სად ავცრათ ბავშვი
გააზიარე:
გვესაუბრება „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალის პედიატრიული სამსახურისა და მასთან არსებული აცრის კაბინეტის ხელმძღვანელი, აკადემიურიდოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე:
დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, პოლიომიელიტი, B ჰეპატიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა – ეს იმ გამარჯვებათა მცირე ჩამონათვალია, მედიცინამ აცრების წყალობით რომ მიაღწია. პრინციპების მიგნებას, გარკვევასა და დახვეწას საუკუნეები დასჭირდა, დღევანდელი გადასახედიდან კი ყოველივე ძალიან მარტივი ჩანს. ყველა ეს დაავადება ადამიანს მხოლოდ ერთხელ ემართება და გადარჩენილები სიცოცხლის ბოლომდე სენშეუვალნი რჩებიან. საქმე ის არის, რომ ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს წამალს – ანტისხეულებს, რომლებიც განმეორებითი შეხვედრისას მანამდე უღებენ გამომწვევს ბოლოს, ვიდრე ის კლანჭების გამოჩენას მოასწრებდეს. ბუნებრივია, თუ ორგანიზმის დამცავ ძალებს ამ ცოდნის შეძენა სნეულების დროს მოუხდათ, ასეთი “განათლება” შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ. აცრა ისეთსავე იმუნურ რეაქციებს იწვევს, ოღონდ გაცილებით უსაფრთხო გარემოში. ორგანიზმში შეყვანილ დახოცილ ან ძლიერ დასუსტებულ მიკროორგანიზმებს და მათი ცხოველქმედების პროდუქტებს დაავადების გამოწვევა უკვე აღარ შეუძლიათ, სამაგიეროდ, იმუნიტეტის მასწავლებლის როლს წარმატებით ასრულებენ.იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამას ყველა ქვეყანა ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით ადგენს. საქართველოში ბავშვებს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დაავადებისგან ვიცავთ. კალენდარიც ისეა შედგენილი, რომ აცრა წინ უსწრებდეს მავნე მიკრობთან შესაძლო კონტაქტს.
ასე, მაგალითად: წითელა, წითურა, ყბაყურა წლამდე ასაკში იშვიათია – ჩვილს დედისგან პლაცენტის საშუალებით მიღებული ანტისხეულები იცავს, ამიტომაც ამ აცრებს ერთი წლიდან ვიწყებთ, ყივანახველა კი, დედისგან გადაცემული ანტისხეულების მიუხედავად, შეიძლება მაინც დაემართოს, თანაც ამ ასაკში მას ძალიან მძიმე გართულებები ახასიათებს და შესაძლოა, ბავშვის სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე, ამიტომაც ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორი თვის ასაკში უნდა დავიწყოთ. გარდა ამისა, დადგენილია, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყება და დასრულდება პროფილაქტიკური აცრების კურსი, მით უფრო ნაკლებია აცრისშემდგომი რეაქციებისა და გართულებათა განვითარების რისკი.
რა თქმა უნდა, არის. ალერგიური რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ვაქცინის აქტიურმა კომპონენტმა, ისე მინარევებმაც, მაღალი ხარისხის პრეპარატებში კი მინარევთა რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. უხარისხო ვაქცინა, ვაქცინის ტრანსპორტირების, შენახვისა და შეყვანის წესების დარღვევა ხშირად გართულების მიზეზად იქცევა, თანაც ამ დროს ვაქცინაცია ფაქტობრივად აზრს კარგავს და ბავშვს დაავადებისგან ვერ იცავს. 2000 წელს ამერიკის პედიატრიის აკადემიამ ჩინეთში, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში ტეტანუსის, ყივანახველასა და პოლიომიელიტის წინააღმდეგ აცრილ ბავშვთა 60%-ს დამცავი ანტისხეულები ვერ აღმოუჩინა. უკანასკნელ ხანს სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევს ამ საკითხებს. თუმცა მშობლებს ვერ გავამტყუნებთ, შვილის უფრო მეტად დაცვა რომ მოინდომონ, ამისთვის კი ჩვენს კაბინეტში ყველა წესი ზედმიწევნით არის დაცული, ხოლო ვაქცინა-პრეპარატები – საგულდაგულოდ შერჩეული.
ასე მაგალითად, სახელმწიფო პროგრამით, ორი სამი და ოთხი თვის ასაკში ბავშვს სამკომპონენტიან დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველას ვაქცინასა და პირში ჩასაწვეთებელ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ცოცხალ ვაქცინას უკეთებენ. ალერგიულ რეაქციას ყველაზე ხშირად ყივანახველას კომპონენტი იწვევს, ცოცხალი მიკროორგანიზმები კი, თუმცა ჯანმრთელი ბავშვისთვის უსაფრთხოა, ეგრეთ წოდებული ვაქცინაასოცირებული დამბლის განვითარების მცირე ალბათობას მაინც ტოვებს. მათ ნაცვლად ჩვენ უახლეს ხუთკომპონენტიან ევროპულ ვაქცინას ვიყენებთ. ყივანახველას კომპონენტი აქ მაქსიმალურად გაწმენდილია, პოლიომიელიტი – ინაქტივირებული, თანაც ოთხის ნაცვლად ხუთი მავნე მიკრობისგან იცავს. მეხუთე ჰემოფილური ჩხირია – საშიში მიკრობი, რომელიც ადრეულ ასაკში ფილტვის ანთებას, მენინგიტს, ხორხსარქველის ანთებას, სეფსისს და ზოგიერთ სხვა მძიმე დაავადებას იწვევს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერთი ჩხვლეტით რამდენიმე ინფექციის საწინააღმდეგოდ აცრა პატარებისთვის უფრო კომფორტულია.
ყველა ბავშვის აცრა რა თქმა უნდა არ შეუძლია. თუმცა ვაქცინაციის უკუჩვენებათა ნუსხა, თანამედროვე მონაცემებით, ძალიან მცირეა. ანემია, ქრონიკული ანგინა, ასთმა, ეგრეთ წოდებული დიათეზი, წონის დეფიციტი, ქალასშიგა წნევის მომატება და მრავალი სხვა პათოლოგია, რომლებსაც მშობლები, ზოგჯერ კი, სამწუხაროდ, ექიმებიც აცრის უკუჩვენებად მიიჩნევენ, სინამდვილეში აცრის არამცთუ აკრძალვის, გადადების მიზეზსაც არ წარმოადგენს. ვაქცინაციის ზოგად უკუჩვენებას წარმოადგენს მძიმე ალერგიული რეაქცია წინა აცრაზე. მწვავე დაავადების დროს აცრისგან დროებით თავს ვიკავებთ. ცალკეულ ვაქცინებსაც აქვთ კონკრეტული უკუჩვენებები, თუმცა მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. კონკრეტულ გადაწყვეტილებას ბავშვის პირადი პედიატრი მიიღებს.
ანტიალერგიული პრეპარატების წინასწარ მიცემას ანდა აცრის შემდეგ კი ბავშვის დაბანისგან თავს შეკავებას არავითარი აზრი არ აქვს. ანტიჰისტამინების რამდენიმედღიანი კურსი მძიმე გართულებებს თავიდან ვერ აგვაცილებს, სამაგიეროდ, სრულფასოვანი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, რომელშიც ჰისტამინიც მონაწილეობს, ხელს ნამდვილად შეუშლის. ბანაობისა და პოსტვაქცინური რეაქციების კავშირიც მედიცინას ჯერ არ შეუმჩნევია.
აცრისთვის მოსამზადებლად პირველ რიგში პედიატრს, მისი რჩევით კი სხვა სპეციალისტებსაც (მაგალითად, ნევროლოგს) მიმართეთ, აცრის ჭეშმარიტი უკუჩვენება რომ გამოირიცხოს.
* თუ ბავშვი მოზრდილია, ნუ მოატყუებთ, რომ აცრა უმტკივნეულო პროცედურაა. სჯობს, შეძლებისდაგვარად აუხსნათ აცრის მნიშვნელობა და უთხრათ, რომ ნემსის ჩხვლეტა მხოლოდ ოდნავ არის მტკივნეული.
* აუცილებლად ჰკითხეთ ექიმს, რომელი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატია რეკომენდებული ამ ასაკში, რა დოზით უნდა დაალევინოთ და წინასწარ მოიმარაგეთ.
* ვაქცინაციის დროს შვილი მუხლებზე დაისვით, მიუალერსეთ, ნუ დატოვებთ მარტო – დედის ხელებში ხომ ყველა პატარა თავს უფრო მშვიდად გრძნობს. თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზე გყავთ, აცრის შემდეგ ძუძუ მიეცით. ეს მას დაამშვიდებს და ნემსის ჩხვლეტით გამოწვეულ ტკივილსაც დაავიწყებს.
* აცრის შემდეგ ბავშვი მოარიდეთ ვირუსით ან სხვა ინფექციური დაავადებებით დასნებოვნებულ ადამიანებს. დაავადება აფერხებს აცრის შემდგომ ორგანიზმში განვითარებულ იმუნურ რეაქციებს და ხელს უშლის სრულფასოვანი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.