რატომ სცვივათ თმა ახალბედა დედებს

გააზიარე:

მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა მშობიარობიდან დაახლოებით სამ თვეში იწყება და ექვს თვემდე გრძელდება. მას ბევრი ახალნამშობიარები ქალი უჩივის. თმის ცვენა მშობიარობის თანმხლები ნორმალური მოვლენაა. გავა რამდენიმე თვე და თმა პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

რისი ბრალია თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის მიზეზი ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია.

როგორ იზრდება თმა

თმა კანის მცირე ფორებიდან – ფოლიკულებიდან იზრდება და მუდმივად გადის ზრდისა და ცვენის ციკლს.

თმის ზრდის ციკლს აქვს სამი ფაზა, რომლებიც მუდმივად მეორდება:

* ანაგენური ფაზა – ეს არის თმის აქტიური ზრდის ფაზა, რომელიც ორიდან ექვს წლამდე გრძელდება. თმის 85-90% ზრდის ამ ფაზაში იმყოფება;

* კატაგენური ფაზა – ეს არის ხანმოკლე გარდამავალი ფაზა, რომლის დროსაც თმის ფოლიკულები იკუმშება;

* ტელოგენური ფაზა – ერთგვარი მოსვენების ფაზა, რომელიც დაახლოებით სამი თვე გრძელდება. ამ ფაზის შემდეგ ფოლიკული თმის ღერს ათავისუფლებს და თმა ცვივა. 

როგორ იწყება თმის ცვენა

თითოეულ ქალს თავზე აქვს 80.000-დან 120.000-მდე თმის ღერი, საიდანაც დღის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე ღერს კარგავს.

ორსულობისას ჰორმონები იწვევს ზრდის (ანაგენურ) ფაზაში მყოფი ღერების სწრაფ გადასვლას მოსვენების (ტელოგენურ) ფაზაში, რამდენიმე თვის შემდეგ კი ეს ღერები ცვენას იწყებს.

რამდენ ხანს გრძელდება ცვენა

მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა დაახლოებით ექვს თვეს ან უფრო ნაკლებ ხანს გრძელდება. წესისამებრ, ქალის თმა ბავშვის პირველ დაბადების დღემდე უბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას.

რამდენად ხშირია მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა

მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა საკმაოდ ხშირი მოვლენაა. რაც დრო გადის, ის უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება.

როგორ ვლინდება

თავდაპირველად ქალი ამჩნევს ჩვეულებრივზე მეტ თმას სავარცხელზე, ბალიშზე ან საშხაპეში, ტანსაცმელზე, იატაკზე. თავზე ნელ-ნელა ჩნდება თმაშეთხელებული ადგილები.

რა იწვევს მშობიარობის შემდგომ თმის ცვენას

მშობიარობის შემდგომ თმის ცვენას იწვევს ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჰორმონ ესტროგენის დონის ცვლილება.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში ესტროგენის დონე საგრძნობლად იმატებს, რაც ხელს უშლის თმის ბუნებრივ ცვენას. ამ დროს შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თქვენი თმა ჩვეულებრივზე მეტად გახშირდა და გასქელდა. მშობიარობის შემდგომ პერიოდში, როდესაც ესტროგენის დონე იკლებს, ბევრი თმის ღერი უეცრად გადადის მოსვენების ფაზაში, რამდენიმე თვის შემდეგ კი ცვენას იწყებს.

როგორ სვამენ დიაგნოზს

თუ მშობიარობის შემდგომ პერიოდში თმის ჭარბი ცვენა შეამჩნიეთ, მიმართეთ თერაპევტს, რომელიც სიტუაციას შეაფასებს და დიაგნოზს დასვამს.

როგორ მკურნალობენ

მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს, თუმცა რამდენიმე ზოგადი რჩევა სიტუაციის უკეთ მართვაში დაგეხმარებათ:

* შეარჩიეთ ისეთი შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც თმას მოცულობას მატებს. იმისთვის, რომ იპოვოთ პროდუქტი, რომელიც საუკეთესო შედეგს  გამოიღებს, პირველ ხანებში შესაძლოა ერთგვარი ექსპერიმენტების ჩატარებაც დაგჭირდეთ.

* ფრთხილად დაიბანეთ თავი და დაივარცხნეთ. ფაქიზად გამოიყენეთ ფენი და თმის უთო, რომ თმა ზედმეტად არ დაიჭიმოს და არ გადახურდეს. ერიდეთ მჭიდროდ დაწვნას და შეკვრას.

* მოსინჯეთ განსხვავებული ვარცხნილობა: მოკლედ შეჭრამ შესაძლოა თმა გამოაცოცხლოს. თუ თმა შუბლის არეში გცვივათ და ეს გაშფოთებთ, იდეალური ვარიანტია წინამო. გარდა ამისა, მოკლე თმის მოვლა გაცილებით ადვილია.

* ეცადეთ, რაციონი ისე შეადგინოთ, რომ თმის ზრდისთვის საჭირო ყველა საკვები ნივთიერება მიიღოთ. თუ მკურნალი ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, რაციონს დაამატეთ მის მიერ შერჩეული ვიტამინები, რომლებიც სასარგებლოა როგორც თმის სიჯანსაღისთვის, ისე ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც.

შესაძლებელია თუ არა მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის თავიდან აცილება?

მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის თავიდან აცილების გზა არ არსებობს, თუმცა იმის ცოდნა, რომ ეს ნორმალური, ბუნებრივი მოვლენაა და მარტო თქვენ არ გჭირთ, ამაო შფოთვისგან გიხსნით.

გაიზრდება თუ არა თმა მშობიარობის შემდგომი ცვენის შემდეგ?

დიახ, როგორც კი ძველი თმა ფოლიკულიდან ამოვარდება, ახალი ღერები დაიწყებს ზრდას.

როდის გვჭირდება სპეციალისტის დახმარება?

იმისთვის, რომ მიიღოთ თქვენი მდგომარეობის შესაბამისი რეკომენდაციები, სწორად შეარჩიოთ მოვლის საშუალებები, ვიტამინები თუ საკვები დანამატები, საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია.

თუ ჭარბი თმის ცვენა ექვს თვეზე მეტია გრძელდება და ამჩნევთ, რომ ახალი თმა არ ამოდის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა, თმის ცვენა არა დროებითი ჰორმონული ცვლილებებით, არამედ რომელიმე დაავადებით იყოს გამოწვეული.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: