ენობრივი განვითარების დარღვევა - გავრცელებული, მაგრამ შეუმჩნეველი
გააზიარე:
მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, ყოველი 14 ბავშვიდან ერთს ენობრივი განვითარების დარღვევა (Developmental Language Disorder, DLD, ეგდ) აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ კლასში ერთი ან ორი ასეთი მოსწავლეა. ეგდ-ს უხილავ მდგომარეობასაც უწოდებენ – უმეტესად ვერავინ ამჩნევს, რომ ბავშვს ენის გაგება ან აზრის გამოხატვა უჭირს და პრობლემა უყურადღებოდ რჩება.
საქართველოში ჩატარდა პირველი კვლევა, რომელიც ეგდ-ს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ინიციატივა ეკუთვნოდა თამარ კალანდაძეს – ადამიანის განვითარების მეცნიერების, ნეიროგანვითარების დარღვევებისა და სპეციალური განათლების პროფესორს, განათლების მეცნიერებათა დოქტორს, ოსფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებულ პროფესორს. მომავალში ამ მიმართულებით სხვა პროექტებიც იგეგმება.
ენობრივი განვითარების დარღვევის შესახებ სწორედ ქალბატონი თამარი გვესაუბრა:
– ენობრივი განვითარების დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა. მაგალითად, აუტიზმზე შვიდჯერ უფრო ხშირია. პარადოქსია, რომ, მიუხედავად ამისა, მისი არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცის. ინგლისურენოვან, გერმანულენოვან და სკანდინავიის ქვეყნებში შედარებით მაღალია ეგდ-ს ცნობადობაც და ცოდნის დონეც. ნორვეგიაში ცნობადობის ამაღლებაზე დღესაც ვმუშაობთ. საქართველოში მისი მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია, გამოიყენება არასწორი ტერმინოლოგია. უდიდესწილად ამის შედეგია, რომ ქართველი მშობლების უმეტესობა, ნორვეგიელი მშობლებისგან განსხვავებით, ეგდ-ს პრობლემად არ აღიქვამს ან არ აღიარებს. ამას კიდევ მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ალბათ საზოგადოებაში არსებული სტიგმაა. გარდა ამისა, საქართველოში არ გვაქვს შეფასების ადეკვატური ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი აფერხებს როგორც ეგდ-ს იდენტიფიცირებას, ასევე ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას მის შესახებ. მაშასადამე, ამ მხრივ სამუშაო ნულიდან არის დასაწყები და სწორედ ამ სამუშაოს ვუყრით საფუძველს ჩემი ქართველი კოლეგები და მე. ვფიქრობ, ეს ინტერვიუც თავის მცირე, თუმცა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეგდ-ს შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.
ენა და მეტყველება
– დავიწყოთ იმით, რა არის ენობრივი განვითარება და რა განსხვავებაა მეტყველების განვითარებასა და ენობრივ განვითარებას შორის.
– ენა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას ისევე ბუნებრივად, ძალდაუტანებლად ვიყენებთ, როგორც ვსუნთქავთ ან დავდივართ. ენის საშუალებით გამოვხატავთ სურვილებს, ფიქრებს, საჭიროებებს, გეგმებს. ბავშვების უმრავლესობა ენას ავტომატურად ითვისებს. როგორც წესი, ზომიერი ლინგვისტური სტიმულირებაც საკმარისია, რომ დაახლოებით ოთხი წლისთვის ბავშვი ენის კომპეტენტური გამომყენებელი გახდეს. აქედან გამომდინარე, იოლად გვავიწყდება, რამდენად რთულ, კომპლექსურ ფენომენთან გვაქვს საქმე და მაშინღა გვახსენდება, როდესაც ვხვდებით ადამიანს, რომელიც, მაგალითად, ლაპარაკობს, მაგრამ მისი არ ესმით ან, პირიქით, თავად არ ესმის, რატომ იცინიან თანატოლები ან რას ითხოვს მისგან მასწავლებელი.
უამრავი კვლევის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად, რა ფენომენია და როგორ მუშაობს ენა. არსებობს ენობრივი განვითარების, ენის ათვისების რამდენიმე სხვადასხვა გაგება, მაგრამ როდესაც ენობრივი განვითარების სირთულეებზე ვსაუბრობთ, წესისამებრ, ენის ყველაზე გავრცელებულ განსაზღვრებას ვიყენებთ: ამ განსაზღვრების თანახმად, ენა არის კომპლექსური სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული (ბგერათა სისტემა, სიტყვათა მარაგი ანუ ლექსიკა, სიტყვათა კავშირი წინადადებაში, წინადადების წყობა) და ფუნქციური (ენის გამოყენება და გაგება სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში) ასპექტებისგან.
ენა გვესმის და ენას ვიყენებთ როგორც ზეპირი (მოსმენა და საუბარი, ინგ. Oრალ ლანგუაგე) და წერილობითი (კითხვა და წერა), ისე კომუნიკაციურ სიმბოლოთა სისტემის ფორმით (მაგალითად, ქართული ჟესტური ენა). ზეპირი და წერილობითი ენა შედგება რეცეპტული (მოსმენა და კითხვა) და ექსპრესიული (მეტყველება და წერა) კომპონენტებისგან. ენის ათვისება გულისხმობს ამ კომპლექსური სისტემის დაუფლებას, დასწავლას.
ყოველდღიურ საუბარში “ენას” და “მეტყველებას” სინონიმებად ვიყენებთ. მაგალითად, როდესაც გვსურს, ბავშვის ენობრივი განვითარება დავახასიათოთ, ვამბობთ: “გიორგი შესანიშნავად მეტყველებს, ანა კი მეტყველებას აგვიანებს”, ან “ნუცა არ ლაპარაკობს, არადა უკვე ორი წლისაა”. პროფესიულ სიტყვახმარებაში კი ენის ფლობა და მეტყველება ორი სხვადასხვა ცნებაა – ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, მაგრამ კონცეპტუალურად ერთმანეთისგან განსხვავებული, ამიტომ ენობრივი განვითარების დარღვევაზე საუბრისას საჭიროა ენისა და მეტყველების გამიჯვნა. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს ან ენის ათვისება, ან მეტყველება, ან ორივე ერთად. ენა გულისხმობს სიტყვათა მარაგის ფლობას და გრამატიკის წესების ცოდნას, მეტყველება – სიტყვების წარმოთქმას, არტიკულირებას (სამეტყველო ბგერების სწორად გამოცემას პირის, ტუჩებისა და ენის გამოყენებით), ხმის ტემბრს, მეტყველების რიტმს. თუმცა შეიძლება სიტყვის ჟესტური ენით გადმოცემაც. მარტივად რომ ავხსნა, ენა არის მენტალური ფენომენი, ხოლო მეტყველება – მისი გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა.
ენისა და მეტყველების გამიჯვნასთან დაკავშირებით ლინგვისტიკაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, თუმცა ეს ჩვენი საუბრის თემას სცდება. განვითარების დარღვევების გასაგებად, მათ საკვლევად და კლინიკური საქმიანობისთვის ენისა და მეტყველების მსგავსი გაგება და მათი ამგვარად გამიჯვნა კვლევას და პრაქტიკას შესაძლებელს ხდის.
ასაკობრივი ნორმები
– განვითარებაზე საუბრისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებს შორის არსებული ინდივიდუალური განსხვავებები, მაგრამ არც ასაკის შესაბამისი ნორმები დავივიწყოთ. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი დაბადებიდანვე ამყარებს კომუნიკაციას, პირველ სიტყვებს ის დაახლოებით 12 თვის ასაკში წარმოთქვამს. წესისამებრ, ეს სიტყვებია “დედა, მამა, ნახვამდის”... შემდეგ ბავშვი სწავლობს არსებით სახელებს („ბურთი“), მერე კი უკვე ზმნებს, ზედსართავ სახელებს, ფუნქციურ სიტყვებს და ა. შ.
50 სიტყვის დასწავლის შემდეგ ექსპრესიული ენა სწრაფად ვითარდება. ბავშვი თანდათან იწყებს სიტყვების ერთმანეთან დაკავშირებას და ჯერ ორსიტყვიანი (“ჩემი ბურთი”), მერე კი სამსიტყვიანი წინადადებების წარმოთქმას („მომე ჩემი ბურთი“). ამის შემდეგ იწყება გრძელი წინადადებების წარმოთქმის ეტაპი.
ორი წლის ბავშვმა, წესისამებრ, საკმაოდ ბევრი სიტყვა იცის, თუმცა სიტყვებს ყოველთვის ზრდასრულივით არ წარმოთქვამს. მაგალითად, შესაძლოა უჭირდეს ისეთი სიტყვის წარმოთქმა, რომელშიც ზედიზედ რამდენიმე თანხმოვანია. აქედან გამომდინარე, ქართულენოვანი ბავშვისთვის შესაძლოა უფრო მეტი სიტყვა იყოს ძნელად წარმოსათქმელი, რადგან ქართულ ენაში ხშირია კონსონანტთა დაჯგუფებები (“მცხეთა”, “ბრჭყვიალა”...). საზოგადოდ, ამა თუ იმ ენის ათვისების ნორმები მნიშვნელოვანი საბაზო ინფორმაციაა ენობრივი განვითარების დარღვევის იდენტიფიცირებისთვის. მაგალითად, ნორვეგიულ ენაში არსებობს იმ სიტყვების სია, რომლებიც ამ ენაზე მოსაუბრე ბავშვმა ამა თუ იმ ასაკში უნდა იცოდეს. რამდენადაც ვიცი, ქართული ენისთვის მსგავსი სიის დასადგენად ახლაღა იწყებენ მუშაობას, არადა მისი განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ენობრივი განვითარების დარღვევების კვლევისთვის, ისე პრაქტიკისთვისაც.
ორი წლის ასაკში საუბარი “აქ-და-ახლა” სიტუაციებს უკავშირდება, რადგან “იქ-და-მაშინ” სიტუაციები უფრო აბსტრაქტულია. სამი წლის ასაკში ბავშვი, წესისამებრ, უკვე გრძელი და რთული წინადადებებით მეტყველებს. 4-5 წლის ასაკში ის გარკვევით, მკაფიოდ წარმოთქვამს ბგერებს, თუმცა არსებობს ბგერები, რომელთა წარმოთქმაც შესაძლოა ისევ უჭირდეს, მაგალითად, “ს” და “რ”. 3 წლის ასაკში ბავშვმა შესაძლოა დამოუკიდებლად ან ზრდასრულის დახმარებით დაიწყოს პატარა ამბების თხრობა, მაგრამ ამბავი სტრუქტურულად ყოველთვის არ იყოს გამართული. 4 და 5 წლის ასაკში კი ის უკვე კარგად ახერხებს სიტყვების გამოყენებას – ხუმრობს, ამბობს გამოცანებს და ა. შ.
ეს ყველაფერი გარემოსა და სტიმულირებაზეც არის დამოკიდებული. 6 წლის ასაკში ბავშვი გამართულად უფრო მეტ ბგერას ამბობს, თუმცა “რ”-სა და “ს”-ს წარმოთქმა შესაძლოა მაინც უჭირდეს. უკვე სკოლის პერიოდში ის სწავლობს ე.წ. აკადემიურ სიტყვებს (არგუმენტირება, გაანალიზება და სხვ.). აბსტრაქტულ ცნებათა გამომხატველი სიტყვების ათვისებაც სკოლის პერიოდიდან იწყება, რადგან ასეთი სიტყვები წერილობით ენაში უფრო ხშირად გვხვდება.
დარღვევები
– ენობრივი განვითარების დარღვევა (ეგდ) 4-5 წლის ბავშვების დაახლოებით 10-13%-თან გვხვდება. ის ზოგჯერ თან ახლავს სხვა დარღვევას, ზოგჯერ დამოუკიდებლად, იზოლირებულად არსებობს. იზოლირებული დარღვევის სიხშირე 7-8%-ია და არ უკავშირდება ჩვენთვის ცნობილ რომელიმე მიზეზს ან მდგომარეობას (მაგალითად, აუტიზმს, დაუნის სინდრომს). ჩვენი საუბრის თემა სწორედ სხვა მდგომარეობებისგან დამოუკიდებელი ეგდ-ა, რადგან უმეტესად სწორედ ის რჩება შეუმჩნეველი და ასეთი დარღვევის მქონე ბავშვები სათანადო დახმარებას ვერ იღებენ.
ენობრივი განვითარების დარღვევას წინათ 130 სხვადასხვა ტერმინით აღწერდნენ ინგლისურ ენაზე. ყველაზე ხშირად მას ენობრივი განვითარების სპეციფიკურ დარღვევას (Spesific Language Impairment) უწოდებდნენ. ტერმინზე შეუთანხმებლობა ხელს უშლიდა როგორც სამეცნიერო კვლევებს, ისე პრაქტიკას. დღესდღეობით ინგლისურ, გერმანულ და ნორვეგიულ ენებში მიღწეულია კონსენსუსი, ამ მდგომარეობას ეწოდოს Developmental Language Disorder (DLD), რომელსაც მე და ჩემი ქართველი კოლეგები ენობრივი განვითარების დარღვევად ვთარგმნით. თუმცა ქართული ტერმინის თაობაზე ფორმალური შეთანხმება არ არსებობს. ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ.
სიმპტომები
– როგორ მივხვდეთ, აქვს თუ არა ბავშვს ან მოზრდილს ენობრივი დარღვევა?
– ეგდ სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ამ დარღვევის მქონე ადამიანს შესაძლოა გამოკვეთილად უჭირდეს ენის გაგება (რეცეპტული სირთულეები), გადმოცემა`გამოხატვა (ექსპრესიული სირთულეები) ან ორივე ერთად. შესაძლოა, ჰქონდეს არტიკულაციასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ეგდ არის სპექტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალური განსხვავებების დიაპაზონი ძალიან ფართოა. მისი პირველი ნიშანი დაგვიანებული მეტყველებაა. უფრო კონკრეტულად, ეგდ-ს მქონე ბავშვების თითქმის 100%-ს მეტყველების დაგვიანება აღენიშნება. ინგლისურად ამ ბავშვებს მოიხსენიებენ როგორც ლატა ტალკერ-ს – იგულისხმება, რომ ბავშვმა ორი წლის ასაკში იცის 50-ზე ნაკლები სიტყვა და ვერ ახერხებს ორსიტყვიანი წინადადებების შედგენას. ამრიგად, დაგვიანებული მეტყველება შესაძლოა ეგდ-ს ნიშანი იყოს. თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის, რადგან ადრეულ ასაკში ენობრივი განვითარება ინდივიდუალურია. ეს ნიშნავს, რომ ეგდ-ს მქონე ბავშვთა 100%-ს მეტყველების დაგვიანება აქვს, მაგრამ დაგვიანებული მეტყველების მქონე ბავშვების მხოლოდ 25%-ს აქვს ეგდ. მაშასადამე, დაგვიანებული მეტყველება ყოველთვის ეგდ-ს არ ნიშნავს.
საყურადღებოა, რომ თუ ბავშვის ოჯახის რომელიმე წევრს, მაგალითად, დისლექსია აქვს, მეტი შანსია, ენობრივი განვითარების სირთულე თვითონ ბავშვსაც ჰქონდეს.
ნორმალური არტიკულაციის შემთხვევაში ხშირად აზრად არავის მოსდის, რომ შესაძლოა, ბავშვს ენის გაგება ან აზრის გადმოცემა უჭირდეს. ეგდ ხშირად ქცევით (მაგალითად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მაგვარით) ვლინდება. ის გავლენას ახდენს კითხვის უნარის განვითარებაზეც, ამიტომ თუ ეგდ-ს მქონე ბავშვს კითხვა უჭირს, ხშირად დისლექსიის დიაგნოზს უსვამენ, რომელიც ეგდ-ზე მეტად არის ცნობილი.
თუმცა ეგდ-ს მქონე ბავშვთა დაახლოებით ნახევარს არ უჭირს სიტყვების ამოკითხვა და ხშირად სწორედ ეს ბავშვები რჩებიან შეუმჩნეველნი.
ეგდ-ს სხვა ძირითადი ნიშნებია გრამატიკულად გაუმართავი, მარტივი წყობის წინადადებებით საუბარი და ენის სოციალურ კონტექსტებში გამოყენების სირთულე. ამ დარღვევის მქონე ბავშვებს ხშირად არ ესმით ხუმრობა, ირონია, იუმორი, ბუნებრივია, აწყდებიან კომუნიკაციის პრობლემებს – ხშირად სხვა ბავშვებთან ვერ თამაშობენ, მეგობრებიც იშვიათად ჰყავთ. ეგდ-ს მქონე ბავშვი ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი. ხშირია მუშა მეხსირების პრობლემებიც – ბავშვმა შესაძლოა ნათქვამის შინაარსი გაიგოს, მაგრამ მალევე დაავიწყდეს, მასწავლებელს კი ეგონოს, რომ არ უსმენს ან არ ითვალისწინებს მის ნათქვამს. ამის გამო ეგდ-ს მქონე ბავშვებს ადვილად აწებებენ ზარმაცებისა და უყურადღებოების იარლიყს. მათ ხშირად აქვთ პრობლემები მათემატიკაშიც, ამიტომ, როცა მასწავლებელი ხედავს, რომ ბავშვს სწავლა უჭირს, უნდა დაფიქრდეს, ენის პრობლემასთან ხომ არ აქვს საქმე.
ეგდ-ს მქონე ადამიანები ხშირად ნიღბავენ სირთულეებს, მაგალითად, არ იმჩნევენ, რომ ნათქვამი ვერ გაიგეს, გაურბიან სიტუაციებს, რომლებშიც ენის გამოყენებაა საჭირო, საურთიერთობოდ ირჩევენ უმცროსი ასაკის ბავშვებს ან ზრდასრულებს, საუბრის შესაწყვეტად იმიზეზებენ დაღლილობას ან სასწრაფოდ მოსაგვარებელ საქმეს.
– რა პრობლემებს ეჯახება ენობრივი განვითარების დარღვევის მქონე ადამიანი?
– ეგდ არის სწავლის უნარის დაქვეითების რისკფაქტორი (მაგალითად, უარყოფით გავლენას ახდენს მათემატიკურ და წერა-კითხვის უნარებზე), ამცირებს დასაქმების შანსს ზრდასრულ ასაკში და ასოცირდება სოციალურ, ემოციურ და ქცევის პრობლემებთან.
ეგდ უშუალოდ უკავშირდება მენტალური ჯანმრთელობის სირთულეებს. მაგალითად, საერთაშორისო კვლევების მინაცემებით, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს, რომლებიც კლინიკებს მიმართავენ, ასევე – სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მოხვედრილ მოზარდთა მნიშვნელოვან ნაწილს ენობრივი განვითარების დარღვევა აქვს. აქედან გამომდინარე, ეგდ-ს უყურადღებოდ დატოვებას ძალზე უარყოფითი შედეგები მოაქვს როგორც თავად ეგდ-ს მქონე პირისა და მისი ოჯახისთვის, ისე საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვისაც.
ადეკვატური დახმარების პირობებში ეგდ-ს მქონე პირების ცხოვრების ხარისხი მაღალია. მაგალითად, ნორვეგიაში ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ ადამიანთა უმრავლესობა დასაქმებული და საკუთარი ცხოვრების ხარისხით კმაყოფილია. თავად მეც ვთანამშრომლობ ეგდ-ს მქონე ადამიანთან, რომელიც ენისა და მეტყველებიის თერაპიის მაგისტრია ამერიკაში და რომელთან ერთადაც ვიკვლევ ეგდ-ს.
მიზეზები
– ეგდ ნეიროგანვითარების მდგომარეობა ან ნეირომრავალფეროვნების ერთ-ერთი ფორმაა, ისევე როგორც აუტიზმი, დისლექსია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. ეს ნიშნავს, რომ ეგდ-ს მქონე ადამიანის ტვინი ეგდ-ს არმქონე ბავშვის ტვინისგან განსხვავებულად ვითარდება. ის სხვანაირად გადაამუშავებს ინფორმაციას. ეგდ არსად ქრება, ის მთელი სიცოცხლე აქვს ადამიანს, უბრალოდ, ასაკის მატებასთან ერთად მისი გამოვლინებები იცვლება. პროგნოზი მნიშვნელოვანწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ადეკვატურ დახმარებას იღებს ადამიანი.
ხშირად ისმის კითხვა, იწვევს თუ არა ორენოვნება ეგდ-ს. პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა! თუმცა, თავისთავად, ეგდ შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთ-, ისე ორენოვან ბავშვსაც. მსგავს შემთხვევებში დარღვევა ვლინდება ყველა იმ ენაზე, რომელსაც ბავშვი იყენებს.
როგორ ადგენენ
– 4 წლამდე ბავშვის ენობრივი უნარის განვითარების პროგნოზირება ძნელია, ამიტომ ამ ასაკამდე დასკვნა ფრთხილად უნდა გამოვიტანოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადრეულ ნიშნებს ყურადღება არ მივაქციოთ. იმ ადამიანთა უმრავლესობას, რომელთა სიტყვიერი მარაგი 18-24 წლის ასაკშიც კი შეზღუდულია, ენა ჩვეულებრივ უვითარდება, ამიტომ ძნელია ადრეულ ასაკში იმის თქმა, არის თუ არა მეტყველების დაგვიანება ეგდ-ს ნიშანი. ასაკით რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო დიდია ალბათობა, ენობრივი სირთულეები ეგდ-ზე მიანიშნებდეს. თუ 4 წლის ბავშვს ასეთი სირთულეები აქვს, დიდი შანსია, ის სკოლაში შესვლის დროსაც ჰქონდეს; თუ 5 წლის ასაკშიც მსგავსი სურათია, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ენობრივი განვითარების დარღვევასთან გვაქვს საქმე.
მხარდაჭერა
– შესაძლებელია თუ არა ენობრივი განვითარების დარღვევის გამოსწორება?
– ნეიროგანვითარების დარღვევების გამოსწორებაზე არ ვსაუბრობთ. ეგდ-ს მქონე პირს სჭირდება კომპეტენტური მხარდაჭერა და დახმარება საბავშვო ბაღში, სკოლაში, მერე კი უკვე დამსაქმებლის მხრიდან. მხარდაჭერის მეთოდები ინდივიდუალურია და ირჩევა იმის მიხედვით, ენის რა ასპექტში აქვს პრობლემა ადამიანს.
ერთი რამ, რაც ალბათ ყველა ბავშვისთვის სასარგებლო იქნება, არის ემოციების გამომხატველ სიტყვებზე მუშაობა, რადგან ეგდ-ს მქონე ბავშვებს ხშირად სწორედ ასეთი სიტყვების დასწავლა უჭირთ. ეს მათ ემოციების რეგულირებასა და ამით გამოწვეული სხვა (მაგალითად, მენტალური) პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.
მნიშვნელოვანია დარღვევის დონეც და ისიც, რა ასაკში დაისმება დიაგნოზი – ადრეული ჩარევა, რა თქმა უნდა, უკეთესია. მაგრამ მუშაობის დაწყება არასოდეს არის გვიან. მთავარია, რამდენად ადეკვატურ დახმარებას გავუწევთ.
არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციები, რომლებიც ეფექტიანად მიიჩნევა, თუმცა, მაგალითად, ნორვეგიაში ჩატარებული ინტერვენცია, რომელიც ეფექტიანია ნორვეგიაში, ქართულ კონტექსტში აუცილებლად ეფექტიანი ვერ იქნება. ადგილობრივ კონტექსტში ჩატარებული კვლევის გარეშე ძნელია დაბეჯითებით ითქვას, რომ ინტერვენცია იმუშავებს. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ეგდ-ზე კვლევები ჯერჯერობით არ ტარდება. აქედან გამომდინარე, ქართულად მოსაუბრე ეგდ-ს მქონე ბავშვებისთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა ჯერჯერობით არ გვაქვს. საბედნიეროდ, გვყავს კომპეტენტური ენისა და მეტყველების თერაპევტები, ნეიროფსიქოლოგები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ, ამიტომ დაგეგმილ კვლევებს აუცილებლად მათთან თანამშრომლობით განვახორციელებთ.
გარემოს მხრივ ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება და ცოდნის განვითარება აუცილებელია ადამიანების კეთილდღეობისთვის. მაგალითად, როდესაც საბავშვო ბაღისა და სკოლის პესონალს ეცოდინება, რომ კლასში ორი მოსწავლე მაინც ზის ამ მდგომარეობით, სხვანაირად მოეკიდება თითოეული ბავშვის ქცევას. თუ ბავშვი ან “გამომწვევად“ იქცევა ან, პირიქით, უმეტესად ჩუმად ზის, მასწავლებელმა თუ საბავშვო ბაღის პერსონალმა ყოველთვის უნდა იკითხონ: ენასთან დაკავშირებული პრობლემა ხომ არ აქვს ბავშვს?
პირველი ნაბიჯები
– როგორც ვთქვით, საქართველოში ეგდ-ს შესახებ კვლევები არ ტარდება. ეს ნიშნავს, რომ მწირია ცოდნა, რომელზეც ახალი ცოდნა უნდა დავაშენოთ. ასეთ დროს ყოველთვის ჩნდება კითხვა, რა ტიპის კვლევით დავიწყოთ. ნულიდან დაწყება ყოველთვის რთულია, თუმცა საინტერესო. ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ქართველ სპეციალისტებთან მაისში გამართული სამუშაო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თამარ გაგოშიძესა და ასოცირებულ პროფესორ შორენა მამუკაძესთან ერთად. ამ ინიციატივის გამო მათი მადლობელი ვარ. შეხვედრამ საშუალება მოგვცა, მოგვესმინა, რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი სპეციალისტები ეგდ-ს მქონე ბავშვებთან მუშაობის დროს და რა საჭიროებები აქვთ მათ. ეს ინფორმაცია საფუძვლად დაედება მომავალ კვლევებს.
მანამდე კი ჩემმა ქართველმა კოლეგამ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ "გამმას" დირექტორმა მაია გაბუნიამ და მე გავდავწყვიტეთ, გამოგვეკვლია ეგდ-ს ცნობადობის დონე და ცოდნის საჭიროება ჯანდაცვის სფეროში. მიგვაჩნია, რომ ასეთი ცოდნა მოგვცემს შესაძლებლობას, შემდეგში უკვე ტერმინოლოგიასთან, შეფასების პროცედურასა და პედაგოგიურ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები ვიკვლიოთ.
ჩვენს კვლევაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის სფეროს ოცმა სპეციალისტმა: პედიატრებმა, ფსიქიატრებმა, ენისა და მეტყველების თერაპევტებმა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ენისა და მეტყველების თერაპევტები იცნობენ ტერმინს "ენობრივი განვითარების დარღვევა", თუმცა იშვიათად იყენებენ, რადგან, როგორც თავად ამბობენ, მისი მნიშვნელობა მაინც არავის ესმის. გამოიყენება ტერმინები: “მეტყველების შეფერხება”, “ენის ექსპრესიული და რეცეპტული დარღვევა”. სპეციალისტებმა აღნიშნეს ენობრივი განვითარების დარღვევის შეფასების ინსტრუმენტების სიმწირე, ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების და ქართულ კონტექსტში კვლევების ჩატარების საჭიროება. კვლევების არარსებობა, ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რადგან ეგდ სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირად გამოიხატება, მისი მარკერები არ არის უნივერსალური. ეს იმას ნიშნავს, რომ ნორვეგიულ ენაში გამოყენებული ინსტრუმენტები ქართულენოვანი ბავშვების დიაგნოსტიკაში ნაკლებად დაგვეხმარება. საჭიროა ცოდნის განვითარება უშუალოდ ქართული ენის მატარებლებზე დაკვირვებით. იმედი მაქვს, შესაბამისი სამუშაო საქართველოში უახლოეს მომავალში დაფინანსდება. ზემოხსენებული კვლევა ნორვეგიამ დააფინანსა.
– რას მოიტანს ეს ყველაფერი?
– ჩვენი კვლევა ეგდ-ს შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ გადადგმული პირველი და აუცილებელი ნაბიჯია. დღეს მან შესაძლოა უშუალო გავლენა ვერ მოახდინოს საქართველოში ეგდ-ს მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხზე, მაგრამ საფუძველს უყრის სამომავლო დიდმასშტაბიან კვლევებს, რომლებიც, თავის მხრივ, მიგვიყვანს იქამდე, რომ ეგდ-ს მქონე ადამიანები უკეთეს მხარდაჭერას იგრძნობენ სპეციალისტებისა და საზოგადოების მხრიდან და სირთულეების დაძლევაც გაცილებით გაუადვილდებათ. საბოლოო მიზანი ეგდ-ს მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა.
მარი აშუღაშვილი