ნარკოტიკები, მოზარდები და მათი ოჯახები

გააზიარე:

ნარკოტიკულ ნივთიერებებს ადამიანი უძველესი დროიდანვე იცნობს და იყენებს, თუმცა დღეს ნარკოტიკების არჩევანი გაცილებით მრავალფეროვანია, ხოლო მათი შემადგენლობა – ხშირად გაურკვეველი. რაც მთავარია, ნარკოტიკები გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა არა მხოლოდ ზრდასრულთათვის, არამედ მოზარდებისთვისაც.

რა პრობლემებს ეჯახებიან მოზარდი ნარკომომხმარებლების ოჯახები და როგორია მათი მოგვარების სწორი სტრატეგია? ამის შესახებ ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ “კამარასა” და არტთერაპიის საერთაშორისო ქსელ “ლივინგ მუზეუმი თბილისის” დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე გვესაუბრა.

– როგორია საქართველოში მოზარდთა მიერ მავნე ნივთიერებების მოხმარების სტატისტიკა?

– მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მხრიდან გაისმის სიტყვები "ნარკომოხმარების გლობალური პრობლემა”, საქართველოში მეტ-ნაკლებად ზუსტი სტატისტიკაც კი არ გვაქვს. გაეროს 2020 წლის ანგარიშიც ძალიან ზოგადია და არაფერია მასში რიცხვებით დაზუსტებული. უფრო ადრეული წლების კვლევებშიც მოზარდებსა თუ ზრდასრულებს შორის ნარკომოხმარების დონე უმთავრესად ჩ ჰეპატიტისა და შიდსის გავრცელების სტატისტიკის მიხედვით არის გამოთვლილი, რაც, ცხადია, ოდნავაც ვერ ასახავს მთლიან სურათს, რადგან მხოლოდ ინექციური მომხმარებლები არ გვყავს - შავი სააფთიაქო ბაზარი გაჯერებულია პერორალური საშუალებებით და ზოგჯერ ლეგალურ აფთიაქებშიც იყიდება ისეთი წამლები, რომლებსაც შეუძლია, ნარკოტიკული ეფექტი მოგვცეს, გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ე.წ. მოსაწევი ნივთიერებები, რომელთა მოხმარება ინფექციური დაავადებების გადატანის ნაკლებ რისკს შეიცავს, შესაბამისად, დაავადებებთან კომორბიდობა კრიტერიუმად ვერ გამოდგება.

- რამდენად მაღალია საქართველოში ფსიქოთერაპიისთვის მოზარდთა ოჯახების მომართვიანობა ნარკოტიკების მოხმარების ან ნარკოდამოკიდებულების გამო? მოზარდები თავიანთი სურვილით თუ მოდიან?

– მოზარდთა ოჯახის წევრები ხშირად მოგვმართავენ. თავად მოზარდები იშვიათად აცნობიერებენ დამოკიდებულებითი დაავადების არსებობას, თუ არ გამოსცადეს ფსიქოზური ეპიზოდი (რეალობასთან კავშირის დაკარგვა), ძლიერი პანიკური შეტევა (მოულოდნელად გაჩენილი ძლიერი შიშისა და შფოთვის განცდა, რომელსაც ერთვის თავბრუხვევა, ქოშინი, გულის აჩქარება და სხვა) ან ე.წ. "ცუდი თრიფი", რომელიც მათში განგაშის გრძნობას აღძრავს. სხვა შემთხვევაში მათ უჭირთ შემჩნევა, რომ მოხმარება დამოკიდებულებით დაავადებაში გადაიზარდა. მიაჩნიათ, რომ ეს ნებაყოფლობითი თავგადასავალია და როცა მოუნდებათ, შეწყვეტენ, ამიტომ, თუკი ფსიქოთერაპიისთვის მოგვმართავენ, როგორც წესი, ოჯახის წევრების თხოვნით და წინასწარი ნიჰილისტური დამოკიდებულებით: “აჰა, ამ ერთხელ მოვედი, რომ ოჯახი დამშვიდდეს და ცოტა ხანს მაინც თავი დამანებოს ან დარწმუნდეს, რომ ფსიქოთერაპია ვერაფერს შველის”.

– რა იწვევს ფსიქოზურ ეპიზოდს და პანიკურ შეტევას?

– პანიკური შეტევის გამოწვევა მრავალ ნივთიერებას შეუძლია – სტიმულანტებსაც, ჰალუცინოგენებსაც, მარიხუანასაც... ფსიქოზური ეპიზოდიც მრავალმა ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს რეგულარული მოხმარების ან ზედოზირების შემთხვევაში, ზოგჯერ – ერთჯერადი მოხმარების შემდეგაც კი. მარიხუანის მომხმარებლებს შორისაც ხშირად ვლინდება ფსიქოზური ეპიზოდი, რომელიც ზოგჯერ ინტოქსიკაციის გავლისთანავე ალაგდება, ზოგჯერ კი ყალიბდება ქრონიკულ ფსიქოზურ დიაგნოზად, რომლის მიმართაც შესაძლოა არსებობდა გენეტიკური განწყობა, მაგრამ მანამდე, ასე ვთქვათ, მიძინებული იყო. ასევე, მაგალითად, მეფედრონის რეგულარული მოხმარება იწვევს პარანოიას, დეპრესიას, ჰალუცინაციას, მძიმე პანიკურ შეტევას, გულის მწვავე უკმარისობას.

მიზეზები

– რა უბიძგებთ მოზარდებს ნარკოტიკებისკენ?

– ყველა ადამიანს თავისი ისტორია, თავისი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს უბრალოდ ცნობისმოყვარეობაა, ახლის გამოცდის სურვილი, ზოგჯერ – მიმბაძველობა, ქცევის კოპირება, მაშინაც კი, როცა სულაც არ მოსწონთ სხვისი გამოცდილების შედეგი, ზოგჯერ – ასაკობრივი სირთულეები, სოციოფობია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, პირადი კონფლიქტი, ხანგრძლივი სტრესორი, ბავშვობის ტრავმა, მშობლებთან ჯანსაღი მიჯაჭვულობის არარსებობა, ჯანსაღი სეპარაციის (მშობლებისგან გაცალკევების და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების) შეუძლებლობა და სხვა.

– რა წვლილი შეაქვს ამაში გარდამავალი ასაკის თავისებურებებს?

– რაც არ უნდა იყოს გაცხადებული მიზეზი, ასაკობრივი სირთულეები ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნარკოტიკების მიღების გამბედაობასთან.

საგანგაშო ნიშნები

– რა ნიშნებით შეიძლება ამოიცნოს მშობელმა, რომ მისი შვილი ნარკოტიკს მოიხმარს?

– თავიდან ეს საკმაოდ რთულია, რადგან მოზარდი ახერხებს, გარეთვე, შინ დაბრუნებამდე გამოინელოს მიღებული ნივთიერება. მერე და მერე უფრო და უფრო ცხადი ხდება ქცევის, გუნება-განწყობის ცვლილებები. სხვადასხვა ნივთიერებას ქცევის სხვადასხვა ცვლილება ახასიათებს: ნარკოტიკების ზოგიერთ ჯგუფს, მაგალითად, ოპიოიდებს – უფრო მეტად მოთენთილობა, მეტყველებისა და მოტორიკის შენელება, ზოგიერთს, მაგალითად, სტიმულანტებს – აღგზნება, უჩვეულო აჟიტაცია, საზოგადოდ კი ნებისმიერი ნივთიერების მოხმარებისას ქცევითი პატერნები აღგზნებიდან უკიდურეს უხალისობამდე მონაცვლეობს.

– რამდენ ხანს ახერხებენ მოზარდები, მავნე ნივთიერებების მოხმარება დაუმალონ ოჯახის წევრებს?

– გააჩნია, რამდენად ინტენსიურია მოხმარება. ზოგჯერ დაავადება მეტხანს ნარჩუნდება მსუბუქი ფორმით, ამიტომ შესაძლოა, დიდხანს დარჩეს შეუმჩნეველი. ასეთ დროს მომხმარებელიც მეტად არის დარწმუნებული, რომ ჯერ კიდევ მომხმარებელია და არა დამოკიდებული და თავად მართავს ნარკოტიკის მოხმარების ინტენსივობას და დოზებს, მაგრამ თუ დაავადება სწრაფად პროგრესირებს, მოზარდი ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მოიხმარს ნივთიერებას, – და, ბუნებრივია, ზრდის დოზებს, რაც ნარკოდამოკიდებულების შემთხვევაში გარდაუვალია, – თითქმის წარმოუდგენელია, ოჯახის წევრებს, თუ ოდნავ მაინც ყურადღებით არიან მოზარდის გრძნობების მიმართ, ეს გამოეპაროთ.

სწორი სტრატეგია

– როგორია მშობლების რეაქცია, როცა აღმოაჩენენ, რომ მათი შვილი ნარკოდამოკიდებულია? როგორ შეუძლიათ, დაეხმარონ მოზარდს დამოკიდებულების დაძლევაში?

– რეაქცია, ოჯახური ატმოსფეროსა და პირადი აღქმის მიხედვით, სხვადასხვანაირია. ზოგი ოჯახი მანამდეც ტრავმირებულია ოჯახის სხვა წევრის ნარკოდამოკიდებულების გამო და კიდევ ერთი ადამიანის დაავადებას ტრაგედიად აღიქვამს; ზოგ ოჯახში ჯერ კიდევ მუშაობს სტიგმა - ნარკოდამოკიდებულება არა დაავადებად, არამედ ცუდ, სამარცხვინო ქცევად მიაჩნიათ და მალავენ, დროულად არ ითხოვენ დახმარებას; ზოგან იმედი აქვთ, რომ პრობლემა დასჯით მოგვარდება. ზოგ შემთხვევაში ოჯახი სწრაფად ერკვევა ვითარებაში და იწყებს მოქმედებას. მშობლები თავადაც იღებენ კონსულტაციას, რომ სწორად მოექცნენ მოზარდს და თანადამოკიდებულები კი არ გახდნენ, არამედ ჯანსაღი ოჯახური სისტემა შეინარჩუნონ.

– შეუძლია თუ არა მშობელს, სეპციალისტის გარეშე დაეხმაროს შვილს პრობლემის დაძლევაში?

– სწორი ემოციური დამოკიდებულებით, სიყვარულითა და თანაგრძნობით მშობელს შეუძლია, ბევრი რამ შეცვალოს, გააუმჯობესოს, მაგრამ თუ დამოკიდებულება ჩამოყალიბებულია დაავადებად, სპეციალისტების ჩართვა აუცილებელია.

– როგორ მოვიქცეთ, რომ მოზარდი მკურნალობაზე დავიყოლიოთ?

– მოზარდისთვის მშობელი მთავარი ავტორიტეტი აღარ არის. ეს განვითარების ნორმაა. ამ ასაკში მოზარდის მკურნალობაზე დათანხმებას ხშირად უფრო ეფექტურად ახერხებს სხვა ავტორიტეტი: მეგობარი ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომლის აზრსაც მოცემულ პერიოდში მოზარდი მეტ პატივს სცემს.

– თვითონ მშობლებსაც ხომ არ სჭირდებათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა? თუ კი – როგორი?

– დიახ, მშობლებს სჭირდებათ იმაში გარკვევა, რას ნიშნავს ეს დაავადება, რას გულისხმობს მხარდაჭერა, როგორი მიდგომაა ადეკვატური, როგორია მოცემულობის პროპორციული რეაქცია და, შვილის თვისებებიდან გამომდინარე, რა სახით აჯობებს მისდამი თანადგომის გამოხატვა. ოჯახის წევრების კონსულტირება და მხარდაჭერა კომპლექსური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი კომპონენტია.

"კამარაში" თერთმეტი წლის განმავლობაში მოქმედებდა დამოკიდებულებითი დაავადების ინტენსიური ფსიქოთერაპიის უფასო პროგრამა. დღეს, სამწუხაროდ, აღარ მოქმედებს – დონორები არ გვყავს, საკუთარი ძალებით კი მეტი ვერ შევძელით.

მშობლებს სჭირდებათ თავდაცვითი სტრატეგიის ათვისებაც, რათა, როგორც ვთქვი, თანადამოკიდებულები არ გახდნენ. თანადამოკიდებულება ხშირად გამოიხატება არასწორი, აკვიატებული ზრუნვით, ჭარბი მეთვალყურეობით და დევნით, რაც ოჯახის სისტემაში ოჯახის წევრების როლების არაჯანსაღ ცვლილებას იწვევს და, იმავდროულად, თითქმის მთლიანად ართმევს მოზარდს დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების შანსს. მოზარდი საბოლოოდ გადადის ინფანტილურ პოზიციაში, საიდანაც თავის დაღწევა კიდევ უფრო ძნელია.

თანადამოკიდებულებას ხშირად ახასიათებს ქცევითი პატერნების კოპირება და მრავალი სხვა სპეციფიკური ქცევითი და ემოციური დარღვევის სიმპტომი, მაგრამ მათ შესახებ ვრცლად საუბარი შორს წაგვიყვანს.

ფსიქოლოგიური დახმარება

– რა კომპონენტებისგან შედგება ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა, საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება და რა წილი აქვს მასში ფსიქოთრაპიას ?

– ნარკოდამოკიდებულების და, ზოგადად, დამოკიდებულებითი დაავადებების მკურნალობამ ხელშესახები ეფექტი რომ მოგვცეს, სამი საფეხურია გასავლელი:

I. დეტოქსიფიკაცია – ფიზიკური სირთულეების გადალახვა. ტრადიციულად, ამ ეტაპზე სტაციონირებას ამჯობინებენ;

II. იმ ფსიქიკური პრობლემის (დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური შფოთვითი აშლილობა და სხვა) იდენტიფიცირება, რომელიც წინ უსწრებდა დამოკიდებულებით დაავადებას ან დამოკიდებულების კვალდაკვალ განვითარდა და თუ საჭიროა, მედიკამენტური ჩარევა ან, მსუბუქი და ზომიერად გამოხატული კონდიციის შემთხვევაში, სიმპტომზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია;

III. ინტენსიური ფსიქოთერაპია, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

1. გაცნობიერება;

2. მოტივაციის გაძლიერება;

3. სიფხიზლის შენარჩუნება;

4. ნარკოტიკთან დაკავშირებული ასოციაციების შეცვლა;

5. ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია;

6. ფხიზლად ცხოვრების დასწავლა, ცხოვრებისეული განცდების გადალახვისას თერაპევტის თანხლება და მხარდაჭერა.

ხანგრძლივი ან სამუდამო რემისია რომ დადგეს, იდეალურ შემთხვევაში, თერაპია წელიწადნახევარი უნდა გაგრძელდეს. უმეტესად შესაძლოა შედეგიანი აღმოჩნდეს 6-8 თვეც. სულ არაფერს 3-თვიანი თერაპიაც  სჯობია, მაგრამ რაც უფრო ხანმოკლეა მისი ხანგრძლივობა, მით უფრო ნაკლებად მყარია შედეგი.

– შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული წარმოდგენა, რომ ნარკოდამოკიდებულება არ იკურნება?

–  ნარკოდამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ ქრონიკულია შაქრიანი დიაბეტი, ასთმა და უამრავი სხვაც. დღეს მედიცინას შეუძლია, უზრუნველყოს სიმპტომების ალაგება და ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობა. მისი წყალობით ჩვენ ვახერხებთ, ჩვენს ქრონიკულ დაავადებებთან ერთად დიდხანს და სრულფასოვნად ვიცხოვროთ. ასევეა ნარკოდამოკიდებულებაც – მისი მართვა სავსებით შესაძლებელია, თუ მკურნალობა სრულყოფილად ჩატარდა.

პრევენცია

– ნარკოდამოკიდებულების დაძლევის შემდეგ რის გაკეთება შეუძლია მშობელს ნარკოტიკებთან შემდგომი ურთიერთობისგან შვილის დასაცავად?

– უსმინოს შვილის სურვილებს, გაითვალისწინოს მისი ინდივიდუალური შესაძლებლობები და ინტერესები, მიეხმაროს მისი სურვილების რეალიზებაში და არ მოახვიოს თავს საკუთარი მოლოდინები, ოცნებები და განუხორციელებელი მიზნები. ფსიქოთერაპევტს ამაშიც შეუძლია დახმარება. ფსიქოთერაპიის ჩვენეული მიდგომა ინტერპერსონალურ ფსიქოთერაპიასა და მშობლების კონსულტირებასაც მოიცავს.

– საზოგადოდ, როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან მოზარდების მიერ ნარკოტიკების მოხმარება? როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს თავიდანვე ჯანსაღი დამოკიდებულება მავნე ნივთიერებების მიმართ?

– რაც კაცობრიობა არსებობს, ნივთიერებებზე დამოკიდებულება არასდროს დასულა ნულამდე და ვერასდროს დავა. ჩვენ ყველა რომელიმე ნივთიერებაზე ვართ დამოკიდებული, ზოგი – ვიტამინზე, ზოგი – ბოტოქსზე, ზოგი – რომელიმე მედიკამენტზე... გარდა ამისა, არსად გამქრალა ადამიანის ოცნება ისეთ ელექსირზე, რომელიც მას ერთბაშად, ძალისხმევის გარეშე გახდის ლამაზს, ჭკვიანს, ბედნიერს... თუნდაც ცოტა ხნით. ან თუნდაც მხოლოდ ამის ილუზიას აჩუქებს. იმისთვის, რომ ილუზიების დევნაში არ გაგვეპაროს ისეთი საინტერესო მოგზაურობა, როგორიც სიცოცხლეა, გამალებული პრევენცია გვჭირდება, რათა რაც შეიძლება მეტად შევამციროთ რეალობიდან გაქცეული ადამიანების რიცხვი და რაც შეიძლება გავზარდოთ მათი, ვინც რეალობაშია ჩართული.

პრევენცია სამნაწილიანია. ერთი ნაწილია სახელმწიფოს მიერ პროფესიონალებთან ერთად სისტემურად დასახული სტრატეგია: ვალდებული ვართ, ინფორმირებული გვყავდეს მოსახლეობა, მშობლები, მოზარდები, არსებობდეს სპეციალური, ასაკობრივ აღქმას მორგებული პრევენციული პროგრამები.

მეორეა ზოგადი საზოგადოებრივი განწყობა, ქვეყნის მთლიანი ემოციური ფონი, რომლის დაგეგმვაც ყველაზე რთულია, მით უმეტეს ქვეყანაში, რომელმაც ამდენი ომი და გასაჭირი, გლოვა და ტანჯვა გადაიტანა, მაგრამ მაინც უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს, იქნებ გადაწყვეტილების დონეზე მაინც შევძლოთ ნაკლებშხამიანი გარემოს შექმნა.

მესამე – უნდა ვეცადოთ, ჩვენს შვილებს ადრეული ბავშვობიდანვე ჰქონდეთ ჯანსაღი, სიცოცხლის მიმართ ცნობისმოყვარეობით, სიმპათიით გამსჭვალული გარემო, რათა თავიდანვე ინტერესით განეწყონ რეალობის მიმართ და მისთვის ზურგის შექცევა აღარ მოისურვონ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: