ნოდარ ბოხუა – ანგიოლოგიის, სისხლძარღვთა ქირურგიისა და მიკროქირურგიის სათავეებთან

გააზიარე:

დიდი ნიჭით, იშვიათი შრომისმოყვარეობით და ძლიერი ნებისყოფით დაჯილდოებული ნოდარ ბოხუა დაძაბულ ქირურგიულ პრაქტიკას ადვილად უთავსებდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ-პედაგოგიურ საქმიანობას. თითქოს გრძნობდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა და ცდილობდა, ყველაფერი მოესწრო.

ნოდარ ბოხუას შესახებ სტატიის მომზადებაში უდიდესი დახმარება გაგვიწიეს მისმა მეუღლემ ქეთევან ნაკაშიძემ და შვილებმა: ირაკლიმ, ნატომ და ანიმ. ტექსტში გამოყენებულია მეგობრებისა და ახლობლების მოგონებები ნოდარ ბოხუას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ჟურნალიდან.

ოჯახი

ნოდარ ბოხუა 1941 წლის 27 დეკემბერს ქალაქ სოხუმში, ექიმების ოჯახში დაიბადა. მისმა მშობლებმა დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთში მედიცინის განვითარებაში. იმ დროს სოხუმში სულ ერთეული პროფესორები მოღვაწეობდნენ, მათ შორის – ნოდარის ბაბუა, სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის ფუძემდებელი აფხაზეთში. მამა, კაზიმირი, ცნობილი თერაპევტი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტის ერთ-ერთ კათედრას და პრორექტურას. დედა, ანგელინა, დერმატოვენეროლოგი იყო, მაგრამ მის მთავარ საქმედ დედასთან, ქალბატონ ანეტასთან ერთად პატარა ნოდარის აღზრდა იქცა.

სოხუმის მე-11 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ნოდარს მომავალ პროფესიაზე ბევრი არ უფიქრია – ორენბურგის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. მამასთან ურთიერთობას მონატრებულს, ეს თავისი ცხოვრების უბედნიერეს პერიოდად მიაჩნდა.

დედისა და ბებიის გაზრდილი სოხუმელი ბიჭი რვა წლის განმავლობაში ცოდნასთან ერთად იძენდა მკაცრ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უცხო გარემოში. ორენბურგისა და ორსკის ქუჩებში არყით გაბრუებულ გამვლელებთან ხშირმა შეტაკებებმა ნოდარი პროფესიული კრივის სექციაში საბრძოლო ილეთების დასახვეწად მიიყვანა. იქვე გამოიწრთო მისი უკომპრომისო ხასიათიც.

ინსტიტუტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული. ჯერ კიდევ მაშინ საოცარი მიზანდასახულობით გამოირჩეოდა, მე-5 კურსზე უკვე იცოდა, მედიცინის რომელი დარგი იყო პერსპექტიული და სად უნდა გაეგრძელებინა მოღვაწეობა.

მე-3 კურსამდე საერთოდ არ იზიდავდა ექიმობა. კალათბურთს თამაშობდა და სპორტული მედიცინის განხრით აპირებდა სწავლის გაგრძელებას. 19 წლისამ ორენბურგის ერთ-ერთი ტექნიკუმის ქალთა საკალათბურთო გუნდის მწვრთნელის როლიც კი მოირგო. მონდომებით ეუფლებოდა თეორიულ ცოდნას ამ დარგში და, ენთუზიაზმით სავსე, შრომობდა მოედანზე თავის ტოლ აღსაზრდელებთან ერთად. ახალგაზრდა მწვრთნელმა გოგონებს ისე შეაყვარა  კალათბურთი, რომ მათ ზაფხულის არდადეგებზე უყოყმანოდ თქვეს უარი და დასვენებას ორენბურგის მცხუნვარე მზის ქვეშ ყოველდღიური დამქანცველი ვარჯიში ამჯობინეს.

პირველი წარმატება და მარცხი

ნოდარ ბოხუას სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა 1964 წელს სადგურ ორსკის საკვანძო საავადმყოფოში დაიწყო, სადაც ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მოხვდა. გადაუდებელი ქირურგიის განყოფილებაში ორწლიანმა მუშაობამ მას დიდი გამოცდილება და თავდაჯერება შესძინა.

მერე იყო მოსკოვი. მაშინდელი საკავშირო ქირურგიის მექა, აკადემიკოს ბორის პეტროვსკის საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტი, სადაც ნოდარი 1966 წელს ასპირანტურაში ჩაირიცხა. იმხანად ინსტიტუტი დაკომპლექტებული იყო თანამედროვე აპარატურით და იქ საბჭოთა მედიცინის კორიფეები – ბორის პეტროვსკი, მიხაილ პერელმანი, საბჭოთა კავშირში სისხლძარღვთა და კორონარული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი მარატ კნიაზევი და სხვები – მოღვაწეობდნენ. 1969 წელს ნოდარ ბოხუამ პერელმანის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ბრონქების არტერიების კათეტერიზაციას ეხებოდა. ნაშრომის ანატომიურ ნაწილში მან გამოიყენა არტერიების ლეონარდო და ვინჩისეული ჩანახატი თანდართული ტექსტით, რომელიც შესრულებული იყო სარკისებურად, გენიოსი მხატვრისა და უნივერსალური მკვლევრის მარცხენა ხელით. დაცვამ, რომელსაც რუსეთის გამოჩენილი ქირურგები და ანატომები ესწრებოდნენ, ბრწყინვალედ ჩაიარა. ყველამ ერთსულოვნად აღიარა თემის საინტერესო შინაარსი და შესრულების სიახლე. ცხოველი ინტერესი გამოიწვია ლეონარდოს საიდუმლოებით მოცულმა ჩანახატმა.

ნიშანდობლივია, რომ ზღვა საილუსტრაციო მასალიდან ნოდარ ბოხუამ სწორედ ცაცია მხატვრის რარიტეტული ჩანახატი აირჩია. თავად ნოდარი დაბადებით ცაცია იყო, მაგრამ საბჭოთა პედაგოგიკამ აიძულა, მარჯვენა ხელით ეწერა და ემუშავა. საოპერაციოში ორივე ხელს ვირტუოზულად ხმარობდა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში ძირითადი ქირურგიული იარაღი მარცხენით ეჭირა.

70-იანი წლები მთელ მსოფლიოში სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარების ეპოქად არის მიჩნეული. სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ ქირურგიულ კლინიკებში ურთულესი ოპერაციები ტარდებოდა. საბჭოთა კავშირში ამ ოპერაციების შესრულება პეტროვსკის ინსტიტუტში აშშ-დან პროფესორ კნიაზევის დაბრუნების შემდეგ დაიწყო. ახალი დარგის ჩამოსაყალიბებლად ენერგიული და მონდომებული კადრები იყო საჭირო. კნიაზევმა უფროს მეცნიერ თანამშრომელს, ნოდარ ბოხუას, საბჭოთა კავშირში აორტო-გვირგვინოვანი შუნტირების ოპერაციის დანერგვის მიზნით რთული კლინიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების ჩატარება დაავალა. ამ იდეით შეპყრობილი ბოხუა მოსკოვის კლინიკებში დადიოდა და დამაჯერებელი არგუმენტებით არწმუნებდა კარდიოლოგებს აორტო-კორონარული ქირურგიის აუცილებლობაში. სწორედ მან შეასრულა გადამწყვეტი როლი ყოფილ საბჭოთა კავშირში შუნტირების ოპერაციების დანერგვაში. სადოქტორო დისერტაციაც დაწერა აღნიშნულ თემაზე, მაგრამ იმ დროისთვის ეს დარგი ძალიან პრესტიჟულად მიიჩნეოდა, ამიტომ პირველს აუცილებლად რუს მეცნიერს უნდა დაეცვა ხარისხი. ნოდარ ბოხუას კარიერაც ამ დაუწერელ კანონს შეეწირა.

ნოდარი, მიუხედავად დიდი ტრავმისა, მალევე გადაერთო სხვა საკითხებზე და გაათმაგებული ენერგიით განაგრძო მუშაობასხვა დროსაც არაერთხელ შეჯახებია მსგავს პრობლემას, მაგრამ სასოწარკვეთილებას არასდროს მისცემია, მუდამ წინ მიიწევდა.

განყოფილებაში სრულდებოდა პრაქტიკულად ყველა სახის რეკონსტრუქციული ოპერაცია აორტასა და მაგისტრალურ არტერიებზე მწვავე არტერიული გაუვალობის დროს. იმ პერიოდში სანიტარული ავიაციის საშუალებით ნოდარ ბოხუამ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მრავალი ასეთი ოპერაცია ჩაატარა.

თბილისი

1972 წელს ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი სისხლძარღვთა ქირურგი რუსეთში თოთხმეტწლიანი ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მანამდე ნოდარს თბილისში არ უცხოვრია. მას აქ ორად ორი მეგობარი დახვდა – სერგო ხუნდაძე და მერაბ თვალაძე, რომლებსაც თავის დროზე დიდი დახმარება გაუწია პეტროვსკის ინსტიტუტში. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან ერთად ატარებდა. დადიოდა თბილისის ქუჩებში, ეცნობოდა ადამიანებს. ანეტას და ანგელინას დედაქალაქში თუ ვინმე ჰყავდათ ნათესავი ან ნაცნობი, ყველა მოვალედ მიიჩნევდა თავს, მისი დაოჯახების საქმეში ჩარეულიყო. თავად ნოდარს დაქორწინების დიდი სურვილი არ ჰქონია, თუმცა არასდროს უთქვამს უარი ოჯახში მიპატიჟებაზე – ბუნებით მკვლევარი, ინტერესით სწავლობდა უცნობი ქალაქის საზოგადოებას.

მოკლე ხანში შეესისხლხორცა თბილისს, ჩასწვდა აქაური ცხოვრების თავისებურებებს, მაგრამ "ძველბიჭობას" ვერ იტანდა.

მოსკოვიდან ჩამოსვლისთანავე ნოდარმა ქალაქის პირველ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. მას, საკავშირო მინისტრის ბრძანებით, პროფესორ გოგი ნაცვლიშვილის კლინიკაში ამავე კლინიკის ბაზაზე ჩამოყალიბებული ანგიოქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელობა დაევალა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ხანებში ახალ პირობებში მუშაობა გაუჭირდა (მოსკოვისგან განსხვავებით, თბილისში შესაბამისი აღჭურვილობა არ იყო), თანდათან შემოიკრიბა ახალგაზრდები და ჩვეული ენერგიით დაიწყო თავისი იდეების დანერგვა. მოკლე ხანში დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა კოლეგებსა და პაციენტებს შორის.

ენერგიით სავსე ახალგაზრდა, ამბიციურ მეცნიერ ქირურგს უფრო და უფრო უჭირდა განყოფილების ვიწრო ჩარჩოებში ჩატევა. 1976 წელს ის გადავიდა აკად. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი მიკროქირურგიის ლაბორატორია. ნოდარ ბოხუას ხელმძღვანელობით ახალგაზრდების ჯგუფმა მოკლე ხანში დიდ წარმატებას მიაღწია სამეცნიერო თუ პრაქტიკულ საქმიანობაში. ინსტიტუტში მუშავდებოდა და კლინიკაში ინერგებოდა ახალი ტიპის რეკონსტრუქციული ოპერაციები მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით.

ოთხი წლის შემდეგ რკინიგზის საავადმყოფოში გაიხსნა სისხლძარღვთა პათოლოგიის განყოფილება, რომელიც წარმოადგენდა მიკროქირურგიის ლაბორატორიის კლინიკურ ბაზას. 1984 წელს ეს ორი სტრუქტურა გაერთიანდა და შეიქმნა საბჭოთა კავშირში ანგიოლოგიის პირველი რესპუბლიკური ცენტრი, რომელსაც 1995 წლამდე ნოდარი ხელმძღვანელობდა.

1981 წელს ნოდარ ბოხუამ მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ბიოლოგიური ტრანსპლანტატები და მიკროქირურგიული ტექნიკა არტერიათა ქირურგიაში”. სამი წლის შემდეგ მას პროფესორის წოდება მიენიჭა.

კლინიკაში და მის გარეთ

ნოდარმა უამრავი ძალა და ენერგია შეალია თანამედროვე დიაგნოსტიკური სამედიცინო აპარატურით კლინიკის აღჭურვას. აპარატურით, ურომლისოდაც წარმოუდგენელი იქნებოდა საქართველოში ამ დარგის განვითარება. მისი დაჟინებული მოთხოვნით, კლინიკაში განსაზღვრული გამოცდილების მიღების შემდეგ ყველა ახალგაზრდა ექიმი საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მოგვიანებით როლები შეიცვალა, ნოდარ ბოხუას ძალისხმევის წყალობით კლინიკამ საპატიო ადგილი დაიკავა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქვეყნების სამკურნალო დაწესებულებებს შორის და ხელმძღვანელს დიდი სახელი მოუხვეჭა.

80-იან წლებში ნოდარ ბოხუა სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ავსტრიაში, ნიდერლანდებში, იაპონიაში, სადაც უცხოელ კოლეგებს თავის კლინიკაში დანერგილ ინოვაციურ მეთოდებს უზიარებდა. იყო ნიდერლანდებისა და იტალიის გულ-სისხლძარღვთა ასოციაციების წევრი. სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ოქროს მედლითაც დაჯილდოვდა.

უამრავი მაცდური წინადადების მიუხედავად, პროფესორს არასდროს უფიქრია საქართველოს დატოვება, ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი უყოყმანოდ უარყო უცხოელი კოლეგების შეთავაზება და ნიდერლანდებში გადასახლებას სამშობლოში დარჩენა ამჯობინა.

ნოდარის გუნდი ახალგაზრდებისგან შედგებოდა. კლინიკაში ყველაზე უფროსი თავად იყო. მიუხედავად ამისა, სხარტი, მოქნილი მოძრაობებით გამოირჩეოდა. ჩქარი ნაბიჯით დადიოდა, კიბეზე კი არ ადიოდა, ორი ან სამი საფეხურის გამოტოვებით არბოდა ხოლმე და მასთან ერთად შემოვლაზე მყოფი კოლეგებიც ცდილობდნენ, არ ჩამორჩენოდნენ. რკინიგზის საავადმყოფოს მედპერსონალისა და პაციენტებისთვის თეთრხალათიანთა გუნდის კიბეზე ზემოთ-ქვემოთ სირბილი ჩვეულებრივი ამბავი იყო.

კლინიკაში დროდადრო წვებოდა ერთი მოხუცი ებრაელი მესაათე. ნოდარი მას ყოველთვის განსაკუთრებულ პირობებს უქმნიდა, რომ მოხუცს კლინიკაშიც ჰქონოდა მუშაობის საშუალება. დროდადრო ფეხაკრეფით შევიდოდა პალატაში, ჩამოჯდებოდა სკამზე და მის ზუსტ, დახვეწილ მოძრაობებს უყურებდა. ერთხელ მესაათემ შესთავაზა, ხელობას გასწავლით, თავისუფალ დროს ან სიბერეში თავს შეიქცევთო. ნოდარმა ხმამაღლა გაიცინა, მადლობა გადაუხადა და უთხრა, დავფიქრდებიო. 

1995 წლის 24 მარტს პროფესორი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოიძახეს – სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა ახალგაზრდას, რომელიც ორი შეიარაღებული დაჯგუფების შეტაკებისას დაიჭრა. ადრეც, აფხაზეთში, და შემდგომაც, თბილისის ომის დროს, ნოდარ ბოხუას მრავალჯერ ჩაუტარებია ურთულესი ოპერაციები ასობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ეს შემთხვევა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – დაწყებული კონფლიქტი საავადმყოფოს ეზოში გაგრძელდა და ტყვიამ კლინიკის შენობიდან გამოსული პროფესორის სიცოცხლეც შეიწირა.

ნოვატორმა ქირურგმა საქართველოში პირველმა განახორციელა ურთულესი ოპერაციები გულმკერდის, მუცლის, ქვედა კიდურებისა და  ბრაქიოცეფალურ არტერიებზე. ის სამართლიანად მიიჩნევა ექსტრაკრანიალურ სისხლძარღვთა რეკონსტრუქციული ქირურგიის ფუძემდებლად საქართველოში.

ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისთვის ნოდარ ბოხუა დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

პროფესორმა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მთელი პლეადა აღზარდა. მის მიერ დაარსებული ცენტრი დღეს მის სახელს ატარებს და ღირსეულად  აგრძელებს ნოდარ ბოხუას დაწყებულ საქმეს.

მარი მარღანია

გააზიარე: