სიბერესთან ასოცირებული ცვლილებები

გააზიარე:

განსაზღვრული ასაკიდან ორგანოთა უმრავლესობის ფუნქცია დასუსტებას იწყებს. თავდაპირველად ორგანიზმი უმკლავდება დეფიციტს, მაგრამ არსებობს ზღურბლი, რომლის გადალახვის შემდეგ პროცესი ორგანოს დისფუნქციით გამოვლინდება. სწორედ ამის შედეგია ასაკობრივი ცვლილებები.

როდის იწყება სიბერე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს შემდეგ ასაკობრივ საზღვრებს:

* 60-დან 74 წლის ჩათვლით – ხანში შესული

* 75 წლიდან – მოხუცი

* 90 წლიდან – დღეგრძელი

სიბერის ცნება ფარდობითია. ადამიანის ბიოლოგიური საათი შეიძლება აჩქარდეს ან, პირიქით, შენელდეს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ერთი და იმავე ასაკის ადამიანებიდან ერთი ახალგაზრდულად გამოიყურება, შენარჩუნებული აქვს შრომის უნარი, სიცოცხლის ხალისი, ხოლო მეორე დაუძლურებულია და ფსიქიკის ძლიერი დარღვევები აღენიშნება. ბიოლოგიური საათის არათანაბარი მუშაობის ასახსნელად უამრავი ჰიპოთეზა გამოითქვა. მეცნიერები დაბერების პროცესის ქრონოლოგიურ, ბიოლოგიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს განიხილავენ.

სიბერესთან ასოცირებული მოვლენები უნდა განვასხვაოთ პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომებისგან. ამა თუ იმ დაავადების ნიშნებს ზოგჯერ ასაკს მივაწერთ, არ მივდივართ ექიმთან, არ ვეძებთ მიზეზებს და სამკურნალო საშუალებებს, ეს კი შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როცა ადამიანი ხანდაზმულ ასაკს აღწევს, მას უკვე აქვს არაერთი დაავადება (უმეტესად – ქრონიკული), რომლებიც თანდათანობით პროგრესირებს. მაშასადამე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაავადების პრევენციას და ადრეულ ეტაპზე მკურნალობას.

რას ველოდეთ

ასაკთან ერთად იცვლება ადამიანის ანთროპომეტრული და ფუნქციური მონაცემები. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება სიმაღლე, გულმკერდის ღრუს მოცულობა, მხრების დიამეტრი, სხეულის მასა, კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის სისქე. ასაკოვნებთან სიმაღლის კლება, უპირველეს ყოვლისა, აიხსნება ხერხემლის გამრუდების გამო მალების კომპრესიით და მალათაშუა დისკოებს შორის სივრცის დავიწროებით, რის გამოც 60 წლიდან სიმაღლე ყოველ 5 წელიწადში 0.5-1 სმ-ით მცირდება.

ორგანიზმში ცხიმის გადანაწილების ცვლილება კანქვეშა ცხიმის კლებას და შინაგანი ცხიმის მატებას უკავშირდება. ლოყებიდან ცხიმოვანი მასები სახის ქვედა ნაწილისკენ გადაინაცვლებს. ცხიმოვანი ქსოვილი უმეტესად მკერდისა და მუცლის არეებში გროვდება. იცვლება სარძევე ჯირკვლების სიმკვრივეც. 50 წლიდან იწყება კუნთოვანი ქსოვილის რაოდენობის შემცირება, რაც ძალ-ღონის კლებას იწვევს.

კანი

ნელ-ნელა, საფეხურებრივად იცვლება კანის სტრუქტურა. 20-25 წლიდან ნელდება მასში სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა, კანის უჯრედები საკმარის ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს ვეღარ იღებს. შესაბამისად, აღარც უჯრედთა განახლების პროცესია ისეთი ინტენსიური, როგორიც მანამდე. სიცოცხლის მესამე ათწლეულიდან თვალსაჩინო ხდება ასაკობრივი ცვლილებები. ცხიმოვანი ჯირკვლები ნაკლებ ცხიმს გამოყოფს და კანიდან ტენი ადვილად ორთქლდება. შედეგად კანი შრება, თვალებთან და ცხვირ-ტუჩს შორის ნაოჭდება. უჯრედთა განახლების პროცესი უფრო მეტად ნელდება: 20-25 წლამდე თუ უჯრედები ყოველ 28 დღეში ახლდებოდა, 30 წლიდან განახლება 40 დღეში ერთხელ ხდება. ნივთიერებათა ცვლაც სუსტდება. 35 წლიდან მცირდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, რაც კანის გამოშრობას იწვევს. კანი თხელდება და ეშვება. ნაოჭები მრავლდება. 40-45 წლიდან იწყება კანის ასაკობრივი გადაგვარება (დისტროფია). კოლაგენის ბოჭკოები სქელდება და უხეშდება, შემაერთებელ ქსოვილს ერწყმის ან იშლება, რაც კანის მოდუნებას განაპირობებს. კანის უჯრედებს საკმარისი სისხლი ვეღარ მიეწოდება, კანი სათანადოდ ვეღარ იკვებება და უფრო მეტად თხელდება, ფერმკრთალდება. ნაოჭები ღრმავდება, გრძელდება. კანზე პიგმენტური ლაქები ჩნდება. ცხიმის გამომუშავება უფრო მეტად მცირდება და კანი უფრო მეტად შრება კლიმაქსის პერიოდში, როცა ესტროგენების გამომუშავება იკლებს. 50-55 წლიდან ზემოთ აღწერილი ცვლილებები უფრო ინტენსიური ხდება. ჯირკვლები ძალიან ცოტა ცხიმს გამოყოფს, ტენის მარაგი კანში თითქმის აღარ არის. ჰიალურონის მჟავას სინთეზი და უჯრედების განახლება უფრო და უფრო ნელდება. ამის გამო კანი კიდევ უფრო თხელდება, შრება, მისი კონტურები ეშვება. უფუნქციო კაპილარების რაოდენობაც იმატებს. მათი არსებობა შესამჩნევი ხდება ცხვირსა და ლოყებზე. თვალში საცემია ასაკობრივი ლაქები, ღრმა ნაოჭები, გაუხეშებული ადგილები, რომლებიც იქერცლება.

ძვლები

ასაკი თითქმის ყველა ორგანოს აჩნევს კვალს, მაგრამ ყველაზე მეტად ხერხემალს აზიანებს. ხერხემლის დისტროფიულ ცვლილებებს მედიცინაში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. ჩვენში ყველაზე გავრცელებული ტერმინია ოსტეოქონდროზი. ხერხემლის ოსტეოქონდროზი ხანდაზმულ ასაკში ზურგის, კისრისა და წელის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ცნობილია, რომ ის მესამე ადგილს იკავებს საშუალო და ხანდაზმულ ასაკში შრომის უნარის დაქვეითების გამომწვევი ფაქტორების ჩამონათვალში. ადამიანის ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ძვლის ქსოვილის დაშლისა და წარმოქმნის პროცესი. როცა ადამიანი ასაკში შედის, ამ ორ პროცესს შორის ბალანსი ირღვევა, რის შედეგადაც ძვლებზე, უმეტესად – ხერხემლის მალებზე, მცირე ზომის წანაზარდები – ოსტეოფიტები ჩნდება. ოსტეოფიტი ძვლოვანი წარმონაქმნია, რომელიც იმ ადგილას ვითარდება, სადაც ძვლოვანი ქსოვილი, წესით, არ უნდა იყოს. ყველაზე ხშირად – იოგებისა და მყესების ძვალთან მიმაგრების ადგილას. უფრო სწორად, იოგები და მყესები ამ უბანში იკირება და ძვლოვან სტრუქტურებს წარმოქმნის. ისინი რბილ ქსოვილებსა და ნერვებს აწვებიან და ძლიერ ტკივილს იწვევენ. ხერხემალი დეფორმაციას განიცდის, მალათაშუა სივრცეები კი ვიწროვდება, რაც მალებს შორის გამომავალ ნერვებს არცთუ სახარბიელო პირობებს უქმნის. ოსტეოქონდროზის ერთ-ერთი გამოხატულებაა მალათაშუა დისკოს დაზიანება, გაგლეჯა ან ჩვეული ადგილიდან გამოვარდნა. გამოვარდნილი დისკო აწვება ნერვებს და ტკივილსა და სხვა ჩივილებს იწვევს.

ნორმა თუ პათოლოგია?

ძვალი, როგორც უკვე ვთქვით, ცოცხალი ქსოვილია, რომელიც რემოდელირებას განიცდის – მასში მიმდინარეობს როგორც წარმოქმნის, ისე რღვევის (რეზორბციის) პროცესები. 25 წლამდე წარმოქმნის პროცესი უფრო ინტენსიურია, 25-დან 35 წლამდე წარმოქმნასა და რეზორბციას შორის ბალანსია დაცული, ხოლო 35 წლიდან რეზორბციის პროცესი დომინირებს, რის შედეგადაც ძვალი თანდათან იშლება და იფიტება. ძვლის რეზორბცია პიკს 65-70 წლის ასაკში აღწევს, მეტადრე – ქალებთან, რომელთა დიდ ნაწილს მენოპაუზის შემდეგ განვითარებული ჰორმონული დისბალანსის გამო პირველადი ოსტეოპოროზი ემართება. ბევრს ჰგონია, რომ თუ ორმოცდაათ წელს გადააბიჯა და ოსტეოპოროზის დიაგნოზი დაუსვეს, ასეც უნდა იყოს. მართალია, ოსტეოპოროზი ხშირად ასოცირდება ასაკთან, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის ნორმალური დაბერების ნაწილია. ოსტეოპოროზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ისევე მოითხოვს მკურნალობას, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება. ოსტეოპოროზის დროს ძვლოვანი ქსოვილის მასა და სიმკვრივე მცირდება, ძვალი მყიფე და ადვილად მტვრევადი ხდება, იმატებს პათოლოგიური მოტეხილობის რისკი.

ძვლის დაშლისა და აღდგენის პროცესში ჰორმონები ასრულებენ მთავარ როლს, ამიტომ ოსტეოპოროზის მთავარი მიზეზიც სწორედ ჰორმონული დარღვევებია. მისი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა ქალთა დისჰორმონული ანუ პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი. მენოპაუზას თან ახლავს ძვლების კალციუმით გაღარიბება და თანდათანობითი გამოფიტვა.

ოსტეოპოროზის ამოცნობა საკმაოდ ძნელია, ვინაიდან შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ მასზე მიანიშნებს ძვლების უმიზეზო ტკივილი, განსაკუთრებით – წელის მიდამოში, 3 სმ-ზე მეტით დადაბლება, ტანდეგობის ცვლილება, კუზის განვითარება, ფრჩხილების სიმყიფე, კბილების დაზიანება, ნაადრევი გაჭაღარავება, მოტეხილობა უმნიშვნელო ტრავმის დროს.

თვალი

შუახნის ასაკში თვალის ბროლის დრეკადობა მცირდება. შედეგად იკლებს ახლომდებარე საგნებზე მზერის ფოკუსირების უნარიც. ამ მდგომარეობას პრესბიოპია ეწოდება. პრობლემის მოგვარება საკითხავი სათვალის ან ბიფოკალური ლინზების მეშვეობით არის შესაძლებელი. ცვლილებებს განიცდის ხანში შესული ადამიანის სკლერაც (თვალის თეთრი გარსი) – გარემო პირობების (მტვერი, ულტრაიისფერი სხივები) მრავალწლიანი ზემოქმედების გამო ის მოყვითალო ან მოყავისფრო შეფერილობას იღებს, უჩნდება პიგმენტური (უფრო ხშირია მუქკანიან ადამიანებში) ან მოცისფრო ლაქები, რაც სკლერის გამჭვირვალობის მატების შედეგია. კონიუნქტივის ლორწოს გამომყოფი უჯრედების რაოდენობა ასაკთან ერთად მცირდება. იკლებს ცრემლის წარმოქმნაც, მაშასადამე, თვალის ზედაპირის სინოტივის შესანარჩუნებლად ნაკლები სითხე გამოიყოფა. ამით აიხსნება, რატომ აწუხებთ ხანში შესულებს თვალების სიმშრალე უფრო ხშირად. ზოგჯერ ასაკოვანი ადამიანის რქოვანას კიდესთან მოთეთრო-მონაცრისფრო სენილური რკალი (კალციუმისა და ქოლესტეროლის მარილების ნალექი) შეიმჩნევა, თუმცა მხედველობას ის ხელს არ უშლის. სხვა კუნთების მსგავსად, ხანდაზმულ ასაკში ქუთუთოების დამხურავი კუნთების ძალაც მცირდება, რაც, მიზიდულობის ძალის ზემოქმედებასა და ქუთუთოების ასაკობრივ მოდუნებასთან ერთად, ზოგჯერ ქვედა ქუთუთოს კიდის გადმობრუნებას იწვევს. ამ მდგომარეობას ექტროპიონი ეწოდება. ზოგიერთ ხანში შესულს თვალბუდის გარშემო არსებული ცხიმოვანი ქსოვილის განლევა აღენიშნება, რის გამოც თვალის კაკალი ღრმად იძირება. ქუთუთოების მოდუნების გამო თვალბუდის ცხიმმა შესაძლოა წინ წამოიწიოს, რის გამოც თვალებს მუდმივად შეშუპებული შესახედაობა აქვს.

ასაკის მატებას მხედველობის სისტემის სხვა ცვლილებებიც ახასიათებს. მხედველობის სიმახვილე საუკეთესო სათვალის გამოყენების შემთხვევაშიც კი დაბალია. ბადურაზე ნაკლები სინათლე ხვდება, რის გამოც უკეთ დასანახად კარგი განათება და საგნებსა და ფონს შორის მეტი კონტრასტია საჭირო. იმატებს მხედველობის ველში მცურავი შავი წერტილების რაოდენობა, თუმცა ეს მხედველობაზე დიდ გავლენას, წესისამებრ, არ ახდენს.

მარი მარღანია

გააზიარე: