ზაალ კოკაია: პრიორიტეტი განათლება და მეცნიერება უნდა იყოს
გააზიარე:
ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე ნიჭიერი ადამიანები არიან და ეს ბუნებრივი რესურსი სათანადოდ რომ გამოვიყენოთ, გამართული საგანმანათლებლო სისტემა გვჭირდებაო, მიაჩნია ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორს, ღეროვანი უჯრედებისა და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორს ზაალ კოკაიას.
ზაალ კოკაია თავის ისტორიას მოგვითხრობს. ისტორიას, რომელიც ბევრი წინააღმდეგობით და კიდევ უფრო მეტი გამარჯვებით არის სავსე.
გზა ლუნდის სამეცნიერო ცენტრამდე
სამეცნიერო კვლევები ბავშვობიდან იტაცებდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა სპეციალობით “ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია” და სწავლა ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში განაგრძო აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას ხელმძღვანელობით.
– კვლევითი ლაბორატორია იმ დროისთვის საუკეთესო აპარატურით იყო აღჭურვილი, ბატონ ვაჟას დასავლეთთან მჭიდრო კავშირებიც ჰქონდა. ადაპტაცია არ გამჭირვებია, მით უმეტეს, იქ უკვე მუშაობდა ჩემი ძმა – მერაბ კოკაია.
საბჭოთა კავშირის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შვედეთის ინსტიტუტთან თანამშრომლობდა. იმ დროს საზღვარგარეთ სტაჟირებაზე წასვლას ერთეულები თუ ახერხებდნენ. მერაბი ერთი წლით გაემგზავრა შვედეთში, კავშირი დაამყარა ლუნდის უნივერსიტეტის ლაბორატორიასთან და ერთობლივ პროექტზეც დავიწყეთ მუშაობა.
საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ ზაალ კოკაიასაც მიეცა შვედეთში გამგზავრების შესაძლებლობა – ლუნდის უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრაზე სამუშაოდ სტიპენდია მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ ამავე უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. მოგვიანებით ლუნდის უნივერსიტეტის კლინიკური მეცნიერების კათედრის ნევროლოგიის განყოფილების სრული პროფესორი გახდა ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის დარგში და სათავეში ჩაუდგა ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიული ცენტრის ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის ლაბორატორიას, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.
– მეორედ და ამჯერად უკვე საბოლოოდ შვედეთში წასვლა საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში მომიწია – 1992 წლის შვიდ იანვარს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ თბილისი დატოვა. მეუღლესა და ერთი წლის შვილთან ერთად მოსკოვში, იქიდან კი შვედეთში გასაფრენად ვემზადებოდი, მაგრამ აეროპორტი დაიხურა. მატარებლით დავაპირეთ სოხუმში გამგზავრება, რომ იქიდან გავფრენილიყავით რუსეთში, მაგრამ პრეზიდენტის მომხრეებმა რელსები აყარეს. მამაჩემმა და ჩემმა სიმამრმა, მიუხედავად იმისა, რომ საწვავი ძალიან ჭირდა, მოახერხეს მისი შოვნა და მანქანით ჩაგვიყვანეს სოხუმში, მაგრამ ფრენა იქაც გადაიდო და ახლა ადლერისკენ ავიღეთ გეზი… ასეთი პერიპეტიებით მოვხვდი შვედეთში. წლების განმავლობაში აღარ მომეცა საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა. ტელეფონითაც კი ვერ ვუკავშირდებოდი მშობლებს. ყველაზე მძიმე პერიოდი საყვარელმა საქმემ გადამატანინა.
ლუნდის უნივერსიტეტში სტაჟირებაზე პირველად რომ მოვხვდი, მარტო ვიყავი და ფაქტობრივად ლაბორატორიაში ვცხოვრობდი. მერე უკვე, ოჯახთან ერთად ჩასულს, გაცილებით უკეთესი პირობები შემომთავაზეს. მეორე მხრივ, ბებია-ბაბუები ბავშვის გაზრდაში ვეღარ გვეხმარებოდნენ და ოჯახის მოვლა მთლიანად ჩემს მეუღლეს დაწვა მხრებზე. თამარი პროფესიით ფილოლოგია, ისწავლა შვედური ენა და თარჯიმნად დაიწყო მუშაობა. წიგნებსაც თარგმნიდა. დღესაც ამ დარგში მუშაობს.
შვედები ძალიან კეთილგანწყობილები არიან, მერაბი ჩემამდე ჩავიდა ამ ქვეყანაში და ალბათ, ჩემდამი თბილი დამოკიდებულება მისი დამსახურებაც იყო. მეც მისგან ვიცოდი, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა. შვედებზე ამბობენ, ცივი ხალხიაო. მართლაც, ადვილად არ დაგიახლოვდებიან, მაგრამ თუ მიგიღეს, მტკიცე და ერთგული მეგობრობა იციან.
პედაგოგიური საქმიანობა
– სამედიცინო ფაკულტეტზე კლინიცისტებსა და ნევროლოგებთან მიწევდა მუშაობა, ხელმძღვანელიც ნევროლოგი მყავდა და ფაქტობრივად მედიცინასა და ბიოლოგიას შორის მიჯნაზე აღმოვჩნდი. მე და მერაბი ვიყავით პირველი ბიოლოგები, ვინც ნევროლოგიის კათედრის პროფესორები გავხდით.
შვედეთში დოცენტის ხარისხის მისაღებად და პროფესორობაზე განაცხადის გასაკეთებლად აუცილებელია პედაგოგიური გამოცდილება, ამიტომ ბიომედიცინის ფაკულტეტზე ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ლექციებს ვკითხულობდი. დღეს სხვადასხვა პროექტს ვუძღვები.
ხშირად მახსენდება ჩემი სტუდენტობა. სრულიად განსხვავებულ პირობებში გვიწევდა სწავლა – ლიტერატურის შოვნა ჭირდა, რეაქტივები, ხელსაწყოები საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. მახსოვს, მამაჩემის ინსტიტუტში როგორ აღმოვაჩინეთ ხელოსანი, რომელმაც ბოცვრის სტერეოტაქსიული აპარატი ვირთაგვებზე სამუშაოდ გადაგვიკეთა... დღეს ინფორმაცია და ტექნოლოგიები გაცილებით ხელმისაწვდომია.
სამეცნიერო კვლევები
– ზიგოტაში არსებული შიდა უჯრედული მასა, ემბრიონული ღეროვანი უჯრედები, დასაბამს აძლევს ჩვენს ორგანიზმში არსებულ ყველა ტიპის უჯრედებს. მათ ორი ძირითადი თვისება აქვთ: განუსაზღვრელი დაყოფის უნარი და განსაზღვრული ზემოქმედების შედეგად სხვადასხვა ტიპის ფუნქციურ უჯრედებად ჩამოყალიბების უნარი. ამ თვისებებმა მისცა ბიძგი ღეროვანი უჯრედების შესწავლის იდეას. იყო ადრეული ცდებიც, 80-იან წლებში კი კვლევამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. 2006 წელს მეცნიერმა შინია იამანაკამ წარმოადგინა ნაშრომი, რომელიც კანის უჯრედებიდან პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედის მიღების შესაძლებლობას ეხებოდა. ეს უკანასკნელი ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ანალოგია. ამ აღმოჩენისთვის ავტორმა 2012 წელს ნობელის პრემია მიიღო მედიცინაში. დღეს ამ ტექნოლოგიას უკვე ინტენსიურად ვიყენებთ. კანის უჯრედებში ვირუსის დახმარებით გენების შეყვანით ხდება მათი რეპროგრამირება და სხვადასხვა ტიპის ფუნქციური უჯრედების შექმნა, რაც დაავადების მოდელირების მრავალ გზას აჩენს. ახალი სამკურნალო პრეპარატებისა და მეთოდების შესარჩევად დიაპაზონი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
ჩვენი ლაბორატორიის კვლევის ძირითადი თემაა ღეროვანი და რეპროგრამირებული უჯრედების გამოყენება თავის ტვინის ინსულტით გამოწვეული ფუნქციური დარღვევების აღსადგენად. ინსულტით დაზიანებულ უბნებში ნერვული უჯრედების გადანერგვით ვცდილობთ ნერვული სტრუქტურებისა და ნერვული რკალის აღდგენას. ამასთან, ვიკვლევთ ტვინის დაზიანების დროს ტვინსა და სისხლში იმუნური უჯრედების აქტივაციას და ვეძებთ იმუნური სისტემის მოდულაციის გზით რეგენერაციული უნარის გაძლიერების შესაძლებლობებს.
საუკეთესო ინვესტიცია
ზაალ კოკაია ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია და ორ სალექციო კურსს უძღვება – დოქტორანტებს სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და სამეცნიერო წერას ასწავლის. თანამშრომლობს არაერთ ქართულ სამეცნიერო საბჭოსა და ფონდთან, რომლებიც მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით მუშაობენ. ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა და ცდილობს, ჩვენს ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების ევროპული სტანდარტები დაამკვიდროს, ევროპის წამყვან სამეცნიერო წრეებთან კავშირები განამტკიცოს:
– ევროპაში ჩვენი ინტეგრაცია მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს წვდომა ფინანსურ რესურსებსა და ტექნოლოგიებზე. უცხოურ ლაბორატორიებსა და უცხოელ მეცნიერებთან თანამშრომლობით ხარისხობრივად უმჯობესდება განათლებისა და კვლევების დონე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოსთვის ეს პრიორიტეტული მიმართულება არ არის. არადა ჩვენ არც ნავთობი გვაქვს და არც სხვა სამრეწველო ინდუსტრია, ამიტომ საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტულები შეგვიძლია გავხდეთ სწორედ ადამიანური რესურსით, სადაც საუკეთესო ინვესტიცია განათლებაა.
ჯანმრთელობის რეცეპტი
– ტვინის ჯანმრთელობისთვის სამი რამ არის საჭირო:
პირველი – ინტელექტუალური აქტივობა. გონებას მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ, უნდა დავტვირთოთ, მუდმივად ვისწავლოთ რაღაც ახალი, ახალ გამოწვევებს შევერკინოთ.
მეორე – ფიზიკური აქტივობა. კვლევებით დასტურდება, რომ მოძრაობა და ვარჯიში ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.
მესამე – ჯანსაღი კვება. ნაწლავებში არსებულ ბაქტერიულ ფლორას ტვინთან უშუალო კავშირი აქვს, ამიტომ ჯანსაღი რაციონი ძალიან მნიშვნელოვანია.
უკვე წლებია, ვიცავ შიმშილის თვრამეტსაათიან რეჟიმს, კვირაში ერთხელ კი – ოცდაოთხსაათიანს. ფეხით ყოველდღე თითქმის ათ კილომეტრს გავდივარ. ველოსიპედითაც ხშირად დავდივარ სამსახურში, თუმცა ბოლო დროს სიარულს ვამჯობინებ. ეს დრო დაკარგულად არ მიმაჩნია, რადგან მთელი გზა ყურსასმენებით ვუსმენ ლექციებს და ვეცნობი სამეცნიერო სიახლეებს. ჩემთვის სასიამოვნო პროცესია.
ოთხი წელია, პური არ გვიყიდია. საფუარი გამოვიყვანე და შინ ვაცხობ მჟავე პურს. როცა დრო მაქვს, კერძებსაც ვამზადებ. მიყვარს ევროპული და ქართული სამზარეულოების შერწყმა. ამ პროცესს შემოქმედებითად და მეცნიერულად ვუდგები და ამით სიამოვნებას ვიღებ. ჩვენს რაციონში უმეტესად ბოსტნეული, თევზი და ზღვის პროდუქტებია.
საშობაოდ ლუნდში, ჩემს სახლში, მთელი ქართული დიასპორა იკრიბება და ხინკალს ერთად ვაკეთებთ – ზოგი ცომს ზელს, ზოგი ახვევს და ზოგი ხარშავს... ერთი ჟრიამულია.
უფროსმა ვაჟმა გიორგიმ მითხრა, მე შენსავით ვერ გადავდებ თავს მეცნიერებისთვისო და მიუხედავად იმისა, რომ ასტროფიზიკის მიმართულებით სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, ახლა ამსტერდამში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და "იკეაში" ხელოვნურ ინტელექტსა და მოდელირებაზე მუშაობს. უმცროსმა, ლუკამ, მართვის ტექნოლოგიები და კომპიუტერული სისტემები შეისწავლა. სტოკჰოლმში ცხოვრობს, მუშაობს კომპანიაში, რომელიც კლინიკებისთვის პაციენტების მართვის კომპიუტერულ პროგრამებს ქმნის.
მე და თამარი ყოველთვის ლიბერალური მშობლები ვიყავით. ახლა მთლიანად შვილიშვილის – ხუთი წლის იასონის აღზრდაზე ვართ გადართული.
თამარ ციბალაშვილი