ახალგაზრდობის საიდუმლო

გააზიარე:

ყოველი თავმომწონე ქალბატონი, რომელიც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს, დიდი სიამოვნებით მოამტვრევდა ისრებს ყველა საათს და დროს გააჩერებდა – ასე ხომ მშვენიერი სქესი თავისი დაუძინებელი მტრის, ბატონი სიბერის (ცხადია, მამრობითი სქესისა იქნება!) დამარცხებას შეძლებდა!
ამგვარი  ნათელი აზრები არა მარტო ქალბატონებს, მამაკაცებსაც ებადებათ – როგორც ჩანს, არც მათ სიამოვნებთ ჭკნობაშეპარული დიაცების ცქერა. 
სწორედ ქალის სილამაზეზე მზრუნველმა მამრებმა გამოიგონეს ისეთი “სასწაულები”, როგორიცაა ბოტოქსის ინექციები, მეზოთერაპია, პილინგი (ჩვენებურად – ხეხვა-ხვეწა), ფოტოგაახალგაზრდავება და ა.შ., დანაოჭებული კანის გადასასწორებლად კი ათასგვარი კრემი, შრატი თუ ჟელე შექმნეს. შენ მხოლოდ ისურვე – “ჟან პიობერი”, “ლანკომი” თუ “დიორი”!

ასე ტკბილად (და ლამაზად) დამიბერდი
სპეციალისტებმა, რომლებიც მრავალი წელია თვალს ადევნებენ დედამიწის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ქალბატონების დაბერების პროცესს, დაასკვნეს, ყველაზე ადრე კავკასიელი დიაცები ბერდებიანო. ყველაზე უკეთ დროს თურმე მონგოლოიდური რასის ქალბატონები უძლებენ. დიდად არც ევროპელ ქალებს გაუმართლათ, თუმცა კანიც არის და კანიც: მოგრძო სახის, გამხდარი ევროპელები გაცილებით ადრე ბერდებიან, ვიდრე მრგვალი, სავსე სახისანი. სამაგიეროდ, პლასტიკური ოპერაციის გაკეთება გამხდარი პირისახის ქალებისთვის უფრო იოლი ყოფილა, რადგან მათ კანქვეშა ცხიმი მეტად თხელი აქვთ.

თუკი ქალს (განურჩევლად იმისა, ფითქინა შვედია თუ შოკოლადისფერი ალჟირელი) წარბები წამწამების კიდიდან 2 სმ-ით (ან მეტით) დაბლა აქვს, ისინი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიწევს და გამოხედვაც უფრო მალე შეიცვლება. გარდა ამისა, დაბერების ინტენსივობა დამოკიდებული ყოფილა პირის მოყვანილობაზე, ტემპერამენტის ტიპზე (ემოციურები უფრო მალე ჭკნებიან) და ა.შ.

თურმე ნუ იტყვი და დაბერებაც სხვადასხვანაირი ყოფილა. ეს განსხვავება კი პირველად პლასტიკურ ქირურგებს შეუმჩნევიათ. აი, ისინიც:

  • დაღლილი სახე. დაბერების ამ ტიპის მქონე ქალებს კანი არამცთუ სახეზე, კისერზეც კი მოშვებული აქვთ. ტუჩის კიდეები დაშვებულია. დაღლილ გამომეტყველებას სახე უფრო საღამო ხანს იღებს, დილაობით კი შედარებით მხნე და დასვენებული იერი აქვს.
  • დანაოჭებული სახე. ამ შემთხვევაში კანი მეტად მშრალია, ძლიერად სესამჩნევია ნაოჭები თვალის გარეთა კუთხეებში (ე.წ. ბატის თათები), ტუჩის ზემოთა და ნიკაპზე.
  • სახისა და კისრის ასაკობრივი დეფორმაცია. ამ დროს ზედა და ქვედა ქუთუთოების არეში ჩნდება ზედმეტი კანი, ლოყები ტომარებივით ეკიდება, ჩნდება ღაბაბი.
  • დაბერების კომბინირებული ტიპი. ეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ტიპის კომბინაციის შედეგად მიიღება. სიმკვრივედაკარგული კანი მეტისმეტად დანაოჭებულია, სახე – დეფორმირებული.
  • დაკუნთული სახე. ასე ბერდებიან შუააზიელი ქალები, იაპონელები და მონღოლები. თავდაპირველად ზედა და ქვედა ქუთუთოები ნაოჭდება, შემდეგ ჩნდება ბატის თათები და მკვეთრი ნაოჭი ტუჩს ზემოთ.

ჩხვლეტის არ მეშინია
მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი იმ თანამედროვე ანტიეიჯინგ (ჩვენებურად – ნაოჭების საწინააღმდეგო; aging – დანაოჭება) პროცედურებს, რომლებსაც ქალბატონები ყველაზე ხშირად მიმართავენ. 

მეზოთერაპია – ამ დროს წვრილნემსიანი შპრიცით კანის ზედაპირულ შრეში ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველი კოქტეილი შეჰყავთ, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ნაოჭებს ასწორებს, კანის ფერსაც აუმჯობესებს. ამ მეთოდს ე.წ. დაგროვების ეფექტი აქვს. ამის კვალობაზე, მიზანშეწონილია პროცედურის არა ყოველდღე, არამედ კვირაში ერთხელ ჩატარება. იდეალური შედეგისთვის, რომელიც ერთი წელი მაინც გასტანს, ათი პროცედურა სავსებით საკმარისია. მეზოთერაპია შეგიძლია წელიწადში ერთხელ მანამდე გაიმეორო, სანამ არ მოგბეზრდება.
ფოტოგაახალგაზრდავება – სპეციალური სამკურნალო ეფექტის მქონე სინათლის სხივების ზემოქმედებით კანი, თითქოს გამოცვალესო, გაცილებით რბილი და ხავერდოვანი ხდება: ვიწროვდება ფორები, ქრება წვრილ-წვრილი ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები. მექანიზმი მარტივია: ფოტოპროცედურის შედეგად კანის უჯრედები აქტიურად იწყებენ კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.

ფოტოგაახალგაზრდავება სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა და მეტად ეფექტურია მეზოთერაპიასა და ქიმიურ პილინგთან კომბინაციაში.
პილინგი – ამ პროცედურის მთავარი არსი ის არის, რომ მის შედეგად კანის ზედაპირული შრე ჩამოიფცქვნება (მას მოჰყვება დაზიანებული უჯრედებიც) და მის ადგილას მალე ახალი წარმოიქმნება. პილინგის შემდეგ განახლებული კანი გაცილებით მკვრივი, ერთგვაროვანი და ხავერდოვანი ხდება.

პილინგი სხვადასხვანაირია: მექანიკური, ქიმიური და ლაზერული; ასევე – ზედაპირული, საშუალო ზემოქმედებისა და ღრმა. ზედაპირული პილინგის ჩატარება შინაც შეგიძლია. ამისთვის საკმარისია, სქრაბი იყიდო, სახეზე გადაისვა და გულდასმით ჩამოიბანო. ისე კი, ამგვარი ხვეწის ეფექტი დიდხანს არ გასტანს – გლუვ და ტკიცინა კანს მხოლოდ რამდენიმე კვირა თუ შეინარჩუნებ.

კანის დაჭიმვა ოქროს ძაფებით – ქირურგი კანში ოქროს მეტისმეტად წვრილ  ძაფს აქსოვს. უფრო დაწვრილებით თუ გაინტერესებს, პროცესი ასეთია: სახეზე კეთდება პატარ-პატარა ნასვრეტები, სადაც დაახლოებით 2,5 მეტრი სიგრძისა და 0,08-0,1 მმ სისქის ძაფებს უყრიან. ეს უკანასკნელი ოქროსა და პოლიგლიკოლის ნაერთს წარმოადგენს. ამ დროს მსხვილი სისხლძარღვები და ნერვები სრულებით არ ზიანდება – ძაფებს ზედაპირულად, 3-5 მმ-ის სიღრმეზე აქსოვენ. ოღონდ ერთი რამ იცოდე: თუკი მეტისმეტად თხელი სახის კანი გაქვს, ოქროს ძაფებით დაჭიმვას არამც და არამც არ გირჩევ – “კარკასი” შეიძლება გამოჩნდეს კიდევაც.

ბოტოქსის (უფრო სწორად, ბოტულოტოქსინის) ინექციები. ბოტულოტოქსინი ბუნებრივი შხამია, რომელსაც ძველად არცთუ მთლად ესთეტიკური დანიშნულებით იყენებდნენ. ამჟამად ბოტულოტოქსინი კანქვეშ ძალიან მცირე დოზებით შეჰყავთ. ამ შხამის ზემოქმედებით კუნთი შეკუმშვის უნარს კარგავს და, შესაბამისად, აღარც ახალი ნაოჭები წარმოიქმნება. ის კი არა, უკვე არსებულიც სწორდება. თუმცა სამარადჟამო ეფექტი არც ბოტოქსის ინექციებს ახასიათებს. მათი გამეორება წელიწადში ორ-სამჯერ გახლავს საჭირო. გაითვალისწინე: თუკი ალერგია გაქვს კვერცხზე (ბოტოქსი ცილა ალბუმინს შეიცავს), ინექციამდე ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება დაგჭირდება.

ბოტულოტოქსინით მხოლოდ ზედაპირული ნაოჭების გასწორებაა შესაძლებელი. თუ ტოქსინს უფრო მეტი დოზით შეიყვანენ კუნთში, შეიძლება ღრმა ნაკეცებიც გასწორდეს, მაგრამ ასე სახე არაბუნებრივ, უმიმიკო ელფერს შეიძენს, რაც, დამეთანხმები, მაინცდამაინც მიმზიდველი არ უნდა იყოს.

გელის ინექციები – ინექციის მეშვეობით კანქვეშ შეჰყავთ ბუნებრივი ან ხელოვნური გელი, რომლის საშუალებითაც კანი ქვემოდან ამოივსება და ნაოჭებიც სწორდება. ბუნებრივ გელს ხელოვნურ ანალოგებთან შედარებით ხანმოკლე ეფექტი აქვს. ის სახეს 6-14 თვით აახალგაზრდავებს. ხელოვნურ გელებს (მაგალითად, სილიკონს, რომლის გამოყენება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალეს კიდეც) გაცილებით ხანგრძლივი, დაახლოებით ხუთწლიანი, მოქმედება ხასიათებს. ხდება ისეც, რომ გელით “ამოვსებული” სახე მთელი სიცოცხლე ინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ხელოვნური გელები ორგანიზმისთვის დიდად სასარგებლო არ უნდა იყოს. ამას ზოგჯერ თავად ორგანიზმი ხვდება და ისევე, როგორც ყველა უცხო სხეულზე, მასზეც თავისებურად რეაგირებს: ვითარდება ანთებითი, ჩირქოვანი პროცესები.

გარდასახვა კრემით
ამბობენ, რომ არსებობს კრემები, რომელთა ერთი წვეთიც საკმარისია კანის გასაახალგაზრდავებლად. სინამდვილეში კრემები და საცხები მხოლოდ და მხოლოდ ახალი ნაოჭების წარმოქმნას უშლიან ხელს, უკვე არსებულის გაქრობაზე კი ბოდიში! 
ნაოჭების საწინააღმდეგო იდეალურ კრემს მრავალმხრივი მოქმედება უნდა ჰქონდეს. სახელდობრ, უნდა შეეძლოს:

  • დატენიანება. იდეალური კანი 60% ტენს უნდა შეიცავდეს. ტენის შენარჩუნებაში გვეხმარება ამინომჟავები, ალფა-ჰიდროქსილატები, ჰიალურინის მჟავა, ფოსფოლიპიდები და გლიცინი.
  • რქოვანი შრის გამაგრება. ზედაპირული შრე, რომელიც ძირითადად კერატინის შემცველი უჯრედებისგან შედგება, ჯავშნის ფუნქციას ასრულებს და კანის შიდა ფენებს დაზიანებისგან იცავს. “ჯავშნისთვის” სასარგებლოა კერატინოიდები, დამატენიანებლები  და ზეთოვანი ნივთიერებები.
  • ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა. ნაოჭების 80%-ს სწორედ UV გამოსხივებას უნდა ვუმადლოდეთ. ამიტომ დღის კრემი უთუოდ უნდა შეიცავდეს მზისგან დამცავ ფაქტორს (სასურველია მაჩვენებლით “15”).
  • კანის ღრმა შრეების დახმარება. სასურველია, კრემი კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების წარმოქმნას უწყობდეს ხელს – ისინი ხომ კანის მთავარი საშენი მასალაა. ამგვარი ეფექტი ახასიათებს ჰიალურინის მჟავას, ამინომჟავებსა და რეტინოლს, ოღონდ გაითვალისწინე: ეს ნივთიერებები რა ჭარბადაც უნდა იყოს კრემში, თუკი ეს უკანასკნელი არ შეიცავს სპეციალურ გადამტან კომპონენტებს, სამკურნალო ნივთიერება კანის ღრმა შრეებამდე ვერ შეაღწევს. ამგვარი გადამტანებია ლიპოსომები, ნანოსომები და გლიკოვექტორები. ისინი წარმოადგენს მიკროკაფსულებს, რომლებიც ამოვსებულია  ჰიალურინის მჟავით, ამინომჟავებითა და რეტინოლით, იოლად აღწევს კანის ღრმა შრეებამდე და anti-age (სიბერის საწინააღმდეგო) ეფექტს ავლენს.
  • თავისუფალი რადიკალების განადგურება. თავისუფალი რადიკალები ნებისმიერი უჯრედის დაზიანებას და გადაგვარებას უწყობს ხელს. მათ აქტიურად ებრძვის კრემის ე.წ. ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე ინგრედიენტები: A, C, E ვიტამინები და კოენზიმი Q10.

ასე რომ, თუკი ეიჯინგის დაუნდობელ პროცესთან ბრძოლა გადაგიწყვეტია და ამას კრემების საშუალებით აპირებ, პირველ რიგში მისი მეშვეობით დაინტერესდი. თუკი ამ წერილს კიდევ ერთხელ გულდასმით გადაავლებ თვალს, ტერმინების ცოდნით ნებისმიერ კოსმეტოლოგს და პარფიუმერული მაღაზიის თანამშრომელს გააოცებ.

გააზიარე: