ბავშვის რაციონი 1-დან 3 წლამდე

გააზიარე:

ერთი წლიდან ბავშვი ისე სწრაფად აღარ იზრდება, ამიტომ მის ორგანიზმს იმდენი საკვები აღარ სჭირდება, რამდენიც წლამდე. ეს ბავშვის მადასა და კვებით ჩვევებზეც აისახება. ზოგჯერ ის გემრიელად შეექცევა კერძს, ზოგჯერ კი შესაძლოა ზედაც არ შეხედოს.

ბუნებრივია, მშობლებს აშფოთებთ ბავშვის ჭირვეული მადა – ვაითუ მათმა პატარამ ვერ მიიღოს განვითარებისთვის საჭირო ვიტამინები და სხვა ნივთიერებები.

გთავაზობთ სპეციალისტთა მიერ შემუშავებულ ნორმატივებს, რომელთა მიხედვითაც უფრო ადვილად დაგეგმავთ ბავშვის ყოველდღიურ რაციონს.

მაშ, რას და რამდენს უნდა ჭამდეს 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვი?

ბავშვის რაციონი ხარისხიანი, მრავალფეროვანი და ჯანსაღი უნდა იყოს. ის უმთავრესად ხილის, ბოსტნეულის, პურ-ბურღულეულის, ხორცის, რძისა და რძის ნაწარმისგან უნდა შედგებოდეს, შაქრის შემცველი პროდუქტების მიცემას კი ამ ასაკში ერიდეთ. საზოგადოდ, რაც უფრო გვიან გაუსინჯავს ბავშვი გემოს ტკბილეულს, მით უკეთესი მისი ჯანმრთელობისთვის.

ბოსტნეული

ბოსტნეული ბავშვის რაციონის ძირითად ნაწილს უნდა შეადგენდეს. ის შეგიძლიათ მისცეთ როგორც უმი, ისე ორთქლზე მომზადებული, მოხარშული ან ჩაშუშული. სასურველია, ბოსტნეულის მენიუ მრავალფეროვანი იყოს: მწვანე (ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო), წითელი (პამიდორი, წითელი ბულგარული წიწაკა), ცილით მდიდარი (პარკოსნები), ― რათა ბავშვმა ყველა საჭირო ნივთიერება მიიღოს. ბოსტნეულის დღიური ულუფა უნდა შეიცავდეს C ვიტამინის წყაროს (ბროკოლი) ყოველდღიურად და A ვიტამინის წყაროს (ისპანახი) დღეგამოშვებით.

ულუფები

1-დან 2 წლამდე —  3`4 ჭიქა დღეში

2-დან 3 წლამდე — 1 ჭიქა დღეში

1 ჭიქა = 1 ჭიქა უმ ან მოხარშულ ბოსტნეულს ან ბოსტნეულის წვენს, 2 ჭიქა ფოთლოვან მწვანილს და სალათის ფოთლებს

1 ჭიქა = დაახლოებით 240 მლ

რძე და რძის ნაწარმი

ბავშვის მენიუში უნდა შედიოდეს რძე და რძის ის ნაწარმი, რომელშიც კალციუმი შენარჩუნებულია.  ცხიმით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად, კარაქი და არაჟანი, ამ ჯგუფს არ მიეკუთვნება.

ულუფები

1-დან 2 წლამდე — 2 ჭიქა დღეში

2-დან 3 წლამდე — 2-2.5 ჭიქა დღეში

1 ჭიქა რძე = 1 ჭიქა მაწონს, 40 გ ნატურალურ ყველს, 1`3 ჭიქა გახეხილ ყველს (სასურველია, ყველი დაბალცხიმიანი იყოს)

ხილი

ხილი ბავშვის ყოველდღიური რაციონის ნაწილი უნდა იყოს. საუკეთესოა ახალი, სეზონური ხილი, მაგრამ თუ მასზე უარი თქვა, სულ არარაობას, სჯობია მისცეთ ის, რასაც სიამოვნებით შეექცევა. ხილის მიცემა შეიძლება როგორც დაუჭრელი, ისე წვრილად დაჭრილი და გახეხილი სახით ― შერჩევისას გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი.

ხილის მენიუში უნდა შედიოდეს C ვიტამინის ერთი წყარო (ციტრუსები)  ყოველდღე და A ვიტამინის ერთი წყარო (მუქი მწვანე და ყვითელი ხილი) დღეგამოშვებით.

1 ჭიქა დღეში

1 ჭიქა = 1 ჭიქა ხილს ან 100%-იან წვენს, 1`2 ჭიქა მშრალ ხილს (ჩირს)

პურ-ბურღულეული

ამ ჯგუფში შედის ხორბალი, სიმინდი, ქერი, შვრია, ბრინჯი და სხვა მარცვლეული, ასევე ― მათი ნაწარმი: პური, მაკარონი, ფაფები და ფანტელები. ბურღული შეიძლება მომზადდეს როგორც დაცეხვილი (გასუფთავებული, გაფცქვნილი), ისე დაუცეხვავი (მთელი) მარცვლეულისგან. სასურველია, პურ-ბურღულეულის დღიური ულუფის ნახევარი დაუცეხვავი იყოს.

ულუფები

1-დან 2 წლამდე ― 60 გ დღეში

2-დან 3 წლამდე ― 90 გ დღეში

60 გ = 2 ნაჭერ დაუცეხვავ პურს, 1 ჭიქა მოხარშულ ბურღულს, ბრინჯს ან მაკარონს, 2 ჭიქა მარცვლეულის ფანტელს

ხორცი და სხვა ცილოვანი საკვები

ეს ჯგუფი აერთიანებს ცხოველისა და ფრინველის ხორცს, თევზს, პარკოსნებს, ბარდას, კვერცხს, სოიის ნაწარმს, თხილეულს.

1-დან 2 წლამდე ― 40 გ დღეში

2-დან 3 წლამდე ― 55 გ დღეში

ბავშვისთვის უკეთესია მჭლე ხორცი. არასასურველია ძეხვი, სოსისი, ლორი ― მათ არავითარი სარგებლობა არ მოაქვთ ორგანიზმისთვის, ზიანის მიყენება კი შეუძლიათ.

წყალი და სხვა სითხეები

ბავშვისთვის საუკეთესო სასმელი წყალია. ყურადღება მიაქციეთ, რომ დღის განმავლობაში საკმარისად სვას. წყლის ჭიქა მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას დადგით.

ნუ დაალევინებთ მზა წვენებს, რადგან მათი 99% შაქრით, არომატიზატორებით და კონსერვანტებით არის გაჯერებული. უმჯობესია, თავად გამოუწუროთ ხილი და ნატურალური წვენი დაალევინოთ.

მარილი

უმჯობესია, ბავშვის საკვებს საერთოდ არ დაამატოთ მარილი, უკიდურეს შემთხვევაში ― ძალიან ცოტა და აუცილებლად იოდიანი.

არ შეიძლება ბავშვისთვის მარილიანი სასუსნავის: ჩხირების, კრეკერების, ჩიფსის, ― მიცემა.

ხემსი

ჯანსაღი ხემსია, მაგალითად, წვრილად დაჭრილი ბოსტნეული ან ხილი, მაწონი (შეგიძლიათ, შეურიოთ ჩიის თესლიც), ჩირი, იოგურტი.

ხემსი შესთავაზეთ ისეთ დროს, რომ ჭამამდე მოშივება მოასწროს. ნუ მისცემთ უშუალოდ ძირითადი კვების წინ.

აჭამეთ რეჟიმულად, დროის თანაბარი ინტერვალების დაცვით, მაგიდასთან, ისეთ გარემოში, სადაც ყურადღებას არ გაუფანტავს ჩართული ტელევიზორი, ხმამაღალი მუსიკა და სხვა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: