წყლულოვანი კოლიტი
გააზიარე:
დაავადების არსის ცოდნა აადვილებს მის მართვას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ამჯერად გესაუბრებით ნაწლავთა ქრონიკულ ანთებით დაავადებაზე – წყლულოვან კოლიტზე, რომელიც მსხვილი ნაწლავის, იმავე კოლინჯის, და სწორი ნაწლავის ღრმა შრეებს აზიანებს. ის, სამწუხაროდ, არ იკურნება, მაგრამ მკურნალობის უახლესი მეთოდები საგრძნობლად ასუსტებს დაავადების სიმპტომებს და ხანგრძლივი რემისიის მიღწევის საშუალებას იძლევა.
როგორ ვლინდება
წყლულოვანი კოლიტი ნაწლავთა ყველაზე გავრცელებული ანთებითი დაავადებაა. ის სხვადასხვანაირად ვლინდება, იმისდა მიხედვით, რა სიმძიმისაა ანთება და ნაწლავის რომელი უბანია დაზიანებული.
დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, ზომიერად ან მძიმედ. სიმპტომები უმეტესად მსუბუქი ან ზომიერია და გამწვავებას ხშირად მოსდევს ხანგრძლივი უსიმპტომო პერიოდი – რემისია.
წყლულოვანი კოლიტის დასაწყისში შეინიშნება დიარეა, ზოგჯერ – სისხლიანი, სისხლდენა ან ლორწოვანი გამონადენი სწორი ნაწლავიდან, მუცლის ზომიერად გამოხატული მგრძნობელობა და მუცლის კუნთების დაჭიმულობა, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება (დღეში არა უმეტეს ოთხისა). დაავადების ზომიერ ან მძიმე მიმდინარეობაზე მიანიშნებს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება (დღეში ოთხჯერ და მეტად), მუცლის კუნთების მტკივნეული შეკუმშვები, სისუსტე, წონის უეცარი კლება, გულისრევა, ცხელება, ძლიერი გაუწყლოება. ბავშვებთან შეინიშნება ზრდა-განვითარების შეფერხება. ყველაზე მძიმე და იშვიათი ფორმაა ელვისებური წყლულოვანი კოლიტი, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
ოთხიდან ერთ პაციენტთან დროთა განმავლობაში ვლინდება ნაწლავგარე სიმპტომები. ანთება შესაძლოა გავრცელდეს ძვლებზე, სახსრებზე, თვალებზე, კანსა და ღვიძლზე. შეინიშნება სახსრების ტკივილი და შეშუპება, თვალების სიწითლე, წვა, ქავილი, კანზე ჩნდება მტკივნეული გამონაყარი ან წყლულები.
წყლულოვანი კოლიტის ტიპები
ნაწლავის დაზიანებული უბნის შესაბამისად, წყლულოვანი კოლიტის რამდენიმე ტიპს გამოყოფენ. მათი სიმპტომები ხშირად ერთმანეთს გადაფარავს. ანთება უმეტესად სწორი ნაწლავიდან იწყება, თუმცა შესაძლოა გავრცელდეს და მთელი მსხვილი ნაწლავი დააზიანოს.
წყლულოვანი პროქტიტი – ანთება მოიცავს სწორი ნაწლავის მიდებარე უბანს. ამ დროს დაავადების ერთადერთი ნიშანია სწორი ნაწლავიდან სისხლდენა.
პროქტოსიგმოიდიტი – ანთება მოიცავს სწორ ნაწლავს და სიგმოიდურ კოლინჯს – კოლინჯის ქვედა ბოლოს. აღინიშნება სისხლიანი დიარეა, მუცლის კუნთების მტკივნეული შეკუმშვები (კრამპები), ტკივილი და ჭინთვები.
მარცხენამხრივი კოლიტი – ანთება ვრცელდება სწორი ნაწლავიდან სიგმოიდური კოლინჯისა და კოლინჯის დასწვრივი ნაწილისკენ. ამ დროსაც ვითარდება სისხლიანი დიარეა, მუცლის კრამპი და ტკივილი მარცხენა მხარეს.
პანკოლიტი – მთლიანად ზიანდება მსხვილი ნაწლავი, აღინიშნება სისხლიანი დიარეა, მუცლის კრამპი და ტკივილი, სისუსტე და წონის მიშვნელოვანი კლება.
რა იწვევს
წყლულოვანი კოლიტის ზუსტი მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ დაავადება უკავშირდება მსხვილი ნაწლავის ბაქტერიულ ან ვირუსულ ინფექციას და ორგანიზმის იმუნურ პასუხს: არასრულფასოვანი იმუნური პასუხი იწვევს იმუნური სისტემის თავდასხმას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უჯრედებზე, რაც ანთებას და ქსოვილის დაზიანებას განაპირობებს.
არსებობს ფაქტორები, რომლებიც დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის. განსაზღვრულ როლს ასრულებს მემკვიდრეობა – წყლულოვანი კოლიტით დაავადებულთა დაახლოებით 20%-ს ჰყავს კრონის დაავადების ან წყლულოვანი კოლიტის მქონე პირველი რიგის ნათესავი – დედა, მამა, და, ძმა ან შვილი. რისკი ორივე სქესისთვის ერთნაირია, გამოვლენა კი უმეტესად 30 წლამდე ხდება, თუმცა დაავადებამ 60 წლის შემდეგაც შეიძლება იჩინოს თავი. ის შესაძლოა გაამწვაოს კვების არასწორმა რეჟიმმა და სტრესმა.
რით რთულდება
წყლულოვანი კოლიტი შესაძლოა სხვა პრობლემით გართულდეს. ასეთი შემთხვევები დამატებით მეთვალყურეობას და მკურნალობას მოითხოვს. ყველაზე ხშირი გართულებებია მძიმე ფორმის სისხლდენა, ძლიერი გაუწყლოება, ტოქსიკური მეგაკოლონი (ახასიათებს წყლულოვანი კოლიტის ელვისებურად მიმდინარე ფორმებს – მსხვილ ნაწლავში არსებული ტოქსიკური ნაერთების დაგროვების გამო ნაწლავის კედელი ფართოვდება და ტოქსინები სისხლის მიმოქცევაში ჟონავს), ნაწლავის პერფორაცია (მთლიანობის დარღვევა, გახვრეტა), სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის მომატებული რისკი, კოლინჯის კიბოს განვითარების მომატებული რისკი (დამოკიდებულია დაავადების ლოკალიზაციასა და ხანგრძლივობაზე), ოსტეოპოროზი – ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, ანემია ძლიერი სისხლდენის შედეგად. ჩამოთვლილი გართულებები დაუყოვნებელ მკურნალობას მოითხოვს.
როგორ სვამენ დიაგნოზს
სისხლის ანალიზი აჩვენებს ანემიას (სისხლნაკლებობას), რომელიც სწორი ან მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენაზე მიანიშნებს და, თავის მხრივ, ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებას ამცირებს, ადასტურებს ანთებას და ინფექციას. განავალში სისხლის თეთრი უჯრედებისა და ზოგიერთი ცილის არსებობაც წყლულოვანი კოლიტის ნიშანია. განავლის ანალიზითვე გამოირიცხება ბაქტერიებით, ვირუსებით ან პარაზიტებით გამოწვეული ინფექციები.
ტარდება კოლონოსკოპია – მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა – ქსოვილის ბიოფსიასთან ერთად: თხელი დრეკადი, კამერიანი მილით ათვალიერებენ მთელ კოლინჯს და, იმავდროულად, ნემსით იღებენ ქსოვილის ნიმუშს ლაბორატორიული შესწავლისთვის.
კიდევ ერთი ენდოსკოპიური მეთოდია დრეკადი სიგმოიდოსკოპია: წვრილი, დრეკადი, ნათურიანი მილით ათვალიერებენ სწორ ნაწლავს და კოლინჯის მხოლოდ ქვედა ნაწილს – სიგმოიდურ კოლინჯს. მძიმე ფორმის ანთების დროს ეს გამოკვლევა ზოგჯერ სრულ კოლონოსკოპიაზე ინფორმაციულია.
მძიმე სიმპტომების შემთხვევაში, გართულებები (მეგაკოლონი, კოლინჯის პერფორაცია) რომ არ გამოეპაროთ, მიმართავენ მუცლის ღრუს სტანდარტულ რენტგენოგრაფიას. გართულებებს მუცლის ან მცირე მენჯის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით აფასებენ. ჩვეულებრივ გამომსახველობით კვლევებზე მგრძნობიარეა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული და მაგნიტურ-რეზონანსული ენტეროგრაფია, რომლებიც უფრო მეტი სიზუსტით აღმოაჩენს ნაწლავებში მიმდინარე ანთებით პროცესს. ამასთან, მაგნიტურ-რეზონანსული ენტეროგრაფია არ შეიცავს დასხივების რისკს.
მკურნალობა
წყლულოვანი კოლიტის მართვისთვის რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტებია ეფექტური. წამლის ტიპს არჩევენ დაავადების სიმძიმის მიხედვით, გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით, რისკისა და სარგებლის გულდასმით შეფასების შემდეგ. მკურნალობის პირველ ეტაპზე ხშირად ინიშნება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ასეთებია 5-ამინოსალიცილატები (მაგალითად, სულფასალაზინი) – ტაბლეტები, ოყნა ან სანთლები, იმის მიხედვით, ნაწლავის რომელი უბანია დაზიანებული. ზომიერი ან მძიმე ფორმის წყლულოვანი კოლიტის შემთხვევაში სარეზერვო ჯგუფის პრეპარატებია კორტიკოსტეროიდები (მაგალითად, პრედნიზონი). ისინი თრგუნავენ იმუნურ სისტემას, თუმცა თანმხლები მოვლენების სიმრავლის გამო მათი ხანგრძლივი მიღება არ არის რეკომენდებული.
არჩევის პრეპარატებია იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალებებიც (მაგალითად, აზათიოპრინი), რომლებიც იმუნური პასუხის დათრგუნვით ამცირებს ანთებას. ეს მედიკამენტები ხშირად ინიშნება ბიოლოგიურ მედიკამენტებთან ერთად – ამ უკანასკნელთა სამიზნეა ცილები, რომლებსაც იმუნური სისტემა წარმოქმნის.
ბიოლოგიური პრეპარატები (ინფლიქსიმაბი, ვედოლიზუმაბი, უსტეკინუმაბი) მოწოდებულია მძიმე ფორმის წყლულოვანი კოლიტის დროს, როდესაც სხვა ტიპის მკურნალობა უეფექტოა.
წყლულოვანი კოლიტის სპეციფიკური სიმპტომების შესამსუბუქებლად დამატებით სხვა ტიპის მედიკამენტებიც გამოიყენება. დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები (ლოპერამიდი) სიფრთხილით ინიშნება, რადგან არსებობს საფრთხე, ხელი შეუწყოს ტოქსიკური მეგაკოლონის განვითარებას. ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებიდან იყენებენ პარაცეტამოლს. იბუპროფენი, ნატრიუმის ნაპროქსენი და ნატრიუმის დიკლოფენაკი არ გამოიყენება, რადგან შეუძლია, ავადმყოფობის მიმდინარეობა დაამძიმოს. კრამპის შემთხვევაში დამხმარე როლს ასრულებს სპაზმის მომხსნელი საშუალებები. რკინის დანამატები ინიშნება, როდესაც დასტურდება ქრონიკული ნაწლავური სისხლდენა და ვითარდება რკინადეფიციტური ანემია.
ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ, როდესაც წამლები უეფექტოა ან სახეზეა სერიოზული გართულება. 10-დან დაახლოებით 7 ადამიანს ავადმყოფობის განსაზღვრულ ეტაპზე სჭირდება ოპერაციული ჩარევა, რომლის მასშტაბი დაზიანების ფართობის მიხედვით განისაზღვრება. ამოიკვეთება კოლინჯი (მთლიანად ან ნაწილობრივ) და სწორი ნაწლავი. უმეტესად ტარდება ილიოანალური ანასტომოზის პროცედურა: წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილისგან ქირურგი ქმნის ჯიბეს, რომელსაც ამაგრებს სწორი ნაწლავის ხვრელს. ოპერაცია ზოგჯერ ორ– ან სამ ეტაპიანია. ზოგ შემთხვევაში ჯიბის შექმნა ვერ ხერხდება. ასეთ დროს ქირურგი ქმნის მუდმივ ღიობს მუცლის ზედაპირზე (ილეალურ სტომას), რომლითაც განავალი მუცელზე მიმაგრებულ სპეციალურ ჩანთაში გადადის.
წყლულოვანი კოლიტის დროს კოლინჯის კიბოს მომატებული რისკის გამო ტარდება სკრინინგი. გრაფიკი დაავადების ლოკალიზაციისა და ხანგრძლივობის მიხედვით განისაზღვრება. თუ პროცესში მხოლოდ სწორი ნაწლავია ჩართული, კიბოს რისკი მაღალი არ არის, ხოლო თუ დაავადება სხვა უბნებსაც მოიცავს, რეკომენდებულია კოლონოსკოპიის 1-2-წლიანი შუალედებით ჩატარება. თუ დაავადებას კოლინჯის დიდი ნაწილი აქვს ჩათრეული, სკრინინგი დიაგნოზის დასმიდან 8 წლის შემდეგ იწყება, თუ მხოლოდ მარცხენა მხარე – 15 წლის შემდეგ.
მარიამ რამაზაშვილი