ლაქტაციის დასრულება

გააზიარე:

ბავშვის ძუძუდან მოშორება ადრე თუ გვიან ყველა დედას უწევს. ზოგისთვის ეს დღე, გარემოებათა გამო, ადრე დგება, ზოგი ერთი წლის ასაკს მიიჩნევს ლაქტაციის დასრულებისთვის საუკეთესო დროდ, ზოგი კი ორ-სამ წლამდეც აწოვებს ძუძუს. ხდება ისეც, რომ ქალს ერთბაშად, დაუგეგმავად უწევს ლაქტაციის შეწყვეტა, რაც ხშირად დიდ სტრესთან არის დაკავშირებული.

ძუძუთი კვების ხანგრძლივობა და მისი შეწყვეტის გარემოებები დიდ გავლენას ახდენს როგორც მშობლის, ისე შვილის ემოციურ მდგომარეობაზე. მიიჩნევა, რომ რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ეჯაჭვება დედას და ლაქტაცია მისთვის არა მარტო კვების, არამედ დამშვიდების საშუალებადაც იქცევა, ამიტომ ერთ წელს გადაცილებული ბავშვის ძუძუდან მოცილება გაცილებით რთულია.

ასეა თუ ისე, ლაქტაციის შეწყვეტას თან ახლავს ცვლილებები და სასურველია, ქალი შეძლებისდაგვარად მომზადებული დახვდეს მათ.

ემოციური ფონი

ძუძუთი კვების დროს დედასა და შვილს შორის განსაკუთრებული კავშირი მყარდება. ამ პროცესის დასრულება ქალში ძლიერ ემოციებს იწვევს. თავს იჩენს დანაშაულის, შიშის, მარტოობის, არასრულფასოვნების განცდა. დედას ეშინია, რადგან ახსოვს, რომ მაღალი სიცხის დროს პატარა მხოლოდ ძუძუს წოვდა. ახლა რაღას იზამს? როგორ დაამშვიდებს აღელვებულ ბავშვს? იქნებ ადრეა და ჯერ მზად არ არის ამისთვის? იქნებ დიდ ემოციურ ზიანს აყენებს შვილს? უეცრად გამოღვიძებულს, როგორღა ჩააძინებს? მანქანაში გაჭირვეულებულს, როგორ გააჩერებს ძუძუს გარეშე?

ძუძუთი კვება მხოლოდ ბავშვისთვის კი არ არის სასარგებლო, არამედ გამოუვალ სიტუაციებში დედისთვისაც მისწრებაა. რა გასაკვირია, რომ ამ კომფორტს მიჩვეულ ქალს უჭირს ძუძუს წოვებაზე უარის თქმა. მაგრამ გავა ხანი და დაინახავთ, რომ შვილთან ემოციური კავშირი არ დაკარგულა, უბრალოდ ფორმა იცვალა. ჩახუტებით, მოფერებით, სიმღერით ძილის შებრუნება შესაძლებელია, მანქანაში თამაშით გართობაც არ არის რთული, ავადმყოფობის დროს კი ალერსი და სიახლოვეა ის, რაც პატარას თავს კომფორტულად აგრძნობინებს.

ბევრი დედისთვის, განურჩევლად იმისა, რამდენად სასიამოვნო იყო ლაქტაციის პროცესი, მისი დასრულება მაინც შვების მომგვრელია, რადგან აღარ გიწევს სპეციალური ბიუსტჰალტერის ტარება, სხვასაც შეუძლია, პატარას აჭამოს და დაამშვიდოს, ჩნდება შეგრძნება, რომ ნელ-ნელა უბრუნდები საკუთარ თავს, შეგიძლია, მეგობრებთან, ვახშამზე, ღვინო ისე დალიო, რომ სინდისმა არ შეგაწუხოს, გამუდმებით აღარ შეამოწმებ, შეიძლება თუ არა ლაქტაციის პერიოდში ამა თუ იმ წამლის, საცხის, თმის საღებავის გამოყენება.

თუ მეტი შვილის ყოლას აღარ აპირებთ, ბავშვის ძუძუდან მოშორება შესაძლოა ემოციურად განსაკუთრებით მძიმე იყოს თქვენთვის, რადგან გეცოდინებათ, რომ ეს აღარ გამეორდება. რაკი ასეა, ბოლომდე დატკბით პროცესით და ნელ-ნელა, რაც შეიძლება ნაკლებსტრესულად დაასრულეთ ძუძუთი კვება.

ხდება ისეც, რომ დედა ჯერ არ აპირებს ლაქტაციის დასრულებას, მაგრამ მყარი კვების დაწყების შემდეგ ბავშვი თვითონვე ამბობს ძუძუზე უარს. ასეთ დროს ქალი განსაკუთრებით ემოციური ხდება, რადგან შვილის ძუძუდან მოშორებას ჯერ არ გეგმავდა, ახლა კი თავს უსარგებლოდ, მარტოსულად გრძნობს.

შეხედეთ საკითხს მეორე მხრიდან. ძუძუსთვის თავის დანებება ბავშვის განვითარების ბუნებრივი ეტაპია და უნდა გიხაროდეთ, რომ თქვენმა შვილმა ის ასე მარტივად გადალახა.

ჰორმონული ცვლილებები

ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ ზოგიერთი ქალი უჩივის სევდიანობას, შფოთვას, უძილობას, ბრაზის შეტევებს, ემოციურ არასტაბილურობას. შესაძლოა, მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც დაბრუნდეს. ყველაფერი ეს განპირობებულია იმ ჰორმონული ცვლილებებით, რომლებთან შეგუებაც თქვენს სხეულს უწევს, რათა რძის გამომუშავებას უკლოს, საბოლოოდ კი შეწყვიტოს.

ქალის ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორ ჰორმონზე – პროლაქტინსა და ოქსიტოცინზე. ძუძუს წოვების დროს ძუძუსთავებიდან წასული ნერვული იმპულსები გადაეცემა ჰიპოფიზს – თავის ტვინის იმ ნაწილს, სადაც პროლაქტინი გამომუშავდება. სწორედ ეს ჰორმონი ასრულებს გადამყწვეტ როლს რძის წარმოქმნაში. მისი გავლენით მწიფდება სარძევე ჯირკვლების უჯრედები და სითხე რძედ იქცევა.

ძუძუს წოვების დროს ოქსიტოცინი გამოიყოფა. ამ ჰორმონის გავლენით იკუმშება სარძევე ჯირკვლის უჯრედები და რძე ჯირკვლებიდან სადინარებში გადადის.

სწორედ ამ ორი ჰორმონის დამსახურებაა, რომ როცა ბავშვს ძუძუთი ვკვებავთ, თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობთ. ლაქტაციის დასრულებასთან ერთად მათი დონეც იკლებს, რაც ქალის განწყობაზეც აისახება.

ამრიგად, თუ ლაქტაციის დასრულება დაგეგმილი გქონდათ და ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მაგრამ მაინც დეპრესიული განწყობა გაქვთ, იცოდეთ, რომ დიდი შანსია, ეს ჰორმონული ცვლილებების ბრალი იყოს. ჰორმონები თანდათან მწყობრში ჩადგება და ემოციური ფონიც ნელ-ნელა დასტაბილურდება. 

ფიზიკური მდგომარეობა

თუ რძე გაწუხებთ, გამოიწველეთ მხოლოდ იმდენი, რომ დისკომფორტი შეგიმსუბუქდეთ. გახსოვდეთ, თუ რძის გაშრობა გადაწყვიტეთ, სარძევე ჯირკვლების ზედმეტი სტიმულაცია არ შეიძლება – ორგანიზმი სიგნალს მიიღებს და რძის გამომუშავებას განაგრძობს.

თუ მკერდი გადაგევსოთ და გაგიმაგრდათ ან სიცხემ აგიწიათ, აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს, რათა მიიღოთ სათანადო რჩევა-დარიგება, დროულად მიხედოთ პრობლემას და გართულებები თავიდან აიცილოთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: