სითბური დაავადება - ზაფხულის გამოწვევა

გააზიარე:

ჯანმრთელობაზე უამრავი რამ ახდენს გავლენას. ადამიანის სხეულზე მოქმედებს გარემოს ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის ატმოსფერული წნევა. ამინდის ძლიერ ცვლილებას შეუძლია, ორგანიზმი სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენოს და იმუნურ სისტემას გამოწვევა შეუქმნას.

შინაგანი ტემპერატურის შენარჩუნებას ორგანიზმი ოფლის გამოყოფით ახერხებს, მაგრამ ძლიერ სიცხეში, განსაკუთრებით – მაღალი ტენიანობისას, გაგრილებისთვის ოფლის გამოყოფა საკმარისი აღარ არის. სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა საშიშ დონემდე აიწიოს და სითბური სტრესი და მასთან დაკავშირებული დაავადებები განვითარდეს.

სიცხესთან დაკავშირებული დაავადებებია:

სითბური დაკვრა – სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა სულ რამდენიმე წუთში აიწიოს 41°ჩ მდე. მისი სიმპტომებია: კანის სიმშრალე, სწრაფი, ძლიერი პულსი, თავბრუხვევა, გულისრევა და დაბნეულობა.

სითბური გამოფიტვა – სხეულის რეაქცია წყლისა და მარილის გადაჭარბებულ კარგვაზე, წესისამებრ, ჭარბი ოფლიანობის გამო. ჩვეულებისამებრ, ვითარდება, როდესაც ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ და არ იღებს საკმარის სითხეს. მისი სიმპტომებია: ძლიერი ოფლიანობა, სწრაფი სუნთქვა და სწრაფი, შესუსტებული პულსი. თუ მდგომარეობა არ გამოასწორეს, შესაძლოა, სითბურ დაკვრაში გადაიზარდოს.

რაბდომიოლიზი – ვითარდება სითბური სტრესისა და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შედეგად. კუნთოვანი ქსოვილის დაშლის გამო სისხლში გამოთავისუფლდება ელექტროლიტები და დიდი ცილები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არითმია, კრუნჩხვა და თირკმელების დაზიანება. ვლინდება კუნთების კრამპით, ტკივილით, მუქი შარდით, სისუსტით, ვარჯიშის აუტანლობით. შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.

სითბური სინკოპე – გულის წასვლა ან თავბრუ, რომელიც ვითარდება დიდხანს დგომის შემდეგ ან უეცარი წამოჯდომა-წამოდგომისას.

სითბური კრამპი – კუნთების ტკივილი ან სპაზმი, რომელიც ვითარდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვისა და ოფლიანობის შედეგად მუცელში ან კიდურებში.

სითბური გამონაყარი – ჭარბი ოფლიანობისგან კანის გაღიზიანება, უმეტესად – მცირეწლოვან ბავშვებში.

რატომ ვითარდება

შინაგანი ტემპერატურის დასარეგულირებლად სხეულს უნდა შეეძლოს როგორც სითბოს გაცემა სიცხეში, ისე შენარჩუნება სიცივეში, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომელთა ზემოქმედებამ შესაძლოა ეს პროცესი შეაფერხოს.

სიცხესთან დაკავშირებული დაავადებები შეიძლება განვითარდეს შემდეგი მიზეზების გამო:

ცხელი გარემო – იწვევს სხეულის ძირითადი ტემპერატურის მატებას. სითბური დაავადება, წესისამებრ, ვითარდება, როდესაც ადამიანი ცხელ, ნოტიო ამინდში დიდხანს არის გარეთ. გარემოს ტემპერატურასთან ერთად მნიშვნელოვანია სითბოს ინდექსიც. ის გვიჩვენებს, როგორ აღიქვამს სხეული გარემოში არსებულ ტემპერატურას. სითბოს ინდექსის გამოთვლისას ტემპერატურასთან ერთად ფარდობით ტენიანობასაც ითვალისწინებენ. ნოტიო გარემოში ადამიანი სიცხეს უფრო მეტად გრძნობს. როდესაც სითბოს ინდექსი 33 გრადუსს აღემატება, უკვე საჭიროა გასაგრილებლად ზომების მიღება.

ენერგიული ფიზიკური დატვირთვა – ძლიერ სიცხეში სპორტული თამაში, ვარჯიში, გარეთ მუშაობა. ასეთ დროს სხეული ადვილად კარგავს სითხეს და გაუწყლოებას განიცდის.

დეჰიდრატაცია – ვითარდება, როდესაც ადამიანი არ სვამს საკმარის წყალს ოფლიანობის შედეგად დაკარგული სითხის ასანაზღაურებლად.

ზედმეტი ტანსაცმელი – ოფლი ცუდად ორთქლდება და სხეულის გაგრილებას ხელი ეშლება.

ალკოჰოლიანი სასმლის სმა – შესაძლოა, იმოქმედოს სხეულის თერმორეგულაციის უნარზე.

რისკის ფაქტორები

სითბური დაავადების განვითარების რისკს ზრდის რამდენიმე ფაქტორი:

ასაკი – ექსტრემალურ სიცხესთან გამკლავების უნარი ცენტრალური ნერვული სისტემის ძლიერებაზეა დამოკიდებული. ოთხ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს ის ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს დაქვეითებული აქვთ. ამის გამო ორგანიზმს უჭირს სხეულის ტემპერატურის ცვლილებებთან გამკლავება. ორივე ასაკობრივი ჯგუფი ძნელად ინარჩუნებს სხეულის წყლის მარაგს, რაც ასევე ზრდის რისკს.

ვარჯიში სიცხეში – როცა გარეთ ცხელა, სამხედრო წვრთნამ, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობამ შესაძლოა გამოიწვიოს სითბური დაკვრა.

სიცხის უეცარი ზემოქმედება – სხეულს დრო სჭირდება მაღალ ტემპერატურასთან შესაგუებლად. როცა გარემოს ტემპერატურა უეცრად იწევს მაღლა ან ადამიანი ცივიდან ცხელ გარემოში ხვდება, იმატებს სითბური დაავადების რისკი. ამ შემთხვევაში შეზღუდეთ აქტივობა რამდენიმე დღით, რათა სხეული ტემპერატურის ცვლილებას მიეჩვიოს. გაითვალისწინეთ, რომ სითბური დაკვრის რისკი ტემპერატურის მკვეთრი შეცვლიდან რამდენიმე კვირა მომატებული რჩება.

კონდიციონერის უქონლობა – ვენტილატორი გარკვეულ კომფორტს ქმნის, მაგრამ მუდმივი სიცხის დროს კონდიციონერი გაგრილებისა და ტენიანობის დაწევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ზოგიერთი მედიკამენტი – ზოგიერთი წამალი ცვლის სხეულის ჰიდრატაციისა და სიცხეზე რეაგირების უნარს. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუ მკურნალობთ ვაზოკონსტრიქტორებით (სისხლძარღვების შემავიწროებელ საშუალებებით), ბეტა-ბლოკატორებით, შარდმდენებით, ანტიდეპრესანტებით`ანტიფსიქოზური პრეპარატებით.

სითბური დაკვრის მიმართ ორგანიზმი დაუცველია მაშინაც, როცა ადამიანი იღებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) დროს გამოსაყენებელ სტიმულატორებს, ამფეტამინს, კოკაინს.

ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობა – გულის ან ფილტვის ზოგიერთმა ქრონიკულმა დაავადებამ, სიმსუქნემ, მჯდომარე ცხოვრების წესმა, ანამნეზში სითბურმა დაკვრამ შესაძლოა ასევე გაზარდოს სითბური დაკვრის განვითარების ალბათობა.

***

სითბური დაკვრა

სითბური დაკვრა ვითარდება მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების ან მაღალ ტემპერატურაზე ფიზიკური დატვირთვის შედეგად. ნებისმიერ ადამიანს, ვინც სიცხეში ვარჯიშობს ან მუშაობს, შეიძლება განუვითარდეს სითბური დაკვრა – მით უფრო დიდი ალბათობით, რაც უფრო ნაკლებად არის მიჩვეული გარემოს მაღალ ტემპერატურას.

სიმპტომები

სითბური დაკვრის მთავარი ნიშანია სხეულის მაღალი ტემპერატურა, რექტალური გაზომვით – 40°ჩ  ან უფრო მეტი. ამას ემატება:

* ფსიქიკური მდგომარეობის ან ქცევის ცვლილება – დაბნეულობა, აგზნება, გაურკვეველი მეტყველება, გაღიზიანება, დელირიუმი (ცნობიერების დარღევა, ადგილსა და დროში დეზორიენტაცია), კრუნჩხვები, კომა;

* ოფლის გამოყოფის ცვლილება – გარემოს მაღალი ტემპერატურის გამო განვითარებული სითბური დაკვრის დროს კანი ცხელი და მშრალია, ინტენსიური ვარჯიშის შედეგად განვითარებულის დროს შეიძლება იყოს ოდნავ ნოტიოც;

* გულისრევა და ღებინება;

* კანის გაწითლება;

* ხშირი და ზედაპირული სუნთქვა;

* გულისცემის აჩქარება;

* თავის ტკივილი.

როგორ ვიქცევით

თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ ადამიანს სითბური დაკვრა აქვს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება – სითბური დაკვრის დროს შინ მკურნალობა არ არის საკმარისი. მის მოსვლამდე ადამიანი გადაიყვანეთ ჩრდილში ან შენობაში, გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი და გააგრილეთ ნებისმიერი საშუალებით: ჩასვით გრილ წყალში ან მიაღებინეთ გრილი შხაპი, ბაღის სარწყავი მილით ასხურეთ ან ღრუბლით დააწურეთ გრილი წყალი, ვენტილატორით დაუბერეთ, დაადეთ ყინულის პაკეტები ან ცივი, სველი პირსახოცები თავზე, კისერზე, მკლავებსა და საზარდულზე.

სასწრაფოს მოსვლამდე არ მისცეთ სითხე.

თუ სითბური დაკვრა ჯერ არ განვითარებულა, მაგრამ ამჩნევთ, რომ სიცხესთან დაკავშირებული დაავადების ნიშნები გეწყებათ, ყოველი ღონე იხმარეთ, რომ სხეულის ტემპერატურა დასწიოთ და სითბური დაკვრა თავიდან აიცილოთ. გადადით ჩრდილში ან კონდიცირებულ ადგილას, შემოიხვიეთ სველი ზეწარი ან მიუჯექით ვენტილატორს, მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა, ჩადით აუზში ან მდინარეში. აუცილებელია რეჰიდრატაცია – წყლისა და სარეჰიდრატაციო ან სპორტული სასმლის დალევა. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სითხის ან მარილის მიღება შეზღუდული გაქვთ, ექიმთან გადაამოწმეთ, რამდენი შეიძლება თქვენთვის.

რატომ გვეშინია

სითბურ დაკვრას მრავალი გართულების გამოწვევა შეუძლია, იმის მიხედვით, რამდენ ხანს დარჩება მაღალი სხეულის ტემპერატურა. მძიმე გართულებებია:

სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება – თუ სწრაფად არ მოვახდინეთ რეაგირება და სხეულის ტემპერატურა არ დავწიეთ, შესაძლოა, სითბურმა დაკვრამ ტვინის ან სხვა სასიცოცხლო ორგანოების შეშუპება და სამუდამო დაზიანება გამოიწვიოს.

სიკვდილი – დროული და ადეკვატური მკურნალობის გარეშე სითბური დაკვრა შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.

დიაგნოზი

ექიმისთვის სიმპტომებითაც აშკარა ხდება, რომ ადამიანს სითბური დაკვრა აქვს, თუმცა შესაძლოა დაინიშნოს გამოკვლევა დიაგნოზის დასადასტურებლად, ცუდად ყოფნის სხვა მიზეზების გამოსარიცხავად და ორგანოების დაზიანების შესაფასებლად.

ტემპერატურა სწორი ნაწლავიდან იზომება. რექტალური ტემპერატურა უფრო სანდო და ინფორმაციულია, ვიდრე პირის ღრუს ან შუბლის.

განისაზღვრება სისხლში ნატრიუმის, კალიუმის, აირების შემცველობა. მნიშვნელოვანია შარდის ფერი – ის ჩვეულებრივზე მუქია. შარდის ანალიზით მოწმდება თირკმლის ფუნქციობა. კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების (რაბდომიოლიზი) შესამოწმებლად ტარდება კუნთების ფუნქციური ტესტები, შინაგანი ორგანოების მდგომარეობის შესაფასებლად – რენტგენოგრაფია და სხვა გამოსახვითი გამოკვლევები.

მკურნალობა

სითბური დაკვრის მკურნალობის მიზანია სხეულის ნორმალურ ტემპერატურამდე გაგრილება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირდეს ტვინისა და სხვა სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება. დადასტურებულია, რომ ცივი ან ყინულიანი წყლის აბაზანა ყველაზე ეფექტური საშუალებაა სხეულის ტემპერატურის სწრაფად დასაწევად, ამიტომ ადამიანს ცივ წყალში სვამენ. რაც უფრო მალე გაკეთდება ეს, მით უფრო დაიწევს სიკვდილისა და ორგანოების დაზიანების რისკი.

თუ ცივ წყალში ჩასმა შეუძლებელია, იყენებენ სხეულიდან აორთქლების ტექნიკას: სხეულზე გრილ წყალს აფრქვევენ და თბილ ჰაერს უბერავენ; წყალი ორთქლდება და კანი გრილდება.

კიდევ ერთი მეთოდია საზარდულზე, კისერზე, ზურგზე და იღლიებში ყინულის პაკეტების დადება.

კანკალის შესაჩერებლად შეიძლება მისცენ კუნთების მომადუნებელი საშუალება (ბენზოდიაზეპინი) – კანკალი მაღლა სწევს სხეულის ტემპერატურას, რაც ეფექტს უკარგავს მკურნალობას.

სითბური გამოფიტვა

სითბური გამოფიტვის სიმპტომები ზოგჯერ ერთბაშად ვლინდება, ზოგჯერ კი თანდათან პროგრესირებს, განსაკუთრებით – ხანგრძლივი ვარჯიშის დროს. ეს სიმპტომებია:

* გრილი, სველი ხორკლიანი (ბატის) კანი;

* ძლიერი ოფლიანობა;

* სისუსტე;

* თავბრუხვევა;

* დაქანცულობა;

* სუსტი, სწრაფი პულსი;

* დაბალი წნევა ფეხზე დგომისას;

* კუნთების კრამპი;

* გულისრევა;

* თავის ტკივილი.

თუ ვარაუდობთ, რომ სითბური გამოფიტვა გაქვთ, უნდა შეწყვიტოთ ყოველგვარი საქმიანობა და დაისვენოთ, გადახვიდეთ უფრო გრილ ადგილას და დალიოთ ცივი წყალი ან სპორტული სასმელი.

თუ სიმპტომები დამძიმდა ან არ შემსუბუქდა ერთი საათის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.

დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ გვერდით მყოფ ადამიანს შეატყვეთ სითბური გამოფიტვის ნიშნები, რომლებსაც ერთვის დაბნეულობა, ცნობიერების დაკარგვა, სითხის მიღების შეუძლებლობა, ხოლო რექტალური ტემპერატურა აღწევს 40 გრადუსს – ამ დროს ადამიანი სასწრაფოდ უნდა გაგრილდეს და გაეწიოს სამედიცინო დახმარება.

მკურნალობა

სითბური გამოფიტვის მკურნალობა ადამიანს უმეტესად თავადაც შეუძლია. ამისთვის:

უნდა გადახვიდეთ გრილ ადგილას და დაისვენოთ. საუკეთესო გამოსავალია კონდიცირებულ შენობაში შესვლა. უკიდურეს შემთხვევაში, დაჯექით ჩრდილში ან ვენტილატორის წინ. დაწექით ზურგზე და ფეხები ასწიეთ გულის დონეზე მაღლა.

მიიღეთ გრილი სითხე – წყალი ან სპორტული სასმელი. ალკოჰოლიანმა სასმელმა შესაძლოა დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.

მიიღეთ გრილი შხაპი, ჩაწექით გრილ აბაზანაში ან დაიდეთ ტანზე გრილ წყალში დასველებული პირსახოცები. შეიძლება აუზში ან მდინარეში ჩასვლაც.

გაიხადეთ ზედმეტი ტანსაცმელი. რაც გაცვიათ, უნდა იყოს მსუბუქი, გრილი და თავისუფალი.

თუ ერთი საათის განმავლობაში თავი უკეთ არ იგრძენით, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

***

რაბდომიოლიზი

რაბდომიოლიზი მძიმე სამედიცინო მდგომარეობაა, რომელსაც იწვევს კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების გამო სისხლში გამოთავისუფლებული ცილები და ელექტროლიტები. მას შეუძლია გამოიწვიოს:

* მუდმივი ინვალიდობა;

* სიკვდილი;

* საშიში არითმია;

* კრუნჩხვა;

* თირკმლის დაზიანება ან უკმარისობა;

* გულისრევა და ღებინება.

რაბდომიოლიზი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ტიპის კუნთების დაზიანების შედეგად. კუნთები კი შეიძლება დააზიანოს სიცხემ, გადაჭარბებულმა დატვირთვამ, ტრავმამ და სხვ. რაბდომიოლიზის მაღალი რისკი აქვთ ღია ცის ქვეშ სიცხეში მომუშავე ადამიანებს.

სიმპტომები

რაბდომიოლიზის დროს ვითარდება ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი სიმპტომი:

* კუნთების კრამპი ან ტკივილი, რომელიც მოსალოდნელზე ძლიერია;

* მუქი (ჩაის ან კოკაკოლასფერი) შარდი;

* სისუსტე ან დაქანცულობა – ადამიანს ბოლომდე ვეღარ მიჰყავს საქმე, რომელსაც აქამდე ჩვეულებრივად აკეთებდა.

დიაგნოსტიკა

რაბდომიოლიზი მხოლოდ სიმპტომების საფუძველზე ვერ დიაგნოსტირდება – დიაგნოზის სიზუსტისთვის იკვლევენ სისხლში კრეატინკინაზას (ჩK) დონეს (ნივთიერებისა, რომელიც კუნთების დაზიანების მარკერია). ეს გამოკვლევა განმეორებითაც ტარდება, რათა გაირკვეს, იმატებს თუ ეცემა კრეატინკინაზა.

მკურნალობა

თუ ადამიანს რაბდობიოლიზის ნიშნები აქვს, სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი საქმიანობა, მიიღოს სითხე (სასურველია, წყალი) და მოითხოვოს სამედიცინო დახმარება. რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი, მით უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა და მეტი იქნება აღდგენის შანსი.

***

სითბური სინკოპე

სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს ვაზოვაგალური სინკოპე, არტერიების გაფართოება, არტერიული წნევის დაცემა, ამის გამო ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუარესება და გულის წასვლა, გონების დროებითი დაკარგვა.

სინკოპეს განვითარებამდე მოსალოდნელია:

* კანის გაფერმკრთალება;

* თავის შემსუბუქება;

* გვირაბული მხედველობა – მხედველობის ველის ისე შევიწროება, რომ ადამიანი მხოლოდ წინ მდებარე საგნებს ხედავდეს;

* გულისრევა;

* სიცხის შეგრძნება;

* ცივი ოფლი;

* ბუნდოვანი ხედვა.

უშუალოდ სინკოპეს დროს ადამიანმა შესაძლოა შეასრულოს მკვეთრი მოძრაობები, შეუნელდეს გულისცემა, გაუფართოვდეს გუგები.

ადამიანი ერთ წუთზე ნაკლებ ხანში მოდის გონს, მაგრამ უმჯობესია, კიდევ 15-30 წუთის განმავლობაში არ წამოდგეს ფეხზე, რადგან ამ ხნის გასვლამდე კიდევ არსებობს გულის წასვლის საფრთხე.

დიაგნოსტიკა

ვაზოვაგალური სინკოპეს დიაგნოსტიკა ხშირად გასინჯვით იწყება. გულის პრობლემების გამოსარიცხად შესაძლოა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, დატვირთვის ტესტი, ასევე – სისხლის ანალიზები, დახრილი მაგიდის ტესტი.

სინკოპეს მკურნალობა უმეტესად არ სჭირდება.

 ***

სითბური კრამპი

სითბური კრამპი, სითბური კრუნჩხვა არის კუნთების მტკივნეული სპაზმი, რომელიც შეიძლება განვითარდეს სიცხეში რაიმე აქტივობის შესრულების დროს. ადამიანებს, რომლებიც ბევრს ოფლიანობენ, ხშირად მიდრეკილება აქვთ სითბური კრამპისკენ. ეს იმიტომ, რომ კრამპს იწვევს სითხისა და ელექტროლიტების კარგვა, რაც ძლიერ ოფლიანობას ახლავს თან.

სიმპტომები

სითბური კრამპი ყველაზე ხშირად ვითარდება წვივზე, მკლავზე, მუცელზე, ზურგზე, მაგრამ შეიძლება განიცადოს ნებისმიერმა კუნთმა, რომელიც ჩართულია ვარჯიშში.

მკურნალობა

თუ ეჭვობთ, რომ სითბური კრამპი გაქვთ:

* დაისვენეთ და გაგრილდით.

* დალიეთ სუფთა წვენი, მაგალითად, ვაშლის, ან სპორტული სასმელი, რომელიც შეიცავს ელექტროლიტებს.

* მსუბუქად დაჭიმეთ ან ნაზად დაიზილეთ კუნთი.

* სითბური კრამპის გადავლის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ნუ დაუბრუნდებით დაძაბულ აქტივობას.

თუ კრამპმა ერთი საათის განმავლობაში არ გაიარა, დაუკავშირდით ექიმს. მიმართეთ ექიმს მაშინაც, თუ გაქვთ გულის დაავადება ან თქვენს რაციონში შეზღუდულია ნატრიუმის შემცველობა.

*** 

სითბური გამონაყარი, ნასიცხი

სითბური გამონაყარი, იგივე ნასიცხი, იგივე მილიარია, უმთავრესად ჩვილების პრობლემაა, მაგრამ მოზრდილებზსაც უვითარდებათ, განსაკუთრებით – ცხელ, ნოტიო გარემოში.

მიზეზები

სითბური გამონაყარი ვითარდება, როდესაც დახშულია საოფლე ჯირკვლის სადინარი, რომელსაც ოფლი კანის ზედაპირზე გამოაქვს ან ამ ჯირკვალში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, დახშულია სადინარის კანზე გამომავალი ნაწილი, ფორა, რის გამოც ოფლი აორთქლების ნაცვლად კანქვეშ რჩება და გაღიზიანებას და გამონაყარს იწვევს.

სითბური გამონაყარის განვითარება ყველაზე მეტად ემუქრებათ:

* ახალშობილებს, რადგან მათი საოფლე სადინარები მოუმწიფებელია;

* ცხელ, ნოტიო გეოგრაფიულ წერტილებში მცხოვრებ ადამიანებს;

* ფიზიკურად აქტიურებს;

* სიცხიან ავადმყოფებს, რომლებსაც დიდხანს წოლა უწევთ.

სიმპტომები

ზრდასრულებს, წესისამებრ, ნასიცხი უჩნდებათ კანის ნაკეცებში ან ისეთ ადგილებზე, სადაც კანს ტანსაცმელი ეხახუნება. ჩვილებს უმთავრესად კისერზე, მხრებსა და მკერდზე აყრით, თუმცა გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს იღლიებში, იდაყვის ნაკეცსა და საზარდულშიც.

სითბური გამონაყარი იმის მიხედვით კლასიფიცირდება, რამდენად ღრმად არის ჩარჩენილი ოფლი კანში.

მილიარია კრისტალინა (miliaria crystallina) სითბური გამონაყარის ყველაზე მსუბუქი ფორმაა. გამოვლინდება პაწაწინა, გამჭვირვალე, სითხით სავსე მუწუკებით, რომლებიც ადვილად სკდება.

მილიარია რუბრა (miliaria rubra) კანში უფრო ღრმადაა. გამოვლინდება წვრილი, ანთებადი ბუშტუკოვანი გამონაყარით, ჩხვლეტის შეგრძნებით ან ქავილით.

ხანდახან მილიარია რუბრას მუწუკები ჩირქით ივსება. ამ ფორმას მილიარია პუსტულოზას (miliaria pustulosa) უწოდებენ.

სითბური გამონაყარის ყველაზე იშვიათი ფორმაა მილიარია პროფუნდა (miliaria profunda), რომელიც კანის ღრმა ფენას – დერმასაც მოიცავს. ის იწვევს მაგარ, მტკივნეულ ან მქავანა მუწუკებს, რომლებიც ჰგავს ბატის კანს და შეიძლება გასკდეს.

სითბური გამონაყარი იკურნება კანის გაგრილებით და მისი გამომწვევი სითბოს ზემოქმედების თავიდან აცილებით. თუ სიმპტომები რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდა ან გამონაყარი დამძიმდა, მიმართეთ ექიმს.

ნაწიბურებს სითბური გამონაყარი, წესისამებრ, არ ტოვებს, თუმცა შესაძლოა, გართულდეს ბაქტერიული ინფექციით.

პრევენცია

ზოგადი რეკომენდაციების შესრულებასთან ერთად (სიცხეში ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა, ჩრდილში ან კონდიცირებულ შენობაში ყოფნა, ვენტილატორის ან კონდიციონერის გამოყენება), მნიშვნელოვანია:

* სიცხეში გეცვათ თავისუფალი, მსუბუქი სამოსი, რომელიც ხელს არ უშლის კანიდან სისველის აორთქლებას.

* არ ჩაფუთნოთ ჩვილი რამდენიმე ფენა სახვევში ან ტანსაცმელში.

* ეცადეთ, საწოლ ოთახში შეინარჩუნოთ სიგრილე და კარგი ვენტილაცია.

* ერიდეთ კრემებსა და მალამოებს, რომლებსაც შეუძლია ფორების დახშობა.

* ერიდეთ წამლებს, რომლებიც ოფლიანობას იწვევს – კლონიდინს, ბეტა-ბლოკატორებს, ოპიოიდებს.

გამონაყარის ასალაგებლად

სითბური გამონაყარის ასალაგებლად დაიფინეთ კანზე ცივი სველი ქსოვილი ან მიიღეთ გრილი შხაპი`აბაზანა.

ნუ გამოიყენებთ ისეთ ცხიმოვან საშუალებებს (დეკორატიულ კოსმეტიკას, დამატენიანებელს, მზისგან დამცავს და სხვა), რომლებსაც ფორების დახშობა შეუძლია. ისარგებლეთ ლანოლინის (ცხვრის მატყლისგან მიღებული ცხიმის) საფუძველზე დამზადებული ნაწარმით – ის ოფლის სადინარებს არ ახშობს.

 ***

სიცხესთან დაკავშირებული დაავადების პრევენციისთვის

სიცხემ ჯანმრთელობაზე რომ არ იმოქმედოს, სამი რამ უნდა გავაკეთოთ: შევინარჩუნოთ სიგრილე, არ გამოვშრეთ და ვიყოთ ინფორმირებულები.

სიგრილის შესანარჩუნებლად

ატარეთ მსუბუქი, თავისუფალი სამოსი. ზედმეტი და მჭიდროდ მორგებული ტანსაცმელი სხეულს გაგრილების საშუალებას არ მისცემს.

გაგრილდით

* ეძებეთ კონდიცირებული ადგილები. თუ შინ კონდიციონერი არ გაქვთ, ეწვიეთ თუნდაც სავაჭრო ცენტრს ან საჯარო ბიბლიოთეკას – კონდიცირებულ გარემოში გატარებული რამდენიმე საათიც საკმარისია, რომ სხეულმა სიგრილე შეინარჩუნოს, როცა სიცხეში დაბრუნდებით.

* ეცადეთ, სამზარეულოში საქმიანობისას ნაკლებად გამოიყენოთ ქურა და ღუმელი, რათა არსებული ტემპერატურის შენარჩუნება მაინც შეძლოთ.

* გასაგრილებლად მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა.

* ნუ გექნებათ ვენტილატორის იმედი – მან შეიძლება უზრუნველყოს კომფორტი, მაგრამ როდესაც ტემპერატურა მაღალია, სითბური დაავადების განვითარებას ხელს ვერ შეუშლის.

ნურავის დატოვებთ მანქანაში, მეტადრე – ბავშვს

მანქანის ძარა და სალონი ძალიან სწრაფად ხურდება სახიფათო ტემპერატურამდე – სიცხეში გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურამ ათ წუთში შესაძლოა 11 გრადუსით მოიმატოს, ამიტომ, თუნდაც მინები ოდნავ ჩამოწეული იყოს ან მანქანა ჩრდილში იდგეს, მაინც არსებობს სითბური დაკვრის საფრთხე, ზოგჯერ – სიკვდილისაც კი, განსაკუთრებით – ბავშვებისთვის.

გადაღლილ მშობელს მანქანაში ბავშვის ყოფნა რომ არ გადაავიწყდეს (მით უმეტეს – თუ ბავშვს სძინავს), ურჩევენ, ბავშვისთვის განკუთვნილ სპეციალურ სავარძელში მუდამ ედოს ფუმფულა სათამაშო. როდესაც სავარძელში ბავშვს ჩასვამს, სათამაშო წინ, მძღოლისთვის თვალში მოსახვედრ ადგილას გადმოდოს, რათა მან შეახსენოს, რომ მანქანაში ბავშვია.

მანქანიდან გადმოსვლისას აუცილებლად მოათვალიერეთ სალონი, რათა დარწმუნდეთ, რომ იქ არავინ დარჩენილა.

ჭკვიანურად დაგეგმეთ აქტივობა ღია ცის ქვეშ

ეცადეთ, გარე აქტივობები დღის ყველაზე გრილი პერიოდისთვის დაგეგმოთ – დილით ან საღამოს. ხშირად დაისვენეთ ჩრდილში, რათა სხეულს მიეცეს გაგრილების შანსი.

ნაკლები ივარჯიშეთ სიცხეში. თუ არ ხართ მიჩვეული მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობას ან ვარჯიშს, დაიწყეთ ნელა და ტემპი თანდათანობით გაზარდეთ.

თუ სიცხეში ვარჯიში გიჩქარებთ გულისცემას და სუნთქვას, შეწყვიტეთ ყოველგვარი აქტივობა, გადადით სიგრილეში ან ჩრდილში და დაისვენეთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ იგრძენით თავის სიმსუბუქე, დაბნეულობა, სისუსტე ან გული წაგივიდათ.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები

მზით დამწვრობა ამცირებს სხეულის გაგრილების უნარს და შესაძლოა, გაუწყლოება გამოიწვიოს, ამიტომ თუ გარეთ გასვლა მოგიწიათ, დაიხურეთ ფართოფარფლებიანი ქუდი, გაიკეთეთ მზის სათვალე და გასვლამდე 30 წუთით ადრე უხვად წაისვით არანაკლებ 15 SPF-ის შემცველი მზისგან დამცავი საშუალება. უპირატესობა მიანიჭეთ იმას, რომელსაც აწერია "ფართო სპექტრის დაცვა" ან "UVA`UVB დაცვა". ორ საათში ერთხელ ხელახლა გადაისვით, თუ ოფლიანდებით – უფრო ხშირადაც, და აუცილებლად – აუზიდან, მდინარიდან, ზღვიდან ამოსვლის შემდეგ.

ერიდეთ ცხელ და მძიმე საკვებს – ის სხეულის ტემპერატურას მაღლა სწევს.

არ გამოშრეთ

სვით ბევრი სითხე, განურჩევლად იმისა, ბევრს მოძრაობთ თუ არა. ნუ დაელოდებით მოწყურებას. ჰიდრატაცია ოფლის გამოყოფასა და სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ერიდეთ ტკბილ და ალკოჰოლიან სასმელებს – ისინი სითხის დაკარგვას უწყობენ ხელს. ნურც მეტისმეტად ცივს დალევთ – შესაძლოა, კუჭის კრამპი (კრუნჩხვა) გამოიწვიოს.

ძლიერი ოფლიანობის დროს ორგანიზმიდან გამოიდევნება მარილები და მინერალები, ამიტომ კარგია სარეჰიდრატაციო ხსნარებისა და სპორტული სასმელების მიღება – ისინი აღადგენენ ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის ბალანსს.

მიიღეთ დამატებითი ზომები, თუ სვამთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენს სხეულის ჰიდრატაციისა და სითბოს რეგულაციის უნარებზე.

სიცხეში ცხოველებსაც უფრო მეტი წყალი სჭირდებათ. წყალი ჩრდილში დაუდგით.

იყავით ინფორმირებული

თვალი ადევნეთ ამინდის პროგნოზს, სიახლეებს, ექსტრემალური სიცხის შესახებ გაფრთხილებებს და რჩევებს უსაფრთხოებისთვის. იცოდეთ, რა ტემპერატურაა მოსალოდნელი იმ საათებში, როდესაც აქტივობას გეგმავთ. დაიმახსოვრეთ, რა ნიშნებით გამოვლინდება სითბური დაავადება და როგორ უნდა უმკურნალოთ მათ.

თუ სიცხეში მუშაობა გიწევთ, თვალყური ადევნეთ თქვენი თანამშრომლების მდგომარეობას და სთხოვეთ, რომელიმე მათგანმა თქვენ გადევნოთ თვალყური, რადგან სიცხისგან შესაძლოა გონება დაკარგოთ.

შეამოწმეთ ადამიანები, რომლებსაც მაღალი რისკი ემუქრებათ: ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები, 65 წელს გადაცილებულები, ჭარბი წონის მქონეები, ადამიანები, რომლებიც ძლიერად იტვირთებიან მუშაობის ან ვარჯიშის დროს, გულის დაავადების, მაღალი არტერიული წნევის მქონე პირები, ადამიანები, რომლებიც იღებენ განსაზღვრულ მედიკამენტებს (დეპრესიის, უძილობის ან სისხლის ცუდი მიმოქცევის გამო).

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: