კიდევ ერთხელ ანტიბიოტიკებზე
გააზიარე:
პენიცილინის აღმოჩენამ მედიცინაში ახალ ეპოქას დაუდო სათავე. ანტიბიოტიკებმა მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.
ბაქტერიები ჩვენი განუყრელი თანამგზავრები არიან. ისინი გარემოშიც ბინადრობენ და ადამიანის ორგანიზმშიც. უმეტესობა უვნებელია, სასარგებლოც კი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საზიანო პროცესებს იწვევს.
მრავალი ბაქტერიული ინფექცია ანტიბიოტიკის დაუხმარებლად იკურნება, მაგრამ როცა პროცესი მძიმედ მიმდინარეობს ან დიდია გართულების საფრთხე, ან დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ სხვაგვარად არ ლაგდება, ანტიბიოტიკები გვევლინება მაშველ რგოლად.
ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციას ანტიბიოტიკები ორი გზით ებრძვის – ხოცავს ბაქტერიებს ან აფერხებს მათ ზრდა-გამრავლებას.
ანტიბიოტიკების გამოყენება მოწოდებულია მათთვისაც, ვინც განსაკუთრებით მოწყვლადია ინფექციათა მავნე ზემოქმედების მიმართ – 75 წელს გადაცილებულებისთვის, ახალშობილებისთვის, რომელთა დაბადებიდან 72 საათზე ნაკლებია გასული, გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის, სუსტი იმუნური სისტემის (მაგალითად, აივ ინფექციის ან ქიმიოთერაპიის გამო) მქონე პირებისთვის.
ზოგჯერ ანტიბიოტიკები ინიშნება არა სამკურნალოდ, არამედ ინფექციის პრევენციისთვის, რასაც ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა ეწოდება. ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა უტარდებათ ადამიანებს, რომლებიც:
* საოპერაციოდ ემზადებიან;
* აქვთ ჭრილობა ან ნაკბენი;
* აქვთ ინფექციის მაღალი რისკი, მაგალითად, ამოჭრილი აქვთ ელენთა, იტარებენ ქიმიოთერაპიის კურსს, აქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
რას არ შველის ანტიბიოტიკი
ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს. მაგალითად, ამ კლასის პრეპარატებით არ იკურნება ისეთი ინფექციები, როგორიცაა გაციება ან სურდო, თუნდაც გამონადენი სქელი, ყვითელი ან მწვანე იყოს, ასევე – გრიპი, ანგინისა და ბრონქიტის შემთხვევათა უმეტესობა. ანტიბიოტიკები ასევე არ გამოიყენება ცხვირის დანამატი წიაღებისა და ყურის ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ, რადგან ეს დაავადებები, წესისამებრ, თავისთავად, ანტიბიოტიკების გარეშეც გაივლის.
მიღების ფორმა და ხანგრძლივობა
ანტიბიოტიკები გამოდის ტაბლეტების, კაფსულების, სითხის სახით. კანის, თვალისა და ყურის ინფექციების სამკურნალოდ იყენებენ კრემს, ლოსიონს, წვეთებს, სპრეის, უფრო სერიოზული ფორმების შემთხვევაში – კუნთშიდა ან ინტრავენურ ინექციებს.
ანტიბიოტიკები მოქმედებას მიღებისთანავე იწყებს. ორ-სამ დღეში ავადმყოფი თავს უკეთ გრძნობს. მიუხედავად ამისა, მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია, რათა ინფექცია მთლიანად აღმოიფხვრას ან ბაქტერიებმა ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა არ გამოიმუშაონ. გამოკეთების სისწრაფე ინდივიდუალურია და ინფექციის სახეობაზეა დამოკიდებული. ანტიბიოტიკების უმეტესობა 7-14 დღე მიიღება.
ანტიბიოტიკების ჯგუფები
სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ანტიბიოტიკები რამდენიმე ჯგუფად იყოფა. ძირითადი ჯგუფებიაა:
* პენიცილინები. ამ ჯგუფის ანტიბიოტიკები (პენიცილინი, ამოქსიცილინი, კო-ამოქსიკლავი) ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ინფექციის, მათ შორის – კანის, გულმკერდის ღრუს ორგანოთა და საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ. მათ ანტიბაქტერიულ მოქმედებაზე პასუხს აგებს უნიკალური სტრუქტურა – ბეტა-ლაქტამური რგოლი, რომელიც არღვევს ბაქტერიული უჯრედის კედლის მთლიანობას და ამგვარად ანადგურებს მას.
* ცეფალოსპორინები (ცეფუროქსიმი, ცეფტრიაქსონი, ცეფეპიმი). მათი მოქმედების მექანიზმი პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მოქმედების მექანიზმს ჰგავს. პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების ქიმიურ სტრუქტურაში არსებული განსხვავება მათი ანტიბაქტერიული მოქმედების სხვადასხვაობას განაპირობებს. ცეფალოსპორინები ბაქტერიათა ფართო სპექტრზე მოქმედებს. ამ ჯგუფში შემავალი ზოგიერთი ანტიბიოტიკი ეფექტურია უფრო საშიში ინფექციების, მაგალითად, სეფსისისა და მენინგიტის დროს.
განასხვავებენ ცეფალოსპორინების ხუთ თაობას. ვინაიდან ამ ჯგუფის მედიკამენტები სტრუქტურულად პენიცილინებს ჰგავს, ზოგიერთ ადამიანს, ვისაც პენიცილზე ალერგია აქვს, შესაძლოა ზოგიერთ ცეფალოსპორინზეც ალერგიული რეაქცია გამოუვლინდეს, ამიტომ წამლის გამოწერამდე ფასდება სპეციფიკური ანტიბიოტიკების ჯვარედინი ალერგიული რეაქტიულობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც ოდესმე ალერგიული რეაქცია გადაუტანიათ.
* ამინოგლიკოზიდები (გენტამიცინი, ტობრამიცინი). ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები ხელს უშლის ბაქტერიების მიერ იმ ცილების წარმოქმნას, რომლებიც საჭიროა მათი ზრდა-გამრავლებისთვის. გამოიყენება უმთავრესად სააავადმყოფოს პირობებში სეფსისის სამკურნალოდ. ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს სერიოზული გვერდითი ეფექტები ახასიათებს, მათ შორის – სმენის დაკარგვა და თირკმლის დაზიანება. მიიღება ინექციის გზით. თვალის ან ყურის ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ გამოდის წვეთების სახით.
* ტეტრაციკლინები (ტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი და ლიმეციკლინი). ამ ჯგუფის პრეპარატები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინფექციათა ფართო სპექტრის სამკურნალოდ, თუმცა უმთავრესად მიმართავენ აკნესა და როზაცეის დროს.
* მაკროლიდები (აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი). ეს ჯგუფი განსაკუთრებით გამოსადეგია ფილტვებისა და გულმკერდის ორგანოთა ინფექციების დროს. ამასთან, კარგი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც პენიცილინზე ალერგია აქვს ან პენიცილინისადმი მდგრადი შტამით არის ინფიცირებული. მაკროლიდები ხელს უშლის ბაქტერიის ზრდა-გამრავლებისთვის საჭირო ცილების წარმოქმნას.
* ფთორქინოლონები (ციპროფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი). ამ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით უმთავრესად სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციურ დაავადებებს მკურნალობდნენ. ამჟამად მათ რუტინულად აღარ იყენებენ, ვინაიდან დიდია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ფთორქინოლონები ბაქტერიებს ხოცავს დნმ-ზე ზემოქმედების გზით.
სხვა გავრცელებული ანტიბიოტიკებია ქლორამფენიკოლი (თვალისა და ყურის ინფექციებისთვის), ნიტროფურანტოინი, ტრიმეტოპრიმი (საშარდე გზების ინფექციებისთვის), ფოსფომიცინი (უმეტესად შარდის ბუშტის Escherichia Coli-თ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ).
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, ანტიბიოტიკებსაც ახასიათებს თანმხლები მოვლენები. ყველაზე გავრცელებული თანამოვლენებია გამონაყარი, გულისრევა, დიარეა, სოკოვანი ინფექცია. მძიმე თანმხლები ეფექტია კლოსტრიდიუმით (Clostridium difficile) გამოწვეული ინფექცია, რომელსაც თან ახლავს დიარეა და შესაძლოა, მსხვილი ნაწლავის ძლიერი დაზიანებით გართულდეს. ზოგჯერ ბაქტერია კლოსტრიდიუმის წყარო ადამიანისავე ნაწლავებია. C. difficile ხშირად ბინადრობს როგორც ახალშობილთა, ისე ზრდასრულთა, როგორც ჯანმრთელ, ისე ჰოსპიტალიზებული პირთა ნაწლავებში. ჩვეულებრივ, ის ავადმყოფობას არ იწვევს, მაგრამ თუ გამრავლდა, საფრთხეს უქადის ჯანმრთელობას.
ადამიანისგან ადამიანს კლოსტრიდია ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა. რისკის ჯგუფებში მყოფი პირები უფრო ადვილად ავადდებიან. ესენი არიან 65 წელს გადაცილებულები, ჰოსპიტალიზებულები და ის პირები, რომლებსაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, ასევე – პაციენტები, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს, კუჭის წვენის გამომუშავების დამაქვეითებელ მედიკამენტებს (მაგალითად, ომეპრაზოლს) და სხვ. ბაქტერიის გადაცემის თავიდან ასაცილებლად ხელები კარგად უნდა დავიბანოთ.
განსაკუთრებით ხშირია ალერგიული რეაქციები პენიცილინსა და ცეფალოსპორინების ჯგუფის მედიკამენტებზე, თუმცა იშვიათია სიცოცხლისთვის საშიში, ძლიერი ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსია. ამ დროს კანზე ჩნდება წითელი, მქავანა გამონაყარი, წარმოიშობა გულმკერდზე მოჭერის შეგრძნება, ადამიანი სტვენით სუნთქავს, უჭირს სუნთქვა და ლაპარაკი, უშუპდება სახე, ხორხი. მსუბუქი და ზომიერი ალერგიული რეაქციები, წესისამებრ, კარგად ემორჩილება ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს, ხოლო ანაფილაქსია გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
ტეტრაციკლინები ზრდის კანის მგრძნობელობას მზისა და ხელოვნური სინათლის მიმართ, ამიტომ ამ ჯგუფის მედიკამენტების მიღებისას თავი უნდა არიდოთ მკვეთრ სინათლესთან კონტაქტს.
ძალიან იშვიათად ფთორქინოლონები იწვევს ხანგრძლივ ან მუდმივ თანამოვლენებს, რომლებიც სახსრების, კუნთებისა და ნერვული სისტემის დაზიანებას, საბოლოოდ კი მოძრაობის უუნარობით გამოვლინდება. ფთორქინოლონების მიღება უნდა შეწყდეს, თუ შეინიშნება მყესების, სახსრების ან კუნთების (ჩვეულებრივ, მუხლის, იდაყვის ან მხრის) ტკივილი, დაბუჟება, ნემსების ჩხვლეტის შეგრძნება. ფთორქინოლონებს შეუძლია, ძლიერი თანმხლები ეფექტები გამოიწვიოს გულის სარქვლოვანი პრობლემების რისკის მქონე პაციენტებთან, ამიტომ მათი მიღება წყდება, თუ განვითარდა ფეხების შეშუპება, გულისცემის გახშირება, არითმია, სუნთქვის უეცარი უკმარისობა.
ზოგიერთი ანტიბიოტიკით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება მოთენთილობის შეგრძნებას, თავბრუხვევას იწვევს. ალკოჰოლიანი სასმელები არ შეიძლება ტინიდაზოლის მიღებიდან 72 საათის და მეტრონიდაზოლის შეწყვეტიდან კიდევ 48 საათის განმავლობაში. აგრეთვე არ მიიღება ალკოჰოლი ლინეზოლიდთან, დოქსიციკლინთან ერთად.
რიფამპიცინი და რიფაბუტინი ამცირებს კონტრაცეპტიული აბების ეფექტიანობას.
ზოგიერთი ანტიბიოტიკი ურთიერთქმედებს სხვა წამლებსა და მცენარეულ დანამატებთან, ამიტომ გამოწერამდე უნდა გაეცნოთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელს და ექიმს აცნობოთ, რომელ წამალს თუ დანამატს იღებთ.
გახსოვდეთ ისიც, რომ ანტიბიოტიკების არაჯეროვანი გამოყენება ხელს უწყობს ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიათა რეზისტენტობის ჩამოყალიბებას – მიკროორგანიზმები დროთა განმავლობაში ეჩვევიან ანტიბიოტიკებს და შეუვალნი ხდებიან მათ მიმართ, რაც ინფექციურ დაავადებათა მკურნალობას ართულებს.
მარიამ რამაზაშვილი