საფენისმიერი დერმატიტი
გააზიარე:
ნებიერას პრობლემები
როგორ არ უნდა ლოცავდე ადამიანს, რომელმაც პამპერსი გამოიგონა?! საბავშვო ჰიგიენურ საფენს სახელწოდებაც შესაფერისი აქვს: “პამპერ” განებივრებას ნიშნავს და საფენიც მარტო პაწიასი კი არა, დედიკოსა და მამიკოს კომფორტზეც ზრუნავს. ეს საყოველთაო ნებივრობის მიზეზი დღეს ჩვილის მოვლის
აუცილებელი ატრიბუტია, თუმცა ხშირად ისიც გვიჩენს პრობლემას, რომელსაც პედიატრები საფენისმიერ დერმატიტს უწოდებენ.
საფენისმიერი დერმატიტი ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეიძლება დაემართოს, თუმცა უმეტესად მაინც სიცოცხლის პირველ წელს იჩენს ხოლმე თავს. ყველაფრისმცოდნე ამერიკელმა სტატისტიკოსებმა საფენისმიერი დერმატიტის პრობლემაც შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ პაწიას სათუთ კანს საფენი კვალს უმთავრესად 8-დან 10 თვემდე აჩნევს.
საფენისმიერ დერმატიტს ხელშემწყობი ფაქტორი არ აკლია. ყველაზე ხშირად თოთო კანი ღიზიანდება:
. ნაწლავთა მოქმედებისა და მოშარდვის შემდეგ, თუ დედიკომ საფენის გამოცვლა დააგვიანა. შესაბამისად, დერმატიტი უფრო ხშირად ვითარდება, როდესაც პაწიას ნაწლავთა მოქმედება გახშირებული აქვს.
. როდესაც პატარა ახალ საკვებს უსინჯავს გემოს. ამ დროს იცვლება განავლის შემადგენლობა, რაც კანის გაღიზიანებას იწვევს. ამის გამო საფენისმიერი დერმატიტი განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს იმ პერიოდში, როდესაც ჩვილი შერეულ კვებაზე გადაჰყავთ. კანი მაშინაც ღიზიანდება, როცა დედიკო, რომელიც ჯერ კიდევ ძუძუს აწოვებს ჩვილს, რომელიმე აგრესიულ საკვებს შეჭამს. საფენისმიერი დერმატიტის მიზეზი ყველაზე ხშირად პომიდორი ყოფილა.
. კანის მოვლის ზოგიერთი საშუალების გამოყენებისას. საწმენდი ხელსახოცები, ლოსიონები, ზეთები და პუდრები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ თოთო კანი გაღიზიანებისგან დაიცვას, მაგრამ მათი გამოყენებისას ზოგჯერ უკუეფექტს ვიღებთ. იგივე შეიძლება ითქვას საბავშვო სარეცხ ფხვნილებზე: მათ განსაკუთრებული შემადგენლობა აქვთ, ამიტომ მათში გარეცხილი სარეცხი არამც და არამც არ უნდა აღიზიანებდეს კანს, მაგრამ ხშირად პირიქით ხდება.
. ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციისგან. ბაქტერიები და სოკოები სხეულის ყველა კუთხე-კუნჭულში არიან ჩასაფრებული, საფენით დაფარულ მიდამოში კი განსაკუთრებით უხვად. ადვილი მისახვედრია, რატომ: თბილი და ნესტიანი გარემო ხომ იდეალურია მიკროორგანიზმების გასამრავლებლად. გაღიზიანებული კანი უფრო ადვილად ინფიცირდება.
. როდესაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ჩვილებს, რომელთაც ატოპიური (ალერგიული) დერმატიტი და ეგზემა აქვთ, უფრო ხშირად უვითარდებათ საფენისმიერი დერმატიტი.
. უხეში ზემოქმედებისგან. კანს აღიზიანებს მჭიდროდ შეკრული საფენი და ტანსაცმელი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის და ხეხავს. დერმატიტი შესაძლოა განვითარდეს მაშინაც, თუ სათუთ კანს პირსახოცით ან უხეში ნაჭრით ღონივრად გავამშრალებთ.
. ანტიბიოტიკებისგან. ამ ჯგუფის პრეპარატები ანადგურებენ ბაქტერიებს, მათ შორის – იმ სასარგებლო ბაქტერიებსაც, რომლებიც მრავლად ბინადრობენ კანზე. მათი რიცხვის შემცირებასთან ერთად მრავლდება სოკო და ვითარდება კანის სოკოვანი ინფექცია. ასეთივე ცვლილებებია მოსალოდნელი, როდესაც მეძუძური დედა ანტიბიოტიკს იღებს.
რამ შეგაწუხა, პაწია?
საფენისმიერი დერმატიტის ამოცნობა ადვილია: კანი გაღიზიანდება თუ არა, პაწია ჭირვეულობას იწყებს, შესაძლოა იტიროს კიდეც. საკმარისია, დედიკომ საფენი შეუხსნას, რომ ჩვილი სიამოვნებისგან იტრუნება, იღიმება... საფენით დაფარულ მიდამოში შესაძლოა კანის შეშუპება, შეწითლება შეამჩნიოთ. ხშირად გაღიზიანებული ადგილი წვრილი გამონაყარით იფარება.
საფენისმიერი დერმატიტი უპირატესად დუნდულებზე, ბარძაყებსა და სასქესო ორგანოებზე ჩნდება. არცთუ იშვიათად ნაოჭებამდეც აღწევს.
თუ ბავშვს საფენისმიერი დერმატიტი აქვს, შეგიძლიათ, ოდნავ დიდი ზომის საფენი ჩააცვათ – კანი უკეთ განიავდება, ჰაერი კი გაღიზიანებული კანის საუკეთესო მკურნალია.
უფრო გაანებივრეთ
პაწიას თოთო კანი რომ არ გაუღიზიანდეს, ასე მოიქეცით:
. საფენი ხშირად უცვალეთ (ვფიქრობთ, ამ რჩევას კომენტარი არ სჭირდება).
. საფენის ყოველი გამოცვლისას თბილი წყლით ჩაბანეთ ან ფაქიზად გაწმინდეთ რბილი, სველი ნაჭრით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნაკეცებს. თუ სველი ხელსახოცების გამოყენებას ამჯობინებთ, ისეთი შეარჩიეთ, რომელიც არც სურნელოვან დანამატს შეიცავს და, მით უმეტეს, არც სპირტს.
. დაბანის შემდეგ არამც და არამც არ გაამშრალოთ უხეში ნაჭრით ან პირსახოცით და, მით უმეტეს, არ გახეხოთ. უმჯობესია, აიღოთ რბილი ქსოვილის, მაგალითად, ბამბაზიის, ნაჭერი, სხეულზე დააფინოთ და დაელოდოთ, ვიდრე წყალს არ შეიწოვს.
. საფენს მჭიდროდ ნუ შეუკრავთ. ჩახუთულ გარემოში კანი იოლად ღიზიანდება და ბაქტერიებიც უკეთ მრავლდება.
. ხშირად მიაღებინეთ ჰაერის აბაზანა – შეხსენით საფენი, სიურპრიზისგან თავი რომ დაიზღვიოთ, პირსახოცზე დააწვინეთ და ორიოდე წუთს ასე დატოვეთ. შეგიძლიათ, ამ დროს ეთამაშოთ, ეღუღუნოთ...
. პაწიას სამოსი რეცხეთ მხოლოდ ჩვილებისთვის განკუთვნილი ფხვნილით. თუ პატარას საფენისმიერი დერმატიტი აქვს, ტანსაცმელი, რომელი ფხვნილითაც უნდა იყოს გარეცხილი, საგულდაგულოდ გაავლეთ სუფთა წყალში.
. თუ ბავშვს ხშირად უჩნდება საფენისმიერი დერმატიტი, გამოიყენეთ სპეციალური საცხი, რომელიც საფენის ქვეშ წასასამელად არის განკუთვნილი – ზეთოვანი ნივთიერება, რომელიც თუთიის ოქსიდს შეიცავს. ის აუცილებლად მშრალ და სუფთა კანზე წაუსვით!
. საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ ხელები გულდასმით დაიბანეთ.
ვაქრობთ სიწითლეს
საფენისგან გაღიზიანებული კანის მკურნალობა არც ისე ძნელია. სიწითლე და გამონაყარი, წესისამებრ, რამდენიმე დღეში ცხრება, თუმცა არ არის გამორიცხული, გაღიზიანებულ კანში ინფექცია შეიჭრას და პედიატრთან ვიზიტი დაგჭირდეთ.
პაწია უთუოდ აჩვენეთ ექიმს, თუ:
. სიცხე მისცა;
. კანი ბუშტუკებმა დაუფარა;
. გამონაყარი და სიწითლე საფენის არეს გასცდა.
თუ გაღიზიანებულ კანში ინფექციას ჯერ არ შეუღწევია, პრობლემასთან გამკლავებას დედიკო თავადაც მოახერხებს. უმთავრესი პრინციპი კანის სისუფთავისა და სიმშრალის შენარჩუნებაა. შესაძლოა, ექიმმა პატარას სოკოს საწინააღმდეგო (მაგალითად, ნისტატინის შემცველი) საშუალება ან მსუბუქი მოქმედების ჰიდროკორტიზონის მალამო დაუნიშნოს. ჰორმონის შემცველ ძლიერმოქმედ მალამოს აუცილებლობის გარეშე ნუ გამოიყენებთ.
წინათ გაღიზიანებული კანის დასაამებლად ტალკს იყენებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, თუმცა პედიატრები ტალკის გამოყენებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. მათი აზრით, ტალკის ნაწილაკებმა შესაძლოა პაწიას სასუნთქი გზები და ფილტვები გაუღიზიანოს.