მითიური ბავშვობა

გააზიარე:

ყველა მშობელს როდი აქვს ბენჯამინ სპოკის სახელმძღვანელო. სამაგიეროდ, ბევრ ახალგამომცხვარ დედიკოსა და მამიკოს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე, სადაც ბავშვის მოვლისა და აღზრდის შესახებ ზღვა ინფორმაციაა თავმოყრილი. თუ ერთ საიტზე ამოიკითხავთ, რომ პაწიას კანს სპეციალური კოსმეტიკა სჭირდება, მეორეზე უთუოდ საპირისპირო მოსაზრებას მოჰკრავთ თვალს. მოდი, ინტერნეტში შესვლამდე ტყუილ-მართალი ერთად გავარკვიოთ.

ამბობენ, ბავშვი სტერილურ გარემოში უნდა გაიზარდოსო.

რეალურად, პაწიას შუშის ზარხუფში ჩასმა სულაც არ არის საჭირო – მან ხომ უკვე მოიხადა თავისი ცხრათვიანი ვადა!  ბავშვის ორგანიზმში დაბადებისთანავე იწყება იმუნიტეტის გამომუშავება ინფექციური აგენტებისა და ალერგენების მიმართ… როგორც კვლევებმა ცხადყო, თუ ჩვილს ცხოველთან ექნება კონტაქტი, ალბათობა იმისა, რომ წლების შემდეგ ალერგიამ ან ასთმამ შეაწუხოს, 2-3-ჯერ უფრო მცირეა.

პაწიას სათუთ კანს სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები სჭირდება.
სინამდვილეში ბავშვს, რომელიც სამი თვის გახდა და კანის პრობლემა (დიათეზი, გამოყელვა) არ აწუხებს, განსაკუთრებული და, შესაბამისად, ძვირადღირებული მოვლა არ სჭირდება. საკმარისია, ყოველდღიური დაბანა და ჰაერის აბაზანები.

ბავშვს რაც მეტ მასაჟს გავუკეთებთ, მით უკეთესია.
საკმარისია, დედიკომ პაწია დაიმარტოხელოს, რომ უმალვე მასაჟის კეთებას იწყებს. მშობლებო, დაიხსომეთ: ასე არ შეიძლება! მანუალურ თერაპიას თავისი ტექნიკა აქვს. არასწორად გაკეთებულმა მასაჟმა პაწიას შესაძლოა ავნოს კიდეც. ბავშვს მასაჟი სპეციალისტის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით უნდა გაუკეთდეს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მანუალური თერაპიის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს, რის შემდეგაც პაწია 2-3 კვირით მაინც უნდა დაასვენოთ.

ბევრი ვიტამინი ჯანმრთელობის გარანტიაა.
ვიტამინების დეფიციტისა მშობლებს გავარდნილ ტყვიასავით ეშინიათ, მაგრამ არც ის შეიძლება, ყოველგვარი ვიტამინი, რომელიც კი ხელში მოგვხვდება, ბავშვს დავალევინოთ. სჭირდება თუ არა პაწიას მაცოცხლებელი ამინების კომპლექსი, ამას პედიატრი განსაზღვრავს. აი, ვიტამინებით მდიდარი საკვები კი პატარას შეგიძლიათ ულიმიტოდ შესთავაზოთ. 

ფეხის ადგმაში სუპინატორი დაგვეხმარება.
მშობელთა უმრავლესობა პატარასთვის პრინციპულად ღაბაშიან ფეხსაცმელს ყიდულობს. როგორც ორთოპედები გვარწმუნებენ, უმჯობესია, ტერფის სახსარს ჩამოყალიბება ვაცადოთ და ზედმეტი ბორცვაკების ჩაფენით მოძრაობა არ შევუზღუდოთ. სამ წლამდე პაწიას ფუმფულა ტერფს თაღი სრულყოფილად არ აქვს გამოკვეთილი და შესაძლოა, მშობელმა იფიქროს, რომ ტერფს სუპინატორი სჭირდება. ღაბაშის აუცილებლობის განსაზღვრა სპეციალისტს მიანდეთ. თანაც თუ სუპინატორის გამოყენება მართლაც გახდა საჭირო, მისი ფორმა ინდივიდუალურად, სპეციალური გამოკვლევის მეშვეობით უნდა განისაზღვროს.

რაც უფრო მალე დადგება პატარა ფეხზე, მით უკეთესია სახსრებისთვის.
გვესმის თქვენი, ერთი სული გაქვთ, პატარამ პირველი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ უმჯობესია, მოვლენები არ დავაჩქაროთ და ეს სასიხარულო ფაქტი მანამდე გადავდოთ, ვიდრე სახსრები არ მოძლიერდება. 8-9 თვემდე არ არის რეკომენდებული, ბავშვს ფეხზე დგომა ვაიძულოთ. ეს ტერფის სტრუქტურასაც შეცვლის და შესაძლოა, ტანადობაზეც ნეგატიურად აისახოს.

გააზიარე: