პნევმოკონიოზი – ფილტვების პროფესიული დაავადება
გააზიარე:
პნევმოკონიოზი, ფილტვების პროფესიული დაავადება, უმეტესად მაღაროელებს, მშენებლებს და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც სამუშაოს შესრულების პროცესში სპეციფიკური ტიპის მტვრის ჩასუნთქვა უწევთ. წლების განმავლობაში მტვერი ფილტვებში გროვდება, რაც ართულებს მათში ჰაერის ჩასვლას.
პნევმოკონიოზის ფორმა იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის მტვერს ჩაისუნთქავს ადამიანი. მაგალითად, ცნობილია ქვანახშირის მტვრის ჩასუნთქვით გამოწვეული პნევმოკონიოზი, რომელსაც შავ ფილტვებსაც უწოდებენ, აზბესტოზი (აზბესტის ბოჭკოების ჩასუნთქვის შედეგი), სილიკოზი (კვარცის მტვრის ჩასუნთქვის შედეგი), დიაცეტილის მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზი, იგივე პოპკორნის ფილტვები (დიაცეტილი პოპკორნის დამზადებისას სპეციფიკური გემოს მისაცემად გამოიყენება). პნევმოკონიოზის გამოწვევა ასევე შეუძლია ალუმინის, სტიბიუმის, ბარიუმის, ნახშირბადის, კაოლინის, რკინის, ტალკის მტვერს. არსებობს შერეული მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზიც.
პნევმოკონიოზების გვერდით იხსენიებენ ბისინოზსაც, რომელიც ბამბის მტვრის ჩასუნთქვით არის გამოწვეული, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარების მექანიზმი პნევმოკონიოზის სხვა ფორმებისგან რამდენადმე განსხვავდება.
რით ხასიათდება
პნევმოკონიოზით დაავადებულები ხშირად უჩივიან გახანგრძლივებულ ხველას, რომელიც თანდათან იმატებს და დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფით მიმდინარეობს, სუნთქვის უკმარისობას, ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობის დაქვეითებას. არ არის გამორიცხული, პნევმოკონიოზი უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს და ცვლილებები მხოლოდ რენტგენოგრაფიული გამოკვლევისას გამოვლინდეს.
პნევმოკონიოზის ტიპის მიხედვით, ჩამოთვლილ სიმპტომებს შესაძლოა სხვებიც დაერთოს. მაგალითად, დიდი რაოდენობით აზბესტის მტვრის ჩასუნთქვამ შესაძლოა ფილტვებსა და გულმკერდის კედელს შორის არსებულ პლევრის ღრუში სითხის დაგროვება გამოიწვიოს. აზბესტოზის კიდევ ერთი ტიპური ნიშანია თითების დეფორმაცია – დოლის ჯოხისმაგვარი ფორმა.
ქვანახშირის მაღაროებში მომუშავეებს ზოგჯერ აქვთ შავი ფერის ნახველი.
პნევმოკონიოზის დროს სუნთქვა გახშირებულია, ჩასუნთქვა – ხმაურიანი, ფილტვების მოსმენისას ისმის პათოლოგიური ხმიანობა.
რა იწვევს
პნევმოკონიოზის განვითარებას საკმაო ხანი სჭირდება. ადამიანმა წლები უნდა გაატაროს ისეთ გარემოში, სადაც შეიძლება ჩაისუნთქოს წიაღისეულის: კვარცის, აზბესტის, ნახშირის, – მტვერი. პნევმოკონიოზის განვითარება ემუქრებათ ასევე ქსოვილთა მრეწველობაში, მშენებლობაში, სამსხმელო საამქროში, მეთუნეობაში, კერამიკასა და შუშის წარმოებაში დასაქმებულებს. რაც უფრო დიდია გამოცდილება, მაშასადამე, რაც უფრო ხანგრძლივია მავნე ნაერთებთან კონტაქტი, მით უფრო დიდია პნევმოკონიოზის განვითარების რისკი, თუმცა სილიკოზის სწრაფად პროგრესირებადი ფორმები შეიძლება განვითარდეს კვარცის მტვერთან ინტენსიური კონტაქტის დაწყებიდან მოკლე ხანშიც.
ფილტვებში მტვრის ნაწილაკების დაგროვებისას პროცესში ერთვება იმუნური სისტემა. ის მტვრის ნაწილაკებს უცხოდ აღიქვამს და მათ განადგურებას ცდილობს. ამ დროს ხშირად ვითარდება ანთებითი პროცესი, შედეგად კი ფილტვის ქსოვილი ნაწიბურდება.
ვინაიდან ნაწიბუროვანი ქსოვილი ნაკლებად ელასტიკურია, ვიდრე ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ხელი ეშლება სუნთქვის პროცესს.
როგორ სვამენ დიაგნოზს
პნევმოკონიოზის დიაგნოზი ემყარება რადიოლოგიურ გამოკვლევას. ტრადიციულად, ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია. უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ციფრულ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს – კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახვას.
გამოსახულებაზე ჩანს ფილტვის ქსოვილის დანაწიბურება ან მკვრივი კვანძები.
დიაგნოსტიკის სხვა საშუალებებია ფილტვების ფუნქციის შეფასება სპირომეტრიით, სატურაციის (სისხლის ჟანგბადით გაჯერების) შეფასება. დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ბრონქოსკოპია, რათა დათვალიერდეს სასუნთქი გზები და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს ბიოფსიაც – ფილტვის ქსოვილის მცირე ნიმუშის აღება უჯრედულ დონეზე შესწავლის მიზნით.
მკურნალობა
მკურნალობის მეთოდების უმეტესობა ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა, თუმცა ისეთი მკურნალობა, რომელიც ფილტვებიდან წიაღისეულის მტვერს მოაცილებდა, არ არსებობს. ზოგჯერ საჭიროა, ავადმყოფი გაეცალოს იმ სამუშაო გარემოს, სადაც დაავადდა.
მდგომარეობის მართვისთვის გამოიყენება ბრონქოდილატატორები ან კორტიკოსტეროიდების საინჰალაციო ფორმა. ბრონქოდილატატორები აფართოებს სასუნთქ გზებს, ხოლო კორტიკოსტეროიდები აჩერებს მათში მიმდინარე ანთებით პროცესს. თუ სისხლში ჟანგბადის დონე დაბალია, მიმართავენ ჟანგბადით დამხმარე თერაპიასაც. თერაპიის რეჟიმი ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება: ზოგს მხოლოდ ვარჯიშის დროს უნიშნავენ ჟანგბადს, ზოგს - მხოლოდ ღამით, ზოგისთვის ჟანგბადის მიწოდება უფრო ხანგრძლივად არის საჭირო – დღე-ღამეში, სულ მცირე, 15 საათის განმავლობაში. ჟანგბადი ნიღბით ან წვრილი მილებით მიეწოდება.
ვინაიდან პნევმოკონიოზი ფილტვების ქრონიკული დაავადებაა, მკურნალობის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით შესაძლებელია ვითარების კონტროლი და ფილტვების შემდგომი დაზიანების თავიდან აცილება.
პნევმოკონიოზი შესაძლოა გართულდეს ფილტვის კიბოთი ან მასიური პროგრესირებადი ფიბროზით, რაც ფილტვის დანაწიბურების მძიმე ფორმაა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
პრევენცია
პნევმოკონიოზისგან თავის დაცვის საუკეთესო გზაა აირწინაღის ტარება. მტვრის ნაწილაკების შემთხვევითი ჩასუნთქვის თავიდან ასარიდებლად საწარმოო მტვრით დაბინძურებული გარემოდან გამოსვლის შემდეგ საჭიროა სახისა და ხელების კარგად დაბანა და იმ ტანსაცმლის კარგად გასუფთავება, რომელიც მუშაობისას გეცვათ. ყველამ, ვისაც სამსახურის გამო პნევმოკონიოზის რისკი ემუქრება, რეგულარულად უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება და ჩაიტაროს რენტგენოგრაფიული კვლევა ფილტვების მდგომარეობის შესაფასებლად.
რეკომენდებულია მოწევისთვის თავის დანებებაც, ვინაიდან მოწევა ხელს უწყობს ფილტვებში მავნე ნაერთების დაყოვნებას და დაავადების სწრაფ პროგრესირებას.
არამწეველები უნდა ერიდონ სიგარეტის კვამლით გაჯერებულ გარემოში ყოფნას, რათა სიგარეტის კვამლმა უფრო მეტად არ დააზიანოს სასუნთქი გზები და ფილტვების სასუნთქი ფუნქცია არ შეამციროს. ფილტვების ინფექციისგან თავის დასაზღვევად კი მოწოდებულია გრიპისა და პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
მარიამ რამაზაშვილი