ფერადი ბიოლოგიური სითხეები

გააზიარე:

ყველამ იცის, რომ ზრდასრული ადამიანის სხეულის საერთო მასის 60-65%-ს წყალი შეადგენს. საინტერესოა, მსოფლიოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი შეძლებს ორგანიზმის შემადგენელი სხვა სითხეების დასახელებას?

სხეულში განუწყვეტლივ წარმოიქმნება და ცირკულირებს უამრავი ბიოლოგიური სუბსტრატი. ზოგიერთი მათგანი თვალისთვის უხილავია, ზოგთან კი უფრო ხშირი კონტაქტი გვიწევს, ამიტომ ძალაუნებურად ვაქცევთ ყურადღებას.

ნაღველი

ეს მოყვითალო-მომწვანო პიგმენტური სითხე ღვიძლში წარმოიქმნება და სანაღვლე გზებით წვრილ ნაწლავამდე მიედინება, სადაც საჭმლის მონელებაში მონაწილეობს. კუჭ-ნაწლავის სისტემის სრულფასოვანი ფუნქციობა ნაღვლის გარეშე წარმოუდგენელია.

სეკრეტი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალი გამოიმუშავებს, იმავდროულად ექსკრეტიცაა – ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამოყოფილი დაშლის პროდუქტი.

ნაღვლის გამომუშავება, ქოლერეზი, განუწყვეტლივ მიმდინარეობს, ხოლო ქოლეკინეზი, თორმეტგოჯა ნაწლავში მისი გადადენა, ხდება პერიოდულად, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების მოხვედრის შესაბამისად. როცა კუჭი ცარიელია, ღვიძლიდან ნაღველი მსხლის ფორმის ღრუ ორგანოში, ნაღვლის ბუშტში, გადადის, სადაც საჭირო დრომდე რჩება, ხოლო კუჭში საკვების მოხვედრისას მისი გამოყოფა იწყება.

ნაღველი წყლის, ქოლესტეროლის, ლიპიდების (ცხიმების), ნაღვლის მჟავას მარილებისა და პიგმენტ ბილირუბინისგან შედგება. დღე-ღამეში გამომუშავებული ნაღვლის რაოდენობა ― 500-1000 მლ ― მიღებულ საკვებსა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ნაღვლის მჟავების გადამუშავება ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს და ეს პროცესი ენტეროჰეპატური (ნაწლავებისა და ღვიძლის) ცირკულაციით ხორციელდება: საკვების წვრილ ნაწლავში გადასვლის შედეგად რეცეპტორები ღიზიანდება, რაც ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას და ოდის სფინქტერის სახელით ცნობილი სადინარის გახსნას იწვევს; ამ სადინარით ნაღველი ნაღვლის ბუშტიდან თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიედინება; თორმეტგოჯა ნაწლავიდან საკვები თეძოს ნაწლავში (წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში) ხვდება, სადაც საკვებთან ერთად ნაღველიც შეიწოვება და სისხლში გადადის. სისხლის საშუალებით ის კვლავ ღვიძლში ხვდება და ნაღვლის ახალი ულუფის შექმნაში მონაწილეობს.

ზოგიერთი პათოლოგიის (მაგალითად, წვრილი ნაწლავების ანთების) დროს ნაღვლის უკუშეწოვა დარღვეულია და ორგანიზმში მისი დეფიციტი წარმოიშობა. შესაბამისად, ნაღვლის შემადგენელ კომპონენტებს, ქოლესტეროლსა და ნაღვლის მჟავებს, შორის წონასწორობა ირღვევა და კენჭების წარმოქმნისთვის ხელის შემწყობი პირობები იქმნება.

რაიმე მიზეზით ჩატარებული ქოლეცისტექტომიის ― ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ― შემდეგ ღვიძლი ჩვეულებრივ განაგრძობს ნაღვლის გამომუშავებას, მაგრამ სითხე ბუშტში აღარ გროვდება და თორმეტგოჯა ნაწლავში მუდმივად ჩაედინება, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ საკვების მიღების შემდეგ მოხვდეს იქ, ეს კი დისკომფორტს იწვევს. მიუხედავად ამისა, დიეტისა და სამკურნალო საშუალებების წყალობით ნაოპერაციები პაციენტები ექვსი თვის შემდეგ განსხვავებას, პრაქტიკულად, ვეღარც კი გრძნობენ.

სისხლი

სამედიცინო განმარტების თანახმად, სისხლი შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც სისხლძარღვთა დახურულ სისტემაში განუწყვეტლივ მოძრაობს და პლაზმაში შეწონილი ფორმიანი ელემენტებისგან შედგება. ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანის სისხლის საერთო მოცულობიდან (დაახლოებით 5 ლიტრი) მოცირკულირე სისხლის მოცულობა 3,5-4 ლიტრია. დანარჩენი სისხლის დეპოებში, მაგალითად, ღვიძლსა და ელენთაშია დაგროვილი. სისხლის საერთო მოცულობა სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის – ასაკზე, სქესსა და წონაზეა დამოკიდებული. გულის ყოველი შეკუმშვის შედეგად სისხლი დაახლოებით 75 ტრილიონ უჯრედამდე აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლი ადამიანის სხეულში მოცირკულირე ყველაზე მნიშვნელოვანი სითხეა, ურომლისოდაც სიცოცხლე შეუძლებელია, ორგანიზმში ავასკულარულ (სისხლძარღვების არმქონე) უბნებსაც ვხვდებით. ასეთია, მაგალითად თვალის რქოვანა გარსი, რომლის გამჭვირვალობა მხედველობით ფუნქციას უზრუნველყოფს. საჭირო ნივთიერებებით მისი მომარაგება პერიკორნეარული სისხლძარღვთა ქსელისა და თვალის წინა საკნის ნამის  საშუალებით ხორციელდება.

სისხლძარღვები არც ეპიდერმისს ― კანის ზედაპირულ შრეს, ფრჩხილებსა და თმას გააჩნია. ამ სტრუქტურებს ახლომდებარე სისხლძარღვები კვებავენ.

ალბათ, ხშირად გაგიგონიათ, რომ ჟანგბადით მდიდარი სისხლი წითელია, ღარიბი კი — ლურჯი. ეს სიმართლე არ არის. ადამიანის სისხლი ყოველთვის წითელია. ჰემოგლობინის (ერითროციტებში არსებული ჟანგბადის გადამტანი ცილა) ყოველი მოლეკულა რკინის ოთხ ატომს შეიცავს, რომლებიც წითელ სინათლეს ირეკლავენ. ეს სისხლს წითელ ფერს აძლევს, ტონალობა კი სისხლში ჟანგბადის დონის მიხედვით იცვლება. არტერიებისა და ქსოვილებისკენ მიმავალი ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ბაცი წითელია, ხოლო ქსოვილებიდან გულისკენ დაბრუნებული, ჟანგბადით გაღარიბებული სისხლი, რომელიც ვენებში მიედინება ― გაცილებით მუქი. ანალიზისთვის სისხლის აღების დროს ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ნემსს ლურჯ-მწვანე ვენაში არჭობენ, მაგრამ იქიდან მუქი შინდისფერი, ჟანგბადიღ ღარიბი სისხლი მოედინება. ამრიგად, სისხლი სხვადასხვა ტონალობის წითელ ფერს იღებს, თუმცა ლურჯი ნამდვილად არასდროს არის!

ქოლერეზის მსგავსად, ჰემოპოეზიც (სისხლწარმოქმნა) მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე იწყება და სიცოცხლის ბოლომდე უწყვეტად მიმდინარეობს. ძვლის ტვინი სისხლმბადი სისტემის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ზრდასრული ორგანიზმის ქსოვილთაგან ის ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს უმწიფარ, არადიფერენცირებულ და ნაკლებად დიფერენცირებულ უჯრედებს, რომლებსაც ღეროვანი უჯრედები ეწოდება და რომლებიც აგებულებით ახლოს დგას ემბრიონულთან. ძვლის წითელი ტვინი ადამიანის სხეულის მასის 1,5%-ს შეადგენს. ის ადამიანის ბრტყელ ძვლებში (ნეკნებში, მკერდის ძვალში, მენჯისა და ქალას ძვლებში), ხერხემლის მალებსა და ლულისებრი ძვლების ეპიფიზებში (ბოლო ნაწილებში) მდებარეობს. არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს ამ ძვლებზე ჩატარებული ოპერაცია უარყოფით გავლენას ახდენდეს სისხლწარმოქმნის ფუნქციაზე. მაგალითად, მენჯ-ბარძაყის ტოტალური ენდოპროთეზირება, გარდა დაზიანებული ბარძაყის თავის მოშორებისა, ხელოვნური სახსრის კომპონენტის ჩასაყენებლად ბარძაყის ძვლის სპეციალურ "გასუფთავებასაც" მოითხოვს და ამ დროს სხვა ქსოვილებთან ერთად ძვლის ტვინის მოცილებაც ხდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძვლის ტვინს რეგენერაციის ძლიერი უნარი აქვს და ოპერაციის შემდგომ მისი აღდგენა გარდაუვალია. უფრო მეტიც, სწორედ ძვლის ტვინის დახმარებით მიმდინარეობს ოპერაციის შემდგომი ადგილობრივი რეგენერაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძვლის ტვინი სხვა ძვლების ღრუშიც გვხვდება და თავის ფუნქციას დაუღალავად ასრულებს.

რეპროდუქციული სითხეები

სპერმისა და ვაგინალური გამონადენის ფუნქციები რეპროდუქციულს სცდება და ადამიანის ზოგად ჯანმრთელობას მოიცავს.

მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა) გამოიმუშავებს და ინახავს განსაკუთრებულ მკვებავ სეკრეტს, რომელიც სპერმატოზოიდების ფუნქციობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. თხელი, რძისმაგვარი სითხე უხვად შეიცავს ფერმენტს – პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენს. ეს ფერმენტი თესლს ათხელებს. სეკრეტი ტუტე ხსნარია და მისი წყალობით სპერმატოზოიდები საშოს მჟავე გარემოში დიდხანს ინარჩუნებენ განაყოფიერების უნარს. პროსტატის მიერ გამომუშავებული სეკრეტი სპერმის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ეაკულაციის (სპერმის დანთხევის) დროს კუნთოვანი უჯრედები იკუმშება, რის შედეგადაც პროსტატაში შენახული სითხე შარდსადენში გადადის და სპერმატოზოიდებს კვებისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო ნივთიერებებით უზრუნველყოფს.

საშვილოსნოს ყელსა და საშოს კედლებზე განლაგებულია პატარა ჯირკვლები, რომლებიც ლორწოს გამოიმუშავებს. ეს უკანასკნელი აუცილებელია, რადგან ხელს უწყობს საშოს ჯანმრთელობისა და სისუფთავის შენარჩუნებას: წმენდს, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ატენიანებს და ინფექციისგან იცავს. ამგვარ “ფიზიოლოგიურ აბაზანას” საშო ყოველდღე იღებს, მაგრამ ეს პროცესი ზოგჯერ სრულიად შეუმჩნეველია ან თვის მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში (მაგალითად, ოვულაციის პერიოდში) ხდება. ვაგინალური გამონადენის წარმოქმნა განსაკუთრებით ინტენსიურად რეპროდუქციულ ასაკში მიმდინარეობს. ნორმალური გამონადენი ოდნავ თხელია, ბლანტი, თეთრი ან გამჭვირვალე, მისი რაოდენობა კი უმთავრესად ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. ამასთან, გამოყოფილი ლორწოს რაოდენობა მენსტრუალური ციკლის განმავლობაშიც იცვლება. ამის მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია. გამონადენის რაოდენობამ შესაძლოა მოიმატოს ოვულაციის, ორსულობის ან აღგზნების დროს.

რეპროდუქციულ სითხეებთან აუცილებლად უნდა ვახსენოთ მენსტრუალური გამონადენიც. სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან მენოპაუზის დადგომამდე 21-35 დღეში ერთხელ ქალი საშოდან 50-150 მლ მოწითალო სითხეს კარგავს. ეს სითხე, რომელიც გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედისგან, საშვილოსნოს ღრუს ამომფენი სისხლძარღვოვანი შრის ჩამონაფცქვენისგან, საშვილოსნოს ყელსა და საშოში გამომუშავებული ლორწოსგან შედგება, 3-7 დღის განმავლობაში იდევნება ქალის ორგანიზმიდან. მენსტრუაცია ფიზიოლოგიური მოვლენაა, მაგრამ ცვლილებები, რომლებიც ამ დროს ხდება ქალის ორგანიზმში, ჰიგიენის განსაზღვრული წესების დაცვას მოითხოვს. საშვილოსნოს ენდომეტრიუმის (ლორწოვანი გარსის) ფუნქციური შრის ჩამოშლის შედეგად წარმოიქმნება “ნაიარევი ზედაპირი”. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში განსაკუთრებით სახიფათოა საშვილოსნოში ინფექციის შეჭრა ―  მან შესაძლოა ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. ასე რომ, გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

მარი მარღანია

გააზიარე: