მშვიდი მშობელი, მშვიდი ბავშვი

გააზიარე:

ქუჩაში, მაღაზიასა თუ სკვერში ბავშვთან მოჩხუბარი მშობელი ხშირად გამხდარა გაკიცხვის ობიექტი. სასოწარკვეთილ და გადაღლილ მშობლებს ყველაზე ადვილად სხვა მშობლები ამოიცნობენ და ყველაზე ნაკლებად ისინი კიცხავენ, რადგან ასეთ მდგომარეობაში ერთხელ მაინც ყველა მათგანი აღმოჩენილა.

ბავშვთან ტონისა და ემოციების კონტროლი აღზრდის ოქროს წესად მიიჩნევა. ერთადერთი, რაც ხმის აწევას ამართლებს, ბავშვისთვის სახიფათო სიტუაციაა - როდესაც პატარა რაღაც ისეთს სჩადის, რაც საფრთხეს უქადის მის ჯანმრთელობას, სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ. ყველა სხვა შემთხვევაში აუცილებელია ემოციების კონტროლი და ვითარების მშვიდად მართვა.

სათქმელად ადვილია, მაგრამ ბავშვის ზრდასთან ერთად იმდენი ძნელად სამართავი სიტუაცია იჩენს თავს, რომ მშობელს, რომელსაც უამრავი საფიქრალი და საზრუნავი აქვს, ძალიან უჭირს სიმშვიდის შენარჩუნება.

იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთან მშვიდი კომუნიკაცია, უნდა ვიცოდეთ, რა უარყოფით გავლენას ახდენს მასზე ყვირილი.

რატომ არ უნდა იყვიროთ

* ყვირილი ისედაც დაძაბულ სიტუაციას უფრო მეტად ძაბავს და ბავშვს აღუძრავს აგრესიას მშობლის, ზოგჯერ კი საკუთარი თავის მიმართაც. რაც მთავარია, ყვირილის დროს იკარგება მთავარი აზრი, რომლის ბავშვამდე მიტანაც გინდოდათ. მან შესაძლოა თავი დაგიქნიოთ, დაგეთანხმოთ, მაგრამ ამას სრულიად გაუაზრებლად გააკეთებს, მხოლოდ იმისთვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, შეწყვიტოთ ყვირილი. შეცდომის გააზრებასა და გამოსწორებაზე ამ დროს ის არ ფიქრობს.

* თუ ხშირად ყვირით, ბავშვი თანდათან მიეჩვევა ამას და თქვენი აწეული ხმა ვეღარც შეაშინებს, ვეღარც დააფიქრებს. ის ან საერთოდ აღარ მოგაქცევთ ყურადღებას, ან ჩუმად მოგისმენთ, გაგებით კი ვერაფერს გაიგებს.

* მშობელი, რომელიც ხშირად ყვირის, ბავშვთან კომუნიკაციის ამ ფორმას თანდათან ნორმად აღიქვამს და ემოციების კონტროლიც დროთა განმავლობაში უფრო მეტად გაუჭირდება. ნორმად მიიჩნევს ყვირილს ბავშვიც და შესაძლოა, მომავალში თავადაც გამოამჟღავნოს აგრესია სხვების – თანატოლების, უმცროსებისა თუ უფროსების მიმართ, ხოლო თუ ვინმე უყვირებს, რეაქცია არ ჰქონდეს, რადგან მიჩვეული იქნება, რომ სულ უყვირიან.

მშვიდად უკეთესია

როდესაც ყვირილი მოგინდებათ, ღრმად ჩაისუნთქეთ და დაფიქრდით იმაზე, რომ ეს გამოსავალი არ არის, სხვა გზა უნდა იპოვოთ. ნელ-ნელა უფრო და უფრო გაგიადვილდებათ სიტუაციების მშვიდად მართვა. მშვიდი საუბრით, პრობლემის არსის ახსნით, შეცდომაზე მითითებით, გამოსწორების გზების ერთად ძიებით გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მშობელი ყველაზე დაძაბულ სიტუაციასაც კი მშვიდად ხვდება, რაციონალურად აზროვნებს და ეძებს გამოსავალს, ის თავადაც სწავლობს ემოციების მართვას, სიმშვიდის შენარჩუნებას და რაციონალურად განსჯას, რაც მომავალში ძალიან გამოადგება.

ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ სიმკაცრეც საჭიროა. დისციპლინა აღზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ იქნებით მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული, ხმის აწევის გარეშეც მიაღწევთ იმას, რომ ბავშვი გააზრებულად, მშვიდად გამოასწორებს დაშვებულ შეცდომას და თქვენი დახმარებით ან დამოუკიდებლად იპოვის გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან.

ასწავლეთ ბოდიშის მოხდა პირადი მაგალითით

თუ მოხდა ისე, რომ თავი ვერ მოთოკეთ, წონასწორობა დაკარგეთ და უყვირეთ ბავშვს, აუცილებლად მოუხადეთ ბოდიში. აუხსენით, რომ ზოგჯერ დიდებსაც გვეშლება და დაჰპირდით, რომ ეცდებით, ეს აღარ გამეორდეს.

ეძებეთ პრობლემის სათავე

დაფიქრდით, როდის, რა სიტუაციაში ბრაზდებით ისე, რომ თავს ვეღარ იკავებთ და ყვირით. მაგალითად, თუ დილით სახლიდან დროულად გასვლა იქცა პრობლემად, ორივე ადექით ნახევარი საათით ადრე ან წინასწარ გაუმზადეთ ბავშვს მეორე დღის ტანსაცმელი და სასკოლო ლანჩი, რათა დილით დროც და ნერვებიც დაზოგოთ.

რუტინა მნიშვნელოვანია

თუ ბავშვისთვის ერთისა და იმავეს გამეორება ნერვებს გიშლით, შეგიძლიათ, ფურცელზე ჩამოუწეროთ, რა არის გასაკეთებელი შინიდან გასვლამდე და შინ დაბრუნების შემდეგ, სკოლაში წასვლამდე და ძილის წინ. თქვენი ყოველდღიური მითითებების ნაცვლად ბავშვი გეგმას შეხედავს და მის მიხედვით იმოქმედებს.

თუ ჯერ პატარაა და კითხვა არ იცის, მასთან ერთად შეადგინეთ ნახატებიანი დღის რეჟიმი. გაერთობით კიდეც.

ნაბიჯ-ნაბიჯ

მშობლებს, რომლებსაც გადატვირთული გრაფიკი აქვთ, ხშირად ეჩვენებათ, რომ ყველაფრის მოსწრებაში ბავშვი უშლით ხელს და სწორედ ამას გამოჰყავს ისინი წყობიდან. გაანაწილეთ პრიორიტეტები და ის გააკეთეთ ხარისხიანად, რასაც მოასწრებთ. მაგალითად, თუ ბავშვს მეცადინეობაში ეხმარებით, პარალელურად სახლის დალაგებას ნუ წამოიწყებთ – შესაძლოა, სხვა ოთახში გახვიდეთ, სადაც თქვენ მის კითხვას ვერ გაიგონებთ, ის კი თქვენს პასუხს, რამდენიმეჯერ მოგიწიოთ გამეორება, გაღიზიანდეთ და კონფლიქტიც დაიწყოს.

საქმე არც ისე სერიოზულადაა

სანამ აყვირდებით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ათამდე დაითვალეთ. სიტუაციას იუმორით შეხედეთ, მცირე პრობლემას ტრაგედიად ნუ აქცევთ და იგივე ასწავლეთ ბავშვსაც. თუ წყლიანი ჭიქა დაუვარდა და გაუტყდა, ნუ უყვირებთ. შესთავაზეთ, ერთად მოწმინდოთ იატაკი და მოაგროვოთ ნატეხები, მერე კი მშვიდად სთხოვეთ, მომავალში უფრო ფრთხილად იყოს, რადგან თუ ყველა ჭიქა გატყდა, წყლის პეშვით სმა მოუწევს. ერთად იცინეთ, განმუხტეთ სიტუაცია და ყვირილის სურვილიც ნელ-ნელა გაქრება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: