გადაჭარბებული მიჯაჭვულობა

გააზიარე:

მიჯაჭვულობა ორი ადამიანის ძლიერი ემოციური ურთიერთკავშირია, რომელიც მაშინაც კი არ წყდება, როცა ეს ადამიანები ერთმანეთს შორდებიან. მიჯაჭვულობის ობიექტისგან განშორება დიდი სტრესია პატარა ბავშვისთვის – ის შფოთავს, რადგან სხვა ადამიანების იმედი არ აქვს.

ბავშვები, წესისამებრ, ძირითად მზრუნველს ეჯაჭვებიან – მას, ვინც არ იშურებს სითბოს, სიყვარულს, აცმევს, ბანს, კვებავს. ეს ადამიანი უმეტესად დედაა. მას შემდეგ, რაც ცოცვას ან სიარულს ისწავლის, თავისი მიჯაჭვულობის ობიექტს ბავშვი აღიქვამს როგორც ბაზას, რომელსაც შეუძლია გარკვეული მანძილით დაშორდეს, რათა გარემო გამოიკვლიოს, მაგრამ მერე უკანვე, მასთან დაბრუნდეს. თუ ეს ბაზა მისი თვალთახედვის არიდან გაქრა, ბავშვი შფოთავს.

სამ წლამდე დედაზე ბავშვის მიჯაჭვულობა ნორმალური ფსიქოლოგიური მოვლენაა. ბავშვის ზრდა-განვითარებასთან ერთად მიჯაჭვულობამ უნდა იკლოს და ის ასაკის შესაფერისმა თავისუფლების სიყვარულმა ჩაანაცვლოს.

გადაჭარბებული მიჯაჭვულობის ძირითადი მიზეზები

* თავად დედის არაჯანსაღი მიჯაჭვულობა ბავშვზე. ხშირად თავად დედაა მიზეზი იმისა, რომ ბავშვს მის მიმართ გადაჭარბებული მიჯაჭვულობა უყალიბდება. როდესაც დედა წამითაც არ შორდება პატარას, არ აცდის სხვებთან კომუნიკაციას და მათდამი ნდობის გამომუშავებას, ბავშვი მხოლოდ დედას აღიქვამს სანდო ადამიანად და მიჯაჭვულობაც არაჯანსაღ სახეს იღებს.

* გარე სამყაროსთან კონტაქტის ნაკლებობა. როცა ბავშვი საკმარის დროს არ ატარებს გარეთ, ბუნების წიაღში, თანატოლებთან, არ აქვს საშუალება, შეეხოს მცენარეებს, ირბინოს და ითამაშოს სხვა ბავშვებთან ერთად, დააკვირდეს დედისა და სხვა უფროსების ურთიერთობას და უმეტეს დროს შინ, მშობლის გვერდით ატარებს, მას სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია უჭირს და, უცხო გარემოში მოხვედრილი, დედას ეწებება.

* ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალება ან ოჯახიდან წასვლა ხშირად იქცევა მეორე მშობელზე არაჯანსაღი მიჯაჭვულობის მიზეზად. ბავშვს ეშინია, მეორე მშობელიც პირველივით არ გაქრეს, ამიტომ წამითაც არ ჩერდება მის გარეშე.

* ჰიპერმზრუნველობა. ჰიპერმზრუნველობას ბავშვისთვის სასიკეთო არაფერი მოაქვს, პირიქით, უზღუდავს თავისუფლებას, უქვეითებს თვითშეფასებას და სხვაზე დამოკიდებულს ხდის. როდესაც ბავშვს არ აქვს საშუალება, იკვლიოს გარე სამყარო, წაიქცეს, ისწავლოს ადგომა, თავად მისწვდეს შორს მდებარე სათამაშოს, მოაგვაროს ურთიერთობა თანატოლთან, მას ჰგონია, რომ მშობლის გარეშე ამ ყველაფერს ვერც შეძლებს და მთელი არსებით მასზე დამოკიდებული ხდება.

როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვს გადაჭარბებული მიჯაჭვულობა არ ჩამოუყალიბდეს ან, თუ უკვე შევეჯახეთ ამ პრობლემას, როგორ მოვაგვაროთ ის?

* ნუ გაკიცხავთ და დასჯით ბავშვს იმისთვის, რომ თქვენზეა მოწებებული. ჩაეხუტეთ, დაამშვიდეთ, მოეფერეთ, აუხსენით, რომ ძალიან გიყვართ და არასოდეს მიატოვებთ. თუ მისი დატოვება გიწევთ, ეცადეთ, წინასწარ შეამზადოთ. გადით ხოლმე შინიდან ცოტ-ცოტა ხნით და ნელ-ნელა გაზარდეთ გასვლის ხანგრძლივობა. ასე ბავშვი დარწმუნდება, რომ მართალია, მიდიხართ, მაგრამ ყოველთვის ბრუნდებით.

* ნუ მოუყვანთ მაგალითად სხვა ბავშვს: "აი, ის ძალიან მშვიდად ჩერდება უდედოდ და დედას არ აწვალებს, შენ რა გჭირს?" – მსგავსი მიდგომა დაუშვებელია, შესაძლოა გამოიწვიოს არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბება, ბავშვის საკუთარ თავში ჩაკეტვა, შფოთვის გაძლიერება და ნაადრევი დეპრესია.

* მიაჩვიეთ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას. ხშირად ასეირნეთ გარეთ, მიეცით სხვა ბავშებთან თამაშის საშუალება, ატარეთ ახლობლების შვილების დაბადების დღეებზე – დაე, მიეჩვიოს ხმაურს, აურზაურს, უცხო ადამიანებს, რომ ასეთი სიტუაციები არ აშინებდეს.

* ხშირად ბავშვებში სტრესს თავად განშორების მომენტი იწვევს. სცადეთ შეუმჩნევლად წასვლა – თუ არ ინერვიულებს, შეგიძლიათ, მომავალშიც მშვიდად გახვიდეთ ხოლმე შინიდან დამშვიდობების გარეშე, მაგრამ თუ თქვენმა არყოფნამ შეაშფოთა და ძებნა დაგიწყოთ, ასე აღარ მოიქცეთ, წასვლის წინ ყოველთვის ჩაეხუტეთ, დაემშვიდობეთ და დაჰპირდით, რომ აუცილებლად დაბრუნდებით.

* ნურასოდეს მოატყუებთ ბავშვს. თუ მთელი ღამით ბებოსთან ტოვებთ, ეს წინასწარ უნდა იცოდეს. ნუ ეტყვით, რომ მალე დაბრუნდებით. თუ თქვენი შვილისთვის თავად განშორების მომენტია სტრესის წყარო, თქვენს შეუმჩნევლად წასვლას კი ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამს, უმჯობესია, გაუფრთხილებლად, დაუმშვიდობებლად წახვიდეთ.

* აუცილებლად შეაქეთ, როდესაც დაინახავთ, რომ მიჯაჭვულობის ხარისხმა იკლო. თუ მშვიდად ჩაჰყვა ბაბუას ეზოში და იქიდან კმაყოფილი დაბრუნდა, შეაქეთ, უთხარით, როგორ გეამაყებათ. არ გაამახვილოთ ყურადღება მის მიჯაჭვულობაზე. ერიდეთ მისი თანდასწრებით სხვასთან ამ თემაზე საუბარს.

* მიჯაჭვულობის დასაძლევად ნაბიჯ–ნაბიჯ, აუჩქარებლად უნდა იმოქმედოთ. თავდაპირველად მიაჩვიეთ ბავშვი ოთახში მარტო დარჩენას. მან უნდა იცოდეს, რომ დედა ახლოსაა. შეარჩიეთ ისეთი დრო, როდესაც პატარა კარგ გუნებაზეა და მშვიდადაა. მერე და მერე შეგიძლიათ, ნელ-ნელა ბებოსთან დატოვებაზე გადახვიდეთ. თავდაპირველად საჭიროა, ბავშვი რაც შეიძლება ნაკლებად სტრესულ გარემოში დარჩენას მიეჩვიოს, მერე კი შეგიძლიათ ბაღზეც დაიწყოთ ფიქრი.

* აუცილებლად უნდა შეგიწყონ ხელი ოჯახის წევრებმა. ბავშვის აღზრდის პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს მეორე მშობელი, რომელსაც ბავშვი ასე ძლიერ არ არის მიჯაჭვული. მიჯაჭვულობა ორ მშობელზე გადანაწილდება, შესუსტდება და ნელ-ნელა ნორმაში ჩადგება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: