ნელი არაბულის ნაფერები ფერები

გააზიარე:

მუზეუმად ქცეული სახლი. ყოველ კუთხეში – ნახატები და დეკორატიული ნივთები. თითოეული მათგანი თავის ისტორიას ჰყვება. სიურეალისტური კომპოზიციები, სურებზე, კეცებზე, ბოთლებსა და კალათებზე აკინძული, გაცოცხლებული თბილისური ხედები, ხევსურული პეიზაჟები, სვანური კოშკები – ეს ნელი არაბულის სამყაროა. მხატვრის უნიკალური ხელწერა და ხედვა ყველაფერს ეტყობა. თავად სიტყვა “ხელოვნებასაც” ყველასგან განსხვავებულად აღიქვამს:

– ოთხ მთავარ სიტყვას აერთიანებს “ხელოვნება”: ხე – სიცოცხლის სიმბოლოა; ხელი – ისაა, რაც ქმნის; ვნება – ის, რის გარეშეც არაფერს აქვს მუხტი და ნება – უფლისა.

ხატვა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ მშობლები უფრო პრაქტიკულ საქმიანობას ურჩევდნენ. დაემორჩილა, თუმცა რუტინულ სამსახურში, ნაძალადევის სატელეფონო კვანძის ტექნიკურ განყოფილებაში, მხოლოდ რამდენიმე წელი გაძლო, მერე კი მოძებნა გზა ხელოვნებისკენ სავალი.

ფესვების ძახილი

– როდესაც შენს ქვეყანას, შენს ფესვებს გრძნობ, უფრო მეტი გაქვს სათქმელი. ჩემი ნამუშევრების უმრავლესობა საქართველოს ისტორიას, მის ციხე-კოშკებს, ტაძრებს და ქვაში ნაკვეთ კომპლექსებს ეხმიანება.

წიგნებში ილუსტრაცია ტექსტს ერთვის, ჩემთან კი პირიქითაა – ნახატს ლექსი მოჰყვება. ასე სათქმელსაც უფრო იოლად გადმოვცემ და სხვებისთვისაც უფრო გასაგები და ახლობელი ვხდები.

შარშან საქართველოს თემაზე კიდევ ერთი კომპოზიცია შექმნა – ერთ სიბრტყეზე გამოსახა ვარძია, უფლისციხე, გარეჯა... დედასამშობლო ქალის სახით წარმოაჩინა, რომელსაც აყვავებული ატმის ხის ყელსაბამი ამშვენებს. თავისთავად დაიწერა ლექსიც – “აფეთქებულა ატმის კოკორი”.

– ერთ ფრაზაში თითქოს თავისთავად ჩაჯდა სიტყვა “ეგრეგორი”. ვერ გეტყვით, რითმამ მოიტანა თუ მუზამ ჩამჩურჩულა, რადგან როცა ის მეწვევა, მართლაც სხვა სამყაროს თანაზიარი ვხდები. ამ სიტყვის არც მნიშვნელობა ვიცოდი და არც სადმე გამეგონა. ბევრი ვეძებე და აღმოჩნდა, რომ ასეთი სიტყვა მართლაც არსებობს – სულის ენერგეტიკულ საბურველს ნიშნავს, მატერიალურ და არამატერიალურ სამყაროს შორის გამტარ მექანიზმს. ლექსშიც სწორედ ეს აზრია გატარებული – ჩემს სამშობლოს წარსული, აწმყო და მომავალი ქმნის, ამიტომ კავშირი ისტორიასთან, წინაპრების სულებთან, არ უნდა დაიკარგოს.

თავადაც არ ვიცი, ეს ასოციაციები, სახეები, სიტყვები, საიდან ჩნდება, მაგრამ მუზა რომ მეწვევა, სანამ სათქმელს არ ვიტყვი, სანამ ემოციისგან არ დავიცლები, თავს არ მანებებს, არ მაძინებს, არ მასვენებს...

– კომპოზიციებისთვის რა მასალას იყენებთ?

– ექსპერიმენტები მიყვარს და ჩარჩოებს არ ვცნობ, ყოველგვარი მასალით ვმუშაობ. განსაკუთრებით მიყვარს ბუნებრივი და ხელოვნური ქვები, მძივები, მუყაო, ქვის ფხვნილი, ხის ფესვები, მეტალი... ქვებს ვპოულობ, მერე დიდი ჩაქუჩით ვამტვრევ, თხელ ფირფიტებად ვაქცევ. თითები სულ დაჩეჩქვილი მაქვს... თიხასაც ვიყენებ. სვანური პეიზაჟი აბედა სოკოზე შევაკოწიწე...

მის ნამუშევრებში დიდი ადგილი უკავია ხეს. როგორც თავად ამბობს, ხეები სიმწვანესთან, ახალგაზრდობასთან, სიცოცხლესთან ასოცირდება.

– ამასწინათ ვაზის უზარმაზარი ფესვი მაჩუქეს, რომლის წინა მხარეს ვაჟას პორტრეტი გამოვსახე, უკანა მხარეს კი შვლის ნუკრი. მასალა ბევრი უნდა მქონდეს. აწყვია ჩემს სამუშაო სივრცეში, ვათვალიერებ, ვაკვირდები. ჩნდება ასოციაციები, თანდათან იკვეთება იდეა და კომპოზიციაც იქმნება. ხან ნიჟარებისგან, მარგალიტებისგან, ბისერისგან, თევზის ფხებისგან მოზაიკას ვქმნი. ძალიან შრომატევადი საქმეა, მაგრამ შედეგი ყოველთვის შრომის შესაფერისია.

სწავლების ხელოვნება

ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სახვითი ხელოვნების აკადემიაში დაზგური ფერწერის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა და იქვე დარჩა – ახლა თავად უზიარებდა სტუდენტებს ცოდნას და ოსტატობას. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში გრაფიკას ასწავლიდა. დღეს ხელსაქმის საერთაშორისო ასოციაციის ფერწერის, გრაფიკისა და მოზაიკის სექტორს ხელმძღვანელობს:

– გვაქვს ხელსაქმის წრეებიც, დეკორატიული ნივთებისა და თოჯინების კეთებას ვასწავლით ახალგაზრდებს. ცენტრის კურსდამთავრებულების წარმატება ძალიან მახარებს. ცენტრის პრეზიდენტის, ქალბატონი დარიკო ჩიხლაძის ხელმძღვანელობით პანდემიის დაწყებამდე ძალიან საინტერესო პროექტი წამოვიწყეთ – ეპარქიებში ვმოგზაურობდით და მოსახლეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიას, სამოსს, ნაქარგობებს, რეწვის ნიმუშებს ვაცნობდით. ამავე პროექტით ვესტუმრეთ ჩეხეთს, თურქეთს, უკრაინაშიც გამოიფინა ჩვენი ნამუშევრები... პანდემიამ და მერე ომმა ძალიან შეგვაფერხა. მჯერა, უფლის ნებით, მალე დაისადგურებს მშვიდობა და ადამიანებიც ისევ მოიცლიან ხელოვნებისთვის.

ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მეორმოცე სკოლაში სახვით ხელოვნებას ასწავლიდა. დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში უძღვება ფერწერის წრეს:

– ბავშვები საუკეთესო მასწავლებლები არიან. ისინი გვასწავლიან სიყვარულს, თანაგრძნობას, მზრუნველობას... თანატოლივით ვესაუბრები. მათთან ურთიერთობა უდიდესი ენერგიით მავსებს. ჩემი მხრივ, მათ შემოქმედებითი ხედვის განვითარებაში ვეხმარები.

ცდება, ვისაც ჰგონია, რომ შემოქმედს განათლება არ სჭირდება. ბავშვმა უნდა იცოდეს გეომეტრია – ხაზი, ფიგურა, პერსპექტივა; ბოტანიკა – მცენარის, მისი ნაწილების სტრუქტურა; ქიმია – ფერთა წარმოქმნა; ასევე – ზოოლოგია, ანატომია... უნდა ჰქონდეს მოსმენისა და დაკვირვების კულტურა... მათ ასაკში ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი, ძირისძირობამდე ვიკვლევდი ყველაფერს, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. ახლა ხშირად ვატარებ გაკვეთილებს ღია ცის ქვეშ, ბოტანიკურ ბაღში. მინდა, ბავშვებმა თითებით შეიგრძნონ ნიადაგი, ფოთლების ხაო, იყნოსონ გაზაფხულის სურნელი, რომელიც ნებისმიერ სუნამოზე მძაფრი და მათრობელაა, დაინახონ გადაბრუნებული ბელტებიდან ადენილი ორთქლი, ქინქლებიც კი შეამჩნიონ...

მე თვითონ ბუნებასთან კონტაქტი ჰაერივით მჭირდება. მახათას მთასთან პატარა ნაკვეთი მაქვს, სადაც ბოსტანი გავაშენე. შვილივით ვუვლი, ვეფერები თითოეულ ნერგს... ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მიწა უნდა გვიყვარდეს, არ უნდა გავწყვიტოთ უხილავი ძაფები, რომლებიც ჩვენს წარსულთან გვაკავშირებს.

ოჯახი – უდიდესი ჯილდო

უამრავი ჯილდოდან განსაკუთრებით ეამაყება წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება, რომელიც ორჯერ მიანიჭა განათლების სამინისტრომ და მედალი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების 160-ე წლისთავის აღსანიშნავად ამავე სამინისტროს ეგიდით გამართულ კონკურსში მონაწილეობისთვის მიიღო. 2009 წლიდან, როგორც საუკეთესო პედაგოგი, პრეზიდენტის სტიპენდიანტია. აქვს მადლობის სიგელი პატრიარქისგან – უწმინდესის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით სამების ახალგაზრდულ ცენტრში საპარტიარქოს ინიციატივით გამართულ გამოფენაზე მისმა ნამუშევრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.

ცხოვრებისგან მიღებულ უდიდეს ჯილდოდ კი ოჯახი მიაჩნია.

ქალბატონ ნელის და მის მეუღლეს, რევაზ არაბულს, სამი შვილი ჰყავთ. ირინემ და მაიამ დედის გავლენით ხელოვნებას მიუძღვნეს თავი, ზურაბი კი მამის გზას გაჰყვა და ტექნიკური მიმართულება აირჩია. დღეს ოჯახითურთ ესპანეთში ცხოვრობს.

– ცხრა შვილიშვილი გვყავს – შვიდი ვაჟი და ორი გოგონა. ისინი ჩვენი ცხოვრების გამართლება, ჩვენი ფესვების რტოები არიან. ერთი დიდი ოცნება მაქვს: ჩვენს ქვეყანაში ისეთი აღმშენებლობა დაიწყოს, რომ სხვადასხვა მიზეზით გადახვეწილი და გახიზნული ჩვენი თანამემამულეები საქართველოში დაბრუნდნენ და გამთლიანდეს წლობით გახლეჩილი ოჯახები. მსურს, ჩვენმა ახალგაზრდებმა აღარ ეძებონ გზები უცხო მიწაზე თავის დასამკვიდრებლად და საქართველოში დაინახონ განვითარების პერსპექტივა.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: