ორსულობა და კარდიომიოპათია
გააზიარე:
ზოგჯერ ორსულის გული დატვირთვას ვერ უძლებს. თუ ქალს ორსულობამდე ჰქონდა გულის დაავადება, სავსებით შესაძლებელია, ის პირველად სწორედ ორსულობის დროს გამოვლინდეს, თუმცა ორსულობისთვის დამახასიათებელი ზოგადი ჩივილები ხშირად ფარავს კარდიოლოგიურ სიმპტომებს, რის გამოც გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადების დიაგნოსტიკა გვიანდება.
ჰემოდინამიკური ცვლილებები ორსულობის დროს
ორსულობის დროს იმატებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვა, რადგან დედის სისხლის მიმოქცევას ნაყოფისაც ემატება: იზრდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა (30-50%-ით ბოლო ორ თვეს), გულის შეკუმშვათა სიხშირე (10-20 დარტყმით წუთში), გულის წუთმოცულობა, არტერიული და ვენური წნევა, სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობა. საშვილოსნოს ზრდასთან ერთად დიაფრაგმა მაღლა იწევს, რის შედეგადაც გულის ღერძი ჰორიზონტალურად გადანაცვლდება. ორსულობისას, სულ მცირე, 10-11%-ით იმატებს სხეულის წონა, რის გამოც ჯანმრთელი გულის მქონე ორსულსაც კი შეიძლება დაერღვეს გულის რიტმი და სარქველთა მუშაობა.
მშობიარობის დროს გულის დატვირთვა მაქსიმუმს აღწევს. ამასთან, ძლიერდება აირთა ცვლა და იზრდება ჟანგბადზე მოთხოვნა, განსაკუთრებით – ჭინთვების დროს. მშობიარობის შემდგომ პერიოდში ხდება სისხლის გადანაწილება, რის გამოც მცირდება საშვილოსნოსა და მუცლის შიდა წნევა. მშობიარობიდან 6 თვის შემდეგ გულ-სისხლძარღვთა სისტემა ორსულობამდე არსებულ ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებს უბრუნდება.
ქალის ცხოვრების ამ მეტად მნიშვნელოვანი ცხრა თვის განმავლობაში გულის მუშაობა შესაძლოა ორსულობამდე ან ორსულობის დროს განვითარებულმა იშვიათმა დაავადებამ – კარდიომიოპათიამ დაარღვიოს.
რა არის
კარდიომიოპათია გულის კუნთის იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც მიოკარდიუმის სტრუქტურა და ფუნქცია დარღვეულია გულის კუნთოვანი შრის დაზიანების გამომწვევი რომელიმე მიზეზით (კორონარული არტერიების დაავადება, ჰიპერტენზია, შეძენილი თუ თანდაყოლილი მანკი, გულზე მედიკამენტების, ვირუსების, ტოქსინებისა და სტრესის ზემოქმედება). კარდიომიოპათია შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ყველაზე მეტად გავრცელებულია მისი დილატაციური და ჰიპერტროფიული ფორმები. სტატისტიკის თანახმად, მშობიარობის შემდგომ აღმოცენებული კარდიომიოპათია (Meadows' syndrome) გაურკვეველი ეტიოლოგიის დილატაციური კარდიომიოპათიის იშვიათი სახეობაა, რომელიც ვითარდება ორსულობის ბოლო თვეს ან მშობიარობიდან 5 თვის განმავლობაში, გულის წინამორბედი დაავადების არსებობის გარეშე. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დაავადების აღმოცენების სავარაუდო დროის დადგენა (ორსულობის ბოლო თვე თუ მშობიარობის შემდგომი 5 თვე), რათა გამოირიცხოს გულის ფარულად მიმდინარე დაავადებები, რომლებიც ორსულობისთვის დამახასიათებელი ჰემოდინამიკური ძვრების პროვოცირებით გამოვლინდება.
დილატაციური კარდიომიოპათია
მსოფლიო სტატისტიკა დილატაციური კარდიომიოპათიის მქონე ორსულთა მცირე რაოდენობას აღწერს, რადგან სპეციალისტები ამ დაავადების მქონე ქალების დაორსულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევენ დასაშვებად, როცა გულის განდევნის ფრაქცია (გულის თითოეული შეკუმშვის დროს მარცხენა პარკუჭიდან სისხლძარღვებში გადასროლილი სისხლის რაოდენობა) 30%-ს აღემატება. ჯანმრთელი გული ყოველი შეკუმშვის დროს სისხლის 55%-ს გადაისვრის.
დილატაციური კარდიომიოპათია პარკუჭების გაგანიერებას და გულის კუნთის დასუსტებას იწვევს. პროცესი მარცხენა პარკუჭიდან იწყება და თანდათან მარჯვენასაც ითრევს. დასუსტებული პარკუჭები სისხლს ეფექტურად ვეღარ გადატუმბავს, რის გამოც გულის კუნთს უფრო მეტი დატვირთვა ადგება. დაავადება იწვევს გულის უკმარისობას, სარქველთა დაზიანებას, არითმიას, გულში თრომბების წარმოქმნას.
გულის კუნთის ამგვარი დაზიანების შემთხვევათა მესამედი თანდაყოლილი დილატაციური კარდიომიოპათიის წილად მოდის, დანარჩენ შემთხვევებში ბრალი მიუძღვის ალკოჰოლს, შხამებს, მძიმე მეტალებს, გულის იშემიურ დაავადებას, ინფარქტს, მაღალ წნევას, დიაბეტს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ვირუსულ ჰეპატიტს, აივ ინფექციას, ნარკოტიკულ ნივთიერებებს (კოკაინს, ამფეტამინს), კიბოს სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს, ვირუსულ ინფექციებს, რომლებიც გულის კუნთის ანთებას იწვევს.
სიმპტომების არარსებობის გამო შესაძლოა, მომავალმა დედამ არ იცოდეს, რომ ავად არის. მანიფესტირებული დილატაციური კარდიომიოპათიის სიმპტომები ორსულობის დროს ხშირად ქალის ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი პროცესებით ინიღბება, ამიტომ უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ისეთი ჩივილები, როგორიცაა ფიზიკური დატვირთვის თანმხლები ქოშინი, ქვედა კიდურების შეშუპება და ზოგადი საერთო სისუსტე. უსიმპტომო ან მსუბუქი დილატაციური კარდიომიოპათიის მქონე პაციენტის მდგომარეობა ორსულობის ბოლო პერიოდში უმეტესად მოცირკულირე სისხლის მოცულობის მატების გამო მძიმდება, მაგრამ თუ ორსულობა სწორად წარიმართა, რაც თანმხლები დილატაციური კარდიომიოპათიის მუდმივ მონიტორინგსა და მკურნალობას გულისხმობს, ყველაფერი კარგად მთავრდება.
იშვიათი შემთხვევა
ორსულობისას ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში აღმოცენებული გულის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა პერიპარტული ანუ ორსულობის დროს განვითარებული კარდიომიოპათია. გაურკვეველი ეტიოლოგიის დილატაციური კარდიომიოპათიის ეს იშვიათი ქვეტიპი გულის ზომის მნიშვნელოვანი გადიდებითა და მისი კუმშვადი ფუნქციის ძლიერი დაქვეითებით ვლინდება, რაც გულის პრიგრესირებად უკმარისობას იწვევს. ორსულთა კარდიომიოპათიის დიაგნოზის დასასმელად გადამწყვეტი მნიშვნელობა მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის ექოკარდიოგრაფიულ გამოვლენას ენიჭება.
გვიანი ან ადრეული მშობიარობა, მრავლობითი ორსულობა, ტყუპის გაჩენა, პრეეკლამფსია, ორსულთა ჰიპერტენზია და ეთნიკური კუთვნილება (აზიური ან აფრიკული წარმოშობა) დაავადების ძირითადი რისკფაქტორებია. საქართველოში პერიპარტული კარდიომიოპათიის სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ორსულთა სკრინინგული კარდიოლოგიური გამოკვლევა არ ტარდება.
მშობიარობის შემდგომი კარდიომიოპათიის დიაგნოსტიკა რთულია, რადგან დასაწყისში სიმპტომები ორსულობის საერთო ჩივილებისგან არაფრით განსხვავდება. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია კარდიომიოპათიის სხვა მიზეზების გამორიცხვა. ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ სიმპტომების (ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, გულის ფრიალი, ადვილად დაღლა) არსებობის შემთხვევაში მიმართავენ ექოკარდიოგრაფიულ მონიტორინგს. პროგნოზი იმაზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არაა დაავადების ადრეული გამოვლენა და მარცხენა პარკუჭის ზომებისა და ფუნქციის ნორმალიზება მშობიარობის შემდგომი 6 თვის განმავლობაში.
საერთაშორისო მონაცემების თანახმად, დაგვიანებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაავადების არასასურველი გამოსავლის მთავარი მიზეზია.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ორსულთა დადგენილი კარდიომიოპათია, მარცხენა პარკუჭის ფუნქციის აღდგენის შემთხვევაშიც კი, მომდევნო ორსულობის უკუჩვენებად მიიჩნევა, ვინაიდან შესაძლოა, ორსულის სიკვდილის მიზეზად იქცეს.
მშობიარობის შემდგომი კარდიომიოპათიის მკურნალობის მიზანია:
* გულის უკმარისობის სიმპტომების შემსუბუქება;
* გართულებისა და გულის უეცარი გაჩერების რისკის მინიმუმამადე დაყვანა;
* დაავადების პროგრესირებისთვის ხელის შეშლა.
ზოგჯერ მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი არ არის – საჭიროა დროებითი ან მუდმივი გულშიდა მოწყობილობის (პეისმეიკერი, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი) იმპლანტაცია, რათა თავიდან ავიცილოთ სიცოცხლისთვის საშიში არითმიების განვითარება და ამით გამოწვეული უეცარი კარდიული სიკვდილი.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
გულის კუნთის ამ გენეტიკური, იდიოპათიური დაავადების დროს პარკუჭების კედლები სქელდება (ჰიპერტროფიას განიცდის) და რიგიდული ხდება, რაც ავიწროებს პარკუჭის სანათურს და აძნელებს აორტაში სისხლის გადატუმბვას. ზოგ შემთხვევაში გასქელებული კუნთი აორტის სარქვლის ქვემოთ გულიდან სისხლის გადენის შეფერხებას იწვევს. დაავადების ამ ნაირსახეობას ჰიპერტროფიულ ობსტრუქციულ კარდიომიოპათიას უწოდებენ.
დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ახალშობილობის პერიოდში, ისე მის შემდეგაც, უმეტესად – ფიზიკური გადაძაბვის ფონზე. სიმპტომები მოიცავს გულის წასვლას (სინკოპე),გულმკერდის არეში ტკივილს, ქოშინს და არითმიით გამოწვეულ გულის ფრიალის შეგრძნებას (პალპიტაცია).
აღნიშნული დიაგნოზის მქონე ქალებმა ოჯახის დაგეგმვამდე აუცილებლად უნდა გაიარონ კარდიოლოგისა და რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია, რათა მათი მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით შეფასდეს ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული რისკები.
მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის მსუბუქი ობსტრუქციით მიმდინარე ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ქალის ორსულობა შეიძლება უსაფრთხოდ ჩაითვალოს, თუ მას დაორსულებამდე გულის უკმარისობის გამოხატული ნიშნები არ ჰქონია. ამ დაავადების მქონე ორსულთა ნახევარზე მეტს მდგომარეობის გაუარესება ორსულობის 34-ე კვირიდან ეწყება, რაც ქოშინის მატებით და გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნებით (ღვიძლის გადიდება და ქვედა კიდურების შეშუპება) გამოიხატება. მშობიარობის შემდეგ გულის უკმარისობა შესაძლოა დამძიმდეს.
მშობიარობის შემდეგ
კარდიომიოპათიით დაავადებული ორსულები, წესისამებრ, სპეციალიზებულ დაწესებულებებში მშობიარობენ, სადაც მათ მეან-გინეკოლოგთან ერთად თერაპევტი, კარდიოლოგი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიც უწევენ მეთვალყურეობას. მშობიარობის მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა, იმის მიხედვით, რამდენად კომპენსირებულია დაავადება. თუ გულის უკმარისობა არ არის გამოხატული, მშობიარობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ნაყოფის მდგომარეობის მონიტორული კონტროლის თანხლებით. მშობიარობისას ტარდება თერაპია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად და სათანადო გაუტკივარება. უპირატესობა ენიჭება ეპიდურალურ ანესთეზიას. ნაყოფის გამოძევებასთან დაკავშირებული ჭინთვები განსაკუთრებით მძიმეა ჰიპერტროფირებული გულისთვის, ამიტომ მშობიარობის ამ პერიოდის გასაადვილებლად ხორციელდება პერინეოტომია ან ეპიზიოტომია – შორისის ჩაჭრა, ხოლო სისხლის მიმოქცევის ნებისმიერი ხარისხის უკმარისობის, წინა მშობიარობებთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების დროს და მაშინაც, თუ გულის უკმარისობა უშუალოდ მშობიარობისას განვითარდა, მშობიარობა სამეანო მაშების გამოყენებით სრულდება.
ვადამდელი მშობიარობის აუცილებლობა შესაძლოა წარმოიშვას, თუ შედეგი არ გამოიღო გულის უკმარისობის კომპლექსურმა მკურნალობამ, დამძიმდა ფილტვის ჰიპერტენზია ან განვითარდა თრომბოემბოლია. უმჯობესია, ეს მოხდეს 37-38-ე კვირას. მშობიარობის მეთოდს ერთობლივად არჩევენ მეანი, კარდიოლოგი და რეანიმატოლოგი.
ბავშვის დაბადებისთანავე დედის გულის სისხლძარღვებში მოცირკულირე სისხლის მოცულობა მცირდება, ამიტომ მშობიარობის შემდეგ ქალს უკეთებენ პრეპარატებს, რომლებიც გულის მუშაობას აუმჯობესებს. თუ მშობიარობის შემდეგ დედას წამლების მიღება სჭირდება, შესაძლოა, ექიმმა ძუძუთი კვების შეწყვეტა მოითხოვოს, რადგან ზოგიერთი პრეპარატი დედის რძეში გადადის.
მარი მარღანია