როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მანქანის სავარძელს

გააზიარე:

მანქანის სავარძელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნივთია, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხოებას მანქანით მგზავრობისას.

თუ თქვენი შვილი წყნარად ჯდება სავარძელში და ფანჯრიდან ყურებით ირთობს თავს, ჩათვალეთ, რომ იღბლიანი მშობლების რიცხვს ეკუთვნით.

არსებობენ მშობლები, რომლებსაც ნაკლებად გაუმართლათ – ბავშვთან ერთად მანქანით მათი ყოველი მგზავრობა ისტერიკით და სავარძლიდან ამოძვრომის მცდელობით სრულდება. ნამდვილად არ არის ადვილი საჭის მართვა, როცა ხედავ, როგორ ტირის უკანა სავარძელზე პატარა. თუნდაც საჭესთან არ იჯდე, მაინც ძნელია, გულმა გაგიძლოს, ბავშვი სავარძლიდან არ ამოიყვანო და არ დაამშვიდო.

მაგრამ რა ვქნათ, როდესაც ვიცით, რომ მანქანის სავარძლის გარეშე მგზავრობა ბავშვისთვის საფრთხის შემცველია?

გაგიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელთა წყალობით მანქანის სავარძლით მგზავრობა ბავშვისთვის ნაკლებად სტრესული იქნება.

პატარაობიდანვე მიაჩვიეთ

სამშობიარო სახლიდან გამოყვანის დღიდან, რამდენჯერაც მანქანით მგზავრობა მოგიწევთ, ყოველთვის ჩასვით პატარა თავის სავარძელში. ჩვილები ისედაც ბევრს ტირიან, ამიტომ მისი ტირილი განსაკუთრებით შემაწუხებელი არ იქნება. თუ დიდი ხანია ტირის, ამოიყვანეთ, დაამშვიდეთ და ისევ სავარძელში დააბრუნეთ.

პატარები ადვილად ეჩვევიან სიახლეებს, მაგრამ, იმავდროულად, უყვართ რუტინა და თავს დაცულად გრძნობენ, როდესაც მათი ყოველდღიურობა ნაცნობ სქემას მიჰყვება, ამიტომ რაც უფრო ადრე მიიღებენ იმ მოცემულობას, რომ მანქანით მგზავრობა სპეციალურ სავარძელში ჯდომას ნიშნავს, მით უფრო მალე შეეჩვევიან ამ ფაქტს. 

აქციეთ მანქანით მგზავრობა სახალისო თავგადასავლად

თავიდანვე შეუქმენით ბავშვს მანქანის სავარძლისადმი დადებითი დამოკიდებულება. იყიდეთ სათამაშო, წიგნი ან სხვა ნივთი, რომელიც ბავშვს გაახალისებს და რომლის გამოყენებაც მხოლოდ მანქანის სავარძელში ჯდომისას შეეძლება. შეგიძლიათ, სათამაშო საჭეც უყიდოთ, რომ თქვენთან ერთად "მართოს" მანქანა.

მასთან ერთად შეადგინეთ სიმღერების ნაკრები და მგზავრობისას მას შეარჩევინეთ, რომელი სიმღერის მოსმენა სურს. იმღერეთ ერთად. ითამაშეთ გამოცნობანა: როდესაც კომპოზიცია დაიწყება, რამდენიმე ნოტის შემდეგ დააპაუზეთ ჩანაწერი და შესთავაზეთ ბავშვს, გამოიცნოს, რომელი სიმღერაა.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

თუ ბავშვი ისტერიკას მართავს, წყნარად უთხარით, რომ როგორც კი დანიშნულების ადგილამდე მიხვალთ, მაშინვე ამოიყვანთ სავარძლიდან, შეაქეთ იმისთვის, რომ ამდენ ხანს გაჩერდა სავარძელში.

არავითარ შემთხვევაში არ უყვიროთ და არ დატუქსოთ. ასე ვერ დაამშვიდებთ, პირიქით, უფრო მეტად გააღიზიანებთ და თავადაც უარესად აგეშლებათ ნერვები, საბოლოოდ კი ბავშვს უფრო მეტად შეაძულებთ მანქანის სავარძელს.

შეამოწმეთ, რამე ხომ არ აწუხებს

შესაძლოა, პატარას რაღაც უქმნის დისკომფორტს და ამიტომ ტირის. სანამ დაიძვრებით, შეამოწმეთ, ღვედები ხომ არ უჭერს, სავარძელში ჩაგდებულ სათამაშოს ხომ არ დააჯდა, მზე ხომ არ აჭყეტს სახეში, ხომ არ სცივა ან ხომ არ სცხელა. ან იქნებ ფეხსაცმლის გახდა სურს, რომ ფეხები თავისუფლად ჰქონდეს; იქნებ სწყურია, იქნებ საპირფარეშოში უნდა. თუ ყველა ეს პრობლემა გამოირიცხა, შეგიძლიათ, მშვიდად განაგრძოთ გზა დანიშნულების ადგილამდე.

დაიმგზავრეთ კომპანიონი

თუ ორი ან მეტი ბავშვი გყავთ, მანქანის სავარძელი ნაკლები პრობლემა იქნება –უფროსი და-ძმის შემყურეს, პატარას მოეწონება, რომ მასაც აქვს საკუთარი სავარძელი, თანაც ბავშვები ერთმანეთს შესანიშნავად გაართობენ.

თუ მხოლოდ ერთი გყავთ, შესძლებისდაგვარად დაიმგზავრეთ ბებია, ბაბუა, მეგობარი. თუ დედ-მამა ერთად მგზავრობთ, ერთი თქვენგანი უკანა სავარძელზე გვერდით მიუჯდეს პატარას. მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა ხდებოდეს ასე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ მშვიდად იმგზავრებს, შემდგომი მგზავრობისას დედა მასთან დაჯდება. ამგვარად, ნელ-ნელა დაინახავს, რომ საკუთარ სავარძელში ჯდომა არც ისეთი კატასტროფაა, როგორადაც აღიქვამდა.

ესაუბრეთ მანქანის სავარძლის მნიშვნელობაზე

მოუყევით, რატომ არის კარგი მანქანის სავარძელი, ოღონდ ნუ შეაშინებთ და ნუ ეტყვით, რა მოხდება, თუ ავარიის დროს სავარძელში არ იჯდება – პატარა ბავშვთან საუბრისას ასეთი რამ დაუშვებელია. უბრალოდ უთხარით, რომ მგზავრობისას მისი საყვარელი მულტფილმისა და წიგნის გმირებიც მანქანის სავარძელში სხედან. სადემონსტრაციოდ აჩვენეთ მულტფილმები, სადაც ყურადღება მანქანის სავარძელზეა გამახვილებული, წაუკითხეთ წიგნები, რომლებშიც ბავშვისთვის გასაგები, მარტივი ენით არის ახსნილი, რა უპირატესობები აქვს მანქანის სავარძელს. ეცადეთ, რაც შეიძლება დადებითი განწყობა შეექმნას ამ მოწყობილობის მიმართ.

ჩართეთ პროცესში

თუ ისეთი მანქანის სავარძელი არ გაქვთ ნაყიდი, რომელიც ჩვილობიდან ოთხ წლამდე გამოიყენება, როდესაც ბავშვი ერთი წლის გახდება, ახალი სავარძლის შეძენა მოგიწევთ. წაიყვანეთ მაღაზიაში და მასთან ერთად აარჩიეთ ახალი სავარძელი. ჰკითხეთ, რომელი ფერი მოსწონს, დაადოს თითი, გაჩვენოთ, რომელი ურჩევნია. როდესაც შეიძენთ, ჩასვით შიგნით მისი საყვარელი სათამაშო, მერე თავად მას შესთავაზეთ ჩაჯდომა. ერთად ჩაამაგრეთ სავარძელი მანქანაში. მთელ ამ პროცესში მონაწილეობა ბავშვს დადებითად განაწყობს ახალი ნივთის მიმართ და მგზავრობა მისთვის ისეთი სტრესის მომგვრელი აღარ იქნება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: