გამა ნაიფი - Gamma Knife - თავის ტვინის პათოლოგიების რადიოქირურგიული მეთოდით მკურნალობის ოქროს სტანდარტი

გააზიარე:

 ავერსის კლინიკაში, პირველად საქართველოში, დაინერგა უახლესი თაობის დანადგარით Gamma Knife Esprit ნეიროქირურგიული დაავადებების რადიოქირურგიული მეთოდით მკურნალობა. რაც  წარმოადგენს  თავის ტვინის სიმსივნეების  ყველაზე თანამედროვე, ზუსტ, უსაფრთხო და არაინვაზიურ (უსისხლო) პროცედურას, რომლის ჩასატარებლადაც საქართველოს მოსახლეობას საზღვრგარეთ უწევდა წასვლა.

გამა ნაიფი წარმოადგენს როგორც თავის ტვინის ქირურგიული ჩარევის ალტერნატივას, ასევე საუკეთესო საშუალებაა რთულად ხელმისაწვდომი და არაოპერირებადად მიჩნეული თავის ტვინის სიმსივნეებისა და მალფორმაციების მკურნალობისთვის.

როგორია გამა ნაიფის მუშაობის პრინციპი? როდის შეიძლება მისი გამოყენება? რით სჯობია ტრადიციულ ქირურგიულ მეთოდებს? ამ საკითხებზე "ავერსის კლინიკის" ნეიროქირურგიული სამსახურის უფროსი, ნეიროქირურგი ლაშა ბაქრაძე გვესაუბრა.

_ გამა ნაიფი არის თავის ტვინის სიმსივნეებისა და ტვინის სხვა პათოლოგიების უსისხლო და უმტკივნეულო მკურნალობის რადიოქირურგიული მეთოდი. მანიპულაცია Gamma Knife Esprit აპარატით ტარდება. სპეციალური ჩაფხუტის საშუალებით სხვადასხვა მხრიდან თავის ტვინის დაზიანებული ქსოვილისკენ უამრავი მცირე სიმძლავრის გამა სხივი მიემართება. ეს სხივები იმდენად სუსტია, რომ არ აზიანებს ტვინის ჯანმრთელ ქსოვილს, მაგრამ როდესაც პათოლოგიის ადგილას იკრიბება, ძალიან მაღალ ენერგიას წარმოშობს და პათოლოგიას ანადგურებს.

ვისთვის არის განკუთვნილი

_ მედიცინაში გამა ნაიფის გამოყენების გამოცდილება უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ის აღიარებულია ოქროს სტანდარტად თავის ტვინის ისეთი პათოლოგიების დროს, რომელთა მკურნალობა ადრე შეუძლებლად მიაჩნდათ.

გამა ნაიფით მკურნალობენ:

  • თავის ტვინის კეთილთვისებიან სიმსივნეებს (აკუსტიკური ნეირომა, მენინგიომა, კრანიოფარინგიომა, ჰიპოფიზის ადენომა, ჰემანგიობლასტომა, გლომუსის სიმსივნე);
  • თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეებს (გლიობლასტომა, თავის ტვინის მეტასტაზები, გლიომები, ჰემანგიოპერიციტომა, ქონდროსარკომა, ნაზოფარინგეალური კარცინომა, ბავშვთა ტვინის სიმსივნეები და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები);
  • სამწვერა ნერვის ნევრალგიას;
  • ტვინის არტერიოვენურ მალფორმაციას;
  • ნებისმიერ სიმსივნეს, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სასიცოცხლო ფუნქციებზე;
  • ეპილეფსიის გარკვეულ ფორმებს;
  • ესენციურ ტრემორს.

პროცედურა

_ გამა ნაიფით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს თავზე უმაგრდება მსუბუქი ჩარჩო. ამის შემდეგ განისაზღვრება სიმსივნისა თუ სხვა სამიზნის მდებარეობა ჩარჩოსთან მიმართებით. ამ მიზნით ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) , მაგნიტურ–რეზონანსული გამოსახვა (MRI) ან ანგიოგრაფია – იმის მიხედვით, რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.

ტვინის სკანირების შედეგების მიხედვით დგება მკურნალობის გეგმა. პროცედურის დროს პაციენტი აპარატზე წევს. სამიზნის ზომისა და ფორმის მიხედვით, დასხივება შეიძლება რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე გაგრძელდეს.

პროცედურას ატარებს ნეიროქირურგი. პაციენტი ვერ გრძნობს დასხივებას, არც აპარატის ხმაური აწუხებს, ექიმთან საუბარი კი მიკროფონით შეუძლია.

_ როგორ ემზადება პაციენტი პროცედურისთვის?

_ გამა ნაიფით მკურნალობას განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. პაციენტი წინა საღამოს ვახშმობს, ხოლო შუაღამიდან მოყოლებული, აღარაფერს ჭამს და სვამს; ოპერაციის დღეს უნდა ჩაიცვას კომფორტული, თავისუფალი ტანსაცმელი, მოიხსნას სამკაულები, სათვალე, კონტაქტური ლინზები, პროთეზი.

უპირატესობები

_ გამა ნაიფით მკურნალობა საუკეთესო ალტერნატივაა, როდესაც პაციენტს სურვილი აქვს თავიდან აირიდოს ღია ქირურგიული ოპერაცია, მძიმე მდგომარეობის გამო ვერ უტარდება ღია ოპერაცია, ზოგადი ანესთეზია საშიშია მისთვის ან საოპერაციო არე ძნელად მისადგომია.

გამა ნაიფით მკურნალობა:

  • არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც არ საჭიროებს ჭრილობას და არ ტოვებს ნაიარევს თავის ქალასა და თავის კანზე;
  • მაქსიმალურად ამცირებს ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკს;
  • არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას;
  • არ მოითხოვს ზოგად ანესთეზიას
  • არ მოითხოვს რეაბილიტაციას;
  • სრულდება ერთ სეანსში;
  • მოითხოვს მხოლოდ ერთდღიან ვიზიტს ამბულატორიაში. პროცედურის მომდევნო დღეს პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
  • უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშვებისთვის, ნებადართულია 1.5 წლიდან.

გამა ნაიფით მკურნალობის დროს არ არსებობს თავის ტვინის ღია ოპერაციისთვის ტიპობრივი გართულებების (სისხლდენის, სისხლჩაქცევების, ინფექციის) ალბათობა. პროცედურის შემდეგ ღამის კლინიკაში გატარება არ არის აუცილებელი. გამოჯანმრთელების პერიოდი ძალიან ხანმოკლეა, რაც პაციენტის სიცოცხლის ხარისხს უფრო მეტად ამაღლებს.

აღარ არის საჭირო განმეორებითი ჩარევა, მაშინ როდესაც ღია ოპერაციის შემდეგ ის ზოგჯერ გარდაუვალი ხდება გართულების გამო.

თავის ტვინში მეტასტაზების გამა ნაიფით მკურნალობის შემდეგ, წესისამებრ, ქრება ღია ოპერაციისა და ძვირად ღირებული სხივური თუ ქიმიოთერაპიის საჭიროებაც.

შედეგი

_ გამა ნაიფით ჩატარებული რადიოქირურგიული ოპერაციის სამკურნალო შედეგის მიღებას გარკვეული დრო ესაჭიროება, რაც დამოკიდებულია მკურნალობის მიზეზზე.

გამა ნაიფით მკურნალობა ტარდება თბილისის მერიის, ჯანდაცვის რეფერალური ფონდის, გამგეობებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერით. ამასთან ერთად, კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სადაზღვევო კომპანიებთან.

 

გააზიარე: