ემოციები ჩვენს ცხოვრებაში

გააზიარე:

ემოციები ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად იმაზეა დამოკიდებული, ბედნიერები ვართ, ვბრაზობთ, ვსევდიანობთ თუ იმედგაცრუებას განვიცდით. საქმიანობასაც იმის მიხედვით ვირჩევთ, რა ემოციებს იწვევს ის ჩვენში.

ემოციების შესწავლა და გაცნობიერება ცხოვრების უფრო მარტივად და სტაბილურად წარმართვაშიც გვეხმარება. გამოუხატავი და არასწორად გამოხატული ემოციები როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც მოქმედებს.

როგორ წარმოიშობა ემოცია? რა გავლენას ახდენს ემოციური ინტელექტი ადამიანის ცხოვრებაზე? რა სახის ემოციები არსებობს და რა სახის ემოციური დარღვევებია ცნობილი?

ემოცია და ემოციური პასუხი

ემოციები ის რეაქციებია, რომლებიც ადამიანს მოვლენების ან სიტუაციების საპასუხოდ უვითარდება. ემოციის ტიპი გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, კარგი ამბავი სიხარულს იწვევს, მუქარა – შიშს. არ არსებობს სასარგებლო და უსარგებლო ემოცია, ყველა მათგანს აქვს თავისი დანიშნულება.

საინტერესოა, როგორ ჩამოყალიბდა ემოციები.

თეორიები

ჩარლზ დარვინმა შემოგვთავაზა ემოციის ევოლუციური თეორია, რომლის თანახმად, ემოციები გარემოსთან ადაპტაციაში გვეხმარება და ზრდის გადარჩენის შანსს. მაგალითად, სიყვარული ხელს უწყობს გამრავლებას, ხოლო შიში მტაცებლებისგან გვიცავს.

ჯეიმს-ლანგის ემოციის თეორია ამტკიცებს, რომ ემოციებს იწვევს ფიზიკური რეაქციები – თუ ვინმე მოგეპარათ და დაიყვირა, გული აგიჩქარდებათ და შეგეშინდებათ. ამ თეორიას ეყრდნობა სახის უკუკავშირის თეორია, რომელიც ვარაუდობს, რომ სახის მოძრაობები გავლენას ახდენს ემოციებზე – თუ გაიღიმებთ, თუნდაც იძულებით, თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ, ვიდრე გაღიმებამდე გრძნობდით.

კენონ-ბარდის თეორია უარყოფს ჯეიმს-ლანგის თეორიას და ამტკიცებს, რომ ადამიანებს ერთდროულად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღეძვრებათ ემოციური და ფიზიოლოგიური პასუხები. მაგალითად, შიში შხამიანი გველის დანახვისას. ამასობაში სხეული გასაქცევად ემზადება.

შახტერ-სინგერის თეორია არის ემოციის შემეცნებითი თეორია, რომლის მიხედვითაც, ემოციებს განაგებს აზრები. მას ჰგავს კოგნიტიური შეფასების თეორიაც: ჩვენი ტვინი სიტუაციას საფრთხედ აფასებს და შედეგად განვიცდით შიშს.

ძირითადი ემოციები

1972 წელს ფსიქოლოგმა პოლ ეკმანმა გამოყო ექვსი ძირითადი ემოცია, რომლებიც უნივერსალურია ნებისმიერ კულტურაში: შიში, ზიზღი, რისხვა, გაოცება, სიხარული და სევდა. 1999 წელს მან ამ სიას დაამატა უხერხულობა, მღელვარება, უპატივცემულობა, სირცხვილი, სიამაყე, კმაყოფილება და გართობა.

პოლ ეკმანის თანახმად, ექვსი უნივერსალური ემოციაა:

* ბედნიერება – ბევრი ისწრაფვის ბედნიერებისკენ, რადგან ის სასიამოვნო ემოციაა, რომელსაც თან ახლავს კეთილდღეობისა და კმაყოფილების შეგრძნება. ბედნიერება ხშირად გამოიხატება ღიმილით ან მხიარული ხმით.

* სევდა – სევდას და მოწყენილობას ყველა ჩვენგანი იცნობს. მას გამოხატავენ ტირილით, დუმილით, სხვებისთვის თავის არიდებით. ის მოიცავს მწუხარებას, უიმედობას და იმედგაცრუებას.

* შიში – შიშმა შესაძლოა ააჩქაროს გულისცემა, გამოიწვიოს ე.წ. აზრების რბოლა ან "იბრძოლე-ან-გაიქეცი" პასუხი. შიში შესაძლოა იყოს რეაქცია რეალურ ან გაცნობიერებულ საფრთხეზე. ზოგს სიამოვნებს ადრენალინის მოზღვავება, რომელიც თან ახლავს საშინელებათა ჟანრის ფილმების ყურებას, ატრაქციონზე გართობას, პარაშუტიდან ხტომას.

* ზიზღი – ფიზიკური ზიზღი შესაძლოა გამოიწვიოს დამპალი საკვების, სისხლის, სიბინძურის დანახვამ ან სუნმა. მორალური ზიზღი წარმოიშობა, როცა ვხედავთ, რომ სხვა ადამიანი აკეთებს რაღაც ჩვენთვის მიუღებელს, ამორალურს.

* ბრაზი – ბრაზი შესაძლოა გამოიხატოს სახის გამომეტყველებით (წარბების შეჭმუხვნა), ყვირილით, ძალადობრივი ქცევით. მას შეუძლია, გაგვიჩინოს საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანის მოტივაცია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ჯანსაღი საშუალება ბრაზის გამოსახატავად, რათა ზიანი არ მივაყენოთ საკუთარ თავს ან სხვებს.

* გაოცება – გაოცება შეიძლება იყოს სასიამოვნო ან უსიამოვნო. ის შეიძლება გამოიხატოს პირის გაღებით ან სუნთქვის შეკვრით. ისევე როგორც შიშმა, გაოცებამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრძოლა-გაქცევის რეაქცია.

პირველადი და მეორეული

ემოციები შეიძლება დაიყოს იმის მიხედვითაც, პირველადია თუ მეორეული.

პირველადია ემოციები, რომლებსაც ადამიანები უნივერსალურად განიცდიან ნებისმიერ კულტურაში. ესენი ძირითადი ემოციებია.

მეორეული ემოციები პირველადისგან წარმოიშობა და მათი ვარიაციებია. ზოგჯერ მეორეული ემოცია პირველადის საპასუხოდ ვითარდება (მაგალითად, მე იმედგაცრუებული ვარ, რომ ასე დავსევდიანდი). მეორეული ემოცია შეიძლება იყოს იმედგაცრუება, სიამაყე, შური, ეჭვიანობა.

ემოციების ბორბალი

1980-იან წლებში რობერტ პლაჩიკმა შემოიღო ემოციათა კლასიფიკაციის ახალი სისტემა – ემოციების ბორბალი. ის წარმოადგენს რვაკუთხედში მოთავსებულ რვაფურცლიან ყვავილს და მოიცავს რვა ძირითად ემოციას, რომლებიც ურთიერთსაპირისპიროდ არის დაჯგუფებული. მას შემდეგ ემოციების გამოსახვის სხვა ფორმებიც შეიმუშავეს, მაგრამ პლაჩიკის ემოციების ბორბალი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

ძირითადი, ურთიერთსაპირისპირო ემოციები მეორე წრეშია განაწილებული. ესენია:

* სევდა – სიხარული

* ბრაზი – შიში

* მოლოდინი – გაოცება

* ნდობა – აუტანლობა.

თითოეული ფურცლის ფერის ინტენსივობა ემოციის ინტენსივობას შეესაბამება. გარეთა წრეში ემოციები ბაცი ფერისაა და უფრო მსუბუქია, ხოლო ცენტრში – უფრო მუქი და მძაფრი. შესაბამისად, ყოველი ძირითადი ემოცია შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით გამოიხატოს:

* სიხარული – მერყეობს სიმშვიდიდან აღტაცებამდე;

* ნდობა – მიღებიდან თაყვანისცემამდე;

* შიში – გაუბედაობიდან ძრწოლამდე;

* გაოცება – დაბნეულობიდან განცვიფრებამდე;

* სევდა – დარდიდან მწუხარებამდე;

* აუტანლობა – ანტიპათიიდან ზიზღამდე;

* ბრაზი – გაღიზიანებიდან გააფთრებამდე;

* მოლოდინი – ინტერესიდან აკვიატებამდე.

 

ემოციების შერწყმა

ძირითადი ემოციების კომბინირება ახალ ემოციებს წარმოშობს, ისევე როგორც მხატვარი ურევს ძირითად ფერებს ერთმანეთში სხვა ფერების მისაღებად. მაგალითად:

სიხარული + ნდობა = სიყვარული

ნდობა + შიში = მორჩილება

შიში + გაოცება = რიდი

გაოცება + სევდა = მიუღებლობა

სევდა + აუტანლობა = სინანული

აუტანლობა+ ბრაზი = სიძულვილი

ბრაზი + მოლოდინი = აგრესია

მოლოდინი + სიხარული = ოპტიმიზმი

ასეთი შერწყმის შედეგად ჩვენ უფრო მრავალფეროვან ემოციებს განვიცდით.

როგორ გამოვიყენოთ

ემოციების ბორბლის გამოყენება ადამიანებს საკუთარი ემოციების გაგებაში ეხმარება. თუ სამსახურში ცუდი დღე გქონდათ, თავს უხერხულად გრძნობთ, არ მოგწონთ საკუთარი თავი ან სხვა რამ გაწუხებთ, შეხედეთ ბორბალს, თვალი გადაავლეთ ემოციების სიას და მოძებნეთ სიტყვა ან სიტყვები, რომლებიც ამ გრძნობას აღწერს. ემოციისთვის სახელის დარქმევა მათ კონტროლს გვიადვილებს.

* დაფიქრდით, რატომ გრძნობთ თავს ასე. ძლიერი ემოცია, წესისამებრ, გამოწვეულია არა ერთი კონკრეტული მოვლენით, არამედ დაგროვილი გამოცდილებით. გაიხსენეთ, რა მოხდა იმ დღეს, გასულ კვირას, თვეს ან წელს. მაგალითად, შესაძლოა, სევდა მოგერიოთ, თუმცაღა იმ დღეს სამწუხარო არაფერი მომხდარა. სამაგიეროდ, უკვე რამდენიმე თვეა, მეგობრები არ გინახავთ. შესაძლოა, უბრალოდ მარტოობას განიცდიდეთ და ურთიერთობები გჭირდებოდეთ.

* იმოქმედეთ. თუ ემოციის მიზეზს მიაგნებთ, მას უფრო ადვილად მოერევით. მაგალითად, რუტინის შეცვლით, საქმიანობით, რომელიც გახალისებთ.

მთავარია, არ ეცადოთ ემოციების თავიდან მოშორებას, იგნორირებას ან ბოთლში გამომწყვდევას – ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ზოგად კეთილდღეობას.

ძირითადი ელემენტები

ემოციები სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: სუბიექტური გამოცდილებისგან, ფიზიოლოგიური პასუხისა და ქცევითი პასუხისგან.

* სუბიექტური გამოცდილება – ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ არსებობს ძირითადი უნივერსალური ემოციები, რომლებსაც ადამიანები განიცდიან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, განურჩევლად წარმოშობისა და კულტურისა. ამის პარალელურად მკვლევრები იმასაც აღიარებენ, რომ ემოციების განცდა შესაძლოა ძალზე სუბიექტური იყოს. მაგალითად, ერთი და იმავე ადამიანის მიერ განცდილი ბრაზი შესაძლოა მსუბუქი გაღიზიანებიდან უკიდეგანო განრისხებამდე მერყეობდეს; შესაძლოა, სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად განიცდიდეს ბრაზს. ემოციების საკუთარი გამოცდილება შესაძლოა ბევრად უფრო მრავალგანზომილებიანი და, შესაბამისად, სუბიექტური იყოს, ვიდრე მათი ზოგადი ჩამონათვალი.

ამასთან ერთად, ჩვენს ცხოვრებაში ხშირია შერეული ემოციები. მაგალითად, ახალი საქმის წამოწყებისას შესაძლოა ვიგრძნოთ მღელვარებაც და შიშიც, ქორწინება ან შვილის გაჩენა ერთსა და იმავე დროს სიხარულსაც გვგვრიდეს და შფოთვასაც. ეს ემოციები ერთდროულად ან ერთიმეორის მიყოლებით წარმოიშობა.

* ფიზიოლოგიური პასუხი – თუ ოდესმე გიგრძნიათ, მღელვარებისგან კუჭი როგორ შეგეკუმშათ ან შიშისგან საკუთარი გულისცემა გაგიგონიათ, ძლიერი ფიზიოლოგიური რეაქციების გამოცდილება უკვე გქონიათ. ემოციებთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური რეაქციების უმეტესობას არეგულირებს სიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც ავტონომიური ნერვული სისტემის ნაწილია. ავტონომიური ნერვული სისტემა აკონტროლებს სხეულის უნებლიე რეაქციებს – სისხლის მიმოქცევას, საჭმლის მონელებას. სიმპათიკური ნერვული სისტემის ფუნქციაა ბრძოლა-გაქცევის რეაქციების კონტროლი.

ემოციების, განსაკუთრებით შიშის წარმოშობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამიგდალა – ნუშისებრი სხეული, რომელიც ჰიპოკამპსა და ჰიპოთალამუსთან ერთად თავის ტვინის ლიმბური სისტემის ნაწილია. მას უკავშირდება შიმშილისა და წყურვილის შეგრძნება, ქცევა და ემოცია. კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ადამიანები საშიშ სურათებს უყურებენ, ამიგდალა აქტიურდება, ხოლო მისი დაზიანება აფერხებს შიშის რეაქციას.

* ქცევითი პასუხი ემოციის რეალური გამოხატულებაა. ჩვენ საკმაოდ ბევრ დროს ვუთმობთ გარშემო მყოფთა ემოციების გამოხატულების ინტერპრეტაციას. მათ სწორად აღქმაში ემოციური ინტელექტი გვეხმარება. ემოციების ქცევით გამოხატვა სხეულის ენის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ემოციების გამოხატვასა და ინტერპრეტაციაში განსაზღვრულ როლს ასრულებს სოციოკულტურული ნორმები. მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ დასავლურ კულტურებში უფრო მეტად აფასებენ და ახალისებენ ძლიერი აგზნების გამომწვევ ემოციებს: შიშს, მღელვარებას, დისტრესს, – ხოლო აღმოსავლურ კულტურებში – დაბალი აგზნების გამომწვევ ემოციებს: უშფოთველობას, სიწყნარეს, სიმშვიდეს.

ემოციის ზოგიერთი გამოხატულება უნივერსალურია, მაგალითად, ღიმილი კმაყოფილებას, ბედნიერებას აღნიშნავს, წარბების შეჭმუხვნა – დაბნეულობას, უკმაყოფილებას.

ემოცია, გრძნობა და განწყობა

ყოველდღიურ საუბარში ადამიანები ხშირად ერთი და იმავე მნიშვნელობით იყენებენ სიტყვებს: ემოცია, გრძნობა, განწყობა. სინამდვილეში ეს სიტყვები სხვადასხვა რამეს გულისხმობს.

ემოცია არის რეაქცია სტიმულზე, ხოლო გრძნობა – ის, რასაც განვიცდით ემოციის შედეგად.

ემოცია, წესისამებრ, საკმაოდ ხანმოკლეა, მაგრამ ინტენსიური. მას აქვს განსაზღვრული და ამოცნობადი მიზეზი. გრძნობებზე გავლენას ახდენს სიტუაციის ჩვენმიერი აღქმა, რის გამოც ერთმა ემოციამ სხვადასხვა ადამიანს შესაძლოა სხვადასხვა გრძნობა აღუძრას.

მაგალითად ავიღოთ მეგობრების უთანხმოება. ორივემ შეიძლება შეწვყიტოს საუბარი ბრაზის გამო, მაგრამ ერთი გაბრაზებისას გრძნობდეს იმედგაცრუებას, რადგან მეგობარი არასოდეს უსმენს, მეორის ბრაზი კი ეჭვიანობას ჰგავდეს, რადგან ის გრძნობს, რომ პირველმა უფრო მეტი იცის საკამათო თემის შესახებ.

ამრიგად, ორივეს ერთი და იგივე ემოცია აქვს, მაგრამ ცალკეული ინტერპრეტაციების შედეგად განსხვავებულია მათი გრძნობები.

განწყობა შეიძლება შეფასდეს როგორც დროებითი ემოციური მდგომარეობა. ზოგჯერ მას მკაფიო მიზეზი აქვს. მაგალითად, ამ კვირაში ყველაფერი კარგად მიდის და თქვენც ბედნიერი ხართ. მაგრამ ხშირად ძნელია განწყობის კონკრეტული მიზეზის დადგენა. მაგალითად, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში მოქუფრული იყოთ კონკრეტული, იდენტიფიცირებული მიზეზის გარეშე.

ემოციები და ჯანმრთელობა

კვლევამ აჩვენა, რომ ქრონიკული შიში ასოცირდება შფოთვასთან, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს ანთებით პროცესებს და იმუნიტეტის დაქვეითებას. ბედნიერება დაკავშირებულია ხანგრძლივ სიცოცხლესთან, ქრონიკული სევდა – ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან, ბრაზი – გულის დაავადებებთან.

ნებისმიერი ემოციის განცდა ნორმალურია, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი გამოხატვის სწორი გზების პოვნა, რათა ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ იმოქმედონ. თუ გიჭირთ ემოციებსა და გრძნობებთან გამკლავება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

 ***

გუნება-განწყობის აშლილობები

ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე გუნება-განწყობაც მოქმედებს. როდესაც ემოციურ დარღვევებზე საუბრობენ, სწორედ გუნება-განწყობის აშლილობებს გულისხმობენ. ასეთ დროს ადამიანს აქვს ემოციის გამომწვევ მიზეზთან შეუსაბამო ან არაპროპორციული რეაქცია.

გუნება-განწყობის აშლილობები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: კლინიკურ დეპრესიებად და ბიპოლარულ აშლილობებად. თითოეული მათგანი რამდენიმე დარღვევას მოიცავს.

დეპრესია

დეპრესიული აშლილობის დროს ადამიანი ვეღარ იღებს სიამოვნებას აქტივობათა უმეტესობისგან ან ვერავითარი აქტივობისგან. სიამოვნების განცდის უუნარობას შესაძლოა თან ახლდეს ენერგიის ნაკლებობა, ძილისა და კონცენტრაციის დარღვევა, უმადობა, ინტერესის ნაკლებობა, უღირსობის ან დანაშაულის განცდა, ტკივილი, დაღლილობა.

დეპრესიული აშლილობის ძირითადი სახეებია:

* დიდი დეპრესია – გრძელდება, სულ მცირე, ორი კვირა, ხშირად – ოთხ კვირაზე მეტხანს;

* სეზონური აფექტური აშლილობა – ვითარდება წელიწადის განსაზღვრულ დროს, წესისამებრ, თან ახლავს სეზონთა ცვლას;

* ქრონიკული დეპრესიული აშლილობა – დეპრესიის ქრონიკული ფორმა, რომელიც  დიდი ხნით იწვევს სევდის, სიცარიელის, უიმედობის განცდას;

* გუნება-განწყობის ცვლილების დამანგრეველი აშლილობა  – ამ დიაგნოზს, წესისამებრ, ბავშვებსა და მოზარდებს უსვამენ. ახასიათებს მუდმივი, ძლიერი და გახანგრძლივებული, ასაკისთვის შეუსაბამო გაღიზიანებადობა;

* პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა – ახასიათებს განწყობის ცვლილებები, უიმედობა, დაღლილობა, კონტროლის დაკარგვა. სიმპტომები ვლინდება მენსტრუაციის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ხოლო მენსტრუაციის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაივლის;

* დეპრესიული აშლილობა, რომელიც გამოწვეულია სხვა ტიპის სამედიცინო მდგომარეობით – ჯანმრთელობის სხვა სამედიცინო პრობლემის გამო ადამიანს აღარ ძალუძს, მიიღოს სიამოვნება აქტივობათა უმეტესობისგან ან, საერთოდ, რომელიმე აქტივობისგან;

* მედიკამენტებით`ნივთიერებებით გამოწვეული დეპრესია – იწყება წამლის ან ნარკოტიკის გამოყენების და მოხსნის (აბსტინენციური სინდრომი) შემდეგ. 

ბიპოლარული აშლილობა

ბიპოლარული აშლილობისთვის დამახასიათებელია განწყობის ცვალებადობა. ის მოიცავს ემოციური აწეულობის (მანიის ან ჰიპომანიის) და ემოციური დათრგუნულობის (დეპრესიის) ეპიზოდებს. ბიპოლარული აშლილობის ტიპებია:

* I ტიპის ბიპოლარული აშლილობა – ახასიათებს მუდმივად ამაღლებული განწყობა, რომელიც, სულ მცირე, ერთ კვირას გრძელდება. მას მანიაკურ ეპიზოდს უწოდებენ. ის ზრდის სარისკო ქცევაში მონაწილეობის ალბათობას;

* II ტიპის ბიპოლარული აშლილობა – ახასიათებს მუდმივად ამაღლებული განწყობა, რომელიც გრძელდება, სულ მცირე, ოთხ დღეს, მაგრამ კვირაზე ნაკლებ ხანს. მას ჰიპომანიას უწოდებენ. შესაძლოა, ადამიანმა გამოამჟღავნოს სარისკო ქცევა;

* ციკლოთიმიური აშლილობა – ემოციური აწეულობიდან ემოციურ დათრგუნულობაზე გადასვლა;

* ბიპოლარული და მასთან დაკავშირებული აშლილობები, რომლებიც გამოწვეულია სხვა ტიპის სამედიცინო მდგომარეობით. უკავშირდება, მაგალითად, კუშინგის დაავადებას, გაფანტულ სკლეროზს, ინსულტს, ტვინის ტრავმულ დაზიანებას. შესაძლოა, გამოიწვიოს ბიპოლარული მანია ან ჰიპომანია;

* მედიკამენტებით`ნივთიერებებით გამოწვეული ბიპოლარული და მასთან დაკავშირებული აშლილობა – სიმპტომები გამოწვეულია ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ან მედიკამენტებით.

სიმპტომები

სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, რომელი ტიპის დარღვევა აქვს ადამიანს.

დეპრესიული აშლილობები უფრო გავრცელებულია და ხშირად ძალიან გახანგრძლივებულიც. იწვევს:

  • სევდას, სიცარიელეს, შფოთვასა და გაღიზიანებას;
  • ფოკუსირებისა და ფუნქციონირების უნარების შეცვლას;
  • უმეტესი ან ყოველგვარი აქტივობით სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვას;
  • ენერგიის დონისა და ცხოვრების ხარისხის შეცვლას;
  • უღირსობის ან დანაშაულის განცდას;
  • მადის მომატებას ან დაქვეითებას;
  • ძილის გახანგრძლივებას ან შემცირებას;
  • სუიციდურ აზრებს.

ბიპოლარული დარღვევები შესაძლოა გამოვლინდეს:

  • განწყობის მერყეობით ემოციური აწეულობის (მანიის ან ჰიპომანიის) მდგომარეობასა და მის დაქვეითებას, დეპრესიას შორის;
  • გადაჭარბებული ბედნიერების, ეიფორიის შეგრძნებით, თითქოს ადამიანი სხვებზე მაღლა დგას ან ისეთი ძლიერია, რომ ვერაფერი ავნებს;
  • ფიქრთა რბოლით;
  • ენერგიის მომატებით;
  • ძილის დარღვევით, ძილის მოთხოვნილების დაქვეითებით, მაგრამ, იმავდროულად, ენერგიის მაღალი დონის შენარჩუნებით;
  • იმპულსური ქცევით.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანს ასევე ახასიათებს უყურადღებობა, თვითმკვლელობაზე ფიქრი, მისი დაგეგმვა.

მიზეზები

გუნება-განწყობის აშლილობა გამოწვეულია ადამიანის პიროვნული მახასიათებლებით, გარემო ფაქტორებით და ცხოვრებისეული მოვლენებით. ეს ფაქტორები შესაძლოა იყოს ბავშვობისდროინდელი უარყოფითი გამოცდილება ან სტრესული მოვლენები. გუნება-განწყობის დარღევა ასევე შეიძლება გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდებმა, პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებმა, ნარკოტიკებმა.

რისკის ფაქტორები

რისკის ფაქტორებია უარყოფითი ცხოვრებისეული გამოცდილება და სტრესული მოვლენები. განწყობის დარღვევები შესაძლოა თან ახლდეს ნევროლოგიურ აშლილობებსაც. მაგალითად, დეპრესია ხშირია გაფანტული სკლეროზის, დემენციის, ტვინის ტრავმული დაზიანების, ინსულტისა და ეპილეფსიის მქონე ადამიანებთან. ხშირად გვხვდება მათთანაც, ვისაც მოძრაობის დარღვევები (მაგალითად, პარკინსონის დაავადება) ან ჯანმრთელობის სხვა ქრონიკული პრობლემა აქვს.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ეჭვობთ, რომ გუნება-განწყობის დარღვევა გაქვთ, მიმართეთ ექიმს ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მკურნალობა გსურთ, გაესაუბრეთ მეგობარს, საყვარელ ადამიანს, მოძღვარს ან ვინმე სხვას, ვისაც ენდობით.

პროფესიონალთან კონსულტაცია გჭირდებათ, თუ:

* გრძნობთ, რომ ემოციები ხელს გიშლით მუშაობაში, ურთიერთობებში, სოციალურ აქტივობებში;

* გაქვთ ალკოჰოლთან ან ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები;

* ფიქრობთ თითმკვლელობაზე.

ამ შემთხვევაში მცირეა ალბათობა, გუნება-განწყობის აშლილობამ თავისთავად გაიაროს. ითხოვეთ პროფესიონალური დახმარება მანამდე, სანამ განწყობის დარღვევა უფრო მეტად დამძიმდება. ადრეულ მკურნალობას თქვენი მდგომარეობა შესაძლოა უფრო ადვილად დაემორჩილოს.

მკურნალობა

გუნება-განწყობის აშლილობას მკურნალობენ ფსიქოთერაპიით, მედიკამენტური თერაპიით ან მათი კომბინაციით. კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT), ოჯახზე ორიენტირებული თერაპია და ზოგიერთი სხვა სახის თერაპია საკმაოდ ეფექტიანია როგორც სიმპტომების სამართავად, ისე მათი გამეორების თავიდან ასაცილებლად.

თუ მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, დეპრესიის მქონე ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა შესთავაზონ ტვინის სტიმულაციის მეთოდი – ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია (TMS) ან ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT).

შფოთვითი აშლილობა

დროდადრო შფოთვა ცხოვრების ნორმალური ნაწილია, მაგალითად, ახალი სამუშაოს დაწყებისას, გამოცდების ჩაბარებისას. ამ ტიპის შფოთვა უსიამოვნოა, მაგრამ შესაძლოა, ადამიანს მოტივაცია მისცეს, მეტი იმუშაოს და საქმე უკეთესად შეასრულოს. ის  დროებითია და არ ცვლის ყოველდღიურ ცხოვრებას. შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებს კი ხშირად აქვთ ძლიერი, გადაჭარბებული, მუდმივი შფოთვა და შიში ყოველდღიური სიტუაციების მიმართ. ამ ტიპის შფოთვამ შესაძლოა უარი გვათქმევნოს, მაგალითად, ლიფტში შესვლაზე, ქუჩის გადაკვეთაზე, ექსტრემალურ შემთხვევებში – შინიდან გასვლაზეც კი. შფოთვითი აშლილობები ხშირად პანიკურ შეტევებსაც მოიცავს.

მიზეზები

შფოთვითი აშლილობის მიზეზები ბოლომდე ნათელი არ არის. უდავოა ცხოვრებისეული ტრავმული მოვლენების როლი, თუმცა ისინი შფოთვით აშლილობას იმ ადამიანებში იწვევენ, რომლებსაც შფოთვისკენ მიდრეკილება აქვთ.

შფოთვა შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემის – მაგალითად, გულის დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული ფუნქციობის), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ასთმის, ალკოჰოლის გამოყენებისა და მოხსნის სინდრომის, ქრონიკული ტკივილის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის – პირველი ნიშანი აღმოჩნდეს.

შფოთვის სამედიცინო მიზეზი უნდა ვეძებოთ, თუ პაციენტს:

  • სისხლით ნათესავებს შორის არ ჰყავს შფოთვით შეპყრობილი ადამიანი;
  • ბავშვობაში არ ჰქონია შფოთვითი აშლილობა;
  • არ გაურბის რამეს შფოთვის გამო;
  • შფოთვის ეპიზოდი არ უკავშირდება ცხოვრებისეულ მოვლენას.

შფოთვითი აშლილობის რისკი იმატებს, თუ ადამიანმა გადაიტანა ტრავმული მოვლენა, განიცდის სტრესს ავადმყოფობის გამო, აქვს დაგროვილი სტრესი, დეპრესია, ჰყავს შფოთვითი აშლილობის მქონე სისხლით ნათესავი, მოიხმარს ნარკოტიკს, ჭარბად იღებს ალკოჰოლს.

სიმპტომები

შფოთვის ნიშნებია:

  • ნერვიულობის, მოუსვენრობის ან დაძაბულობის შეგრძნება;
  • მოახლოებული საფრთხის, პანიკის ან უბედურების განცდა;
  • გახშირებული გულისცემა;
  • სწრაფი სუნთქვა (ჰიპერვენტილაცია);
  • ოფლიანობა;
  • კანკალი;
  • სისუსტის ან დაღლილობის შეგრძნება;
  • კონცენტრირების გაძნელება, სხვა რამეზე ფიქრი, გარდა არსებული წუხილისა;
  • ძილის დარღევა;
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები;
  • შფოთვის კონტროლის გაძნელება;
  • შფოთვის გამომწვევი ფაქტორების თავიდან აცილების ძლიერი სურვილი.

შფოთვითმა აშლილობამ შესაძლოა გამოიწვიოს ან დაამძიმოს დეპრესია (რაც საკმაოდ ხშირია), აღძრას ნარკოტიკებისკენ ლტოლვა, გამოიწვიოს ძილის დარღვევა,  საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, თავის ტკივილი, ქრონიკული ტკივილი, სოციალური იზოლაცია, პრობლემები სკოლაში ან სამსახურში, გააუარესოს ცხოვრების ხარისხი და ადამიანს თვითმკვლელობისკენ უბიძგოს.

ტიპები

არსებობს შფოთვითი აშლილობის რამდენიმე ტიპი:

* გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა მოიცავს მუდმივ და გადაჭარბებულ შფოთვას და წუხილს ხშირად ჩვეულებრივი, რუტინული მოვლენების გამო. წუხილი რეალური გარემოებების არაპროპორციულია, ძნელი სამართავია და გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ შეგრძნებებზე. ის ხშირად გვხვდება სხვა შფოთვით დარღვევებთან ან დეპრესიასთან ერთად.

* პანიკური აშლილობა მოიცავს ინტენსიური შფოთვის და შიშის ან ძრწოლის უეცარ და განმეორებით ეპიზოდებს, რომლებიც რამდენიმე წუთში აღწევს პიკს (პანიკური შეტევები). შესაძლოა, თავი იჩინოს მოახლოებული უბედურების შეგრძნებამ, ქოშინმა, გულმკერდის ტკივილმა, გულისცემის აჩქარებამ, გულის ფრიალმა, გულისცემის გაძლიერებულმა შეგრძნებამ (პალპიტაცია). პანიკის შეტევამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი განმეორების შიში ან ადამიანი შეეცადოს, თავი აარიდოს სიტუაციას, რომელშიც ის განვითარდა.

* აგორაფობია შფოთვითი აშლილობის ისეთი ტიპია,  რომლის დროსაც ადამიანს ეშინია და  ხშირად თავს არიდებს ისეთ ადგილებს ან სიტუაციებს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს პანიკა, ხაფანგში გაბმის, უმწეობის ან უხერხულობის შეგრძნება.

* სამედიცინო მდგომარეობით განპირობებული შფოთვითი აშლილობა მოიცავს ინტენსიური შფოთვის ან პანიკის სიმპტომებს, რომლებიც უშუალოდ არის გამოწვეული ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემით.

* შერჩევითი მუტიზმის შემთხვევაში ბავშვს არ შეუძლია ლაპარაკი განსაზღვრულ სიტუაციებში, მაგალითად, სკოლაში, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ ლაპარაკობს სხვა სიტუაციებში, მაგალითად, შინ. ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს სწავლაში, მუშაობაში, სოციალურ ურთიერთობებში.

* განშორების შფოთვითი აშლილობა ბავშვებთან გვხვდება. განშორების შფოთვა ნორმალური მოვლენაა, ის სამ წლამდე ასაკის ბავშვებთან შეინიშნება იმ ადამიანისგან განცალკევების დროს, ვის მიმართაც მიჯაჭვულობა აქვთ. შფოთვითი აშლილობა გამოხატულია ასეთ ადამიანთან განშორებისას გადამეტებული შფოთვით.

* სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია) მოიცავს შფოთვის მაღალ დონეს და სოციალური სიტუაციების თავიდან აცილებას, რაც განპირობებულია უხერხულობის გრძნობით, სხვების მიერ განსჯის ან უარყოფითად შეფასების შიშით.

* ნივთიერებებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობისთვის დამახასიათებელია ინტენსიური შფოთვა ან პანიკის სიმპტომები. ის უშუალო შედეგია ნარკოტიკების, ტოქსიკური ნივთიერების ან მოხსნის სინდრომის სამკურნალო წამლების მოხმარებისა.

* სპეციფიკურ ფობიებს ახასიათებს ძლიერი შფოთვა, როდესაც ადამიანი საშიშროებას მოელის კონკრეტული ობიექტისგან ან სიტუაციისგან და მისთვის თავის არიდება სურს. ზოგიერთ ადამიანში ფობიები პანიკურ შეტევებს იწვევს.

* სხვა კონკრეტული და არაკონკრეტული  შფოთვითი აშლილობები მოიცავს ისეთ შფოთვებს, რომლებიც სხვა კრიტერიუმებში ვერ თავსდება.

შესაძლოა, ადამიანს ერთზე მეტი შფოთვითი აშლილობა ჰქონდეს.

მკურნალობა

შფოთვით აშლილობას ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტების კომბინაციით მკურნალობენ. შესაძლოა, ადამიანს გარკვეული დრო დასჭირდეს, სანამ აღმოაჩენს, რომელი მეთოდია მისთვის ყველაზე შედეგიანი. ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია. ის მოიცავს ექსპოზიციურ თერაპიასაც, რომლის დროსაც ადამიანს თანდათან აჩვევენ შფოთვის გამომწვევ ობიექტს ან სიტუაციას და ასწავლიან ასეთ სიტუაციაში სიმპტომების მართვას.

სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, შფოთვის მომხსნელი, სედაციური პრეპარატები, ასევე – ბენზოდიაზეპინები ან ბეტა-ბლოკერები. ეს მედიკამენტები განკუთვნილია კონკრეტულ პერიოდში შფოთვის სიმპტომების შესამსუბუქებლად და არა ხანგრძლივი გამოყენებისთვის.

შფოთვითი აშლილობის სიმპტომების შემსუბუქება და ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია ცხოვრების წესის შეცვლას: ფიზიკური აქტიურობის გაზრდას, თამბაქოზე, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე უარის თქმას, რელაქსაციას (მედიტაცია, იოგა), ძილის მოწესრიგებას და ჯანსაღ კვებას – ბოსტნეულზე, ხილზე, მთლიან მარცვლეულსა და თევზზე ფოკუსირებას.

 ***

ემოციური ინტელექტი

ადამიანების უმეტესობას უჭირს პასუხის გაცემა თითქოსდა მარტივ კითხვაზე: “რას გრძნობ?” მათ იციან, რა სურთ, რაზე ფიქრობენ, მაგრამ შეგრძნებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. სწორედ ემოციების აღქმის, ინტერპრეტაციის, გამოხატვის, მართვის, შეფასების, მათზე რეაგირების და სხვებთან ეფექტური, კონსტრუქციული ურთიერთობისთვის მათი გამოყენების უნარს გულისხმობს ემოციური ინტელექტი (EI ან EQ).

ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ემოციური ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მენტალური (გონებრივი) ინტელექტი (IQ). თვალსაჩინოებისთვის ასეთ მაგალითს მოვიყვანთ: წიგნებიდან მიღებული ცოდნა ტესტების ჩაბარებაში გვეხმარება, ემოციური ინტელექტი კი გვამზადებს იმისთვის, რომ რეალურ სამყაროში სხვების თუ საკუთარი ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა და გაცნობიერება შევძლოთ. მისი მეშვეობით ვიგებთ, საიდან მოდიან ადამიანები, რა გადაწყვეტილებებს იღებენ, რა გავლენას ახდენს მათზე ჩვენი გრძნობები. ეს ყველაფერი ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში გვეხმარება და, საბოლოო ჯამში, ამაღლებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს.

მაღალი EQ-ს ნიშნები

ემოციური ინტელექტის რამდენიმე მთავარი ნიშანია:

* სხვისი გრძნობების ამოცნობისა და აღწერის უნარი;

* საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარების, შესაძლებლობათა საზღვრების გაცნობიერების უნარი;

* თავდაჯერება, საკუთარი თავის მიღება;

* ცვლილებების მიღების უნარი;

* ცნობისმოყვარეობა, განსაკუთრებით – სხვა ადამიანების მიმართ;

* ემპათია და სხვებზე ზრუნვა;

* თანაგრძნობის გამოხატვის უნარი;

* შეცდომების შიშის უქონლობა და მათზე პასუხისმგებლობის აღების უნარი;

* რთულ სიტუაციებში საკუთარი ემოციების მართვის უნარი.

ემოციური ინტელექტის გასაზომავად უმთავრესად ორი ტიპის ტესტებს იყენებენ: თვითშეფასებისას და უნარებისას. უფრო მეტად გავრცელებულია თვითშეფასების ტესტები, რადგან მათი ჩატარება და ქულების დაჯამება მარტივია. უნარების ტესტები ხშირად მოითხოვს ადამიანის შესაძლებლობათა დემონსტრირებას, რომლის შედეგებსაც მესამე მხარე აფასებს. 

საფეხურები

გამოყოფენ ემოციური ინტელექტის შემდეგ დონეებს:

* ემოციების აღქმა – ემოციების გაგებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია მათი ზუსტი მნიშვნელობით აღქმა. ხშირად ეს მოიცავს არავერბალური, სხეულის ენითა და მიმიკებით გამოხატული სიგნალების გაგებას.

* ემოციებით მსჯელობა – ემოციების გამოყენება აზროვნებისა და შემეცნებითი აქტივობის გასაუმჯობესებლად. ემოციების დახმარებით გამოვხატავთ პრიორიტეტებს – ემოციურად ვპასუხობთ იმას, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს.

* ემოციების გაგება – ჩვენ მიერ აღქმულ ემოციებს შესაძლოა მრავალფეროვანი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუ ვინმე ბრაზის ემოციას გამოხატავს, დამკვირვებელი უნდა მიხვდეს მისი გაბრაზების მიზეზს და მნიშვნელობას. თუ თქვენი უფროსი გაბრაზებულია, ეს შეიძლება სულ სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს – იმასაც, რომ ის უკმაყოფილოა თქვენი ნამუშევრით, იმასაც, რომ, სამსახურისკენ მომავალი, სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააჯარიმეს და იმასაც, რომ შინიდან გამოსვლამდე მეუღლეს ეჩხუბა.

* ემოციების მართვა –  ემოციების ეფექტურად მართვის უნარი ემოციური ინტელექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ყველაზე ზედა დონეა. ის ცნობიერების უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს. მისი მნიშვნელოვანი ასპექტებია ემოციების რეგულირება და საკუთარ თუ სხვის ემოციებზე სათანადო რეაგირება.

ძირითადი უნარები

ემოციური ინტელექტის თეორიის ავტორმა, ფსიქოლოგმა დენიელ გოლმენმა, ემოციური ინტელექტის შემადგენელი ხუთი ძირითადი უნარი გამოყო:

1. თვითშემეცნება – საკუთარი ემოციების ამოცნობისა და გაგების უნარი. ეს ემოციური ინტელექტის კრიტიკული უნარია. თვითშემეცნება გულისხმობს როგორც საკუთარი ემოციების ამოცნობას, ისე იმის გაცნობიერებას, რა გავლენას ახდენს სხვებზე ჩვენი ქმედებები, განწყობა და ემოციები.

თვითშემეცნების განსავითარებლად ადამიანმა უნდა ისწავლოს თითოეული განცდილი ემოციის ამოცნობა, შეძლოს თავისი ემოციების კონტროლი და სხვადასხვა ემოციური რეაქციის სწორად შეფასება. თვითშემეცნების მქონე ადამიანები აცნობიერებენ კავშირს საკუთარ შეგრძნებებსა და ქცევას შორის, თავიანთი პიროვნების ძლიერ და სუსტ მხარეებს და შესაძლებლობათა საზღვრებს, მზად არიან ახალი ინფორმაციისა და გამოცდილების მისაღებად, სწავლობენ ურთიერთობებზე.

გოლმენს მიაჩნია, რომ კარგი თვითშემეცნების მქონე ადამიანებს აქვთ იუმორის კარგი გრძნობა, დარწმუნებულნი არიან საკუთარ შესაძლებლობებში და აცნობიერებენ, როგორ აღიქვამენ მათ სხვები.

თვითშემეცნების უნარის მქონე ადამიანი ადვილად პასუხობს კითხვებს: ვინ ვარ მე? როგორი ვარ მე? რა მინდა? რა მჭირდება? რა შემიძლია?

თვითშემეცნების ამაღლებაში გვეხმარება დღიურის წარმოება, ახალი უნარების ათვისება, მედიტაცია, ყურადღება საკუთარი აზრებისა და ემოციების მიმართ, მიზნების დასახვა, კონსტრუქციული გამოხმაურება რჩევის, კომენტარის სახით და სხვა.

2. თვითრეგულაცია – სტიმულსა და რეაქციას შორის ჩასაფენი უნარი, რომელიც რეაქციის მართვას აადვილებს. ეს სულაც არ ნიშნავს ემოციების ჩახშობას და ნამდვილი გრძნობების დამალვას – ეს ნიშნავს, რომ დაველოდოთ მათ გამოსახატავად საჭირო დროსა და ადგილს და მისაღები ფორმით გამოვხატოთ.

კარგი თვითრეგულაციის მქონე ადამიანები მოქნილები არიან, კარგად ეგუებიან ცვლილებებს, ეხერხებათ კონფლიქტების მართვა და დაძაბული სიტუაციების განმუხტვა. არიან კეთილსინდისიერები (შრომისმოყვარეები და პასუხისმგებლობიანები), მათთვის სულერთი არ არის, რა გავლენას ახდენენ სხვებზე და იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე.

თვითრეგულაციის გასაუმჯობესებლად დაუთმეთ მეტი ყურადღება საკუთარ აზრებსა და გრძნობებს, ეცადეთ, ისწავლოთ სტრესთან გამკლავება, იპოვოთ რთული ემოციების მართვის გზები, შეხედოთ გამოწვევებს როგორც შესაძლებლობებს, დახვეწოთ კომუნიკაციის უნარები, გააცნობიეროთ, რომ ამა თუ იმ მოვლენაზე თქვენი რეაქცია თქვენივე არჩევანია, იმუშაოთ საკუთარი ემოციების მიღებაზე.

3. სოციალური უნარები – ადამიანმა უნდა შეძლოს ემოციების საშუალებით მიღებული ინფორმაციის ყოველდღიურ ურთიერთობებში გამოყენება. აქტიური მოსმენის, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარები, დამაჯერებლობა ადამიანს საშუალებას აძლევს, დაამყაროს მნიშვნელოვანი ურთიერთობები, უკეთესად გაუგოს სხვებსაც და საკუთარ თავსაც.

სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად: დასვით ღია კითხვები (ღია კითხვები იწყება სიტყვებით:  "რატომ?", "როგორ?", "რა?", – და რესპონდენტისგან რამდენიმესიტყვიან პასუხს მოითხოვს), დააკვირდით სხვა ადამიანების სოციალურ უნარებს, ივარჯიშეთ თვალით კონტაქტის დამყარებაში, აქტიურ მოსმენაში, გამოიჩინეთ ინტერესი სხვების მიმართ, ისწავლეთ ყინულის გალხობა, მაგალითად, მოსწრებული ხუმრობით, საუბრის წამოსაწყებად, დააკვირდით საკუთარი სხეულის ენას.

4. ემპათია – სხვისი გრძნობების გაგების, საგნებისა და მოვლენების სხვისი თვალით დანახვის უნარი. ის გულისხმობს სხვისი ემოციური მდგომარეობის ამოცნობას და იმის გაგებას, რამ გამოიწვია ეს ემოცია.

ემპათიის მქონე ადამიანი იცავს პიროვნებათაშორის ბალანსს, რომელიც გავლენას ახდენს სხვადასხვა კულტურებსა და საზოგადოებებში არსებულ სოციალურ ურთიერთობებზე.

ემპათიის განსავითარებლად: უსმინეთ სხვებს, მზად იყავით მათთვის თქვენი გრძნობების გასაზიარებლად, ეცადეთ, საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინოთ.

5. მოტივაცია – ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებისთვის ის არ უდრის ჯილდოს (ფულს, აღიარებას, ხოტბას). მათ საკუთარი შინაგანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მიზნების მიღწევის ვნება ამოძრავებთ. ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები შინაგან მოტივაციას ეძებენ. მათი ჯილდო თავად ის საქმეა, რასაც აკეთებენ.

მოტივაციის მქონე ადამიანი ორიენტირებულია მოქმედებაზე. ის ისახავს მიზნებს, აქვს მიღწევების დიდი მოთხოვნილება და ყოველთვის ეძებს გზებს უკეთესობისკენ, თავდადებულია და არ უფრთხის ინიციატივის გამოჩენას.

მოტივაციის უნარის გასაუმჯობესებლად: დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ გარეგან ჯილდოებს, იზეიმეთ საკუთარი შედეგები, დაისახეთ მცირე, გაზომვადი მიზნები, მოიფიქრეთ გამოწვევები ინტერესის შესანარჩუნებლად, იმუშავეთ მეგობართან ან კოლეგასთან ერთად – ეს პასუხისმგებლობას გაგივითარებთ. 

რას გვაძლევს

ძლიერი  ემოციური ინტელექტი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ამ უნარების მქონე ადამიანებს შეუძლიათ, ყველაზე უხერხულ სოციალურ სიტუაციებსაც კი მშვიდად და მოხდენილად გაართვან თავი და სიმშვიდე სხვებსაც გადასდონ.

კარგად განვითარებული ემოციური ინტელექტი აუმჯობესებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა ლიდერობა, კომუნიკაცია, თვითშემეცნება, თვითკონტროლი, სტრესის მართვა.

ამ უნარების მქონე ადამიანი მეტ ემპათიას ამჟღავნებს გარშემო მყოფთა მიმართ, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ურთიერთობების განვითარებასა და შენარჩუნებაში, საბოლოოდ კი ყალიბდება ძლიერი სოციალური მხარდაჭერის ქსელი, რომელიც გადამწყვეტია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

ყოველდღიურ ცხოვრებაში

ემოციურად ინტელექტუალურმა ადამიანებმა იციან, რომ ემოცია შეიძლება ძლიერი იყოს, მაგრამ, იმავდროულად, ის დროებითია. ემოციურად  ძალიან დატვირთული მოვლენისას, მაგალითად, თანამშრომელზე გაბრაზებისას, ემოციურად ინტელექტუალური ადამიანი რეაქციის გამოხატვამდე დაყოვნდება. ეს ყველას მისცემს დამშვიდების და საკმათო საკითხზე რაციონალურად დაფიქრების საშუალებას.

ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი ემოციური ინტელექტი აქვთ, შეუძლიათ გაითვალისწინონ სხვების გამოცდილება და ემოციები და გამოიყენონ ეს ინფორმაცია იმის ასახსნელად, რატომ იქცევიან სხვები ისე, როგორც იქცევიან.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ემოციური ინტელექტი სხვადასხვაგვარად ვლინდება:

<> ადამიანს შეუძლია:

  • კრიტიკის მიღება და პასუხისმგებლობის აღება;
  • შეცდომის დაშვების შემდეგ საქმის თავიდან დაწყება;
  • უარის თქმა, როცა რამე არ სურს;
  • საკუთარი გრძნობების სხვებისთვის გაზიარება;
  • პრობლემის გადაჭრა ყველასთვის მისაღები გზით;
  • თანაგრძნობა;
  • მოსმენა;

<> იცის, რატომ და რისთვის აკეთებს იმას, რასაც აკეთებს;

<> არ განსჯის სხვებს.

დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები უფრო ხშირად ებმებიან ჩხუბსა და კამათში, ვერ ამყარებენ ხარისხიან ურთიერთობებს (მათი ურთიერთობები სავსეა კონფლიქტებით, აგრესიით, შეურაცხყოფით) და არ შეუძლიათ ემოციებთან გამკლავება, მაგრამ ძლიერ ემოციურ ინტელექტსაც აქვს თავისი ნაკლი. მაგალითად, ასეთი ადამიანები ზოგჯერ ნაკლებად კრეატიულები არიან, უჭირთ უარყოფითი უკუკავშირის გაცემა სხვისი გრძნობების შელახვის შიშით, ზოგიერთი კი თავის მაღალ EQ-ს მანიპულაციებისთვის იყენებს.

როგორ გავაძლიეროთ

ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად აქვს კარგი ემოციური უნარები, დანარჩენებს კი მათი განვითარება და გაუმჯობესება შეგვიძლია. ამისთვის საჭიროა:

* მოსმენა – თუ გსურთ გაიგოთ, რას გრძნობენ სხვები, უპირველეს ყოვლისა, დაუთმეთ მათ ყურადღება, მოუსმინეთ, გაარკვიეთ, რის თქმას ცდილობენ თქვენთვის ვერბალურად თუ არავერბალურად. სხეულის ენა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.

* ემპათიის გამომჟღავნება – ემოციების აღქმა მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა შეგვეძლოს სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენაც, რათა ნამდვილად  გავიგოთ მისი თვალსაზრისი. ივარჯიშეთ თანაგრძნობაში. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდით თავს ასეთივე სიტუაციაში.

* ჩაღრმავება – ემოციების შესახებ მსჯელობის უნარი ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვანი ნაწილია. იფიქრეთ იმაზე, როგორ მოქმედებს თქვენი ემოციები თქვენსავე გადაწყვეტილებებსა და ქცევაზე. როდესაც სხვების რეაქციებზე ფიქრობთ, ეცადეთ გაიგოთ, რა წილი უდევს ამაში მათ ემოციებს. რატომ განიცდის ესა თუ ის ადამიანი სწორედ ამ და არა სხვა გრძნობას? ხომ არ არსებობს უხილავი ფაქტორები, რომლებსაც შეეძლო, წვლილი შეეტანა ამ გრძნობის აღმოცენებაში? რით განსხვავდება თქვენი ემოციები მისგან? ასეთ კითხვებზე პასუხების ძიებისას აღმოაჩენთ, რომ ადამიანების აზროვნებასა და ქცევაში ემოციების როლის დანახვა უფრო და უფრო გეადვილებათ.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: