რა უნდა ვიცოდეთ სტომის დახურვის შესახებ
გააზიარე:
სტომის, ნაწლავის დასაცლელი ხელოვნური ხვრელის, დახურვა უფრო მარტივი და ხანმოკლე პროცესია, ვიდრე მისი შექმნა, თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ამ პროცედურის შემდეგაც პაციენტებს განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება უწევთ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა, რომელიც სტომის დახურვის ოპერაციისთვის ემზადება? ამის გასაგებად ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა "ახალი სიცოცხლის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯაბა ბაბაევს მივმართეთ.
– რა არის ნაწლავის სტომა?
– ნაწლავის სტომა ნაწლავსა და მუცლის კედლის ზედაპირს შორის ქირურგიულად შექმნილი ხვრელია, რომლის მიზანია, ნაწლავის შიგთავსმა აღარ გაიაროს ანუსში და ნაწლავი ხელოვნური გზით დატოვოს. დროებით სტომაში შეიძლება გამოტანილი იყოს როგორც წვრილი, ისე მსხვილი ნაწლავი. პირველ ვარიანტს ილეოსტომა ეწოდება, მეორეს – კოლოსტომა.
სტომის შექმნისას უმეტესად წინასწარ არის განსაზღვრული, ის დროებითი იქნება თუ მუდმივი, თუმცა არის შემთხვევები, როცა ან თავად პაციენტი ამბობს უარს დროებითი სტომის დახურვაზე, ან ამას რაიმე ობიექტური ფაქტორი უშლის ხელს. სტომას მხოლოდ მაშინ ხურავენ, როცა ექიმი დარწმუნებულია, რომ პაციენტი ნაწლავის მოქმედების გაკონტროლებას შეძლებს.
– როგორ ადგენენ ამას?
– ვიდრე სტომა დაიხურება, ნაოპერაციები ნაწლავის მდგომარეობისა და ანალური სფინქტერის კუნთების ფუნქციობის შესაფასებლად ტარდება რამდენიმე გამოკვლევა:
* რექტალური გასინჯვა – სფინქტერის კუნთების ძალისა და დეფეკაციის კონტროლის უნარის შესამოწმებლად;
* კომპიუტერული ტომოგრაფია – იმის გასარკვევად, ჩაბრუნებულ ნაწლავს რამე სხვა პათოლოგია ხომ არ შეუქმნის საფრთხეს;
* რენტგენოლოგიური გამოკვლევა კონტრასტული ოყნის ფონზე – იმის შესამოწმებლად, რამდენად სრულფასოვანია ნაწიბური – ხომ არ ჟონავს სითხე წინა ოპერაციის დროს გადაკერილი ადგილიდან;
* სიგმოიდოსკოპია ილეოანალური ანასტომოზის – წვრილი ნაწლავისგან ხელოვნურად შექმნილი იმ რეზერვუარის შესაფასებლად, რომელშიც განავალი უნდა დაგროვდეს.
* სხვა გამოკვლევები – პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად.
რამდენ ხანში
– სტომის დახურვის ვადა დამოკიდებულია პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე, ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაზე, თავდაპირველი ოპერაციის მიზეზზე. მაგალითად, თუ ნაწლავის გამოტანა კიბოს მკურნალობამ მოითხოვა, სტომის შექმნის შემდეგ ჩატარებული ქიმიოთერაპია კიდევ დაახლოებით ექვსი კვირით გადაავადებს მის დახურვას.
სტომის დახურვის მინიმალური ვადა ექვსი კვირაა, თუმცა ეს დრო ყოველთვის არ არის საკმარისი. ოპტიმალურად მიიჩნევა 3-12 თვე, უმეტესად კი სტომას ექვსი თვის შემდეგ ხურავენ. რაც უფრო მეტი დროა გასული პირველი ოპერაციიდან, მით უფრო მტკიცე ხდება ნაწიბუროვანი ქსოვილი, მუცლის ღრუში ან სტომის ადგილზე არსებული შეშუპებაც ბოლომდე ცხრება და შედეგიც უკეთესია.
ოპერაცია
– სტომის დახურვა ტექნიკურად არ არის ისეთი რთული, როგორც მისი შექმნა. ამას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. ოპერაცია ტარდება ლაპაროსკოპიულად ან ღია წესით. ნაწლავის ორი ბოლო ერთმანეთზე მიეკერება და კანზე არსებული სტომის ხვრელი დაიხურება. მის ადგილას მცირე ჭრილობა რჩება. იშვიათად ქირურგს შესაძლოა დასჭირდეს თავდაპირველი ოპერაციის შედეგად დატოვებული ჭრილობის ხელახლა გახსნა. ვინაიდან მუცლის კედელზე ისევ კეთდება ჭრილობა, ოპერაციის შემდეგ პაციენტი უნდა ერიდოს მოძრაობებს, რომლებიც მუცლის კუნთების დაძაბვას მოითხოვს (სიმძიმეების აწევას, მოხრას). შესაძლოა, სტომის დახურვასთან ერთად საჭირო გახდეს მისი რომელიმე გართულების, მაგალითად, თიაქრის, მკურნალობაც.
– როგორ ამზადებენ პაციენტს ოპერაციისთვის?
– ოპერაციამდე ტარდება საჭირო გამოკვლევები, ოპერაციაზე კი პაციენტი უნდა მივიდეს უზმოდ. წინა დღეს ნაწლავებს საფაღართო საშუალებებით წმენდენ. იმავე დღეს შეიძლება მსუბუქად ჭამა. სასურველია, ოპერაციამდე პაციენტი ექიმს ან ექთანს გაესაუბროს, დაუსვას ყველა შესაძლო კითხვა, რათა ოპერაციის შემდგომი პერიოდის შესახებ რეალისტური მოლოდინი ჰქონდეს. კარგი იქნება, თუ გაესაუბრება იმ ადამიანებსაც, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა.
ოპერაციის შემდეგ
– მიუხედავად იმისა, რომ სტომის დახურვა შედარებით მარტივი ოპერაციაა, მის შემდეგ პაციენტს მაინც შეაწუხებს ტკივილი და დისკომფორტი, დაახლოებით ისეთი შეგრძნებები, როგორსაც იწვევს სისხლჩაქცევა და შებერილობა. დროთა განმავლობაში დისკომფორტი შემცირდება, მაგრამ მანამდე პაციენტს სახლშიც მოუწევს ტკივილგამაყუჩებლების მიღება.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტს თავდაპირველად მხოლოდ სითხეს აძლევენ, ხოლო ერთი-ორი დღის შემდეგ მცირე ულუფებით უმატებენ თხევად ცილოვან საკვებს. თუ პაციენტის მდგომარეობა ყოველმხრივ დამაკმაყოფილებელია, 3-5 დღის შემდეგ სახლშიც გაწერენ.
სასურველი საკვები
– თავდაპირველად პაციენტმა უნდა ჭამოს ხშირად და ცოტ-ცოტა, დაბალბოჭკოვანი და ადვილად მოსანელებელი საკვები. ასეთია:
* ფრინველის, საქონლის, ღორის ხორცი (რბილი ან გატარებული), კვერცხი;
* ხილის წვენები რბილობის გარეშე, ბანანი, ავოკადო, გახეხილი ვაშლი, მსხლის, ატმის, ვაშლის ჯემი, ნესვი;
* კარგად მოხარშული ან დაკონსერვებული ბოსტნეული თესლისა და კანის (ქერქის) გარეშე, პომიდვრის პასტა, ბოსტნეულის წვენი;
* რძე, მაწონი, კეფირი, ყველი, იოგურტი, ხაჭო;
* თეთრი ბრინჯი, მაკარონი, თეთრი პური, მშრალი, უკრემო ნამცხვარი ჩირისა და თხილის ჩანართების გარეშე (გალეტი, ბისკვიტი, ორცხობილა, კექსი), ნაყინი, ჟელატინი, მარშმელოუ, ჩიფსები;
* დაფქული სანელებლები, მწვანილი, მარილი;
* შაქარი, თაფლი, მაიონეზი, მდოგვი, სოიის სოუსი, ზეთი, კარაქი, მარგარინი.
რეკომენდებულია დღეში რვა ჭიქა სითხის მიღება (შეკრულობის შემთხვევაში – მეტისაც). თუ რომელიმე საკვებმა პრობლემები, მაგალითად, დეფეკაციის გახშირება გამოიწვია, პაციენტმა რამდენიმე ხნით უნდა შეწყვიტოს მისი მიღება და შემდეგ კვლავ მოსინჯოს.
არასასურველი საკვები
– ოპერაციის შემდეგ პირველი ორი კვირა უნდა შეიზღუდოს ხილისა და ბოსტნეულის მიღება, ნებისმიერი საკვებისა, რომელსაც კუჭისა და ნაწლავების გაღიზიანება შეუძლია. ასეთია:
* ზოგიერთი ხილი (ფორთოხალი, ლიმონი, გრეიპფრუტი, მარწყვი);
* ბოსტნეული, რომელსაც შეუძლია, აირების დაგროვება გამოიწვიოს (ლობიო, ნებისმიერი სახეობის კომბოსტო, მცენარის ღივები, ხახვი);
* გოგრა, სიმინდი, ქერქიანი კარტოფილი, მწნილი;
* ახალი ხილი, რბილობის შემცველი ხილის წვენი, ჩირი;
* თხილეული, თესლეული და მათი შემცველი ნებისმიერი პროდუქტი;
* მთლიანი მარცვლეული და მისი ნაწარმი;
* ცხარე საკვები;
* მთლიანი მარცვლების (წიწაკის, ქინძის თესლის და სხვა) შემცველი სანელებლები;
* გაზიანი სასმელები, განსაკუთრებით ლუდი.
ოპერაციის შემდეგ ანტიბიოტიკების, საანესთეზიო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამო პაციენტს შესაძლოა დროებით შეეცვალოს გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, მაგრამ მალევე აღუდგება.
მოძრაობა და ვარჯიში
– ძალიან მნიშვნელოვანია, ოპერაციის შემდეგ პაციენტმა რაც შეიძლება მალე დაიწყოს სიარული. ეს ხელს შეუწყობს ნაწლავების გააქტიურებას და საერთო ჯანმრთელობის აღდგენას. იმავე ან მეორე დღეს ვიწყებთ პაციენტის გააქტიურებას და 2–3 დღეში, როგორც კი დეფეკაცია ეწყება, ბინაზე ვწერთ.
ოპერაციის შემდეგ დაღლილობის შეგრძნება ნორმალურია. ძალების აღდგენას დრო სჭირდება, ამიტომ დატვირთვა, მაგალითად, სიარულის დროს გასავლელი მანძილი, თანდათანობით უნდა გაიზარდოს. მსუბუქი ყოველდღიური ვარჯიში რეაბილიტაციას აჩქარებს. თუ ადამიანი სპორტს მისდევს ან ინტენსიური დატვირთვა უწევს, სულ მცირე, ექვსი კვირის შემდეგ უნდა განაახლოს მინიმალური დატვირთვით, რომელსაც თანდათანობით გაზრდის.
– რამდენ ხანს უნდა ერიდოს სიმძიმეების ეწევას?
– ოპერაციიდან, სულ მცირე, ორი კვირის განმავლობაში პაციენტმა საერთოდ არ უნდა ასწიოს მძიმე. ყველაზე დიდი, რისი აწევაც შეუძლია, ნახევრად სავსე ჩაიდანია. მომდევნო ექვსი კვირაც უნდა მოერიდოს მძიმის აწევას, რადგან მუცლის კუნთების ზედმეტად დატვირთვამ შესაძლოა სტომის ადგილას თიაქარი გააჩინოს.
დეფეკაცია
– ოპერაციიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ნაწლავთა მოქმედება შესაძლოა არასტაბილური იყოს. თავდაპირველად დეფეკაცია უფრო ხშირია – დღეში ოთხი და მეტი – და განავალიც თხელია. შესაძლოა, პაციენტი შეაწუხოს ნაწლავის სასწრაფოდ დაცლის მოთხოვნილებამ, დისკომფორტმა ან ტკივილმა დეფეკაციის დროს, განავლის შეუკავებლობამ, რადგან მენჯის ფსკერის კუნთები და ანალური სფინქტერი დასუსტებულია.
შეკავების აღსადგენად საჭიროა მენჯის ფსკერის კუნთების გავარჯიშება. ვარჯიშები უნდა შესრულდეს დღეში, სულ მცირე, ხუთჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ კუნთების შესაგრძნობად პაციენტმა უნდა წარმოიდგინოს, რომ იკავებს შარდვას და აირებს. კუნთები ზედიზედ რამდენჯერმე უნდა შეკუმშოს. არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტი დგას, წევს თუ ზის.
თხელმა განავალმა შესაძლოა გააღიზიანოს ანუსის მიდამოს კანი. ტკივილის თავიდან ასაცილებლად სასურველია ნაწლავის ყოველი მოქმედების შემდეგ ამ მიდამოს თბილი წყლით დაბანა და შემშრალება. კარგია რომელიმე ბარიერული კრემის (თუნდაც ვაზელინის ან სუდოკრემის) გამოყენებაც – ის კანს დაიცავს და პრობლემებს შეამცირებს.
სხვა რეკომენდაციები
– სტომის ადგილას ჭრილობა მშრალად და სუფთად უნდა შევინარჩუნოთ. პირველ ხანებში შეიძლება მისი გადახვევა. თუ ინფექციის ნიშნები – ჭრილობის ირგვლივ სიწითლე ან გამონადენი გაჩნდა, უნდა ვაცნობოთ ექიმს.
ავტომობილის მართვა შეიძლება, როგორც კი პაციენტი შეძლებს სრულად კონცენტრირებას და სწრაფად დამუხრუჭებას მუცლის არეში დისკომფორტის გარეშე. ამას ორი კვირა მაინც სჭირდება.
პაციენტს შეუძლია, დაბრუნდეს სამსახურში, როგორც კი ამისთვის მზად იქნება, მაგრამ სასურველია, რამდენიმე კვირა ნახევარ განაკვეთზე იმუშაოს. თუ სიმძიმეების აწევა უწევს, სამსახურში დაბრუნება მინიმუმ ექვსი კვირა არ არის რეკომენდებული.
ოპერაციის გამო გადატანილი სტრესი ხშირად ასუსტებს სექსუალურ სურვილს. ეს ნორმალურია და დროთა განმავლობაში გაივლის.
შესაძლო გართულებები
– სტომის დახურვას, ისევე, როგორც ყველა სხვა ოპერაციას, თან ახლავს რისკებიც: შესაძლოა, განვითარდეს ღრმა ვენის თრომბოზი, ფილტვების ანთება, საშარდე გზების ინფექცია, ჭრილობის ინფექცია, ოპერაციის ადგილიდან სისხლდენა...
რაც შეეხება ოპერაციის არასასურველ თანმხლებ მოვლენებს, ესენია:
* ნაწლავის გაუვალობა – ემართება 8-დან დაახლოებით 1 პაციენტს პერისტალტიკის (ნაწლავის მოძრაობის) შეფერხების გამო. გაუვალობის ძირითადი მიზეზია ნაწლავის შეშუპება ოპერაციით გამოწვეული სისხლჩაქცევების შედეგად. რამდენიმე დღის შემდეგ ნაწლავი ნორმალურად ამუშავდება და ანუსიდან გაატარებს აირებსა და ფეკალურ მასებს.
გაუვალობის სიმპტომები მუდმივი ან გარდამავალია, იმის მიხედვით, ნაწლავი ნაწილობრივ არის დაბლოკილი თუ მთლიანად. ეს სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება. ნაწლავის დასვენება უმეტესად საკმარისია, რომ 48-72 საათის განმავლობაში გაუვალობა მოიხსნას, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება პაციენტის საავადმყოფოში დაბრუნება და მკურნალობის ჩატარება.
* ფაღარათი – თავდაპირველად ნაწლავი გამართულად ვერ იმუშავებს, მით უმეტეს – როცა გრძელი ნაწილია ამოკვეთილი, რაც შიგთავსის სწრაფად გადაადგილებას და დიარეას იწვევს. ზოგს მხოლოდ 2-3 დღე აქვს თხელი განავალი, მერე კი დეფეკაცია ჩვეულ სახეს იღებს. ბევრს ფეკალური მასა ოპერაციიდან 6 თვეც არ უმყარდება. გახშირებული დეფეკაციისა და თხელი განავლის დროს ადამიანს ეხმარება დიეტა და ექიმის დანიშნული შემკვრელი საშუალება.
* დეფეკაციის გახშირება და გადაუდებელი დეფეკაციის მოთხოვნილება – პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში დეფეკაცია შესაძლოა არასტაბილური იყოს, პაციენტს ხშირ-ხშირად და სასწრაფოდ უნდებოდეს ნაწლავების დაცლა. ასეთი რამ უფრო მათთან შეინიშნება, ვისაც ჩაუტარდა ნაწლავის ჩაბრუნება წინა დაბალი რეზექციის შემდეგ (ეს ნიშნავს, რომ ნაწლავების გადაბმის ადგილი უფრო ახლოსაა ანუსთან) ან რადიოთერაპიული მკურნალობა მენჯის არეში.
* გაჟონვა – არსებობს ძალიან მცირე (ასიდან ერთი) ალბათობა იმისა, რომ სტომის დახურვის შემდეგ პირველი ოპერაციის დროს შექმნილი ანასტომოზიდან ნაწლავის შიგთავსმა გაჟონოს. მეორე ოპერაციამდე ამის შესაძლებლობას გამორიცხავენ კონტრასტული ოყნით. გაჟონვა იშვიათად არის ძლიერი, უმეტესად საავადმყოფოშივე გამოვლინდება და იქვე გვარდება. თან ახლავს მუდმივი ტკივილი მენჯის არეში, ცხელება და ლეთარგია.
* ფისტულაც იშვიათი გართულებაა. ეს არის მილის მსგავსი პათოლოგიური შეერთება, უმეტესად – ნაწლავიდან კანის ზედაპირამდე. შესაძლოა, ის მკურნალობის გარეშეც შეხორცდეს. თუ რამდენიმე თვეში არ დაიხურა, ტარდება ოპერაცია.
* კიდევ ერთი იშვიათი გართულებაა თიაქარი – ნაწლავის გამობურცვა მუცლის კედელში, კანქვეშ, სტომის ადგილას. მისი განვითარების ალბათობა უფრო დიდია, თუ პაციენტს აქვს დიდი მუცელი, ხანდაზმულია, გადაუტანია თიაქარი ან ოპერაციის შემდგომ პირველ კვირებში ფიზიკურად ზედმეტად დაიტვირთა. თიაქრების უმეტესობა ოპერაციიდან ორი წლის განმავლობაში ვითარდება. წოლის დროს გამობურცულობა მცირდება, ჯდომისა და დგომის დროს იმატებს. ის, წესისამებრ, დამხმარე ქამრით კონტროლდება, თუმცა შესაძლოა, ქირურგიული ჩასწორებაც გახდეს საჭირო.
მარი აშუღაშვილი