ალექსანდრე ედიბერიძე – ქირურგიული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში
გააზიარე:
ცხოვრების რთული და გრძელი გზა განვლო ცნობილმა ქართველმა ქირურგმა სტომატოლოგმა, საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ედიბერიძემ. ნოვატორი ექიმის ცხოვრების შესახებ ფაქტების მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით მის შვილიშვილებს, მსახიობ ნუკა კაციტაძეს და მედიცინის დოქტორს, პროფესორს, ზოგად ქირურგ ალექსანდრე (საშა) გორდელაძეს.
ალექსანდრე ედიბერიძე 1898 წლის 8 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ხაშურის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1918 წელს, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ხასიათის სიმტკიცე და ნებისყოფა, ნიჭი, ახლის შემეცნების დაუოკებელი სურვილი და მიზანსწრაფვა მისი წარმატების საწინდარი გახდა.
დიდი ქირურგის მოსწავლე
– უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ბაბუამ ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა, – გვიამბობს ბატონი საშა, რომელსაც სახელი დიდი ალექსანდრეს პატივსაცემად დაარქვეს, – კათედრას აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე ხელმძღვანელობდა. ბაბუამ სწორედ მისი რჩევით მოჰკიდა ხელი სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის შესწავლას.
კვალიფიკაციის ასამაღლებლად ალექსანდრე ედიბერიძე ი. მეჩნიკოვის სახელობის ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტში გაემგზავრა, სადაც იმხანად გამოჩენილი პროფესორები ა. ლიმბერგი და პ. ლვოვი მოღვაწეობდნენ.
ნევისპირა ქალაქიდან დაბრუნებული ექიმი აქტიურ პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას შეუდგა. გრიგოლ მუხაძე მას დიდად აფასებდა, ახასიათებდა როგორც მცოდნე და მოაზროვნე ახალგაზრდას, რომელმაც კარგად იცოდა დიაგნოსტიკისა და ქირურგიის საფუძვლები.
ალექსანდრე ედიბერიძემ მდიდარ კლინიკურ მასალაზე დაყრდნობით შეისწავლა ალვეოლური პიორეის ეტიოლოგია და მკურნალობა, მისი გავრცელება საქართველოში და გ. მუხაძის ხელმძღვანელობით დაწერა ნაშრომი "შეუთავსებელი სისხლის ინფუზიის მნიშვნელობა ალვეოლური სურავანდის მკურნალობაში", რომლისთვისაც მას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
უძილო ღამეები
მალე ომი დაიწყო და, ექიმთა უმრავლესობის მსგავსად, ალექსანდრესაც შეეხო მობილიზაცია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ომის პირველსავე დღეებში თბილისში ყბა-სახის ევაკოჰოსპიტალი. ჰოსპიტლის ხელმძღვანელად და მთავარ ქირურგად თავად ალექსანდრე დანიშნეს. ფრონტიდან მოდიოდნენ სანიტარული ეშელონები, მოჰყავდათ დაჭრილი მებრძოლები. მკლავებდაკაპიწებული ქირურგი დაუღალავად ტრიალებდა დაჭრილებს შორის. მისი მონაწილეობით ხუთი ათასზე მეტი ოპერაცია ჩატარდა.
ჰოსპიტალში მუშაობის დროს ალექსანდრე ედიბერიძე დაუღალავად იღვწოდა სახისა და საღეჭი აპარატის აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის შესაძლებლობების გასაფართოებლად. ამგვარი ოპერაცია ომის შემდგომ წლებშიც მრავლად გაუკეთებია, ათასობით ადამიანისთვის ჯანმრთელობასთან ერთად მხნეობა, სილამაზე და საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნებია. მის არქივში უამრავი მადლიერი პაციენტის წერილი ინახება, რომელთა დასახიჩრებული სახეები ხელმეორედ გამოუძერწავს დასტაქრის მარჯვე ხელებს. “თვალწინ მიდგას თქვენი სახის გამომეტყველება, ფიცხი და მკაცრი, თუმცა იმავდროულად დამთმობი და შემწყნარებლური...” – სწერს ერთი პაციენტი.
1943 წელს, დემობილიზაციის შემდეგ, ალექსანდრე ედიბერიძემ თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიურ და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. აქტიურად ჩაერთო პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაში, შეისწავლა ოდონტოგენური და არაოდონტოგენური სიმსივნეებისა და ყბა-სახის თანდაყოლილი მანკების კლინიკა და მკურნალობა, დანერგა საქართველოში პირისახის აღდგენითი ოპერაციები, შეადგინა ქირურგიული სტომატოლოგიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. თუმცა ეს არ ყოფილა მისი კვლევის ერთადერთი საგანი – მისი ნაშრომების დიდი ნაწილი ტრავმულ დაზიანებებს ეძღვნება, რომლებიც ესოდენ ხშირი იყო ომის შემდეგ.
ალექსანდრე ედიბერიძის ქირურგიული ტექნიკა იყო თანმიმდევრული, ქსოვილების დამზოგველი. შედარებით მარტივ შემთხვევებს კოლეგებს ანდობდა, თუმცა არც ამ დროს ადუნებდა ყურადღებას და, საჭიროებისამებრ, მათ დასახმარებლად მუდამ მზად იყო.
ოპერაციები იყო მრავალგვარი, მოიცავდა ყოველგვარი ტიპისა და სირთულის, როგორც გეგმურ, ისე გადაუდებელ შემთხვევებს – ტრავმებს, კეთილთვისებიან სიმსივნეებს, ჰაიმორიტებს, სანერწყვე ჯირკვლების დაავადებებს, თანდაყოლილ ანომალიებს, ანთებით პროცესებს (ფლეგმონებს, ოსტეომიელიტებს), დამწვრობას, პლასტიკურ ქირურგიას...
ოჯახი
რთული რეჟიმის მიუხედავად, ალექსანდრე ედიბერიძეს არასოდეს ენანებოდა დრო ავადმყოფებისთვის, გულისყურით უსმენდა, ამხნევებდა, უმასპინძლდებოდა. ბავშვთა განყოფილებაში მუდამ კანფეტებით სავსე ჯიბეებით შედიოდა, პატარა პაციენტებიც მოუთმენლად ელოდნენ. უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ გამორჩებოდა: გამოსაცვლელი თეთრეული, დაულაგებელი კარადა თუ დაზიანებული ელექტროგაყვანილობა. სამსახურში მკაცრი და მომთხოვნი იყო, თუმცა შენიშვნას უსამართლოდ არავის აძლევდა.
– არც საოჯახო საქმეებს აკლებდა ხელს, – იხსენებს ქალბატონი ნუკა, – მზის ამოსვლამდე დგებოდა, დაანთებდა ღუმელს, სურსათ-სანოვაგეს მოიტანდა. შინიდან გასვლამდე ნელ ცეცხლზე დიდ ჩაიდანს შემოდგამდა, რომ, მაღაზიიდან დაბრუნებულს, ცხელი ჩაით, თბილ– თბილი პურ-ფუნთუშეულით, კარაქითა და ყველით დავეპურებინეთ სკოლასა თუ ინსტიტუტში მიმავალი შვილიშვილები. მოსიყვარულე და შეკრული ოჯახი გვქონდა. ბაბუასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობდნენ მათი უფროსი ქალიშვილი ნინა, ექიმი ოფთალმოლოგი, და მისი მეუღლე თეიმურაზ გორდელაძე, სამედიცინო ინსტიტუტის სასამართლო მედიცინის კათედრის გამგე. ჩემი დეიდაშვილებიც ექიმები არიან: უფროსი, დიმიტრი, ანგიოქირურგია, მედიცინის დოქტორი, საშა კი ზოგადი ქირურგი. ექიმი სტომატოლოგი იყო ანეტა ბებიაც, თუმცა დაოჯახების შემდეგ პრაქტიკა მიატოვა. მხოლოდ დედამ, ალექსანდრეს უმცროსმა ქალიშვილმა, დაარღვია ოჯახური ტრადიცია და უცხო ენების სპეციალისტი გახდა. მამაჩემი, ზურაბ კაციტაძე, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ საშა ბაბუას ძალიან უნდოდა, მეც ექიმი გავმხდარიყავი, წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა თეატრალურ ინსტიტუტში გადავწყვიტე ჩაბარება.
ალექსანდრეს უფროსი ძმა, გიორგი, რომელსაც საინჟინრო განათლება გერმანიაში მიეღო და სამშობლოში დაბრუნებულს ტრიუმფით დაეცვა დისერტაცია, 1937 წელს აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. გარდაცვალებამდე გიორგიმ თეატრის მხატვარ ემა ლალაევაზე იქორწინა. ცოლ-ქმარს ორი ვაჟი, ალეკო და მიშა, შეეძინა. არ მახსოვს, ჩვენს სახლში ტრადიციული ოჯახური სადილი მათ გარეშე გამართულიყოს. ბაბუა და ბებია უყურადღებოდ არ ტოვებდნენ დაქვრივებულ რძალს და უმამოდ დარჩენილ მის შვილებს. ანეტა ბებიას გაშლილ სუფრასთან ოჯახური თავშეყრა ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებაა. მაგიდასთან ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონდა, სადილზე დაგვიანება წარმოუდგენელი იყო, დათქმულ დროს დიდი თუ პატარა ერთად მივუსხდებოდით სუფრას, რომლის უცვლელი წინამძღოლი საშა ბაბუა გახლდათ. მახსოვს, ნასადილევს შვილიშვილებს წყლით განზავებულ წითელ ღვინოს გვასმევდა. გაზაფხულზე საგულდაგულოდ გარეცხილ მარწყვს აუცილებლად რძეს გადაავლებდა ხოლმე...
სამსახურიდან დაბრუნებული, დროის დიდ ნაწილს თავის კაბინეტში ატარებდა. ოთახში, სადაც მუდამ სპეციფიკური სუნი იდგა, არნახული წესრიგი სუფევდა. გახამებული თეთრი ხალათი და ქუდი საკიდზე ეკიდა. შუშის კარადა სტერილური ხელსაწყოებით იყო სავსე. მთავარი სამუშაო იარაღი, აწ უკვე ანტიკვარიატად ქცეული ელექტრობურღი, სუფთა და გამზადებული ედო მაგიდაზე. საოცარი სისწრაფით კითხულობდა თავისი მოსწავლეების ნაშრომებს. კლინიკაში წასვლამდე ერთი ნაშრომის მთლიანად წაკითხვას ახერხებდა და ავტორს შენიშვნებითურთ უბრუნებდა. მუშაობაში არაჩვეულებრივი მეხსიერებაც ეხმარებოდა, მუდამ ახსოვდა, რომელი წიგნი სად იდო, ვისი სტატია რომელ ჟურნალში იყო დაბეჭდილი. ქართულს გარდა, სრულყოფილად წერდა და ლაპარაკობდა გერმანულად, რუსულად, ფრანგულად. უცხოენოვან სამედიცინო ლიტერატურას ეცნობოდა და შემდეგ კოლეგებს თავად უთარგმნიდა მშობლიურ ენაზე.
პროფესიით შთაგონება
ნინო ხვედელიანი, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგი, მოგვითხრობს:
– ალექსანდრე ედიბერიძის სახელი და გვარი ბავშვობიდან მახსოვს, რადგან დედაჩემი, მარიამ გრიგალაშვილი, მისი მოწაფე გახლდათ. თავის პროფესიულ მიღწევებს დედა სწორედ ბატონ ალექსანდრეს უმადლოდა და მე და ჩემს დასაც გვარიგებდა, არ დაგვვიწყებოდა მისი ამაგი. ჩვენი ოჯახების პატივისცემითა და სიყვარულით განმსჭვალული ურთიერთობა ბატონი ალექსანდრეს და დედას გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება – ისე მოხდა, რომ მე და ნუკა კარის მეზობლები აღმოვჩნდით, დღე არ გავა, ერთმანეთი რომ არ მოვიკითხოთ. ვცდილობ, პირნათლად შევასრულო დედაჩემის თხოვნა და შეძლებისდაგვარად გამოვხატო მისი პედაგოგის შთამომავლებისადმი გულითადი მადლიერება.
ალექსანდრე ედიბერიძის ორგანიზატორული ნიჭისა და ინიციატივის წყალობით თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ რაიონულ ცენტრებში გაიხსნა სტომატოლოგიური პოლიკლინიკები, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში ჩამოყალიბდა სამეცნიერო სტომატოლოგიური საზოგადოებები. წლების განმავლობაში სათავეში ედგა საქართველოს სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებას. ვერ ნახავდით ქვეყანაში სტომატოლოგიურ დაწესებულებას, სადაც ედიბერიძის ხელმძღვანელობით დახელოვნებულ ექიმს არ ემუშაოს. მისი ნაშრომები: "ქირურგიული სტომატოლოგია და პირისახის აღდგენითი ოპერაციები" და "ყბა-სახის ტრავმატიზმი", – ექიმების სამაგიდო წიგნებად იქცა.
ექვს ათეულ წელიწადზე მეტ ხანს ერთგულად და თავდაუზოგავად ემსახურა საყვარელ პროფესიას. ძველ ჩვევებს პენსიაზე გასვლის შემდეგაც არ ღალატობდა. უქმად მყოფს ვერ ნახავდით. დილით ადრე დგებოდა, ვარჯიშობდა, ეცნობოდა პრესას, მედიცინის სიახლეებს, წერდა საგაზეთო წერილებს, უვლიდა და მართავდა პირად ავტომობილს, აწესრიგებდა საოჯახო საქმეებს და თავის არქივს. ამბობდა, ცხოვრება ადიდებული მდინარეა, წლები სწრაფად გარბის და ბედნიერია ის, ვინც ყოველდღიურად იღვწის, რათა სამშობლოს და საზოგადოებას რამე არგოსო.
ალექსანდრე ედიბერიძე 1985 წლის 18 მაისს, 86 წლისა გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იგეგმებოდა, თუმცა მიზეზთა გამო ეს ვერ მოხერხდა. დიდი ქართველი ექიმი უამრავმა ხალხმა გააცილა უკანასკნელ გზაზე. მრავლისმთქმელი იყო ვაკის რაიონის რაიკომის პირველი მდივნის ნინა ჟვანიას გამოსათხოვარი სიტყვა, რომელიც მან ვაკის სასაფლაოზე წარმოთქვა: თამამად შეგვიძლია, ვუწოდოთ პანთეონი ადგილს, სადაც ალექსანდრე ედიბერიძე განისვენებსო.
მარი მარღანია