კუნთების ჯანმრთელობა

გააზიარე:

ადამიანის სხეულში 600-ზე მეტი კუნთია. მათი წონა სხეულის საერთო წონის დაახლოებით 40%-ს შეადგენს და მათი მთავარი ფუნქციაა შეკუმშვა. რომ არა კუნთები, ვერც ვიმოძრავებდით, ვერც ვისუნთქებდით, ვერც შევჭამდით, ვერც ჩვენი გული გადატუმბავდა სისხლს. მოკლედ, კუნთების გარეშე ვერ ვიცოცხლებდით.

კუნთების გამართულ მუშაობას ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი, შევინარჩუნოთ მათი ძალა და სხეულის ჯანსაღი წონა, თუმცა ჩვენი ძალისხმევა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს – კუნთების ფუნქციობას ხელი შეუშალოს ავადმყოფობამ ან ტრავმამ.

რა ემუქრება ჩონჩხის კუნთებს და როგორ ვიზრუნოთ მათ სიჯანსაღეზე?

სხეულის თითქმის ყველა მოძრაობა კუნთების შეკუმშვის შედეგია. გამონაკლისია ცილიების (უჯრედის ზედაპირზე არსებული წამწამების), სპერმატოზოიდის შოლტისა და სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის ამებოიდური მოძრაობა.

კუნთები  განსაკუთრებული უჯრედებისგან – კუნთოვანი ბოჭკოებისგან შედგება.

სახსრების, ძვლებისა და ჩონჩხის კუნთების შეთანხმებული მოქმედების შედეგად   დავდივართ, დავრბივართ და ვასრულებთ სხვა ადვილად შესამჩნევ მოძრაობებს. ჩონჩხის კუნთები უფრო ნატიფ მოძრაობებსაც უზრუნველყოფს, მაგალითად, სახის მიმიკას, თვალების ხამხამს, სუნთქვას.

კუნთების შეკუმშვას სხვა დანიშნულებაც აქვს – მისი მეშვეობით:

* ვინარჩუნებთ სხეულის პოზას – შეგვიძლია ჯდომა, დგომა და სხვა;

* ვინარჩუნებთ სახსრების მდგრადობას – ეს კუნთების დაბოლოებებზე არსებული მყესების დამსახურებაა;

* გამოვიმუშავებთ სითბოს – სხეულის მიერ წარმოქმნილი სითბოს თითქმის 85% კუნთების შეკუმშვის შედეგია.

ტიპები

კუნთი რბილი ქსოვილია. ადამიანის სხეულში სამი ტიპის კუნთებია:

* ჩონჩხის ანუ განივზოლიანი კუნთები – ეს კუნთები პასუხისმგებელია ტანისა და კიდურების მოძრაობაზე. მათ ჩვენ ვაკონტროლებთ. ჩონჩხის კუნთები ძალიან გრძელი, ხშირად მთელი კუნთის სიგრძის მრავალბირთვიანი უჯრედებისგან შედგება. ყოველ ასეთ უჯრედში სიგანეზე, ერთმანეთის პარალელურად, განლაგებულია წვრილი კუმშვადი ბოჭკოები – მიოფიბრილები. მიკროსკოპში ისინი ზოლებად ჩანს. სწორედ ამიტომ დაერქვა კუნთებს განივზოლიანი.

* გულის კუნთი – ისიც განივზოლიანია, თუმცა მის ბოჭკოებს, კარდიომიოციტებს,  სხვადასხვა ფორმა აქვს და ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რის გამოც გულში ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება. გულის კუნთი ძლიერად და რიტმულად იკუმშება. მისი შეკუმშვა უნებლიეა – ამ პროცესს ავტონომიური ნერვული სისტემა აკონტროლებს.

* გლუვი კუნთები – ისინი გვხვდება ღრუ შინაგანი ორგანოების: სისხლძარღვების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდის ბუშტის, საშვილოსნოს, – კედლებში. გლუვი კუნთებიც ავტონომიური ნერვული სისტემის კონტროლქვეშაა, ანუ ჩვენს ნებას არ ემორჩილება. გლუვი კუნთების ბოჭკოები თითისტარის ფორმისაა, ერთბირთვიანია და ზოლები არ აქვს. ისინი ნელა და რიტმულად იკუმშება.

ჩონჩხის კუნთები

ჩონჩხის მრავალი კუნთის სახელი შეესაბამება მის ანატომიურ აღწერას, თვისებას ან ერთდროულად რამდენიმე მახასიათებელს: დელტისებრი, ტრაპეციული, განივი, ორთავა (ბიცეფსი), სამთავა (ტრიცეფსი),  მკერდლავიწდვრილისებრი, განმზიდველი, მომზიდველი, საღეჭი და სხვა.

მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ თავის, კისრის, ტანის, ზედა კიდურებისა და ქვედა კიდურების კუნთებს.

თითოეული კუნთი განიხილება როგორც კუნთოვან სისტემაში შემავალი ორგანო. კუნთოვან ბოჭკოებთან ერთად მათში გვხვდება შემაერთებელი, ნერვული, სისხლძარღვოვანი და სხვა ქსოვილები. ზომით, ფორმით და ბოჭკოების განლაგებით ჩონჩხის კუნთები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. შეიძლება იყოს ძაფივით წვრილი და პატარაც (ასეთია, მაგალითად, შუა ყურში არსებული უზანგის კუნთი) და  საკმაოდ დიდიც (მაგალითად, ბარძაყის კუნთი). ზოგიერთი კუნთი ფართოა, ზოგი – ვიწრო. ზოგ მათგანში ბოჭკოები სიგრძივი ღერძის პარალელურად არის განლაგებული, ზოგში – ირიბად, ზოგში კი ერთმანეთზეა გადაბმული.

კუნთოვანი ბოჭკო გრძელი ცილინდრული უჯრედია. კუნთი ასობით, ათასობით ასეთი ბოჭკოსგან შედგება. ბოჭკოები კონებად არის შეკრული, ამ უკანასკნელთა გაერთიანება კი კუნთს ქმნის. თითოეული ბოჭკო, ბოჭკოთა კონა და მთლიანი კუნთი შეფუთულია შემაერთებელქსოვილოვანი გარსით: ბოჭკოებს აკრავს ენდომიზიუმი, ბოჭკოების კონას – პერიმიზიუმი, კონების შეკვრას – ეპიმიზიუმი, ხოლო ეს უკანასკნელი გარშემორტყმულია ფასციით.

შემაერთებელი ქსოვილი იცავს კუნთოვან ბოჭკოებს როგორც გარეგანი დაზიანებისგან, ისე შეკუმშვის ძალისგან და ქმნის გზებს სისხლძარღვებისა და ნერვებისთვის.

შემაერთებელქსოვილოვანი გარსები ერთიანდება და წარმოქმნის სქელი თოკის მსგავს მყესს ან ფართო, ბრტყელი ფურცლის მსგავს მყესოვან ფირფიტას – აპონევროზს. მყესებითა და აპონევროზებით კუნთები ძვლებს ან სხვა კუნთების შემაერთებელ ქსოვილს ემაგრება.

ჩონჩხის კუნთებში უხვად არის სისხლძარღვები და ნერვები. ბოჭკო რომ შეიკუმშოს, მან აუცილებლად უნდა მიიღოს იმპულსი ნერვული უჯრედიდან. არტერიები, ვენები და კაპილარები კი კუნთის ნივთიერებათა ცვლას უზრუნველყოფს.

რა ემუქრება

კუნთების მუშაობა შესაძლოა შეაფერხოს:

  • ტრავმამ, რომელიც იწვევს კუნთების დაზიანებას, დაჭიმვას, შესაძლოა გამოვლინდეს კრამპით (უნებლიე შეკუმშვა), მძიმე შემთხვევებში დამბლაც კი გამოიწვიოს;
  • ნერვკუნთოვანმა დაავადებამ, მაგალითად, გვერდითმა ამიოტროფიულმა სკლეროზმა;
  • ავთვისებიანმა სიმსივნურმა დაავადებამ, მაგალითად, სარკომამ;
  • ავტოიმუნურმა დარღვევამ, მაგალითად, მიასთენია გრავისმა;
  • მიოპათიამ – ჩონჩხის კუნთების ბოჭკოთა დისფუნქციის გამო განვითარებულმა დაავადებამ;
  • პოლიმიოზიტმა – კუნთების ანთებითმა დაავადებამ;
  • ფიბრომიალგიამ – მთელ სხეულზე გავრცობილმა ქრონიკულმა ტკივილმა;
  • ქრონიკული ტკივილის გამომწვევმა დარღვევებმა;
  • გენეტიკურმა დარღვევამ – კუნთოვანმა დისტროფიამ, რომელიც კუნთებს ასუსტებს;
  • ინფექციამ, მაგალითად, ლაიმის დაავადებამ, მალარიამ, კლდოვანი მთის ლაქოვანმა ცხელებამ;
  • მედიკამენტებმა, მაგალითად, ქიმიოთერაპიულმა საშუალებებმა. წნევის დამწევმაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ტკივილი. ზოგიერთ ადამიანს წამალზე ან ტოქსიკურ ნივთიერებაზე ძლიერი ალერგიული რეაქციის შემდეგ უვითარდება კუნთების სისუსტე.

***

ვარჯიშის ტკივილი

ალბათ მრავალ თქვენგანს შეუმჩნევია, რომ ვარჯიშის მეორე-მესამე დღეს კუნთების ტკივილი იწყება. ამ ტკივილის მიზეზი ხშირად ნახშირწყლების გაძლიერებული დაშლის შედეგად რძემჟავას დაგროვება ჰგონიათ. სინამდვილეში რძემჟავა ვარჯიშისთანავე იწვევს კუნთების ტკივილს. მეორე-მესამე დღეს განვითარებული ტკივილი მიკროტრავმების, მიოფიბრილების გაგლეჯის ბრალია. ეს არ არის საშიში, ტრავმირებული ადგილები თავისთავად აღდგება. სამაგიეროდ, ტრავმისა და აღდგენის პროცესები კუნთების მოცულობას ზრდის.

ნიშნები და სიმპტომები

კუნთების პრობლემები სხვადასხვანაირად ვლინდება. ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია:

* მოძრაობისა და წონასწორობის დაცვის სირთულე;

* კუნთების ტკივილი, კრუნჩხვა, კრთომა;

* კუნთების სისუსტე, დამბლა;

* ჩხვლეტა, დაბუჟება.

ამ სიმპტომების უმეტესობა შეუქცევად მდგომარეობას სულაც არ ნიშნავს, – მაგალითად, კუნთების ტკივილსა და სისუსტეს ხშირად დასვენება და საკმარისი სითხის მიღებაც შველის, – მაგრამ თუ რომელიმე სიმპტომმა მოულოდნელად იჩინა თავი, ექიმს შეატყობინეთ. კუნთების უეცარი სისუსტე ან ტკივილი შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევაზეც მიანიშნებდეს.

გამოკვლევა

კუნთების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის:

* სისხლისა და შარდის ანალიზები;

* ელექტრომიოგრაფია (EMG) – ელექტრული იმპულსების გაზომვა კუნთების მოსვენებისა და მუშაობის დროს;

* ნერვის გამტარობის კვლევა (NCS), რომლითაც მოწმდება, რამდენად სწრაფად და კარგად გაივლის ელექტრული იმპულსები ნერვებში;

* კუნთის ბიოფსია – კუნთის მცირე ნაწილის ამოკვეთა მიკროსკოპის ქვეშ მისი შესწავლის მიზნით;

* გენეტიკური ტესტები – მემკვიდრეობითი დარღვევების არსებობა-არარსებობა შეიძლება შემოწმდეს როგორც სისხლის, ისე ნერწყვის გამოკვლევითაც.

მკურნალობა

რა გზა აირჩევა კუნთების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათი ფუნქციის დარღვევის მიზეზზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს ვარჯიში, წამლები, ფიზიკური, რესპირატორული და ოკუპაციური თერაპია, ძირითადი მდგომარეობის მკურნალობა პროცესის შეფერხების მიზნით, ზოგჯერ ოპერაციაც.

როგორ გავუფრთხილდეთ

კუნთების სიჯანსაღე რომ შეინარჩუნოთ, ზოგად ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ.

ივარჯიშეთ – აქტიურობა არა მხოლოდ ჩონჩხის, არამედ გულის კუნთის ძალასაც გვინარჩუნებს. ეცადეთ, შეასრულოთ აერობული ვარჯიშები (ვარჯიშები, რომლებიც ტვირთავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, მაგალითად, სწრაფი სიარული, სირბილი, ველოსიპედით ქროლა) და ძალისმიერი ვარჯიშები (ვარჯიშები, რომლებიც აძლიერებს თავად კუნთებს – სიმძიმეების აწევა და სხვა). ტრავმის თავიდან ასაცილებლად ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად მოითელეთ, გამთბარი კუნთები უფრო ნაკლებად ზიანდება.

იკვებეთ სწორად – ეცადეთ, გქონდეთ დაბალანსებული რაციონი, ერიდეთ ჭარბ მარილს, ტრანსცხიმებს.

შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა – ზედმეტი კილოგრამების ტარებამ შესაძლოა კუნთების დაზიანება გამოიწვიოს.

დაისვენეთ, როცა საჭიროა – გადატვირთვის შემდეგ ადროვეთ კუნთებს აღდგენა.

კუნთების ძალა და მოქნილობა

განსაზღვრული ტიპის ვარჯიშები ზრდის კუნთების ძალასა და მოქნილობას, ხელს უწყობს ძვლების სიმკვრივის შენარჩუნებას, აუმჯობესებს წონასწორობას, ასუსტებს სახსრების ტკივილს.

ძალისმიერი ვარჯიში

ძალისმიერი ვარჯიში არის ნებისმიერი აქტივობა, რომელიც აიძულებს კუნთებს, ჩვეულებრივზე მეტად იმუშაონ. ის ზრდის კუნთების სიმაგრეს, ზომას, ძალასა და გამძლეობას. ამგვარი ვარჯიშის შესრულება შეიძლება როგორც საკუთარი წონის გამოყენებით, ისე წინააღმდეგობის დაძლევითაც.

ძალისმიერი ვარჯიშებია:

* სიმძიმეების აწევა;

* ელასტიკური ლენტებით ვარჯიში;

* მიწის თხრა, გადათოვლა;

* კიბეზე ასვლა;

* გორაკზე ასვლა;

* ველოსიპედით სიარული;

* ცეკვა;

* აზიდვა, ბუქნი, პრესის ვარჯიში;

* იოგა.

სასურველია, კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები კვირაში ორჯერ მაინც შესრულდეს.

ასაკთან ერთად იმატებს დაცემის რისკი. ამის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება, დაიტვირთოთ ისეთი აქტივობებით, რომლებიც აუმჯობესებს ფეხების ძალას, წონასწორობას და კოორდინაციას. ასეთებია ცეკვა, კიბეზე ასვლა, ლაშქრობა, სიმძიმეების აწევა, ტაი ჩი, იოგა.

იმისთვის, რომ ვარჯიშმა კუნთები გააძლიეროს, ისინი ისე უნდა ამუშაოთ, რომ ვარჯიშის გასაგრძელებლად ხანმოკლე შესვენება დაგჭირდეთ. მაგალითად, თუ სიმძიმეებს სწევთ, რამდენიმე აწევის შემდეგ წონის შემცირება მოგიხდეთ, რათა ვარჯიშის გაგრძელება შეძლოთ.

ვარჯიში  მოქნილობისთვის

ზოგიერთი ვარჯიში აუმჯობესებს სახსრის მოძრაობის უნარს, რაც აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეთებია:

* გაჭიმვა;

* იოგა;

* ტაი ჩი;

* პილატესი.

ეს აქტივობები ეხმარება ადამიანს, შეინარჩუნოს ყოველდღიური საქმეების შესრულების უნარი და ანელებს ძვლებისა და კუნთების დაბერებასთან დაკავშირებულ განლევას, ამასთან ერთად, ამცირებს დაცემის ალბათობას, აუმჯობესებს ტანდეგობას, ამცირებს ტკივილებსა და ტრავმის რისკს.

სიხშირე

კუნთების გამაძლიერებელი იმ აქტივობების შესრულება, რომლებიც ამუშავებს კუნთების ყველა ძირითად ჯგუფს (ფეხები, თეძოები, ზურგი, მუცელი, მკერდი, მხრები და მკლავები), მიზანშეწონილია კვირაში ორჯერ ან მეტჯერ. ჯამში ამ ყველაფერს შესაძლოა 20 წუთზე ნაკლები დასჭირდეს.

ვარჯიში უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ გეყოფათ რესურსი, გამეორება სხვის დაუხმარებლად შეასრულოთ. გამეორება არის აქტივობის ერთი სრული მოძრაობა საწყის პოზიციაში დაბრუნებამდე, მაგალითად, სიმძიმის ერთი აწევა-დაშვება, ერთი აზიდვა-დაშვება, ერთი ჩაჯდომა-ადგომა.

ეცადეთ, თითოეული აქტივობა 8-12-ჯერ გაიმეოროთ. მოძრაობის დაწყებიდან შესვენებამდე გამეორებათა ერთობლიობას ეწოდება მისვლა (წყება, სეტი). კუნთების გამაძლიერებელი აქტივობა უნდა შეასრულოთ, სულ მცირე, ორ მისვლად, მაგრამ უფრო მეტ სარგებლობას მოგიტანთ სამი მისვლისგან შემდგარი სერია. ვარჯიში მცირე დატვირთვით უნდა დაიწყოთ და რამდენიმე კვირის განმავლობაში დატვირთვა თანდათან ზარდოთ, თუმცა არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული რეკომენდაციები იმის შესახებ, რამდენი დრო უნდა დახარჯოთ მოქნილობის ვარჯიშებზე.

აერობული ვარჯიში

ზოგადი ჯანმრთელობისთვის კარგია ზომიერი ინტენსივობის აერობული ვარჯიში (ფეხით ან ველოსიპედით სიარული) კვირაში 150 წუთი მაინც და ძალისმიერი ვარჯიში კვირაში ორი დღე, თუმცა 75-წუთიანმა ინტენსიურმა აერობულმა აქტივობამ შესაძლოა ეს უკანასკნელი ჩაანაცვლოს.

თავად ძალისმიერი ვარჯიში კი ვერ შეგიცვლით აერობული დატვირთვის 150 წუთს, თუმცა ზოგიერთი ენერგიული აერობული ვარჯიში კუნთებსაც აძლიერებს. მაგალითად, ცეკვა, საბრძოლო ხელოვნება, ფეხბურთი, რაგბი.

***

კუნთების კრამპი

კრამპი, რომელსაც საუბარში “ძარღვის გაკვანძვას” ეძახიან, წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე კუნთის სპაზმს – უნებლიე შეკუმშვას. ყველაზე ხშირად ის  ვარჯიშის შემდეგ ვითარდება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სპაზმები, განსაკუთრებით – ფეხის კუნთებისა, ღამღამობით აწუხებთ.

კრამპი შეიძლება იყოს მტკივნეული, რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გაგრძელდეს, მისი დასრულების შემდეგ კუნთი რამდენიმე საათი ან მთელი დღეც კი მტკივანი დარჩეს.

კრამპისგან არცერთი კუნთი არ არის დაზღვეული, კიდურებისა იქნება, კისრის, ზურგის, გულმკერდისა თუ მუცლის, – მაგრამ ყველაზე ხშირად ის წვივის კუნთებში ვითარდება. 

რა იწვევს:

* ყველაზე ხშირად – კუნთის დაძაბვა ან გადატვირთვა;

* ნერვზე ზეწოლა ხერხემლის პრობლემების გამო – ამ შემთხვევაში სიარულის დროს ტკივილი ძლიერდება, მაგრამ თუ წინ წახრილი დადიხართ, – მაგალითად, საყიდლების ურიკას დააგორებთ, – შესაძლოა შემსუბუქდეს;

* გაუწყლოება, მაგალითად, ოფლიანობის გამო;

* ელექტროლიტების – მაგნიუმის, კალიუმის ან კალციუმის – სიმცირე, რაც შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დასაწევად შარდმდენი მოქმედების წამლების სმამ;

* კუნთებში სისხლის არასაკმარისი ნაკადი (არტერიების შევიწროების გამო) – ამ შემთხვევაში კრამპი ვარჯიშის შეწყვეტისთანავე გაივლის;

* ორსულობა;

* ზოგიერთი მედიკამენტი;

* დიალიზი.

ზოგჯერ კრამპის მიზეზი დაუდგენელი რჩება.

ვის ემუქრება

კუნთების კრამპი ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. განსაკუთრებით ხშირად აღირიცხება მოხუცებთან, ჭარბწონიანებთან, სპორტსმენებთან, ორსულებთან, ფარისებრი ჯირკვლისა და ნერვული სისტემის დარღვევების მქონე პირებთან.

მკურნალობა

კუნთების კრამპს განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება. მისი შემსუბუქება შესაძლებელია:

* კუნთის გაჭიმვით ან ნაზი მასაჟით – წვივის კუნთის კრამპის დროს ფეხი გაჭიმეთ და ტერფი თქვენკენ მოზიდეთ ისე, რომ წვერი კრამპის მხარეს იყოს გადახრილი ან დადექით კრამპიან ფეხზე და ეცადეთ, მთელი ძალით დააწვეთ იატაკს. ეს ბარძაყის უკანა ნაწილში განვითარებულ სპაზმსაც შეამსუბუქებს. ბარძაყის წინა კუნთების კრამპის დროს ფეხი დუნდულებისკენ ასწიეთ.

* კრამპიან კუნთზე თბილის ან ცივის დადებით. შეგიძლიათ, გამოიყენოთ თბილი პირსახოცი, სათბურა, მიიღოთ თბილი აბაზანა, დაჭიმულ კუნთზე გადაატაროთ ცხელი წყლის ნაკადი ან მტკივან კუნთზე ყინული წაისვათ.

* მეტი სითხის მიღებით, თუ სპაზმის მიზეზი გაუწყლოებაა.

შესაძლოა, დაგეხმაროთ ფეხზე დადგომა და სიარულიც. თუ კრამპი სხვა სამედიცინო მდგომარეობით არის გამოწვეული, ამ უკანასკნელის მკურნალობა, დიდი ალბათობით, სპაზმებსაც შეამსუბუქებს.

არსებობს წამლებიც კრამპების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ყოველთვის არ არის ეფექტური და შესაძლოა, არასასურველი თანამოვლენებიც გამოიწვიოს.

ფეხის სპაზმების გაიშვიათებას შესაძლოა ხელი შეუწყოს B ვიტამინის კომპლექსისა და სხვა ვიტამინების მიღებამ.

მიმართეთ ექიმს

კუნთების კრამპი, როგორც წესი, უვნებელია და რამდენიმე წუთში გაივლის, მაგრამ ექიმს უნდა დაუკავშირდეთ, თუ სპაზმები მეტისმეტად ძლიერია, მეტისმეტად ხშირია, დიდხანს გრძელდება, არ შველის გაჭიმვა და სითხის მიღება, თან ახლავს შეშუპება, სიწითლე, სითბოს შეგრძნება ან კუნთების სისუსტე.

პრევენცია

კუნთების კრამპის თავიდან ასაცილებლად:

  •  გაჭიმეთ კუნთები, განსაკუთრებით –  ვარჯიშის წინ. თუ ფეხის კრამპი ხშირად გაქვთ ღამღამობით, ძილის წინ ფეხის კუნთები ან დაჭიმეთ, ან რამდენიმე წუთი ამუშავეთ ველოტრენაჟორზე.
  •  სვით ბევრი უალკოჰოლო სითხე. თუ ინტენსიურად ან სიცხეში ვარჯიშობთ, ელექტროლიტების აღდგენაში სპორტული სასმელები დაგეხმარებათ.
  •  რეგულარულად შეასრულეთ ვარჯიშები მოქნილობისთვის.
  •  ერიდეთ ძლიერ სიცხეში ვარჯიშს.
  •  ატარეთ კარგად მორგებული ფეხსაცმელი.
  •  თუ ზურგზე მწოლიარეს გძინავთ, ეცადეთ, ფეხის თითები ზემოთ გქონდეთ მიმართული (შეგიძლიათ, ამაში ბალიშები დაიხმაროთ). მუცელზე წოლისას ტერფები საწოლიდან ჩაკიდეთ.
  •  მიიღეთ კალციუმისა და კალიუმის შემცველი მეტი პროდუქტი – რძე, ფორთოხლის წვენი, ბანანი.

***

კუნთების კრთომა – ფასციკულაცია

ფასციკულაცია არის კუნთების ფიბრილაცია – თრთოლა, კრთომა. ის გამოწვეულია კუნთების მცირე უბნების უნებლიე შეკუმშვებით. უმეტესად იკუმშება ერთი მოტორული ნერვული ბოჭკოს მიერ ინერვირებული უბანი. ყველაზე ხშირია თვალის კუნთების კრთომა, შედარებით იშვიათი – ხელისა და ფეხის კუნთებისა. ხშირად შეკუმშვები შეუმჩნეველი რჩება. მსუბუქი ფასციკულაცია ცხოვრების წესის გამო ვითარდება. უფრო ძლიერი თრთოლა ჯანრთელობის სერიოზულ დარღვევაზე მიუთითებს.

ფასციკულაციის გავრცელებული და ნაკლებად სერიოზული მიზეზებია:

* ფიზიკური დატვირთვა – ყველაზე ხშირად სწორედ ის იწვევს მკლავების, ფეხებისა და ზურგის კუნთების თრთოლას;

* სტრესი და შფოთვა;

* ძილის უკმარისობა, რამაც შესაძლოა შეცვალოს ორგანიზმში ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის დონე;

* კოფეინის, ამფეტამინებისა და სხვა სტიმულატორების დოზის გადაჭარბება;

* ნიკოტინი – უმეტესად იწვევს ფეხის კუნთების თრთოლას;

* ნუტრიენტების (D ვიტამინის, B ვიტამინის, კალციუმის) დეფიციტი – იწვევს ქუთუთოს, წვივისა და მკლავის კუნთების ფასციკულაციას;

* ორგანიზმის გაუწყლოება – ამ დროს ფასციკულაცია ვითარდება დიდ: ფეხის, მკლავის, ტანის, – კუნთებში;

* ელექტროლიტების დისბალანსი, გამოწვეული სითხის დაკარგვით ჭარბი ოფლიანობის, ღებინების ან დიარეის შედეგად;

* ქუთუთოს ან თვალის გაღიზიანება – შესაძლოა, გამოიწვიოს ქუთუთოს ან თვალის კუნთების თრთოლა;

* კორტიკოსტეროიდების, დიურეზული წამლების, ესტროგენების მიღება – იწვევს კიდურის კუნთების ფასციკულაციას.

შედარებით სერიოზული მიზეზებია ნერვკუნთოვანი დარღვევები, მათ შორის – კუნთოვანი დისტროფია,  გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, ზურგის კუნთების ატროფია, ისააკის სინდრომი – პირველადი ნეირომიოტონია, თირკმელების ქრონიკული დაავადება, მიოპათია, სეროტონინის სინდრომი, გამოწვეული ორგანიზმში სეროტონინის დონის მატებით, ნეიროპათია, ჰოფმანის სინდრომი – ჰიპოთიროიდული მიოპათია.

მკურნალობა

კეთილთვისებიანი ფასციკულაციის მკურნალობა უმეტესად არ არის საჭირო. თუ ის სხვა სამედიცინო მდგომარეობით არის გამოწვეული, ძირითადი მიზეზის მკურნალობამ შესაძლოა მისი სიმპტომებიც შეამსუბუქოს. თუ სიმპტომები ძლიერია, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს მედიკამენტები და შემოგთავაზოთ კოგნიტიურ-ბიჰევიორისტული თერაპია.

პრევენცია

კუნთების ფიბრილაციის თავიდან აცილება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ  რისკის შესამცირებლად:

* რეგულარულად მიირთვით ახალი ხილი და ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული, ზომიერად – ცილა;

* იძინეთ სრულფასოვნად (7-9 საათი დღე-ღამეში);

* მართეთ სტრესი (მიმართეთ მედიტაციას, იოგას, ტაი-ჩის).

* მიიღეთ ნაკლები კოფეინი;

* თავი დაანებეთ მოწევას;

* ექიმის კონსულტაციით შეცვალეთ მედიკამენტი, თუ ის ფიბრილაციას იწვევს.

***

კუნთების ტკივილი

კუნთების ტკივილი, მიალგია, საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. ის შესაძლოა მოიცავდეს ერთზე მეტ კუნთს და ვრცელდებოდეს იოგებზე, მყესებზე, ფასციებზე.

ტკივილი უმეტესად გამოწვეულია კუნთების დაძაბვით, გადაჭარბებული დატვირთვით, დატვირთვამდე არასაკმარისი მოთელვით, ვარჯიშის ან მძიმე ფიზიკური შრომის შედეგად ერთი ან რამდენიმე კუნთის დაზიანებით. ამ შემთხვევაში ტკივილი  იწყება დატვირთვის დროს ან მის შემდეგ, ამიტომ ადვილი მისახვედრია, რომელი აქტივობა იწვევს ტკივილს.

კუნთების ტკივილი შესაძლოა იყოს სხეულში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის, მაგალითად, ინფექციის (გრიპი, ლაიმის დაავადება, მალარია, კუნთის აბსცესი, პოლიომიელიტი, კლდოვანი მთის ლაქოვანი ცხელება, ტრიქინელოზი და სხვა) ან შემაერთებელქსოვილოვანი დაავადების (წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი და სხვა) გამოხატულებაც.

კუნთების ტკივილის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ფიბრომიალგია –  მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კუნთებისა და მიმდებარე რბილი ქსოვილების ტკივილი, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დაქანცულობა.

გარდა ამისა, კუნთების ტკივილს იწვევს:

* ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის – აგფ ინჰიბიტორები (არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები), კოკაინი, სტატინები (ქოლესტეროლის დონის დამწევი საშუალებები);

* ელექტროლიტების დისბალანსი, კალიუმის ან კალციუმის ნაკლებობა.

მოვლა

თუ ტკივილი კუნთების გადატვირთვის ან ტრავმის შედეგია, დაასვენეთ კუნთები და მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ტრავმის შემდეგ პირველი 24-72 საათის განმავლობაში დაიდეთ ყინული – ეს შეამცირებს ტკივილს და ანთებას. ამ ხნის შემდეგ თბილი დაიდეთ.

გადატვირთვით ან ფიბრომიალგიით გამოწვეულ ტკივილს უხდება მასაჟი, ასევე – კუნთის ფრთხილად გაჭიმვა მისი ხანგრძლივი დასვენების შემდეგ.

კუნთების ტონუსის აღდგენაში რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ. კარგია ფეხით და ველოსიპედით სიარული, ცურვა. ფიზიოთერაპევტს ან სპორტულ ტრენერს შეუძლია გასწავლოთ გაჭიმვა, მატონიზირებელი და აერობული ვარჯიშები. დაიწყეთ მცირე დატვირთვით და თანდათან გაზარდეთ. ერიდეთ ინტენსიურ აერობულ აქტივობებს და სიმძიმის აწევას, თუ გადატანილი გაქვთ ტრავმა ან გრძნობთ ტკივილს.

იძინეთ ბევრი და ეცადეთ, მართოთ სტრესი. სტრესის დროს კარგია იოგა და მედიტაცია.

თუ ტკივილი მაინც გაწუხებთ, შესაძლოა დაგჭირდეთ  წამლები ან ფიზიოთერაპია. თუ კუნთების ტკივილი გამოწვეულია კონკრეტული დაავადებით, უმკურნალეთ ამ დაავადებას ექიმის მითითებისამებრ.

ტკივილის რისკის შესამცირებლად:

* გაჭიმეთ კუნთები ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ;

* ვარჯიშის წინ გახურდით, ვარჯიშის შემდეგ კი გაგრილდით;

* სვით ბევრი სითხე ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და მის შემდეგ;

* თუ დღის უმეტეს ნაწილს ერთსა და იმავე პოზაში ატარებთ (მაგალითად, კომპიუტერთან), გაიჭიმეთ, სულ მცირე, საათში ერთხელ.

დაუკავშირდით ექიმს, თუ:

* კუნთების ტკივილი სამ დღეზე მეტია გრძელდება;

* ტკივილი არის ძალიან ძლიერი და თითქოს უმიზეზო.;

* გაქვთ ინფექციის რაიმე ნიშანი – შეშუპება, სიწითლე მტკივნეული კუნთის ირგვლივ;

* გაქვთ ტკიპის ნაკბენი ან გამონაყარი;

* კუნთების ტკივილი უკავშირდება წამლის დოზის ცვლილებას ან ახალი წამლის მიღებას.

***

ფიბრომიალგია

ფიბრომიალგია არის მდგომარეობა, რომელიც გავრცობილი ქრონიკული ტკივილით გამოიხატება (ტკივილი გავრცობილად მიიჩნევა, თუ აღირიცხება სხეულის ორივე მხარეს, როგორც წელს ზემოთ, ისე წელს ქვემოთაც). ტკივილს ხშირად ახლავს თან დაღლილობა, ძილის დარღვევა, კონცენტრაციის გაძნელება, თავის ტკივილი, დეპრესია და შფოთვა.

ფიბრომიალგიის დროს შესაძლოა მომატებული იყოს სახსრების, კუნთების, მყესებისა და სხვა რბილი ქსოვილების მგრძნობელობა.

რა იწვევს

ფიბრომიალგიის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მას იწვევს ტკივილის იმ იმპულსების გადამუშავების დარღვევა, რომლებსაც ცენტრალური ნერვული სისტემა იღებს.

ფიბრომიალგიის სავარაუდო მიზეზებია:

* ფიზიკური ან ემოციური ტრავმა;

* ტკივილზე გადაჭარბებული რეაქცია – ფიბრომიალგიის მქონე ადამიანის თავის ტვინის უბნები, რომლებიც ტკივილს აკონტროლებს, შესაძლოა ფიბრომიალგიის არმქონე ადამიანის ტვინისგან განსხვავებულად რეაგირებდეს;

* ძილის დარღვევა;

* ინფექცია.

ფიბრომიალგია მამაკაცებზე ხშირად აქვთ ქალებს. ის უმთავრესად 20-დან 50 წლამდე ასაკში ვითარდება და მოსახლეობის 1-5 პროცენტს აღენიშნება.

ფიბრომიალგიით ან მისი მსგავსი კლინიკური ნიშნებით შესაძლოა გამოვლინდეს: კისრის ან ზურგის ქრონიკული ტკივილი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, დეპრესია, ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება), ლაიმის დაავადება, ძილის დარღვევა.

როგორ ვლინდება

ფიბრომიალგიის მთავარი სიმპტომია ქრონიკული ტკივილი სხეულის რამდენიმე უბანში: თავში, ერთ ან ორივე მკლავში, გულმკერდში, მუცელში, ერთ ან ორივე ფეხში, ზურგში, წელში (დუნდულების ჩათვლით). ის შესაძლოა იყოს სუსტი ან ძლიერი, მუდმივი, მჭრელი, მწველი, გამოიწვიოს შეგრძნება, რომ სახსრებიდან მოდის.

ფიბრომიალგიის მქონე ადამიანები, წესისამებრ, გაღვიძებისთანავე უჩივიან ტკივილს და შებოჭილობას. ზოგიერთს ტკივილი დღის განმავლობაში უცხრება და ღამით უძლიერდება, ზოგს კი მთელი დღე აწუხებს.

ტკივილი შესაძლოა გააძლიეროს:

* ფიზიკურმა დატვირთვამ;

* ცივმა ან ნესტიანმა ამინდმა;

* შფოთვამ და სტრესმა.

ფიბრომიალგიის მქონე ადამიანების უმეტესობას დამატებით აღენიშნება, სულ მცირე, ერთი სიმპტომი ჩამოთვლილთაგან: დაღლილობა, დეპრესიული განწყობა, ძილის დარღვევა – უჭირს დაძინება ან ძილის გაგრძელება და გაღვიძებული თავს დაქანცულად გრძნობს.

ფიბრომიალგიასთან ერთად ზოგჯერ აღირიცხება:

* გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი;

* მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება;

* ხელ-ფეხის დაბუჟება და ჩხვლეტა;

* დაძაბულობის ან შაკიკის თავის ტკივილი;

* ქრონიკული დაღლილობა;

* ინტერსტიციული ცისტიტი ან მტკივნეული ბუშტის სინდრომი;

* საფეთქელ–ყბის სახსრის დარღვევები;

* შფოთვა;

* დეპრესია;

* პოსტურალური ტაქიკარდიის სინდრომი (დაკავშირებული წამოჯდომა-წამოდგომასთან).

როგორ სვამენ დიაგნოზს

ფიბრომიალგიის დიაგნოზი რომ დაესვას, ადამიანს უნდა ჰქონდეს გავრცობილი ტკივილი მინიმუმ სამი თვის განმავლობაში და ერთი ან მეტი სიმპტომი ქვემოთ ჩამოთვლილიდან:

* ძილის მუდმივი დარღვევა;

* დაღლილობა;

* აზროვნების ან მეხსიერების გაუარესება.

შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა მდგომარეობის გამორიცხვა ან ძილის დროს სუნთქვაზე დაკვირვება იმის გასარკვევად, ხომ არ აქვს პაციენტს ძილის აპნოე.

ფიბრომიალგია რევმატულ დაავადებებსაც ახასიათებს, მაგალითად, რევმატოიდულ ართრიტს, ოსტეოართრიტს, სპონდილოართრიტს, სისტემურ წითელ მგლურას. ეს ართულებს დიაგნოზის დასმას და მკურნალობას.

როგორ მკურნალობენ

მკურნალობის მიზანია ტკივილისა და სხვა სიმპტომების შემსუბუქება, უუნარობის შემცირება, რათა პაციენტს სხვისი დახმარება ნაკლებად დასჭირდეს. მკურნალობენ ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლებით, ფიზიოთერაპიით, ვარჯიშით, სტრესის შემსუბუქების მეთოდებით, მათ შორის –მსუბუქი მასაჟით და რელაქსაციით.

თუ ამან არ იმოქმედა, ექიმმა შესაძლოა მკურნალობაში ჩართოს ანტიდეპრესანტი და მიორელაქსანტი (კუნთების მომადუნებელი წამალი). მათი მიზანია, პაციენტმა უკეთ იძინოს და უკეთ აიტანოს ტკივილი. წამლები გამოყენებულ უნდა იქნეს ვარჯიშსა და ქცევით თერაპიასთან ერთად. შესაძლოა, დამატებით დაინიშნოს კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები. ძილის აპნოეს შემთხვევაში შესაძლოა პაციენტს სპეციალური აპარატის  გამოყენების რეკომენდაცია მისცენ, რათა ძილის დროს სასუნთქი გზები არ დაეხშოს. 

მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია. ალტერნატიული მეთოდებია ტაი ჩი, იოგა, აკუპუნქტურა.

ცხოვრების წესი

ფიბრომიალგიის მართვისას გადამწყვეტია თავის სწორი მოვლა:

* კარგად დააბალანსეთრაციონი;

* ერიდეთ კოფეინს;

* შეიმუშავეთ ძილის რუტინა ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად;

* ივარჯიშეთ რეგულარულად,  დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიშით (სიარული ფეხით ან ველოსიპედით, ცურვა, აკვააერობიკა);

* ერიდეთ ზედმეტ დატვირთვას და ემოციურ სტრესს;

* ყოველდღე გამონახეთ დრო დასასვენებლად.

პროგნოზი

მდგომარეობა ზოგჯერ უმჯობესდება, ზოგჯერ კი მძიმდება და შესაძლოა, ეს თვეობით და წლობითაც კი გაგრძელდეს.

 ***

კუნთოვანი დისტროფია

კუნთოვანი დისტროფია არის მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება კუნთების პროგრესირებადი სისუსტით და მათი მასის შემცირებით. ამ მდგომარეობას იწვევს გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფი. კუნთოვანი დისტროფიის დროს გენური მუტაციების გამო შეფერხებულია ჯანსაღი კუნთის ფორმირებისთვის საჭირო ცილების გამომუშავება.

სიმპტომები

კუნთოვანი დისტროფიის მთავარი ნიშანია კუნთების პროგრესირებადი სისუსტე. სპეციფიკური სიმპტომები, დისტროფიის ტიპის შესაბამისად, თავს იჩენს სხვადასხვა ასაკსა და კუნთების სხვადასხვა ჯგუფში.

სახეობები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია კუნთოვანი დისტროფიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და უმეტესად ვაჟებთან აღირიცხება. მისი ნიშნები და სიმპტომები ადრეულ ბავშვობაში იჩენს თავს. მათ რიცხვში შედის ხშირი დაცემა, ადგომის გაძნელება მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან, სირბილისა და ხტომის გაძნელება, ბატისებური სიარული, ფეხის წვერებზე სიარული, წვივის კუნთების გადიდება, კუნთების ტკივილი და შებოჭილობა, სწავლის უნარის დაქვეითება, ზრდის შეფერხება.

ბეკერის კუნთოვანი დისტროფია ნიშნებითა და სიმპტომებით დიუშენის კუნთოვან დისტროფიას ჰგავს, მაგრამ უფრო მსუბუქია და უფრო ნელა პროგრესირებს. პირველი გამოვლენა, წესისამებრ, მოზარდ ასაკში ხდება, თუმცა ისეთი შემთხვევებიც არის, როცა დისტროფიის ნიშნები 30 წლამდეც კი არ იჩენს თავს.

მიოტონური კუნთოვანი დისტროფიისთვის დამახასიათებელია შეკუმშვის შემდეგ კუნთების მოდუნების უუნარობა. თავდაპირველად, წესისამებრ, ზიანდება სახისა და კისრის კუნთები. ასეთ ადამიანებს გრძელი, გამხდარი სახე, დაშვებული ქუთუთოები და გედის მსგავსი კისრები აქვთ.

სახე-მხარ-ბეჭის დისტროფიის (FSHD) დროს კუნთების სისუსტე, წესისამებრ, სახიდან, ბარძაყებიდან და მხრებიდან იწყება. პირველად ვლინდება თინეიჯერობის წლებში, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ბავშვობაში ან 50 წლის შემდეგ იჩინოს თავი.

თანდაყოლილი კუნთოვანი დისტროფია ვლინდება დაბადებისთანავე ან ოდნავ მოგვიანებით, ორ წლამდე. მისი ზოგიერთი ფორმა ნელა პროგრესირებს და მხოლოდ მსუბუქ უნარშეზღუდულობას იწვევს, ზოგი კი სწრაფად პროგრესირებს და მძიმე დარღვევებამდე მივყავართ.

კიდურის სარტყლის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ადამიანებს შესაძლოა გაუჭირდეთ ფეხის წინა ნაწილის აწევა. დისტროფიის ეს  ფორმა, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვობაში ან თინეიჯერობის წლებში.

გართულებები

კუნთების პროგრესირებადი სისუსტის გართულებებია:

* სიარულის გაძნელება, რამაც შესაძლოა დროთა განმავლობაში ეტლის გამოყენების აუცილებლობაც წარმოშვას;

* ხელების გამოყენების გაძნელება, თუ დისტროფია მკლავებისა და მხრების კუნთებსაც მოიცავს;

* სახსრების ირგვლივ კუნთების ან მყესების დამოკლება (კონტრაქტურა);

* სუნთქვის პრობლემები. შესაძლოა, ავადმყოფს საბოლოოდ სუნთქვის დამხმარე მოწყობილობის გამოყენებაც კი დასჭირდეს, თადვაპირველად – ღამით, მერე კი დღისითაც;

* სკოლიოზი, მოხრილი ხერხემალი –  დასუსტებულმა კუნთებმა შესაძლოა ვერ შეძლოს ხერხემლის სვეტის დაჭერა;

* გულის პრობლემები (გულის კუნთის მუშაობის უნარის დაქვეითების გამო);

* ყლაპვის პრობლემები, თუ პროცესში ჩართულია ყლაპვაში მონაწილე კუნთებიც. ყლაპვის გართულებამ, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ნუტრიციული პრობლემები (საკვები ნივთიერებების უკმარისობა), ასპირაციული პნევმონია (საკვების გადაცდენა სასუნთქ გზებში).

დიაგნოსტიკა

პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლისა და გასინჯვის შემდეგ შესაძლოა შემოწმდეს სისხლში კრეატინკინაზის შემცველობა, ჩატარდეს გენეტიკური ტესტირება მუტაციების გამოსავლენად, კუნთების ბიოფსია, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, შეფასდეს ფილტვების ფუნქცია, გაიზომოს კუნთების ელექტრული აქტივობა.

მკურნალობა

კუნთოვანი დისტროფია არ იკურნება, მაგრამ მკურნალობა აადვილებს სიმპტომების მართვას და აფერხებს დაავადების პროგრესირებას. მკურნალობენ მედიკამენტებით, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიით, ქირურგიული და სხვა პროცედურებით. პერიოდულად ფასდება სიარული, ყლაპვა, სუნთქვა და ხელების ფუნქციები.

 ***

კუნთების ატროფია

ატროფია კუნთოვანი ქსოვილის განლევაა. ის შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, პათოლოგიური და ნეიროგენული.

ფიზიოლოგიური ატროფია ვითარდება კუნთების არასაკმარისი გამოყენების გამო. ვარჯიშით და სათანადო კვებით უმეტესად შესაძლებელია ამ ტიპის ატროფიის გამოსწორება. ასეთი ატროფია ემუქრებათ ადამიანებს, რომლებიც:

* ეწევიან მჯდომარე საქმიანობას, ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეზღუდული აქვთ მოძრაობა, არ მისდევენ ცხოვრების აქტიურ წესს;

* საწოლს არიან მიჯაჭვულები;

* ინსულტის ან ტვინის სხვა დაავადების გამო ვერ ამოძრავებენ კიდურებს;

* იმყოფებიან დაბალი გრავიტაციის მდგომარეობაში (მაგალითად, კოსმოსში ფრენის დროს).

პათოლოგიური ატროფია ვლინდება დაბერების, შიმშილის და ზოგიერთი დაავადების ფონზე. ერთი მათგანია კუშინგის დაავადება, რომელსაც კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული მიღება იწვევს.

ნეიროგენული ატროფია კუნთების ატროფიის ყველაზე მძიმე ტიპია. ის ვითარდება კუნთთან ტვინის დამაკავშირებელი ნერვის დაზიანების ან დაავადების გამო. ნეიროგენული ატროფია მოულოდნელი და ფიზიოლოგიურთან შედარებით სწრაფია. მისი გამომწვევი დაავადებების ჩამონათვალში შედის:

* გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი;

* მაჯის გვირაბის სინდრომი;

* გიიენ-ბარეს სინდრომი;

* ტრავმით, დიაბეტით, ტოქსინებით ან ალკოჰოლით გამოწვეული ნერვის დაზიანება;

* პოლიომიელიტი;

* ზურგის ტვინის დაზიანება.

ადამიანს შეუძლია კუნთების ატროფიასთან ადაპტაცია, თუმცა უმნიშვნელო განლევაც კი იწვევს მოძრაობის ან ძალის შემცირებას.

კუნთების ატროფიის სხვა მიზეზებია დამწვრობა, კორტიკოსტეროებით ხანგრძლივი თერაპია, მალნუტრიცია (აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტი), კუნთოვანი დისტროფია და კუნთების სხვა დაავადებები, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ტარდება სისხლის ანალიზები, კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოგრაფია, MღI (მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვითი კვლევა), ელექტრომიოგრაფია, ნერვის გამტარობის შემოწმება, კუნთის ან ნერვის ბიოფსია.

სამკურნალოდ შესაძლოა გამოიყენონს ფიზიკური თერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაციასაც კი მიმართონ კონტრაქტურის გამოსასწორებლად.

მოვლა

კუნთების ატროფიის მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სარეაბილიტაციო პროგრამას, რომელიც აუზში შესრულებულ და სხვა სახის ვარჯიშებს მოიცავს. ადამიანებს, რომლებიც აქტიურად ვერ ამოძრავებენ ერთ ან მეტ სახსარს, შეუძლიათ, ვარჯიშის დროს სახსრის ფიქსატორები გამოიყენონ.

*** 

ტენდინიტი

ტენდინიტი მყესის ანთებაა. ის, წესისამებრ, ვითარდება განმეორებითი დაზიანების შემდეგ და იწვევს სახსრის ირგვლივ ტკივილს და შეშუპებას. ტენდინიტი შესაძლოა მოიცავდეს ნებისმიერ მყესს, თუმცა ყველაზე გავრცელებულია მხრების, იდაყვის, მაჯის, მუხლებისა და ქუსლების მიმდებარედ.

ტენდინიტის ზოგიერთ გავრცელებულ ფორმას სახელი ჰქვია სპორტის იმ სახეობის მიხედვით, რომელიც ზრდის მისი განვითარების რისკს. მაგალითად, ჩოგბურთელის იდაყვი,  მოცურავის მხარი, მხტომელის მუხლი.

ტენდინიტის დიაგნოზი ისმება სამედიცინო ისტორიის, გასინჯვის და გამოსახვითი გამოკვლევების საფუძველზე.

მკურნალობის პირველი ნაბიჯია ტკივილისა და შეშუპების შემცირება. ამისთვის საჭიროა დასვენება, დაზიანებული უბნის გადახვევა და აწევა. შესაძლოა, პაციენტს მისცენ ტკივილგამაყუჩებლები, სტეროიდები ან მტკივან ადგილას ნემსით შეუყვანონ თავისივე სიხლიდან მიღებული თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა. ყინული ეფექტურია ახალი, ძლიერი დაზიანებების შემთხვევაში. შესაძლებელია მკურნალობა ულტრაბგერით, ფიზიოთერაპიით, სტეროიდების ინექციებით, თუ მყესი გაწყვეტილია – ქირურგიულადაც.

 ***

მიოზიტი – კუნთების ანთება

მიოზიტი ნიშნავს ჩონჩხის კუნთების ანთებას. ის შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ, ინფექციამ ან ავტოიმუნურმა დაავადებამ (ეს დაავადებები ვითარდება, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის საკუთარი სხეულის ქსოვილებს).

არსებობს მიოზიტის ორი სპეციფიკური სახეობა: პოლიმიოზიტი და დერმატომიოზიტი.

*** 

პოლიმიოზიტი

პოლიმიოზიტი იშვიათი ანთებითი დაავადება. ის იწვევს სხეულის ცენტრთან მდებარე (თეძოს, ბარძაყის, მხრის, მკლავის, კისრის) კუნთების სისუსტეს სხეულის ორივე მხარეს. ამ დროს ადამიანს შესაძლოა უჭირდეს კიბეზე ასვლა, მჯდომარე პოზიციიდან ადგომა, საგნების აწევა ან ხელების თავს ზემოთ აწევა.

პოლიმიოზიტი უმეტესად ქალებთან ვლინდება 30-დან 50 წლამდე. მისი ნიშნები და სიმპტომები თანდათანობით, კვირების ან თვეების განმავლობაში ვითარდება.

პოლიმიოზიტის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ დაავადებას ავტოიმუნური დარღვევების ბევრი მახასიათებელი აქვს.

პოლიმიოზიტის განვითარების რისკი იმატებს, როცა ადამიანს აქვს წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, სკლეროდერმია ან შოგრენის სინდრომი.

პოლიმიოზიტის შესაძლო გართულებებია:

* ყლაპვის გაძნელება, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა საკვები ნივთიერებების დეფიციტისა და წონის კლების მიზეზად იქცეს;

* ასპირაციული პნევმონია – ყლაპვის გაძნელებამ შესაძლოა გამოიწვიოს საკვების ან სითხის, მათ შორის ნერწყვის, ფილტვებში გადაცდენა;

* სუნთქვის პრობლემები – თუ პოლიმიოზიტი გულმკერდის კუნთებს შეეხო, შესაძლოა ადამიანს გაუჭირდეს სუნთქვა, დაეწყოს ქოშინი, მძიმე შემთხვევაში – სუნთქვის უკმარისობაც კი.

* პოლიომიოზიტის ფონზე ასევე შესაძლოა განვითარდეს რეინოს ფენომენი, წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, სკლეროდერმია, შოგრენის სინდრომი, მიოკარდიტი, გულის უკმარისობა, არითმია, ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, კიბო.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თუ არსებობს ეჭვი, რომ ადამიანს პოლიმიოზიტი აქვს, შესაძლოა, დაინიშნოს ანალიზი სისხლში კუნთების დაზიანებაზე მიმანიშნებელი ფერმენტების დონისა და სპეციფიკური ავტოანტისხეულების განსაზღვრისთვის, ჩატარდეს ელექტრომიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კუნთების ბიოფსია.

მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ პოლიმიოზიტი არ იკურნება, მკურნალობამ შესაძლოა გაზარდოს კუნთების ძალა და გააუმჯობესოს ფუნქცია. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა,  მით უფრო ეფექტური იქნება ის და მით უფრო ნაკლებ გართულებას გამოიწვევს. მკურნალობის გეგმა ინდივიდუალურად დგება. გამოიყენება მედიკამენტები (კორტიკოსტეროიდები, რიტუქსიმაბი და სხვა), ფიზიოთერაპია – ვარჯიშები ძალისა და მოქნილობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად, ყლაპვაში მონაწილე კუნთების დასუსტების შემთხვევაში – მეტყველების თერაპია. თუ გართულებულია ღეჭვა და ყლაპვა, დიეტოლოგს შეუძლია ასწავლოს პაციენტს, როგორ მოამზადოს ადვილად საჭმელი ნოყიერი საკვები. ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავენ ინტრავენური იმუნოგლობულინის (IVIg) გადასხმას.

*** 

დერმატომიოზიტი

დერმატომიოზიტიც იშვიათი ანთებითი დაავადებაა, რომელიც კუნთების სისუსტით და გამონაყარით ვლინდება. ის აღირიცხება მოზრდილებთანაც და ბავშვებთანაც. მოზრდილებთან – დაახლოებით  45-დან 65 წლამდე, ბავშვებთან –  5-დან 15 წლამდე ასაკში. დერმატომიოზიტიც ქალებს უფრო მეტად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს.

სიმპტომები

დერმატომიოზიტის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება განვითარდეს როგორც ერთბაშად, სწრაფად, ისე ნელ-ნელა, თანდათანობით. მისი ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

* იისფერი ან მუქი წითელი გამონაყარი, უმეტესად - სახეზე,  ქუთუთოებზე, თითის სახსრებზე, იდაყვებზე, მუხლებზე, მკერდსა და ზურგზე. გამონაყარი შეიძლება იყოს მქავანა და მტკივნეული. ხშირად ის დერმატომიოზიტის პირველი ნიშანია.

* კუნთების სისუსტე. კუნთების პროგრესირებადი სისუსტე მოიცავს ტანთან ყველაზე ახლოს არსებულ (თეძოს, ბარძაყის, მხრის, მკლავის ზედა ნაწილის, კისრის) კუნთებს, სხეულის ორივე მხარეს ვითარდება და თანდათანობით მძიმდება.

მიზეზები

დერმატომიოზიტის მიზეზიც უცნობია, მასაც ბევრი საერთო აქვს ავტოიმუნურ დარღვევებთან. შესაძლოა, გარკვეულ როლს ასრულებდეს გენეტიკური და გარემო ფაქტორები (ვირუსული ინფექციები, მზე, მედიკამენტები, მოწევა).

გართულებები

დერმატომიოზიტი შესაძლოა გართულდეს ყლაპვის გაძნელებით, ასპირაციული პნევმონიით, სუნთქვის პრობლემებით. დაავადების პროგრესირებასთან ერთად მოსალოდნელია კუნთებში, კანსა ან შემაერთებელ ქსოვილებში კალციუმის დეპოზიტების ჩალაგება. ასეთი დეპოზიტები უფრო მეტად გვხვდება ბავშვებთან. დაავადება ზრდის რეინოს ფენომენის, სხვა შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებების რისკს. მოზრდილ პაციენტებთან იმატებს საკვერცხის კიბოს განვითარების ალბათობა.

დიაგნოზი ეფუძნება იმავე გამოკვლევებს, რომლებსაც პოლიმიოზიტი. დამატებით ტარდება კანის ბიოფსია. თუ მან დიაგნოზი დაადასტურა, შესაძლოა, კუნთების ბიოფსია აღარ გახდეს საჭირო.

არც დერმატომიოზიტი იკურნება, მაგრამ შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება – გამონაყარის გაქრობა, კუნთების ძალისა და ფუნქციის აღდგენა. მკურნალობა პოლიმიოზიტის მკურნალობას ჰგავს. ემატება კანის სამკურნალო მედიკამენტი ჰიდროქსიქლოროქინი (პლაკვენილი) და მზისგან დამცავი საშუალებები. შესაძლოა, საჭირო გახდეს კალციუმის დეპოზიტების ამოკვეთა.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: