დუნდულების კორექცია: ლიპოფილინგი თუ გლუტეოპლასტიკა?

გააზიარე:

პლასტიკური ქირურგია თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების უსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა თანამედროვე სამყაროში, სადაც იდეალური გარეგნობის სტანდარტი არაერთხელ გადაფასდა. ცხვირისა და მკერდის ფორმების შეცვლასთან ერთად, მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება გლუტეოპლასტიკა. სწორედ ამაზე სასაუბროდ ვეწვიეთ “ავერსის კლინიკის” პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგს – თეიმურაზ გურჯიძეს.

მეთოდები

– დუნდულების ფორმისა და მოცულობის შეცვლა შესაძლებელია ლიპოფილინგით, იმპლანტით ან ორივე ამ მეთოდის გაერთიანებით. ლიპოფილინგი, იგივე ბრაზილიური ლიფტინგი (Bრაზილიან Bუტტ Lიფტ), გულისხმობს საკუთარი ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვას პრობლემური ზონებიდან (მუცელი, თეძო, ბარძაყის გარე გვერდითი ზედაპირი) დუნდულებში მათი ფორმის კორექციის მიზნით. გლუტეოპლასტიკას უმთავრესად საჯდომის მოცულობის მოსამატებლად მიმართავენ. ხშირად იდეალური შედეგის მისაღებად რეკომენდებულია ბრაზილიური ლიფტინგისა და იმპლანტების ერთდროული გამოყენება.

ისტორიული ფაქტები

გლუტეოპლასტიკა როგორც ესთეტიკური მედიცინის ელემენტი მერილინ მონროს ეპოქიდან იღებს დასაბამს – სწორედ მისი წყალობით გახდა პოპულარული ქვიშის საათის ფორმის სხეული. დუნდულების ლიფტინგის მამამთავრად მიჩნეულია სახელგანთქმული ბრაზილიელი პლასტიკური ქირურგი ივო პიტანგი (1926-2016), თუმცა ოპერაციის ტექნიკა ათეულობით წლის განმავლობაში იხვეწებოდა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიღწევათა ხარჯზე.

1964 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში პიტანგიმ პირველმა აღწერა დუნდულების ლიფტინგი, რომელიც დაშვებული საჯდომის კორექციის მიზნით ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქირურგმა ზედმეტი ქსოვილისგან გაათავისუფლა დუნდულები, მათი მოცულობის გაზრდა ვერ შეძლო.

1969 წელს ამერიკელი ექიმების ჯგუფმა, რომელსაც რობერტ ბარტელსი ხელმძღვანელობდა, აღწერა პირველი გლუტეოპლასტიკა ძუძუს იმპლანტის გამოყენებით, რომელიც მარცხენა დუნდულა კუნთის ატროფიით გამოწვეული ასიმეტრიის კორექციისთვის ჩაატარეს.

ამას მოჰყვა კოკისა და რიკეტსონის მიერ 1973 წელს დუნდულების გადიდების მიზნით ჩატარებული გლუტეოპლასტიკა, რამაც მწვანე შუქი აუნთო დუნდულების იმპლანტების მასშტაბურ წარმოებას.

დღეს დუნდულებისთვის სასურველი ფორმის მისაცემად უმთავრესად სილიკონის იმპლანტებს ვიყენებთ. აქვე გეტყვით, რომ სხეულის ყოველი უბნისთვის განკუთვნილ იმპლანტს შესაბამისი სიმკვრივე და კონსისტენცია აქვს, რის გამოც ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან მისი გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

80-იან წლებში სხეულის კონტურის კორექციისთვის ლიპოსაქციის გამოყენება დაიწყო. ამ პროცედურას ბევრი დღემდე წონის დაკლებისა და ცელულიტთან ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს. სინამდვილეში ლიპოსაქციის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სხეულის ფორმის კორექციაა. ის ყველა იმ უბანზე ტარდება, სადაც ჭარბად გროვდება ცხიმი: ბარძაყებზე, მუცელზე, ზედა კიდურებზე, ზურგზე და სხვა.

ლიპოფილინგი და ლიპოსაქცია

– რა კავშირია ლიპოსაქციასა და დუნდულების ლიფტინგს შორის?

– ლიპოსაქცია ცხიმოვანი ქსოვილის მოშორების ქირურგიული მეთოდია, რომელიც კანის გაკვეთის გარეშე სხეულის ამა თუ იმ უბნის კორექციის შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე აპარატების წყალობით ოპერაცია უსაფრთხო და უმტკივნეულოა, ამასთან, უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგს, გამორიცხავს ნაოპერაციებ ადგილას კანის "ჩამოკიდებას", ლიპოსაქციის შემდეგ კანი უფრო ელასტიკური ხდება, რაც მთავარია, ერთხელ მოშორებული ცხიმოვანი ფენა მეორედ იმავე ადგილას პრაქტიკულად აღარ ვითარდება და ლიპოსაქციით მიღებული სხეულის კონტური წლების განმავლობაში უცვლელი რჩება.

ბრაზილიურ ლიფტინგს ორმაგი ეფექტი აქვს: სასურველი მიდამოდან ჭარბი ცხიმის სწრაფად და ეფექტურად მოშორებასთან (ლიპოსაქციასთან) ერთად ხდება გამოთავისუფლებული ცხიმით დუნდულების ჩავარდნილი უბნების ამოვსება (ლიპოფილინგი). პროცედურა სრულიად უსაფრთხოა და არ იწვევს ალერგიულ რეაქციას ან სხვა სახის გართულებას. გადანერგილი ცხიმოვანი ქსოვილის უმეტესი ნაწილი არ გაიწოვება და დიდხანს რჩება კორექციის მიდამოში.

ოპერაციის მიმდინარეობა

– ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი ექოსკოპიური კონტროლით შეჰყავთ დუნდულების ცხიმოვან ქსოვილში. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია როგორც ზოგადი, ისე რეგიონული და ადგილობრივი გაუტკივარებით. ანესთეზიის სახეობა ოპერაციის მასშტაბზეა დამოკიდებული. მცირე უბნების დამუშავების დროს ადგილობრივ ანესთეზიას მივმართავთ, როცა დიდ ფართობზე გვიწევს მუშაობა – ზოგადს.

პროცედურის ხანგრძლივობა ამოსაღები ცხიმისა და დასამუშავებელი ზონის მოცულობით განისაზღვრება. წესისამებრ, ის 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე მერყეობს. განაკვეთის სიგრძე 3-4 მმ-ს არ აღემატება. ის ფაქტობრივად შეუმჩნეველია, ვინაიდან ანატომიურ ნაოჭებშია ჩამალული.

ოპერაციის მომდევნო დღეებში მოსალოდნელია მცირედი შეშუპება, სიხლჩაქცევები, რომლებიც თავისთავად გაივლის. მინიმალური და საშუალო მასშტაბის ჩარევის დროს პაციენტი შეიძლება ოპერაციის დღესვე გაეწეროს კლინიკიდან, ხოლო თუ ოპერაციის მასშტაბი დიდი იყო და ცხიმიც ბევრი ამოვიღეთ, სასურველია, ერთი ღამე დარჩეს კლინიკაში, სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

ცხოვრების ჩვეულ რიტმს პაციენტი 2-5 დღეში უბრუნდება, მაგრამ ოპერაციიდან 3-4 კვირის განმავლობაში საჭიროა სპეციალური ბანდაჟის ტარება, რომელიც ნაოპერაციევი არის კომპრესიას ახდენს და ხელს უწყობს სხეულის ახალი კონტურების ჩამოყალიბებას.

ჩვენება და უკუჩვენება

– დუნდულების ფორმა და პროპორცია უმეტესწილად გენეტიკურად არის განპირობებული. სხეულის ქვედა ნაწილის განვითარება ჩონჩხის აგებულებასა და ცხიმის დაგროვების თავისებურებაზეა დამოკიდებული. ისინიც კი, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს (სწორი კვება, ვარჯიში) მისდევენ, ხშირად მოგვმართავენ "ბრტყელი" დუნდულების კორექციისთვის. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც იმპლანტის გამოყენება კატეგორიულად არ სურს და მხოლოდ "უსაფრთხო" საშუალებებით უნდა მრგვალი ფორმების მიღება.

აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი პლასტიკური ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია პაციენტის თავდაპირველ მდგომარეობაზე, მისი სხეულის ფიზიოლოგიურ თავისებურებებსა და ოპერაციის მეთოდზე. მაგალითად, დუნდულების ბრაზილიური ლიფტინგი:

*აუმჯობესებს საჯდომი არის კონტურს;

*თეძოებზე, მუცელსა და ბარძაყზე არსებული ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის მოშორებით აუმჯობესებს დუნდულების ფორმას;

*ახალგაზრდულ და მიმზიდველ შესახედაობას სძენს "ბრტყელ" დუნდულებს.

დუნდულების ბრაზილიური ლიფტინგის ჩასატარებლად საჭიროა, პაციენტი განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. მაგალითად, აღნიშნული ოპერაცია არ უტარდებათ გამხდარ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ცხიმოვანი ქსოვილის რეზერვი ანუ ჭარბად ან ზომიერად განვითარებული ცხიმოვანი ქსოვილი, რადგან დუნდულების ლიფტინგი, წესისამებრ, მოითხოვს ცხიმოვანი ქსოვილის დამატებით შეყვანას ნაოპერაციევ მიდამოში, საიდანაც თავდაპირველად შეყვანილი ცხიმოვანი ქსოვილის გარკვეული ნაწილი გაიწოვება.

მიუხედავად სახელწოდებისა (ლიფტინგ – აწევა), აღნიშნული ოპერაციით დუნდულების მიდამოში დაშვებული კანის აწევა არ ხდება. თუ წონის კლების შემდეგ სხეულის ამა თუ იმ უბანზე მოშვებული და ჩამოკიდებული კანის მოშორება გსურთ, ექიმი სხვა ტიპის ოპერაციას შემოგთავაზებთ.

ოპერაციამდე ორი თვით ადრე სასურველია შეიზღუდოს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, რადგან ორივე მათგანი მიკროცირკულაციის დაქვეითებას იწვევს. ცხიმოვან ქსოვილს საკუთარი სისხლმომარაგება არ გააჩნია. დანიშნულების ადგილზე მოხვედრის შემდეგ გადასანერგად აღებული ცხიმის უჯრედებიდან მხოლოდ ისინი გადარჩებიან, რომლებიც მოახერხებენ, კვების წყარო გაიჩინონ ახალ გარემოში. დანარჩენი უჯრედები, როგორც აღვნიშნე, გაიწოვება.

დუნდულების ლიფტინგის შედარებით უკუჩვენებას წარმოადგენს დიაბეტი და სხვა სომატური დაავადებები.

არ შეიძლება ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

როდის მიმართავენ გლუტეოპლასტიკას

– იმპლანტების მეშვეობით პლასტიკურ ქირურგებს ნებისმიერი ზომისა და ფორმის დუნდულა კუნთის გამოძერწვა შეუძლიათ. მკერდის შემდეგ ყველაზე ხშირად სწორედ დუნდულასა და წვივის იმპლანტები გამოიყენება.

გლუტეოპლასტიკა ტარდება მაშინ, როცა დუნდულა კუნთები მეტისმეტად პატარა ან დაშვებულია, ვარჯიშით კი მათი გადიდება და ფორმის შეცვლა ვერ ხერხდება ან გამოხატულია საჯდომი კუნთების ატროფია და დეფორმაცია.

განაკვეთი კუდუსუნის არეში, დუდულებს შორის ნაოჭში კეთდება. მისი სიგრძე არ აღემატება 5 სანტიმეტრს. იმპლანტი თავსდება წინასწარ შექმნილ ჯიბეში დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ. გლუტეოპლასტიკის ჩატარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. გამოიყენება ყველაზე გამძლე იმპლანტები, ხოლო იმპლანტში არსებული სპეციალური გელი დუნდულებს ზედმიწევნით ბუნებრივ ფორმასა და სირბილეს სძენს.

ოპერაციის ხანგრძლივობა 2 საათამდეა. მისი ჩატარება შეიძლება როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული და ზოგადი ანესთეზიითაც. პაციენტი კლინიკიდან მეორე დღესვე ეწერება. პოსტოპერაციულ პერიოდს ხანმოკლე ტკივილი და დისკომფორტი ახლავს თან – მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება და მგრძნობელობის დროებითი დაქვეითება, თუმცა 1-2 კვირის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ნაკერები 10-14 დღის შემდეგ იხსნება. ერთი თვის განმავლობაში აუცილებელია ბანდაჟის ტარება.

ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრების ჩვეული რიტმის აღდგენას. პირველი ორი კვირის განმავლობაში არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, ხოლო 2-3 თვე აკრძალულია ძლიერი ფიზიკური დატვირთვა.

თანამედროვე მაღალი ხარისხის იმპლანტებმა კაფსულარული კონტრაქტურის ჩამოყალიბების ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანა. გლუტეოპლასტიკის შემდეგ ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ ვეღარასოდეს გაიკეთებთ ინექციას დუნდულა კუნთში.

ცხიმი – უნივერსალური დონორი

– ამჟამად საჯდომის ფორმისა და მოცულობის შეცვლის ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებებად ლიპოფილინგი და იმპლანტი მიიჩნევა. დუნდულებში ფილერების შეყვანის მრავალი მცდელობა კრახით დასრულდა. სასურველი ეფექტის მისაღებად საჭიროა დროებითი, გაწოვადი ფილერები დიდი რაოდენობით, რაც, მოსალოდნელ გართულებებზე რომ არაფერი ვთქვათ, საკმაოდ ძვირიცაა. რაც შეეხება მუდმივმოქმედ ფილერებს, გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათ ზიანი მეტი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი, ამიტომ ისინი პრაქტიკულად ამოღებულია ხმარებიდან. საქმე ის არის, რომ აღნიშნული ფილერები დროთა განმავლობაში მიგრირებს და დუნდულების დეფორმაციას იწვევს. ხშირია გელიომების წარმოქმნაც, რაც და მდგომარეობის გამოსასწორებლად დამატებით ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

მარი მარღანია

გააზიარე: