ყველაფერი ბავშვის განვითარების შესახებ
გააზიარე:
ჯანსაღი ემოციები ჰარმონიული განვითარებისთვის
ერთი უჯრედიდან ადამიანამდე – ცხრა თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმში ეპოქალური ცვლილებები მიმდინარეობს, რომელთა საბოლოო შედეგი ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანი – ჩვენი შვილია. არანაკლებ შთამბეჭდავია ახალშობილის გზა ჩვილობიდან დიდობამდე, პაწაწინა, უსუსური არსებიდან სრულფასოვან პიროვნებამდე... ნომრის მთავარ თემად სწორედ ის პროცესი შევარჩიეთ, რომელიც ამ კოლოსალურ ცვლილებებს უზრუნველყოფს – ბავშვის განვითარება.
ბავშვის ზრდა-განვითარება პირობითად ოთხ ეტაპად იყოფა. ესენია: ჩვილობა, სკოლამდელი ასაკი, უმცროსი სასკოლო ასაკი და უფროსი სასკოლო ასაკი – მოზარდობა. ცხადია, ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვილ და სკოლამდელ ასაკში ცვლილებათა მასშტაბი განსაკუთრებით დიდია. აქცენტს ჩვენც ამ პერიოდებზე დავსვამთ. ცხადია, შევეხებით მოზარდობის პერიოდსაც, რომელიც ცვლილებების ხარისხითა და მნიშვნელობით ადრეულ წლებს უთანაბრდება. ვინაიდან თემა მეტისმეტად ვრცელია, შევეცდებით, ძირითადი საკითხები განვიხილოთ.
- მშობლების როლი
მეცნიერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ადამიანის ფიზიკური, ფსიქიკური თუ სოციალური კეთილდღეობა უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ჰარმონიულად, სრულფასოვნად მიმდინარეობდა განვითარების პროცესი ბავშვობაში.
ბავშვის განვითარებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას: სოციუმი, ოჯახი, ეკონომიკური მდგომარეობა, კვება, ვარჯიში, ძილი... ძალიან დიდი, შეიძლება ითქვას, კოლოსალურია მშობლების როლი. მათ ქცევაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომ, ვფიქრობ, ნომრის თემა ყველა მშობელს დააინტერესებს. ეს მათთვის ერთგვარი გზამკვლევი იქნება პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების რთულ პროცესში.
- საინტერესო, საჭირო და საოცარი
ბავშვის განვითარებაზე დაკვირვება ძალიან საინტერესო და აღმოჩენებით სავსე პროცესია. წინ მრავალი სიურპრიზი გელით. არსება, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მუცლიდან გირტყამდათ პაწია ფეხებს, ყოველდღე ახალ-ახალ უნარებს იძენს. რამდენ ფურცელს ფურცლავს წიგნის გადაშლის დროს, რამდენი აგურისგან შეუძლია კოშკის აგება, როგორ უჭირავს ფანქარი, რა ხმას გამოსცემს, თვალს საით აპარებს – ერთი შეხედვით ბანალური ქმედებები ბავშვის განვითარების შესახებ ფასეულ ინფორმაციას გვაწვდის. რაც უფრო მეტს წაიკითხავთ ამ საკითხებზე, მით უკეთ დაეხმარებით ბავშვს, დააფასებთ მის შრომას და, საზოგადოდ, მით უფრო საინტერესოდ წარიმართება თქვენი ურთიერთობაც. თავად განსაჯეთ: სულ სხვა ემოციით მოეფერებით, უმღერებთ, აკოცებთ, როდესაც გეცოდინებათ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სითბოს გამოხატვის საშუალება კი არა, არამედ ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი სტიმულებია, რომ ეს მას ძალიან სიამოვნებს და აბედნიერებს, რომ ხშირი შეხებით მას სამყაროს აღქმაში ეხმარებით, თვქენი იავნანა კი არა მხოლოდ ძილს ჰგვრის, არამედ გონებრივადაც ავითარებას. სულ სხვა ემოციით შეხვდებით მის პირველ ღუღუნს, პირველ სიტყვას, პირველ ნაბიჯს, მის მიერ შეთხზულ ზღაპრულ ისტორიას თუ თქვენი წაბაძვის მცდელობას, როდესაც გეცოდინებათ, რა გზა გაიარა ბავშვის ორგანიზმმა ამ მიღწევამდე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს უნარები მისი ჰარმონიული განვითარებისთვის.
ასე რომ, მოემზადეთ, არაფერი გამოგრჩეთ, ჩაინიშნეთ და დაიმახსოვრეთ – ჩვენი რჩევები ბავშვის განვითარების შეფასებასა და ამ პროცესით ტკბობაში დაგეხმარებათ.
კლასის ფოტოზე ერთი და იმავე ასაკის ბავშვები ფორმებითა და ზომებით ერთმანეთისგან შესამჩნევად განსხვავდებიან. ზოგი თანატოლებთან შედარებით პაწაწინა ჩანს, ზოგი კი თანაკლასელებს ერთი თავით უსწრებს, თუმცა არც პირველნი არიან ქონდრისკაცები და არც მეორენი – გიგანტები. ეს განსხვავება ნორმალურია.
მეორე მხრივ, ფიზიკური განვითარება ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია, ხოლო მისი შეფასება – პედიატრიული მეთვალყურეობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. მოდი, გავიგოთ, რატომ.
- რა საჭიროა ფიზიკური განვითარების შეფასება?
პასუხი მარტივია: გენეტიკა, სქესი, კვება, ფიზიკური აქტიურობა, გარემო, ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ეს ყველაფერი ერთად და თითოეული ცალ-ცალკე ბავშვის ფიზიკურ მონაცემებზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ავადმყოფობა ბავშვის ზრდისა და განვითარების პროცესზეც აისახება. შესაძლოა, სწორედ ფიზიკური ჩამორჩენილობა იყოს დაავადების პირველი საგანგაშო ნიშანი. სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა ბავშვის ზრდისა და განვითარების შეფასებას.
- ვინ აფასებს?
"ჯანმრთელი პაციენტი" – ეს ცნება ყველაზე მეტად ბავშვებს (და ორსულებს) მიესადაგება. ბავშვი რეგულარულად უნდა ატაროთ პედიატრთან, განურჩევლად იმისა, აწუხებს თუ არა რამე. მეთვალყურეობის მთავარი მიზანი მისი ზრდისა და განვითარების შეფასებაა. ამ შეფასების შედეგად ხდება შეფერხების პრევენცია და ზრდა-განვითარების ნორმალური პროცესის ხელშეწყობა, გამოვლინდება რისკჯგუფები, რომლებსაც უფრო ხშირი და ნატიფი მონიტორინგი სჭირდებათ, დროულად იდენტიფიცირდება დარღვევები, დროულადვე ხდება პაციენტის საჭიროებისამებრ გადამისამართება და იწყება პრობლემის მართვა.
ბავშვის განვითარებას ექიმი უბრალო დათვალიერებითაც აფასებს, უფრო ზუსტ სურათს კი გაზომვით იღებს. პირველს მედიცინის ენაზე სომატოსკოპია ეწოდება, მეორეს კი სომატომეტრია. ამასთან, უნდა შეფასდეს ბავშვის ზრდა-განვითარების დინამიკა – ერთჯერადი შეფასება არასწორ გზაზე დაგვაყენებს.
- გაზომვა-აწონის მედიცინა
ფიზიკური განვითარება სხვადასხვა პარამეტრით ფასდება. ესენია: სხეულის მასა, სხეულის სიგრძე, თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობა, სხეულის პროპორციები, ორგანიზმის ბიოლოგიური მომწიფება.
ძნელი სათქმელია, რა არის ნორმა, რადგან ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად, ბავშვის ტანდაბლობა შეიძლება აღნაგობის თავისებურებაც იყოს და ზრდაში ჩამორჩენის ნიშანიც. ნორმისა და პათოლოგიის გასამიჯნავად ექიმებს არც ზებუნებრივი ნიჭი აქვთ და არც განსაკუთრებული უნარი. საქმე გაცილებით პროზაულადაა – სპეციალურ ცხრილებსა და დიაგრამებს იყენებენ.
ეს ცხრილები და დიაგრამები ექიმს საშუალებას აძლევს შეაფასოს, როგორ იზრდება ბავშვი იმავე ასაკისა და სქესის სხვა ბავშვებთან შედარებით, დაინახოს მისი სიმაღლისა და წონის მატების დინამიკა და დაადგინოს რამდენად სწორი ტემპით და პროპორციულად ვითარდება ის. თუ ბავშვი ორ წლამდე ნორმალურად იზრდებოდა, მერე კი ზრდის ტემპმა შესამჩნევად იკლო, ეს პრობლემაზე მიუთითებს. დიაგრამაზე ამგვარი დინამიკა ძალზე ადვილად ვლინდება.
დიაგრამის შედეგები პროცენტილებში გამოისახება. მაგალითად, თუ 4 წლის ბიჭის მონაცემები მეათე პროცენტილზეა, ეს ნიშნავს, რომ ამ ასაკისა და სქესის ბავშვების 10% მასზე ნაკლებს იწონის, 90% კი მასზე მეტს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ბიჭი საშუალოზე გამხდარია. თუ ასეთივე მაჩვენებლები აქვთ მის დებს, ძმებს, მშობლებს, სხვა მხრივ კი ბავშვი ჯანმრთელია და კარგად ვითარდება, შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ – დიდი ალბათობით, ეს კონსტიტუციური თავისებურებაა.
- როგორია იდეალური პროცენტილი?
ასეთი ცნება არ არსებობს. შესაძლოა, 5 პროცენტილზე მყოფი ბავშვი ისეთივე ჯანმრთელი იყოს, როგორც 95-ზე. მთავარია, ის პროპორციულად და დინამიკურად ვითარდებოდეს.
რა მიუთითებს პრობლემაზე? მაგალითად, თუ ბავშვის მონაცემები 5 წლამდე მუდმივად 60 პროცენტილზე იყო, 6 წლისთვის კი უეცრად 30¬-ზე დავიდა, ზრდა-განვითარების პროცესის დარღვევაა სავარაუდო. საყურადღებოა იმგვარი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვი სხვა სიჩქარით იზრდება და სხვა სიჩქარით იმატებს წონას. მაგალითად, სიმაღლე 40 პროცენტილზეა, ხოლო წონა – 80-ზე. თუმცა, პრობლემის იდენტიფიცირებამდე ექიმს კიდევ არაერთი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს. მაგალითად, ზრდის ტემპის უეცარი მატება ჩვილო და გარდატეხის ასაკში ნორმად მიიჩნევა.
- წონის დინამიკა
ბავშვის ასაწონად მექანიკურ ან ელექტრონულ სასწორს იყენებენ. ადრეული ასაკის ბავშვებს სპეციალურ ჰორიზონტალურ სასწორზე წონიან. აწონისას ჩვილი შიშველი უნდა იყოს, მოზრდილი ბავშვი კი საცვალისამარა იწონება. სასურველია აწონა დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, უზმოზე, მოშარდვისა და დეფეკაციის შემდეგ.
დროული ახალშობილის წონა 2500-4000 გრამი უნდა იყოს. თუ ის 1500-2500 გრამს იწონის, მცირე წონის ახალშობილად ფასდება, თუ 1500 გრამზე ნაკლებს – ძალიან მცირე წონის ახალშობილად.
ახალშობილის მასა მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მის საშვილოსნოსშიდა განვითარებაზე და ბავშვის მომავალი განვითარების პროგნოზულ მარკერადაც მიიჩნევა. გესტაციურ ასაკთან შედარებით დიდი მასის ახალშობილებს მაღალი აქვთ სამშობიარო ტრავმის, ჰიპოგლიკემიის, პერინატალური ასფიქსიის რისკი, გესტაციურ ასაკთან შედარებით მცირე მასის ახალშობილებთან კი იმატებს სხვადასხვა ორგანოს უმწიფრობის, ასფიქსია/ჰიპოქსიის, რესპირატორული დისტრესსინდრომის, თანდაყოლილი ანომალიების განვითარების ალბათობა. ამ ჯგუფში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნორმალური მასის ახალშობილებთან შედარებით 3-4 ჯერ მაღალია.
- მიმატება-გამოკლება
დაბადების შემდეგ ახალშობილი კანით, ფილტვებით, თირკმელებით, ნაწლავებით კარგავს სითხეს, რის გამოც აუცილებლად იკლებს წონას. დროულ ახალშიბილებთან წონის დანაკლისი არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, დღენაკლულებთან – 12%-ს. კვების დარღვევის, ინფექციისა თუ თანდაყოლილი ანომალიების დროს დანაკლისი დასაშვებზე მეტია.
დაახლოებით მეხუთე დღიდან ბავშვი კვლავ იმატებს წონას – დღეში საშუალოდ 20-35 გრამს, ამრიგად, დაბადებიდან დაახლოებით მე-10 (ზოგჯერ – მე-12-14) დღეს პირვანდელ წონას აღიდგენს.
პირველ თვეს წონის ნამატი რამდენადმე მცირეა – საშუალოდ 600 გრამი (მთავარია, ნამატი არ იყოს 500 გრამზე ნაკლები). მეორედან მეექვსე თვემდე ნამატი იზრდება – თვეში 700-800 გრამს აღწევს, მეექვსედან მეთორმეტემდე კი ისევ იკლებს და თვეში დაახლოებით 400 გრამს უტოლდება.
ამრიგად, 4.5-5 თვისთვის ბავშვის მასა ორმაგდება, ერთი წლისთვის კი სამმაგდება.
ერთიდან ხუთ წლამდე პატარა წელიწადში საშუალოდ 2.2 კგ-ს იმატებს.
ასეთია სხეულის მასის დინამიკა დროული ახალშობილისთვის.
სხვაგვარი ვითარებაა დღენაკლულებთან, რომლებსაც დაბადებისას მცირე და ძალიან მცირე მასა აქვთ. მათ განვითარების შედარებით სწრაფი ტემპი ახასიათებთ. დღენაკლულებთან ხდება ე.წ. ასაკის კორექტირება, ანუ ფაქტობრივ ასაკს აკლდება კვირების ის რაოდენობა, რომელიც ბავშვს ნორმალურ გესატაციურ ასაკამდე აკლია. მაგალითად, თუ ბავშვი დაიბადა 30-ე კვირას და ამჟამად 5 თვისაა (დაახლოებით 20 კვირის), მისი კორექტირებული ასაკი შემდეგნაირად გამოითვლება: დაბადებისას მას აკლდა 10 კვირა, ამიტომ 20 კვირას აკლდება 10 კვირა. მაშასადამე, ამ ბავშვის ანთროპომეტრული მაჩვენებელები უნდა შეესაბამებოდეს 10 კვირის ბავშვის მაჩვენებლებს.
მას შემდეგ, რაც ანთროპომეტრული მაჩვენებლები გაუტოლდება ასაკობრივ მაჩვენებელებს, ასაკის კორექტირება აღარ ხდება. თავის გარშემოწერილობა დაახლოებით 18 თვის ასაკში "ეწევა" ნორმას, წონა – 24, ხოლო სიმაღლე – 40 თვის ასაკში, თუმცა არ არის გამორიცხული, მეტისმეტად მცირე მასის მქონე ახალშობილი ნორმალურ მაჩვენებლებს სასკოლო ასაკამდეც ვერ დაეწიოს.
- წონის დარღვევა
წონის დეფიციტს მალნუტრიცია ეწოდება. მალნუტრიციის დადგენისას ექიმი, უპირველეს ყოვლისა, მისი მიზეზის ძებნას დაიწყებს. ამაზე იქნება დამოკიდებული მკურნალობა და პროგნოზი.
- რა იწვევს წონის დეფიციტს?
* კვების დარღვევა – ხელოვნური საკვების არასწორი მოხმარება, არასწორი რეჟიმით კვება, კვების გაძნელება მძიმე რეფლუქსის ან თანდაყოლილი ანომალიების გამო, არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვება (მოზრდილ ბავშვებებთან), ბავშვის მიმართ გულგრილობა, ანორექსია;
* საკვების მონელების და შეწოვის დარღვევა, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს ცელიაკია, ცისტური ფიბროზი, ძროხის რძეზე ალერგია, ღვიძლის დაავადება, ბილიარული ატრეზია და სხვა;
* გაძლიერებული მეტაბოლიზმი, მაგალითად, ჰიპერთირეოზის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის, ავთვისებიანი დაავადების დროს.
- როგორ ვიქცევით?
ბინაზე იმ პაციენტებს მკურნალობენ, რომელთა მცირე მასა არასწორი კვებით არის გამოწვეული. თუ მასის დეფიციტი ქრონიკული დაავადების, საკვების შეწოვისა და მონელების დარღვევის ბრალია, ბავშვის სტაციონარში ათავსებენ.
ბინაზე მყოფ პატარებს მაღალკალორიული დიეტა ენიშნებათ. შესაძლოა, დაუნიშნონ მულტივიტამინების კომპლექსიც. დედებს უხსნიან კვების წესებს. წონის განმეორებითი შეფასება ხდება ორ კვირაში ან, საჭიროებისამებრ, უფრო ადრეც. თუ მშობელი ასრულებს ყველა რეკომენდაციას, მაგრამ წონის ნამატი არ შეინიშნება, ბავშვი სტაციონარში გადაჰყავთ.
- ჭარბი წონა
პრობლემებს წარმოშობს ზედმეტი კილოგრამებიც. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ფსიქოსოციალური პრობლემები და ქცევის დარღვევები სიმსუქნის ახლო და შორეული შედეგებია.
რა იწვევს თავად სიმსუქნეს? უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჭარბი კვება და ნაკლები მოძრაობა, თუმცა შესაძლოა, ის გენეტიკური დაავადების, ენდოკრინული დარღვევის ან რომელიმე მედიკამენტის ბრალიც იყოს.
- რეკომენდაციები
ეს რეკომენდაციები ყველას ეხება, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ბავშვების მშობლებს ვთხოვთ, რომლებსაც ჭარბი წონის რისკი ემუქრებათ.
საკვებ ნივთიერებებზე ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილება ორგანიზმშივე მიმდინარე ცვლილებებს უნდა შეესაბამებოდეს. ჩვილს ზომასთან შედარებით მეტი კალორია სჭირდება, ვიდრე სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვს. მოზარდობის პერიოდთან მიახლოებისას საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილება ისევ იმატებს.
საკვების უდიდესი წილი ხილი და ბოსტნეული უნდა იყოს. ცხიმი და ტკბილეული, უმჯობესია, შეიზღუდოს, თუმცა ბავშვებისთვის არ არის სასურველი მკაცრი დიეტა. 7 წლამდე დიეტის მიზანი არსებული წონის შენარჩუნებაა, 7 წლიდან კი შეიძლება დიეტის დანიშვნა წონის დაკლების მიზნით. კლების მაჩვენებელი თვეში ნახევარ კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. დიეტას ენდოკრინოლოგი შეგირჩევთ.
ბავშვი მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს ფიზიკურად. 6 წლამდე რეკომენდებულია აქტიური თამაშების: სირბილის, დაჭერობანას და სხვათა, – წახალისება. 6 წლიდან, სასურველია, ბავშვი ჩაერთოს ორგანიზებულ სპორტულ თამაშებში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა 9 წლამდე არ არის რეკომენდებული. დღეში 2 საათამდე უნდა შეიზღუდოს ეკრანთან გასატარებელი დრო.
გახსოვდეთ, სწორი კვება არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ გონებრივ ინტელექტუალურ განვითარებაზეც ახდენს გავლენას. ბავშვი, რომელიც ცუდად იკვებება, სუსტდება, სწრაფად იღლება და უჭირს მეცადინეობა. ამასთან, არასათანადო კვების რეჟიმი ზრდის გაციების ალბათობას, რაც შეიძლება სკოლის გაცდენის და სწავლაში ჩამორჩენის კიდევ ერთ მიზეზად იქცეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი საუზმე. საუზმესა და ხსწავლას შორის კავშირი არაერთმა კვლევამ დაადასტურა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯანსაღი კვების ჩვევები უფრო მტკიცედ გაუჯდება ბავშვს, თუ მათ პატარაობიდანვე ჩამოუყალიბებთ.
- სიმაღლის დინამიკა
პირველ წელს სიგრძის ნამატი საშუალოდ 25 სმ-ია. პირველ მეოთხედში ბავშვი ყოველთვიურად 3 სმ-ს იმატებს, მეორე მეოთხედში – 2.5-ს, მესამეში – 2სმ-ს, მეოთხეში – 1სმ-ს.
ერთი წლის შემდეგ სიმაღლეში ზრდის ტემპიც იკლებს. მეორე წელს ბავშვი 10-12 სმ-ს იმატებს, მესამე წელს – 7-8 სმ-ს, შემდეგ – ყოველწლიურად 5-6 სმ-ს. ზრდის ტემპი მკვეთრად იმატებს 4-დან 6 წლამდე და სქესობრივი მომწიფების დროს.
4 წლისთვის დაბადების სიგრძე ორმაგდება და დაახლოებით 100 სმ-ს აღწევს, ხოლო 12 წლისთვის სამმაგდება.
ბავშვის სიმაღლე უმთავრესად გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუმცა მასზე გარემოც ახდენს გავლენას. ზრდის პროცესს ენდოკრინული სისტემა არეგულირებს, განსაკუთრებით – ჰიპოფიზის ზრდის ჰორმონი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და ინსულინი. ზრდას ხელს უწყობს სათანადო მოძრაობითი აქტივობა, ხელს უშლის კვების დეფიციტი და დისბალანსი, ამინმჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა.
- სიმაღლის დარღვევა
ზრდაში ჩამორჩენა სხვადასხვაგვარია. თუ ბავშვი თანატოლებთან შედარებით დაბალია, მაგრამ ნორმალური ტემპით ვითარდება საუბრობენ კონსტიტუციურ ტანდაბლობაზე. ხშირად ამ ბავშვებს უგვიანდებათ სქესობრივი მომწიფებაც. ზრდასრულ ასაკში ისინი, როგორც წესი, მშობლის სიმაღლეს აღწევენ. თუმცა ზრდაში ჩამორჩენის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ზრდის დარღვევის სხვა მიზეზები – ქრონიკული დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები, ემოციური პრობლემები, ინფექციები, ცუდი კვება.
საკმაოდ იშვიათია ჭარბი სიმაღლე ანუ გიგანტიზმი. უმეტესად ის შედეგია ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნისა, რომლის გამოც ზრდის ჰორმონი ჭარბად გამოიყოფა. გიგანტიზმს ზოგიერთი გენეტიკური დაავადებაც.
ზრდის დარღვევის დროს საჭიროა ენდოკრინოლოგის და გენეტიკოსის კონსულტაცია.
- რატომ ვზომავთ თავის გარშემოწერილობას?
ეს პარამეტრი ტვინის განვითარებაზე გვიქმნის წარმოდგენას. პრობლემის მიზეზია საძიებელი, თუ ბავშვის თავის გარშემოწერილობა ნორმაზე დიდი ან პატარაა, თუ უეცრად შეწყვიტა ზრდა ან პირიქით, მეტისმეტად სწრაფად გაიზარდა. მაგალითად, არანორმალურად დიდი ზომის თავის ქალა ჰიდროცეფალიაზე, თავის ტვინში სითხის დაგროვებაზე მიუთითებს. მიკროცეფალია კი ტვინის განუვითარებლობის ბრალია.
დროული ახალშობილის თავის გარშემოწერილობა 34-36 სმ-ია. წლის განმავლობაში მაჩვენებელი 10-11 სმ-ით იმატებს. თავის გარშემოწერილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2 წლამდე.
- სხეულის პროპორციები
მცირე ასაკის ბავშვს ზრდასრულისგან განსხვავებული პროპორციები აქვს: თავი შედარებით დიდია, კიდურები – მოკლე. სხეულის ნაწილების არათანაბარი ზრდის გამო სხეულის შუაწერტილი თანდათან ქვემოთ ინაცვლებს. დროულ ახალშობილს შუაწერტილი ჭიპის დონეზე აქვს, დღენაკლულს – ჭიპს ზემოთ, 6 წლის ასაკში ის ჭიპსა და სიმფიზს შორის ჩამოდის, 12-13 წლისთვის კი სიმფიზის დონეზეა. სხეულის პროპორციებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სიმაღლის, წონის თუ სხვა მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ მაშინ მოითხოვს, როდესაც ფიზიკური განვითარება პროპორციული არ არის. ამის საპირისპიროდ, პროპორციული მაგრამ ნორმასთან შედარებით მცირე ან დიდი სიმაღლე უმეტესად კონსტიტუციური თავისებურებებით აიხსნება.
- კბილების განვითარება
სარძევე კბილები 6-8 თვის ასაკში ამოიჭრება. ამოჭრის თანმიმდევრობა ასეთია:
ზედა კბილები
გვერდით საჭრელები – 9-11 თვე,
ეშვები – 17-19 თვე
პირველი პრემოლარები – 12-14 თვე
მეორე პრემოლარები – 21-23 თვე
ქვედა კბილები
- შუა საჭრელები – 6-8 თვე
- გვერდითი საჭრელები – 10-12 თვე
- ეშვები – 18-20 თვე
- პირველი პრემოლარები – 13-15 თვე
- მეორე პრემოლარები – 22-24 თვე
- 2 წლის ბავშვს 20 სარძევე კბილი აქვს.
- 6 წლიდან იწყება მუდმივი კბილების ამოჭრა შემდეგი თანმიმდევრობით:
- ზედა კბილები:
- შუა საჭრელები – 6-10 წ
- გვერდითა საჭრელები – 8,5-14 წ
- ეშვები – 9-14 წ
- პირველი პრემოლარები – 10-14 წ
- მეორე პრემოლარები – 5-8წ
- პირველი მოლარები – 5-6 წ
- მეორე მოლარები – 10,5 – 14,5 წ
- სიბრძნის კბილი 18 -25 წ
ქვედა კბილები
- შუა საჭრელები – 5,5-8 წ
- გვერდითი საჭრელები – 9-12,5წ
- ეშვები – 9.5-15 წ
- პირველი პრემოლარები – 9-12,5წ
- მეორე პრემოლარები – 9.5-15 წ
- პირველი მოლარები – 9-14წ
- მეორე მოლარები – 10 -14 წ
- სიბრძნის კბილი – 18-25 წ
- რატომ იგვიანებს კბილი?
კბილების ამოჭრა დაგვიანებულია, თუ 13 თვის ასაკში ბავშვს არც ერთი კბილი არ აქვს. კბილების ამოჭრის დაგვიანებას იწვევს კვებითი დარღვევები, მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტი, ენდოკრინული დაავადებები. არსებობს დაგვიანებული ამოჭრის ოჯახური შემთხვევებიც. კბილების ცუდი განვითარების ნიშანია კარიესი და მინანქრის დეფექტები. მათ იწვევს კვების და მეტაბოლური დარღვევები, მიკროელემენტების დეფიციტი, ზოგიერთი მედიკამენტი, სატყუარას ხშირი და ხანგრძლივი წოვა, ბოთლიდან ხანგრძლივი კვება. დარღვევების არსებობისას სტომატოლოგს უნდა მიმართოთ, შესაძლოა, საჭირო გახდეს მიკროელემენტების დამატება ან სხვა პროფილის ექიმის, უმეტესად – ენდოკრინოლოგის, კონსულტაცია.
ჯანსაღი ემოციები ჰარმონიული განვითარებისთვის
- საუკეთესო ნიადაგი
ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ემოციურ სფეროს. დედა-შვილის კომუნიკაცია ჯერ კიდევ მანამდე უნდა დაიწყოს, სანამ ბავშვი ენას ამოიდგამდეს. მართალია, ახალშობილს სიტყვების მნიშვნელობა არ ესმის, მაგრამ ძალიან კარგად აღიქვამს ინტონაციას. ეს “საუბრები” უკვალოდ არ ჩაივლის, ბავშვის ფსიქიკაში დაილექება და მომავალში აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს.
დედის მთავარი გზავნილი სიყვარული უნდა იყოს. სწორედ ეს გრძნობა უნდა იკითხებოდეს მის ყოველ მოქმედებაში, სიტყვაში, შეხებაში. ესაუბრეთ, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ. თქვენი მზრუნველობით აღსავსე კილო მას სიმშვიდეს, უსაფრთხოების განცდას მოჰგვრის. რაც შეიძლება ხშირად შეეხეთ, აკოცეთ და მოეფერეთ, რათა სამყარო მტრულად განწყობილ, საშიშ ადგილად არ მოეჩვენოს.
ბავშვისადმი სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო საშუალება ძუძუთი კვებაა. გარდა იმისა, რომ დედის რძეს უნიკალური კვებითი ღირებულება აქვს და, ამასთან, ყველაზე სანდო წამალიც არის, ძუძუთი კვება მნიშვნელოვან ემოციურ კავშირსაც აყალიბებს. დედა-შვილს შორის ცხრა თვის განმავლობაში არსებული მისტიკური კავშირი ბავშვის დაბადების შემდეგ ამ რიტუალით გრძელდება. ამიტომ არის, რომ ძუძუს წოვისას პატარა არა მხოლოდ ნაყრდება, არამედ მშვიდდება კიდეც.
ახალშობილის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია მშვიდი გარემო, ამიტომ ამ პერიოდში ბავშვთან კომუნიკაციის მთავარი მიზანი მისი მოთხოვნილებების გაგება და დაკმაყოფილებაა. პატარას კომუნიკაციის არცთუ სრულყოფილი საშუალება აქვს – ტირილი. არ შეგეშინდეთ. სულ რამდენიმე დღეც და მისი ტირილის გაგონებისას გამოცდილი თარჯიმანივით უმალ მიხვდებით, შიმშილი აწუხებს, სველი საფენი, შებერილი მუცელი თუ დაძაბული ოჯახური ატმოსფერო.
თვეების განმავლობაში ტირილი ურთიერთობის მთავარ საშუალებად დარჩება. მისი მეშვეობით გაცნობებთ ბავშვი, რა აწუხებს და რა სურს. ზოგჯერ უმიზეზოდაც იტირებს. თუმცა მალევე თქვენს ურთიერთობას კომუნიკაციის უფრო დახვეწილი საშუალებებიც დაემატება. მაგალითად, ერთიდან სამ თვემდე – ღიმილი და შეძახილები. ამ ასაკის პატარები რეგულარულად უღიმიან მშობლებს, თუმცა შესაძლოა, ოჯახის სხვა წევრებისადმი იგივე ემოცია შესაძლოა უფრო გვიან გამოხატონ. უცხოებს, როგორც წესი, ასე მეგობრულად არ ექცევიან. ორი თვის შემდეგ დამახასიათებელი ბგერების წარმოთქმასაც იწყებენ. ბავშვი ხშირად “ესაუბრება” მშობლებს ამგვარად და მათგანაც ელის პასუხს, ღიმილს, სითბოს. არ არის გამორიცხული, თქვენს გამომეტყველებასაც წაბაძოს. არ მოაცილოთ მზერა საუბრისას. აგრძნობინეთ, რომ თქვენთვისაც საინტერესოა მისი მოსმენა.
თანდათან მჟღავნდება ბავშის ხასიათი, პიროვნება. ის უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იჩენს ოჯახის წევრების მიმართ, უფრო და უფრო აქტიური ხდება. გახსოვდეთ, ბავშვს უყვარს თქვენი ხმა, ამიტომ ესაუბრეთ, უმღერეთ, სიტყვიერად მოეალერსეთ. მის ხმასა და ღიმილზე სათანადო რეაგირება მოახდინეთ. დაიკავეთ სარკის წინ (ეს ბავშვებს ძალიან მოსწონთ), სათამაშოები მკვეთრი ფერისა შეურჩიეთ (ასეთ ფერებს ბავშვი უკეთესად აღიქვამს, ვიდრე პასტელურს).
რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ხშირად “ლაპარაკობს”, ხმით ათასგვარ ექსპერიმენტს ატარებს, ბაძავს მშობლებს. ეს ამეტყველებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ამიტომ აუცილებლად უნდა წაახალისოთ. თუ მანამდე სათქმელის აზრს თქვენი კილოთი ხვდებოდა, დაახლოებით ოთხი თვიდან ბავშვი სიტყვების მნიშვნელობის გაგებასაც დაიწყებს. რამის კეთებისას სიტყვიერად აღწერეთ თქვენი ქმედება. მაგალითად: “ახლა ჩავიცვათ”; “ახლა საწოვარა ავიღოთ”; “მოდი, სარკეში ჩავიხედოთ”... არ დატოვოთ უპასუხოდ ბავშვის ტიტინი – გაიმეორეთ მის მიერ წარმოთქმული ბგერები და მის პასუხს დაელოდეთ. ამგვარად შვილთან ემოციურ კავშირსაც დაამყარებთ, ინტელექტუალურ განვითარებაშიც დაეხმარებით და იმასაც აჩვენებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენთვის.
სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვს მშობლების, განსაკუთრებით დედიკოს გარდა არავინ უნდა. ხალხმრავალ ადგილებს უმჯობესია მოარიდოთ – ინფექციის საშიშროებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს პატარას ფსიქიკისთვისაც სერიოზული გამოცდაა. არ გაგიკვირდეთ, თუ ჩვილმა, რომელიც სახლში ძალიან წყნარია, ბევრი ხალხის გარემოცვაში ჭირვეულობა დაიწყო. ამის დროც მოვა – დაახლოებით 9 თვიდან ხალხმრავალი ადგილებში გასეირნება არათუ ნებადართული, არამედ საჭიროცაა. წაიყოლეთ პატარა სავაჭრო ცენტრში, ატარეთ ზოოპარკში... ბავშვმა ბევრი განსხვავებული სახე, ნივთი, ცხოველი, შენობა უნდა დაინახოს. ეს მას განვითარებაში, სამყაროს უკეთ აღქმაში დაეხმარება.
რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ნაკლებადაა მიჯაჭვული დედას, თუმცა მასთან ახლო კონტაქტი მუდმივად უნდა შეინარჩუნოთ.
მოკლედ, ჩვენი მთავარი სათქმელი ასეთია: ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის უკიდურესად მნიიშვნელოვანია თბილი და მოსიყვარულე გარემო. სწორედ სითბო, სიყვარული და მზრუნველობა ქმნის იმ ნოყიერ ნიადაგს, რომელზეც პიროვნული თვისებები დაშენდება.
- პატარა მკითხველი ხდება
ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვაც ადრეული ასაკიდან იწყება. მართალია, წერა-კითხვას სკოლაში ასწავლიან, მაგრამ მანამდე გულხელდაკრეფილი ნუ ისხდებით. წერისა და კითხვისთვის საჭირო უნარებს პატარა სკოლამდელ ასაკში გამოიმუშავებს. რაც უფრო უკეთესად აითვისებს მათ, მით უფრო მეტად გაუადვილდება საქმე სკოლაში.
- მაშ, რა გავაკეთოთ და როდის?
სანამ პაწია კარგი მკითხველი გახდება, ჯერ კარგ მსმენელად უნდა ჩამოყალიბდეს, ეს კი თქვენზეა დამოკიდებული. არც ისე ბევრი რამ მოგეთხოვებათ: საუბარი, ხშირი კონტაქტი (ამის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ) და, რაც მთავარია, კითხვა. წიგნებთან ნაცნობობა ადრეულ ბავშვობაში უნდა შედგეს. დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებიც “სიჩუმეში” იზრდებიან, უჭირთ მეტყველება, წერა-კითხვა, სწავლა.
- საჭირო უნარები
მართალია, წიგნებს გამოყენების ინსტრუქცია არ მოჰყვება, მაგრამ ეს წესები მაინც ყველამ ვიცით – ვიცით, რომელი მხრიდან დავიჭიროთ, საიდან საით გადავფურცლოთ, რა მიმართულებით ვიკითხოთ. ეს ყველაფერი ბავშვობაში ჩვენდა უნებურად ვისწავლეთ, ასე ვთქვათ, “შემოგვესწავლა”. ეს ცოდნა წერა-კითხვის სასწავლად მეტად მნიშვნელოვან ბაზისს ქმნის. ეს ბაზისი კი მშობლებმა უნდა გადასცენ შვილს: როცა ბავშვი ხედავს, როგორ კითხულობს უფროსი, წიგნის სწორად გამოყენებას თვითონაც სწავლობს.
წიგნთან ურთიერთობა ბავშვს ჩვილ ასაკშივე უნდა დააწყებინოთ, ხოლო ერთი წლისთვის უფრო ინტენსიურ მუშაობაზე გადახვიდეთ. ამ ასაკის პატარას უკვე ბევრი რამ ესმის. ზოგიერთ სიტყვას თავადაც ამბობს.
ყველაზე დიდი ჯაფა ერთიდან სამ წლამდე პერიოდში დაგადგებათ. ამ პერიოდში ბავშვის გონებაში სერიოზული ცვლილებები ხდება. საგრძნობლად მდიდრდება სიტყვების მარაგი, ცოდნა ფორმების, ფერების, ცხოველების, წელიწადის დროების შესახებ, ბავშვმა უკვე იცის, რომ ფურცელზე გამოსახული უცნაური ნიშნები ასოები და ციფრებია, რომ სიტყვები მარცვლებისგან შედგება, რომ ერთი და იგივე მარცვლები სხვადასხვა კომბინაციით სხვადასხვა სიტყვას ქმნიან და ა.შ. ყველა ეს უნარი წიგნების საშუალებით უნდა განამტკიცოთ. ამავე პერიოდში ბავშვს თქვენთან მჭიდრო კონტაქტიც სჭირდება -წიგნი ამაშიც დაგეხმარებათ.
- როდის და როგორ?
ბავშვის ფსიქოლოგიის სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვს რაც შეიძლება ხშირად ვუკითხოთ. დღეში ერთხელ მაინც. კარგი იქნება, თუ წიგნის კითხვისთვის დღის ერთსა და იმავე დროს გამოყოფთ. განსაკუთრებით ეფექტურია ძილისწინა პერიოდი. ასე წიგნის კითხვა ერთგვარ ძილისპირულ რიტუალად იქცევა და განვითარებასთან ერთად პატარას ჩაძინებაშიც დაეხმარება. თუმცა თუ ბავშვმა შუადღისითაც მოგთხოვათ წიგნის წაკითხვა, ბუნებრივია, უარი არ უნდა უთხრათ. კარგი იქნება, თუ კითხვის დროს პატარას კალთაში ჩაისვამთ ან მკერდზე მიიკრავთ – ამგვარად მას ერთდროულად დაეუფლება უსაფრთხოების, სიმშვიდის, ბედნიერების განცდა.
თავად აარჩევინეთ წიგნი. შეუქეთ არჩევანი, მიეცით საშუალება, საკუთარი ხელით გადაფურცლოს. ამ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებში ხშირად შეხვდებით რიტმულ ფრაზებს, განმეორებად სიტყვებს, რითმეს. როცა ასეთ ადგილს მიადგებით, დაელოდეთ, რომ ბავშვმა თვითონ დაასრულოს წინადადება.
წაუკითხეთ ნებისმიერი რამ, რასაც თავად მოითხოვს, თუნდაც ეს იყოს ერთი და იგივე წიგნი ყოველ საღამოს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
იკითხეთ ნელა, რომ ბავშვმა სიუჟეტის გააზრება მოახერხოს.
იკითხეთ გამოთქმით, ცვალეთ ინტონაცია, დასვით აქცენტები – ერთი სიტყვით, დაეხმარეთ ბავშვს შინაარსის უკეთ გაგებაში.
სხვადასხვა რეკვიზიტით განასახიერეთ, რასაც კითხულობთ.
კითხვის დროს მიეცით ბავშვს საშუალება, იმღეროს, ტაში დაუკრას და ა.შ.
ესაუბრეთ ილუსტრაციებზე – მიუთითეთ საგანზე და დაასახელეთ ის. შემდეგ ბავშვს სთხოვეთ იმავეს გაკეთება. არ დაივიწყოთ შექება.
დაუსვით კითხვები, რომლებიც კრიტიკული აზროვნებისა და წარმოსახვის ჩართვას მოითხოვს: “როგორ ფიქრობ, რისთვის მიდის ლომი ტყეში? შენი აზრით, რა მოხდება ამის შემდეგ?” ეს ბავშვს საშუალებას მისცემს, წარმოიდგინოს ამბის გაგრძელება, განუვითარებს ფანტაზიას და ლოგიკას.
პერსონაჟს სახელი შეუცვალეთ და თქვენი შვილის სახელით მოხისენიეთ – პატარა უფრო გახალისდება.
რაც მთავარია, ეცადეთ, კითხვის დროს ხალისს და ბედნიერებას ასხივებდეთ – ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ კითხვა სასიამოვნო პროცესია.
- თუ არ გვისმენს
ყველა წესი კარგად დაიმახსოვრეთ და საღამო ხანს პატარასთან ერთად წიგნით ხელში დივანზე მოკალათდით, მაგრამ... იდილიაზე ოცნება თვალის დახამხამებაში დაიმსხვრა – ბავშვი ჭირვეულობს, არ გისმენთ, კითხვას არ გაცლით, წიგნს ფურცლავს, აქეთ-იქით დარბის... რას იზამთ, მოთმინება უნდა მოიკრიბოთ. ეცადეთ, ისეთი წიგნი ამოარჩიოთ, რომელშიც ფერადი, საინტერესო ილუსტრაციებია. თუ არც ამან გაამართლა, ბავშვი დაძაბული ან გაღიზიანებულია, კითხვის საათი შემდეგისთვის გადადეთ – ბავშვს წიგნთან მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებდეს. მოგვიანებით კი ხელახლა სცადეთ. ბავშვებს უყვართ გამეორება. თქვენც მუდმივად შესთავაზეთ საკითხავი.
არ იდარდოთ, თუ დიდხანს ვერ გისმენთ – ყურადღების კონცენტრირების უნარი თანდათან დაეხვეწება. ისიც შეიძლება, თქვენ კითხვა განაგრძოთ, ის კი ადგეს, ხელში საყვარელი სათამაშო აიღოს, ითამაშოს კიდეც.
ისიც გახსოვდეთ, რომ ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვნია სხვა უნარებიც. არ დაიზაროთ, მასთან ერთად იმღერეთ, ითამაშეთ, ხატეთ, ძერწეთ...
- თამაშის მაგია
თუ თქვენი შვილი სკოლამდელი ასაკისაა, ყველაზე შემოქმედებითი თეატრის პირველ რიგებში ადგილი გარანტირებული გაქვთ. პატარა ხან სუპერმენია, ხან – პრინცესა, ხან – ცხოველი, ზოგჯერ – უსულო საგანიც კი. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ბავშვის ჰარმონიულ განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს მისი წარმოსახვის უნარი. ეს უნარი კი ყველაზე აქტიურად სწორედ სკოლამდელ ასაკში და სწორედ თამაშის დროს ვლინდება. ამ ასაკის ბავშვის გონება უკვე სათანადოდ განვითარებულია, ფანტაზია – უკიდეგანო, თუმცა ჯერ ვერ მიჯნავს ერთმანეთისგან რეალობასა და წარმოსახვას, ჯერ არ უჩნდება კითხვა: “მართლა ასეა?” სკოლამდელი ასაკი წარმოსახვისა და რეალობის ჰარმონიული თანაცხოვრების პერიოდია.
- წარმოსახვის ძალა
სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმეტესობას ჯერ კიდევ არ შეუძლია მის ირგვლივ არსებული გარემოს სრულფასოვანი აღქმა. ამ “ხვრელებს” თავად ავსებენ. ასე ქმნიან საკუთარ, ჯადოსნურ წარმოდგენას გარემოზე და “ხსნიან", რა და როგორ არის მოწყობილი. ამიტომ ბავშვის ფსიქოლოგიის სპეციალისტები ამ პერიოდს ჯადოსნურ წლებსაც უწოდებენ (პირველად ეს ტერმინი ბავშვის განვითარების ექსპერტმა სელმა ფრაიბერგმა გამოიყენა 1959 წელს ამავე სახელწოდების წიგნში). შემოქმედებითი თამაშები ბავშვის “ინტელექტუალური საკუთრებაა", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობელს მათში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ჩვენი მთავარი სათქმელი ის არის, რომ მშობელი პატარას ამ უნარების გაღვივებაში უნდა დაეხმაროს. მათი დახმარებით ბავშვი ადვილად უმკლავდება ემოციებს, სწავლობს თვითკონტროლს და სხვა.
- როგორ მოვიქცეთ?
აჰყევით თამაშში – თუ ხელები გაშალა და ამბობს, რომ დაფრინავს, მიწაზე ნუ დაანარცხებთ. ნაცვლა ამისა, უთხარით: “მაგარია! ნახე, რამსიმაღლეზე აფრინდი! რას ხედავ ქვემოთ? თუ ფრენით დაიღალე, ამ ღრუბელზე ჩამოჯექი”. უფრო უკეთესი იქნება, თუ მასთან ერთად თქვენც “იფრენთ”.
ელექტრონული სათამაშოებით ნუ გაანებივრეთ. მოამარაგეთ ისეთი სათამაშოებით, რომელთა გამოყენება გარკვეულ შემოქმედებით უნარს მოითხოვს: თოჯინებით, აგურებით.... ხელოვნება მაშინ იბადება, როდესაც თამაშს ბავშვი წარმართავს და არა სათამაშო.
ერთი წლიდან ბავშვს თამაშისთვის უფრო მეტი სივრცე სჭირდება. რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, გამოუნახეთ ასეთი სივრცე. არ დაგავიწყდეთთ უსაფრთხოების წესების დაცვა. ნება დართეთ, საოჯახო საქმეებშიც მოგეხმაროთ.
ბევრი უკითხეთ, კითხვის დროს კი კითხვებიც დაუსვით: “შენ რომ მუხლუხო ყოფილიყავი, რას შეჭამდი? როგორ ფიქრობ, რა მოხდება ამის შემდეგ?” ეს მხოლოდ წარმოსახვას კი არ გაუმდიდრებს, არამედ მეტყველების განვითარებაშიც დაეხმარება.
დიდი და პატარა, ცივი და ცხელი, მრგვალი და ოთხკუთხედი, მაღალი და დაბალი – ყველა ეს ცნება ბავშვს თამაშით უნდა ასწავლოთ. გამოიყენეთ სხვადასხვა ფორმისა და ფერის ნივთები, ნახატები.
არ დატვირთოთ. ბავშვს საკმარისი დრო უნდა ჰქონდეს თამაშისთვის. სამაგიეროდ, შეუზღუდეთ ეკრანთან გასატარებელი დრო – ნახატი ფილმის ან თუნდაც შემეცნებითი გადაცემის ყურებისას ბავშვი საკუთარის ნაცვლად სხვის მიერ აღქმულ სამყაროს უყურებს. ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს სატელევიზიო რეკლამაც, რადგან მათ ჯერ არ შესწევთ უნარი, რეკლამა რეალობისგან განასხვაონ. იგივე ითქმის ციფრულ რეკლამებზეც, რომლებსაც მრავლად შეხვდებით ონლაინ თამაშებში. ექსპერტები გვირჩევენ, 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები ეკრანთან ერთ საათზე მეტი ხნით არ დავსვათ.
- როცა ჯადოსნობა მთავრდება
ერთ დღესაც თქვენი პატარა აღარ დაიჯერებს, რომ ფრენა შეუძლია ან ზღაპრული პრინცესაა. ეს ერთგვარი ტკბილ-მწარე მომენტია – სამყარო, სადაც ყველაფერი შესაძლებელი იყო, ქრება, თუმცა ნამდვილი ცხოვრება იწყება. ეს სწორედ იმის ნიშანია, რომ ბავშის გონება სწორად ვითარდება. პრეფრონტალურმა ქერქმა, ტვინის შუბლის უკან მდებარე ნაწილმა, უმაღლესი დონის აზროვნებისთვის საჭირო კავშირები გააბა. მაგალითად, ორი წლის ბავშვი მტვერსასრუტის დანახვისას შიშობს, ამ უცნაურმა ნივთმა მტვერთან ერთად ისიც არ შეისრუტოს. ერთი-ორი წლის შემდეგ თამაშის დროს წარმოიდგენს, რომ ვაკუუმის მონსტრი მას უთვალთვალებს, ექვსი წლისა კი უკვე ხვდება, რომ მტვერსასრუტის შიში ირაციონალურია და შეუძლებელია, ადამიანი ამ პატარა მილში მოთვსდეს. მეტიც – შესაძლოა, თავად მოინდომოს სახლის დალაგება. იგივე მოხდება სხვა საგნებთან მიმართებითაც – ბავშვის ტვინი ისწავლის შესაძლებლის შეუძლებელისგან განსხვავებას. ამ პერიოდში ყალიბდება სინდისი, ბავშვი ხვდება, რა არის სწორი და რა – არასწორი, მოქმედებენ არა იმპულსურად არამედ იმიტომ, რომ “ეს კარგია”.
ახლა გასაგებია, სად ქრებიან ერთ დროს საწოლის ქვეშ ჩასაფრებული მონსტრები, რატომ უჩნდება ბავშვს უფრო და უფრო რთული კითხვები და რატომ აღარ აკმაყოფილებს მარტივი პასუხები. სად გაქრა წარმოსახვა? ის არსად წასულა, უბრალოდ, დაიხვეწა და ხელოვნებაში: მხატვრობაში, მუსიკაში, მწერლობაში დაიდო ბინა, ყოველდღიური ცხოვრებაში კი მისი ადგილი კრიტიკულმა აზროვნებამ დაიკავა. მომავალში სწორედ კრიტიკული აზროვნება დაეხმარება ბავშვს პრობლემების გადაჭრაში, სწორი გადაწყვეტლებების მიღებაში, ისეთი საქმეების ჩადენაში, რომლებიც თქვენ, მშობელს, სიამაყით აგავსებთ.
თითოეული უნარი ბავშვმა შესაბამის ასაკში უნდა აითვისოს. გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც განვითარების ასაკობრივი ნორმებია ასახული. ამ ცხრილის მიხედვით მშობელსაც შეუძლია თვალი ადევნოს, სწორად ვითარდება თუ არა მისი შვილი. გაითვალისწინეთ: ეს ნორმები არ არის აბსოლუტური. თუ ბავშვი რომელიმე პუნქტს ვერ აკმაყოფილებს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს განვითარების შეფერხებას. მონაცემების ინტერპრეტაცია ექიმის საქმეა. ცხრილი უბრალოდ მიგახვედრებთ, როდის მიმართოთ მას.
2 თვე
- თავი უკეთ უჭირავს.
- მუცელზე წოლისას თავს 45 გრადუსით სწევს მაღლა.
- ხელებითა და ფეხებით ასრულებს ცურვის მსგავს მოძრაობებს.
- რეაგირებს ნაცნობს ხმაზე.
- აბრუნებს თავს ხმისკენ.
- ღუღუნებს.
- იღიმება, უღიმის ხალხს.
- უყურებს ახლომდებარე საგნებს.
- აკვირდება ნივთებს, თვალებს.
- ცდილობს, შეხედოს მშობლებს.
4 თვე
- კარგად ხედავს ახლო მანძილზე.
- ამყარებს მხედველობით კონტაქტს ოჯახის წევრებთან.
- იწყებს თვალებისა და ხელების კოორდინირებულ მოძრაობას.
- ჯდომისას თითქმის არ უვარდება თავი.
- ჩხარუნა ორივე ხელით უჭირავს.
- შეუძლია ჩხარუნათი თამაში, თუ ხელში უჭირავს, მაგრამ თუ დაუვარდა, მის აღებას ვერ ახერხებს.
- შეუძლია საგნის პირში ჩადება.
- ღუღუნებს, ხმამაღლა იცინის
- წრიალებს და ასე ცდილობს ყურადღების მიპყრობას.
- ცნობს მშობლების ხმას და შეხებას.
6 თვე
- ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს საგანი.
- შეუძლია დაგდებული საგნის აღება.
- შეუძლია ზურგიდან მუცელზე გადაბრუნება.
- შეუძლია იატაკზე ჯდომა საზურგის დახმარებით.
- ეწყება ნერწყვდენა, კბილების ამოჭრა.
- იწყებს უცხოობას.
- ბაძავს მოძრაობებს და ხმებს.
- შეუძლია იმ ხმების აღქმაც, რომლებიც ყურის დონეზე არ ესმის.
9 თვე
- შეუძლია ხოხვა.
- დიდხანს ზის.
- მჯდომარე სწვდება საგნებს.
- შეუძლია საგნების დაჭერა, დაგდება.
- შარდვა და ნაწლავთა მოქმედება უფრო რეგულარული უხდება.
- ბუტბუტებს.
- განიცდის განშორებას, ეჯაჭვება მშობლებს.
- შესაძლოა, ეშინოდეს მარტო დარჩენის.
- ხვდება, რომ ობიექტები არსებობს მაშინაც, როდესაც მათ ვერ ხედავს.
- ასრულებს მარტივ მითითებებს.
- რეაგირებს სახელით მიმართვაზე.
- ხვდება, როდესაც რამეს უკრძალავენ.
- თამაშობს ინტერაქციულ თამაშებს.
- ხელს გვიქნევს დამშვიდობებისას.
12 თვე
- დგას საყრდენის გარეშე.
- ზის დაუხმარებლად.
- ორ საგანს ერთმანეთზე ურტყამს.
- ფურცლავს წიგნს, თუმცა ერთდროულად შლის რამდენიმე ფურცელს.
- შეუძლია მოქმედებების წარმოდგენა, მაგალითად, წარმოიდგენს, რომ სვამს.
- პასუხობს სახელით მიმართვაზე.
- ამბობს „დედას“, „მამას“ ან ერთ-ორ სხვა სიტყვას.
- ასრულებს მარტივ მითითებებს.
- ცდილობს, მიბაძოს ცხოველთა ხმებს.
- შესაძლოა განუვითარდეს მიჯაჭვულობა სათამაშოს ან რომელიმე სხვა საგნის მიმართ
- უჭირს განშორება, ეჯაჭვება მშობელს.
- თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობა ერთმანეთს უტოლდება.
18 თვე
- ყოფლიბანდი დახურული აქვს.
- წინა თვეებთან შედარებით იკლებს ზრდის ტემპი და მადა.
- შეუძლია იმ კუნთების კონტროლი, რომლებიც შარდვისა და დეფეკაციის დროს გამოიყენება, თუმცა, შესაძლოა ჯერ კიდევ არ იყოს მზად პამპერსთან განშორებისთვის.
- დარბის ძნელად, დაჭიმული, და ხშირად ეცემა.
- დაუხმარებლად ჯდება პატარა სკამზე.
- ადის კიბეზე ცალხელჩაკიდებული.
- შეუძლია კოშკის აშენება 2-4 აგურით.
- შეუძლია ჭამის დროს კოვზის, ჭიქის გამოყენება.
- ბაძავს წერით მოძრაობას.
- განიცდის განშორებას, მიჯაჭვულია მშობლებს.
- უსმენს მონათხრობს.
- შეუძლია ათი ან მეტი სიტყვის თქმა შეკითხვის, თხოვნის საპასუხოდ.
- შეუძლია, აკოცოს მშობლებს გამოწეული ტუჩებით.
- ცნობს სხეულის ნაწილებს.
- ახდენს სხვადასხვა საგნის იდენტიფიცირებას.
- ხშირად ბაძავს მშობლებს.
- შეუძლია ხელთათმანების, ქუდის, წინდების გახდა.
- უვითარდება მისაკუთრების გრძნობა – შეუძლია თქვას „ჩემია“.
- წიგნის გადაფურცვლისას ერთდროულად 2-3 ფურცელს შლის.
2 წელი
- შეუძლია კარის გაღება სახელურით.
- წიგნის ფურცვლის დროს მხოლოდ ერთ ფურცელს შლის.
- აშენებს კოშკს 6-7 აგურისგან.
- ბურთისთვის ფეხის დარტყმისას, იატაკიდან ნივთის აღებისას არ კარგავს წონასწორობას.
- შესაძლოა, მზად იყოს ტუალეტისთვის.
- დამოუკიდებლად იცვამს მარტივ ტანსაცმელს, უფრო ადვილად კი იხდის.
- გატყობინებთ, როცა სწყურია, შია, ბუნებრივი მოთხოვნილებები აწუხებს.
- აგებს ორ-სამსიტყვიან ფრაზებს.
- ესმის ორსაფეხურიანი მითითებები, მაგალითად: "მომეცი ბურთი და შემდეგ დალიე წყალი".
- სიტყვათა მარაგი მოიცავს დაახლოებით 300 სიტყვას (თუმცა ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ვარირებს).
3 წელი
- აქვს გაცილებით უკეთესი წონასწორობა, მხედველობა.
- დღისით, ზოგჯერ ღამითაც აკონტროლებს შარდვისა და დეფეკაციის ფუნქციას.
- შეუძლია ცალ ფეხზე ხტუნვა წონასწორობის დაუკარგავად.
- დამოუკიდებლად ადის კიბეზე ფეხების მონაცვლეობით.
- აგებს კოშკს 9-ზე მეტი აგურისგან.
- შეუძლია პატარა საგნების ვიწრო ხვრელში მოთავსება.
- სიტყვათა მარაგი რამდენიმე ასეულ სიტყვას მოიცავს
- აგებს სამსიტყვიან წინადადებებს.
- ითვლის სამამდე.
- საუბრისას იყენებს მრავლობით რიცხვს, ნაცვალსახელს.
- ხშირად სვამს კითხვებს.
- იცვამს დამოუკიდებლად, სჭირდება დახმარება თასმების, ღილების შეკვრის დროს.
- უფრო ხანგრძლივად აჩერებს ყურადღებას ერთსა და იმავეზე.
- ადვილად ჭამს დამოუკიდებლად.
- ნაკლებად წუხს მშობელთან განშორების გამო (ცხადია, მცირე ხნით).
- ეშინია წარმოსახვითი ნივთების, სუბიექტების.
- იცის საკუთარი ასაკი, სახელი და სქესი.
- მისი მეტყველება თითქმის სავსებით გასაგებია.
- ხშირად გამოხატავს რისხვას, ბრაზს, გაღიზიანებას. თუ ასეთი შეტევები 15 წუთზე ხანგრძლივია და დღეში სამს აჭარბებს, ექიმს უნდა მიმართოთ.
4 წელი
- კარგად იცავს წონასწორობას.
- შეუძლია მაკრატლით სურათის გამოჭრა.
- შესაძლოა, ღამით ისევ შარდავდეს.
- სიტყვათა მარაგი ათასს აჭარბებს.
- ადვილად აგებს ოთხ-ხუთსიტყვიან წინადადებებს.
- საუბრისას იყენებს წარსულ დროს.
- თვლის ოთხამდე.
- ძალიან ცნობისმოყვარეა.
- იყენებს სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობა კარგად არ ესმის, შესაძლოა უცენზურო სიტყვებიც გამოიყენოს.
- სწავლობს და მღერის მარტივ სიმღერებს.
- ცდილობს დამოუკიდებლობას.
- შესაძლოა, გამოამჟღავნოს ძლიერი აგრესია.
- სხვებს უყვება პირად და საოჯახო საქმეებზე.
- უფრო უკეთ აღიქვამს დროის ცნებას.
5 წელი
- შეუძლია, ერთდროულად, კოორდინირებულად ამოძრაოს ხელები, ფეხები და სხეული.
- დახტის უკეთ.
- ინარჩუნებს წონასწორობას, როდესაც თვალდახუჭული ცალ ფეხზე დგას.
- შეუძლია სამკუთხედის გადახატვა.
- მისი ლექსიკური მარაგი 2000-ზე მეტ სიტყვას ითვლის.
- წინადადებები 5– და მეტსიტყვიანია.
- თვლის ათამდე.
- იცის ტელეფონის ნომერი
- იცის ძირითადი ფერები და ზოგჯერ – ბევრი სხვაც.
- სვამს უფრო ღრმა კითხვებს.
- განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და შეუძლია ბოდიშის მოხდა .
- ნაკლებად აგრესიულია.
- უქრება ადრეული ბავშვობის შიშები
- შეუძლია სხვისი აზრის, განსხვავებული მოსაზრების გათვალისწინება.
- უმჯობესდება მისი მათემატიკური უნარები
- ძლიერად ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას იმავე სქესის მშობელთან.
- ჰყავს მეგობრები.
- მოსწონს წარმოსახვა თამაშის დროს.
მოამზადა გვანცა გოგოლაძემ