ტანსაცმელზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

სწორი არჩევანი

* მშრალ ამინდში საუკეთესოა წყალგაუმტარი ბოტასები ან კედები;

* წვიმიან ამინდში – ბოტები.

გავრცელებული შეცდომები:

* ზამთრის ფეხსაცმელი – თუ უკვე თბილა, ჩექმა ზედმეტია, ბავშვს ფეხები ჩაეხუთება.

* ღია ფეხსაცმელი დროზე ადრე – სანდლების ჩაცმა გაზაფხულზე მეტისმეტად ადრეა.

როგორ მივხვდეთ, ბავშვს ამინდის შესაფერისად აცვია თუ არა?

შეუმოწმეთ ხელები და კისერი. თუ კისერი ოფლიანი აქვს – ბავშვი გადახურებულია; თუ ხელები ცივი აქვს – სცივა და ტანსაცმლის ერთი ფენა უნდა დაამატოთ.

გაითვალისწინეთ ამინდის პროგნოზი. შინიდან გასვლამდე შეამოწმეთ ტემპერატურა და ქარის სიმძლავრე, რათა სწორად ჩააცვათ ბავშვს.

ჩააცვით ტანსაცმელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მარტივად გახდით (ქურთუკი, ლაბადა).

ფენებად ჩაცმა სხეულის ტემპერატურის რეგულირების საუკეთესო გზაა.

თუ ბავშვი ამბობს, რომ სცხელა ან სცივა, დაუჯერეთ!

რა მოჰყვება სეზონის შეუსაბამოდ ჩაცმას?

სწორად ჩაცმა აუცილებელია არა მხოლოდ კომფორტისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. სეზონისთვის შეუფერებელმა ჩაცმულობამ შესაძლოა გამოიწვიოს:

გადახურება

სიმპტომები:

  • ოფლიანობა
  • გაღიზიანება, მოუსვენრობა
  • კანის გაწითლება და ნაოფლარის გაჩენა
  • ზოგჯერ – სხეულის ტემპერატურის მომატება

რა შეიძლება გამოიწვიოს?

* დეჰიდრატაცია – გადახურების შედეგად ბავშვი ოფლიანდება და შესაძლოა, სითხის ნაკლებობა განუვითარდეს;

* გაციება – თუ ბავშვი გაოფლიანდა და შემდეგ ქარში მოხვდა, გაციების რისკი იმატებს;

* თერმული შოკი – ჩვილის ორგანიზმს უჭირს ტემპერატურის რეგულირება, ამიტომ ამ ასაკის ბავშვებისთვის გადახურება განსაკუთრებით საშიშია;

* დერმატოლოგიური პრობლემები – გადახურებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამონაყარი, განსაკუთრებით – კისრისა და ზურგის არეში.

გადაცივება

სიმპტომები:

  • ხელებისა და ფეხების გაცივება
  • კანკალი
  • ტუჩებისა და თითების სილურჯე
  • მოდუნება

რა შეიძლება გამოიწვიოს?

* გაციება – როცა სხეული ვერ თბება, იმუნიტეტი სუსტდება და ბავშვი ადვილად ხდება ავად;

* შარდსასქესო სისტემის ინფექციები, უმეტესად – შარდის ბუშტის ანთება;

* ბრონქიტი და პნევმონია;

* კუნთების სპაზმი – სიცივისგან კუნთები იჭიმება, რაც ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს.

* ფიზიკური დისკომფორტი და მოდუნება – თუ ბავშვი არასწორი ჩაცმულობის გამო თავს არაკომფორტულად გრძნობს, ის ნაკლებად აქტიურია, რაც გავლენას ახდენს მის განწყობასა და ენერგიაზე.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: