რამაზ კუტუბიძე – ახალშობილთა ქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის სამსახურის დამაარსებელი საქართველოში
გააზიარე:
მედიცინაში ძნელად მოიძებნება დარგი, რომელიც იმდენ პასუხისმგებლობას მოითხოვდეს, რამდენსაც ჩვილ ბავშვთა ქირურგია. სწორედ ეს სფერო აირჩია რამაზ კუტუბიძემ და ქართულ მედიცინაში ახალი ეპოქა შექმნა.
საქართველოს ბავშვთა ქირურგების კავშირის პრეზიდენტი, ევროპის ბავშვთა ქირურგების ასოციაციის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი, "ოქროს ლანცეტისა" და საუკუნის ექიმის წოდების მფლობელი რამაზ კუტუბიძე 1941 წლის 31 ოქტომბერს თბილისში, ცნობილი ქირურგის ავთანდილ კუტუბიძის ოჯახში დაიბადა.
– ბაბუა მეოცე საუკუნის საქართველოს ქირურგთა ბრწყინვალე თანავარსკვლავედის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, – მოგვითხრობს რამაზ კუტუბიძის ქალიშვილი, პედიატრი, თსსუ პროფესორი თინათინ კუტუბიძე, – ის ედგა სათავეში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ქირურგიულ სნეულებათა კათედრას. ავთანდილ კუტუბიძის სახელს უკავშირდება კუჭის წყლულის ოპერაციული ტექნიკის დანერგვა და მოდიფიცირება, რომელზეც საავტორო უფლებაც ჰქონდა. ექიმი იყო ბებიაც, ტატიანა (თათუშა) გაჩეჩილაძე. ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ქირურგიაში დიდი ცოდნისა და გამოცდილების მიუხედავად, ქორწინების შემდეგ კარიერაზე უარი თქვა და შვილების აღზრდა და სახელგანთქმული მეუღლის ზურგს უკან საიმედო კედლად დგომა ამჯობინა.
გამორჩეული პიროვნება გახლდათ მამის ბაბუაც, მეცნიერი და მკვლევარი ივანე გაჩეჩილაძე. სწორედ მან დააარსა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ფიზიკისა და მეტეოროლოგიის ფაკულტეტები, რომლებსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა.
მამა საქმისთვის თავდადებული ადამიანების გარემოცვაში იზრდებოდა. თავადაც ოჯახური ტრადიციის გაგრძელება მოისურვა და სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა.
რამაზ კუტუბიძეს უმაღლეს სასწავლებელშიც გამორჩეული კურსი ჰყოლია. სიამაყით აღნიშნავდა, რომ მისი მეგობრებიდან ათი აკადემიკოსი გახდა. მათი უმეტესობა ნოვატორი და ამა თუ იმ დარგის გამოჩენილი წარმომადგენელია.
მომავალი მეუღლეც სამედიცინო ინსტიტუტში გაუცვნია. დღეს მარინე დალაქიშვილი კონსტანტინე ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-გენეტიკოსია.
შვილების აღზრდა-განათლებასთან ერთად ქალბატონი მარინე მეუღლის კომფორტზეც ზრუნავდა, რათა მუდამ დაკავებულ ბავშვთა ქირურგს მეტი დრო და ენერგია დარჩენოდა პროფესიული საქმიანობისთვის.
– მამა შინ ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო, – იხსენებს ქალბატონი თინათინი, – მაგრამ როდესაც სამუშაო მაგიდასთან ჩაფიქრებული იჯდა, ვიცოდით, რომ მისთვის ხელი არ უნდა შეგვეშალა.
იმხანად სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ აუცილებლად მიიჩნეოდა დაავადებების პათოლოგიური საფუძვლების სიღრმისეული შესწავლა, რაც ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო როგორც კლინიცისტებისთვის, ისე თეორიულ და ექსპერიმენტულ მედიცინაში მოღვაწე მეცნიერებისთვისაც. მამამ ორი წელი გაატარა აკადემიკოს ვლადიმერ ჟღენტის კათედრაზე, რომლის წევრებიც იყვნენ აკადემიკოსი ირაკლი ტატიშვილი, პროფესორები არკადი ჯორბენაძე, ლუარსაბ შარაშიძე, თამარ დეკანოსიძე, ლექსო ჩუბინიძე და ქართული მედიცინის სხვა ლეგენდები. მოგვიანებით მამა იხსენებდა, როგორი პასუხისმგებლობით ემზადებოდნენ კლინიკების ხელმძღვანელები და ექიმები კლინიკურ-პათანატომიური კონფერენციებისთვის, რადგან ბატონი ვლადიმერი შეხვედრებს ყოველთვის მაღალ მეცნიერულ დონეზე ატარებდა. სწორედ ამ კონფერენციებზე იმართებოდა საუბარი კლინიკურად საინტერესო და იშვიათი შემთხვევების შესახებ.
თეორიული ცოდნის ამაღლების შემდეგ დაიწყო რამაზ კუტუბიძის საექიმო მოღვაწეობა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის (ახლანდელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის) ბავშვთა ქირურგიის კათედრაზე, სადაც დიდი გამოცდილება მიიღო გამოჩენილი ქართველი ქირურგების – პროფესორების ლევან ავალიანისა და გივი ჟვანიას ხელმძღვანელობით.
– ბრწყინვალე ქირურგი პრაქტიკულად არ ცდება, კარგ ქირურგს შეცდომის სწრაფად გამოსწორება შეუძლია, ცუდი ქირურგი კი შეცდომას ვერასოდეს გამოასწორებს, – ამ სიტყვებით იწყებს რამაზ კუტუბიძეზე საუბარს მისი უმცროსი კოლეგა, პროფესორი, თსსუ ბავშვთა ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი მერაბ ბუაძე, – მისი უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება ყოველთვის ძალიან გვეიმედებოდა ახალგაზრდა ქირურგებს. თუ რამე გაგვიჭირდებოდა, რჩევის საკითხავად მაშინვე მასთან გავრბოდით. 1994-იდან 2017 წლამდე რამაზ კუტუბიძე ჩვენი კათედრის გამგე იყო. საოცრად მეგობრული პიროვნება გახლდათ, პაციენტები ძალიან უყვარდა. უამრავი ბავშვი გადაარჩინა სიკვდილს, უამრავი კარგი ქირურგი გაზარდა. იმ ხნის განმავლობაში, რაც ის კათედრას ხელმძღვანელობდა, ბევრმა ახალგაზრდამ გაიარა მის ხელში. დღეს კარგად ცნობილი მრავალი ქირურგი მისი სკოლის წარმომადგენელია. თავად მეც დისერტაციის დაცვის შემდეგ მასთან ვმუშაობდი და ფასდაუდებელი ცოდნა შევიძინე.
იყო შესანიშნავი მეცნიერიც. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კათედრაზე უამრავი კვლევა ჩატარდა და არაერთი საკანდიდატო თუ სადოქტორო დისერტაცია იქნა დაცული.
1997 წელს ბავშვთა მეორე კლინიკური საავადმყოფო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს გადაეცა და მის დირექტორად პროფესორი რამაზ კუტუბიძე დაინიშნა. მისი უშუალო ძალისხმევით საქართველოში დაარსდა ახალშობილთა ქირურგიისა და ახალშობილთა ქირურგიული ინტენსიური თერაპიის სამსახური, რამაც შესაძლებელი გახადა განვითარების მძიმე თანდაყოლილი ანომალიების (საყლაპავის ატრეზია, ანორექტალური მალფორმაციები და სხვა) სამკურნალო რეკონსტრუქციული ოპერაციების დანერგვა, ბავშვებთან პირველი ლაპაროსკოპიული ოპერაციების ჩატარება და, საზოგადოდ, ქირურგიის ამ მიმართულების განვითარება. სწორედ რამაზ კუტუბიძის ნოვატორული მეთოდების შედეგია ათასობით ბავშვის გადარჩენილი სიცოცხლე და ახალშობილთა სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირება, საზოგადოდ, ის, რომ დღეს ქართული პედიატრიული ქირურგია საერთაშორისო დონეზეა.
პირველ ლექციას ბატონი რამაზი ყოველთვის კათედრის ისტორიის მიმოხილვით იწყებდა. ამაყობდა თავისი პედაგოგებით. განსაკუთრებით აღნიშნავდა იმ ფაქტს, რომ ბავშვთა ქირურგიისა და ორთოპედიის კათედრის პირველი გამგე, პროფესორი მიხეილ კოკოჩაშვილი, და ბატონი რამაზის მამა, ავთანდილ კუტუბიძე, ერთხანს ერთად მუშაობდნენ და ერთობლივი ძალისხმევით წიგნიც კი გამოსცეს.
მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო, მამისგან მემკვიდრეობით მიეღო სახელი და დიდება, ბატონმა რამაზმა გაუკვალავ გზაზე სიარული ამჯობინა და ქირურგიის მეტად საპასუხისმგებლო განშტოება აირჩია. იმ დროს საქართველოში თანდაყოლილი პათოლოგიებით გამოწვეული ახალშობილთა სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალი იყო. ასეთი პაციენტები პრაქტიკულად სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები. სამედიცინო ინვენტართან ერთად, ამ სფეროში პრაქტიკული გამოცდილებაც მწირი იყო.
ბატონი რამაზის ღირსებათაგან მე გამოვყოფდი განათლებისა და სიახლეებისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს პროფესიაში ფასდაუდებელი თვისებაა. ამ თვისების გარეშე ვერ შედგებოდა ის რამაზ კუტუბიძე, ვისაც ასე ვაფასებთ კოლეგები და სამედიცინო საზოგადოება.
რამაზ კუტუბიძის ავტორობით გამოიცა ბავშვთა ქირურგიის სახელმძღვანელო 2003 და 2009 წლებში, არაერთი მონოგრაფია და მეთოდური რეკომენდაცია, მათ შორის – მონოგრაფია "აბდომინალური ქირურგია ბავშვებში" 2017 წელს. პროფესორი ბავშვთა ქირურგიაში სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელიც გახლდათ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი საერთაშორისო აღიარება და თანამშრომლობა ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან კლინიკებსა და სპეციალისტებთან. "რამაზ კუტუბიძე იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი მეტად გამორჩეული პროფესიონალი", – ასე იხსენებს მას თელ-ავივის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი იცხაკ ვინოგრადი. უცხოელი მეცნიერები და კლინიცისტები წელიწადში ორ-სამჯერ ჩამოდიოდნენ საქართველოში, კითხულობდნენ ლექციებს, მასპინძელთან, რამაზ კუტუბიძესთან ერთად მართავდნენ კონსულტაციებს და საქველმოქმედო ოპერაციებს.
ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტი დღესაც ინარჩუნებს ფართო კონტაქტებს ისრაელის ქალაქ ხაიფაში მდებარე ერთ-ერთ წამყვან სამკურნალო დაწესებულებასთან – რამბამის სამედიცინო ცენტრთან – და თელ-ავივის ბავშვთა ქირურგიულ კლინიკებთან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივ კონგრესებსა და კონფერენციებში.
– ჩემი სტუდენტობის დროს რამაზ კუტუბიძე უკვე ცნობილი ქირურგი იყო, მერე კი თითქმის ათი წელი ერთად ვმუშაობდით გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, – ჰყვება ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ჯო ენის სამედიცინო ჰოსპიტლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ თევზაძე, – რამაზი უფროს მეგობრად მიმაჩნდა, ხოლო მისი ადამიანური ღირსებები მისაბაძი გახლდათ ჩემთვის.
90-იან წლებში, საყოველთაო ნგრევის დროს, ირაკლი მეტრეველი, ვახტანგ ლაშხი, ავთანდილ ცინცაძე, ჯანსუღ კვირიკაშვილი და მე გავერთიანდით და დიდი შრომით და მონდომებით შევძელით ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის შექმნა, რამაზ კუტუბიძემ კი ამაში უაღრესად დიდი როლი შეასრულა. მნიშვნელოვანწილად მას უმადლის თავის არსებობას ჯო ენის სამედიცინო ცენტრი.
კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც გახლავართ, მაგრამ იდეის ავტორი და საქმის წამომწყები იყო ირაკლი მეტრეველი, რომელმაც ამერიკაში ხანმოკლე ვიზიტის დროს შემთხვევით გაიცნო ამერიკელი ფილანტროპი ჯო ენ მაკგოუენი, რომელიც იმხანად სანკტ-პეტერბურგში გულის ქირურგიის კლინიკას აშენებდა. ირაკლიმ შესთავაზა, საქართველოშიც დაეარსებინა მსგავსი საავადმყოფო, თუმცა ქალბატონ ჯო ენს მაშინ საქართველოსთვის არ ეცალა. მოგვიანებით ჩვენი ჯერიც დადგა და 1994 წელს ჯო ენ მაკგოუენი თბილისში ჩამოვიდა.
კლინიკის გახსნის იდეას საქართველოს სამედიცინო წრეებში თავდაპირველად დიდი სკეპტიციზმით შეხვდნენ, გაჭირდა შესაფერისი შენობის პოვნაც, და აი, გადამწყვეტ მომენტში ნიჭიერ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს სწორედ რამაზ კუტუბიძე მოევლინა მხსნელად. მან თავისი ალღოს წყალობით დაინახა ის, რაც სხვებმა ვერ შეძლეს, საკუთარ კლინიკაში პირადი ინიციატივით გამოძებნა ფართი და აშშ-ის ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ბაზაზე გაიხნა ჯო ენის სახელობის ქართულ-ამერიკული სამედიცინო ცენტრი, გულის ქირურგიის კლინიკა.
რამაზ კუტუბიძე 2021 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა. მისი შვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამერიკის ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის წევრი, უმცროსი ავთანდილ კუტუბიძე, ღირსეულად აგრძელებს მამის გზას.
– მან რამდენიმე ნაბიჯით გაუსწრო დროს, – ამბობენ ადამიანები, რომლებსაც წილად ხვდათ რამაზ კუტუბიძესთან ურთიერთობისა და მუშაობის ბედნიერება, – ჩვენ, მისი მეგობრები და კოლეგები, ვამაყობთ, რომ ბატონი რამაზის თანამოაზრეები და თანამებრძოლები გვქვია.
მარი მარღანია