ბოტულინოთერაპია

გააზიარე:

XIX საუკუნის გერმანელი ექიმი ჯასტინუს კერნერი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი თანამემამულეების მასობრივი სიკვდილის მიზეზი სამკურნალო საშუალებად იქცეოდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1820-იან წლებში გერმანიაში ხალხი მასობრივად მოიწამლა ძეხვეულით. კერნერმა დაასკვნა, რომ ამაში ბრალი მიუძღვოდა საკვებში ჩასახლებულ ბაქტერიას, რომელსაც მან "ქონის შხამი" უწოდა. ექიმმა სახიფათო ექსპერიმენტებსაც კი მიმართა: ჭამდა საეჭვო ძეხვეულს და მოწამვლის პირველ სტადიებს საკუთარ თავზე დაკვირვებით შეისწავლიდა.

1897 წელს ბელგიელმა ბაქტერიოლოგმა ემილ ვან ერმენგემმა დაადგინა, რომ მოწამვლას იწვევს ბაქტერია Clostridium botulinum-ის მიერ გამოყოფილი შხამი, ხოლო მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ალან სკოტმა აღმოაჩინა, რომ ეს ტოქსინი ეფექტურია კუნთების სპაზმის მოსახსნელად და სიელმის კორექციისთვის. 1989 წელს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სამმართველომ (FDA) მწვანე შუქი აუნთო  ბოტულინის ტოქსინის სამკურნალო მიზნით გამოყენებას. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ტოქსინი, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას – ბოტულიზმს იწვევს, საბოლოოდ მედიცინის სამსახურში ჩადგა.

წონის დასაკლებად

თანამედროვე მედიცინა ჭარბ წონასთან ბრძოლის სხვადასხვა გზას გვათავაზობს. კუჭის ბოტოქსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც წონის დაკლება უნდა, მაგრამ უჭირს დიეტის დაცვა, ეშინია ქირურგიული ჩარევის, სჭირდება ახალი მოტივაცია წონის დასაკლებად და ოპერაციას ორგანოშემანარჩუნებელი მარტივი მანიპულაცია ურჩევნია.

ბოტულინის ტოქსინი კუჭის კუნთოვან შრეში ენდოსკოპიურად შეჰყავთ. შედეგად კუნთი პარეზს, მოდუნებას განიცდის, რომელიც 4-იდან 6 თვემდე გრძელდება. მოშვებულ კუჭში საკვები უფრო მეტ ხანს ყოვნდება, მცირდება მადა, ითრგუნება გრელინის, შიმშილის ჰორმონის, გამოყოფაც, ადამიანი ნაკლებს ჭამს და სიმაძღრის შეგრძნება დიდხანს მიჰყვება.

მანიპულაცია ამბულატორიულად, ინტრავენური ანესთეზიით ტარდება ზოგიერთი დაავადების (კუჭის წყლულოვანი დაავადება, კუჭის პოლიპოზი, მწვავე გასტრიტი, ონკოლოგიური პათოლოგია) გამორიცხვის შემდეგ. პროცედურა დაახლოებით 15-20 წუთს გრძელდება. პაციენტი იმავე დღეს ეწერება ბინაზე ყოველგვარი ჭრილობის, ნაკერისა და ნაწიბურის გარეშე და ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. მანიპულაციას თანამოვლენები არ აქვს. სერიოზული გართულება დღემდე არ აღრიცხულა. ამ პროცედურის დახმარებით შესაძლებელია 15-30 კგ-ის დაკლება 4-6 თვის განმავლობაში.

ბოტოქსის ინექცია რომ გაკეთდეს, პაციენტის სხეულის მასის ინდექსი (BMI) 40-ს არ უნდა აღმატებოდეს. ინექციის გაკეთება შესაძლებელია სამჯერ ექვსთვიანი ინტერვალებით.

ინექციის შემდეგ პაციენტს მეთვალყურეობას უწევს ექიმი ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი. თითოეული პაციენტისთვის დგება ინდივიდუალური განრიგი, რომელიც შეესაბამება მის ფიზიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების რეჟიმს.

შაკიკის სამკურნალოდ

თავის ქრონიკული, პერიოდული შეტევებით მიმდინარე ტკივილი გენეტიკურად განპირობებული დაავადებაა, რომელიც საქართველოში ყოველ მეექვსე ადამიანს აღენიშნება. დამოუკიდებელ ავადმყოფობად შაკიკი პირველად კაბადოკიელმა მკურნალმა არეტეუსმა გამოყო, რომელიც, სავარაუდოდ, პირველ-მეორე საუკუნეებში მოღვაწეობდა. მიუხედავად ორიათასწლოვანი ისტორიისა, მისი ზუსტი მიზეზი დღემდე დაუდგენელია.

ამ ტიპის თავის ტკივილის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

შაკიკის მართვა შესაძლებელია, თუ:

* გამორიცხავთ ხელშემწყობ ფაქტორებს,

* დაიცავთ ცხოვრების ჯანსაღ წესს,

* გახშირებული შეტევების დროს ჩაიტარებთ პრევენციულ მკურნალობას,

* შეტევის დროს ტკივილს მალევე დათრგუნავთ.

ზოგჯერ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება თვითონვე იქცევა თავის ტკივილის მიზეზად.

მკურნალობის ახალი და ეფექტური მეთოდია   ბოტულინოთერაპია, რომლის გამოყენების მსოფლიო გამოცდილება 15 წელს ითვლის. ეს მეთოდი უზრუნველყოფს როგორც შეტევების სიხშირის შემცირებას, ისე ტკივილის შესუსტებას, რის შედეგადაც პაციენტის ცხოვრების ხარისხი შესამჩნევად იწევს მაღლა.

ბოტულინოთერაპიის წყალობით შესაძლებელი ხდება ტკივილგამაყუჩებლის დოზის თანდათანობით შემცირება, ხოლო მისი ეფექტურობა იზრდება. ბოტულინოთერაპიას არ გააჩნია თანამოვლენები, რადგან ტოქსინი ლოკალურად, კუნთში კეთდება. ბოტულინოთერაპია ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ქრონიკული შაკიკის სამკურნალოდ მიღებული სტანდარტული თერაპიაა, რომელსაც წარმატებით იყენებენ.

თუ ნევროლოგმა დიაგნოზი დაადასტურა, განისაზღვრება ბოტულინოთერაპიით მკურნალობის ტაქტიკა. რეკომენდებულია ინექციის გაკეთება 12 კვირაში ერთხელ, წელიწადში დაახლოებით 2-3-ჯერ.

შუბლის, საფეთქლის, კეფისა და კისრის არეში შეყვანილი ბოტულინოტოქსინი ნერვულ დაბოლოებებზე მოქმედებით ბლოკავს ტკივილის გადაცემაში მონაწილე ნივთიერებების – ნეიროტრანსმიტერების – გამოთავისუფლებას. შედეგად დროთა განმავლობაში სუსტდება შაკიკის სიმპტომები და პაციენტის ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება.

სიელმის საკორექციოდ

როდესაც თვალის მამოძრავებელი კუნთების კონტროლი ირღვევა, შესაძლოა, ერთი ან ორივე თვალი შებრუნდეს შიგნით, გარეთ, ზემოთ ან ქვემოთ. ამ მდგომარეობას სტრაბიზმი (სიელმე) ეწოდება. ზოგ შემთხვევაში ის  მუდმივია, ზოგჯერ კი გამოვლინდება მხოლოდ დაღლილობის, ავადმყოფობის ან თვალის ახლო მანძილზე ხანგრძლივი დატვირთვის შედეგად, მაგალითად, კითხვის ან ხელსაქმის შემდეგ.

სიელმის დროს  თავის ტვინი იღებს ორ განსხვავებულ სურათს. თავდაპირველად ამან შესაძლოა მხედველობის გაორება გამოიწვიოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ტვინი სწავლობს სუსტი თვალიდან მიღებული ინფორმაციის უგულებელყოფას. თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, ვითარდება მხედველობის შეუქცევადი დაქვეითება და ამბლიოპია ანუ ზარმაცი თვალი.

სიელმის მკურნალობის  მეთოდს ინდივიდუალურად, თვალის მდგომარეობისა და ასაკის გათვალისწინებით არჩევენ. ბოტულინოთერაპია როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული სამკურნალო პროცედურა 1970 წლიდან გამოიყენება. ბოტულინის ტოქსინი თვალის კუნთოვან შრეში ელექტრომიოგრამის კონტროლით შეჰყავთ. შედეგად კუნთი დუნდება და 3-დან 5 თვემდე რჩება ამ მდგომარეობაში. შედეგი ინექციიდან უკვე 24-48 საათის შემდეგ ხდება შესამჩნევი, თვალის მამოძრავებელი კუნთების მოდუნება კი 2 კვირაში აღწევს მაქსიმუმს. განმეორებითი პროცედურის ეფექტი უფრო ხანგრძლივია.

მანიპულაცია ამბულატორიულად, ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე ტარდება. პროცედურა ხანმოკლეა, პაციენტი იმავე დღეს ეწერება ბინაზე ყოველგვარი ჭრილობის, ნაკერისა და ნაწიბურის გარეშე და ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. მანიპულაციას თანამოვლენები არ აქვს. სერიოზული გართულება არ აღრიცხულა.

ჭარბი ოფლიანობის დროს

თუ ჭარბი ოფლიანობა რომელიმე დაავადებასთან არ არის დაკავშირებული, ლოკალური (იღლიების, ხელისგულების, ფეხისგულების) ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ ექიმები მიმართავენ სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდს – ბოტოქსის კანქვეშა ინექციებს.

თავდაპირველად ყველა პაციენტს უტარდება მინორის ცდა – პრობლემური ზონები მუშავდება იოდის წყალხსნარით და სახამებლით. ჭარბი ოფლის გამოყოფის ადგილი ღია ცისფერი ან შავი ფერით აღინიშნება. ამის შემდეგ ინსულინის პატარა ნემსით სხეულის კონკრეტულ უბანში (ხელისგულებში, ფეხისგულებში, იღლიის ფოსოებში) შეჰყავთ ბოტოქსი, რომლებიც სიმპათიკურ ნერვულ დაბოლოებებს ბლოკავს და საოფლე ჯირკვლების ფუნქციას დროებით აჩერებს. პროცედურა დაახლოებით 30 წუთს გრძელდება. 3-დან 14 დღემდე ვადაში პრეპარატი აღწევს ზემოქმედების ზედა ზღურბლს და ეფექტიც ნათლად ჩანს.

პროცედურის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდებული საუნაში წასვლა, ანტიბიოტიკებისა და ალკოჰოლის მიღება. პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს. სასურველი შედეგის მიღების შემთხვევაში ეფექტი ექვსიდან თორმეტ თვემდე გრძელდება.

შარდის შეუკავებლობის დროს

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომი შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი მიზეზია. ამ დროს ბუშტი თვითნებურად იკუმშება, განურჩევლად იმისა, სავსეა თუ არა. მოშარდვის უეცარი სურვილი ჩნდება როგორც დილის, ისე ღამის საათებში და ამ დროს ადამიანი სულ რამდენიმე წვეთ შარდს გამოყოფს. ის, ვისაც ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომი აქვს, ორგვარ დისკომფორტს განიცდის: პირველია ჩისველება, რადგან მოშარდვის სურვილი ისე უეცრად ჩნდება და შარდის ბუშტი ისე სწრაფად იკუმშება, რომ ადამიანი საპირფარეშომდე მისვლას ვერ ასწრებს, ხოლო მეორე – მოშარდვის ხშირი მოთხოვნილება. ამ დროს ცარიელი შარდის ბუშტი უბრალოდ “იტყუება”.

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომის დროს ინიშნება პრეპარატები, რომლებიც ამ ორგანოს შეკუმშვებს ამცირებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მედიკამენტებს აქვს გვერდითი ეფექტები, მათ შორის – პირის ძლიერი სიმშრალე. როდესაც მედიკამენტური მკურნალობა უეფექტოა ან არასასურველი თანამოვლენების გამო ვერ გრძელდება, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომის მქონე პაციენტებს თანამედროვე მედიცინა შარდვის შეუკავებლობასთან საბრძოლველად ბოტოქსის ინექციებს სთავაზობს.

შარდის ბუშტის კუნთოვან ქსოვილში ბოტულოტოქსინის შეყვანა შარდსადენი მილიდან სპეციალური ხელსაწყოს – ცისტოსკოპის დახმარებით ხორციელდება. პრეპარატის გამოყენებამდე ხდება ბუშტის მომზადება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებით, რათა პროცედურა უმტკივნეულოდ წარიმართოს. ინექციის შემდეგ პაციენტი რამდენიმე ხანს კლინიკაში რჩება, გართულებების არარსებობის შემთხვევაში კი კლინიკიდან ეწერება.

შარდის ბუშტში ბოტოქსის ინექცია არ უკეთდებათ ალერგიული რეაქციისა და შარდსასქესო სისტემის მწვავე ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებს. პროცედურასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები იშვიათია, თუმცა აუცილებელია მათი გათვალისწინება:

* ინექციის შემდეგ შარდში შესაძლოა სისხლის კვალი აღმოჩნდეს, რაც დასაშვებია.

*  პაციენტთა 10%-ს აღენიშნება საშარდე გზების მწვავე ანთება, რომელიც შესაბამის მედიკამენტურ მკურნალობას მოითხოვს.

* შარდვასთან დაკავშირებული ტკივილი ან წვის შეგრძნება შემთხვევათა 8%-ში აღირიცხება და გარდამავალი ხასიათისაა.

* შარდის ბუშტის ბოტოქსის იშვიათი, თუმცა მნიშვნელოვანი გართულებაა შარდის შეკავება. ამ დროს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ბუშტის დაცლა კათეტერის დახმარებით, რათა თავიდან ავიცილოთ მეორეული ინფექცია.

ბოტულინოთერაპიის უკუჩვენებები

ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარებამდე აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა. ბოტოქსი უკუნაჩვენებია ორსულობის, ლაქტაციის, მწვავე ინფექციური დაავადების, იშვიათი თანდაყოლილი პათოლოგიების (მიასთენია, ჰემოფილია), ავთვისებიანი სიმსივნის, საინექციო ზონაში ანთებითი პროცესის არსებობის დროს.

მარი მარღანია

გააზიარე: