აეროგრილი – საფრიტიურეს საუკეთესო ალტერნატივა

გააზიარე:

აეროგრილმა ნელ-ნელა ჩაანაცვლა ეგრეთ წოდებული ფრიტიურის აპარატი. თუ ამ უკანასკნელში საკვები ცხელი ზეთის აბაზანაში იბრაწება, აეროგრილს ზეთი საერთოდ არ სჭირდება ან 1-2 კოვზიც ჰყოფნის, ამიტომ  მასში მომზადებული კერძი გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე საფრიტიურეში მომზადებული.

მაშ, რატომ ვამჯობინებთ აეროგრილს?

რა არის და როგორ მუშაობს

აეროგრილი, ერთი შეხედვით, ძალიან  ჰგავს ელექტროღუმელს. ის იმავე პრინციპით მუშაობს, რომლითაც ღუმელი კონვექციურ რეჟიმში, თუმცა მისი კომპაქტურობის წყალობით ცხელი ჰაერი უფრო ახლოდან უბერავს საკვებს, ამიტომ ხორცი და ბოსტნეული კარგად იბრაწება გარედან, შიგნიდან კი ნაზი და წვნიანი რჩება.

ჰაერს აეროგრილში დამონტაჟებული სპირალი  აცხელებს. უმჯობესია, გრილი წინასწარ გაახუროთ, რომ საჭმლის მოსამზადებელ კამერაში თავიდანვე საჭირო ტემპერატურა იყოს. თანაბარი ტემპერატურის შესანარჩუნებლად აეროგრილი თერმოსტატს იყენებს.

ჰაერი, როგორც კი საჭირო ტემპერატურამდე გაცხელდება, ვენტილატორის დახმარებით იწყებს ცირკულაციას, რაც სითბოს სწრაფ და თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს.

ჰაერის ნაკადის სწრაფი მიმოქცევისა და კამერის მცირე ზომის წყალობით საკვები სწრაფად მზადდება. თუ მომზადებამდე 1-2 სუფრის კოვზ ზეთსაც დაუმატებთ, კიდევ უფრო ხრაშუნა და მადის აღმძვრელი ზედაპირი ექნება.

ზოგიერთ მოდელს აქვს ორი საჭმლის მოსამზადებელი კამერა, რომლებშიც ერთდროულად ორი სხვადასხვა კერძის მომზადებაა შესაძლებელი.

აეროგრილის უპირატესობები

სისწრაფე: აეროგრილი გაცილებით სწრაფია, ვიდრე, მაგალითად, ღუმელი. ღუმლის სათანადოდ გახურებას შესაძლოა 30 წუთიც დასჭირდეს, ხოლო აეროგრილი სასურველ ტემპერატურას რამდენიმე წუთში აღწევს. მაგალითად, კარტოფილი ფრის ღუმელში მომზადებას 40-45 წუთი სჭირდება, აეროგრილში – 15-20 წუთი.

მრავალფეროვნება: აეროგრილში მრავალნაირი კერძის მომზადება შეიძლება, წვნიანით დაწყებული, ნამცხვრით დამთავრებული.

სუნის არარსებობა: როცა ხორცი თუ ბოსტნეული ცხიმში იწვება, სამზარეულოში დგება მძაფრი, ხშირად არასასიამოვნო სუნი, აეროგრილში მომზადებისას კი სუნი გარეთ ნაკლებად გამოდის.

წმენდის სიმარტივე: აეროგრილი საფრიტიურეზე ადვილად იწმინდება. რაკი ცხიმს არ ვიყენებთ (ან გაცილებით ნაკლებს ვიყენებთ), ზოგჯერ სველი ტილოთი გაწმენდაც საკმარისია.

საკვების სიჯანსაღე: აეროგრილში მომზადებულ საკვებს თითქმის არ სჭირდება ცხიმი, ამიტომ უფრო ჯანსაღი და დაბალკალორიულია.

რის მომზადება შეიძლება აეროგრილში

აეროგრილი შეგვიძლია პატარა ღუმელივით გამოვიყენოთ. მასში შესაძლებელია არა მხოლოდ ფრის მომზადება, არამედ ხორცის შეწვაც. ამგვარად მომზადებული ხორცი, როგორც გითხარით, არაფრით ჩამოუვარდება ტრადიციული მეთოდით მომზადებულს, შიგნით წვნიანი და ნაზია, გარედან კი სასიამოვნოდ ხრაშუნა, თანაც ძალიან გემრიელი. იგივე ითქმის თევზსა და ბოსტნეულზეც.

აეროგრილში პურის, პიცის და ნამცხვრის გამოცხობაც კი შეიძლება, თუმცა ამისთვის შესაბამისი  აქსესუარებიც დაგჭირდებათ.

რა გავითვალისწინოთ შეძენისას

სიმძლავრე

სიმძლავრე აეროგრილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო სწრაფად მზადდება კერძი.

აეროგრილების უმეტესობას  1400-დან 2500 ვატამდე სიმძლავრე აქვს.  დიდ მოდელებს, მაგალითად, ისეთებს, რომელთა მოცულობა 4 ლიტრი და მეტია, 2000 ვატზე ნაკლები სიმძლავრე არ უნდა ჰქონდეს. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს მოწყობილობა.

მოცულობა

ყურადღება მიაქციეთ ტევადობასაც. მწარმოებლები მოცულობას  ლიტრებში მიუთითებენ. ორიდან ოთხ ლიტრამდე ტევადობის აეროგრილი მცირე მოდელად მიიჩნევა, ექვს– და მეტლიტრიანი – დიდად. ერთ– და ორკაციანი ოჯახებისთვის ორლიტრიანი აეროგრილი საკმარისია, დიდი ოჯახისთვის კი დიდის შეძენა ჯობია.

იმაზეც იფიქრეთ,  ყოველდღე გამოიყენებთ მას თუ მხოლოდ სტუმრიანობის დროს. ზოგჯერ დიდი მოდელი უფრო მოხერხებულია, ზოგჯერ კი პირიქით. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ რაც უფრო დიდია აეროგრილი, მით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ტემპერატურა

საკვები კარგად რომ დაიბრაწოს და იხრაშუნოს, აეროგრილი, სულ მცირე, 200 გრადუსამდე უნდა გაცხელდეს. ასე რომ, შეძენისას ტემპერატურის მაჩვენებელიც გაითვალისწინეთ. შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომელსაც ტემპერატურის დიაპაზონი 80-დან 200 გრადუსამდე ექნება.

პროგრამები და უსაფრთხოება

პროგრამების მრავალფეროვნება აეროგრილის მაღალ კლასზე მეტყველებს. პროგრამები საშუალებას გვაძლევს, მარტივად და სწრაფად მოვამზადოთ კერძი ყოველგვარი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. მოდელების უმეტესობას აქვს პროგრამები ხორცის, ბოსტნეულის, გაყინული ნახევარფაბრიკატების მოსამზადებლად.

შეძენამდე გაარკვიეთ, აქვს თუ არა აეროგრილს ცხობის, წვის, გახუხვის, ხარშვის ფუნქციები, თუმცა შესაძლოა, ყველა მათგანი სულაც არ გჭირდებოდეთ. იგივე ეხება დამატებით ფუნქციებსაც, მაგალითად, ტაიმერს. მისი მეშვეობით მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება ან წრიპინით გამცნობთ, რომ კერძის მომზადება დასრულდა.

აეროგრილს შესაძლოა ჰქონდეს სითბოს შენარჩუნების ან  წინასწარ გახურების ფუნქციაც, თუმცა თანამედროვე მოდელები ისე სწრაფად ცხელდება, რომ ეს ფუნქცია აღარ სჭირდება.

ერთი სიტყვით, დამატებითი ფუნქციები ნამდვილად პრაქტიკულია, თუმცა ყოველთვის არ არის საჭირო, ფასს კი საგრძნობლად ზრდის, ამიტომ უმჯობესია, შეძენამდე კარგად მოიფიქროთ, რა გინდათ.

გაცილებით მნიშვნელოვანია ყურადღება უსაფრთხოების მახასიათებლების მიმართ –როგორიცაა, მაგალითად, გადახურებისგან დაცვის მექანიზმი, ავტომატური გამორთვის სისტემა ან მოცურების საწინააღმდეგო ფეხები.

მართვის პანელი

მოწყობილობის ჩართვა-გამორთვა, პროგრამისა თუ ტემპერატურის შერჩევა ღილაკების ან სენსორის საშუალებით ხდება. სენსორიანი მოდელები უფრო მოხერხებულია, თანაც ადვილი გასაწმენდი. მოდელების უმრავლესობას დისპლეიც აქვს, რომელზეც ყოველგვარი ინფორმაცია აისახება.

მასალა

აეროგრილის კალათაც და კამერაც ხარისხიანი მასალისგან, მაგალითად, უჟანგავი ფოლადისგან უნდა იყოს დამზადებული. კალათასა და ცხაურს ხარისხიანი საფარი უნდა ჰქონდეს, რომ საკვები არ მიიწვას. კორპუსი სითბოსადმი მდგრადი უნდა იყოს და კერძის მომზადების პროცესში არ ცხელდებოდეს.

ფანჯარა

ზოგიერთ მოდელს აქვს პატარა ფანჯარა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მომზადების პროცესს თვალი ადევნოთ.

აქსესუარები

ძვირიან მოდელებს მოჰყვება აქსესუარების სრული კომპლექტი: ზეთის ჭურჭელი სასხურებლით, საცხობი ფორმები, სხვადასხვა ტიპის ცხაური, პიცის თეფში, კარტოფილის საჭრელი, ხორცის ამოსაღები და სხვა.

ხმაურის დონე

თანამედროვე მოწყობილობები შედარებით ჩუმად მუშაობს, თუმცა სიმძლავრის დონის მატებასთან ერთად ხმაურის დონეც იზრდება. მისაღები მაჩვენებელია 45-65 დეციბელი.

როგორ გავწმინდოთ

თანამედროვე მოწყობილობების უმეტესობა ადვილად იწმინდება. მთავარია, რეგულარულად წმინდოთ, იდეალურ შემთხვევაში – ყოველი გამოყენების შემდეგ. ეს ხელს შეუშლის მიკრობების გამრავლებას და საკვებიც გემოს შეინარჩუნებს.

კალათა, რომელშიც საკვები მზადდება, იხსნება და ჩვეულებრივ ირეცხება ჭურჭლის სარეცხი საშუალებითა და რბილი ქსოვილით. რომ არ დაიკაწროს, ნუ გამოიყენებთ აგრესიულ საწმენდ საშუალებებს და უხეშ ღრუბელს. დაკაწრული ზედაპირი საკვებს ადვილად მიიწვავს.

შესაძლოა, ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც ირეცხებოდეს – ამის გასაგებად ყურადღებით წაიკითხეთ დართული ინფორმაცია.

არ დაგავიწყდეთ თავად კორპუსის გაწმენდა. გაწმენდამდე შეამოწმეთ, ხომ ნამდვილად გამორთულია მოწყობილობა დენის წყაროდან და გაგრილებულია. კორპუსი კარგად გაწურული სველი ტილოთი გაწმინდეთ, ბოლოს გაამშრალეთ. 

რჩევები

* გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანით მწარმოებლის ინსტრუქციას.

* კარგად გაწმინდეთ ახალი მოწყობილობა, რათა საწარმოდან გამოყოლილი მავნე მიკრონაწილაკები საკვებს არ შეერიოს.

* დიდხანს რომ გაძლოს, კარგად გაწმინდეთ ყოველი გამოყენების შემდეგ.

* ზეთი, უმჯობესია, პულვერიზატორით ასხუროთ საკვებს. ასე მისი დოზირებაც უფრო ადვილია და უკეთესადაც განაწილდება საკვების ზედაპირზე.

* ხორცი მეტისმეტად რომ არ გამოშრეს, მაქსიმუმ 180°ჩ-ზე მოამზადეთ, ფრის მომზადება კი 190 – 200 °ჩ-ზეც შეიძლება.

* ტემპერატურამ საკვებში თანაბრად რომ შეაღწიოს, დროდადრო ამოურიეთ.

* ცხიმიანი საკვებისთვის უმჯობესია საცხობი ქაღალდი გამოიყენოთ – ამის შემდეგ აეროგრილი უფრო ადვილად გაიწმინდება.

* მომზადებისთვის განკუთვნილი დრო რომ ამოიწურება, ყოველთვის შეამოწმეთ, მზად არის თუ არა საკვები.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: