რეაბილიტაცია ინსულტის შემდეგ
გააზიარე:
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა შესაძლებლობათა შეზღუდვის ერთ-ერთი მოწინავე მიზეზია მთელ მსოფლიოში. პაციენტთა ნახევარზე მეტი ინსულტის შემდეგ სამუდამოდ სხვაზე ხდება დამოკიდებული მოძრაობის ან მგრძნობელობის დარღვევის, მეტყველებასთან ან მოსმენილის გაგებასთან დაკავშირებული სირთულეების, აზროვნებისა და მეხსიერების გაუარესების, ემოციური აშლილობის გამო.
წლების წინ ინსულტის მკურნალობა მხოლოდ ექიმ ნევროლოგის ვალდებულება იყო. თანამედროვე ევროპული და ამერიკული გაიდლაინების მიხედვით, ნევროლოგთან ერთად პაციენტის მკურნალობაში უნდა ჩაერთოს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის სრულ ან ნაწილობრივ გამოჯანმრთელებას და მისი ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.
რა არის
“რეაბილიტაცია” მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან habilitas, რაც “შესაძლებლობას” ნიშნავს. ამგვარად, რეაბილიტაცია შესაძლებლობათა აღდგენაა. ეს არის კომპლექსურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების შემცირების, ცხოვრების ხარისხის ამაღლებისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის მაქსიმალური გაუმჯობესებისკენ. ინსულტის რეაბილიტაცია ჩვენი ქვეყნის საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მოიცავს პაციენტის ხელშეწყობას, დაავადების ხელმეორედ განვითარების პრევენციას, ინსულტის ნარჩენი მოვლენების მკურნალობას და მიღწეული მდგომარეობის შენარჩუნებას.
დაწყების დრო
წინათ ინსულტის შემდეგ პირველი რამდენიმე დღე პაციენტს მოძრაობას უკრძალავდნენ, გაუნძრევლად წოლას ურჩევდნენ, ეს კი ხშირად ახანგრძლივებდა აღდგენის პროცესს და არცთუ იშვიათად ინვალიდობასაც იწვევდა. დღეისთვის მიდგომა შეიცვალა: თუ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საშუალებას იძლევა, რეაბილიტაცია მეორე დღესვე იწყება. ვინაიდან ინსულტი ქრონიკული მდგომარეობაა, მისი რეაბილიტაცია მოიცავს ჩარევებს როგორც ადრეულ ეტაპზე – მწვავე, ჰოსპიტალურ პერიოდში, ისე მოგვიანებით, ამბულატორიულ ან სპეციალიზებულ კლინიკებში.
სპეციალისტების აზრით, სარეაბილიტაციო მკურნალობა ინსულტის შემდეგ სასიცოცხლო ფუნქციებისა და ზოგადი მდგომარეობის სტაბილიზაციისთანავე უნდა დაიწყოს. შეზღუდული უნარების სრულად აღდგენის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია დაავადების განვითარებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში.
პროგრამის მიზანი
რეაბილიტაცია თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს უნდა მოერგოს, შესაბამისად, ყველა სარეაბილიტაციო პროგრამა განსხვავებულია, თუმცა არსებობს რამდენიმე ზოგადი მიზანი, რომლებიც საერთოა ყველა პროგრამისთვის:
- ძირითადი დაავადების დროული და სწორი მკურნალობა;
- ისეთი გართულებების პრევენცია, როგორიცაა პნევმონია, საშარდე გზების ინფექციები, თრომბოემბოლია და სხვა;
- შეზღუდული შესაძლებლობების აღდგენა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაუმჯობესება;
- ადაპტაციური საშუალებების შერჩევა და გარემოს მორგება პაციენტის საჭიროებებზე;
- პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების განათლება, დახმარება ცხოვრების შეცვლილ წესთან ადაპტაციაში.
სამოქმედო გეგმა
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამის მთავარი პრინციპია სწორად დაგეგმილი მოძრაობებისა და მოქმედებების მრავალჯერადი გამეორება. კვლევების თანახმად, ამგვარი ქმედების შედეგად ნერვულ უჯრედებს შორის მყარდება ახალი კავშირები, რომლებიც ანაცვლებს ძველ, დარღვეულ კავშირებს. ახალი საკომუნიკაციო გზების წარმოქმნის შედეგად კი სხეულის ის ფუნქციები, რომლებიც თავის ტვინის დაზიანებული უბნიდან იმართებოდა, გადაეცემა თავის ტვინის სხვა, ჯანსაღ უბნებს. ადამიანის ტვინის ამ უნიკალურ უნარს ნეიროპლასტიკურობა ეწოდება და ის ნეირორეაბილიტაციის ყველა პროგრამის საფუძველია. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციას მოითხოვს ყოველგვარი სიმძიმის ინსულტი. შესაძლოა, პაციენტს არ უჭირდეს გადაადგილება, გამოხატული არ ჰქონდეს სახის ასიმეტრია, მაგრამ შეზღუდული ჰქონდეს ნატიფი მოტორიკა, უჭირდეს ხელების დამორჩილება. ამ დროს რეაბილიტაცია ერთადერთი რეალური შანსია, ადამიანი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდეს.
რეაბილიტოლოგთა გუნდი
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა პირი, მისი ოჯახი და სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი ერთ გუნდად მუშაობენ. გუნდი ეხმარება პაციენტს მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვაში და სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებისგან შედგება. ესენი არიან:
* ექიმი – ნევროლოგი ან რეაბილიტოლოგი;
* ფიზიკური თერაპევტი (ეხმარება პაციენტს სიარულის, წონასწორობის და სხვა მოძრაობითი ფუნქციების აღდგენაში);
* ოკუპაციური თერაპევტი (პაციენტს ეხმარება საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, კვების და სხვა ყოველდღიური უნარ-ჩვევების აღდგენაში, აგრეთვე გარემოსთან ადაპტაციაში);
* მეტყველების თერაპევტი (უზრუნველყოფს კვებისა და კომუნიკაციის უნარების აღდგენას);
* ფსიქოლოგი`ნეიროფსიქოლოგი (ეხმარება პაციენტს კოგნიტიური უნარების აღდგენაში ან ახალი`ადაპტური უნარების გამომუშავებაში);
* ორთეზისტი (დამხმარე ორთოპედიული საშუალებების სპეციალისტი);
* რეაბილიტაციის მედდა;
* დიეტოლოგი;
* სოციალური მუშაკი და სხვ.
რეაბილიტაციის ეტაპები
რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დამოუკიდებელი მოძრაობის აღდგენის მცდელობით იწყება. ფიზიკური თერაპევტი ეხმარება პაციენტს, პასიური და აქტიური ვარჯიშის დახმარებით გაიძლიეროს დასუსტებული კიდურები და გაიუმჯობესოს მათი მოძრაობის უნარი. ზოგჯერ პაციენტს უწევს, თავიდან ისწავლოს საწოლში წამოჯდომა, საწოლიდან სკამზე გადაჯდომა, ადგომა, სიარული (დახმარებით ან დაუხმარებლად). ოკუპაციური თერაპევტი ეხმარება მას, აღიდგინოს ყოველდღიური ცხოვრების ისეთ საბაზისო აქტივობათა შესრულების უნარი, როგორიცაა დაბანა, ჩაცმა, საპირფარეშოთი სარგებლობა და ა.შ.
ფიზიკური აქტივობა მოიცავს:
* მოტორული (მოძრაობითი) უნარების გასაუმჯობესებელ ვარჯიშებს, რომლებიც პაციენტს ეხმარება კუნთების ძალის აღდგენაში, სიარულის დროს კოორდინაციისა და წონასწორობის დაცვაში;
* მოძრაობის სიფართოვის გასაზრდელი ვარჯიშები, რომლებიც შეიძლება სპასტიკურობის (კუნთთა დაჭიმულობის) დაძლევის მცდელობებსაც მოიცავდეს. სპასტიკურობის მიზეზი იმ უბნების მოტონეირონების დაზიანებაა, რომლებიც არეგულირებს მოძრაობის შესრულებისა და კუნთთა ტონუსის კონტროლს. მის შესამცირებლად ზრუნვას მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო გუნდი მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა განსაზღვრულ კუნთებში მომატებული დაჭიმულობა მოძრაობის შესრულების ხელის შემშლელ მიზეზად იქცევა და აფერხებს ფუნქციურ გაუმჯობესებას ან იწვევს ტკივილს, ან ჩნდება კონტრაქტურების (მოძრაობის სიფართოვის შეზღუდვა) და დეფორმაციების განვითარების საშიშროება.
* გადაადგილების სწავლება. ეს გულისხმობს გადაადგილების ისეთი საშუალებების ათვისებას, როგორიცაა ხელჯოხი, ყავარჯენი, სავარძელ-ეტლი, ე.წ. კოჭ-წვივის ორთეზი, რომელიც პაციენტს წვივისა და ტერფის მდებარეობის სტაბილიზაციასა და ნაბიჯის სწორად გადადგმაში ეხმარება.
* აკვათერაპია წყლის დახმარებით მთელი სხეულის მოძრაობის, ძალისა და გამძლეობის განვითარებას გულისხმობს. ის აადვილებს ისეთ მოძრაობებს, რომელთა ხმელეთზე შესრულება პაციენტს ჯერ კიდევ უჭირს.
გარდა ამისა, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის დროს ხშირად გამოიყენება მაღალტექნოლოგიური მეთოდები:
* ფუნქციური ელექტრული სტიმულაცია
ელექტრული დენის საშუალებით დასუსტებული კუნთების შეკუმშვა მათ გავარჯიშებას და დაკარგული მოძრაობების ხელახლა ათვისებას უწყობს ხელს. აღნიშნული პროცედურა ასტიმულირებს კუნთოვან და ნერვულ უჯრედებს, აუმჯობესებს მათ სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
* რობოტული ტექნოლოგია
კლასიკურ ფიზიკურ თერაპიასა და სარეაბილიტაციო მოწყობილობებთან ერთად, ინსულტგადატანილ პაციენტებს რობოტული სარეაბილიტაციო სისტემებიც ეხმარება. რობოთერაპია მოიცავს ისეთი ვარჯიშების პროგრამათა ერთობლიობას, რომლებიც აძლიერებს კუნთებს და ძვლის სტრუქტურას. კუნთებისთვის უწინდელი ძალის აღდგენის მცდელობასთან ერთად, ამ დროს ნერვის სტიმულაციით რეგრესის პრევენციაც ხდება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პაციენტი ინსულტის შემდეგ კიდურებს ვერ ამოძრავებს ან ესა თუ ის მოძრაობა შეზღუდული აქვს. იმისთვის, რომ პაციენტებმა მოკლე დროში აღიდგინონ თავიანთი ფიზიკური ფუნქციები, აუცილებელია იმ ნერვული უჯრედების გააქტიურება, რომლებსაც ფუნქცია ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. მას, ვინც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ასეთ შესაძლებლობას რობოტული სარეაბილიტაციო სისტემა სთავაზობს.
დაკარგული ფუნქციების აღდგენასთან ერთად, რეაბილიტაცია ასწავლის პაციენტს იმ შეზღუდვების კომპენსირებას, რომელთა აღმოფხვრაც სარეაბილიტაციო პროგრამით ვერ მოხერხდა. მაგალითად, პაციენტს შეიძლება დავეხმაროთ, ისწავლოს დაბანა და ჩაცმა მხოლოდ ცალი ხელის გამოყენებით ან მივცეთ შესაძლებლობა, აითვისოს კომუნიკაცია დამხმარე საშუალებებით, თუ მეტყველების რეაბილიტაციის პროცესი ნელა ან რთულად მიმდინარეობს.
ოჯახის წევრების როლი
ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციაში საკმაოდ დიდია ოჯახის როლი, ამიტომ სასურველია, განუხრელად მისდიოთ რეკომენდაციებს, რომლებსაც გაწერისას აძლევენ პაციენტის მეურვეს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერა, არამედ პაციენტის სწორი და ადეკვატური მოვლაც სახლის პირობებში. ოჯახის წევრები უნდა ეცადონ, რაც შეიძლება აქტიურად ჰყავდეთ პაციენტი, დაეხმარონ წამოჯდომაში, სიარულში, შეძლებისდაგვარად შეასრულებინონ ის ვარჯიშებიც, რომლებსაც რეაბილიტოლოგი ასრულებინებს. მნიშვნელოვანია ნაწოლების პრევენციაც, რაც გულისხმობს:
* პოზის ხშირ – დაახლოებით საათში ერთხელ – ცვლას. ოჯახის წევრები რატომღაც უფრთხიან პაციენტის ამოძრავებას. ეს მცდარი შეხედულებების შედეგია. ამით პაციენტს არ ავნებთ. პირიქით, ნაწოლების თავიდან ასაცილებლად პოზის ხშირი ცვლა აუცილებელია.
* შეძლებისდაგვარად, ნაწოლების საწინააღმდეგო სპეციალური ლეიბის გამოყენებას, რომელსაც ნებისმიერ ორთოპედიულ მაღაზიაში შეიძენთ. ლეიბის დანიშნულებაა ზეწოლის შემცირება სხეულზე, იმ ადგილას, სადაც ყველაზე ხშირად ჩნდება ნაწოლები – კუდუსუნის, ქუსლისა და კეფის მიდამოებში.
ოჯახის წევრებმა ინფორმაცია უნდა მიიღონ ინსულტით გამოწვეული ფიზიკური და გონებრივი ცვლილებების შესახებ, რათა უკეთ დაეხმარონ პაციენტს ფუნქციონირების ოპტიმალური დონის მიღწევაში. ინსულტის შემდეგ, დიდი ალბათობით, პიროვნების ქცევა შეცვლილი იქნება. ის შესაძლოა გაღიზიანებული იყოს, ბრაზობდეს და ზოგჯერ არალოგიკურადაც იქცეოდეს. ეს ბრაზი და საყვედურები ხშირად შესაძლოა ოჯახის წევრებისკენ იყოს მიმართული, მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ფსიქიკის შეცვლა ინსულტის შედეგია, არ მიიღონ საკუთარ თავზე და არ გაუნაწყენდნენ პაციენტს. გვახსოვდეს, რომ რეაბილიტაციასთან ერთად ის, დიდი ალბათობით, თავის ადრინდელ პიროვნულ თვისებებსაც აღიდგენს.
გამოჯანსაღების პროცესის დასაჩქარებლად ოჯახის წევრებს და ახლობლებს შეუძლიათ:
* დაეხმარონ პაციენტს შინ ვარჯიშების შესრულებაში;
* გაუწიონ ემოციური მხარდაჭერა;
* აღუძრან მოტივაცია, აღნიშნონ თითოეული, თუნდაც უმნიშვნელო წარმატება, შეაქონ და წაახალისონ;
* ეცადონ, მოერგონ პაციენტის საჭიროებებს, მაგალითად, ნელა ისაუბრონ, თუ მას მოსმენილის გაგების პრობლემა აქვს.
რეაბილიტაციის შედეგები
ჩვენს დროში ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგნოზი გაცილებით კეთილსაიმედოა, ვიდრე წინათ, რაც მკურნალობასა და რეაბილიტაციაში მიღწეული წარმატებებით არის განპირობებული, თუმცა პაციენტთა გამოჯანმრთელების ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება და წინასწარ ძნელი სათქმელია, რომელი ფუნქცია აღუდგება ამა თუ იმ პირს და როდის. რეაბილიტაციის შედეგი, უპირველეს ყოვლისა, დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ინსულტის შემდეგ არსებული დეფიციტი რეაბილიტაციის მეთოდებს ისე სწრაფად აღმოუფხვრია, რომ კვალიც არ დაუტოვებია. სამწუხაროდ, ხშირად, განსაკუთრებით – იშემიური ინსულტის შემდეგ, ფუნქციების სრული აღდგენა ვერ ხერხდება, მაგრამ დროული და სწორი რეაბილიტაციით შესაძლებელია, ისინი იქამდე მაინც აღდგეს, რომ პაციენტმა შეძლოს სოციუმში რეინტეგრაცია და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის წარმატებას განაპირობებს:
* კლინიკური ფაქტორები – ინსულტით გამოწვეული ფიზიკური და გონებრივი დარღვევების სიმძიმე;
* ემოციური ფაქტორები – პაციენტის განწყობა, მოტივაცია, მისი უნარი, სარეაბილიტაციო ცენტრის გარეთაც გააგრძელოს სარეაბილიტაციო ღონისძიებები;
* სოციალური ფაქტორები – ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერა;
* თერაპიული ფაქტორები – რეაბილიტაციის ადრეული დაწყება და სარეაბილიტაციო გუნდის კვალიფიკაცია.
აღდგენის ტემპი, ჩვეულებრივ, განსაკუთრებით მაღალია ინსულტის შემდგომი პირველი კვირებისა და თვეების განმავლობაში, თუმცა არსებობს მონაცემები, რომ აღდგენა შესაძლოა ინსულტის განვითარებიდან 24 თვის შემდეგაც კი გაგრძელდეს. პირველი ექვსი თვე სწრაფი აღდგენის ფაზად მიიჩნევა და ამის შემდეგ დარჩენილი დეფიციტი (კიდურების სისუსტე, სახის ასიმეტრია და სხვა) უკვე ნარჩენ მოვლენებად მოიაზრება. გვიან დაწყებულ რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ისეთი შედეგი, როგორიც, მაგალითად, შეიძლება ჰქონდეს პირველ 24-48 საათში დაწყებულ პროცედურებს, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
განმეორებითი ინსულტის პრევენცია
რეაბილიტაციის დროს პაციენტი იწყებს ცხოვრებას ჯანსაღი წესით – იცავს სწორი კვების პრინციპებს, სწორად ვარჯიშობს. სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რამდენად აზღვევს რეაბილიტაცია განმეორებითი ინსულტისგან, წლიდან წლამდე იმატებს. ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლა პრევენციის არაპირდაპირი გზაა არა მხოლოდ ინსულტის, არამედ ბევრი სხვა მძიმე დაავადებისთვისაც. განმეორებითი ინსულტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ისეთი დაავადებების სწორი მართვა, როგორიცაა:
* არტერიული ჰიპერტენზია. ძალიან მნიშვნელოვანია, არტერიული წნევის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყოს. ამისთვის აუცილებელია წნევის რეგულარული კონტროლი და კარდიოლოგთან დროულად მისვლა;
* მოციმციმე არითმია – წინაგულთა ფიბრილაცია. მოციმციმე არითმიის დროს გულის ღრუში შესაძლოა თრომბები წარმოიქმნას, ამ თრომბებმა თავის ტვინის სისხლძარღვები დაახშოს და კარდიოემბოლიური ინსულტი გამოიწვიოს, ამიტომ მოციმციმე არითმიის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაინიშნოს ანტიკოაგულაციური მკურნალობა;
* შაქრიანი დიაბეტი. ის იწვევს როგორც მსხვილი, ისე წვრილი სისხლძარღვების ათეროსკლეროზულ ცვლილებებს, რითაც ინსულტის განვითარებას უწყობს ხელს, ამიტომ დიაბეტის დროს აუცილებელია, სისხლში გლუკოზის შემცველობა მუდმივად ნორმაში იყოს. ამისთვის პაციენტი უნდა იყოს ენდოკრინოლოგის ამბულატორული მეთვალყურეობის ქვეშ;
* დისლიპიდემია. ლიპიდური ცვლის დარღვევა საგრძნობლად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს. შესაბამისად, ინსულტის რისკიც იზრდება. აუცილებელია სისხლში ქოლესტეროლის შემცველობის კონტროლი და სპეციალური ჯგუფის პრეპარატების – სტატინების მიღება.
მარი მარღანია