აცრა: რისგან ვიცავთ ბვშვებს
გააზიარე:
ზოგიერთი სამეცნიერო წყარო ვარაუდობს, რომ ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში უკვე არსებობდა ჯანმრთელი ადამიანის ხელოვნურად დასნებოვნების პრაქტიკა ერთ-ერთი მომაკვდინებელი დაავადების, ყვავილის, თავიდან ასაცილებლად. მეთვრამეტე საუკუნეში ეს პრაქტიკა აზიიდან ევროპაში გავრცელდა. ვაქცინაციის მამამთავრად ედუარდ ჯენერს მიიჩნევენ, რომელიც ადამიანებს ძროხის ყვავილის ბუშტუკიდან აღებული სითხით ცრიდა. ტერმინ “ვაქცინას” სწორედ ამ მეთოდმა ჩაუყარა საფუძველი, რადგან ლათინურად ვაცცა ძროხას ნიშნავს. ამ ამბავს მოჰყვა ლუი პასტერის მიერ ცოფით ინფიცირებული ადამიანის გადარჩენა (ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ). თანდათანობით დაიწყეს მუშობა გრიპის, ყვითელი ცხელების, ყივანახველას ვაქცინებზეც, შემუშავდა პოლიომიელიტის ვაქცინა... საბოლოოდ ვაქცინებმა უფრო მეტი ადამიანი გადაარჩინა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა სამედიცინო გამოგონებამ.
რომელი დაავადებებისგან იცავს ჩვენს შვილებს აცრა? როგორია საქართველოს აცრების ეროვნული კალენდარი და რა უნდა ვიცოდეთ თავად ვაქცინაციის პროცესის შესახებ?
როგორ მუშაობს
ვაქცინის მოქმედების მექანიზმი ადვილი გასაგებია: სხეულში შეჰყავთ ინფექციური დაავადების გამომწვევი ანტიგენი, რომელიც დაავადების იმიტაციას იწვევს. ანტიგენად შეიძლება გამოიყენონ დასუსტებული ან დახოცილი ბაქტერიები და ვირუსები, მათი ზედაპირის ან გენეტიკური მასალის ფრაგმენტები ან ბაქტერიის მიერ წარმოქმნილი გაუვნებლებული ტოქსინი.
ანტიგენი ორგანიზმში თავდაცვით რეაქციას აღძრავს, იმუნური სისტემა ანტისხეულების, სპეციალური ცილების, გამომუშავებას იწყებს. ყალიბდება ხელოვნური იმუნიტეტი. თუ სხეულში მოგვიანებით ამ დაავადების გამომწვევი შეიჭრა, მას მზა ანტისხეულები დახვდება და გაანეიტრალებს. ადამიანს დაავადება აღარ განუვითარდება ან მსუბუქად გადაიტანს.
რა საჭიროა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ბავშვობაში ჩატარებული ვაქცინაცია ყოველწლიურად ოთხ მილიონზე მეტი სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლისთვის საშიში ზოგიერთი დაავადება გაიშვიათდა, მათი გამომწვევი მიკრობები ჯერ კიდევ არსებობენ მსოფლიოს ზოგიერთ ან ყველა კუთხეში. დღეს ინფექციურმა დაავადებებმა ადვილად შეიძლება გადალახონ საზღვრები და დააინფიცირონ ის ადამიანები, რომლებსაც მათ მიმართ იმუნიტეტი არ აქვთ.
ვაქცინაცია ორი ძირითადი მიზეზის გამო უნდა ჩატარდეს: საკუთარი თავის დასაცავად და გარშემო მყოფთა დასაცავად. არსებობენ ადამიანები, რომელთა ვაქცინაცია ვერ ხერხდება: ახალშობილები, ავადმყოფები, ალერგიულები, – მაგრამ თუ უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ისინიც დაცულები აღმოჩნდებიან.
ვის არ ცრიან
თითქმის ყველას ვაქცინაციაა შესაძლებელი, თუმცა ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობის დროს განსაზღვრულ აცრებს არ ატარებენ. მაგალითად, მაშინ, როცა ბავშვს დაქვეითებული აქვს იმუნური სისტემა ქრონიკული დაავადების ან ქიმიოთერაპიის გამო, აქვს მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგია ვაქცინის ინგრედიენტებზე, აცრის დღეს ავადაა ან აქვს მაღალი სიცხე.
სხვადასხვა ვაქცინისთვის სხვადასხვა ფაქტორია ხელის შემშლელი. დაწვრილებითი ინფორმაცია ექიმმა უნდა მოგაწოდოთ.
ვაქცინის შემადგენლობა
ვაქცინის ყველა ინგრედიენტი მნიშვნელოვანია ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისთვის.
ვაქცინაში შესაძლოა შედიოდეს:
*ანტიგენი – ვირუსის ან ბაქტერიის მკვდარი ან დასუსტებული შტამი. ის ასწავლის ჩვენს სხეულს დაავადების ამოცნობას და მასთან ბრძოლას.
*დამხმარე საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი იმუნური პასუხის გაძლიერებას ანუ ვაქცინის უკეთ მუშაობას;
*კონსერვანტები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ვაქცინამ ეფექტურობა შეინარჩუნოს.
*სტაბილიზატორები, რომლებიც იცავს ვაქცინას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს.
თუ ეტიკეტზე ვაქცინის ინგრედიენტებს ამოიკითხავთ, შესაძლოა, ზოგი მათგანი უცხო მოგვეჩვენოს, თუმცა ვაქცინაში გამოყენებული არაერთი კომპონენტი ბუნებრივად გვხვდება სხეულში, გარემოსა და საკვებში. ვაქცინაში შემავალი ყველა ინგრედიენტი – ისევე როგორც თავად ვაქცინები – საფუძვლიანად არის შემოწმებული და მათი უსაფრთხოება დადასტურებულია.
უსაფრთხოება
ვაქცინაცია უვნებელია, მისი თანმხლები მოვლენები (მკლავის ტკივილი, სიწითლე აცრის ადგილას, მსუბუქი ცხელება), წესისამებრ, უმნიშვნელო და დროებითია. უფრო სერიოზული თანამოვლენა ძალიან იშვიათია.
აცრის შედეგად გულის წასვლისა და ამასთან დაკავშირებული თავის ტრავმის თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციის დროს ადამიანი უნდა იჯდეს ან იწვეს და ამავე მდგომარეობაში დარჩეს აცრიდან 15 წუთის განმავლობაში.
ლიცენზია რომ მიიღოს, ვაქცინამ წინასწარ გადის მკაცრ გამოცდას ორ ეტაპად, თუმცა დანერგვის შემდეგაც რეგულარულად ფასდება. მეცნიერები მუდმივად შესწავლიან სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას.
უნდა გვახსოვდეს, რომ ზიანი, რომლის მოყენებაც შეუძლია დაავადებას, გაცილებით დიდია, ვიდრე ვაქცინაციის თანმხლები საფრთხე.
ერთდროულად რამდენიმე
არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ რამდენიმე ვაქცინის ერთდროულად შეყვანა საშიში არ არის. ბავშვები ყოველდღიურად ხვდებიან რამდენიმე ასეულ უცხო ნივთიერებას, რომლებიც იწვევს იმუნურ პასუხს.
კომბინირებული ვაქცინა (ასეთია, მაგალითად, დიფტერიის, ყივანახველასა და ტეტანუსის ვაქცინა) ნიშნავს, რომ ბავშვი ნაკლებად დაიჩხვლიტება, თანაც სწორ დროს მიიღებს სწორი ვაქცინის დოზას და თავს დაიზღვევს პოტენციურად სასიკვდილო დაავადებისგან.
რამდენჯერ არის საჭირო
მდგრადი იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად ორგანიზმს სჭირდება ვაქცინათა უმეტესობის ერთზე მეტი დოზა. ერთჯერადი აცრა მხოლოდ ნაწილობრივ დაცვას უზრუნველყოფს. თუ ვაქცინა ცოცხალ ბაქტერიებს ან ვირუსებს შეიცავს, მდგრადი დაცვისთვის ორი დოზაც საკმარისია, ინაქტივირებული ანუ დახოცილი მიკრობების შემცველ ვაქცინებს კი, სულ მცირე, სამი დოზა სჭირდება. მათ მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება, ამიტომ ის პერიოდულად უნდა გაძლიერდეს ბუსტერული დოზით.
ცოცხალი დასუსტებული ვაქცინები გვთავაზობს ხანგრძლივ, ფაქტობრივად სამუდამო დაცვას, თუმცა სუსტ და იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია. ზედმიწევნით ძლიერი იმუნიტეტის მისაღებად საჭიროა ორი დოზა. ცოცხალი ვაქცინებია ჩუტყვავილას ვაქცინა და MMR (წითელა, ყბაყურა და წითურა).
ინაქტივირებული ვაქცინების მეშვეობით ჩამოყალიბებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში ქრება, თუმცა გაცილებით უსაფრთხოა სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის. მაქსიმალური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სამი ან მეტი დოზა. მაგალითად, დიფტერიის, ტეტანუსისა და ყივანახველისგან თავის დასაცავად და ამ ეფექტის შესანარჩუნებლად საჭიროა DTaP ვაქცინის განმეორებითი დოზები.
დროდადრო უნდა განახლდეს ვაქცინები, რომლებიც მუტაციისადმი მიდრეკილი ვირუსებისგან გვიცავს. მაგალითად, გრიპის ვაქცინა. მისგან თავის დასაცავად საჭიროა აცრა განახლებული ვაქცინით იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფრო ადრეული ვერსიით ხართ აცრილი.
ისტორია მოწმობს, რომ ვაქცინაციაა ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე ეფექტური საშუალება მრავალი დაავადებისგან წინააღმდეგ, ამიტომ ყველამ უნდა მიიღოს ყველა რეკომენდებული ვაქცინა განრიგის მიხედვით. ბავშვებსა და მოზარდებს უნდა ჩაუტარდეთ ნებისმიერი გამოტოვებული აცრა, ვაქცინირებულ ზრდასრულებს კი გაუკეთდეთ ტეტანუსის ბუსტერი, სეზონური გრიპის ვაქცინა და ბავშვობაში გამოტოვებული ნებისმიერი ვაქცინა.
მითები
არ არსებობს ვაქცინებსა და აუტისტურ აშლილობებს შორის კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია. ასეთი კავშირი მითია. წითელა-ყბაყურა-წითურას (MMR) ვაქცინასა და აუტიზმს შორის კავშირის თაობაზე ეჭვი გააჩინა 1998 წელს ჩატარებულმა კვლევამ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს კვლევა არ იყო სარწმუნო, ემსახურებოდა თაღლითურ მიზნებს და მისი ჩატარებისას სერიოზული ხარვეზები იყო დაშვებული, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანაში ამან ვეღარ შეაჩერა იმუნიზაციის მაჩვენებლის კლება. შედეგად წითელას, ყბაყურასა და წითურას შემთხვევები კვლავ გახშირდა.
ვისწავლოთ ტერმინები
იმუნურობა ნიშნავს ნაწილობრივ ან სრულ რეზისტენტობას (შეუვალობას, გამძლეობას) ინფექციური დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის მიმართ. იმუნური ადამიანი წინააღმდეგობას უწევს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებსა და ვირუსებს. უნდა ითქვას, რომ იმუნური ადამიანი ავად გახდომისგან ასი პროცენტით არ არის დაზღვეული, თუმცა დაავადების შემთხვევაშიც კი მძიმე ფორმა არ განუვითარდება.
იმუნიზაცია არის ინფექციური დაავადების მიმართ რეზისტენტობის ჩამოყალიბების პროცესი, – წესისამებრ, ვაქცინის საშუალებით.
იმუნიტეტი დაავადებისგან დაცვის მექანიზმია. ის შეიძლება იყოს პასიური ან აქტიური, ჩამოყალიბდეს ბუნებრივად ან ვაქცინის დახმარებით.
აქტიური იმუნიტეტი ყალიბდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის ზემოქმედებით. ასეთი მიკროორგანიზმით ინფიცირების შედეგად ბუნებრივი იმუნიტეტი ირთვება იმისგან დამოუკიდებლად, გამოვლინდა თუ არა ინფექციის სიმპტომები. ვაქცინით გამოწვეული იმუნიტეტი დახოცილი ან დასუსტებული ბაქტერიების ან ვირუსების ან მათი ნაწილების ზემოქმედების შედეგია. აქტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას უფრო მეტი ხანი სჭირდება, ვიდრე პასიურისას, მაგრამ უფრო მეტხანს ძლებს.
პასიურ იმუნიტეტს გვძენს სხვა ადამიანის ან ცხოველის მიერ წარმოებული ანტისხეულები. მაგალითად, დროულად დაბადებული ბავშვები მუცლადყოფნის ბოლო თვეებში დედის ანტისხეულების წყალობით იძენენ პასიურ იმუნიტეტს. პასიური იმუნიტეტის გადასაცემად იყენებენ ადამიანისგან ან ცხოველისგან მიღებულ ანტისხეულების შემცველ სისხლის პროდუქტს. დაცვა მყისიერია, მაგრამ რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე ძლებს, მერე კი ქრება.
გთავაზობთ პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს:
აცრები ეროვნული კალენდრის მიხედვით
B ჰეპატიტის აცრა – (hepB/Hep B)
B ჰეპატიტის ვაქცინა B ჰეპატიტისგან იცავს თავად ბავშვსაც და მასთან კონტაქტში მყოფ სხვა ადამიანებსაც. B ჰეპატიტის მქონე ბავშვებს, როგორც წესი, არ აქვთ დაავადების სიმპტომები, მაგრამ შეუძლიათ, ვირუსი სხვებს გადასცენ. ვაქცინა უსაფრთხოა, თუმცა, როგორც ნებისმიერ წამალს, ახასიათებს მსუბუქი თანამოვლენები (დაბალი სიცხე, აცრის ადგილის ტკივილი), რომლებიც თავისთავად გაივლის.
B ჰეპატიტის საწინააღმდო ვაქცინა რამდენიმე დოზას მოიცავს. პირველი კეთდება სამშობიაროში, დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში, მომდევნოები - მეორე, მესამე და მეოთხე თვეს. თუ დედას სისხლში აღმოაჩნდა B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HbsAg), ჩვილს ვაქცინასთან ერთად B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინსაც უკეთებენ.
რისგან იცავს
B ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული დაავადებაა. B ჰეპატიტის ვირუსი გადამდებია. ინფიცირების შედეგად ვითარდება მწვავე ინფექცია, რომელიც უმეტესად ინფიცირებიდან 6 თვემდე გრძელდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ქრონიკულ ხასიათს იღებს. ქრონიკულმა B ჰეპატიტმა დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები: ღვიძლის უკმარისობა, ციროზი, კიბო.
სიმპტომები
ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს სიმპტომები არ აღენიშნებათ, მოზრდილებთან კი ვლინდება ისეთივე სურათი, როგორიც სხვა ვირუსული ჰეპატიტების დროს:
- უმადობა;
- ცხელება;
- დაღლილობა;
- კუნთების, სახსრებისა და მუცლის ტკივილი;
- გულისრევა, დიარეა, ღებინება;
- მუქი შარდი;
- სიყვითლე.
სიმპტომები თავს იჩენს ინფიცირებიდან 3-4 თვის შემდეგ და რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გასტანს. ზოგი პაციენტი იკურნება, ზოგის ორგანიზმში კი ვირუსი სიცოცხლის ბოლომდე რჩება. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ ვირუსი თანდათან აზიანებს ღვიძლს. ქრონიკული B ჰეპატიტი არ იკურნება, თუმცა მკურნალობით შესაძლებელია პროცესის შეფერხება და სერიოზული პრობლემების თავიდან აცილება.
როგორ ვრცელდება
B ჰეპატიტი გადაედება ინფიცირებულის სისხლთან კონტაქტით, მაშინაც კი, როცა ინფიცირებულს დაავადების სიმპტომები არ აქვს. ბავშვისთვის ვირუსის გადაცემა მოსალოდნელია:
- მშობიარობისას;
- ღია ჭრილობებთან ან წყლულებთან კონტაქტისას;
- კბილის ჯაგრისისა და სხვა პირადი ნივთების გაზიარებისას;
- ბავშვისთვის საკვების დაღეჭვისას.
ბავშვს ინფექცია შეიძლება გადაეცეს ოჯახის ნებისმიერი ინფიცირებული წევრისგან. ვირუსი გარემოში 7 დღეს და მეტხანსაც ცოცხლობს.
***
ბცჟ (BCG) – ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება სამშობიაროში, დაბადებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში, თუ ეს ვერ მოხერხდა - პირველივე შესაძლებლობისთანავე წლამდე. ამ ასაკის შემდეგ ბცჟ-ს გაკეთება რეკომენდებული არ არის, რადგან ვაქცინის დამცავი ეფექტი იკლებს.
რისგან გვიცავს
ტუბერკულოზი მძიმე ქრონიკული ინფექციური დაავადებაა. უმეტესად ფილტვებს აზიანებს, თუმცა შესაძლოა, განვითარდეს სხვა ორგანოებშიც: ტვინში, თირკმელებში, ხერხემალში... დაავადების გამომწვევია ტუბერკულოზის მიკობაქტერია, რომელიც ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, დაავადებული ადამიანის მიერ ხველების, ცემინების, საუბრის, სიმღერის დროს გამოტყორცნილი ნერწყვის წვეთებთან ერთად. ტუბერკულოზი ადვილად ვრცელდება ხალხმრავალ ადგილებში. ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვს, უფრო ადვილად ინფიცირდება, ვიდრე ნორმალური იმუნური სისტემის პატრონები.
ტუბერკულოზს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, მაგრამ ბაქტერიების ზოგიერთი ფორმა კარგად აღარ რეაგირებს მკურნალობაზე.
ფორმები და სიმპტომები
ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირებული ყველა ადამიანი არ ავადდება. ლატენტური (არააქტიური, ფარული) ტუბერკულოზის მქონე ბავშვები ინფიცირებულები არიან, მაგრამ არ აღენიშნებათ სიმპტომები და არ გადასდებენ ინფექციას სხვებს. მათ შესაძლოა უმკურნალონ დაავადების გააქტიურების თავიდან ასაცილებლად.
როდესაც ტუბერკულოზის გამომწვევი სხეულში მრავლდება, ვითარდება აქტიური ტუბერკულოზი. ამ შემთხვევაში დაავადების ნიშნებიც ვლინდება და ბავშვი გადამდებიც ხდება. ინფიცირდებიან ადამიანები, ვისთანაც ბავშვს ყოველდღიური კონტაქტი აქვს.
ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები ინფიცირების შემდეგ უფრო ადვილად და სწრაფად ავადდებიან აქტიური ტუბერკულოზით, ვიდრე მოზრდილები, ახალშობილებსა და მცირეწლოვნებს კი უფრო ხშირად უვითარდებათ ტუბერკულოზის მძიმე ფორმები (ტუბერკულოზური მენინგიტი, მილიარული ტუბერკულოზი – მთელ სხეულში მოდებული დაავადება).
ბავშვებთან აქტიური ტუბერკულოზის სიმპტომებია:
- ხველა;
- ცუდი თვითშეგრძნება, მოთენთილობა, ლეთარგია, ფიზიკური აქტიურობის შემცირება;
- წონის კლება ან ზრდა-განვითარების შეფერხება;
- ცხელება;
- ღამის ოფლიანობა.
ტუბერკულოზურ მენინგიტს ახასიათებს ძილიანობა, თავის ტკივილი, გაღიზიანება და კრუნჩხვები.
მკურნალობის გარეშე ტუბერკულოზი შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.
ჰექსა – დყატ+Bჰეპ+ჰიb+იპვ ვაქცინა
2, 3, და 4 თვის ასაკში კეთდება კომბინირებული ექვსკომპონენტიანი ვაქცინა დყატ+Bჰეპ+ჰიb+იპვ (ჰექსა/DPaT+HepB+Hib+IPV). დყატ არის დიფტერიის, ყივანახველისა (არაუჯრედულის) და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, Bჰეპ – B ჰეპატიტის, ჰიბ – ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ–სი, იპვ – ინაქტივირებული პოლიომიელიტისა. კურსი სამ დოზას მოიცავს, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 4 კვირაა. ვაქცინირება რეკომენდებულია 24 თვემდე.
***
დყატ–ვაქცინა
დყატ-ის თანმხლები მოვლენები ზომიერია. მოსალოდნელია ტკივილი ან შეშუპება აცრის ადგილას, ცხელება, ფორიაქი, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, ღებინება. ძალიან იშვიათია უფრო სერიოზული მოვლენები: მაღალი ცხელება, სამ საათზე მეტხანს უწყვეტად ტირილი, კრუნჩხვა.
რისგან გვიცავს
დიფტერიას იწვევს ბაქტერია Corynebacterium diphtheridae. დაავადება იწყება ყელის ტკივილით, მსუბუქი ცხელებით და შემცივნებით, მერე კი ცხვირის ან ყელის უკანა ნაწილში ჩნდება სქელი თეთრი ან ნაცრისფერი ნადები, რომელიც აძნელებს სუნთქვას და ყლაპვას.
ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებთან დიფტერიამ შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიწვიოს. დიფტერიით დაავადებული ხუთი ბავშვიდან ერთი კვდება. დაავადება მოზრდილებისთვისაც საშიშია: დიფტერიის ათიდან ერთი შემთხვევა სიკვდილით სრულდება. ყელსა და ცხვირში წარმოქმნილი ნადები შესაძლოა იმდენად გასქელდეს, რომ სასუნთქი გზები დაბლოკოს და ადამიანი გაიგუდოს.
დიფტერიის ტოქსინს, რომელსაც დიფტერიის გამომწვევი ბაქტერიები წარმოქმნიან, შეუძლია დააზიანოს გული, გამოიწვიოს არითმია, მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება), ზიანი მიაყენოს ნერვულ სისტემას.
დიფტერიის გამომწვევს ავრცელებს ინფიცირებული ხველებისა და ცემინების დროს. ავადმყოფი, რომელიც არ მკურნალობს, ბაქტერიას ავრცელებს ინფიცირებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში.
ყივანახველას იწვევს ბაქტერია Bordetella pertussis. ჩვილებისთვის დაავადება შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს.
ყივანახველას პირველი ნიშნებია სურდო, დაბალი ცხელება, აპნოე (პაუზა სუნთქვისას), ციანოზი (სილურჯე), შედარებით მოზრდილებთან – მსუბუქი ხველა. მოგვიანებით ბავშვს შესაძლოა დაეწყოს ძლიერი, შეუჩერებელი ხველა, უმეტესად ღამით, ქოშინი ხველის შეტევის შემდეგ, ყივილი. ჩვილებს შესაძლოა არ ახველებდეთ, მაგრამ დაკარგონ ფერი, გაუჭირდეთ ან შეწყვიტონ სუნთქვა. ბავშვები ცუდად ჭამენ, ცუდად სვამენ, ცუდად სძინავთ, ხველების შეტევის შემდეგ კი აღებინებთ.
შეტევები შესაძლოა 10 კვირამდე და მეტხანსაც გაგრძელდეს და ზოგჯერ გამეორდეს, თუ ბავშვს სასუნთქი სისტემის ინფექცია შეხვდა.
წლამდე ბავშვებს შესაძლოა დასჭირდეთ საავადმყოფოში მკურნალობა, განუვითარდეთ პნევმონია, კრუნჩხვები, დაუზიანდეთ ტვინი.
ყივანახველით გარდაცვლილი ორიდან ერთი ბავშვი ორ თვეზე უმცროსი ასაკისაა, რადგან პატარაა აცრისთვის. ამ ასაკში დაავადების პრევენციისთის შესაძლებელია დედის აცრა ორსულობის დროს.
ყივანახველას გამომწვევი ადვილად ვრცელდება ჰაერში სუნთქვის, ხველების, ცემინების დროს. ის თითქმის ყველას გადაედება, ვისაც მისი საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ აქვს. ადამიანი გადამდებია დაავადების დასაწყისიდან, როდესაც ჯერ კიდევ გაციების მსგავსი სიმპტომები აქვს, ხველების დაწყებიდან, სულ მცირე, 2 კვირის განმავლობაში. ბავშვს შესაძლოა ისეთი ადამიანისგან გადაედოს ინფექცია, რომელთანაც ის ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს, ისე, რომ ავადმყოფმა არც კი იცის, რითია ავად.
ტეტანუსის გამომწვევია ბაქტერია Clostridium tetani. მის მიერ გამომუშავებული ტოქსინი იწვევს კუნთების მტკივნეულ დაჭიმულობას, გაშეშებას, ზოგჯერ სიკვდილსაც.
კისრისა და ყბის კუნთების დაჭიმულობა აძნელებს პირის გაღებას და ყლაპვას. სხვა სიმპტომებია კუნთების (ხშირად - მუცლის) უეცარი, უნებლიე სპაზმები, მტკივნეული დაჭიმულობა მთელ სხეულში, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ცხელება და ოფლიანობა, არტერიული წნევისა და გულის რიტმის ცვლილებები.
ტეტანუსი ძალიან საშიში დაავადებაა. შეუძლია, გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და დამბლა. კუნთების სპაზმი შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ ხერხემლის მალების ან სხვა ძვლების მოტეხილობაც კი გამოიწვიოს.
ტეტანუსისგან ბოლომდე განკურნებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს, საჭირო გახდეს ბავშვის რამდენიმე კვირით საავადმყოფოში დაყოვნება. ტეტანუსით დაავადებული 10 ადამიანიდან 1 ან 2 კვდება.
ვაქცინით პრევენცირებადი სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, ტეტანუსი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება. მისი გამომწვევი არის ნიადაგში, მტვერში, ნაკელში, ხოლო ადამიანის სხეულში აღწევს ჭრილობიდან, წყლულიდან, დამწვრობიდან, ცხოველის ნაკბენიდან.
***
ჰიb ვაქცინა
ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b (hib) ვაქცინა იცავს ბავშვს Hib დაავადებისგან, რომელმაც შესაძლოა უნარშეზღუდულობა და სიკვდილი გამოიწვიოს. თანმხლები მოვლენები იშვიათია. მოიცავს აცრის ადგილის შეწითლებას, შეშუპებას, სიმხურვალეს ან ტკივილს, ცხელებას.
ჰიb მძიმე დაავადება, რომელიც გამოწვეულია Haemophilus influenzae ტიპი b (Hib) ბაქტერიით. დაავადების რისკი ყველაზე მაღალი აქვთ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. მათთან ინფექცია შესაძლოა სამუდამო უნარშეზღუდულობა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
არსებობს ჰიb-ის მრავალი ნაირსახეობა. სიმპტომები დამოკიდებულია სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც ინფექციამ დააზიანა.
დავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა მენინგიტი, რომლის დროსაც ვითარდება:
- ცხელება;
- თავის ტკივილი ან კისრის დაჭიმულობა, რიგიდულობა;
- გულისრევა ღებინებითურთ ან მის გარეშე;
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- დაბნეულობა;
- უმადობა, ძილად მივარდნა, გაღიზიანებადობა.
Hიბ-მა ასევე შეიძლება გამოიწვიოს:
- პნევმონია (ფილტვების ანთება);
- ყელის შეშუპება, რომელიც აძნელებს სუნთქვას;
- სისხლის, სახსრების, ძვლებისა და პერიკარდიუმის (გულის პერანგის) ინფექციები.
დაავადება მძიმეა. ავადმყოფი ბავშვების უმეტესობას საავადმყოფოში მოვლა სჭირდება. მკურნალობის შემთხვევაშიც კი Hib მენინგიტით დაავადებული ოციდან ერთი ბავშვი კვდება, ხოლო ხუთდან ერთ გადარჩენილს უზიანდება ტვინი ან ყრუვდება.
დაავადება ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ინფიცირებული ბაქტერიას ავრცელებს ხველებისა და ცემინების დროს.
***
იპვ
ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, შესაძლოა, გამოიწვიოს სუსტად გამოხატული თანმხლები მოვლენები: სიწითლე, შეშუპება ან ტკივილი აცრის ადგილას.
ინფიცირებულთა უმეტესობა არაფერს უჩივის. ზოგს უვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომები, რომლებიც 2-5 დღე გრძელდება.
იშვიათად პოლიოვირუსული ინფექცია მიმდინარეობს ძალიან მძიმედ, იწვევს კიდურების დამბლას ან სისუსტეს, უნარშეზღუდულობას. სუნთქვაში მონაწილე კუნთების დაზიანების გამო პოლიომიელიტის მქონე ასი ბავშვიდან 2-10 კვდება.
დამბლის ალბათობა ძალიან დიდია. თითქოსდა სრული გამოჯანმრთელებიდან 15-40 წლის შემდეგაც კი ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს კუნთების ტკივილი, სისუსტე ან დამბლა.
პოლიომიელიტი ძალიან გადამდებია. ის ვრცელდება ინფიცირებულის ცემინების ან ხველების დროს გამოტყორცნილი წვეთების და განავლის მეშვეობით. თუ ასეთი წვეთები ხელზე, სათამაშოზე, იქიდან კი პირში მოხვდა, ბავშვი შესაძლოა დაინფიცირდეს. ინფიცირება შესაძლებელია საზიარო ჭურჭლითაც.
ინფიცირებული ვირუსს ავრცელებს ორი კვირა სიმპტომების გამოვლენამდე და ორი კვირა გამოვლენის შემდეგ. ზოგჯერ გამომწვევი კვირაობით ცხოვრობს ინფიცირებულის ნაწლავებში და ვრცელდება. უსიმპტომო ადამიანიც გადამდებია.
***
PNEVMO/PCV – პნევმოკოკის საწინააღმდეგოდ
პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (PNEVMO/PCV) სამ დოზას მოიცავს. აცრა ტარდება 2, 4, 12 თვის ასაკში. ის ბავშვს იცავს პოტენციურად სასიკვდილო ინფექციებისგან – პნევმოკოკური მენინგიტისა და პნევმოკოკური პნევმონიისგან. ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა არ არის გამორიცხული მსუბუქად გამოხატული გვერდითი მოვლენები.
პნევმოკოკური ინფექცია უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა სერიოზული სიმპტომების, სამუდამო უნარშეზღუდულობისა და სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია, განსაკუთრებით – ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან. პენიცილინით და სხვა პრეპარატებით მკურნალობა აღარ არის ისეთი ეფექტური, როგორიც ადრე იყო, რადგან მიკრობის ზოგიერთი შტამი რეზისტენტული გახდა მათ მიმართ. ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს დაავადების პრევენციას ვაქცინაციის გზით.
პნევმოკოკური დაავადების მრავალი სახეობა არსებობს. სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, სხეულის რომელ ნაწილში განვითარდება ინფექცია.
პნევმოკოკური პნევმონიის ნიშნებია:
- ცხელება, შემცივნება;
- ხველა;
- სწრაფი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;
- გულმკერდის ტკივილი;
პნევმოკოკური მენინგიტის, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მფარავი გარსის ინფექციისა:
- კისრის რიგიდულობა (დაჭიმულობა) ან თავის ტკივილი;
- მაღალი სიცხე;
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- დაბნეულობა.
ჩვილებთან მენინგიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ცუდი კვება, ძილიანობა ან ღებინება.
შუა ყურის ანთების (შუა ოტიტის) შემთხვევათა თითქმის ნახევარი პნევმოკოკის წილად მოდის. მისი სიმპტომებია ყურის ტკივილი, დაფის აპკის სიწითლე და შეშუპება, ზოგჯერ – ცხელება ან ძილიანობა.
კიდევ ერთი ნაირსახეობაა სისხლის პნევმოკოკური ინფექცია (ბაქტერიემია და სეფსისი), რომელიც ვლინდება ცხელებით, შემცივნებით, გამოფხიზლების გაძნელებით.
პნევმოკოკურმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიყრუე, ტვინის დაზიანება, კიდურების დამბლა. პნევმოკოკური მენინგიტით დაავადებული 12-დან 1 ბავშვი კვდება.
პნევმოკოკური დაავადება ვრცელდება ჰერწვეთოვანი გზით, ინფიცირებულის მიერ ხველებისა და ცემინების დროს გამოტყორცნილი წვეთების საშუალებით. ხშირად დაავადებას ავრცელებენ ბავშვები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ.
***
როტა/ROTA
როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (როტა/Rota) ინიშნება პერორალურად (წვეთებით). კურსი ორ დოზას მოიცავს. პირველი დოზის მიცემა რეკომენდებულია 16 კვირამდე, მეორისა – 24 კვირამდე.
აცრა ბავშვს იცავს როტავირუსით გამოწვეული ძლიერი დიარეის, ღებინებისა და მუცლის ტკივილისგან. ვაქცინა უსაფრთხოა, თუმცა, როგორც ნებისმიერმა წამალმა, შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი თანამოვლენებიც (დიარეა, ღებინება).
როტავირუსული ინფექცია უმეტესად ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს ემართებათ. დიარეამ და ღებინებამ შესაძლოა გამოიწვიოს იმდენად ძლიერი დეჰიდრატაცია (გაუწყლოება), რომ მკურნალობის გარეშე ბავშვი მოკვდეს.
როტავირუსული ინფექციის სიმპტომებია:
- ცხელება;
- წყლიანი დიარეა;
- ღებინება;
- მუცლის ტკივილი.
დიარეა და ღებინება სამიდან რვა დღემდე გრძელდება. ავადმყოფობის დროს ბავშვმა შესაძლოა შეწყვიტოს ჭამა-სმა.
დაავადებით გამოწვეული გაუწყლოება შესაძლოა ძალიან საშიში აღმოჩნდეს, განსაკუთრებით – ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ზოგიერთს ვენაში გადასხმები სჭირდება დაკარგული სითხის აღსადგენად.
როტავირუსით ინფიცირება მოსალოდნელია შინ, საავადმყოფოში, საბავშვო ცენტრში. ინფიცირებულები ვირუსს განავალთან ერთად გამოყოფენ. ინფიცირებისთვის როტავირუსი პირში უნდა მოხვდეს, რისთვისაც ბავშვი უნდა შეეხოს დაბინძურებულ ნივთს, მერე კი დაუბანელი ხელებით შეექცეს საჭმელს, ან ჭამოს დაბინძურებული საკვები.
საგნებზე როტავირუსი რამდენიმე დღე ცოცხლობს. მისი გავრცელების შესაჩერებლად ხელების რეგულარული ბანა და ზედაპირების დეზინფექცია არ არის საკმარისი. მცირეწლოვანი ბავშვის როტავირუსისგან დასაცავად საუკეთესო გზა ვაქცინაცია.
***
წწყ/MMR ვაქცინა
წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ/MMR) ვაქცინაციის კურსი ორდოზიანია, ტარდება 12 თვისა და 5 წლის ასაკში. არავაქცინირებული ბავშვები და მოზარდები უნდა აიცრან წწყ ვაქცინის 2 დოზით. აცრებს შორის დასაშვები მინიმალური ინტერვალია 4 კვირა. აცრა იცავს წითელასგან, ყბაყურასა და წითურასგან. ის უსაფრთხოა. ამ აცრასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს. თანმხლები მოვლენები მსუბუქია, მოიცავს ტკივილს, სიწითლეს ან შეშუპებას აცრის ადგილას, ასევე – ცხელებას, მსუბუქ გამონაყარს, სახსრების ხანმოკლე ტკივილსა და შებოჭილობას. უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია (მაგალითად, მაღალი ცხელება, რომელმაც შესაძლოა კრუნჩხვა გამოიწვიოს).
წითელა სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც გამონაყარს და ცხელებას იწვევს. ძალიან გადამდებია, იშვიათად – სასიკვდილოც. იწყება ცხელებით, ზოგჯერ – ძალიან მაღლით. სხვა სიმპტომებია:
- ხველა, ცხვირიდან გამონადენი და თვალების სიწითლე;
- წვრილი წითელი გამონაყარი, რომელიც თავიდან იწყება და დანარჩენ სხეულზე ვრცელდება;
- დიარეა;
- ყურის ტკივილი.
წითელა განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, შეუძლია გამოიწვიოს პნევმონია, ტვინის დაზიანება, სიყრუე, სიკვდილი.
წითელას ავრცელებს ინფიცირებული ადამიანი სუნთქვის, ხველების, ცემინების დროს. ინფექცია ადამიანს შესაძლოა ისეთ ოთახში შესვლითაც კი გადაედოს, სადაც ორი საათით ადრე იმყოფებოდა დაავადებული. ავადმყოფი გადამდებია გამონაყარის გაჩენამდეც. წითელას ვირუსთან კონტაქტის შემთხვევაში თითქმის ყველა აუცრელი ადამიანი ავადდება.
წითურაც ვირუსული დაავადებაა, რომელიც ზომიერი ცხელებით და გამონაყარით მიმდინარეობს. ის უმთავრესად ორსულებს უქადის საფრთხეს: შესაძლოა, გამოიწვიოს სპონტანური აბორტი ან ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტები (სიყრუე, სიბრმავე, გონებრივი შეზღუდულობა, გულის მანკი, ელენთის დაზიანება).
ბავშვებთან წითურას სიმპტომები 2-3 დღე გრძელდება და მოიცავს:
- გამონაყარს, რომელიც იწყება სახიდან და დანარჩენ სხეულზე ვრცელდება;
- 38 გრადუსზე დაბალ ცხელებას.
გამონაყარის გაჩენამდე ბავშვებთანაც და მოზრდილებთანაც შეინიშნება:
- ჯირკვლების შესივება;
- ხველა, სურდო და თვალების სიწითლე ან შეშუპება;
- სახსრების ტკივილი (განსაკუთრებით – ახალგაზრდა ქალებთან).
დაავადებულთა დაახლოებით ნახევარი უსიმპტომოდ ავადმყოფობს.
ბავშვებთან წითურა უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს, გართულებებიც იშვიათია, თუმცა არ არის გამორიცხული სერიოზული პრობლემებიც, მათ შორის – ტვინის ინფექცია, სისხლდენა თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო.
წითურას გამომწვევს ავრცელებს ინფიცირებული ხველების და ცემინების დროს, ასევე – დაუბანელი ხელებით საგნების შეხებისას. დაავადება ყველაზე გადამდებია იმ პერიოდში, როდესაც ავადმყოფს აქვს გამონაყარი, თუმცა ვირუსი ვრცელდება 7 დღის განმავლობაში გამონაყარის გაჩენამდე და 7 დღის განმავლობაში – გამონაყარის გაჩენის შემდეგ. წითურას უსიმპტომო ავადმყოფიც ავრცელებს.
ყბაყურა ვირუსული დაავადებაა, რომელიც სანერწყვე ჯირკვლების ანთების გამო ლოყებისა და ყბის შესივებას იწვევს. მას შეუძლია, ჯანმრთელობის ხანგრძლივი პრობლემები გამოიწვიოს. ყბაყურას სიმპტომები 7-10 დღე გრძელდება. ესენია:
- ცხელება;
- თავის ტკივილი;
- კუნთების ტკივილი;
- დაღლილობა;
- უმადობა;
- ყბაყურა ან ყბისქვეშა ჯირკვლების შესივება.
სიმპტომები ყოველთვის არ ვლინდება. ზოგი თავს შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ არ უსივდება ჯირკვლები.
ვაქცინის შექმნამდე ყბაყურა სიყრუისა და მენინგიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი იყო. მას ენცეფალიტის გამოწვევაც შეუძლია.
ბავშვების უმეტესობას ყბაყურა იოლად გადააქვს, თუმცა არ არის გამორიცხული სერიოზული და ხანგრძლივი პრობლემები, მათ შორის:
* მენინგიტი (თავისა და ზურგის ტვინის გარსის ანთება);
* დროებითი ან მუდმივი სიყრუე;
* ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება);
* ორქიტი (სათესლე ჯირკვლების ანთება) პუბერტატის ასაკს მიღწეულ ბიჭებთან;
* ოოფორიტი (საკვერცხეების ანთება ან`და მასტიტი (მკერდის შეშუპება) პუბერტატის ასაკს მიღწეულ გოგონებთან.
იშვიათად ყბაყურა სიკვდილით სრულდება.
ყბაყურას ვირუსი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ინფიცირებული ადამიანი ვირუსს ავრცელებს ხველების, ცემინების, საუბრის დროს, ასევე – ისეთი ნივთების გაზიარებით, რომლებსაც შესაძლოა მიკრული ჰქონდეს მისი ნერწყვი (წყლის ბოთლი, ჭიქა), მჭიდრო კონტაქტით (ცეკვა, თამაში, კოცნა), სხვა ნივთებით, რომლებსაც დაუბანელი ხელებით შეეხო.
ვირუსი გადამდებია სანერწყვე ჯირკვლების შესივებამდე ორი დღე და ხუთ დღემდე შესივების შემდეგ.
***
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV))
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდებათ 10-12 წლის გოგონებს. აცრების კურსი ორდოზიანია. აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი. აცრა გოგონებს იცავს ინფექციებისგან, რომლებსაც შეუძლია, მომავალში ზოგიერთი სახის კიბო გამოიწვიოს.
ვაქცინაციის თანმხლები მოვლენები მოიცავს აცრის ადგილის ტკივილს, სიწითლეს, შესივებას, ასევე – ცხელებას, თავბრუხვევას, გულის წასვლას, გულისრევას, თავის ტკივილს, დაღლილობის შეგრძნებას, კუნთების ან სახსრების ტკივილს.
ადამიანის პაპილომავირუსების ჯგუფი 150-ზე მეტ ვირუსს აერთიანებს. ინფიცირდებიან მოზრდილებიც და მოზარდებიც. ზოგიერთი ვირუსი იწვევს, სქესის შესაბამისად, საშვილოსნოს ყელის, საშოს, ვულვის, ასოს კიბოს, ორივე სქესის ადამიანებთან – ანალურ კიბოს, ენის ფუძისა და ნუშისებრი ჯირკვლების კიბოს, გენიტალურ მეჭეჭებს.
HPV ვრცელდება სქესობრივი კავშირის შედეგად. ის იმდენად გავრცელებულია, რომ ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე თითქმის ყველა ადამიანი ავადდება.
აცრები, რომლებიც ეროვნულ კალენდარში არ არის
ზოგიერთი აცრა, ამა თუ იმ მოსაზრებით, საქართველოში არ არის სავალდებულო, შესაბამისად, არც აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით შეიძლება მათი ჩატარება.
***
ჩუტყვავილას აცრა
ჩუტყვავილასგან დასაცავად რეკომენდებულია ჩუტყვავილას ვაქცინის ორი დოზა. თანამოვლენები მსუბუქია: ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება აცრის ადგილას, ცხელება, მცირე გამონაყარი.
ჩუტყვავილა, საზოგადოდ, არ მიიჩნევა მძიმე დაავადებად, მაგრამ შესაძლოა, მძიმედაც წარიმართოს. ის იწვევს ცხელებას და ბუშტუკებიან მქავანა გამონაყარს, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება. ასევე ახასიათებს თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება. სიმპტომები გრძელდება დაახლოებით ერთი კვირა.
ჩუტყვავილა შესაძლოა ვაქცინირებულ ადამიანსაც შეეყაროს. ამ შემთხვევაში სიმპტომები, როგორც წესი, უფრო მსუბუქია, ბუშტუკები ან ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ ჩნდება და ავადმყოფობაც უფრო მალე გაივლის.
ჩუტყვავილა შესაძლოა გართულდეს კანის ინფექციით, დეჰიდრატაციით, პნევმონიით, ენცეფალიტით. იშვიათია, მაგრამ მაინც აღირიცხება სიკვდილის შემთხვევები.
ჩუტყვავილას ავრცელებს ჩუტყვავილით დაავადებული ან ჰერპეს-ზოსტერის მქონე ადამიანი. ის გადამდებია გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღის განმავლობაში და გამონაყარის გაჩენიდან მანამდე, სანამ ყველა ბუშტუკი არ დანაწიბურდება.
***
რესპირატორულ–სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო აცრა
რესპირატორულ–სინციტიური ვირუსი (რსვ, RSV) ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში სასუნთქი გზების საკმაოდ მძიმე დაავადების გავრცელებული მიზეზია. აცრა რეკომენდებულია 8 თვეზე უმცროსი ასაკის ჩვილებისთვის, რომლებიც დაიბადნენ ვირუსის სეზონზე (შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული) ან მისი დაწყების წინ, ასევე – სეზონის მოახლოებისას 8-დან 19 თვემდე ასაკის იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე ღშV დაავადების მაღალი რისკი.
RSV-ით ინფიცირებულს შესაძლოა გაუძნელდეს სუნთქვა, ჭამა, საჭირო გახდეს მისი საავადმყოფოში დაწვენა სუნთქვის უკმარისობის გამო ან გადასხმების ჩასატარებლად.
RSV დაავადების პრევენცია შესაძლებელია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ანტისხეულების მიცემით ან დედის აცრით ორსულობის 32-დან 36-ე კვირამდე.
***
გრიპის აცრა
გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია საუკეთესო საშუალებაა გრიპისა და მისი პოტენციურად მძიმე გართულებებისგან ბავშვის დასაცავად.
გრიპის აცრა:
* ამცირებს ბავშვებში გრიპით დაავადების და ჰოსპიტალიზაციის რისკს;
* ამსუბუქებს გრიპის მიმდინარეობას;
* ამცირებს მძიმე გართულებების განვითარების რისკს, განსაკუთრებით – 5 წლამდე ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე ნებისმიერი ასაკის ბავშვებთან;
* ამცირებს ლეტალური შედეგის ალბათობას;
* ხელს უწყობს გრიპის გავრცელების პრევენციას ოჯახსა და ახლობლებში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც იმავე სახლში ჰყავთ 6 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვი, რომელიც მეტისმეტად პატარაა აცრისთვის.
ექიმები გვირჩევენ, 6 თვიდან ბავშვს ყოველ შემოდგომაზე – სასურველია, ოქტომბრის ბოლომდე – ჩავუტაროთ გრიპის ვაქცინაცია. ზოგ ბავშვს შესაძლოა 2 დოზა დასჭირდეს. თუ ოქტომბრის ბოლომდე ვერ ავცერით, შეიძლება მოგვიანებით აცრაც – ზოგჯერ ისიც ეფექტურია. ქალებმა გრიპის ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ ყოველი ორსულობის დროს.
გრიპის ვაქცინები ძალიან უსაფრთხოა. შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი თანმხლები მოვლენები, რომლებიც რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის. ეს მოვლენებია: ტკივილი, სიწითლე, შეშუპება აცრის ადგილას, თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, კუნთების ტკივილი, ვაქცინის ცხვირში შესხურების შემთხვევაში – სურდო და ღებინებაც.
გრიპის ვირუსები განუწყვეტლივ განიცდის სახცვლილებას, ამიტომ ყოველწლიურად მზადდება ახალი ვაქცინები გრიპის იმ ვირუსებისგან თავის დასაცავად, რომლებიც მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, ყველაზე მეტ ავადობას გამოიწვევს. ვაქცინა მთელი სეზონის განმავლობაში გვიცავს გრიპისგან, ხოლო მოდევნო სეზონზე ახალი ვაქცინა იქნება საჭირო.
გრიპს ვირუსი იწვევს. ინფექცია პროცესში ითრევს ცხვირს, ზედა სასუნთქ გზებს, ყელს და ფილტვებს. დაავადება ადვილად ვრცელდება და შესაძლოა, საკმაოდ მძიმედ წარიმართოს, განსაკუთრებით – მცირეწლოვან ბავშვებთან, ხანდაზმულებთან, ორსულებთან, ასთმის, დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებთან. მისი სიმპტომებია ცხელება, შემცივნება, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, დაღლილობა, ღებინება`დიარეა (ეს უკანასკნელი უფრო ხშირად ბავშვებთან აღირიცხება).
გრიპით დაავადებულთა უმეტესობა ორ კვირაზე ნაკლებ ხანში გამოჯანმრთელდება, ზოგიერთს კი შესაძლოა განუვითარდეს გართულებები (მაგალითად, პნევმონია), რომლებიც ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და ლეტალური შედეგის რისკსაც კი წარმოშობს.
გრიპი უმთავრესად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება საუბრის, ხველების ან ცემინების დროს. ადამიანი მაშინაც შეიძლება დაავადდეს, თუ ხელი შეახო თავის პირს, ცხვირს ან თვალს ისეთ ნივთზე შეხების შემდეგ, რომელზეც გრიპის ვირუსი მოხვდა.
ინფიცირებული ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღის და დაავადების დაწყებიდან 5-7 დღის განმავლობაში, მძიმე ფორმის შემთხვევაში – მეტხანსაც.
***
A ჰეპატიტის ვაქცინა
ზოგიერთ ქვეყანაში აცრების კალენდარში შედის A ჰეპატიტის ვაქცინაციაც. ბავშვი იცრება ვაქცინის ორი დოზით. პირველი 12-დან 23 თვემდე კეთდება, მეორე – 6 თვის შემდეგ. A ჰეპატიტის აცრა უსაფრთხოა. თანმხლები მოვლენები მსუბუქია: აცრილი ადგილის ტკივილი, თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, უმადობა – და გრძელდება 1-2 დღე.
A ჰეპატიტი ღვიძლის მძიმე ვირუსული დაავადებაა. ამ ინფექციის მქონე ბავშვებს ხშირად არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ ავრცელებენ დაავადებას, გადასდებენ მას არავაქცინირებულ მშობლებს და მომვლელებს.
ექვს წლამდე ასაკის ბავშვებთან დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს სიმპტომები უვლინდებათ ინფიცირებიდან 2-6 კვირის შემდეგ. ეს სიმპტომებია:
- ცხელება;
- უმადობა;
- დაღლილობა;
- მუცლის ტკივილი;
- ღებინება;
- მუქი შარდი;
- კანისა და თვალების სიყვითლე.
A ჰეპატიტის ვირუსს შეიცავს დაავადებულის განავალი. ინფიცირებისთვის გამომწვევი პირში უნდა მოხვდეს, მაგალითად, დაბინძურებული ნივთის შეხების შემდეგ დაუბანელი ხელით ჭამისას, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებისას.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა