მიქსოიდური ცისტა - თითზე გაჩენილი ბუშტი

გააზიარე:

თუ თითის სახსარზე გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკი აღმოაჩინეთ, დიდია ალბათობა, ეს კეთილთვისებიანი მიქსოიდური ცისტა იყოს. ცისტა უმეტესად ხელის თითებზე ჩნდება, იშვიათად – ფეხის თითებზე. ის საშიში არ არის, თუმცა შემაწუხებელია.

რა არის მიქსოიდური ცისტა, რა აჩენს მას და როგორ მოვიქცეთ მისი აღმოჩენისას? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ დერმატოლოგ ნინო ღვინიაშვილს ვესტუმრეთ. 

რა არის

– მიქსოიდური ცისტა პატარა კეთილთვისებიანი გამობერილობაა, რომელიც ჩნდება ხელის ან ფეხის თითზე, ფრჩხილთან ახლოს. მას ასევე უწოდებენ თითის მუკოიდურ (ლორწოვან) ცისტას ან ფსევდოცისტას. ცისტის შიგთავსია სინოვიური სითხე –  სქელი სითხე, რომელიც გარს არტყია სახსრებსა და მყესებს და მათ მოძრაობის დროს დაზიანებისგან იცავს. მიქსოიდური ცისტები ხშირად უჩნდებათ ოსტეოართრიტით დავადებულებს (64-დან 93-მდე პროცენტს). უმეტესად 40-დან 70 წლამდე ასაკის პირებთან აღირიცხება, თუმცა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ სხვა ასაკშიც; ქალებთან – ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებთან.

რა აჩენს

– რა აჩენს მიქსოიდურ ცისტას?

– ზუსტი მიზეზი უცნობია. მიიჩნევენ, რომ ცისტა წარმოიშობა თითის სახსრის ირგვლივ სინოვიური ქსოვილის გადაგვარების გამო, რაც, თავის მხრივ, ოსტეოართრიტით ან სახსრების სხვა დეგენერაციული დაავადებით არის გამოწვეული. ზოგჯერ ასეთ ცისტაში აღმოაჩენენ გადაგვარებული ხრტილიდან ამოზრდილ მცირე ძვლოვან წარმონაქმნს – ოსტეოფიტს.

ცისტის წარმოშობის კიდევ ერთ მიზეზად მიიჩნევა მუცინის ჭარბი წარმოქმნა შემაერთებელი ქსოვილის ფიბრობლასტური უჯრედების მიერ (მუცინი ლორწოს ძირითადი ინგრედიენტია, რომელიც მას წებოვნებას ანიჭებს). სახსრები ამ დროს გადაგვარებული არ არის.

ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით – 30 წლამდე ასაკის პირებთან, ცისტა თითის ტრავმის შედეგია.

ხდება ისეც, რომ მიქსოიდური ცისტა ვითარდება თითის განმეორებადი მოძრაობების შედეგად.

რა ახასიათებს

– მიქსოიდური ცისტა, წესისამებრ, ჩნდება საჩვენებელი თითის, შუა თითის ან არათითის ბოლო სახსართან, უფრო ხშირად – დომინანტურ ხელზე. თავდაპირველად ეს არის პატარა, დაახლოებით 5-10 მმ დიამეტრის გლუვი კვანძი, რომელიც ნელა, რამდენიმე თვის განმავლობაში იზრდება. არის შემთხვევები, როდესაც ცისტა რამდენიმე თითზე ჩნდება ან ერთ თითზე რამდენიმე ცისტა გამოდის. ზოგჯერ ცისტიდან გამჭვირვალე, მოყვითალო ან მოვარდისფრო სითხე ჟონავს. თუ ცისტა ფრჩხილის ფუძის მახლობლად  განვითარდა, შესაძლოა, ფრჩხილის დეფორმაცია გამოიწვიოს. იშვიათად შესაძლოა, ცისტა ფრჩხილის ქვეშაც გაიზარდოს და ფრჩხილი ჩაზნიქოს ან გაყოს.

წესისამებრ, მიქსოიდური ცისტა:

* ვითარდება სახსრის ზემოდან;

* არის მრგვალი და გუმბათოვანი;

* შეხებისას მყარია;

* ნელა იზრდება;

* გამჭვირვალეა;

* კანისფერია;

* ვითარდება კანქვეშ და ფეხით სახსარზეა მიმაგრებული.

იშვიათად ცისტა წყლულდება და ინფიცირდება.

მიქსოიდური ცისტების უმეტესობა არ არის მტკივნეული (თუ რამეს არ მივარტყით). ოსტეოართრიტით გამოწვეული ცისტის შემთხვევაში შესაძლოა მტკივნეული იყოს ახლომდებარე სახსარი. ზოგჯერ ცისტა სახსრის მოძრაობას ზღუდავს.

როგორ იკვლევენ

– როგორ იქცევა ექიმი, როდესაც მას მოქსოიდური ცისტის გამო მიმართავენ?

– უპირველეს ყოვლისა, ვაკვირდებით ცისტის შესახედაობას, მდებარეობას, გამოვიკითხავთ, რა სიმპტომები აწუხებს პაციენტს. თუ სხვა დაავადების არსებობა ვიეჭვეთ, ვატარებთ გამოკვლევას ოსტეოართრიტის, ჰებერდენის კვანძების, ძვლის გიგანტურუჯრედოვანი სიმსივნის, პოდაგრის გამოსავლენად. შესაძლოა, პაციენტს ბიოფსიის ჩატარება ვურჩიოთ.

მკურნალობა

– თუ პაციენტს არ აწუხებს ესთეტიკური მხარე და ცისტა ხელს არ უშლის საქმიანობაში, მკურნალობა არ არის საჭირო. არც ის არის გამორიცხული, ცისტა თავისთავად დაპატარავდეს და გაქრეს.

მიქსოიდური ცისტის სამკურნალოდ რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლებსაც თავ-თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ხშირად მკურნალობის შემდეგ ცისტა ხელახლა იზრდება, ზოგიერთი მეთოდით მკურნალობის შემთხვევაში კი შესაძლოა დარჩეს ნაწიბური, განვითარდეს ტკივილი ან შეშუპება, შემცირდეს სახსრის მოძრაობის დიაპაზონი.

ცისტის მკურნალობის არაქირურგიული მეთოდებია ინფრაწითელი კოაგულაცია (სითბოთი მოწვა), კრიოთერაპია (მოყინვა), ნახშირორჟანგის ლაზერით ზემოქმედება, გამონაზარდშიდა ფოტოდინამიკური თერაპია (ცისტაში შეჰყავთ ნივთიერება, რომელიც მას სინათლისადმი მგრძნობიარეს ხდის, მერე კი ლაზერით ანადგურებენ), ნემსით დრენირება (2-5 პროცედურა), სტეროიდისა და ცისტის მასკლეროზებელი აგენტის ინექცია. ამ  უკანასკნელს რეციდივის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს (30-70%). ფოტოდინამიკურ თერაპიას რეციდივი საერთოდ არ ახასიათებს, სხვა მეთოდების გამოყენებისას კი რეციდივის მაჩვენებელი 14-დან 50 პროცენტამდე მერყეობს.

ქირურგიული მკურნალობა გაცილებით ეფექტურია. მისი შედეგიანობა 88-100 პროცენტს აღწევს, ამიტომ შესაძლოა, ექიმმა პირდაპირ ოპერაცია გირჩიოთ. ოპერაციის დროს ცისტა ამოიკვეთება და ამ ადგილს ზემოდან კანის ნაფლეთი ედება. ზოგჯერ საჭიროა ოსტეოფიტების ამოღებაც.  შესაძლოა, ქირურგმა სახსარში შეიყვანოს საღებავი, რათა სითხის გაჟონვის ადგილი აღმოაჩინოს და დალუქოს.

პაციენტის ხელით

– შესაძლებელია თუ არა ცისტის შინ მკურნალობა?

– ამისთვის პაციენტი, უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს ნამდვილად მიქსოიდური ცისტაა. ამის შემდეგ შეუძლია, რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიდოს მჭიდრო კომპრესი ან ცისტას ხშირ-ხშირად მაგრად დააწვეს თითით. არის შანსი, ამ გზით ცისტა გაქრეს, თუმცა დიდია მისი ხელმეორედ განვითარების ალბათობაც.

ცისტის შინ, დამოუკიდებლად გახვრეტას არავის ვურჩევთ, რადგან ეს ინფიცირების რისკს წარმოშობს.

დატენიანების, მასაჟისა და ადგილობრივი სტეროიდების ეფექტიანობა კვლევებით დამტკიცებული არ არის

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: