რატომ ტირის პატარა

გააზიარე:

ამქვეყნად მოვლინებისთანავე პატარა ტირილით გვამცნობს, რომ მზად არის დედის სხეულისგან დამოუკიდებლად არსებობისთვის. პირველი ტირილი ნიშანია იმისა, რომ ბავშვის ფილტვები ფუნქციობს და მწყობრშია, ამიტომ ის მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს, მაგრამ ყოველდღე ჩვილის ტირილის მოსმენა დიდი გამოცდაა.

სანამ ბავშვი სხვა გზითაც ისწავლის თქვენთან კომუნიკაციას, თვითონვე გაერკვევით, როდის რისი მაუწყებელია ტირილი, მანამდე კი განვიხილოთ, რატომ ტირიან პატარები და როგორ შეიძლება მათი დამშვიდება.

არაფერია გადაღლილი მშობლისთვის უფრო გამაღიზიანებელი, ვიდრე ჩვილის ტირილით შეწუხებული უცხო ადამიანის კითხვა, რატომ ტირის ბავშვი. ბავშვი ტირის, რადგან ეს არის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის მისთვის ნაცნობი და ხელმისაწვდომი ერთადერთი საშუალება. სხვაგვარად ვერ იტყვის, რომ რაღაც აწუხებს, სცივა, სცხელა, შიან ან უბრალოდ დედასთან ჩახუტება უნდა. როდესაც ალღოს აუღებთ მის მოთხოვნებს და მიხვდებით, როდის რატომ ტირის თქვენი პატარა, უფრო ადვილად შეძლებთ მის დამშვიდებას. შესაბამისად, თქვენც ნაკლებს ინერვიულებთ. მშვიდი ბავშვი და მშვიდი მშობელი კი ჰარმონიული ურთიერთობის საწინდარია.

ტირილის ტიპები

შეიძლება გამოვყოთ ჩვილის ტირილის რამდენიმე ძირითადი ტიპი: შიმშილის, გაღიზიანების, გადაღლილობის, ტკივილის, აღგზნების.

როგორც უფროსები ვსაუბრობთ სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ემოციის გამოსახატავად სხვადასხვა ინტონაციით, ასევე არიან პატარებიც. მათი ტირილის მიხედვით სავსებით შესაძლებელია იმის გარჩევა, შიათ, სტკივათ თუ უბრალოდ თქვენთან ახლოს ყოფნა სურთ.

პატარას შია

მშიერი ბავშვი თავდაპირველად ხმადაბლა წუწუნებს, მერე ხმას ნელ-ნელა უმატებს. თუ მისი მოთხოვნა არც ამჯერად დაკმაყოფილდა და ბავშვი მიხვდა, რომ მისი არ გესმით და მის დაპურებას არ აპირებთ, ხმამაღლა ატირდება. თუ სიახლოვეს საკვები დაინახა, მისკენ გაიწევს და თუ არც ამჯერად დააპურეთ, ტირილს მოუმატებს. თუ ჯერ ძუძუს წოვს, შესაძლოა, თავი თქვენს მკერდში ჩარგოს ან ტუჩები მოგადოთ სხეულის იმ ადგილზე, რომელსაც პირს მიაწვდენს, და წოვის იმიტაციას მოჰყვეს.

ტირილს ბავშვი მაშინ შეწყვეტს, როდესაც საკვებს შესთავაზებთ. ამგვარად მიხვდებით, რომ სწორედ შიმშილი იყო მისი ტირილის მიზეზი. სხვა მიზეზი რომ ჰქონოდა, საჭმელზე უარს იტყოდა და ტირილსაც განაგრძობდა.

პატარა ბრაზობს

უეცრად დაწყებული ხმამაღალი, გულამოსკვნილი ტირილი უმეტესად იმის მანიშნებელია, რომ პატარა გაბრაზებული, ნაწყენი ან შეშინებულია. ამ შემთხვევაში ჯერ საფენი შეუმოწმეთ – შესაძლოა, გამოსაცვლელი ჰქონდეს და ამიტომ ტიროდეს. თუ საფენი სუფთაა, მაშინ შესაძლოა, ხმამაღალი მუსიკა, ხალხმრავლობა ან უცხო ადამიანის სიახლოვე აშინებდეს. თუ შინ უცხო არავინაა და არც ხმაურია, დააკვირდით, იქნებ ბავშვს რომელიმე სათამაშოს აღება სურს და ვერ სწვდება, ადგომა უნდა და ხელის მოსაკიდებელი არ აქვს. შესაძლოა, უბრალოდ მოსწყინდა ან თავს მარტოსულად გრძნობს. გაართეთ მისი საყვარელი თამაშებით, იხოხეთ მასთან ერთად. თუ ტირილი შეწყვიტა, ესე იგი მიზეზი სწორედ ეს იყო.

პატარა აღგზნებული ან გადაღლილია

მუდმივი ხმაური, ხმამაღალი საუბარი, ხმამაღალი მუსიკა, გამუდმებით ჩართული ტელევიზორი არათუ ჩვილს, დიდ ადამიანსაც ღლის. გაბმული, შეწუხებული ტირილი ხშირად სწორედ იმის მანიშნებელია, რომ პატარა გადაიღალა ან ზედმეტად გადაიტვირთა და აღგზნებულია, უჭირს დამშვიდება, ვერ იძინებს.

უპირველეს ყოვლისა, აღკვეთეთ ხმაური, რომელიც ბავშვის გაღიზიანებას იწვევს. ტელევიზორის ხმა იქნება ეს თუ სახლში მყოფი ადამაინების ხმამაღალი დიალოგი.

შეამოწმეთ, მეტისმეტად ხომ არ გადაუცდა პატარას ძილი. ასეთ შემთხვევაში ჩვილებს უჭირთ ჩაძინება და გაღიზიანებულები ტირიან. ხშირად, როდესაც ეძინება, ბავშვი ხელს იკიდებს თმაზე, თითქოს გაღიზიანებული იგლეჯსო, და თავს აქეთ-იქით აქნევს.

როდესაც ხმაურის წყაროს მოაშორებთ, მოეფერეთ პატარას, ხმადაბლა უმღერეთ, დაათვალიერებინეთ საყვარელი წიგნი და ასე, ნელ-ნელა სცადეთ მისი დამშვიდება და დაძინება.

პატარას რაღაც სტკივა

ტკივილის ტირილი ყველაზე ხმამაღალი, ინტენსიური და ხანგრძლივია. თუ ბავშვმა ხოხვისას კედელს თავი მიარტყა ან დგომისას ხელი გაეშვა და ძირს დაეცა, ერთბაშად, ხმამაღლა და მკაფიოდ ატირდება, მაგრამ როგორც კი ტკივილი გაუვლის ან ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანს, ტირილს მაშინვე შეწყვეტს.

კბილების ამოსვლისას და მუცლის შებერილობისას ტირილი უფრო ხანგრძლივი და მონოტონურია. როდესაც ტკივილი იმატებს, ბავშვიც უწევს ხმას.

აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ და შეუძლია, თქვენი იმედი ჰქონდეს. ჩაეხუტეთ, დაამშვიდეთ, თუ კბილები ამოსდის – მიეცით ღრძილების ცივი მასაჟორი, თუ შებერილობა აწუხებს – გაუთბეთ და ნაზად დაუზილეთ მუცელი. ტკივილი გაივლის და პატარაც ნელ-ნელა დამშვიდდება.

კოფი-ბრეიკი გადაღლილი დედისთვის

თუ ბავშვი ხშირად არის გაღიზიანებული და ბევრს ტირის, ითხოვეთ დახმარება. მოძებნეთ ადამიანი, რომელსაც ბავშვს მიაბარებთ და თუნდაც რამდენიმე წუთს გაატარებთ სიმშვიდეში. ეს აუცილებელია, რადგან მშობლის გაღიზიანება გავლენას ახდენს ბავშვზე, მის ხასიათზე. დამშვიდდით, ძალა მოიკრიბეთ და ისე დაბრუნდით თქვენი პატარას დასამშვიდებლად.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: